მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ
***ნაწილი 5***
არაფერია ისე იოლი სტამბოლში, როგორც ზედმეტი წონის აკრეფა, ამიტომ ბევრი იარეთ ფეხით და მცირეკალორიული რამეები ჭამეთ. 😉 მაგრამ ეს მეორე ოჰ, რა ძნელი შესასრულებელია! თურქებს ძალიან უყვართ სალათები – თქვენც გირჩევთ. არ დაგამძიმებთ და არ მიგაძინებთ. ტრადიციული სეზონური მევსიმ სალათასი (Mevsim salatası) მართალია თურქული ბოსტნეულით კეთდება და ჭოპორტის პომიდორს ვერ მოგართმევენ, მაგრამ მაინც საღი და გემრიელია. 🙂 თუ ადრე ადგებით, შეგიძლიათ ბოსფორიდან მზის ამოცურვით დატკბეთ და თან ბალიქ-ექმექით (Balık Ekmek – “თევზი და პური” – თევზის სენდვიჩია) წაიხემსისაუზმოთ. სანაპიროზე (და არამარტო) ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამზადებენ მიდიებს. ცხარეა და გემრიელი.
თუკი თევზი გიყვართ, ეწვიეთ ქუმქაფის (Kumkapi) უბანს მარმარილოს ზღვის სანაპიროზე. ეს ადგილი ცნობილია არცთუ ურიგო და არცთუ ძვირი თევზის რესტორნებით; თევზის კერძებს მოგართმევენ გალათას ხიდის ქვეშ განლაგებულ კაფე-რესტორნებშიც და თევზის მშვენიერი რესტორნები არის ხიდს გაღმა, ბეიოღლუს რაიონში, მაგრამ, წინა ნაწილშიც ვწერდი – ეს ბოლო “პეროიანი” რაიონია და ფასებიც, ცხადია, უფრო მაღალია. ზოგადად (ისევე როგორც თბილისში) “პრესტიჟულ”, ტურისტულ, გაპიარებულ უბნებში, ქუჩებსა და ადგილებში ფასები 2-3-ჯერ და კიდევ მეტჯერ მაღალია იმ ადგილებთან შედარებით, სადაც, მეტწილად, ადგილობრივები დადიან, თან სულაც არ იგულისხმება, რომ ძვირიან დაწესებულებებში მომსახურება უკეთესია – როგორც წესი, მომსახურება სტამბოლის ყველა წესიერ და სინდისიერ ობიექტში ძალიან კარგია. ეგ კი არა, ქუჩის მზარეულ-გამყიდველი ისე მოგიმზადებთ დონერ-ქებაბს (ჩვენებურად – შაურმას) ან ქეშთანეს (წაბლს) ისე შეგიწვავთ, რომ ფამუქის მოწონებული. 🙂 ნიშანთაშიში უამრავი კარგი რესტორანია. ყველა – საგრძნობლლად ძვირი. 🙂 თაქსიმიც – იგივე.