ამ პოსტით ბლოგზე იწყება გრძელდება რუბრიკა: ამბები, რომლებიც მხოლოდ მე მაინტერესებს. 🙂
ბოლო დროს მოვუხშირე დეტექტურ სერიალებზე პოსტვას. ასაკის ბრალია, ალბათ… თუმცა, ლოგიკურად პირიქით უნდა იყოს – დღეს რომ სერიალის ყურებას ვიწყებ, ყოველთვის მაქვს შანსი, ფინალამდე ვერ გავაღწიო და დარდად გამყვეს. მაგრამ სერიალი, ახლა რომელზეც ვწერ, დიდი ხნის წინ ვნახე პირველად. სტუდენტობისას. შესაძლოა, პირველი სერიალი იყო, რომელსაც ვუყურე. ამასთან, ის ე.წ. ანტი-დეტექტივია – როდესაც მკვლელი თავიდანვეა ცნობილი, ამიტომ დარდად გასაყოლებელიც არაფერია. 🙂 ნებისმიერ ასაკში შეგიძლია, ჩაუჯდე. სერიალი “კოლომბო” (Columbo).
შერლოკიანობის ხანაში ძალიან პრიმიტიულად და ძველმოდურ რამედ ჩანს. ალბათ, ასეც არის. თუმცა, თავისი ხიბლი მაინც აქვს და რეტრო-ტელეარხებიც უბრუნდებიან, ხოლმე. ეს ხიბლია მსახიობები და რეჟისორები, ვისაც ამ სერიალზე უმუშავია. დღევანდელი სერიალები, დაუშრეტელი დაფინანსებითა და კოლოსალური რეიტინგებით, სულ სხვა ამბავია – ნებისმიერი კალიბრის რეჟისორს იოლად შეიტყუებ, მსახიობები კი რიგში ჩადგებიან, ოღონდკი როლი შეხვდეთ. 60-იანების ბოლოს, როდესაც “კოლომბოს” გადაღება გადაწყვიტეს, ტელესერიალი არც მთლად უმსგავსო და შორი-შორი საქმე იყო, მაგრამ მაინც – მეორეხარისხოვანი. გაგიკვირდებათ და პროდიუსერებს ფითერ ფალქის (Peter Michael Falk) დათანხმებაც კი გაუჭირდათ, არადა ფალქი მეგა-ვარსკვლავი ნამდვილად არ იყო და ჰოლივუდს წეწვა-გლეჯა ჰქონდაო მისთვის გამართული, ვერ ვიტყვით. ლეიტენანტ კოლომბოს როლმა მოუტანა მას წარმატებაცა და პოპულარობაც, 1968 წელს კი, როდესაც საპილოტე სერია გადასცეს ეთერში, რამდენიმე სერიალში ჰქონდა ნათამაშები და ორ ძალიან კარგ ფილმში – “შეშლილი, შეშლილი სამყარო” და “დიდი რბოლა”.