რობერთ სილვერბერგი
კოსმოსური ხომალდი ერთხელაც შეჯანჯღარდა და ის იყო დომერენჯიზე დაეშვა, რომ ჯასთინ მარნერმა ეჭვი გამოთქვა – ალბათ, ყველანი შეიშალნენ.
– ნამდვილად გავგიჟდით, – სწორედ ასე თქვა, – სრულ ჭკუაზე არ უნდა ვიყოთ.
მეორე დედამიწელმა, რომელიც ილუმინატორიდან პლანეტის ოქროსფერ-მწვანე ზედაპირს ათვალიერებდა, გამოხედა:
– რა თქვი?
– სანაძლეოს ფასი მესმის, მაგრამ, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, სადღაც დაუკრეფავში არ უნდა გადახვიდე, ჩვენი მოგზაურობა ყველა ზღვარს სცდება, – უთხრა მარნერმა და გარე ხედისკენ მიანიშნა, – უკვე აქ ვართ, ქემრიჯ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, მხოლოდ შეშლილი თუ დათანხმდებოდა ამაზე.
ქემრიჯმა მხოლოდ მხრები აიჩეჩა.
– კარგი, ერთი, ჯასთინ – მშვენივრად იცი, როგორ აღმოვჩნდით აქ და ისიც იცი – რატომ… ახლა წუწუნის დრო არაა.
– რა გაეწყობა, სიტყვები უკან მიმაქვს, – უთხრა მარნერმა და ხელებზე დაიხედა. გრძელი, თლილი თითები ჰქონდა, უმაღლესი კლასის ინჟინერ-ტექნიკოსი რომ არ ყოფილიყო, ალბათ, საუკეთესო ქირურგი დადგებოდა, – დაიკიდე. ცოტა დაძაბული ვარ და გონება მაქვს არეული.
ზარის ხმა მოესმათ.
– მობრძანდით, – შემოიპატიჟა ქემრიჯმა.
* * *
კარი გაიღო და დომერენჯიელი შემოვიდა. ჭაობისფერი ხალათი ღია ყვითელი ფერის სარტყლით შეეკრა და ძვირფასი თვლებით გაწყობილი დიადემა შარავანდედივით ედგა თავზე. ხუთი საცეციდან ორი გაშალა მისალმების ნიშნად.
– გამარჯობა, ბატონებო. მოხარული ვარ, რომ მშვიდობიანად იმგზავრეთ.
– რა გეგმები გვაქვს, პლორვაშ? – ჰკითხა მარნერმა.
– თქვენი ხომალდი ქალაქგარეთ კოსმოსურ სადგურში დაეშვა, – უპასუხა უცხოპლანეტელმა, – მოვედი, რომ დაგაბინაოთ. ორი აპარტამენტი მოგიმზადეთ, ყველაზე კარგ სასტუმროში, რაც კი პლანეტაზე გვაქვს. გვსურს, ცხოვრებისა და მუშაობისთვის შესაფერისი გარემო შეგიქმნათ.
– მშვენიერი ამბავია, – მარნერმა მეწყვილეს გახედა, – ძალიან ყურადღებიანი მასპინძლები არიან, არა, დეივ?
მან, თანხმობის ნიშნად, თავი დაუქნია:
– ნამდვილად ეგრეა.
პლორვაშს გაეცინა.
– მომყევით. ვფიქრობ, გსურთ, ჯერ კარგად დაისვენოთ, სანამ სამუშაოს შეუდგებით – ბოლოს და ბოლოს, დედამიწის პრესტიჟი დევს სასწორზე.
– რა თქმა უნდა, – უთხრა მარნერმა.
– შეჯიბრს დავიწყებთ, როგორც კი მზად იქნებით… ნება მიბოძეთ, იღბალი გისურვოთ.
– ჩვენი წარმატება გონებაზე, ცოდნასა და ოფლზე დგას, – ჩაიბურტყუნა ქემრიჯმა, – იღბალი არაფერ შუაშია.
– შესანიშნავია, – უთხრა პლორვაშმა, – სწორედ ამის დასამტკიცებლად ხართ აქ… მაგრამ რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს, დარწმუნებული ვარ, სახალისო თავგადასავალი გელით.
დედამიწელები ცდილობდნენ, სიმშვიდე და თავდაჯერებულობა შეენარჩუნებინათ, როგორც საკუთარ უნარებსა და ძალებში დარწმუნებულ ადამიანებს მართებთ, მაგრამ შეშფოთება სახეზე ეწერათ.
* * *
სტატისტიკოსებს არ დაუთვლიათ, მაგრამ ყველა დიდი დავა სადმე პაბში იწყება. ერთი თვის წინ, 46-ე ქუჩისა და მეექვსე ავენიუს კვეთაზე მდებარე პაბში ჯასთინ მარნერმა სტუმრად მყოფ დომერენჯიელთან დაუფიქრებლად წამოიწყო კამათი, რომელიც დიდ ტალღად იქცა, აზვირთდა და ჯერ ისევ ბობოქრობდა. სწორედ ამიტომ ამოყო ორმა დედამიწელმა დომერენჯი V-ზე თავი.
მარნერი ბურბონს სვამდა, ქემრიჯმა კი ის იყო ტანდაბალი მაგიდის ქვეშ გაჭირვებით შეალაგა გრძელი ფეხები და სკოჩი დაისხა, რომ დომერენჯიელი დაინახეს. კარი შემოაღო და ტლანქად შემოაბიჯა.
დედამიწამ დომერენჯი V-თან ურთიერთობა საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაამყარა, მაგრამ ამ პლანეტის მცხოვრებნი ნიუ იორქს იშვიათად სტუმრობდნენ. მარნერი და ქემრიჯი ახალმოსულს იცნობდნენ, დომერენჯის საკონსულოში მუშაობდა, იქვე, 66-ე ქუჩაზე და ერთი წლის წინ გადაეყარნენ ერთმანეთს, როდესაც საკონსულოს შენობაში განათების სისტემას ამონტაჟებდნენ. დომერენჯიელებს პერიფერიული მხედველობა აქვთ და მქრქალი, დამრეცი შუქი ურჩევნიათ. სწორედ აქ გამოადგათ მარნერისა და ქემრიჯის ცოდნა.
დომერენჯიელმა ძველი ნაცნობები შენიშნა და ზორბა, ზორზოხი სხეული მეზობელ სკამზე ჩამოდო.
– ორი ჭკვიანი ინჟინერი, – შესძახა მჭახედ, – ხომ გახსოვართ?
– დიახ, – უთხრა მარნერმა, – განათება კარგად მუშაობს?
– ისე, როგორც მოსალოდნელი იყო! – დომერენჯიელმა ბარმენისკენ გაიშვირა საცეცი, – ორი ლუდი, გეთაყვა.
– რას გულისხმობთ? – ეჭვით ჰკითხა ქემრიჯმა, როდესაც ლუდი მოუტანეს.
– ერთი წუთი მაცადეთ, გთხოვთ, – უცხოპლანეტელმა საცეცები ნაზად ჩასჭიდა კათხას და ჯერ ერთი, მერე – მეორე ხახაში ჩაიპირქვავა, – საოცარი სითხეა ეს თქვენი ლუდი… ერთადერთი, რაც დედამიწელებმა ჩვენზე უკეთ იცით – ლუდის ხარშვაა.
– განათებაზე გკითხეთ, – შეახსენა ქემრიჯმა.
– ჰო, განათება… ურიგო არ არის, თქვენი მეორადი ტექნოლოგიის პირობაზე, კარგიც ეთქმის.
– ახლა მომისმინე! – შესძახა მარნერმა და – დაიწყო…
* * *
– ნეტავ, ენაზე დამეჭირა კბილი! – გაბრაზებული მარნერი სასტუმროს ოთახის ჭერზე დედამიწელთათვის ჩვეულ ლამფებს შესცქეროდა, რაც დომერენჯიელებმა, ჩანს, საგანგებოდ სტუმრებისთვის დაკიდეს.
ქემრიჯმა გამოხედა:
– ყური მიგდე, ჯასთინ, ჩვენ უკვე აქ ვართ და ახლა ვაპირებთ, ვუჩვენოთ ამათ, ვინ ვინ არის და მდიდრები და სახელიანები დავბრუნდეთ სახლში. ხომ ასეა?
– კარგი, კარგი, – უთხრა მარნერმა და თითით ქვედა ტუჩი მოისრისა, – ვწუხვარ, რომ წუწუნს ვაგრძელებ, მაგრამ კიდევ ვერ ვეგუები, სად ჯანდაბამდე მივიდა შეზარხოშებული ნაძლევი პაბში…
– შენი რა ბრალია? სახელმწიფო დეპარტამენტმა გაიგო იმ კამათის შესახებ და გადაწყვიტა, რომ უნდა ჩაერიონ… დომერენჯიელებს მათი უპირატესი ტექნოლოგიით თავი მოაქვთ, მას შემდეგ, რაც ერთმანეთს გადავეყარეთ. ურიგო არ იქნება, ერთი-ორი კარგი ინჟინერი დედამიწიდან თუკი მათ ადგილს მიუჩენს.
– რომ ვერ მივუჩინოთ?
– ჩვენ?! ეგეთი კერკეტი კაკალი ჯერ არ გაჩენილა, ჩვენ ორმა რომ ვერ გავტეხოთ.
მარნერს ოდნავ ნაღვლიანად გაეღიმა.
– კი, ჩვენ ორს შეგვიძლია, ეჭვიც არ მეპარება, – უთხრა, მაგრამ დამაჯერებლობა ხმაში ცოტა კი დააკლდა.
ქემრიჯი კართან მივიდა, მიაგნო ფირფიტას, რომლის უკან მართვის მოწყობილობა იმალებოდა და სწრაფად მოხსნა.
– აგერ, მშვენიერი მაგალითი, – უთხრა, – უმარტივესი კიბერნეტიკული მექანიზმია… ეს მწვანე კერამიკული რელე ელექტროენერგიის ნაკადს როგორ მართავს, ჯერ ვერ მივხვდი, მაგრამ სახრახნისი და ცოტა დრო გვჭირდება და ყველა ამათ საიდუმლოს ამოვხსნით.
მარნერი მიუახლოვდა და ფეხის წვერებზე წამოიწია, კარგად რომ დაეთვალიერებინა.
– დიდი არაფერი… ჩვენი უფრო ეფექტური ჩანს…
– აბა, მე რა ვთქვი? – გაუხარდა ქემრიჯს, – ეს დომერენჯიელები არც ისეთი გენიოსები არიან, როგორადაც მოაქვთ თავი. ყველაფერი, რაც გადმოგვცეს, გავიმეორეთ და გავაუმჯობესეთ კიდეც. ასე არ არის? ჩვენი საზრიანობით და შრომით ნებისმიერ მათ მექანიზმს ავაწყობთ, ორი დომერენჯიელი ინჟინერი კი, ვინც დედამიწაზე გააგზავნეს, ნახავ, რამდენს გააფუჭებს. გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება, სახელმწიფო დეპარტამენტსაც ჩვენი იმედი აქვს. ცოტა გონება უნდა მოვიკრიბოთ, ჯასთინ, ესაა სულ!
მარნერს, ჩანდა, გული გამოუკეთდა.
– მაპატიე, დეივ, წუთის წინ ასე უიმედოდ რომ ვიყავი… ამათ ნამდვილად ვასწავლით ჭკუას!
ამაღლებულ საფეხურზე შედგა ფეხი და კედელში ჩამონტაჟებულ მექანიზმს წაეტანა.
– რას აპირებ? – ჰკითხა ქემრიჯმა.
– ერთი რაღაც მოვიფიქრე… შენ პლორვაშს უთხარი, რომ მზად ვართ და ხვალიდანვე შევუდგებით… მე კი ამ რელეს ვნახავ ერთი… ეგებ, საქმეშიც გამოგვადგეს.
მარნერი აღტყინებული ჩანდა.
* * *
გამთენიისას პლორვაშმა რომ მიუკაკუნა, უკვე საბრძოლო განწყობაზე იყვნენ. კარგად გამოძინებულნი, მხნედ, ელვარე თვალებით, სრულიად დარწმუნებულნი, რომ ნებისმიერ დავალებას გაართმევდნენ თავს.
– ვინ არის? – გასძახა მარნერმა.
– მე ვარ, პლორვაში.
კარი გაიღო. დედამიწელნი საწოლში იწვნენ. უცხოპლანეტელი გაოცებული მიაშტერდა. შემდეგ კარს უკან შეიხედა. ბოლოს – კარადაში.
– ვინ გამიღო? – ჰკითხა დაეჭვებით.
მარნერი საწოლში წამოჯდა და გაიცინა.
– ერთხელაც სცადეთ. გაბრძანდით გარეთ და დაიძახეთ: „პლორვაში“, როგორც ახლა.
უცხოპლანეტელი ოთახიდან გავიდა, კარი გაიხურა და თავისი სახელი წარმოთქვა. კარი მაშინვე გაიღო. ჯიქურ გადმოაბიჯა ზღურბლს და შესძახა:
– რა უქენით?
თან გაბრაზებული შესცქეროდა ხან – მარნერს, ხან – ქემრიჯს.
– წუხელ მართვის სისტემა შევისწავლეთ და სანამ ხელახლა ავაწყობდით, გადავწყვიტეთ, ხმით მართვის ოფცია დაგვემატებინა… ისე – მეტი ხალისისთვის. კოდურ სიტყვაზე რეაგირებს – ესაა „პლორვაში“ და უშეცდომოდ მუშაობს.
– ჰო… გასაგებია… მაგრამ შეჯიბრის პირობების გასაცნობად მოვედი. ცენტრალურ სკორვიკში – გარეუბანია სასტუმროდან ახლოს, სრულად აღჭურვილი ლაბორატორია მოგიმზადეთ. თავიდან ორ იოლ დავალებას მოგცემთ და როდესაც თავს გაართმევთ, ცხადია, თუ გაართმევთ, მესამეს გეტყვით – ძირითადს.
– რა იქნება, თავი თუ ვერ გავართვით?
– ესე იგი, გამოცდა ჩააგდეთ და მესამე დავალება არ იქნება.
– სამართლიანია, – დაეთანხმა მარნერი, – მაგრამ გამარჯვება როდის დგება? თუ იქამდე გააგრძელებთ დავალებების მოცემას, სანამ არ ჩავფლავდებით?
– ეგ თქვენი შესაძლებლობების სრულყოფილი გამოცდა იქნებოდა, არა? – ჰკითხა პლორვაშმა, – მაგრამ დამშვიდდით, მსგავსს არაფერს ვგეგმავთ. ჩვენსა და თქვენს მთავრობას შორის შეთანხმებული პირობების მიხედვით, საცდელ ჯგუფებს არაუმეტეს სამი პროექტის განხორციელება ევალება. სამივე პროექტის წარმატებით დასრულებას თქვენი უნარისა და ცოდნის საკმარის მტკიცებულებად მივიღებთ, – თქვა უცხოპლანეტელმა და ორივე პირზე ცივი ღიმილი გამოესახა.
– რაღაც ფანდსა ჰგავს, – არ ესიამოვნა ქემრიჯს, – ხალთაში შუბს მალავთ?
– ვწუხვარ, მაგრამ თქვენი იდიომები არ მესმის, – უთხრა პლორვაშმა.
– მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ, გამოთქმაა ეგეთი, – ხელი ჩაიქნია ქემრიჯმა.
* * *
სასტუმროს გარეთ მანქანა ელოდათ – კაბრიოლეტის მსგავსი, ტალღოვანი სახურავით, რომელიც ლითონის მილაკებით იყო დაღარული და თრთოდა და ფეთქავდა, როგორც არტერიები სისხლის მიმოქცევისას.
პლორვაშმა უკანა კარი გამოაღო.
– დაბრძანდით, ლაბორატორიაში წაგიყვანთ.
მარნერმა ჯერ უცხოპლანეტელს შეხედა, შემდეგ – ქემრიჯს.
– ყელი ხომ არ გავისველოთ?
– რა ვქნათ?
– კიდევ ერთი იდიომი, – უთარგმნა ქემრიჯმა, – სასმელს ვგულისხმობ – ალკოჰოლს. მეტი ხალისით რომ ვიმუშაოთ.
უცხოპლანეტელი ორივე პირით დაიღრიჭა.
– ახლა გავიგე – გვერდით ქუჩაზე არის შენობა, მოძრავ ბილიკზე თუ შედგებით, მიგიყვანთ… არსად გვეჩქარება.
ასეც მოიქცნენ და მოძრავმა ბილიკმა გუმბათოვან ნაგებობასთან მიიყვანა, რომელიც გზის პირას იდგა.
– მთლად მომხიბლავად ვერ გამოიყურება, – ჩაიბურტყუნა ქემრიჯმა, დარბაზში რომ შევიდნენ. ეთერის მძაფრმა სუნმა ნესტოებს შეუღიტინა. ათამდე დომერენჯიელი პირდაპირ იატაკზე იყო გართხმული და ლითონის მილაკებს ეწაფებოდა. პლორვაში პირაღმა წამოწვა და შემოსძახა:
– შემომიერთდით და დალიეთ, – ხელი გაიწოდა თუ არა, მილი გამოსრიალდა მისკენ. მოზიდა და მარცხენა პირში გაირჭო.
– ამას პაბი ჰქვია? – ამრეზით ჰკითხა ქემრიჯმა, – საავადმყოფოს ინტენსიური რეანიმაციის განყოფილებას ჰგავს.
პლორვაშმა, ამასობაში, გული იჯერა და ფეხზე წამოდგა. ტუჩებიდან მწვანე სითხის ბოლო რამდენიმე წვეთი მოიწმინდა.
– გემრიელია, – უთხრა დაბეჯითებით, – ლუდი ვერ არის, მაგრამ ესეც კარგი რამეა… მეგონა, დალევა გინდოდათ.
მარნერმა ეთერ-მჟავებით გაჯერებული ჰაერი ჩაიყნოსა და თავი გაიქნია.
– ახლა არა… მგონი, უცხო წეს-ჩვეულებებთან შეგუებას დრო სჭირდება.
– ვფიქრობ, ასეა, – დაეთანხმა პლორვაშიც, – ლაბორატორიაში წავიდეთ. მზად ხართ?
* * *
ლაბორატორია მართლაც საუკეთესოდ იყო აღჭურვილი. ორი განცვიფრებული დედამიწელი ვეებერთელა ოთახის ზღურბლთან იდგა და ნანახით ვერ ძღებოდა.
– აღფრთოვანებულნი ვართ! – თქვა ბოლოს მარნერმა.
– გვსურდა, ყველა პირობა შეგვექმნა, წარმატებას რომ მიაღწიოთ, – უპასუხა პლორვაშმა, – გვერწმუნეთ, ისევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც – თქვენთვის.
მარნერმა კარის ბჭეს გადააბიჯა, ორიოდ ნაბიჯი გადადგა და მიმოიხედა. მარცხნივ, უზარმაზარი ოსცილოსკოპი ბრიალებდა მწვანედ. მარჯვნივ კედლის თაროები ყველა ფორმის, ზომისა და დანიშნულების ხელსაწყოებით იყო სავსე. ოთახის სიღრმეში მაგიდები და სკამები განეთავსებინათ და სკივრი – სამუშაო იარაღებით. ვერც განათებას დაუდებდი წუნს – კაშკაშებდა, მაგრამ თვალს არ ჭრიდა. ასეთი გარემო ინჟინრისთვის ნამდვილი სამოთხეა.
– მართლა გვიადვილებთ საქმეს, – უთხრა ქემრიჯმა, – ამ ლაბორატორიაში სასწაულებსაც მოვახდენთ, არ გაგვიჭირდება.
– პატიოსანი ხალხი ვართ, – მშვიდად უთხრა დომერენჯიელმა, – როგორც კი ყველა დავალებას შეასრულებთ, ვაღიარებთ, რომ ჩვენზე უკეთესი ოსტატები ხართ. თუ ამას შეძლებთ, დაე, იყოს ასე, მაგრამ თავს თუ ვერ გაართმევთ, არ გვსურს, ცუდ სამუშაო პირობებს დააბრალოთ.
– სამართლიანია, – დაეთანხმა ქემრიჯი, – როდის ვიწყებთ?
– ახლავე, – პლორვაშმა მისი ხალათის ნაკეცები გაშალა და იქიდან პლასტმასის პატარა ბურთულა ამოიღო, გამჭვირვალე და რძისფერი სითხით სავსე, – ეს ეპილატორია, – რამდენიმე წვეთი საცეცის კოვზივით ჩაღრმავებულ ბრჭყალზე დაისხა და ქვედა ყბის ხშირ, აფოფრილ ჟღალ წვერზე გადაისვა. სითხემ წვერზე მოტიტვლებული ღარი დატოვა, – ძალიან სასარგებლო რამეა, – თქვა და ბურთულა მარნერს მიაწოდა, – სცადეთ, მსგავსი დაამზადოთ.
– ჩვენ ინჟინრები ვართ და არა ქიმიკოსები, – უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა მარნერმა.
მაგრამ ქემრიჯმა შეაჩერა:
– არ ღირს, ჯასთინ, – და უცხოპლანეტელს მიუბრუნდა, – ეს პირველი დავალებაა? იქნებ, მეორეც გვითხრათ, ბარემ, დრო რომ დავზოგოთ? თან, ორთავეს გვექნება სამუშაო.
პლორვაშმა კოპები შეყარა.
– ერთდროულად ორ დავალებაზე მუშაობა გსურთ?… კარგი, – გაძუნძულდა გარეთ და რამდენიმე წუთში შემობრუნდა უკან, თან – გალია მოიტანა, რომელშიც დიდი ზომის სათაგურის მსგავსი რაღაც იდო. ქემრიჯს გადასცა.
– თვითმართვადი მახეა, მღრღნელების დასაჭერად ვიყენებთ, – განუმარტა პლორვაშმა, – ჩვენი სახლის მავნებლები ფერთა მიმართ მგრძნობიარენი არიან, ამიტომ ხაფანგი სხვადასხვაგვარად ციმციმებს. მაგალითად, ეს ვოკვების დასაჭერად არის, – ხაფანგი მწვანედ განათდა,- ეს კი – ფლაიბების, – განათდა იასამნისფრად, თან, ნეშომპალას მყრალი სუნიც აუშვა, – როგორც ხედავთ, უნივერსალური რამეა. ლაბორატორიის სათავსოში სხვადასხვა სახეობის მღრღნელს ნახავთ, გალიებში სხედან. თქვენი ამოცანაა, ასეთივე ხაფანგი ააწყოთ… იმედს გამოვთქვამ, შეძლებთ.
– სულ ეს არის? – ჰკითხა ქემრიჯმა.
პლორვაშმა თავი დაუქნია.
– იმდენი დროს გაძლევთ, რამდენიც დაგჭირდებათ – არ გაჩქარებთ. ასეთია ჩვენს პლანეტებს შორის დადებული შეთანხმება.
– ძალიან კარგი, – უთხრა ქემრიჯმა, – შეგატყობინებთ, ბოლოში რომ გავალთ.
– დაგელოდებით.
პლორვაში დაემშვიდობა და წავიდა.
მარნერმა ეპილატორი დაიწვეთა ხელისგულზე, მაგრამ ნემსივით ჩხვლეტა იგრძნო და სწრაფადვე გაიმშრალა.
– სათამაშო არ არის, ჯასთინ, ჯერ ანალიზი ჩავუტაროთ, – შესთავაზა ქემრიჯმა, – დომერენჯიელის უხეში ბალნის მოსაშორებლად თუ ვარგა, ადამიანს ტყავს გააძრობს, ამათ ჩვილებსაც კი ბაკანივით კანი აქვთ.
მარნერი საგულდაგულოდ იწმენდდა ხელს.
– დავალებებზე რას იტყვი?
– იოლი ჩანს, – უპასუხა ქემრიჯმა, – გასწი-გამოსწი ერთი კვირის ამბავია, არ მგონია, გაგვიჭირდეს… უფრო რთული გამოცდის მოწყობაც შეეძლოთ.
– მესამე წინ გვაქვს, – გააფრთხილა მარნერმა. – ეს ორი მხოლოდ გასახურებლადაა.
* * *
ოთხი დღის შემდეგ მარნერი პლორვაშს დაუკავშირდა. უცხოპლანეტელის ზორზოხ სხეულს კედლის ვეება ეკრანიც ძლივს იტევდა.
– გამარჯობა, რამე ხომ არ გჭირდებათ?
– დავალება შევასრულეთ, – მოკლედ მოჭრა მარნერმა.
– ორივე?
– რა თქმა უნდა.
– მოვდივარ.
თხუთმეტი წუთის შემდეგ პლორვაშმა ლაბორატორიის კარი შეაღო და დედამიწელებმა, რომლებიც შორეულ კედელთან გალიებთან იდგნენ, მისალმების ნიშნად ხელი დაუქნიეს.
– მანდ გაჩერდით, – ხმამაღლა დაუძახა ქემრიჯმა, ღილაკს დააჭირა თითი და ოცდაათი გალია ერთდროულად გაიღო.
მღრღნელების ურდო ცოცვით, ხტომით, სრიალით დომერენჯიელისკენ გაქანდა, მან თავზარდაცემულმა დაიხია უკან.
– რას აკეთებთ?! – შესძახა შეძრწუნებით.
– მშვიდად, – უთხრა მარნერმა, – წამიც მოიცადეთ და ყველაფერი დასრულდება.
ცხოველებმა პლორვაშს უგანეს და კარს უკან დადგმულ უცხო მექანიზმს მიაწყდნენ, რომელიც კაკანებდა, ათასფრად ელვარებდა და საშინლად ყარდა. როგორც კი ის ლაშქარი მიადგა, კიდურების მსგავსი გამოეზარდა, მოხვეტა ყველა და თავახდილ დიდ ურნაში ჩაუძახა. ერთიც არ დატოვა სამშვიდობოს.
მარნერი და ქემრიჯი უცხოპლანეტელისკენ წამოვიდნენ.
– გაუმჯობესებული მოდელი დაგიმზადეთ – თქვენებურ ხაფანგს თითო ჯერზე ხომ მხოლოდ ერთი სახეობის დაჭერა შეეძლო.
პლორვაშმა ხვნეშით ამოისუნთქა.
– კარგია… ჩინებული წარმოდგენა იყო…
– ნახაზები ოთახში გვაქვს, – უთხრა ქემრიჯმა, – ჩვენი ხაფანგი, მგონი, კომერციულად მომგებიანი უნდა იყოს დომერენჯიზე.
– ალბათ, ასეც იქნება, – დაეთანხმა პლორვაში, – ეპილატორზე რას მეტყვით?
– ეგ დავალება უფრო იოლი აღმოჩნდა, – უპასუხა მარნერმა, – როგორც კი ქიმიური ანალიზი გავუკეთეთ… თუმცა, მანდაც გავაუმჯობესეთ თქვენი ფორმულა.
– რა მხრივ?
მარნერი უხერხულად შეიშმუშნა და ცალი ლოყა მოისრისა.
– რამდენიმე დღის წინ საკუთარ თავზე გამოვცადე და სახის კანი ჯერ ისევ ახალშობილივით გლუვი მაქვს… მგონი, მუდმივმოქმედი სითხე შევქმენით.
– თქვენს ნიმუშებს შევისწავლით, – უთხრა პლორვაშმა, – თუმცა, არ მგონია შევცდე, ახლავე თუ გეტყვით, რომ პირველი ორი გამოცდა წარმატებით დაძლიეთ… სხვათა შორის, დომერენჯის საკონსულომ ნიუ იორქიდან შეგვატყობინა, რომ თქვენმა კოლეგებმა და მეტოქეებმა, ვინც დედამიწაზე მივავლინეთ, აგრეთვე წარმატებით გაართვეს თავი წინასწარ დავალებებს.
– მოხარული ვარ, რომ ასეა, – იცრუა მარნერმა, – ჩანს, გამარჯვებულს მესამე რაუნდი გამოავლენს, არა?
– დიახ, ასეა, – უთხრა პლორვაშმა, – დროს ნუ დავკარგავთ, ახლავე გეტყვით.
* * *
– გაუმჯობესებული მოდელი დაგიმზადეთ – თქვენებურ ხაფანგს თითო ჯერზე ხომ მხოლოდ ერთი სახეობის დაჭერა შეეძლო.
პლორვაშმა ხვნეშით ამოისუნთქა.
– კარგია… ჩინებული წარმოდგენა იყო…
– ნახაზები ოთახში გვაქვს, – უთხრა ქემრიჯმა, – ჩვენი ხაფანგი, მგონი, კომერციულად მომგებიანი უნდა იყოს დომერენჯიზე.
– ალბათ, ასეც იქნება, – დაეთანხმა პლორვაში, – ეპილატორზე რას მეტყვით?
– ეგ დავალება უფრო იოლი აღმოჩნდა, – უპასუხა მარნერმა, – როგორც კი ქიმიური ანალიზი გავუკეთეთ… თუმცა, მანდაც გავაუმჯობესეთ თქვენი ფორმულა.
– რა მხრივ?
მარნერი უხერხულად შეიშმუშნა და ცალი ლოყა მოისრისა.
– რამდენიმე დღის წინ საკუთარ თავზე გამოვცადე და სახის კანი ჯერ ისევ ახალშობილივით გლუვი მაქვს… მგონი, მუდმივმოქმედი სითხე შევქმენით.
– თქვენს ნიმუშებს შევისწავლით, – უთხრა პლორვაშმა, – თუმცა, არ მგონია შევცდე, ახლავე თუ გეტყვით, რომ პირველი ორი გამოცდა წარმატებით დაძლიეთ… სხვათა შორის, დომერენჯის საკონსულომ ნიუ იორქიდან შეგვატყობინა, რომ თქვენმა კოლეგებმა და მეტოქეებმა, ვინც დედამიწაზე მივავლინეთ, აგრეთვე წარმატებით გაართვეს თავი წინასწარ დავალებებს.
– მოხარული ვარ, რომ ასეა, – იცრუა მარნერმა, – ჩანს, გამარჯვებულს მესამე რაუნდი გამოავლენს, არა?
– დიახ, ასეა, – უთხრა პლორვაშმა, – დროს ნუ დავკარგავთ, ახლავე გეტყვით.
* * *
რამდენიმე წუთის შემდეგ, მარნერი და ქემრიჯი დგუშებსა და ლითონის ღეროებზე აბლაბუდასავით შემორაგული ბრჭყვიალა გორგოლაჭებისა და მილაკების კონსტრუქციის წინ იდგნენ. საცეცებში ფაქიზად ატატებული ეს უცნაურობა შემოიტანა პლორვაშმა და სამუშაო მაგიდაზე შემოდგა ფრთხილად.
– რა არის? – ჰკითხა მარნერმა.
