რუსი ‘ვ შოკოლადე’

რუსული კომპანია “შოკოლადნიცა” საქართველოში ერთდროულად 5 ობიექტის გახსნას გეგმავს.
მოლაპარაკება ქართველ პარტნიორებთან ხელმოწერის სტადიაშია. ვინ არიან პარტნიორები არ დასახელებულა.
რუსეთსა და დსთ-ს სივრცეში კაფეების ცნობილი ბრენდი  წელს სამხრეთ კავკასიაში ფრანშიზების მეშვეობით 10 ობიექტის გახსნას გეგმავს.
Allmedia.ge

შაბათის პოსტი სამშაბათს

დიდი ხნის წინ… ძალიან დიდი ხნის წინ შოკოლადის ნაკრები, ე.წ. “ბანბანერკა” მაჩუქეს. დაბადების დღე მქონდა არ მახსოვს, ახალი წელი იყო თუ რამ სხვა სტუმრიანობის დღე, რამდენი წლის ვიყავი – არც ეგ, მაგრამ ის ბონბონერი მახსოვს. დიდი, ლამაზი ყუთი იყო, ლურჯი ფერის, ზედ ეწერა Fazer და რა გინდა სულო და გულო, ისეთი შოკოლადები ეწყო – თხილით, ნუშით, მერცეპანით, რძიანი შოკოლადი, შავი შოკოლადი… მაშინ მივხვდი პირველად, თუ როგორი უნდა იყოს შოკოლადი.

ბევრი წლის მერე, როცა Fazer-ის სამშობლოში მოვხვდი, გავიგე, რომ ის სინამდვილეში “ფაზერი” კიარა, “ფაცერია” და შოკოლადის გარდა ათასგვარ სხვა ნუგბარსა და პურ-ფუნთუშეულს აწარმოებს.

მაგრამ “ფაცერზე” არ ვწერ ახლა. “ფაცერის” ამბავი ამ “შოკოლადნიცაზე” გამახსენდა. ჩემი ბლოგის ბევრი მკითხველისგან განსხვავებით, იმ “მოსკოვური” შოკოლადის გემოც მახსოვს და დღეს რომ გავიგონებ ხოლმე – მოსკოვის შოკოლადი (ნაყინი და კიდევ რას არ ჩამოთვლიან) იყო “სულ სხვა”, ასეთებს ყოველთვის იმ ჩემი “ფაცერით” ვპასუხობ. Smile

Continue reading

ნაყინი არის MADO

 

Mado Cafeურბანული ლეგენდა ამბობს, როდესაც მიტროფანე ლაღიძეს ჰკითხეს, რა არის შენი წვენების საიდუმლოო, ენა გამოუყვია თურმე. ოსმან აღა-ს, MADO-ს მთავარ მენაყინეს თუ ჰკითხავდნენ, ისიც ასე უპასუხებდა, ალბათ. დიდი სიფრთხილით ეძებდა რძეს უგემრიელესი ნაყინისთვის. საუკეთესოდ თხის რძე გამოარჩია ხმელთაშუა ზღვის მთიანეთიდან. ამ ფერდობებზე ველური ორქიდეა იზრდებოდა და კიდევ რამდენიმე სხვა მცენარე, რომლის ქართული შესატყვისის ძებნა მეზარება ახლა და არც თქვენ გაინტერესებთ, მთავარია, ამ მცენარეებს MADO-ს თხებმა მიაგნონ. Smile თხის რძით დამზადებულ ნაყინს გამორჩეული გემო აქვს. კონსისტენციით მძიმეა და ელასტიკური. ერთგვაროვანი მასაა და იწელება ელარჯივით… აი, მეგრულ სამზარეულოში ნაყინი რომ იყოს, სწორედ MADO-ს მსგავსი იქნებოდა. ამ ნაყინს, ტრადიციულად, დანა-ჩანგლით მიირთმევდნენ, ამიტომ იმდენად მკვრივი იყო, რომ მისი დაჭრა შეიძლებოდა… რა თქმა უნდა, დრომ თავისი ვარიაციებიც მოიტანა – დღეს ადამიანები შაქარს უფრთხიან და კალორიებს ერიდებიან, ნაყინიც ცდილობს, ნაკლებ ცხიმოვანი და უფრო მსუბუქი გახდეს, მაგრამ MADO-ს ნაყინს ტრადიციულის უმთავრესი ნიშნები დღემდე შენარჩუნებულ აქვს… ბოლო-ბოლო უცხიმო, უშაქრო და არაკალორიული სტაფილოს წვენიც გვეყოფა.

