ჯონ ქოლიერი
ალან ოსთინმა ციდა ცინდალივით აკანკალებულმა აიარა დაჩრდილული, ჭრაჭუნა კიბე და ბნელ სადარბაზოში ხელის ცეცებით კარგა ხანს დაეძებდა საჭირო გვარს კარის დაფაზე.
შეაღო, როგორც უთხრეს და პაწაწინა ოთახში ამოყო თავი, სადაც არაფერი იყო სამზარეულოს მაგიდის, სარწეველა სავარძლის და ერთი ძველი სკამის გარდა. გაჭვარტლულ, ქვიშისფერ კედლებზე რამდენიმე თარო დაინახა ათეულობით ბოთლითა და ქილით. სულ ეს იყო იქაური ავლა-დიდება. სავარძელში ჩია მოხუცი იჯდა, გაზეთი გაეშალა. ალანმა ბარათი გადასცა, რომელიც მისცეს და მდუმარედ დაელოდა.
– დაბრძანდით, ბატონო ოსთინ, – უთხრა მოხუცმა დიდი მოწიწებით, – მოხარული ვარ, რომ გაგიცანით.
– მართალია თუ არა, – ჰკითხა ალანმა, – თქვენ გაქვთ ხსნარი, რომელსაც განსაკუთრებული დანიშნულება აქვს?
– ძვირფასო ბატონო, – უპასუხა მოხუცმა, – სალბუნთა და საცხთა რაოდენობით ვერ დავიკვეხნი, ფაღარათსა და კბილის ტკივილს ვერ ვუწამლებ, მაგრამ მრავალფეროვანი საქონლის შეთავაზება შემიძლია და რაც მაქვს, მათ შორის ერთიც არ არის ისეთი, რომლის შესაძლებლობაც გამორჩეულ ყურადღებას არ იმსახურებს.
– იმის თქმა მსურდა, რომ… – უთხრა ალანმა.
– აგერ, მაგალითად, – შეაწყვეტინა მოხუცმა და თაროდან ბოთლი გადმოიღო, – მაქვს წყალივით ანკარა სითხე, თითქმის უგემური, შეუმჩნეველი, თუკი ყავაში, ღვინოში ან სხვა სასმელში შეურევთ… და გაკვეთის შემთხვევაშიც, ვერვინ აღმოაჩენს მის კვალს.
– რას გულისხმობთ? – ალანს შიშმა გაჰკრა ხმაში, – შხამია?
– გნებავთ, სარეცხი საშუალება დაუძახეთ, – გულგრილად უთხრა მოხუცმა, – შესაძლოა, ლაქებიც ამოიყვანოს, მართალი გითხრათ, კი არასდროს მიცდია… მოდით, სიცოცხლის ამომყვანი ვუწოდოთ, სიცოცხლესაც ხომ სჭირდება, ზოგჯერ, დასუფთავება.
– არაფერი მჭირდება მსგავსი, – ხელები აიქნია ალანმა.
– მოხარული ვარ, რომ არ გჭირდებათ, – უთხრა მოხუცმა, – ფასს არ იკითხავთ? ერთ ჩაის კოვზს (რაც სავსებით საკმარისია) ხუთი ათას დოლარად ვყიდი. არც მეტს ვითხოვ, არც – ნაკლებს. საშობაო ფასდაკლებები არ მაქვს.
– ყველა თქვენი ხსნარი ეგეთი ძვირია? – დაფრთხა ალანი.
– რა თქმა უნდა არა, – დაამშვიდა მოხუცმა, – მაგალითად, სასიყვარულო ბანგზე ეგეთი ფასის დაწესება უსამართლო იქნებოდა – ახალგაზრდებს, ვისაც ეგ წამალი სჭირდებათ, ხუთი ათასი დოლარი იშვიათად აქვთ… რომ ჰქონდეთ, ბანგიც ხომ არ დასჭირდებოდათ.
– გულზე მომეშვა, – უთხრა ალანმა.
