ვოლოდიმირ არენევი (ვოლოდიმირ პუზიი)
(მოგზაურის წიგნაკიდან)
დედაქალაქს ვუახლოვდებოდით, როდესაც “ყველა ბუდას გზაჯვარედინთან” რაღაცამ ჭახანი გაადინა, ეტლი, თითქოს, ჩაეფლო და გაჩერდა. ჩიტივით მფრინავი „ტროიკა“[1] დადგა და ყელზე შებმული ეჟვნები დაარისხა. მეეტლე რაღაცას ხლაფორთობდა, თან ვიღაცას თუ რაღაცას ძვირი სიტყვით ამკობდა. ბოლოს კარი გამოაღო და: „ცოტა ხანს შევისვენოთო“.
უკანა თვლის ღერძი გამტყდარიყო. უკვდავების წყალი კი ჰქონდათ საპკურებლად, მაგრამ ნახევარი საათი მაინც დასჭირდებოდა, სანამ გამრთელდებოდა და ერთი მაგდენი კიდევ, სანამ გასხლავდნენ – უკვდავების წყალმა ასე იცის, მოჭრილ მორს თუ მოასხამ, გააცოცხლებს და შეფოთლავს ხოლმე.
კარის გრძნეულმა, რომელიც ჩვენთან ერთად მგზავრობდა, შემოგვთავაზა: თუ ინებებთ, ჩემსას ვცდი, ეგებ, უფრო სწრაფად ვუშველოო. გვთხოვა, მოშორებით დავმდგარიყავით და საქმეს შეუდგა.