მყრალი დუჟინი

შვებულების დრო მოდის. მოგზაურობის დრო. ვინც ტრანზიტით დაფრინავთ და აეროპორტის დიუთი ფრიში მოგზაურობა გიყვართ, იქედან ყველაზე ხელსგამოსაყოლებელი – პარფიუმია. კომპაქტურია, მჩატე, ნებისმიერ სამოგზაურო ჩანთაში იოლად მოუძებნი ადგილს და კარგად ყარს.

დიუთი ფრიში ძველი (მინიმიმ 5 წლისა) და (კარგად) დავიწყებული ან არდავიწყებული პარფიუმი მიყვარს ხოლმე. ახალი კოლექციის ყიდვა ყველგან შეიძლება – ჩვენთანაც (ძვირად :(), მაგრამ ძველი არომატები ყოველთვის არ შემოაქვთ.

რამდენიმე, თავის დროზე ძალიან პოპულარული და დღემდე ძალიან კარგი არომატია, გვერდის ავლა რომ არ ღირს – თუ შეგხვდა, მიდი დაყნოსე, ეგებ, ჩემსავით მოგეწონოს.

აქვე, ჩემს პირველ მყრალ პოსტს მივლინკავ – იქ რა პარფიუმიც ვახსენე, აქ აღარ ჩამოვთვლი. და პოსტს ნიანგის არომატზე.

Bleu de Chanel. 2010

Continue reading

Advertisements

სინტრა – დედამიწის მინიატურული სამოთხე

მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

პოსტის ავტორია თაკო გვაზავა

სინტრა თუ არ გინახავთ, ჩათვალეთ, პორტუგალიაში არ ყოფილხართ.

თუ გგონიათ, ეს დიდი დიუმას სიტყვებია ან სულაც პაულო კოელიოს მორიგი ფეისბუქზე გასაპაპსავებელი ციტატა, ძალიანაც შემცდარხართ, რადგან მხოლოდ ჩემს აზრს მოგახსენებთ, ერთი საშუალო სტატისტიკური თაკოსი, რომელსაც გაუმართლა და დედამიწის ეს მინიატურული სამოთხე იხილა.

სანამ პორტუგალიაში გავფრინდებოდი, ამ ბლოგის სულისჩამდგმელმა, თავმჯდომარემ, ბუღალტერმა, ეიჩარმა, გამნათებელმა და მძღოლმა მითხრა, პორტუგალიიდან ისე არ წამოხვიდე, იქაური ბრუგე-სინტრა არ ნახოო. დავუჯერე და არც ვინანე. Continue reading

მარის წილხვედრი სამყარო

მარი შიმიზუ (Mari Shimizu) იაპონელი მეთოჯინეა ქალაქ ამაკუსადან. ტამას სახელოვნებო სკოლა დაამთავრა სპეციალობით “მოძრავი (გაცოცხლებული) სურათები”. მისი ინტერესის საგანია ტრადიციული იაპონური მხატვრობა და ანიმაცია. თანამშრომლობს იაპონურ კინო და ტელე-სტუდიებთან, როგორც მხატვარ-გამფორმებელი, დეკორატორი და მეთოჯინე.

შიმიზუს თოჯინები ბევრ იაპონურ ტელეშოუში, სერიალსა და ფილმშია. მისი თოჯინებით ხელში ფოტო-სესიებისთვის პოზირებენ მოდელები და პოდიუმზეც დეფილირებენ მოდის კვირეულებზე.  მარი შიმიზუს თოჯინებს ერთდროულად მოხიბლვაც შეუძლიათ და განხიბლვაც. არტისტის ფანტაზიას კი საზღვარი არ აქვს.

Continue reading

კარგი სასტუმრო ჩეხეთში

ამბოხის თეორია

სასტუმრო, რომელსაც უნდა ესტუმრო,
სანამ ცოცხალი ხარ

ეს არის პოსტი ადამიანის უფლებებზე, კერძო საკუთრებაზე, გამოხატვის თავისუფლებაზე, ჩინოვნიკების სურვილზე, ყველაფერი დაარეგულირონ და მოსამართლეებზე, რომლებიც ჩაპეკს კითხულობენ და არა “კოლხეთის ცისკარს”.

Hotel Brioni in Ostrava

და – ერთ კარგ სასტუმროზე ჩეხეთში.
ბევრ ლამაზ ქალაქს ამბობენ იქ. მე მხოლოდ პრაღაში ვარ ნამყოფი, მაგრამ თუ ქალაქ ოსტრავაში მოგიწია, კარგ სასტუმროს მიგასწავლი Brioni Boutique Hotel. ის ჩეხეთში (და, ალბათ – ევროპაში) პირველი Вата-Free სასტუმროა (“ვატა” – კირილიცით. სიტყვიდან “ვატნიკი”).

