კატებს ყუთები უყვართ. ჩაძვრებიან და სხედან. ვინ იცის, როდის დაიწყო ეს სიყვარული. პირველი კატისა და პირველი ყუთის შეხვედრიდან, უთუოდ და არასდროს მთავრდება. მიზეზს ბევრი იკვლევს. პასუხი – არვის აქვს. კატებმა იციან, მაგრამ არ ამხელენ. შესაძლოა, ყუთში უფრო დაცულად გრძნობენ თავს, როგორც ციხე-სიმაგრეში. როგორც – აბჯარში. შეიძლება, ჩელენჯია – ვინ ჩაეკატება უფრო პატარა ყუთში.
მაგრამ ცხოველთა ფსიქოლოგიის სამმა მკვლევარმა: გაბრიელა სმითმა (Gabriella Smith) და სერა-ელიზბეთ ბაიოსერიამ (Sarah-Elizabeth Byosierea) ნიუ იორქის Hunter College-დან და ფილიფ შუინარდმა (Philippe A. Chouinard) მელბურნის La Trobe University-დან გამოაქვეყნეს კვლევა, რომელიც ადასტურებს – კატებს უყვართ გეომეტრიული ფიგურები და გამორჩეულად – მართკუთხედები. სულ არ არის აუცილებელი ყუთი იყოს და კედლები ჰქონდეს. თუ კედლები არ აქვს, კატები თავად აგებენ მათ – საკუთარ წარმოსახვაში.