ქალი იცის მან…

…ქუხნაში! და სუნამოს ახალ სერიას წარმოგვიდგენს.

Fresh

ქართველ მამაკაცებს მოეწონებათ. Smile ეჭვი მაქვს, საშობაო-სასაჩუქრე ჰიტიც გახდება. Smile

Fresh 1Moschino Fresh Linda

სარეკლამო კამპანიის სახე ლინდა ევანჯელისთაა, ფოტოგრაფი – სთივენ მაიზელი, იდეის ავტორი კი – ჯერემი სქოთი (Jeremy Scott), Moschino-ს შემოქმედებითი დირექტორი.

Continue reading

Advertisements

პრინცესა და შავი ცხვარი

Sally Muir & Joanna Osborne ცხოვრობდა ინგლისში ორი ახალგაზრდა ქალი. ერთი ჟურნალისტი იყო, მეორე – გამომცემელი. არც ერთს ეხატებოდა მაინცადამაინც საქმე, რასაც აკეთებდა. ერთი კარგად ქსოვდა, მეორე – კარგად ხატავდა. გადაწყვიტეს ტანსაცმლის დიზაინში ეცადათ ბედი. 1979 წელს დააფუძნეს კომპანია Warm and Wonderful (“თბილი და მშვენიერი”) და დაიწყეს მუშაობა. მათი სახელები, ეგებ, ბევრმა არც იცოდეს, მაგრამ ვინ არ იცის სვიტერი, რომელიც პრინცესა დაიანას ასე უყვარდა?

თეთრი ცხვრები, შავი ცხვარი.

შავი ცხვარი, თეთრი ცხვრები.

დახატა სალი მიურმა (Sally Muir), მოქსოვა ჯოენ ოსბორნმა (Joanna Osborne) და Princess Diana Sheep Cardiganპრინცესა დაიანამ შეიძინა 1980 წელს. ჩაიცვა. შემდეგ, როგორც ზღაპარშია: მიურმა და ოსბორნმა გაიღვიძეს დილით და, თურმე, მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი დიზაინერები გამხდარან. იმ წელს შეკვეთებს ვერ აუდიოდნენ – Saks, Bergdorf Goodman, The Cross, Nieman Marcus… და მრავალი სხვა დიდი თუ მცირე მაღაზია ელოდა “პრინცესა დის სვიტერს”. ეს ბუმი კარგა ხანს გაგრძელდა. მიურმა და ოსბორნმა რამდენიმე საკუთარი ბუტიკიც გახსნეს დიდ ბრიტანეთსა თუ მის გარეთ. 1983 წელს “პრინცესას სვიტერს” Victoria and Albert Museum-ის საგამოფენო ექსპონატად ქცევის პატივიც ხვდა წილად. 2011 წლიდან კი მისი თარგი საქველმოქმედო პროექტ P/hop-ის მფლობელობაშია (P/hop აგროვებს სახსრებს ორგანიზაციისთვის “ექიმები საზღვრებს გარეშე”).

Continue reading

დედოფალი ვივიენი

ფრანსუა ოზონს ასეთი ფილმი აქვს “რვა ქალი”. აი, ის – კეტრინ დენიოვი და ფანი არდანი რომ ზასაობენ… არა, იმ ფილმში სხვაც ბევრი საინტერესო რამ ხდება და საერთოდაც არაა ცუდი ფილმი, მაგრამ ყველას მაინც ეს ეპიზოდი დაამახსოვრდა. 🙂

Vivienne Westwood-The-Only-Punk მაგრამ ჩემი პოსტი სხვა ქალზეა. ქალზე, რომელიც ფრანსუა ოზონის კიარა, სთენლი ქრემერის ფილმს უფრო დაამშვენებდა. “შეშლილი, შეშლილი, შეშლილი სამყარო” ხომ გინახავთ? ამ ქალმა გადარია სწორედ ეგ სამყაროც და მე-20 საუკუნეც. მისი სახელია ვივიენ ვესთვუდი (Vivienne Westwood). დედოფალი ვივიენი.

ის ერთი გიჟმაჟი ბებიაა, მაგრამ ვინ თქვა, ბებია თავსაფრიანი, ჩია და ტკბილი უნდა იყოსო? საქსოვით კალთაში და ფინჯანი ჩაით ხელში რომ თვლემს ბუხართან და განჯინაში კი საყვარელი შვილიშვილებისთვის ჯემები და მურაბები ჩაუმწკრივებია? ვერ მოგართვით! ვივიენ ვესთვუდი ბულგაკოვისეულ მარგარიტას ჰგავს. ახალგაზრდობა წლებს გაატანა, მაგრამ ისევ ის ახტაჯანაა – შემოაჯდება ცოცხს და სატანასთან მეჯლისზე მიფრინავს.

Continue reading

მაღალი ქუსლები

ჯერი: როგორ დადიან ამსიმაღლე ქუსლებზე? წონასწორობას როგორ ინარჩუნებენ?
ჯო: უბრალოდ წონა განსხვავებულად აქვთ გადანაწილებული.
“ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან”

რაკი მინიკაბას მთელი ორი პოსტი მივუძღვენი, უსამართლობა იქნება, მოდის ისეთ საკულტო საგანზე, როგორიც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელია, ერთიც არ დავწერო.

თუკი მინის ორი მშობელი ყავს (მამა – ონდრე კურეჟი, დიზაინერი, ვინც ქალებს კაბები გახადა და დედა – მერი ქუონთი, იგივე მოკლეკაბიანი მერი), მაღალი ქუსლების ავტორობა ერთდროულად იმდენ დიზაინერს მიეწერება, რომ ცალ-ცალკე პოსტს ვერ მივუძღვნი, აქ ჩამოვთვლი და თქვენ დათვალეთ.

Chopineარ გაგიკვირდებათ და ქუსლებზე პირველები არა ქალები, არამედ მამაკაცები დადგნენ – უძველესი ქუსლიანი მამაკაცის წუღები მე-9 საუკუნის სპარსეთშია აღმოჩენილი. ქალის პლატფორმები – ე.წ. შაპენები (Chopine – ოღონდ, კომპოზიტორში არ აგერიოთ :)) კი უფრო გვიან გაჩნდა და მე-15 საუკუნეში თურქეთიდან ევროპაშიც შემოვიდა. მათი დანიშნულება ბანალურად პრაქტიკული იყო – ქალებს არ სურდათ ფაშფაშა და კოჭებამდე კაბის კალთები ქუჩის მტვერსა და ტალახში ამოეგანგლათ, მაგრამ მე-16 საუკუნეში საფრანგეთის დედოფალმა კატრინ დე მედიჩიმ (Catherine de’ Medici) შაპენები ცერად გამოათლევინა, ისე, რომ ქუსლი ტერფზე მაღალი ყოფილიყო, რითიც მაღალი ქუსლები პრაქტიკული ატრიბუტიდან მოდის აქსესუარად აქცია.

Continue reading

მოკლეკაბიანი მერი

Mary Quant-bobბრიტანელებს სამი ცნობილი მერი ჰყავთ.

სისხლიანი მერი.

ბეკეკიანი მერი.

და მოკლეკაბიანი მერი – დიზაინერი მერი ქუონთი.

არიან დიზაინერები, რომლებიც რჩებიან ისტორიას. არიან დიზაინერები, რომლებიც რჩებიან ხელოვნებას. არიან დიზაინერები, რომლებიც რჩებიან მახსოვრობას. და არიან დიზაინერები, რომლებიც რჩებიან და რჩებიან. Winking smile მუდამ. ასეთია მერი ქუონთი. მის მიერ გასული საუკუნის 60-იანებში მოდაში შემოტანილი მინიკაბა ყოველთვის აქტუალური იქნება. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ იარსებებენ მამაკაცები და ქალები, რომელთაც სურთ ამ მამაკაცთა ყურადღება მიიპყრონ.

