საზღვაო ისტორია

ფრედრიქ ბრაუნი

იმ შუაღამეს, ოკეანის პირას, სადღაც კეიპ კოდსა და მაიამის შორის რობერთ ფალმერი შეხვდა ქალთევზას. რობერთი მეგობრებს სტუმრობდა და ჯერ ისევ ფხიზლად იყო, როდესაც სხვები უკვე დასაძინებლად წავიდნენ. გავიდა სასეირნოდ და სანაპიროზე დაფენილ მთვარის შუქს აედევნა. მორკალულ ყურეს რომ მიადგა, იქ დაინახა: ქვიშაში დაგდებულ მორზე იჯდა. გრძელ, გიშრისფერ, ლამაზ თმას ივარცხნიდა.

ქალთევზები რომ არ არსებობენ კი იცოდა, მაგრამ თუ გინდა ნუ დაუჯერებ თვალებს – ნამდვილად ის იყო. რობერთი მიუახლოვდა, ორიოდ ნაბიჯში გაჩერდა და ფრთხილად ჩაახველა.

ქალთევზა შეირხა, დალალები უკან გადაიგდო, სახე და მკერდი გამოუჩნდა. კიდევ უფრო ლამაზი ეჩვენა. ყველაზე ლამაზი, თუ რამ არსებობს დუნიაზე.

მიაჩერდა კაცს. უძირო ზღვისფერ თვალებში კრთომა ჩასდგომოდა.

– ადამიანი ხარ? – ჰკითხა.

რობერთმა დაუდასტურა – ძალიან დამაჯერებელი იყო. ქალთევზას შიში გაუფანტა. გაუღიმა.

– მსმენია კაცების შესახებ, თუმცა არასდროს შემხვედრია, – უთხრა და ანიშნა მორზე – აქ ჩამოჯექიო.

რობერთს ბევრი არ უფიქრია, მიუჯდა გვერდით და ლაპარაკით ვერ იჯერეს გული. ცოტა ხანში წელზე მოიხვია ხელი, დამშვიდობებისას კი აკოცა. ქალთევზამ უთხრა, რომ ახლა მისი წასვლის დროა, მაგრამ სიტყვა მისცა, ხვალ შუაღამისას ისევ აქ დაელოდებოდა.

რობერთ ფალმერი დაბრუნდა მეგობრების სახლში. ბედნიერებისგან გასხივოსნებული იყო. და სიყვარულის ალი მოსდებოდა.

ასე ხვდებოდნენ ერთმანეთს სამი ღამის განმავლობაში, სანამ გამოუტყდებოდა, რომ უყვარდა. მასზე დაქორწინება სურდა. თუმცა ერთი დაბრკოლება იყო და არ იცოდა, რას მოუხერხებდა.

– მეც მიყვარხარ, რობერთ, – უთხრა ქალთევზამ, – და ეგ დაბრკოლება, რაზეც შენ ამბობ, შეგვიძლია, გადავლახოთ… დიდ ტრიტონს უნდა ვთხოვოთ.

– ტრიტონი? – ეს სიტყვა კი გაეგონა სადღაც, მაგრამ…

– ზღვის დემონია, – შეახსენა, – გრძნეული ძალის პატრონია და იმის ღონეც აქვს, შეცვალოს ყველაფერი, ისე, რომ დაგვაქორწინოს. ცურვა ხომ იცი? უნდა გავცუროთ, თუ მისი ნახვა გვსურს – ტრიტონები თავად არასდროს ამოდიან ნაპირზე.

კაცმა უთხრა, რომ შესანიშნავად ცურავდა. დაჰპირდა, მომდევნო ღამეს გაჰყვებოდა ტრიტონთან.

მეგობრებთან მიბრუნდა და გულს საგულეში ძლივს იტევდა. არ იცოდა, რას იზამდა ტრიტონი – ქალთევზას გადააქცევდა ადამიანად, თუ მას აქცევდა ზღვის არსებად… რა მნიშვნელობა აქვს, სადაც ასეთი სიყვარულია. მთავარია – ერთ ხორც იქცნენ და ერთად ცხოვრება მოახერხონ.

დადგა შემდეგი ღამე – მათი ქორწილის ღამე. ქალთევზა ელოდა.

– დაჯექი, – უთხრა, – დაველოდოთ, სანამ ტრიტონი ნიჟარის საყვირს ჩაბერავს და თავისთან გვიხმობს.

ასე, ხელიხელგადახვეულნი ისხდნენ, სანამ საყვირის ხმა არ შემოესმათ და ცად აჭრილი ქაფმომდგარი წყლის ჭავლი არ დაინახეს. რობერთმა სწრაფად გაიხადა ტანზე, ქალთევზა აიტაცა ხელში და ტალღებში შეაბიჯა. მიცურეს ტრიტონამდე. რობერთი სწრაფად უსვამდა ხელ-ფეხს და ადგილზე ფართხალებდა, როდესაც ტრიტონმა ჰკითხა:

– გსურთ თუ არა დაქორწინება?

ორივემ შეაგება მგზნებარე „მსურს!“

– მაშინ მე გაცხადებთ ცოლ-ქმრად – უთხრა ტრიტონმა.

და რობერთმა იგრძნო, რომ აღარ იძირებოდა. ძლიერი კუდის მცირე მოძრაობაც კი საკმარისი იყო, წყლის ზედაპირზე გასაჩერებლად.

ტრიტონმა ერთხელაც ჩაბერა ნიჟარას და საყვირის ბღავილმა, კინაღამ, ყურის აპკები დაუხეთქა. შემდეგ მიტრიალდა და გაცურა შორს.

რობერთი მიცურდა მეუღლესთან, მკლავებში მოიქცია, აკოცა. მაგრამ ეუცხოა რაღაც. კოცნა ძველებურად ტკბილი იყო, მაგრამ აღარ იყო ძველებურად მღელვარე. წელს ქვემოთ ჟრუანტელს არ დაუვლია, როგორც იქ, ნაპირზე ყოფნისას. ანაზდად გააცნობიერა, რომ აღარც წელი ჰქონდა.

კი მაგრამ – როგორ? – ჰკითხა, – ძვირფასო, როგორ უნდა…

– გავმრავლდეთ? – შეაგება სიტყვა, – ეს ხომ ძალიან იოლია, საყვარელო. იმას არ ჰგავს, რასაც მიწის არსებები აკეთებენ. ქალთევზები ძუძუმწოვრები ვართ, მაგრამ ქვირითს ვყრით. დრო რომ მოვა, კვერცხებს დავდებ და როდესაც გამოიჩეკება, ძუძუთი გამოვკვებავ ჩვენს შვილს, შენ კი გევალება…

– რა? – ჰკითხა რობერთმა. თავზარდაცემული იყო.

– ის – რაც სხვა თევზებს. უნდა მიცურდე ქვირითთან და გაანაყოფიერო. სულ არ არის რთული…

რობერთმა ამოიგმინა და თავის დახრჩობა განიზრახა. მიატოვა ცოლი და დაეშვა ფსკერზე.

მაგრამ როგორ გინდა დაიხრჩო, როდესაც ლაყუჩები გაქვს.

©Fredric Brown – Fish Story. Nightmares and Geezenstacks, 1961
©LV (ქართული თარგმანი, 2023)

Creative Commons License©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

მთარგმნელის კომენტარი:
ნოველას Fish Story – “თევზების ისტორია” ჰქვია, მაგრამ ცოტაარიყოს სფოილერულ სათაურად მეჩვენა.

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: