სამყაროს უკანასკნელი ღამე

რეი ბრედბერი

– თუ გეტყვი, რომ ამ ღამეს სამყარო დასრულდება, რას გააკეთებ? – ჰკითხა კაცმა.

– რას გავაკეთებ? მართლა მეკითხები, თუ ხუმრობ?

– არ ვხუმრობ.

– არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია – ქალმა ვერცხლის ყავადანი სახელურით მამაკაცისკენ მიატრიალა და ორი ფინჯანი დადგა ლამბაქებზე.

კაცმა ყავა მოსვა. ოთახის სიღრმეში, ლამფების მწვანე შუქზე ორი პატარა გოგონა ხალიჩაზე თამაშობდა კუბურებით. მწუხრის ჰაერში მოხარშული ყავის სადა, ხალასი სუნი ტრიალებდა.

– დროა, დაფიქრდე, – უთხრა.

– მართლა ამბობ? – ჰკითხა ისევ.

თავი დაუქნია.

– ომი?
უარის ნიშნად გააქნია თავი.
– წყალბადის ან ატომური ბომბი?
– არა.
– ბაქტერიოლოგიური იარაღი?
– მსგავსი არაფერი, – უთხრა და ფრთხილად მოურია კოვზით ფინჯანში, ყავის ბნელ მორევს ჩახედა, – წარმოიდგინე, რომ ეს წიგნი გასრულდა.
– ვერ გავიგე, რას გულისხმობ.
– არც მე მესმის… მხოლოდ რაღაც დანისლული შეგრძნებაა: ხან – მზარავს, ხან სულ არ მეშინია და მშვიდად ვარ.
ბავშვებს გახედა. მათ ოქროსფერ თმებში ნათურის შუქი იღვრებოდა. ხმას დაუწია:
– მაშინ არაფერი მითქვამს, მაგრამ მიახლოებით ოთხი ღამის უკან მოხდა პირველად.
– რა?
– მესიზმრა, რომ სამყარო დამთავრდა. და ხმამ მითხრა, რომ ეს ყველა სიმართლე იყო. უცხო ხმა იყო, ვერვის მივამგვანე, მაგრამ მითხრა, რომ დედამიწაზე ყველაფერი დასრულდებოდა. დილით სიზმარი გადაიყარა, სამსახურში წავედი და იქ უცნაური ამბავი შემემთხვა. სთენ უილისი ფანჯარასთან იდგა, ქუჩას გადაჰყურებდა და ვკითხე:

– რამ ჩაგაფიქრა სთენ? ხომ გაგიგონია, დარდი გულს ჭამსო.

მან კი მითხრა:

– წუხელ მესიზმრა რაღაც…

სანამ მეტყოდა, უკვე ვიცოდი, რაც იყო. იქით შემეძლო მომეყოლა, მაგრამ ის ჰყვებოდა და მე ყურს ვუგდებდი.

– იგივე, რაც შენ გესიზმრა?

– ჰო… და სთენსაც ვუთხარი. არ გაჰკვირვებია. მგონი, გულზეც კი მოეშვა. შემდეგ ყველას ჩამოვუარეთ ოფისში. განა, შევთანხმდით. განა, ვთქვით – მოდი, წავიდეთ, სხვები ვნახოთ. უბრალოდ ავდექით და ჩამოვუარეთ. თავ-თავიანთ ოთახებში იყვნენ, გაოგნებულნი დაჰყურებდნენ: ზოგი – ხელებს, ზოგი – მაგიდებს, ვინ ფანჯრიდან იცქირებოდა. გაყინული, ცარიელი თვალებით. ვიღაცას მე ვკითხე, სხვას – სთენმა.

– ყველას ესიზმრა?

– ყველას. ერთი და იგივე სიზმარი, სიტყვასიტყვით.

– სიზმარს დაუჯერე?

– კი. ასე დარწმუნებული არასდროს ვყოფილვარ.

– და როდის დასრულდება? სამყაროზე გეკითხები.

– ჩვენთვის – ამაღამ. საათი არ ვიცი. შემდეგ – სხვებისთვის, როდესაც ეს ღამე მოივლის მსოფლიოს. ოცდაოთხი საათი ეყოფა ამ ამბავს.

ცოტა ხანს ისხდნენ მდუმარედ, არც ყავას მიჰკარებიან. შემდეგ მოკიდეს ფინჯნებს ხელი, მოყლუპეს, ერთმანეთს მიაჩერდნენ.

– ნუთუ, ეს დავიმსახურეთ? – ჰკითხა ქალმა.

– დამსახურებაზე არაა, უბრალოდ, ასე გამოვიდა, – უთხრა, – მაგრამ ეჭვიც არ შეგპარვია, ასე რომ იქნება?

– ალბათ, მიზეზი მაქვს.

– ის, რაც ყველა დანარჩენს ოფისში?

თავი დაუქნია.

– არ მინდოდა, მეთქვა. წუხანდელი ამბავია. ყველა ქალი მეზობლად ამაზე საუბრობს. ერთმანეთს გაენდვნენ მხოლოდ, – საღამოს გაზეთს დასწვდა და გაუწოდა, – აქ მაგაზე არაფერი წერია.

– ისედაც ყველამ იცის, რა საჭიროა? – გამოართვა გაზეთი, საზურგეს მიეყრდნო და ჯერ გოგონებს გახედა, შემდეგ – ცოლს, – არ გეშინია?

– არა. არც – ბავშვების გამო. ყოველთვის მეგონა, სიკვდილის შემეშინდებოდა, მაგრამ – არა.

– თვითგადარჩენის ინსტინქტი სად დაგვეკარგა? მეცნიერები ამდენს იკვლევდნენ.

– არ ვიცი. როცა გრძნობ, რომ ყველაფერი თავისი რიგით მიედინება, დიდად აღარც შფოთავ. ყველაფერი ლოგიკურია. ჩვენს ცხოვრებას სხვა დასასრული ვერც ექნებოდა.

– ძალიან ცუდები არ ვყოფილვართ, ხომ ასეა?

– ჰო, მაგრამ – არც ძალიან კარგები… ვფიქრობ, ესაა ჩვენი ცოდვა-ბრალიც. ვიყავით ჩვენთვის, როდესაც მრავალი სხვა ამ სამყაროში საშინელ რამეებს სჩადიოდა.

გოგონებმა კუბურებით აგებულ სახლს გაჰკრეს ხელი, ჩამოშალეს და აკისკისდნენ.

– მე კი მეგონა, ადამიანები ასეთ დროს ყვირილით გავარდებოდნენ ქუჩაში – თქვა კაცმა.

– არ მგონია. ვაი-ვიშს რა აზრი აქვს? იმაზე – რაც გარდაუვალია.

– არაფერი მომენატრება შენსა და გოგონების გარდა. არასდროს მიყვარდა ქალაქები, მანქანები, ქარხნები, ჩემი სამუშაო… არაფერი – თქვენ სამის გარდა. ჩემი ოჯახი მომენატრება მხოლოდ. და კიდევ – ამინდი რომ იცვლება და ცივი ჭიქით წყალს რომ მიიტან ტუჩებთან, როდესაც მზე დააჭერს და ჩამოცხება. და ტკბილად რამ ჩათვლემ. რაღაც წვრილ-წვრილი ამბებიც მომენატრება, ალბათ… როგორ ვახერხებთ, მშვიდად ვისხდეთ აქ და ამაზე ვისაუბროთ?

– სხვა რა დაგვრჩენია.

– კი, ეგრეა… რამე რომ შეგვეძლოს, გავაკეთებდით. ალბათ, პირველი ღამეა მსოფლიოს ისტორიაში, როდესაც ყველამ იცის, რას გააკეთებს ბოლო ღამეს.

– ნეტავ, რას აკეთებენ სხვები. ამ საღამოს. მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში.

– მიუზიკლს ესწრებიან, რადიოს უსმენენ, ტელევიზორს უყურებენ, ბანქოს თამაშობენ, ბავშვებს შემოუკეცავენ საბნებს და დაიძინებენ თავადაც… ყველაფერი ისე, როგორც – ყოველთვის.

– ალბათ, საამაყოდ დაგვრჩება – ისე ვიქცევით, როგორც – ყოველთვის.

– ჰო, არც ისე ცუდები ვართ.

ცოტა ხანს ჩუმად ისხდნენ. შემდეგ კაცმა ყავა მოსვა.

– რატომ მაინცდამაინც ამაღამ? – ჰკითხა ქალმა.

– იმიტომ.

