ერთი საკონცერტო საღამო

აიზექ აზიმოვი

ეგეთი ამბავია: მყავს მეგობარი, რომელიც სიტყვას გადაკრავს ხოლმე, თითქოს რომელიღაც შორი გეენიდან ეშმაკის გამოძახება შეუძლია. თუ ეშმაკის არა, ერთი ეშმის მაინც – პატარა ზომის, მოკრძალებული გაქანების. როგორც კი ჩემი მეგობარი მეოთხე ჭიქა სოდიან სკოჩს გადაყლურწავს, წამსვე სულების გამოძახებას ჩემულობს. სწორედ მანდ გადის რთულად მოსახელთებელი ზღვარი – სამ ჭიქას დალევს და სულებზე ჯერ არაფერი იცის, მეხუთეც თუ მოასწრო – კინწი სწყდება და ტკბილად იძინებს.

ამიტომ იყო იმ საღამოს, როგორც კი საჭირო მიჯნას მიაღწია, ვიხელთე დრო და ვკითხე:

– იმ შენს სულზე რომ ამბობდი, გახსოვს?

– რა? – თავი ასწია ჯორჯმა და ისე გახედა ჭიქას, თითქოს იქ დაეძებდა პასუხს.

– პატარა სულზე, თითისხელაზე, მაგრამ არაბუნებრივი ძალა რომ აქვს… ერთხელ მითხარი, რომ სადღაც მიღმიერი სამყაროდან გამოიხმე, სადაც ეგეთი ეშმაკეულები სახლობენ.

– ჰო, – გაახსენდა ჯორჯს, – აზაზელი… თუმცა, სინამდვილეში, მგონი, რაღაც სხვა, ძნელად გამოსათქმელი სახელი ჰქვია, და მე აზაზელი შევარქვი… რატომ მეკითხები?

– ხშირად იძახებ ხოლმე?

– არა. საშიშია. ძალიან საშიში. დიდია ცდუნება, იდუმალ ძალებთან თამაშმა გაგიტაცოს. ამიტომ, ვფრთხილობ, გამორჩეულად ვფრთხილობ. ხომ იცი, მაღალი ზნეობისა და შეგნების კაცი ვარ. ერთხელ მეგობრის დახმარება ვცადე და იმ ამბავმა ზიანი მოიტანა. დამანგრეველი ზიანი! დღემდე ვერ ვივიწყებ!

– ეგეთი რა მოხდა? – ვკითხე.

– კარგი, გაგანდობ, – მითხრა და შუბლი შეეჭმუხნა, – თორემ გულზე ლოდად მაწევს და მიჭირს ამ ტვირთის მარტოს ტარება.

მაშინ ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, იმ ასაკის, როდესაც მამაკაცის ცხოვრების უდიდესი ნაწილი ქალებს უჭირავთ. ახლა უაზრობად მეჩვენება ამაზე დარდი, მაგრამ იმ დროს ძალიან მაფიქრებდა, რომელი ქალი იქნებოდა ჩემს გვერდით… ახლა მეტყვი, ხელს გუდაში ჩაყოფ და რაც ამოვა, შენი ბედიც ეგააო – ბევრი არც არაფერი იცვლება მაგით, მაგრამ მაშინ…

ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ მეგობარი მყავდა, გვარად – მორთენსონი. ენდრიუ მორთენსონი. არა მგონია, იცნობდე. კარგა ხანია, მეც დამეკარგა. ერთ ქალზე ეკეტებოდა ჭკუა. სხვა ვერავისზე ფიქრობდა. ჭეშმარიტად ანგელოზიაო, – ამბობდა ხოლმე. მის გარეშე სიცოცხლე ბდღვნად არ ღირსო. მის გარეშე სამყაროს უმარილო ხორცის გემო აქვსო. და ათას სხვას ამბობდა – ხომ იცი, როგორ ლაპარაკობენ შეყვარებულები… იმ ქალმა კი მიატოვა. მისი ღირსების გრძნობა გათელა ფეხით. ჩამოიცილა გულქვად და საბოლოოდ. შეაქცია ზურგი, ცხვირში წკიპურტი უთავაზა და სიყვარულს გადაასხა ცივი წყალი. მისი ცრემლების დანახვაზე გადაიკისკისა და წავიდა სხვასთან საკურკუროდ… იმას არ გეუბნები, თითქოს ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა, უბრალოდ ჩემი მეგობრის საწუხარის გადმოცემას ვცდილობ, რა შთაბეჭდილებაც დამრჩა.

იჯდა აქ და გულის დარდების სასმელში ჩახრჩობას ცდილობდა. სანამ მას ვუცქერდი, ლამის, მეც დამეთუთქა გული.

– ვწუხვარ, მორთენსონ, მაგრამ არ ღირს ამად, – ვუთხარი, – საღი თვალით თუ შეხედავ, ის მხოლოდ ქალია. ქუჩაში გახვალ – მისნაირი სხვაც ბევრი შეგხვდება.

– დღეიდან სხვა ქალი ჩემთვის არ არსებობს, – მითხრა მწარედ, – ცხადია, ჩემი ცოლის გარდა, ვისაც, მინდა არ მინდა, თავს ვერ დავანებებ… მაგრამ სამაგიეროს კი გადავუხდი.

– ცოლზე ამბობ? – ვკითხე.

– არა, არა, ცოლს რას ვერჩი, იმ ქალზე ვამბობ, ვინც არ დამინდო და მიმატოვა.

– რას აპირებ? – ვკითხე ისევ.

– ჯანდაბა, თუ ვიცოდე, – მითხრა.

– ხომ არ დაგეხმარო? – შევთავაზე, რადგან მისი შემხედველი ძალიან ვწუხდი, – სულის გამოძახება შემიძლია. ცხადია, პატარა სულია, – ცერა თითით ვაჩვენე, – და შესაბამისი ზომა-წონის, მაგრამ მაინც გამორჩეული ძალის პატრონია.

მოვუყევი აზაზელის შესახებ და, რა თქმა უნდა, დამიჯერა. ისეთი მოყოლა ვიცი, სიზმარიც დამეჯერება. აი, შენ რომ ამბავს ამბობ, არ ვიცი, თუ შეგიმჩნევია – ეჭვით გიცქერენ და უნდობლობის ფარდა ეშვება ხოლმე. მე სულ სხვა ვარ. ალალ-მართალი და პირდაპირი კაცის სახელი დამაქვს.

ამიტომ, მორთენსონს სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა, რაღაც მოაფიქრდა და მკითხა, ეშმა თუ შეძლებდა ერთი ოინის მოწყობას.

– ზომიერების ფარგლებში, მეგობარო, – ვუთხარი, – იმედია, არ გსურს, ქალს ოფლის მყრალი სუნი აუვიდეს ან ლაპარაკის დროს გომბეშო ამოუხტეს პირიდან.

– არაფერი მსგავსი, – შესძახა და აღშფოთდა კიდეც, ასეთი რამ რომ გავიფიქრე, – ასე მიცნობ? ორი ბედნიერი წელი მაჩუქა და ახლა მსურს, ღირსეული საფასური გადავუხადო… როგორა თქვი? შენს სულს მხოლოდ შეზღუდული ძალა აქვს?

– ცეროდენა სულია, – ვუთხარი და ისევ ვაჩვენე თითით.

– ეგებ, შეძლოს, იმ ქალს სრულყოფილი საოპერო ხმა მისცეს? შეზღუდული დროით მაინც. თუნდაც, მხოლოდ ერთი წარმოდგენისთვის.

– ვკითხავ, – შევპირდი.

მორთენსონს მართლაც რაინდული სული აღმოაჩნდა. ის ქალბატონი ადგილობრივ საეკლესიო გუნდში მღეროდა კანტატას (თუ არ ვცდები, ასე ჰქვია) და მსმენელიც კეთილად ხვდებოდა ხოლმე. ხშირად დავსწრებივარ მსგავს წარმოდგენას (ცხადია, გაფაციცებული ვიყავი, რომ შესაწირის ყუთს არ შევჩეხებოდი ანაზდად). გალობას არა უშავდა რა, თუმცა, მისი ზნეობრივი მხარე ერთგვარად არ შეესაბამებოდა საყდრის გარემოს. მაგრამ მორთენსონი მიმტკიცებდა – სოპრანოებისთვის საეკლესიო ქცევის წესებში გამონაკლისია გათვალისწინებულიო.