– მე ასე ვიცი, – განაგრძო მოხუცმა, – პირველი ულუფა მომხმარებელს იაფად უნდა გაატანო და ის აუცილებლად დაბრუნდება შენთან, როდესაც მეორე დასჭირდება… თუნდაც, უკვე გაცილებით ძვირის გადახდა მოუწიოს. გაიჭირვებს და მაინც გადაიხდის.
– სიყვარულის წამალს მართლა ყიდით?
– სასიყვარულო ბანგი რომ არ მქონდეს, – უთხრა მოხუცმა და ახლა სხვა ბოთლს დასწვდა, – იმ მეორეზე კრინტს არ დავძრავდი – ეგეთ ამბავს ადამიანს ვერ გაანდობ, თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ მისი გულის მონადირება შეგიძლია.
– და მაგ წამალს, – მოუთმენლად ჰკითხა ალანმა, – როგორ ვთქვა… მხოლოდ ხანმოკლე, ხორციელი…
– არა, არა, – მიუხვდა მოხუცი, – უვადო მოქმედებისაა და უბრალო ხორციელ გატაცებაზე აღმატებული. თუმცა – გულისხმობს მასაც. ყოვლისმომცველია. ეუფლება სრულად. უკიდეგანოდ. უსაზღვროდ და მარადიულად.
– ღმერთო! – ალანმა მეოცნებე თვალები დახუჭა, – როგორი ყოფილა!
– გსურდათ, სულიერ მხარეზეც გეკითხათ, – უთხრა მოხუცმა.
– დიახ, სწორედ ეგ მინდოდა, – შესძახა ალანმა.
– გულგრილობას ჩაანაცვლებს მგზნებარე სიყვარული. ზიზღს ანაცვალებს თაყვანისცემა. მიეცით ახალგაზრდა ქალბატონს მცირე ოდენობით – ფორთოხლის წვენში, შეჭამანდში, კოქტეილში (არც სუნი აქვს, არც გემოთი იგრძნობა) და რაც არ უნდა თავქარიანი და ქარაფშუტა იყოს, სრულად გადასხვაფერდება – სხვა მეგობრებს თავს დაანებებს და თქვენთან ერთად ყოფნით ვერ გაძღება.
– ნუთუ, ეგრე იქნება? – ჰკითხა ალანმა, – მეტისმეტად უყვარს დროსტარება და წვეულებები.
– გადაიყვარებს, – დარწმუნებით უთხრა მოხუცმა, – იეჭვიანებს ლამაზ გოგონებზე, რომლებსაც, შეიძლება, იქ შეხვდეთ.
– იეჭვიანებს? – ალანმა აღტყინება ვერ დამალა, – ჩემზე?
– დიახ, ენდომება, რომ მხოლოდ მასზე ფიქრობდეთ.
– ისედაც ვფიქრობ… მაგრამ არაფრად მაგდებს.
– ეგ ამბავი გამოიცვლება, როგორც კი ამ ბანგს დალევს. თქვენ იქნებით მისი დარდი. ერთადერთი საფიქრალი მის ცხოვრებაში.
– მშვენიერია! – შესძახა ალანმა.
– მისი სურვილი იქნება, იცხოვროს თქვენი ცხოვრებით, – განაგრძობდა მოხუცი, – რას საქმიანობთ, დღის განმავლობაში რა გადაგხდათ, თითოეული სიტყვა, რომელსაც იტყვით, რაზე ფიქრობთ, რაზე იღიმით, რა გასევდიანებთ…
– სწორედ ეს არის სიყვარული! – აღმოხდა ალანს.
– დიახ, – უთხრა მოხუცმა, – ცივ ნიავს არ მოგაკარებთ! არასდროს მოგცემთ ნებას, დაიღალოთ, შეგცივდეთ, ან მშიერი დარჩეთ. თუ შეგაგვიანდათ, დასევდიანდება – ეგებ, თავს დაგესხნენ, მოგკლეს, ან ვინმე ლამაზმანმა გაგიტაცათ.
– ეგეთ დაიანაზე ვერც კი ვიოცნებებდი! – ალანს სიხარულისგან რეტი ესხმოდა.