– რატომ არა ნებისმიერ სხვა ღამეს, გასული ათი წლის განმავლობაში? წინა საუკუნეში? ხუთი საუკუნის წინ? ათის?

– იქნებ, იმიტომ, რომ არასდროს დამდგარა 30 თებერვალი? მხოლოდ ახლა – 1951 წელს. ეს თარიღი მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ყოფილა. და მთელს მსოფლიოში ყველაფერი ისეა ამ წელს, როგორც – არის. ამიტომ ყველაფერი ამაღამ დასრულდება.

– ამაღამ ოკეანის ორივე სანაპიროდან აფრინდებიან ბომბდამშენები, რომლებიც ვეღარასდროს დაეშვებიან მიწაზე.

– სწორედ – მაგიტომ.

– კარგი, – უთხრა კაცმა, – რა ვქნათ ახლა? ჭურჭელი გავრეცხოთ?

ფრთხილად გარეცხეს ჭურჭელი და მეტისმეტი სიფაქიზით შემოდეს გასაშრობად. ცხრის ნახევარზე გოგონებს საბნები შემოუკეცეს, დაკოცნეს და ძილი ნებისა უსურვეს. კარი ოდნავ ღია დატოვეს. ღამის ლამპის მკრთალი შუქი მოჩანდა ღრიჭოდან.

– იყოს ასე? – ჰკითხა ქმარმა და ზურგს უკან მიიხედა. წამით იდგა გაშეშებული, ჩიბუხით ხელში.

– რა?

– მჭიდროდ დავხუროთ კარი, თუ ცოტა ღია დარჩეს, რომ გავიგოთ, თუ დაგვიძახებენ.

– ბავშვებმა იციან? უთხრა ვინმემ?

– არა, რა თქმა უნდა – არა… მაშინ ხომ გვკითხავდნენ რამეს.

ჩამოსხდნენ. წაიკითხეს გაზეთები, ისაუბრეს, მოუსმინეს მუსიკას. შემდეგ ბუხართან მიჩოჩდნენ ახლოს და შეჰყურებდნენ ღადარს. საათმა ჩამოჰკრა თერთმეტის ნახევარი, თერთმეტი და თორმეტის ნახევარი. ისინი ფიქრობდნენ ყველა სხვა ადამიანზე სამყაროში, ვინც ეს საღამო გაატარა, თითოეულმა – მისებურად.

– ესეც ასე, – თქვა მან.

დიდხანს კოცნიდა ცოლს.

– ერთმანეთისთვის ხომ მაინც კარგები ვიყავით.

– ტირილი გინდა? – ჰკითხა.

– არა მგონია.

ყველა ოთახში შეიხედეს, შუქი ჩააქრეს, შემოსასვლელი კარი ჩაკეტეს, საძინებელში შევიდნენ და ერთხანს ლოგინთან იდგნენ გაუნძრევლად, ღამის თალხ სიგრილეში გაშიშვლებულნი. შემდეგ ლოგინს გადასაფარებელი გადააძრო ქალმა, გაკეცა კოხტად და სავარძელზე გადაკიდა, ისე – როგორც ყოველთვის. შალითა გადაწია.

– ლამაზი ზეწრები გვაქვს, – უთხრა, – ქათქათა.

– დაღლილი ვარ.

– ორივენი დავიღალეთ.

საწოლში ჩაწვნენ პირაღმა.

– მოიცადე, – უთხრა ქალმა.

ადგა და ოთახიდან გავიდა. ცოტა ხანში მამაკაცმა კარის ჭრიალის ხმა გაიგონა. ქალი მალე დაბრუნდა და უთხრა:

– წყალი დამრჩა ღია. ონკანი გადავკეტე.

ეს ამბავი კაცს ძალიან სასაცილოდ მოეჩვენა და გულიანად გადაიხარხარა. ქალიც აჰყვა. გული რომ იჯერეს, ერთმანეთს მოეხვივნენ. ასე იწვნენ ხელიხელჩაკიდებულნი და საწოლი იყო გრილი, როგორც ის ღამე.

– ღამე მშვიდობისა, – უთხრა ცოტა ხნის შემდეგ.

– ღამე მშვიდობისა, – უპასუხა ქალმა და დაამატა ნაზად, – ძვირფასო…

©Ray Bradbury – The Last Night of the World. Esquire, February, 1951
©LV (ქართული თარგმანი, 2023)


Creative Commons License©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: