ორმაგი ჯაფა

რობერთ სილვერბერგი

კოსმოსური ხომალდი ერთხელაც შეჯანჯღარდა და ის იყო დომერენჯიზე დაეშვა, რომ ჯასთინ მარნერმა ეჭვი გამოთქვა – ალბათ, ყველანი შეიშალნენ.

– ნამდვილად გავგიჟდით, – სწორედ ასე თქვა, – სრულ ჭკუაზე არ უნდა ვიყოთ.

მეორე დედამიწელმა, რომელიც ილუმინატორიდან პლანეტის ოქროსფერ-მწვანე ზედაპირს ათვალიერებდა, გამოხედა:

– რა თქვი?

– სანაძლეოს ფასი მესმის, მაგრამ, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, სადღაც დაუკრეფავში არ უნდა გადახვიდე, ჩვენი მოგზაურობა ყველა ზღვარს სცდება, – უთხრა მარნერმა და გარე ხედისკენ მიანიშნა, – უკვე აქ ვართ, ქემრიჯ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, მხოლოდ შეშლილი თუ დათანხმდებოდა ამაზე.

ქემრიჯმა მხოლოდ მხრები აიჩეჩა.

– კარგი, ერთი, ჯასთინ – მშვენივრად იცი, როგორ აღმოვჩნდით აქ და ისიც იცი – რატომ… ახლა წუწუნის დრო არაა.

– რა გაეწყობა, სიტყვები უკან მიმაქვს, – უთხრა მარნერმა და ხელებზე დაიხედა. გრძელი, თლილი თითები ჰქონდა, უმაღლესი კლასის ინჟინერ-ტექნიკოსი რომ არ ყოფილიყო, ალბათ, საუკეთესო ქირურგი დადგებოდა, – დაიკიდე. ცოტა დაძაბული ვარ და გონება მაქვს არეული.

ზარის ხმა მოესმათ.

– მობრძანდით, – შემოიპატიჟა ქემრიჯმა.

* * * Continue reading “ორმაგი ჯაფა”

მონადირე

ჯონ ქოლიერი

ალან ოსთინმა ციდა ცინდალივით აკანკალებულმა აიარა დაჩრდილული, ჭრაჭუნა კიბე და ბნელ სადარბაზოში ხელის ცეცებით კარგა ხანს დაეძებდა საჭირო გვარს კარის დაფაზე.

შეაღო, როგორც უთხრეს და პაწაწინა ოთახში ამოყო თავი, სადაც არაფერი იყო სამზარეულოს მაგიდის, სარწეველა სავარძლის და ერთი ძველი სკამის გარდა. გაჭვარტლულ, ქვიშისფერ კედლებზე რამდენიმე თარო დაინახა ათეულობით ბოთლითა და ქილით. სულ ეს იყო იქაური ავლა-დიდება. სავარძელში ჩია მოხუცი იჯდა, გაზეთი გაეშალა. ალანმა ბარათი გადასცა, რომელიც მისცეს და მდუმარედ დაელოდა.

– დაბრძანდით, ბატონო ოსთინ, – უთხრა მოხუცმა დიდი მოწიწებით, – მოხარული ვარ, რომ გაგიცანით.

– მართალია თუ არა, – ჰკითხა ალანმა, – თქვენ გაქვთ ხსნარი, რომელსაც განსაკუთრებული დანიშნულება აქვს?

– ძვირფასო ბატონო, – უპასუხა მოხუცმა, – სალბუნთა და საცხთა რაოდენობით ვერ დავიკვეხნი, ფაღარათსა და კბილის ტკივილს ვერ ვუწამლებ, მაგრამ მრავალფეროვანი საქონლის შეთავაზება შემიძლია და რაც მაქვს, მათ შორის ერთიც არ არის ისეთი, რომლის შესაძლებლობაც გამორჩეულ ყურადღებას არ იმსახურებს.

Continue reading “მონადირე”

ფიქრის სურნელი

რობერთ შექლი

დაუსახლებელი სირგონის კლასტერის გავლისას, ლეროი ქლივის ნამდვილი უბედურება დაატყდა თავს. ცხადია, არც მანამდე ულხინდა: ძველისძველი საფოსტო ხომალდი ნომერი 243, მონჯღრეული მილები და არეული ასტრონავიგაცია, მაგრამ ახლა, სანამ მარშრუტს აზუსტებდა, შენიშნა – ბორტზე მეტისმეტად დათბა.

მძიმედ ამოიოხრა, გაგრილება ჩართო და ფოსტის უფროსს დაუკავშირდა. სადგურს უკვე საკმარისად იყო დაშორებული და რადიო ტალღები ძლივს სწვდებოდა, მაგრამ შიშინსა და ჭახანს შორის მაინც მოახერხა ფოსტმაისტერის ხმის გარჩევა.