2014 წლის გაზაფხულზე სასტუმროს ოფიციალურ გვერდზე და თვითერის არხზე გამოჩნდა განცხადება: “24 მარტიდან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს აღარ ვიღებთ. მიზეზი – ყირიმის ანექსია”.

Continue reading

How-To: ტრანსფერი ზაფხულის გარდერობში

საქართველოში ამინდიც ქართველებსა გვგავს (აბა, ვის უნდა გავდეს) – უკიდურესობები გაუგონია მხოლოდ. ზამთრიდან პირდაპირ ზაფხულში გადავყავართ და ზაფხულიდან ისევ – ზამთარში. წელიწადის ეს ორი დრო გვაქვს და გაზაფხული/შემოდგომა გაკრეფილია შუასავით.

ზურიკელა ვარშალომიძის და სოდის მიღების არ იყოს, ზამთრის გარდერობის ზაფხულისათი ჩანაცვლების რამდენიმე ხერხი არსებობს. ზოგს ისეთი მოცულობის საგარდერობე აქვს, რომ ერთ კარს მიკეტავს (ზამთრისას) და მეორეს (ზაფხულისას) გამოაღებს. სხვა ტანსაცმლის შესანახ სათავსოს იყენებს. მე – თავზიპერა პაკეტში ვათავსებ ჯერ და შემდეგ – ტანსაცმლის შესანახ საგანგებო ყუთში. გამორჩეულად მაინც შალის ტანსაცმელს. მტვრისა და ჩრჩილებისგან დასაცავად.

Continue reading

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის უცნობი და ნაცნობი ისტორია

Paris-2018-07 Notre-Dame (5)ტაძარს, რომელიც კინაღამ განადგურდა, ადრეც არაერთი ცუდი ამბავი გადახდენია თავს.

ბევრი რამ არ ვიცოდი.

მე-17 საუკუნეში, რევოლუციის დროს ქვები დაუშინეს და ვიტრაჟების დიდი წილი ჩაამსხვრიეს. ვარდი გადარჩა. ვერ მიწვდნენ, ალბათ. ან ძალიან ლამაზი რომ იყო, ვერ გაიმეტეს. აკი, ცეცხლმაც ვერ გაიმეტა.

იაკობინელებმა დანგრევა დაუპირეს. გადაიფიქრეს და ცოდნის სასახლედ გადააკეთეს. ზარები გადაადნეს, ერთადერთი, დიდი ზარი გადაურჩათ. მეფეებისა და წმინდანების ქანდაკებებს კი, ტაძრის კედლებს რომ ამშვენებს, ჩამოუარეს და თავები დააჭრეს. მხოლოდ წმინდა დენის ვერაფერი უქნეს, იმად, რომ თავი მოჭრილი ჰქონდა მათ გარეშეც. 🙂

Continue reading

მისი ლოგიკა, ბალანსი და სისადავე

ნურაფერს მოიფიქრებ ისეთს, რის დამზადებასაც ვერ შეძლებ.
ჟან პრუვე

Jean Prouvé8 აპრილი ჟან პრუვეს დაბადების დღეა. ვიტყვით ხოლმე, ვინმემ დროს გაუსწრო და ჩვენი ცხოვრება შეცვალა-ო. ჟან პრუვე იყო ასეთი. ახლა თუ სკამიდან ადგები და ირგვლივ მიმოიხედავ, დიდი შანსია, მისი იდეებით შთაგონებული ერთი ან რამდენიმე ნივთი ნახო შენ გარშემო. შეიძლება იყოს სანათი. ან თარო. ან სკამი. ან მაგიდა. იმიტომ რომ ჟან პრუვეს იდეები ყველგანაა. ყველგან, სადაც ავეჯია და ინტერიერია.

ჟან პრუვე (Jean Prouvé) ფრანგი არქიტექტორი, ინჟინერი, კონსტრუქტორი და დიზაინერია. მარტივი, პრაქტიკული, მინიმალისტური – მისი შემოქმედების საფუძველია. ყველაფერს, რასაც ქმნიდა, თავადვე აწარმოებდა საკუთარ სახელოსნოში და თავადვე ცდიდა – რამდენად მოსახერხებელი იყო მოსახმარად და გამოსაყენებლად იოლი.

Continue reading