საღამო ხანი იყო. ღამის პირი. იმ დილით პოლკოვნიკ პავლენკოს მორიგი სამხედრო წოდება მიანიჭეს. ახლა სარკის წინ იდგა, კიტელზე ძველი სამხრეულები უკვე აეჭრა და გენერლის პაგონებს იზომებდა. ამ დროს კონდახის დარტყმით შემოუმტვრიეს კარი. ოთახში შეიარაღებული ადამიანები შემოცვივდნენ. პავლენკო გაკოჭეს და წაიყვანეს – ასე დასრულდა იმ ადამიანის კარიერა, ვისი თავგადასავალიც გამოგონილს ჰგავს, თუმცა სრული სიმართლეა.
კარიერა იწყება გასული საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს, როდესაც ნიკოლაი (მიკოლა) პავლენკომ “სამხედრო-სამშენებლო ტრესტში“ (ვაინსპეცსტროიში) დაიწყო მუშაობა. კარგი ორგანიზატორი აღმოჩნდა, დღეს როგორც იტყვიან – ნიჭიერი მენეჯერი. კადრები კი, ულვაშას თქმით ყველაფერს რომ წყვეტენ, ძალიან ჭირდა იმ დროს. პავლენკო სამშენებლო-საინჟინრო ბრიგადის მეთაურად დანიშნეს, ლეიტენანტის წოდება მიანიჭეს. ამ დროს ომიც დაიწყო. ბრიგადა ბელარუსიაში იყო განთავსებული – საზღვართან ახლოს. გერმანელებმა ელვისებური წინსვლის დროს კინაღამ ალყაში მოაქციეს, მაგრამ გაუმართლა, ალყას თავი დააღწია და წითელი არმიის სხვა ნაწილებთან ერთად უკუდახევა დაიწყო. ასე ირბინა მოსკოვამდე. სადაც, ჩანს, მობეზრდა, ჯარი მიატოვა – დეზერტირობა არჩია. ალბათ, ჩვენება ჰქონდა რაღაც, წინათგრძნობა, იმიტომ რომ ვიაზმასთან გერმანელებმა საბჭოთა ნაწილები ალყაში მოაქციეს და გაანადგურეს. პავლენკოც იქ უნდა დაღუპულიყო, მაგრამ გულმა უგრძნო. ამის ნაცვლად ტვერში აღმოჩნდა (მაშინ – კალინინი ერქვა), სადაც ნათესავები ეგულებოდა. მათ შეიფარეს. აქედან იწყება მისი საოცარი ისტორიაც. ერთი დურგალი გაიცნო. დურგალი რა – დურგლის შეგირდი. შეგირდი კი იყო, მაგრამ ნიჭიერი მხატვარი იყო ვიღაც, ნიძლავზე ჩექმის რეზინის ძირიდან საბჭოთა გერბი გამოჭრა და პავლენკოს გენიალური იდეა მოაფიქრდა. იმდენად დაუჯერებელი და ფანტასტიური, რომ მოსაფიქრებლადაც ძნელი იყო, განსახორციელებლად – მითუფრო. მაგრამ – განახორციელა. გამოიგონა “სამხედრო-სამშენებლო სამმართველო ნომერი 5”. ბეჭედი იმ დურგალს გამოაჭრევინა. თავისთვის კაპიტნის წოდება გამოიწერა. შეიამხანაგა სხვა კიდევ რამდენიმე და პირდაპირ ქალაქკომს (ჩვენებურად – მერიას) მიადგა. ჯერ მისი ბრიგადისთვის სურსათი მოითხოვა. მისცეს. შემდეგ დაიწყო წერილების გზავნა – ახალგაზრდები, ვინც ფრონტზე მოქმედ სამხედრო ნაწილებში არ ირიცხებიან, ზურგის სამსახურისთვის გამომიგზავნეთო. ქალაქკომებს წერდა, რაიკომებს, კომენდატურებს, სამხედრო-საველე ჰოსპიტლებს. ასე ააგროვა ხალხი. შემდეგ უკვე საქმეს მიჰყო ხელი – აშენებდა სანგრებს, გზებს, ხიდებს, დანგრეულ შენობებს არემონტებდა. ომი იყო და საქმეს რა გამოლევდა. გაგანია სტალინურ კომუნიზმში პავლენკომ კაპიტალიზმის პატარა კუნძული შექმნა. როგორც კაპიტალისტს შეეფერება, კარგად მუშაობდა – სწრაფად და ხარისხიანად, ამიტომ, მის სამშენებლო ნაწილს შეკვეთები არ აკლდა. სანამ სახელმწიფო ბიუროკრატია შემოტრიალდებოდა – დაამტკიცებდნენ გეგმას, დახაზავდნენ პროექტს, ერთი სამინისტროდან მეორეს შეუთანხმებდნენ, პავლენკოს ყველაფერი მომთავრებული ჰქონდა. აშენებულიც და ჩაბარებულიც. ალბათ, უკვე ამ ამბავს უნდა გაეჩინა ეჭვი – ვინ მუშაობდა მაშინ ასე. მაგრამ პავლენკოს საბუთები წესრიგში ჰქონდა. ბეჭედი, შტამპი. სამხედრო მუნდირი ეცვა. ჯარისკაცები “ჩესტს” უღებდნენ. სამმართველოები კი მაშინ იმდენი იყო, ვინ დაიხსომებდა. ნამდვილი იყო თუ გამოგონილი. ასე შენებ-შენებით იარა ბერლინამდე.
Continue reading “პოლკოვნიკი პავლენკო”