Continue reading

გუნფუ, როგორც ჩინეთში

Gong Fuგუნფუ ჩინური ჩაის ცერემონიაა. გუნფუ ჩაი გუნფუ ჩაიდანში მზადდება. აქ მთელი იწილო-ბიწილო და შენი ჭირიმე-შენ გენაცვალეა… რაც არ ვიცი და როგორც არა-ჩაის მოყვარული მაგაზე არ დავწერ. ეს პოსტი ტრადიციული გუნფუ ჩაიდნის თანამედროვე გამარტივებულ მიდიფიკაციაზეა, რომელსაც ღილაკიანი გუნფუ ჩაიდანი ჰქვია და “ამაზონიდან” შევიძინე. ყავის დაყენებას ვაპირებდი, მაგრამ ჩაისთვისაც გამომადგა. იმ ჩაისთვის, მე(ც) რომ მიყვარს. მთლად ჩაიც რომ არაა – ხილის ან სხვადასხვა ხილის გემო-არომატით გაჯერებული ჩაისთვის, ჩემი ჩაისტი მეგობრები რომ ჩაიდ არ ცნობენ. Smile

მაგრამ გუნფუ ჩაიდანში კლასიკურ შავ ჩაისაც მოამზადებთ და, როგორც დავწერე, ყავასაც. და იმავე ჩაისტების შეფასებით, არომატული ჩაი გამოდის.

Continue reading

ბეთლემი

საუკეთესო ადგილი თბილისში?

ხშირად, ძველ თბილისში სეირნობას აბანოთუბანში ვამთავრებთ, ლეღვთახევში, შარდენის რომელიმე კაფეში… მაგრამ, თუკი არ დაიზარებთ, სოლოლაკიდან ტიმოთე ბელოის 120-საფეხურიან კიბეს აჰყვებით, დაგხვდებათ ულამაზესი ხედები, ვიწრო, საფეხმავლო შუკები, რამდენიმე კოხტა ეკლესია, სპარსული ათეშგა – მაზდეანური სალოცავი,  ძველი თბილისის განუმეორებელი არომატი და გასაოცარი კაფე-რესტორნები. ეს არის თბილისური ბეთლემი – კლდის უბანი.

კაფე-რესტორნები ვთქვი და გამორჩეული სამია.144 Stairs

პირველს 144 საფეხური ჰქვია. ბეთლემის ქუჩიდან ზემოთ, კიბით 144 საფეხური უნდა ასკინკილა აირბინოთ და თბილისის ყველაზე კოლორიტულ კაფეში აღმოჩნდებით.  აქედან თბილისი ყველაზე ლამაზი ჩანს. სწორედ ამ ადგილიდან იშლება ჩვენს ქალაქზე ყველაზე ლამაზი ხედი. ამ კაფეში ძალიან კარგი, მხიარული, მეგობრული და ყურადღებიანი ადამიანები მუშაობენ. ამ კაფეში ამზადებენ უგემრიელეს ნამცხვრებს. აქ მზეს ეფიცხება 144 ბუნდღლა (და არაბუნდღლაც) კატა. Smile აქ ბევრი ნახატია კედლებზე (კაფეს მფლობელი თავადაც მხატვარი და გალერისტია), აქ მყუდრო ვერანდაა და, როგორც ვთქვი, ულამაზესი ხედები.

Continue reading

არამხოლოდ სთარბაქსის

– როდის შემოვა საქართველოში “სთარბაქსი”?

– სანამ “სთარბაქსი” არ გვეყოლება, ყავას ვერ ვსვამ თბილისში.

– ყავის დასალევად სტამბოლში მიწევს გადაფრენა, გოგო!

– ჩემი მეზობლის ძმის მეგობრის გერლფრენდის დაქალი “სთარბაქსში” მუშაობს და ნამდვილად ვიცი, მალე იხსნებიან საქართველოში.

არამხოლოდ “სთარბაქსის”!

CB&TLThe Coffee Bean & Tea Leaf რა თქმა უნდა, ვერ არის ისე პოპულარული, როგორც “სთარბაქსია”, მაგრამ ნამდვილი ამერიკული ყავის დაგემოვნება თუ გსურთ, როგორც იტყვიან – ველქომ!

Continue reading

ამერიკანო

მზარეულები კარგი გვყავს. მხოლოდ ქართულ სამზარეულოზე არ ვამბობ – ევროპული კერძებიც არაჩვეულებრივად გამოსდით. ბევრ ქართულ პიცერიაში ძალიან გემრიელი პიცაა. სტეიკსაც კარგს ამზადებენ. ბურგერსაც. (სუშის მოყვარული არ ვარ და არც იაპონიაში ვარ ნამყოფი, მაგრამ გაუსინჯავად დავწერ, რომ ქართული სუშიც არ ჩამოუვარდება ტოკიოს კარგი რესტორნის სუშის – ორივე ერთნაირად უგემურია). 🙂 ნამცხვრებზე ხომ ნუღარ იტყვით – ქართული გემოვნებისა და დასავლური რეცეპტურის სინთეზი, მართლაც საუკეთესოა. თბილისური ბრაუნი, მაგალითად, სჯობს კლასიკურ ამერიკულ ბრაუნის. გემოვნების ამბავია, ცხადია, მაგრამ კლასიკური ბრაუნი ხმელია, რაღაც ნამცხვარსა და ორცხობილას შორის. ჩვენებური კი ფაფუკია. ბევრგან სტომაქიც ცხელი შოკოლადით აქვს გამოვსებული – დაადებ კოვზს და სკდება… მმმმ…. უგემრიელესია!

მაგრამ აი, ყავა… ყავა ტკივილია. იმიტომ, ალბათ, რომ ყავა ჩვენში უბრალოდ “მისასმელია” და არა თავისთავადი რამ. ცალკე კულინარიული ფასეულობა არ აქვს. ასე აღიქმება. ფასი კი აქვს, იცოცხლე Smile – ფასეულობა არ აქვს… ალბათ, არცაა გასაკვირი. ყავა კი არა, ღვინოც მისასმელია, ხშირად. ისე, მოსაჩვენებლად დავყნოსავთ-დავაგემოვნებთ ხოლმე, პირს ავაწკლაპუნებთ… მერმე კი იმდენს და ისე უზომოდ დავლევთ რომ ბუკეტი, გემო, ზომა-წონა, თავი, კუჭი და ღვიძლი ერთიანდება. და აღარაფერი გვახსოვს “პახმელიის” გარდა.

Continue reading

პოლი, ბრუქსი და ბარნოვი

PAUL

Paul Tbilisiქალაქ კრუაში პატარა საფუნთუშეს იმ დილით კლიტე რომ ჩამოხსნა და პირველად შეუღო კარი მყიდველებს, ფრანგი ხაბაზი შარლემან მაიო ნამდვილად არ იფიქრებდა, რომ 127 წლის შემდეგ, თბილისში 3-ჯერ მომიწევდა მის კაფეში მისვლა, იმისთვის რომ შევკვეხებულიყავი ძლივს და ორი თავისუფალი ადგილი მომეგდო გაჭირვებით.  Smile “დონათები გაგვითავდა”-ო გამახსენდა. თუმცა, PAUL-სა და Dunkin’ Donuts-ს ვერ შევადრი. ფასთ-ფუდისა და დონათების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ “პოლი”-ს რეცეპტურა და ტკბილეული “ჟანრის კლასიკაა”. უგემრიელესი ბოლო ნამცეცამდე.

მაიოს საფუნთუშე PAUL დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა მცირე საცხობად, კრუას გარეთ ცოტა ვინმეს თუ გაეგონა. კრუა კი პაწაწკინტელა ქალაქია – 20’000 ადამიანი ცხოვრობს დღეს და 1889 წელს რამდენი იყო არ ვიცი. ალბათ, იმდენი, რამდენის დაპურებასაც შარლემან მაიო, მისი მეღლე და ორი შეგირდი გასწვდებოდა. Smile

მაგრამ საფრანგეთში გურმან ხალხს რა დათვლის და თუკი მე აგერ, ვაკეში გავედი PAUL-ის ტკბილეულის დასაგემოვნებლად, ფრანგები ჯერ ლილიდან ეწვივნენ კრუას (7 კილომეტრია სულ), შემდეგ – სხვა ქალაქებიდან. მაიოს საფუნთუშის სახელმა პარიზამდეც ჩააღწია. მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან კი PAUL-ის პურ-ფუნთუშეული სუპერმარკეტების დახლებზეც გამოჩნდა (მათ შორის, “კარფურს” არ ეწყინოს და “აშანის” დახლებზე, რომლის ისტორიაც ასევე ქალაქ კრუადან იწყება).

დღეს PAUL – ესაა საცხობებისა და კაფე-რესტორნების ქსელი საფრანგეთსა და მსოფლიოს 30 ქვეყანაში. ახლა უკვე – საქართველოშიც. უგემრიელესი შოკოლადის ტარტი (ტარტალეტკა – ჩვენებურად), შოკოლადის მაკარუნი (მაკარონი არა – მაკარუნი, ბისკვიტი), ფრანგული კულინარიის შედევრი – ეკლერი და, ცხადია, კრუასანი, რომელიც ვითომ ავსტრიელებმა კი მოიგონეს, მაგრამ კრემისა და შოკოლადის დამატებას სწორედ ფრანგები მიხვდნენ… აბა, რა იქნებოდა კრუასანი კრემისა და შოკოლადის გარეშე?

Continue reading