– ოცნება სინამდვილედ გექცევათ, – დაარწმუნა მოხუცმა, – სხვათა შორის, რაც ეხება ლამაზმანებს, რომლებიც ასე ბევრია ირგვლივ – თუ ოდესმე სხვა ქალბატონისკენ გაგექცათ თვალი, თუ სხვასთანაც იჯერეთ გული, არც მაგაზე მოგიწევთ დარდი, რადგან ის ყველაფერს გაპატიებთ… ცხადია, ძლიერ ეტკინება, დაიტანჯება, მაგრამ ბოლოს მაინც გაპატიებთ.
– მაგ მიზეზს არ მივცემ! – განაცხადა ალანმა გზნებით.
– ეჭვიც არ მეპარება, – უთხრა მოხუცმა, – მაგრამ თუ მოხდა, ნუ იღელვებთ – ის არასდროს დაგშორდებათ. არა და არა! და, რა თქმა უნდა, თავად არასდროს გიღალატებთ.
– რა ღირს ეგ საოცარი სითხე? – ჰკითხა ალანმა.
– სულაც არ არის ძვირი, – უპასუხა მოხუცმა, – იმდენი არ ღირს, რაც სარეცხი საშუალება ან – სიცოცხლის ამომყვანი, როგორც წეღან ვუწოდე. იმას ხუთი ათას დოლარად ვაფასებ. არც მეტი, არც – ნაკლები. მაგრამ თქვენი ასაკის ადამიანს ჯერ არ სჭირდება. ბევრი წლის შემდეგ, როდესაც მის საფასურს მოუყრის თავს…
– და სიყვარულის წამალი რა ღირს? – მოუთმენლად შეახსენა ალანმა.
– ჰო, ეგა… – უთხრა მოხუცმა, სამზარეულოს მაგიდის უჯრა გახსნა და წამლის პატარა შუშა ამოიღო, დასვრილი და დამტვერილი – ამას მხოლოდ ერთ დოლარად ვაფასებ.
– ენით ვერ აღვწერ, როგორი მადლობელი ვარ, – ალანი ანთებული თვალებით შესცქეროდა, როგორ ავსებდა მოხუცი ჭურჭელს.
– მიყვარს მადლიერი მომხმარებელი, – უთხრა მოხუცმა, – ისინი ყოველთვის ბრუნდებიან ჩემთან, მოგვიანებით, როდესაც ფეხზე დადგებიან მყარად და უფრო ძვირფასი საქონელი სურთ… ინებეთ, ბატონო. მერწმუნეთ, მისი მოქმედებით კმაყოფილი დარჩებით.
– კიდევ ერთხელ გმადლობთ, – უთხრა ალანმა, — და მშვიდობით.
– ნახვამდის, – უთხრა მოხუცმა.
©John Collier – The Chaser. The New Yorker, December 28, 1940 Issue
©LV (ქართული თარგმანი, 2023)
©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___
ავტორის შესახებ:
ჯონ ქოლიერი (John Collier) ინგლისელი მწერალია, მცირე პროზის და შავი იუმორის ოსტატი, თუმცა აქვს ლექსებიც, პოემებიც, რომანებიც, პიესებიც, სცენარებიც, – მათ შორის არის ეპიზოდი სერიალისთვის “ალფრედ ჰიჩქოქი წარმოგიდგენთ” (Alfred Hitchcock Presents) და ეპიზოდი ტელესერიალისთვის “ალფრედ ჰიჩქოქის საათი” (The Alfred Hitchcock Hour).
ეს ეპიზოდია ჰერბერთ უელსის ჯადოსნური სავაჭრო, რომელიც თარგმნილიც მაქვს
მრავალ სხვადასხვა ჟანრს გადასწვდა, მათ შორის არის ფანტასტიკა, ჰორორი და დეტექტივი. მოპოვებული აქვს ჯილდოები: Edgar Allen Poe Award და International Fantasy Award.
ნოველის სათაური The Chaser შეიძლებოდა მეთარგმნა, როგორც “მდევარი” ან “მწევარი”. ქალს, რომლის მონადირებასაც ალანი ცდილობს, დაიანა ჰქვია და ნადირობის ქალღმერთის სეხნიაა. თავად ალანზე კი აფთიაქარი ნადირობს.
___
მარია
**
ჯადოსნური სავაჭრო