– ახლა რა გჭირს, ქლივი? – ჰკითხა მრისხანედ. ფოსტმაისტერი ის კაცი იყო, ვისაც საკუთარი ხელით შედგენილი გრაფიკის სჯეროდა, როგორც წმინდა წერილის.

– არც კი ვიცი, რით გაგახაროთ, – უდარდელად უპასუხა ქლივიმ, – თბოიზოლაციას, მილებს, ასტრონავიგაციას და გაგრილების სისტემას თუ არ მივიღებთ მხედველობაში, სხვა დანარჩენი გენიალურადაა.

Continue reading “ფიქრის სურნელი”

ფეხით მოსიარულე

რეი ბრედბერი

ნოემბრის ნისლიანი საღამო იყო. ლეონარდ მიდს ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და სიჩუმეს მიუყვებოდა, მიაბიჯებდა ბეტონის დაბრეცილ საფარზე, აქა-იქ თავამოწვერილ ბალახებს შორის. უყვარდა სეირნობა, როცა ქალაქი დუმდა. გზაჯვარედინთან შეჩერდებოდა ხოლმე და მთვარით განათებულ ქუჩებს გახედავდა, ფიქრობდა, ოთხი კუთხიდან რომელი აერჩია, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არცა ჰქონდა – 2053 წელი იდგა და ამ სამყაროში ის იყო მარტო… ან – თითქმის, მარტო. ბოლოს აედევნებოდა არჩეულ ქუჩას და სუსხიან ჰაერში პირიდან სდიოდა ორთქლი, როგორც სიგარის კვამლი.

აათობით სეირნობდა და შინ ბრუნდებოდა ხოლმე, როდესაც შუაღამე უკვე გადაწურული იყო. ათვალიერებდა სახლებსა და ჩაბნელებულ ფანჯრებს – უკაცრიელ სასაფლაოს რომ მოგაგონებდათ. ციცინათელების ციაგს ირეკლავდა შუშები, კედლებზე ხედავდა თალხ აჩრდილთა ლაციცს და უსმენდა ფარდების ჩურჩულს, აქა-იქ ღიად დარჩენილი სარკმლებიდან.

თუ დაიღლებოდა, ლეონარდ მიდი შეისვენებდა ხოლმე, თავს დახრიდა, ყურს უგდებდა და უყურებდა, შემდეგ ისევ განაგრძობდა გზას და მისი ფეხის ხმაც კი არ არხევდა მდუმარებას – რეზინის სპორტული ფეხსაცმელი ეცვა, როგორც ყოველთვის, როდესაც საღამოს გადიოდა სასეირნოდ. კარგა ხნის წინ დარწმუნდა – ასე უფრო უსაფრთხო იყო, რაკი ქუსლების ბაკუნზე ძაღლები აედევნებოდნენ ხოლმე ყეფით, შუქები ინთებოდა ყველგან და შეშფოთებული სახეები თვალს აყოლებდნენ მის ეულ სხეულს, რომელიც მიაბიჯებდა ნოემბრის ღამეში უკაცრიელი ქუჩით. Continue reading “ფეხით მოსიარულე”

მთელი ზაფხული ერთ დღეში

რეი ბრედბერი

– მზად ხარ?

– კი.

– იწყება?

– მალე.

– მეცნიერებმა ზუსტად გამოთვალეს? ნამდვილად დღეს არის?

– დაელოდე, დაელოდე… თავად ნახავ!

ბავშვები მიაწყდნენ ფანჯრებს, ყელმოღერებით, როგორც ბაღის სარეველებს შორის ამოკოკრილი ვარდები, ფეხის წვერებზე იწევდნენ ღრუბლებში დამალული მზის დასანახად.

წვიმდა.

წვიმდა უკვე მეშვიდე წელი, ათასობით და ათასობით დღე ნისლში იყო გახვეული, წვიმა გაუჩერებლივ უკრავდა დაფზე, წვეთები, როგორც ბროლის თვლები ფაიფურის ჯამში გორავდნენ და წყლის ტალღები, ქარიშხლის მიერ ატაცებულნი, დაუნდობლად ესხმოდნენ კუნძულებს თავს. დიდრონი ხეები ათასგზის მოგლიჯა და წააქცია გრიგალმა იმად, რომ ათასი ახალი ამოზრდილიყო და კვლავ შეკრულიყო ტყედ. ასე ცხოვრობდა ვენერა და სასკოლო ოთახი სავსე იყო ბავშვებით, ვისი მამები და დედები ჩამოფრინდნენ დედამიწიდან, იმ იმედით, რომ ამ წვიმიან პლანეტაზე დასახლდებოდნენ და დააფუძნებდნენ ადამიანთა ცივილიზაციას. Continue reading “მთელი ზაფხული ერთ დღეში”