წინა პოსტში ბლუმსდეიზე ვწერდი.
თქმა არ უნდა, ჯოისი დღეს ირლანდიელების ეროვნული სიამაყეა, თუმცა მათ ბლუმსდეიზე უფრო საყვარელი დღესასწაულიც აქვთ – ეს სენფათრიქია, ირლანდიის მფარველის, წმინდა ფათრიქის ხსენების დღე, რომელიც 17 მარტს აღინიშნება.
წმინდა ფათრიქი (Saint Patrick) ირლანდიის განმანათლებელი და ირლანდიის პირველი ეპისკოპოსია. უცნაურია, მაგრამ, როგორც ჩანს, (ირლანდიელებმა არ გაგვიგონ და) ის არა ბრიტი (ანუ კელტი), არამედ რომაელი ბრძანდებოდა, რომის იმპერიის პროვინცია ბრიტანეთში დაიბადა და 16 წლისა იყო, როცა ირლანდიელმა მომხდურებმა (ინგლისელი ისტორიკოსები მათ უბრალოდ ზღვაოსან-ყაჩაღებს უწოდებენ) მოიტაცეს და სხვა ტყვეებთან ერთად ირლანდიაში წაასხეს. 6-წლიან მონობას გაქცევით დააღწია თავი, სამშობლოში დაბრუნდა და ღვთის სამსახურში ჩადგა. ქრისტიანულ სწავლებას გალების პროვინციაში (თანამედროვე საფრანგეთი) ლერინისა და ოსერის მონასტრებში დაეუფლა და ირლანდიაში უკვე როგორც ქრისტიანობის მქადაგებელი, ისე დაბრუნდა – ალბათ, ირლანდიის მიწას განსაკუთრებული ხიბლი და მიზიდულობა აქვს, არ ვიცი… ყოველ შემთხვევაში, წმინდა ფათრიქი სრულად გაირლანდიელდა – წერილებში თავს ირლანდიელს უწოდებს და ირლანდიული (ოღონდ – ლათინურენოვანი) ლიტერატურის ფუძემდებლადაც მიიჩნევა.