ასე იყო თუ ისე, აზაზელს მივმართე და მანაც დახმარების მზადყოფნა გამოთქვა. სანაცვლოდ ჩემი სული არ მოუთხოვია – მსგავსი სისულელეები არ სჭირდება. ერთხელ ვკითხე კიდეც და, როგორც აღმოჩნდა, არც იცოდა, ეგ ამბები როგორ ხდება. ვერ ავუხსენი, რაკი არც მე ვიცოდი კარგად. იქითურ სამყაროში ჩემი აზაზელი მომცრო ძალის სულია სხვა ძლიერ სულთა შორის და სამყაროთა შორის მოგზაურობაში რომ გამეცადინდა, ეგეც დიდი მიღწევაა მისთვის. ამიტომ ყოველთვის მზადაა, დამეხმაროს. ეს საქმე უყვარს…

შემოთვალა, რომ მისი ჯადო სამ საათს გასწვდება და მორთენსონმა – მშვენიერიაო. შევარჩიეთ საღამო, როდესაც ბახი უნდა ემღერა, თუ – ჰენდელი იყო, თუ – რომელიღაც სხვა ძველი კომპოზიტორი. კლავიშიანი სასულე ინსტრუმენტების თანხლებით და ხანგრძლივი, შთამბეჭდავი სოლო პარტიით.

მორთენსონი ეკლესიაში წავიდა და, ცხადია, გავყევი მეც. პასუხისმგებლობას ვგრძნობდი იმაზე, რაც მოხდებოდა. ვიფიქრე, ადგილზე დავაკვირდები, ყველაფერი მისი რიგით რომ წავიდეს-მეთქი.

– რეპეტიციებს დავესწარი, – მითხრა მორთენსონმა პირქუშად, – მღეროდა ისევ ისე, როგორც ყოველთვის, გეგონება, ყვავს აჩხავლებენო.

ადრე, მახსოვს, სხვა სიტყვებით ამკობდა ხოლმე მის ხმას. სამოთხის ჩიტის გალობააო, – უთქვამს მრავალგზის. ანგელოზის სიმღერაო. თუმცა, მას შემდეგ, რაც მიგატოვებენ, რაღაცებს, რა თქმა უნდა, გადააფასებ კიდეც.

მაინც მივეცი შენიშვნა:

– არ შეიძლება ასე ლაპარაკი ქალზე, რომელსაც გამორჩეულ ძღვენს უმზადებ.

– რაც არის, იმას ვამბობ, – ჩაიბურტყუნა, – მსურს, უნაკლო ხმა ჰქონდეს – ღვთაებრივი. მაგრამ სიყვარულის ბინდი გადამეყარა და ვხედავ, ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს სავალი…. ფიქრობ, შენს სულს აქვს ძალა ამ ამოცანას გაუმკლავდეს?

გულში ეჭვმა გამკრა, მაგრამ არ შევიმჩნიე.

– ფერისცვალება საღამოს 8 საათსა და 15 წუთზე უნდა მოხდეს. იქნებ, ის გირჩევნია, რეპეტიციაზე დაატკბოს მსმენელები და კონცერტი ჩააფლავოს? – ვკითხე მრისხანედ.

– არა, არა… ეგ არა მსურს – შენ ვერ გამიგე.

კონცერტი ნაადრევად დაიწყეს და როდესაც თეთრ კაბაში გამოწყობილი სცენაზე წარსდგა, ჩემი ძველი ჯიბის საათი, ორ წამზე მეტს რომ არასდროს იტყუება, ჯერ 8 საათსა და 14 წუთს აჩვენებდა.

ის არა ჰგავდა რომელსამე ნეკა თითივით გალეულ სოპრანოს, მრავალი რომ გვინახავს. მისი სრული ტანი და აღნაგობა ყველა ოქტავას დაიტევდა და ისეთი მაღალი ნოტის აღებაც არ უნდა გასჭირვებოდა, ორკესტრს მეცხრე ტალღასავით რომ გადაუვლის. მრავალი ლიტრი ჰაერი ერთბაშად ჩაისუნთქა მდიდრულ მკერდში და, რამდენიმე ფენად გადაკრული აბრეშუმის ქსოვილის მიღმა, თვალნათლივ დავინახე, თუ რამ მოხიბლა მორთენსონი.