Continue reading

დიზაინერი, ვინც ქალებს კაბები გახადა

ეძღვნება ფრეიას
და ყველას მათ, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ ჩემმა ბლოგმა ფერი იცვალა.
ვერ მოგართვით!

Andre_Courregesამასწინათ სალომეას ბლოგზე კოკო შანელზე ვკითხულობდი პოსტს. საინტერესო პოსტი იყო, მაგრამ კომენტარებში ერთ პოპულარულ ურბანულ ლეგენდას გადავაწყდი – რომ კოკომ ქალების გარდერობი შარვლებით გაამრავალფეროვნა.

კოკო შანელს თავისი დიდება ეყოფა, სხვისა რომ არ მივაწეროთ – გადატრიალება მოდაში, რომელიც, კაცმა რომ თქვას, მოდის საზღვრებს გასცდა და ცხოვრების სტილი და ფილოსოფიაც შეცვალა, ფრანგი დიზაინერის, ონდრე კურეჟის (André Courrèges) სახელს უკავშირდება. კურეჟი ინჟინრობას აპირებდა, როცა 25 წლისას უცებ ტვინი გადაუტრიალდა, ყველაფერი მიაგდო და პარიზის მოდის ინდუსტრიში კრა თავი. ძალიან გაუმართლა, ვინაიდან სწორედ იმ დროს კრისტობალ ბალენსიაგა ასისტენტს ეძებდა და მცირედხნიანი აქეთ-იქეთ ხეტიალისა და თავისუფალ, დროებით დაქირავებულ დიზაინერად მუშაობის შემდეგ, ონდრე კურეჟი გენიოსი ბასკის გუნდში მოხვდა, ვის გვერდითაც 10 წელი გაატარა, ხეზე ცოცვაც კარგად ისწავლა და 1961 წელს თავისი პირველი კოლექცია წარადგინა ქალებისთვის – სადაც ერთდროულად ორი ეპოქალური ნაბიჯი იყო – შარვალი და მოკლე კაბა – ბევრად უფრო მოკლე, ვიდრე შანელისეული ცნობილი შავი კაბა და, თან – თეთრი ფერის. რა თქმა უნდა, ეს ფერიც შეგნებული არჩევანი იყო, როგორც მკვეთრი დისტანცირება დიდი კოკოსგან, თორემ სულ მალე კურეჟმა ყვითელი, წითელი, ვარდისფერი… მინიკაბები გამოიტანა პარიზელთა სამსჯავროზე. კოკო შანელმა კურეჟის იდეებს – “ქალის სხეულის დანგრევა” უწოდა. მამაკაცები ლამობენ, ქალს სხეული დაუნგრიონ და ბავშვად აქციონ-ო, ამბობდა კოკო, თუმცა ონდრე  კურეჟი სულ სხვაგვარად ფიქრობდა – ამტკიცებდა, რომ ქალისთვის სხეულის თავისუფლება მოჰქონდა.

Continue reading

როდესაც ქალი ჩამოჰგავს ნიანგს…

მე ის მიყვარს Smile

Maladrino1კატრინ მალანდრინო (Catherine Malandrino) ფრანგი დიზაინერია, ძალიან ნიჭიერი, ლამაზი და წარმატებული. ის მხოლოდ ქალებისთვის ქმნის, ამიტომ, უცნაურია ახლა მასზე რომ ვწერ, მაგრამ, ჯერ ერთი, კარგა ხანი ველოდე ქალების მოდაზე მოპოსტავე ბლოგერებს და ვითომც აქ არაფერიაო, მალანდრინოზე კრინტს არ ძრავენ, მეორეც, კატრინ მალანდრინომ შექმნა საზაფხულო კოლექცია “ლაკოსტისთვის”, “ლაკოსტი” და ჩემი ბლოგი კი განუყრელი მეგობრები არიან.

კოლექცია (რაც ჯერ-კიდევ დარჩა გასაყიდად Winking smile) შეგიძლიათ, იხილოთ:

Continue reading