– ახლავე გიჩვენებთ, – უცხოპლანეტელი დანადგარისკენ დაიხარა, კაბელი მოიხელთა და შტეფსელში შეაერთა. შუაგულში პატარა მილი ალუბლისფრად განათდა, დგუშები ამოძრავდა, ჯერ ნელა, შემდეგ უფრო და უფრო სწრაფად. ცოტა ხნის შემდეგ დანადგარი ზუზუნებდა და დუნედ, მაგრამ შეუჩერებლივ ამუშავებდა დგუშებს. ზემოთ-ქვემოთ, ზემოთ-ქვემოთ. სხვა არაფერი ხდებოდა.
ქემრიჯი მივიდა, რამდენადაც შეძლო, დაიხარა და დააკვირდა.
– ძრავაა, ხომ?.. მერედა რა?
– განსაკუთრებული ტიპის ძრავაა, – უთხრა პლორვაშმა, – ვთქვათ, დენიდან გამორთეთ…
ქემრიჯმა შტეფსელიდან გამოაძრო, დანადგარს შეხედა და კაბელის თავაკი ხელიდან გაუვარდა. იატაკზე დააგდო.
– არ ჩერდება? – ჰკითხა ჩურჩულით, – დგუშები ისევ მუშაობს…
– ეს არის ჩვენი ენერგიის წყარო, – ამაყად განუცხადა პლორვაშმა, – ამ ძრავს ვიყენებთ ავტომობილებში და სხვა მსგავსში… ეს თქვენი მესამე დავალებაა.
– ვეცდებით, – როგორც შეეძლო აუღელვებლად უთხრა მარნერმა.
– სცადეთ, – უთხრა პლორვაშმა, – ჩვენ კი შედეგს დაველოდებით… წარმატებულ დღეს გისურვებთ.
– ასეც იქნება, – უთხრა მარნერმა, მაგრამ იმაზე ნაკლებ ომახიანად, ვიდრე სურდა, – კარგად იყავით.
მძიმე მზერით გააცილეს უცხოპლანეტელი რომელსაც თავზე დიადემის შარავანდედი ადგა და ნელი ნაბიჯით გადიოდა ლაბორატორიიდან.
როგორც კი კარი გაიხურა, დანადგარს დააჩერდნენ.
კვლავ მოძრაობდა.
მარნერმა გამშრალი ტუჩები მოილოკა და მუდარის თვალით შეხედა ქემრიჯს.
– დეივ, მითხარი, რომ მუდმივი ძრავას შექმნა შეგვიძლია…
***
დომერენჯიული მანქანა მუშაობდა და მუშაობდა, დენში ჩართული იყო თუ გამორთული, პირველი მუხტი დასჭირდა მხოლოდ. დგუშები შეუჩერებლად მოძრაობდნენ ქვევით და ზევით, ქვევით და ზევით. თავად კონსტრუქცია, ერთი შეხედვით, ძალიან მარტივი ჩანდა.
– ეს წყეული ჯერ როგორმე გავაჩეროთ, – თქვა მარნერმა, – ხომ უნდა ვნახოთ, რა არის შიგნით?
– როგორ გავაჩეროთ?
– ვფიქრობ, დენის წყარო შევუბრუნო… პოლუსებს თუ შეცვლით და საპირისპირო იმპულსს მივცემთ…
ნახევარსაათიანმა შრომამ ნაყოფი გამოიღო – როდესაც დენის წყაროს პოლუსები შეცვალეს და კაბელი ხელახლა შეაერთეს შტეფსელში, ძრავამ ორჯერ ამოახველა და ჩაქრა.
– ესეც ასე, – მარნერმა ხელები მოიფშვნიტა, თითქოს, წაეპოტინა იმედს, რომელიც, სინამდვილეში, არა ჰქონდა, – მოდი, გავხსნათ და ვნახოთ ერთი, რა ჯანდაბა ამუშავებს… და გვახსოვდეს მთავარი: თუ დომერენჯიელებმა მოახერხეს, არც ჩვენთვის იქნება დაუძლეველი ამოცანა, ხომ ასეა, დეივ?
– ეგ რწმენა თუ გვიშველის, – უთხრა ქემრიჯმა.
მუდმივ ძრავს ირგვლივ შემოუარეს და ყოველი მხრიდან შეისწავლეს.
მარნერი დაიხარა და ხელით ანიშნა:
– ეს ფირფიტების ჰარმონიულ ოსცილატორს ჰგავს. ესენი კი, თავს დავდებ, თირატრონის მილებია. მათი ტექნოლოგია არც ისე უცხოა ჩვენთვის, ახლა, ყველაფერი ჩვენს ხელთაა.
– დახურული რეგენერაციული სისტემა, – თქვა ქემრიჯმა, – უსასრულო ენერგია, დახშული ციკლი. უსასრულობას რამდენი ვატიც არ უნდა მოაკლო, მაინც უსასრულოა.
– ნამდვილად ეგრეა, – დაეთანხმა მარნერი და შუბლზე მომდგარი ოფლი მოიწმინდა, -დაგვისახეს ამოცანა, რომელიც უნდა გადავჭრათ, მარცხის უფლება არ გვაქვს, დეივ! –
სახრახნისს დასწვდა, – ჩვენი ფორმულა ასეთია: ბუნებრივ საზრიანობას დამატებული მცირე ოფლი და – შეუძლებელი არაფერია!
სამი კვირის შემდეგ პირველი საცდელი მოდელი ჰქონდათ მზად, რომელმაც ნახევარი საათი იმუშავა და გაჩერდა.
ერთი თვის შემდეგ კი დაამზადეს ძრავა, რომელიც მუშაობდა და არ ჩერდებოდა.
* * *
პლორვაშს რომ უხმეს, მუხლები ცოტა კი უკანკალებდათ.
– აგერ არის, – უთხრა მარნერმა და უცნაურ ნივთზე მიუთითა, რომელიც ორიგინალი მოდელის გვერდით იდგა. ორივე ხმადაბლა ზუზუნებდა. ორივე – შტეფსელიდან გამორთული.
– მუშაობს? – ჰკითხა პლორვაშმა. ხმა უთრთოდა და ფერიც დაკარგა.
– ჯერჯერობით არ ჩერდება, – უპასუხა მარნერმა და ჩაღამებული თვალებით მიაჩერდა. ორთვიანი უძილობისა და არაადამიანური შრომის შედეგი სახეზე ეწერა – ჩამრგვალებული, ღაჟღაჟა ლოყები შეშუპებოდა და ჩასცვენოდა.
– ესე იგი, მუშაობს, არა? – გაიმეორა პლორვაშმა… – როგორ?
– საკმაოდ რთული ჰიპერსივრცის ფორმულაა… ახლა მაგის ახსნის თავი არ მაქვს, – უთხრა ქემრიჯმა, – მაგრამ ყველაფერს მოხსენებაში ავსახავთ. ტოპოლოგია დიდ თავსატეხად გვექცა, თქვენი მოდელის ზუსტი დუბლირება ვერ შევძელით, მაგრამ ერთგვარი ფანდი ვნახეთ და განსხვავებული გზით მივიღეთ იგივე ეფექტი… შეთანხმების პირობები არ დაგვირღვევია.
– არ გვეგონა, რომ შევძლებდით, – სიტყვა ჩაურთო მარნერმა, – მაგრამ რაკი გამოწვევა მივიღეთ… უკან დასახევი გზა აღარ იყო, ამიტომ, უბრალოდ ავდექით და გავაკეთეთ.
– არც მე მეგონა, რომ შეძლებდით, – უთხრა პლორვაშმა. შეფიქრიანებული ჩანდა, ყურადღებით ათვალიერებდა ძრავას, – მუშაობს, არა? მართალს ამბობთ?
– რა თქმა უნდა! – აღშფოთდა მარნერი.
– ერთი კითხვა გვაქვს, – თქვა ქემრიჯმა და პატარა, ოთხკუთხა შავ ყუთზე მიუთითა, რომელიც დომერენჯიელებს მათი მოდელის შუაგულში მოექციათ, სქემებით გარშემორტყმული, – ამ რაღაცამ კინაღამ ჭკუიდან გადაგვიყვანა, ვერც გავხსენით, ვერც დავშალეთ, ბოლოს ჩავიქნიეთ ხელი და სხვა გზა ვნახეთ… მაგრამ რა ჯანდაბაა? რას აკეთებს?
პლორვაში მათკენ შემობრუნდა.
– ენერგიის წყაროა, – უთხრა ჩახლეჩილი ხმით. მიკროელემენტია, რომელიც ჩვენს ძრავას ამუშავებს… კიდევ ორი კვირა ან ცოტა მეტი გაქაჩავს… სანამ გაჩერდება.
– როგორ? – შეცბა მარნერი.
– მგონი, დროა, გამოგიტყდეთ, – უთხრა უცხოპლანეტელმა, დინჯად არჩევდა სიტყვებს, – მუდმივი ძრავა არ გვაქვს… ეს დავალება სიყალბე იყო, ვერაგობა… მაგრამ ნამდვილად არ გვეგონა, რომ ამას მოახერხებდით. ჩვენი საუკეთესო ინჟინრები მუშაობდნენ საიმიტაციო მოდელის შესაქმნელად, რომელიც მოგიტანეთ.
მარნერი სკამს წაეტანა და მძიმედ დაეშვა ზედ. სახე მიტკალივით თეთრი ჰქონდა. ქემრიჯი ფეხზე იდგა, გაოგნებული ჩანდა და უნდობლად იცქირებოდა.
– მოიცა, რას ამბობ ახლა, – შესძახა მარნერმა, – ჩვენ გამოვიგონეთ ძრავა და თქვენ ვერა? თქვენ…
პლორვაშმა თავი დაუქნია.
– მერწმუნეთ, თქვენსავით განცვიფრებული ვარ.
უთხრა და მარნერს მიუჯდა გვერდით. მისი სიმძიმის ქვეშ სკამი საცოდავად კვნესოდა.
ქემრიჯი გონს მოეგო.
– მაშინ, ასე გავაკეთებთ – რაკი ყველაფერი დასრულდა, ავიღებთ ჩვენს აპარატს და დედამიწაზე დავბრუნდებით… შეჯიბრი, რა თქმა უნდა, ბათილია.
– ბოდიშს გიხდით, მაგრამ ამას ვერ იზამთ, – უთხრა პლორვაშმა, – მიახლოებით შვიდასი წლის წინ მიღებული კანონით, დომერენჯის სახელმწიფო ლაბორატორიაში ჩატარებული ნებისმიერი კვლევის შედეგი დომერენჯის სახელმწიფოს საკუთრებაა. რაც გულისხმობს, რომ თქვენი დანადგარის კონფისკაცია მოგვიწევს.
– ვერ მოგართვი! – შესძახა მარნერმა მრისხანედ.
– გარდა ამისა, თქვენს კონფისკაციასაც ვაპირებთ – აქ დარჩებით, სანამ არ გვიჩვენებთ, როგორ დავამზადოთ ეგ ძრავა.
– ეს გატაცებაა! ამას დედამიწა არ შეგარჩენს – ომი იქნება, – უთხრა ქემრიჯმა.
– ან იქნება ან – არა, მაგრამ ეს არის ყველაზე გონივრული, რის გაკეთებაც შეგვიძლია… და თუ მე მკითხავთ, ვეჭვობ, დედამიწამ თქვენს გამო ომი გამოგვიცხადოს.
– კონსულთან შეხვედრას ვითხოვთ! – თქვა მარნერმა.
– თქვენი ნებაა, – დაეთანხმა პლორვაში, – კონსულის ნახვას ვერ აგიკრძალავთ.
* * *
დედამიწის კონსული თმაშევერცხლილი, კუშტი ბატონი იყო, გვარად ქალბერთსონი, რომელიც იმავე დღეს გამოცხადდა.
– ერთობ უხერხული ვითარებაა, – უთხრა და ხელებით შარვლის ტოტებზე ნაკეცები გაისწორა, – ყველა ჩვენგანისთვის ერთობ უხერხული.
– აქედან ხომ წაგვიყვანთ? – ჰკითხა მარნერმა, – ეს გამოგონება ჩვენი საკუთრებაა და უფლება არ აქვთ, პატიმრობაში აგვიყვანონ და მათთვის გვამუშაონ. ასე არ არის?
– დედამიწის წესებით ნამდვილად ასეა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, მათი კანონების თანახმად, თქვენი გამოგონება, სამწუხაროდ, მათ ეკუთვნით და 2716 წლის ხელშეკრულებაც გვაქვს, რომელიც ექსტრატერიტორიულ სუვერენიტეტზე უარს ამბობს, დომერენჯიზე მყოფი დედამიწელები დომერენჯის კანონებს უნდა დაექვემდებარონ და – პირუკუ.
კონსულმა, თანაგრძნობისა და იმედგაცრუების ნიშნად, ხელები გაშალა.
– რას გვეუბნებით – აქ ჩავრჩით? – ჰკითხა მარნერმა.
თვალები დახუჭა, ის საზიზღარი პაბიც გაახსენდა და შეძრწუნებულს გული გაუჩერდა. წარმოიდგინა, რომ დომერენჯიელად იქცა და სიცოცხლის ბოლომდე ამ წყეულ პლანეტაზე უწევს ცხოვრება, სულ იმ გადარეული ნაძლევის გამო…
– გვითხარით, ერთი, რას გვიპირებთ! – უთხრა კონსულს.
დიპლომატმა ხელები მუხლებზე გადააჯვარედინა.
– დარწმუნებულნი იყავით, ყველა ღონეს ვიხმართ, რომ გამოგიხსნათ… რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ, რამხელა ვალში ვართ თქვენ ორის წინაშე – თქვენ დედამიწის სახელი დაიცავით…
– დიდი ხეირი კი ვნახეთ! – შეჰყვირა მარნერმა.
– ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამ სამწუხარო ინციდენტის აღმოსაფხვრელად… მანამ კი გარწმუნებთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენი აქ ყოფნა ისეთივე სასიამოვნო იყოს, როგორც…
– მისმინე, ქალბერთსონ, – გააწყვეტინა ქემრიჯმა მკვახედ, – თუნდაც ოცდაოთხი საათი მუსიკა უკრავდეს და გოგონები ცეკვავდნენ, აქაურობა არ მოგვწონს და ყელში ამოგვივიდა. სახლში დაბრუნება გვსურს. ამ შარში თქვენ გაგვხვიეთ, ახლა, ნება იბოძეთ და დაგვიხსენით, როგორც გენებოთ!
კონსულმა კიდევ მეტად მოიწყინა.
– ვწუხვარ, რომ გვადანაშაულებთ, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, – ცოტა ხანი დუმდა და შეფიქრიანებული შესცქეროდა. შემდეგ უთხრა, – არის ერთი დეტალი, რომელიც ჯერ ბოლომდე არ შეგვისწავლია…
– რა? – იმედი მიეცა მარნერს.
– ხომ გახსოვთ, ორი ინჟინერი დომერენჯიდან, რომლებიც დედამიწაზე გაემგზავრნენ ამ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად? – კონსულმა მიმოიხედა, – აქ უსაფრთხოა? ხომ არ გვისმენენ?
– გადავამოწმეთ, – უთხრა ქემრიჯმა, – შეგიძლიათ, თავისუფლად ისაუბროთ… ის ორი ინჟინერი რაში გამოგადგება?
ქალბერთსონმა ხმას დაუწია და თითქმის ჩურჩული დაიწყო:
– მცირე შანსია თქვენთვის. დედამიწის ხელისუფლებასთან ვისაუბრე და დომერენჯიელი ინჟინრების პროგრესის შესახებ მაცნობეს. პირველ ორი დავალებას ისევე იოლად გაართვეს თავი, როგორც თქვენ… ეგ ხომ იცით?
დედამიწელებმა მოუთმენლად დაუქნიეს თავი.
მოხუც დიპლომატს უხერხულად გაეღიმა.
– მრცხვენია ამის აღიარება, მაგრამ, როგორც ჩანს, დედამიწაზეც მსგავსი იდეა მოუვიდათ თავში, რაც – დომერენჯიზე.
– მუდმივ ძრავას გულისხმობთ?!
– მთლიანად ეგრე მსგავსიც არა, – უთხრა ქალბერთსონმა, – ყალბი ანტი-გრავიტაციული მანქანა მიუტანეს დომერენჯიელებს და გამეორება სთხოვეს… ჩანს, ყალთაბანდობაში ერთმანეთს ვგავართ…
– მერე? – მოუთმენლად ჰკითხა მარნერმა.
– ჯერ არაფერი, – სევდიანად ამოიოხრა კონსულმა, – მაგრამ ისინი ჯერ კიდევ მუშაობენ და, თუ მართლაც ისეთი ჭკვიანები არიან, როგორც გვითხრეს, ადრე თუ გვიან უნდა მოახერხონ… თქვენ მხოლოდ დაცდა მოგიწევთ. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ მანამ კარგ პირობებში იყოთ.
– მაინც ვერ ვხვდები, რას უნდა ველოდოთ? – ჰკითხა მარნერმა.
– სანამ გამოიგონებენ…
მარნერმა ამოიღნავლა:
– შეიძლება, წლები დასჭირდეთ… შეიძლება სიცოცხლის ბოლომდე იცოდვილონ… შეიძლება, ვერც შექმნან ეგ ანტი-გრავიტაციური მანქანა… ჩვენ რა გვეშველება?
კონსულმა თანაგრძნობით შეხედა და მხრები აიწურა.
ამ დროს ქემრიჯს თვალები ეშმაკურად გაუნათდა და მარნერს გახედა.
– ჯასთინ, ტენზორული აღრიცხვისა და გრავიტაციული ველის შესახებ რა გსმენია?
– კიდევ რა მოიფიქრე? – ჰკითხა მარნერმა.
– იდეალურად მოწყობილი ლაბორატორია გვაქვს და, დარწმუნებული ვარ, ის ორი დომერენჯიელი წინააღმდეგი არ იქნება, სხვისი ანტიგრავიტაციული მანქანა საკუთარ გამოგონებად რომ გაასაღონ, თუ კარგად გავაგებინებთ… აბა, რას იტყვი?
მარნერსაც გაუბრწყინდა თვალები.
– მართალი ხარ! მათაც ისევე უნდა სურდეთ სახლში დაბრუნება, როგორც – ჩვენ!
– გინდათ თქვათ, რომ ანტი-გრავიტაციულ მანქანას შექმნით? – ჰკითხა კონსულმა, – ჩვენ კი, კონტრაბანდულად, დომერენჯიელ ინჟინრებს გადავუგზავნით დედამიწაზე, იმად რომ, შემდეგ, სავაჭროდ გამოვიყენოთ?
არვინ უპასუხა. მიმოიხედა და დაინახა მარნერი და ქემრიჯი ლაბორატორიის შორეულ კუთხეში მაგიდასთან თავჩახრილნი გამალებით წერდნენ განტოლებებს.
©Robert Silverberg – Double Dare. Galaxy Science Fiction, November 1956
©LV (ქართული თარგმანი, 2023)
©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___