სიმღერა დაიწყო ძველებურად, მაგრამ ზუსტად 8 საათსა და 15 წუთზე თითქოს, ახალი ხმა დაებადაო. შევნიშნე, როგორ შეფრთხიალდა, მგონი, თავადაც ეუცნაურა, რაც მოისმინა. ხელი, რომელიც მკერდზე ედო, უთრთოდა. ბგერა მოსწყდა ბაგეთ და ჰაერში გაიშალა, გეგონებოდა, ორგანის ყველა მილმა ერთდროულად დასჭექა. ყოველი ნოტი, რომელიც იშვა ჩვენს თვალწინ, იყო თავად სრულყოფილება და ყველა სხვა ბგერა, რაც ოდესმე მოგვესმინა, გვეჩვენა მხოლოდ საბრალო ასლად. თითოეული შემდეგი წამი იყო წინაზე აღმატებული. ორგანისტიც გაოცებული უგდებდა ყურს და ნოტებს აღარ უყურებდა. მგონი (თავს ვერ დავდებ, მაგრამ ასე მომეჩვენა) დაკვრაც შეწყვიტა. თუმცა, ორგანის ხმა მაინც არ გვესმოდა. არც არაფერი გვესმოდა სიმღერის გარდა. არაფერი მისი სიმღერის გარდა.

ქალის სახიდან გაკვირვება გადაიყარა და ამაღლებული გამომეტყველება დაეფინა ზედ. ძირს დაუშვა ხელი, რომელშიც სანოტო ფურცლები ეჭირა – აღარაფრად სჭირდებოდა. მისი ხმა იყო ერთდროულად მუსიკაც და სიმღერაც. არვინ იყო: არც აკომპანემენტი არც – მაესტრო. დირიჟორს ჯოხი შეახმა და მუსიკოსები დამუნჯებულნი უსმენდნენ.

არია რომ გასრულდა, გაისმა ქორო, როგორც – ჩურჩული. თითქოს, ყველას შერცხვა თავიანთი უბადრუკი ხმების გამო და არ იცოდნენ, სად დამალულიყვნენ, მათი სიმღერაც რომ ისმოდა იმ საღამოს, იმავე სცენაზე.

საღამო ეკუთვნოდა მას. როდესაც ის მღეროდა, სხვა არვინ გვესმოდა. როდესაც არ მღეროდა – უკუნში ვისხედით და გვწყუროდა ნათელი.

კონცერტი დასრულდა და, კი ბატონო, ეკლესიაში ტაშს არ უკრავენ, მაგრამ იმ დღეს დაუკრეს ტაში. ყველანი, როგორც ერთი წამოვხტით ფეხზე, ერთ სიმზე ჩაბმული თოჯინებივით – ვუკრავდით და ვუკრავდით და ვუკრავდით ტაშს. და არ ვაპირებდით გაჩერებას, სანამ ისევ არ იმღერებდა.

მან იმღერა. ღვთაებრივი ხმა ორგანის ბეჩავი შიშინის ფონზე. შუქი ნიმბივით დანათოდა და ქორო ჩაძირულიყო წყვდიადში.

ფრთაშესხმული სიმღერა! ვერვინ წარმოიდგენს და სიტყვებით ვერ აღვწერ, როგორ ძალდაუტანებლად იღვრებოდა მისი ხმა. ათასი ყური გამოვიბი, ოღონდ კი არ დამკარგოდა ერთი მისი ბგერაც კი. ვაკვირდებოდი, რამდენ ხანს შეეძლო თითო ნოტის აღება მხოლოდ ერთი წყვილი ფილტვის მქონეს.

მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და ის საღამოც დასრულდა ბოლოს. გაილია ტაშიც. მაშინღა შევნიშნე მორთენსონი – თვალებგაბრწყინებული ჩემს გვერდით იჯდა, მისი სიმღერით ალმოდებული და მის ხმაში გაბნეული. რომ დავინახე, მხოლოდ იმ წამს გავიცნობიერე, რა მოხდა.

მე ევკლიდეს ხაზივით სწორი ვარ და ეშმაკობისგან დაცლილი, ამიტომ ვერ განვჭვრიტე, რა ნაყოფს გამოიღებდა მორთენსონის სურვილი, მაგრამ შენ, ჩემო მეგობარო, ვინც ისე გაივლის წვიმის წვეთებს შორის, რომ ქოლგაც არ სჭირდება, უთუოდ მიხვდი უკვე, რა შარში გავეხვიეთ.

მე ევკლიდეს ხაზივით წრფელი ვარ და ეშმაკობისგან დაცლილი, ამიტომ ვერ განვჭვრიტე, რა ნაყოფს გამოიღებდა მორთენსონის სურვილი, მაგრამ შენ, ჩემო მეგობარო, ვინც ისე გაივლის წვიმის წვეთებს შორის, რომ ქოლგაც არ სჭირდება, უთუოდ მიხვდი უკვე, რა შარში გავეხვიეთ.

მან უზადოდ იმღერა, მაგრამ მას შემდეგ აღარასოდეს იმღერებდა უზადოდ. დაბადებიდან ბრმა იყო, თითქოს და მხოლოდ სამი საათით აეხილა თვალი. დაინახა ყველა ფერი, ყველა შუქი, ყველა ათინათი, ცის ფირუზი და ხმელეთის ზურმუხტი – ყველა საოცრება, რომლებიც გვაქვს და არც ვიმჩნევთ, რაკი მიჩვეულნი ვართ. წარმოიდგინე, რომ მოგეცა ეს ყველაფერი მხოლოდ სამი საათით და შემდეგ დაბრმავდი ისევ. უსინათლო არად დაგიდევს თვალის ჩინს, სანამ არ იცის, ეს რა არის, მაგრამ როდესაც მიეცა ცოდნა და შემდეგ წაერთვა ისევ?

იმ ქალს, ცხადია, აღარასდროს უმღერია. მაგრამ ეს ამ ამბის მხოლოდ ერთი ნაწილია. ნამდვილი ცოდო-ბრალი ჩვენ თავს დატრიალდა – ყველა მსმენელის.

სამი საათის განმავლობაში საოცარი, უბადლო მუსიკით ვტკბებოდით. განა როგორ შეგვიძლია, სხვა რამის მოსმენა?

დავაბორიალებ, როგორც ყრუ. ამას წინ როკ ფესტივალზე ვიყავი, ასეთი პოპულარული რომ არის დღეს. წავედი საკუთარი შეგრძნებების შესამოწმებლად. ერთი ბგერაც კი ვერ გავარჩიე. ყველაფერი ჩამესმოდა, როგორც – კაკოფონია.

მხოლოდ ერთი მაქვს ნუგეშად – მორთენსონი, ვინც, ცხადია, ყველაზე დიდი მონდომებით და გაფაციცებით უსმენდა, ყველა ჩვენგანზე უარეს დღეშია. დღენიადაგ ყურსასმენებით დადის და ჩურჩულზე ხმამაღალი ნებისმიერი ბგერისგან ყურის დაფები უსკდება.

ახია მასზე!

©Issac Asimov – One Night of Song. The Magazine of Fantasy & Science Fiction, April 1982
©LV (ქართული თარგმანი, 2023)

Creative Commons License©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

მთარგმნელის კომენტარი:
აზიმოვი შექლი რომ ყოფილიყო. 🙂 აზაზელის ციკლი აზიმოვის იუმორისტული მოთხრობების ციკლია,
“მე ვარ ნაწილი იმ დიად ძალის, ვისაც ავი სურს და კეთილს ჩადის”, – ამბობს გოეთეს მეფისტოფელი. აზიმოვის აზაზელის ამბავი – საპირისპიროდაა. მაგრამ რა მისი ბრალია – პატარაა, ცეროდენა. ადამიანებს კი სურვილების ზუსტად არც ჩათქმა, არც გამოთქმა შეგვიძლია. 🙂

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: