აეროპორტში – სტრესის მოსახსნელად

კვირადღის პოსტი

ვისაც საშობაო დღეებში ლოს ანჯელესში მოუწია ფრენა, აი, ასეთი სურათის მოწმე გახდა:

LAXPUPs (1)

მია, მეისონი, ელი და სერიჯო მგზავრებს ეგებებიან და მათი დარდის განქარვებასა და კარგ განწყობაზე ზრუნავენ.

ეს ოთხი და კიდევ სხვები (70-ზე მეტნი არიან) PUP (Pets Unstressing Passengers – შინაური ცხოველები მგზავრთა დასამშვიდებლად) პროგრამის წევრია, რომელიც ლოს ანჯელესის აეროპორტში 8 წელია უკვე მოქმედებს. ძაღლები საგანგებო წითელ ჟილეტებში არიან გამოწყობილნი წარწერით Pet Me – “მომეფერე” – იოლად რომ გაარჩიო აეროპორტში მომსახურე სხვა (საბაჟოს, პოლიციის) ძაღლებისგან, რომელთაც, როგორც წესი, “არ მომეფერო, ვმუშოაობ”-ო აწერიათ ჟილეტებზე.
Continue reading

დახმარების ხელი

ართურ სელინგსი

– დილა მშვიდობისა, ბატონო გრანთ, – შეეგება დოქტორი მაიერი, – მოხარული ვარ, რომ მობრძანდით.

– დილა მშვიდობისა, – ცივად მიესალმა გრანთი და შეთავაზებულ სავარძელში მოთავსდა, – ​​მართალი გითხრათ, სულ არ მიხარია, აქ რომ ვარ.

– მესმის თქვენი, – ღიმილით უთხრა ფსიქიატრმა.

– მაგრამ, რაკი აქ ვარ, მიდით, შეუდექით საქმეს, მკითხეთ, ვეჭვიანობდი თუ არა მამაჩემზე, თუ როგორც არის…

მაიერს ისევ გაეღიმა.

– განა, რა ხელი აქვს თვითმკვლელობის მცდელობასთან?

– არავითარი! სულ არავითარი, მაგრამ, ეგრე არ აკეთებთ ფსიქიატრები? ცდილობთ, რაც შეიძლება ახლართოთ ყველაფერი, რომ საქმე მოგეცეთ… იურისტებიც ეგრე იქცევიან… განაგრძეთ, ვერაფერს გაარკვევთ მაინც. მე კი შემეძლო, მეთქვა, რა მჭირს, მაგრამ რა აზრი აქვს? მაინც ვერ დამეხმარებით… არც მოვიდოდი, სასამართლო განჩინება რომ არა.

Continue reading

უფლის ცხრა მილიარდი სახელი

ართურ ქლარქი

– თქვენი თხოვნა ცოტა არ იყოს უჩვეულოა, – უთხრა დოქტორმა ვაგნერმა, თან ხმაში გამოურია (ყოველ შემთხვევაში, ასე იმედოვნებდა) ღირსი სიდარბაისლე, – არ ვცდები, მგონი, პირველი შემთხვევაა, როდესაც ვინმეს ტიბეტური მონასტრის კომპიუტერით აღჭურვა სთხოვეს. არ მინდა, მეტისმეტად ცნობისმოყვარე გამოვჩნდე, მაგრამ მიჭირს წარმოდგენა, ასეთ მანქანას რა სარგებლობის მოტანა შეუძლია თქვენი… როგორა ვთქვა – დაწესებულებისთვის… იქნებ ამიხსნათ, რისთვის უნდა გამოიყენოთ?

– სიამოვნებით, – უპასუხა ლამამ, აბრეშუმის სამოსი შეისწორა და გვერდით გადადო ლოგარითმული სახაზავი, ვალუტის კურსის გამოთვლისთვის რომ იყენებდა, – თქვენი მანქანა, Mark V იოლად ახორციელებს ნებისმიერ არითმეტიკულ გამოთვლას მილიარდების ფარგლებში. თუმცა, ჩვენ გვაინტერესებს ასოები და არა ციფრები, ამიტომ, გთხოვთ, სახე უცვალოთ პროგრამას იმგვარად, რომ მანქანამ ციფრების ნაცვლად ასო-ნიშნების დათვლა შეძლოს. Continue reading

ნაშუაღამევს და უფრო გვიან

რეი ბრედბერი

პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანებმა ხიმინჯებისკენ აიღო გეზი. უდროო დროს. როდესაც პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანები სადღაც მიიჩქარიან, ყოველთვის უდროო დროა. მაგრამ ეს დრო უდროო დროებს შორის გამორჩეულად უდროო იყო – შუაღამე კარგად გადასული, მაგრამ გარიჟრაჟის ნიშან-წყალიც არა ჩანდა ჯერ. „აღარ გათენდებაო“ – ბღაოდნენ ზღვის ტალღები და ასკდებოდნენ ჩაღამებულ ნაპირს, „ალბათ, ეგრეაო“ – კვერს უკრავდა სუსხიანი ქარი და წყნარ ოკეანეს სტაცებდა მარილიან შხეფებს, ნისლი კი, რომელსაც შეეფუთა ცა და ვარსკვლავებზე ჩამოემხო თალხი საბურველი, „აღარასდროსო“ ამბობდა ასე. გაავდრებულიყო და ძეხორციელს აქ აღარ დაედგომებოდა. თუ გზააბნეული შემოეხეტებოდა ვინმე, ვერ გაჩერდებოდა ფეხზე დიდხანს. კლდის ქიმზე შეკრებილი მამაკაცებიც ძლივს იმაგრებდნენ თავს. მანქანის ანთებული ფარების შუქზე, ხელის ფარნების შუქს აცეცებდნენ და ისე გრძნობდნენ თავს, როგორც ხაფანგში მზის ჩასვლასა და მზის ამოსვლას შორის, როდესაც ერთი უკვე აღარ ახსოვდათ და მეორეს აღარ ელოდნენ.

ხეზე ჩამოკიდულ სიფრიფანა სხეულს მარილიანი ცივი ქარი არწევდა აქეთ-იქეთ. შეჰყურებდნენ უსასოოდ.

Continue reading

გაუჩინარების აქტი

ალფრედ ბესთერი

ეს ომი არ ყოფილა უკანასკნელი. არც ის ომი ყოფილა, ყველა სხვა ომს რომ დაასრულებს. ეს იყო ომი ამერიკული ოცნებისთვის. ასე დაარქვეს. ეს სახელი გენერალ ქარფენთერს მოაფიქრდა და მას შემდეგ დაუსრულებლად იმეორებდა.

არსებობენ საბრძოლო გენერლები (ჯარი მათ გარეშე ვერ იარსებებს), პოლიტიკოსი გენერლები (მართვა მათ გარეშე შეუძლებელია) და საზოგადოებასთან ურთიერთობის გენერლები (მათ გარეშე ომს ვერ წარმართავ). გენერალი ქარფენთერი საზოგადოებასთან ურთიერთობის დიდოსტატი იყო. გულწრფელი და გულმხურვალე. მისი იდეალები კი – ისეთივე აღმატებული და მარტივი, როგორც დევიზი ფულის ბანკნოტზე. ამერიკელთათვის გენერალი ქარფენთერი იყო ჯარიც, მმართველობაც, ერის ფარიც, ხმალიც, აბჯარიც და მტკიცე მარჯვენაც. ამერიკული ოცნება იყო მისი იდეალი.

– ჩვენ არ ვიბრძვით ფულისთვის, არ ვიბრძვით ძალაუფლებისთვის ან – მსოფლიო ბატონობისთვის, – განაცხადა გენერალმა ქარფენთერმა პრესის წარმომადგენლებთან საზეიმო ვახშამზე.

– ჩვენ მხოლოდ ამერიკული ოცნებისთვის ვიბრძვით, – თქვა მან 162-ე მოწვევის კონგრესის სესიაზე.

Continue reading

მინუს ერთი

ჯეი ჯი ბალარდი

– სად არის? სად დაიკარგა, ღმერთო ჩემო? – აღმოხდა Green Hill Asylum-ის, სულით ავადმყოფთა თავშესაფრის, Green Hill Asylum-ის დირექტორს, დოქტორ მელინგერს. ადგილზე ვერ ჩერდებოდა, გაუთავებლად ბოლთას სცემდა მაგიდიდან ფანჯრამდე და – უკან.

დუმდნენ, მაგრამ მსგავს სასოწარკვეთას შეეპყრო სხვა თანამშრომლებიც. ხუმრობა ამბავია? პაციენტი გაუჩინარდა და თორმეტი საათი ისე შემოეფცქვნათ თვალსა და ხელს შუა, კვალს ვერ მიაგნეს.

ჯერ ვერ დაიჯერეს. შემდეგ – გაოცდნენ. შემდეგ – აღელდნენ. ბოლოს იმგვარმა ქვეცნობიერმა აღტყინებამ შეიპყრო ყველა, თავად ფსიქიატრები რომ ეიფორიულ უნდობლობას უძახიან.

ჯეიმს ჰინთონი პირველი და ერთადერთი პაციენტი იყო, ვინც თავშესაფრიდან გაპარვა მოახერხა. ისე, რომ, თითქოს მიწამ უყო პირი, კვალიც არ დარჩენია.

დოქტორმა მელინგერმა და მისმა ხელქვეითებმა ლამის დააჯერეს თავი, რომ ჰინთონი არსად გაქცეულა და იქვე, თავშესაფარში იმალებოდა სადღაც. ან – უბრალოდ აორთქლდა, თუკი აორთქლებას გაქცევად მოვნათლავთ. Continue reading

სნუფი მთვარეზე მიემგზავრება

კვირადღის პოსტი

Snoopy Artemis I

ცოტახანს საიფაიდან რომ დავისვენოთ, დღეს თარგმანი არ იქნება. 🙂 თუმცა, ეს პოსტიც, ერთგვარად, საიფურია.

ბიგლის ჯიშის ცუგა სნუფი (რომლის მიკრო-მოთხრობაც, სხვათაშორის, ვთარგმნე ამასწინ) კოსმოსში სამოგზაუროდ ემზადება. კოსმოსისა და აერონავტიკის ეროვნული ასოციაციის (იგივე – NASA-ს) მთვარის მისია “არტემიდე პირველი” (Artemis I) 2022 წელს აიღებს სტარტს ჩვენი პლანეტის თანამგზავრისკენ. სნუფის ამოცანა NASA-ს “ნულოვანი გრავიტაციის ინდიკატორის” მუშაობაში გამოცდაა… ოღონდ არ მკითხოთ, რა ჯანდაბაა. 🙂 რაღაც გამორჩეულად საჭირო დანადგარი კი იქნება, რაკი მისი გამოცდა თვით სნუფის ანდეს.

Continue reading

თოჯინების თეატრი

ფრედრიქ ბრაუნი

აგვისტოს თვე იყო. ცხელი დღე. შუადღის ჟამი. ჩერიბელს ჭირმა მიაკითხა.

თუმცა, ჩერიბელში აგვისტოს ყველა დღე აუტანლად ცხელია. არიზონას შტატში, 89-ე გზატკეცილზე მდებარეობს თუსონიდან სამოცი კილომეტრით სამხრეთით და მექსიკის საზღვრიდან ჩრდილოეთით, ასე 50 კილომეტრში. ორი ბენზინგასამართი სადგური, გზის გადაღმა და გზის გამოღმა – ერთი ავტომოგზაურიც რომ არ დაუსხლტეთ. დიდი მაღაზია, ყველაფერს რომ შეიძენ; მომცრო ტავერნა ლუდისა და ღვინის ლიცენზიით – ტურისტისთვის, ვისაც პონჩოსა და სომბრეროს შესაძენად მიეჩქარება და გზად ყელის გასველება სურს; ჰამბურგერების მიტოვებული ფარდული და გამომწვარი წითელი აგურის რამდენიმე სახლი, იმ მექსიკელ-ამერიკელებისთვის, ვინც მეტწილად სამხრეთით, ნოგალესში მუშაობენ, მაგრამ, ღმერთმა იცის, რა მიზეზით, ჩერიბელში ცხოვრება ურჩევნიათ. გზის გასწვრივ ფორდის T-მოდელებს თუ დაინახავთ – მათია. აბრა „ჩერიბელი, ფოფ. 42 ” კი გატყუებთ – ფოფ ანდერსი აღარ არის – გასულ წელს გარდაიცვალა. მისი იყო ფარდული, სადაც ჰამბურგერებს ამზადებდა.

Continue reading

ნადავლის შემგროვებელნი

რობერთ სილვერბერგი

ოთხმოცდაათი ათასი კილომეტრის სიმაღლიდან მოინადირა მათი გული – საშუალო ზომის, კოხტა პლანეტამ, მიწითა და ტყით, ქალაქების და სხვა მსგავსი საშარო ადგილების ნიშანწყლის გარეშე. მიმზიდველი ადგილი. ისეთი სწორედ, რომელსაც ვეძებდით, ჩვენი, ერთობ უნაყოფო რომ გამოდგა, იმ ექსპედიციის დანაკარგის შესავსებად.

ქლაიდ ჰოლდრეთს მივუბრუნდი, რომელიც შეფიქრიანებული დაჰყურებდა თერმოსკოპს.

– აბა? რას იტყვი?

– კარგი რამ ჩანს – ტემპერატურა მიახლოებით 20 უნდა იყოს – თბილი ჰაერი, ჟანგბადით გაჯერებული. ვფიქრობ, ღირს, მოვსინჯოთ.

ლი დეივისონი საკუჭნაოდან გამოვიდა. მდორედ მოგვიახლოვდა. როგორც ყოველთვის, ცხოველების სუნი ადევნებოდა. თან ჰყავდა ლურჯი მაიმუნი, რომელიც ალფერაზიდან წამოვიყვანეთ და ახლა დეივისონის მკლავზე დაცოცავდა.

– მიაგენით რამეს?

– პლანეტას, – ვუთხარი, – სამხეცეში რა ხდება, ადგილი გვაქვს?

– ნუ ღელავ – მთელი ზოოპარკის სამყოფი… ეს მოგზაურობა დიდად სარფიანი ვერ გამოდგა.

Continue reading

ერთი საჭირო რამ

რობერთ შექლი

რიჩარდ გრეგორი პლანეტათშორისო დეზინფექციის სამსახურის AAA Ace-ის ოფისში, საკუთარ კაბინეტში იჯდა დამტვერილ მაგიდასთან და, არნოლდის მოლოდინში, დაღლილი თვალებით დაჰყურებდა სიას. ჩამონათვალში სულ 2,305 ნივთი იყო და გრეგორი იხსენებდა, რამე ხომ არ გამორჩა.

ანტირადიაციული მალამო? სიაშია. ვაკუუმის მაშხალები? ესეც. წყლის გამწმენდი ნაკრები? კი, არაფერი დავიწყნია.

კმაყოფილებით გაიზმორა და საათს დახედა. არნოლდი, მისი პარტნიორი სადაცაა უნდა დაბრუნებულიყო. ამ 2,305 ნივთის შესაძენად იყო წასული და იმის გადასამოწმებლად, როგორ დაასაწყობებდნენ კოსმოსურ ხომალდზე უკლებლივ. რამდენიმე საათში, AAA Ace-ის გუნდს ახალი სამუშაოს შესასრულებლად უნდა აეღო გეზი.

ყველაფერი უნდა გაეთვალისწინებინათ. კოსმოსური ხომალდი თვითმომარაგებაზე მყოფ კუნძულსა ჰგავს. თუ, ვთქვათ, ლობიო დაგიმთავრდა, დემენცია II–ზე ვერ ნახავ მაღაზიას, საიდანაც მარაგს შეივსებ. ლობიოს ვინ ჩივის, მთავარი პროცესორის მიკროსქემა თუ დაიფერფლა, პლანეტათშორისო სანაპირო დაცვა როდი გამოექანება მის შესაცვლელად. სათადარიგო მარაგ-ნაწილებიც ბორტზე უნდა გქონდეს და მათ შესაცვლელად საჭირო ხელსაწყოებიც. და კიდევ – სახელმძღვანელო, თუ როგორ უნდა შეაკეთო. კოსმოსი სივრცეში მეტისმეტად განფენილია და უკიდეგანო იმისთვის, რომ სამაშველო ოპერაციის იმედად იყო.

ჟანგბადის დანადგარიდან სიგარეტებამდე – კოსმოსური ხომალდი კიარა ნამდვილი ჰიპერმარკეტია…

Continue reading

შუათანა

ლი ბრექეთი

ტაქსიმ შემოუხვია და ნელა დაუყვა დაღმართს.

– მოდის! – შეჰყვირეს ბავშვებმა და თეთრი კარიბჭე ფართოდ გააღეს, – დედა! მამა! მოვიდა! ძია ფრედი მოვიდა!

მეთ უინსლოუ ვერანდაზე გამოვიდა. გამოყვა ლიუსილიც. ღაწვები შეჰფაკვლოდა. საოთხივლისოდ[*] სამზარეულოს ალაგებდა. ტაქსი გაჩერდა. ჯოში და ბარბი გამოქანდნენ. აღტყინებულნი ხტოდნენ, როგორც ვეფხვის ბოკვრები, ყვიროდნენ და მათ შეძახილზე მეზობლის ბავშვებიც გამოეფინნენ. შეჰყურებდნენ სუნთქვაშეკრულნი. შორიახლოდან, ხელი რომ არ შეეშალათ, იმიტომ რომ ეს ოჯახური დღესასწაული იყო. მაგრამ უინსლოუს კარზე ისეთი ამბები ხდებოდა, მათაც სურდათ თვალის მიდევნება.

– შეხედე ამათ, – გულიანად გაეცინა მეთს, – გეგონება ფრედი კიარა, ტარზანი, სანტა კლაუსი და სუპერმენი გვესტუმრა. სამივე ერთად.

Continue reading