ფიქრის სურნელი

რობერთ შექლი

დაუსახლებელი სირგონის კლასტერის გავლისას, ლეროი ქლივის ნამდვილი უბედურება დაატყდა თავს. ცხადია, არც მანამდე ულხინდა: ძველისძველი საფოსტო ხომალდი ნომერი 243, მონჯღრეული მილები და არეული ასტრონავიგაცია, მაგრამ ახლა, სანამ მარშრუტს აზუსტებდა, შენიშნა – ბორტზე მეტისმეტად დათბა.

მძიმედ ამოიოხრა, გაგრილება ჩართო და ფოსტის უფროსს დაუკავშირდა. სადგურს უკვე საკმარისად იყო დაშორებული და რადიო ტალღები ძლივს სწვდებოდა, მაგრამ შიშინსა და ჭახანს შორის მაინც მოახერხა ფოსტმაისტერის ხმის გარჩევა.

– ახლა რა გჭირს, ქლივი? – ჰკითხა მრისხანედ. ფოსტმაისტერი ის კაცი იყო, ვისაც საკუთარი ხელით შედგენილი გრაფიკის სჯეროდა, როგორც წმინდა წერილის.

– არც კი ვიცი, რით გაგახაროთ, – უდარდელად უპასუხა ქლივიმ, – თბოიზოლაციას, მილებს, ასტრონავიგაციას და გაგრილების სისტემას თუ არ მივიღებთ მხედველობაში, სხვა დანარჩენი გენიალურადაა.

– სამარცხვინო ამბავია, – უთხრა უფროსმა და ხმაში უჩვეულო თანაგრძნობაც კი გამოერია, – ვიცი, როგორც გრძნობ თავს.

ქლივიმ კონდიცირების რეგულატორი ბოლო ნიშნულზე დააყენა, სახიდან ხვითქი მოიმშრალა და ეჭვი შეეპარა, რომ ფოსტმაისტერს შეეძლო, სცოდნოდა, თუ როგორ გრძნობდა ახლა თავს.

– რამდენჯერ მოვითხოვე ახალი ხომალდები? – ნაღვლიანად გაეღიმა ფოსტმაისტერს, – მაგრამ ისინი, მთავრობაში, დარწმუნებულნი არიან, რა დანჯღრეულ ყუთშიც არ უნდა ჩადო ფოსტა, დანიშნულების ადგილს მაინც მიაღწევს.

მაგრამ ფოსტმაისტერის პრობლემები ყველაზე ნაკლებად აღელვებდა ახლა ქლივის – საკუთარიც თავზე საყრელად ჰქონდა. გაგრილების სისტემა ვერ შველოდა – ტემპერატურამ კიდევ იმატა.

– წუთით დამაცადეთ, – უთხრა და ხომალდის ქიმისკენ წავიდა, სითბო, თითქოს, იქიდან მოდიოდა – სამი ავზი არა საწვავით, არამედ თეთრად მოლივლივე გავარვარებული წიდით დახვდა სავსე და მეოთხესაც, ჩანდა, მსგავსი ბედი ელოდა.

ქლივი მონუსხული დააშტერდა, სულ ერთი წამით. შემდეგ შემობრუნდა და რადიოს ჩასძახა.

– საწვავი აღარ მაქვს… მგონი, კატალიზია… ხომ გეუბნებოდით, რომ ავზები კარგა ხნის წინ იყო შესაცვლელი… პირველივე პლანეტაზე უნდა დავეშვა, სადაც კი ჟანგბადს ვნახავ,.

გადაუდებელი სიტუაციების დამხმარე კატალოგში სირგონის კლასტერი მოძებნა. დასახლებული არ იყო, მაგრამ ადამიანისთვის გამოსადეგი პლანეტების სია დართული ჰქონდა, თუმცა, ჟანგბადის გარდა სხვა რა ელოდა იქ, არსად იყო მითითებული. ამას უკვე თავად გამოიკვლევდა, მთავარია, მშვიდობით მიეღწია და ხომალდი არ დაშლოდა გზად.

– 3-M-22-ზე დაშვებას ვეცდები! – დაიყვირა ქლივიმ, რომ ზუზუნისა და ღრჭიალის ხმა გადაეფარა.

– ფოსტას მოუფრთხილდი! – გამოსძახა ფოსტმაისტერმა, – მაშველ ხომალდს გამოვაგზავნი.

ქლივიმ ურჩია, თუ სად უნდა წაეღო ყველა კონვერტი უკლებლივ, მაგრამ ფოსტის უფროსს აღარ გაუგონია. კავშირი გაწყდა.

ხომალდი 3-M-22– ზე დაეშვა. იმის გათვალისწინებით, რომ გავარვარებული მილები გადაიხლართა და ზედაპირს ოხშივარი აუვიდა, ხელს ვერ შეახებდი, დაშვებას მშვიდობიანი ეთქმოდა. ხომალდი გედივით ნარნარად შეცურდა ატმოსფეროში, მაგრამ მიწამდე ხუთიოდ მეტრი რომ რჩებოდა, ერთბაშად მოწყდა და ლოდივით დაენარცხა.

ქლივის გონება არ დაუკარგავს, თუმცა დარწმუნებული არ იყო, რომ არაფერი მოიტეხა. ხომალდის კედლები სიმხურვალისგან ალისფრად ლაპლაპებდა, ბორძიკით ძლივს წაფორხილდა ავარიული გასასვლელისკენ, ფოსტალიონის ტომარა ზურგზე ჰქონდა მოგდებული.

გარეთ გააღწია, ასიოდ ნაბიჯი გადადგა, თვალები დახუჭული ჰქონდა. ამ დროს აფეთქების ხმა შემოესმა და დარტყმითმა ტალღამ წააქცია. წამოდგა ფეხზე, კიდევ ორი ნაბიჯის გადადგმა შეძლო, პირქვე დაემხო და ახლა უკვე ნამდვილად დაკარგა გრძნობა.

გონს რომ მოეგო, პატარა გორაკის პირას იწვა, მაღალ ბალახში. მისი გონება, თითქოს, სხეულს მოწყდა და სადღაც, ცაში ფარფატებდა, ზემოდან დაჰყურებდა მშვიდად, ყველა საზრუნავისგან, დარდისა და შიშისგან თავდახსნილი.

მიმოიხედა ირგვლივ და პატარა ცხოველი შენიშნა. გვერდით ჩაურბინა, ციყვის ზომისამ, მაგრამ – მუქი მწვანე ბეწვით.

როდესაც ახლოდან დააკვირდა, შეამჩნია – თვალები და ყურები არა ჰქონდა.

არ გაჰკვირვებია. პირიქით – ასეც უნდა იყოს. ჯოჯოხეთში რად უნდა ციყვს თვალები ან ყურები? ციყვს, ცხადია, არ სურს კაცობრიობის ტკივილისა და ტანჯვის ცქერა, სულის შემძვრელი ყვირილის მოსმენა.

ახლა სხვა ცხოველი მიუახლოვდა – მგელსა ჰგავდა, მაგრამ ისიც მწვანე ფერისა იყო. პარალელური ევოლუცია? – გაიფიქრა ქლივიმ. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს… თვალები და ყურები არც მგელს ჰქონდა, მაგიერ ხახა დააფჩინა და ბროლივით თეთრი კბილები დაკრიჭა.

ქლივი უხალისოდ შესცქეროდა – თავისუფლად მოლივლივე გონება მგლებზე და ციყვებზე დარდს არ დაგიდევთ, თვალების გარეშე არიან, თუ როგორ. შენიშნა, რომ ციყვი ადგილზე გახევდა, მგელი ფრთხილად უახლოვდებოდა, მაგრამ ასე, ერთი ნახტომიღა რჩებოდა, უეცრად კვალი რომ დაკარგა. თავი დახარა, წრე დაარტყა ძუნძულით და წავიდა, მაგრამ – საპირისპირო მიმართულებით.

ასე ნადირობენ ბრმები ბრმებზე, – ჩაილაპარაკა ქლივიმ თავისთვის და ეს ნათქვამი ყოვლისმომცველ, მარადიულ ჭეშმარიტებად ეჩვენა.

ამ დროს ციყვი შეკრთა, ცახცახმა აიტანა, მგელი უეცრად მოტრიალდა, ისკუპა და ერთ ლუკმადაც არ ეყო.

რამსიგრძე ეშვები აქვთ მგლებს, – გაიფიქრა ქლივიმ და მგელი მყისიერად შემოტრიალდა მისკენ. ახლა უკვე ერთმანეთის პირისპირ იყვნენ.

შემჭამს, – გაიფიქრა, – პირველი ადამიანი ვიქნები, ვინც ამ პლანეტაზე შეჭამეს. ეს რომ გააცნობიერა, გული მოულბა.

მგელმა ხახა დააფჩინა, როდესაც ქლივიმ ისევ დაკარგა გონება.

საღამო ხანი იყო, როცა ცნობაზე მოვიდა. აწოწილი ჩრდილები მიწაზე დაცოცავდნენ და ჩამავალ მზეს ეპოტინებოდნენ. ქლივი წამოჯდა, კიდურები მოისინჯა – მგონი, მთელი ჰქონდა.

ცალ მუხლზე წამოიწია, გონებიდან ნელ-ნელა გადაეყარა ბინდი. იხსენებდა, თუ Რა გადახდა. მოაგონდა ავარიული დაშვება… თითქოს, ათასი წლის წინ იყო. ალმოდებული ხომალდიდან სამშვიდობოს გააღწია და გრძნობა დაკარგა. შემდეგ გადაეყარა მგელსა და ციყვს.

ბარბაცით წამოდგა ფეხზე და მიმოიხედა. მგელი, ალბათ, ზმანება იყო – სხვაგვარად ცოცხალი ვერ გადარჩებოდა.

დახარა თავი და ფეხებთან მწვანე ფაფუკი კუდი დაინახა, ცოტა მოშორებით კი – ციყვის თავი.

სცადა, აზრები მოეკრიბა. ჩანს, არ მოსჩვენებია მგელი, თანაც – მშიერი. სამაშველო ხომალდის მოსვლამდე რომ მიაღწიოს, ჯერ უნდა გაარკვიოს, რა მოხდა ზუსტად და – რატომ.

აქაურ ცხოველებს თვალები და ყურები არა ჰქონდათ – როგორ პოულობდნენ ერთმანეთს? ყნოსვით? მაგრამ, თუკი ასეა, მგელს ციყვის მიგნება რატომ გაუჭირდა?

ამ ფიქრებში იყო, როცა ყრუ ღრინვა შემოესმა და მიმოიხედა. კიდევ ერთი მხეცი. ოქროსფერ-მოყავისფრო ლაქებით. ყურებისა და თვალების გარეშე. ლეოპარდსა ჰგავდა.

ეს რა დაწყევლილ სამხეცეში მოვხვდი! – გაიფიქრა ქლივიმ და მაღალ ბალახში ჩაწვა, ჩაიმალა. ამოსუნთქვის დროც არა ჰქონდა, არადა, დაფიქრება სჭირდება, კარგად რომ მოისაზროს, როგორ ნადირობენ ეს მტაცებლები. მხედველობის ნაცვლად რაღაც ლოკატორი აქვთ?

ამასობაში ლეოპარდმა კვალი დაკარგა, შორდებოდა.

ქლივის ცოტათი მოეშვა გულზე. ალბათ, გაუნძრევლად თუკი იქნება, ლეოპარდი…

მაგრამ სიტყვა “ლეოპარდის” გაფიქრებაზე, მხეცი შედგა და მისკენ შემობრუნდა.

რა მოხდა? ჰკითხა ქლივიმ საკუთარ თავს და შეეცადა, უფრო ღრმად ჩამალულიყო ბალახში. ყნოსვა არ აქვს, ვერ მხედავს და არ ესმის… მხოლოდ ის გავიფიქრე, ნეტავი, გადავურჩე-მეთქი…

ფრთხილად ასწია თავი – ლეოპარდი უახლოვდებოდა.

თვალებისა და ყურების გარეშე მსხვერპლის მიგნება მხეცს მხოლოდ…

ტელეპათია!

ამ თეორიის შესამოწმებლად, ქლივიმ კვლავ გაიმეორა უხმოდ: “ლეოპარდი”, თითქოს ამით უხმოო მხეცმა დაიღრიალა და ფეხს აუჩქარა.

ქლივიმ წამის მეასედში მოუძებნა გასაღები სამყაროს, რომელშიც აღმოჩნდა – მგელი ციყვს ტელეპათიის მეშვეობით ეძებდა, ციყვი გახევდა და, უთუოდ, ფიქრიც კი შეწყვიტა, ამიტომ მტაცებელმა დაკარგა კვალი… მანამ – სანამ ციყვმა ისევ არ დაიწყო ფიქრი.

ახლა ცხადია, რატომ არ დაესხა მგელი თავს, როცა ქლივი უგონოდ იყო, ალბათ იმ დროს არ ფიქრობდა, ან, ყოველ შემთხვევაში, იმ ტალღაზე – აღარ, რომელსაც მგელი კითხულობდა.

მაგრამ ახლა საშიშროება ლეოპარდია.

მხეცმა ისევ დაიღრიალა – ნელ-ნელა უახლოვდებოდა, რაღაც ოცდაათი მეტრიღა აშორებდათ.

მასზე არ უნდა იფიქროს… უნდა იფიქროს სხვა რამეზე და ის… შესაძლოა, ვერ მიაგნოს. ქლივიმ გაიხსენა ქალები, ოდესღაც რომ იცნობდა, მოიგონა ყველა წვრილმანი, ტკბილი თუ მწარე.

ლეოპარდი შეჩერდა. ადგილზე აწრიალდა ეჭვით. თათებით მიწის ამოთხრა დაიწყო.

ქლივი ფიქრობდა შეუჩერებლივ: ქალები, კოსმოსური ხომალდები, სხვადასხვა პლანეტები, ისევ ქალები, ხომალდები…. და ყველაფერი… ყველაფერი – ლეოპარდის გარდა…

ლეოპარდმა თავი ასწია და მისკენ წამოვიდა.

ჯანდაბა! – შეუძახა საკუთარ თავს ქლივიმ, – რამდენი რამაა სამყაროში: ლოდები, კლდეები, ადამიანები, ქალაქები და ათასი რამ… მაგრამ გონება ჯიუტად ცდილობს ისევ… არა! დაივიწყე! იფიქრე ბებიაზე, აცხონოს ღმერთმა, მამაზე, შეზარხოშებული რომ ბრუნდებოდა სახლში, დალილავებულ მარჯვენა ფეხზე (აბა, დათვალე რამდენი სისხლჩაქცევა გაქვს – რვა. დათვალე ხელახლა – ისევ რვაა).

მაგრამ გონებას გადასართავი ღილაკი არ აქვს, ფიქრებთან ბრძოლა შიშველი ხელებით ზვავის შეჩერების მსგავსი ყოფილა, – ქლივი ამაში თავად დარწმუნდა. ვარჯიში სჭირდება და დრო… დრო კი ცოტა აქვს. სულ რაღაც ორი ნახტომის ტოლი.

უახლოვდება.

ნუ ფიქრობ მასზე… იფიქრე ბანქოს თამაშზე, წვეულებებზე, ძაღლებზე, კატებზე, ცხენებზე, თაგვებზე, ცხვრებზე, მგლებზე (არა, არა – თავიდან მომწყდით!)… იფიქრე იარებზე, საბრძოლო ხომალდებზე, გამოქვაბულებზე, სოროებზე, ბუნაგებზე, ბოკვრებზე (ფრთხილად!)… ლე-ლეიბი, ლებანი, ლობიო, ლუკმა, კვება, კერძი, კაფე, კარი, კერა, მელა, ლაბა, ლაგამი, ლამპარი, ლეო…

ლეოპარდმა სხეული ლარივით გაჭიმა და ნახტომისთვის მოემზადა. ქლივი ფიქრებს დანებდა, მაგრამ, უეცრად, მის გონებაში შთაგონებამ იფეთქა:

ძუ ლეოპარდი!

ლეოპარდი გახევდა და ეჭვით გაიქნია თავი.

ადამიანი ძუ ლეოპარდად იქცა. ტერფით თხემამდე ძუ იყო და ვერ გაეგო – რატომ ცდილობს ეს ხვადი მის შეშინებას? ფიქრობდა ბოკვრებზე, თბილ გამოქვაბულში რომ ელიან, ფიქრობდა ციყვების დევნაზე და გემრიელ ხორცზე…

ლეოპარდი ზანტად მიუახლოვდა და ფრთხილად წაუთათუნა დრუნჩი. ქლივის თავში ფიქრები სასოწარკვეთილად ერთმანეთს სდევდა – თბილ ამინდზე და ლამაზ ლეოპარდზე… რა მშვენიერი ხვადია, ასეთი დიდი, ასეთი ძლიერი, ასეთი უზარმაზარი ეშვებით…

ლეოპარდი აკრუტუნდა!

ქლივი წამოწვა და გაიზმორა, წარმოსახვითი კუდი შემოიხვია სხეულზე. ფიქრობდა, რომ დაღლილია და ძილი სურს. ლეოპარდი შემცბარი ჩანდა. ჩანს, იგრძნო, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე. ერთხელაც დაიღრინა ყრუდ, შეტრიალდა და წავიდა.

მზე ჩაესვენა, მიწას მუქი ლურჯი ფერი გადაეკრა. ქლივი ცახცახმა აიტანა და შლეგი სიცილი წასკდა… ლეოპარდს კიდევ წამითაც რომ მოეთმინა…

გრძნობები მოთოკა. ყველაფერი კარგად უნდა გაეაზრებინა.

სხვადასხვა ცხოველის ფიქრს, ალბათ, თავისი სურნელი აქვს. ციყვის ფიქრს – ერთი, მგლისას – მეორე, ადამიანის ფიქრი კიდევ განსხვავებული უნდა იყოს. როდის შეუძლიათ მხეცებს მისი კვალის აღება? საკითხავი ეს არის ახლა. როდესაც მათზე ფიქრობს? თუ ადამიანის ფიქრს მაშინაც სდის სუნი, როდესაც გამორჩეულად არაფერზე ფიქრობს?

ცხადია, ლეოპარდმა მხოლოდ მაშინ იკრა სუნი, როდესაც მასზე ფიქრობდა, მაგრამ, შესაძლოა, ეს სიუცხოვით დაემართა – ადამიანის ფიქრი ამ პლანეტაზე ჯერ უცხო ლუკმაა, შეიძლება, ამან აურია გონება. მაგრამ ლეოპარდი სულელი არ არის. შემდეგ ჯერზე ხრიკმა, ეგებ, არც გაჭრას. ვნახოთ, რა იქნება.

ქლივი პირაღმა წამოწვა და ცას მიაჩერდა. არაქათი გამოეცალა. სისხლჩაქცევები მთელს სხეულზე გაუსაძლისად სტკიოდა. რა ხდება ღამით? მხეცები ნადირობენ? თუ ისვენებენ? ეგებ, ზავი ცხადდება?

რაც არის – არის. მეტისმეტად იყო დაღლილი.

ციყვებს, მგლებს, ლეოპარდებს, ლომებს, ვეფხვებს და ირმებს – ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველას.

ეძინა.

დილით ჯერ ის გაუკვირდა, ისევ ცოცხალი რომ იყო. კარგი დასაწყისია. ეგებ, დღემ მშვიდობიანად ჩაიაროს. ასე, იმედიანად წავიდა ხომალდისკენ.

243-გან ლითონის გროვაღა დარჩენილიყო, ირგვლივ მიწა გადაბუგული იყო და გამომწვარი. რაღაც ძელი იპოვა, ხელით აწონა და საფოსტო ტომრის ქამარში გაირჭო. დიდი ვერაფერი იარაღია, მაგრამ მაინც სიმხნევე შემატა.

ხომალდს ვერაფერს უშველიდა. ახლა საკვებზე უნდა ეზრუნა. რამდენიმე მსხმოიარე ბუჩქს გადააწყდა, ნაყოფი მოგლიჯა და ჩაკბიჩა ფრთხილად – მჟავე გემო ჰქონდა, მაგრამ უგემური არ ეჩვენა. ჭამით რომ იჯერა გული, იქვე, ნაკადულიდან წყალიც დააყოლა.

ცხოველები ჯერ არ დაუნახავს, მაგრამ, ცხადია, ფრთხილად იყო – იქნებ, სწორედ ახლა უვლიან წრეს და ნებისმიერ წამს შეუძლიათ, თავს დაესხნენ.

ავი აზრები გადააგდო და თავშესაფარს დაუწყო ძებნა – ამაზე უკეთესს ვერაფერს იზამდა. სანამ სამაშველო ხომალდი მოვიდოდა, როგორმე უნდა დამალულიყო და ასე გადაერჩინა თავი. მცირე გორაკებზე დაძვრებოდა, ეძებდა კლდეს, ხეს, გამოქვაბულს, მაგრამ – ამაოდ. ტანმორჩილი ბუჩქების გარდა ვერაფერი ნახა.

ამასობაში შუადღეც ჩამოდგა. დაიღალა და ცოტა შიშმაც შეიპყრო – შეშფოთებით აკვირდებოდა ზეცას. რატომ არვინ მოდის? მისი შეფასებით, სწრაფმავალ ხომალდს ერთ-ორ დღეში უნდა დაეფარა ეს მანძილი.

თუ ფოსტმაისტერს კოორდინატები არ შეეშალა.

ამ დროს თავზემოთ შენიშნა რაღაც. გული აუჩქარდა. მოფრინავს!

მაგრამ ფრინველი აღმოჩნდა. ნელა კრავდა კამარას და გაეშალა გიგანტური ფრთები. წამით დაეშვა ოდნავ, შემდეგ კვლავ აკრიფა სიმაღლე.

სვავს ჰგავდა.

ქლივმა თავშესაფრის ძებნა განაგრძო და უცაბედად ოთხი ბრმა მგლის პირისპირ აღმოჩნდა.

ერთ კითხვაზე მაინც მიაგნო პასუხს – პლანეტის მტაცებლებს მისი ფიქრის სუნის ამოცნობა შეუძლიათ და, ჩანს, გადაწყვიტეს – ეს უცხო არსება საჭმელად ვარგისია.

მგლები ფრთხილად უახლოვდებოდნენ. ქლივიმ ლითონის ძელი ამოაცოცა ქამრიდან, თან ის ხრიკი სცადა, წინა დღით რომ გამოადგა – ძუ მგლად წარმოიდგინა თავი, რომელიც დაკარგულ ლეკვებს ეძებს. რომელიმე თქვენგანი, ბატონო მგლებო, ხომ არ დამეხმარებით მათ პოვნაში? სადღაც აქ უნდა იყვნენ, ერთს მწვანე ფუმფულა ბეწვი აქვს, მეორეს – ჭროღა ხალები აყრია და…

ამ მგლებს, ალბათ, ხალებიანი ლეკვები არ ჰყავთ – პირველმა ისკუპა და ქლივის მიერ მოქნეული ძელი მოხვდა დრუნჩში. მხეცმა უკან დაიხია.

ახლა მხარი მხარს მისცეს და ასე, ერთად შეუტიეს.

ქლივი სასოწარკვეთილი ფიქრობდა: ჯერ, ვითომ იქ არ იყო – ესა სცადა, რომ არ გაჭრა, ახლა ლეოპარდად გარდაისახა, დიდ, ღონიერ ლეოპარდად, რომელიც ჩასაფრებულია და მგლის მონადირებას ცდილობს.

მგლები ოდნავ დაფრთხნენ, შეჩერდნენ, კუდებს იქნევდნენ, მაგრამ მაინც არ იცვლიდნენ ფეხს.

ქლივიმ შეუღრინა, თათები დასცა მიწას, მათკენ დაიძრა. მგლებმა უკან დაიხიეს, მაგრამ ერთმა ზურგიდან შემოუარა.

ქლივიმ გვერდით გადადგა ნაბიჯი, ცდილობდა, ალყას დასხლტომოდა, ალბათ, მთლად დამაჯერებელი ლეოპარდი ვერ იყო – მგლები ბოლომდე ვერ დაარწმუნა. მხეცები დადგნენ და აღარ იხევდნენ უკან.

ერთი კვლავ ზურგში ჰყავდა, სხვები – პირისპირ. ენები გადმოფინეს და დუჟი სდიოდათ ხარბად. ქლივიმ საბრძოლო ყიჟინა დასცა და ძელი მოიქნია, წინარე მგელი მოერიდა, მაგრამ სხვა უკნიდან დაესხა თავს, საფოსტო ზურგჩანთას დაახტა.

ქლივი წაიქცა და მგლების ქვეშ აღმოჩნდა. მაგრამ, სწორედ ამ დროს, ხსნად შთაგონების მოზღვავება იგრძნო – გველად დაიგრაგნა, სრიალა, მოუხელთებელ, მომაკვდინებელ ასპიტად, შხამიანი კბილებით.

მგლები ერთბაშად დაფრთხნენ. ქლივი კი სისინებდა და იკლაკნებოდა, მგლები ბრაზით უღრენდნენ, თუმცა, თავდასხმას ვერ ბედავდნენ.

მაგრამ აქ ქლივი შეცდა. გონებით იცოდა – მტკიცედ და უტიფრად უნდა მდგარიყო, მაგრამ სხეულმა უმტყუნა – შეტრიალდა და გაიქცა.

მხეცები დაედევნნენ, ეშვები უელავდათ. სიმამაცე მოიკრიბა, სცადა კვლავ გველად ქცეულიყო, მაგრამ აღარ დაუჯერეს. შენიშნა, სვავები დასტრიალებდნენ მათი წილი ლუკმის მოლოდინში, ამან უჩვენა გადარჩენის გზა – ასტრონავტმა კარგად იცოდა, როგორ გამოიყურება პლანეტა ციდან და ფრინველად წარმოიდგინა თავი. აიჭრა მაღლა, შეკრა კამარა, ზემოდან გადაავლო თვალი დაბალ გორაკებსა და აბიბინებულ ველებს.

მგლები საგონებელში ჩავარდნენ. ადგილზე წრიალებდნენ, ჰაერში ხტოდნენ. ის კი დაჰყურებდა ღრუბლებიდან და იწევდა სულ მაღლა და მაღლა, თან ფეხაკრეფით მიიპარებოდა.

მხოლოდ მაშინ შეჩერდა, როდესაც მტაცებლები დატოვა სადღაც შორს, ვეღარც ხედავდა. ახლაღა იგრძნო, როგორ დაიქანცა. საღამო ხანი დადგა. ამ დღემაც ჩაიარა და ჯერისევ ცოცხალი იყო. როგორც დარწმუნდა, ყოველი ფანდი მხოლოდ ერთხელ ჭრის. რას მოიფიქრებს ხვალ, თუ სამაშველო ხომალდი ისევ არ მოვა?

რომ ჩამოღამდა, წამოწვა და დიდხანს შეჰყურებდა ცას. არაფერი ჩანდა ვარსკვლავების გარდა. ჰაერს ხანდახან არხევდა მგლის ყმუილი თუ ლეოპარდის ღრიალი. უთუოდ, ხვალინდელ საუზმეზე ოცნებობდნენ.

ისე სწრაფად დაათენდა, ხეირიანად გამოძინებაც ვერ მოასწრო. ჯერ ისევ დაღლილი იყო და სხეულის წამოწევა გაუჭირდა. პირაღმა დაწვა და დაელოდა, რა მოხდებოდა.

სამაშველო ხომალდი არსად ჩანდა. სად არიან? დრო საკმარისად ჰქონდათ. თუ კიდევ დაუგვიანდებათ, ის წყეული ლეოპარდი …

ჯანდაბა! სულ ტყუილად გაიფიქრა – ბრდღვინვის ხმა შემოესმა მარჯვნივ.

სწრაფად წამოდგა და გაეცალა – ისევ მგლები ურჩევნია.

არც ეს უნდა ეფიქრა! ახლა მგლების ყმუილიც ესმის.

ყველა მხეცს ერთდროულად გადაეყარა. აქეთ – ლეოპარდი, იქეთ – რამდენიმე მგლის ლანდი… ეგებ, ერთმანეთს დაერიონ. მგლები თუ ლეოპარდს დაესხმიან თავს, გაქცევას შეძლებს…

მაგრამ ეს მხოლოდ ოცნება იყო. რატომ უნდა შეებრძოლონ ერთმანეთს, თუ ერთადერთი, ვინც შიშსა და უმწეობას შეუპყრია, ის არის მხოლოდ და ყველას გასაგონად ამას ასხივებს.

ლეოპარდი მისკენ დაიძრა. მგლები შორიახლო უთვალთვალებდნენ – უთუოდ, ნეშტზეც ყაბულს იყვნენ. ქლივიმ წუხანდელივით ფრენის ფანდი სცადა, მაგრამ ლეოპარდი სულ ერთი წამით შეყოვნდა და ჯიუტად სვლა განაგრძო.

ქლივიმ მგლებისკენ წაიწია. კლდე სჭირდებოდა ახლა, ან, თუნდაც, მაღალი ხე…

ირგვლივ კი მხოლოდ ბუჩქებია! უსასოობისგან თავადაც იქცა ბუჩქად. წარმოდგენა არა ჰქონდა, რას ფიქრობენ ბუჩქები, მაგრამ ცდილობდა, როგორც შეეძლო.

ის ყვავილობს. ერთ ფესვს მიწიდან ამოუყვია წვერი და დაგრეხილა – ალბათ, ძლიერმა ქარმა თუ გადახვეტა. მიუხედავად ყველაფრისა, საღი ბუჩქია, ლამაზი.

ტოტების შრიალში არ გამოჰპარვია – მგლები ადგილიდან არ იძვრიან, ლეოპარდი კი ირგვლივ უვლის, დრუნჩს უსვამს და ბეწვით ეგლასუნება.

ვის მოუნდება ბუჩქის ჩაკბეჩა? – გაიფიქრა ქლივიმ, – თქვენ მოგეჩვენათ, რომ ვიღაც სხვა ვიყავი, სინამდვილეში კი უბრალო ბუჩქი ვარ. ფოთლებით პირის გასველება ხომ არ გსურთ? ცხადია – არა. და ტოტებზე ეშვის გატეხა? ვის გაუგონია ბუჩქებიჭამია ლეოპარდი? მე კი ბუჩქი ვარ. დედა ნახე, მამა ნახე – ისინიც ბუჩქებია. ბუჩქების ოჯახი ვართ. ასე მოგვდგამს ნეოლითის ხანიდან.

ლეოპარდს თავდასხმის სურვილი არ ეტყობოდა, მაგრამ არც თავს ანებებდა. ქლივიმ არ იცოდა, სადამდე შეძლებდა ასე. კიდევ რაზე შეიძლება ფიქრი? გაზაფხულის ყვავილობაზე? გულწითელაზე, რომელიც მისი თმებისგან ბუდეს იკეთებს?

ამ დროს პაწია ჩიტი დაეშვა მხარზე.

მშვენიერია, – გაიფიქრა ქლივიმ, – მასაც ბუჩქი ვგონივარ. მართლა აპირებს ბუდის გადგმას… ცხადია, მე ხომ ასეთი ლამაზი ბუჩქი ვარ. ვერც ერთი ბუჩქი ვერ მჯობია.

ჩიტმა კისერში ჩაუნისკარტა. მსუბუქად.

ფრთხილად, – გაიფიქრა ქლივიმ, – არ მოჭრა ტოტი, რომელზეც ზიხარ…

მაგრამ იმან ისევ ჩაუნისკარტა. შემდეგ კარგად დაუმიზნა, ჩააფრინდა კლანჭებით და პნევმატიკური ჩაქუჩივით ამუშავდა.

წყეულო კოდალავ, – გაიფიქრა ქლივიმ.

ცდილობდა, ბუჩქად დარჩენილიყო. ლეოპარდი აწრიალდა. როდესაც ფრინველმა მეთხუთმეტედ ჩაარტყა, ქლივიმ ვეღარ შეიკავა თავი, სტაცა ხელი კოდალას და ლეოპარდს მიანარცხა დრუნჩში.

ლეოპარდმა კბილები გააღრჭიალა, მაგრამ ვერ მოასწრო – ჩიტი დაუსხლტა, გულმოსულმა გადაუფრინა ქლივის და სხვა, უფრო მშვიდი ბუჩქის მოსაძებნად წავიდა.

ქლივი კი კვლავ ბუჩქად იქცა, მეყსეულად, მაგრამ მაინც დაუგვიანდა – წარმოდგენა დასრულდა. ლეოპარდმა თათი გაჰკრა. ქლივი არ დალოდებია – ადგილს მოწყდა, გაიქცა და მგელს შეასკდა. ლეოპარდიც წამოადგა თავზე – ქლივიმ იფიქრა, რომ უკვე მკვდარი იყო.

ლეოპარდი ჭოჭმანობდა.

ქლივი გვამად იქცა. ტერფიდან თხემამდე იხრწნებოდა. დღეებია უკვე, კვირებია. სისხლისგან არის დაცლილი. ხორცი შემოეფლითა, ყარს. მხოლოდ ლეში დარჩა. არც ერთი გონიერი ცხოველი არ შეეხება, რაც არ უნდა მშიერი იყოს.

ლეოპარდი, თითქოს, დაეთანხმა, გაეცალა. დამშეული მგლები აყმუვლდნენ, მაგრამ მათაც დაიხიეს უკან.

ქლივიმ გახრწნილების კიდევ რამდენიმე დღე დაიმატა – ფიქრობდა, რამდენად საზარელი, რამდენად უგემური იყო, რამდენად – აყროლებული. ვერც ერთი მზარეული შეძლებს, აქციოს კერძად.

ლეოპარდი უხალისოდ შორდებოდა. მგლებიც. მგონი, გადარჩა! ასე გვამად ყოფნა დაუსრულებლად შეეძლო.

უცებ, დამპალი ხორცის სუნი იგრძნო. მიმოიხედა და დაინახა – გვერდით უზარმაზარი ფრინველი დაეშვა.

დედამიწაზე ასეთებს სვავები ჰქვიათ.

ქლივის ცრემლები არა ჰქონდა, თორემ ატირდებოდა. ხსნა არ არის. სვავი ახლოს მიბაჯბაჯდა. ქლივი სწრაფად წამოხტა და ფეხი მოუქნია – თუ მაინც აქ უნდა შეჭამონ, სვავს ნამდვილად არ დანებდება.

ლეოპარდი ელვისებურად შემობრუნდა, გაბრაზებული და გულმოსული ჩანდა. ქლივიმ ლითონის ძელი მოიმარჯვა. ინატრა ხე, ან – შაშხანა ან თუნდაც – ჩირაღდანი…

ჩირაღდანი!

იმწამსვე იგრძნო, რომ საშველს მიაგნო. აენთო და აბრიალდა ლეოპარდის ცხვირწინ. მხეცმა უკან ისკუპა. ქლივი კი დიდი კოცონად იქცა, ყველა მიმართულებით მოედო, წვავდა, გიზგიზებდა. წაეკიდა მზისგან თივად ქცეულ ბალახს, ხმელ ბუჩქებს.

ლეოპარდი გაიქცა, მგლებიც გაიძურწნენ.

ქლივი ბობოქრობდა. აქამდე როგორ არ გაახსენდა, რომ ყველა ცხოველშია დამარხული ცეცხლის პირველყოფილი, ფარული შიში. ახლა ხანძრად მოედება მთელს პლანეტას, ყველაზე მძვინვარე გენიად, რაც კი ოდესმე ყოფილა.

მსუბუქმა ნიავმა დაუბერა, გაიტაცა ალი და მოსდო გარემოს. დააფრთხო ციყვები, რომლებიც ბუჩქებიდან გადმოხტნენ და თავს უშველეს. გუნდ-გუნდად გაფრინდნენ ფრინველები. გარბოდნენ ლეოპარდები, მგლები და სხვა მხეცები. არვინ ფიქრობდა ნანადირევზე, თავშესაფარს ეძებდა ყველა, სადაც დაემალებოდნენ ცეცხლს – მას დაემალებოდნენ!

ბუნდოვნად იგრძნო, რომ თავადაც ტელეპათად იქცა. თვალები დახუჭული ჰქონდა, მაგრამ მისი მზერა სწვდებოდა ოთხივე მხარეს. ცხადად ხედავდა, რაც ხდებოდა. მძვინვარე ცეცხლად მიიწევდა წინ, შთანთქავდა გზად ყველაფერს და კითხულობდა მათ დაფეთებულ ფიქრებს, ვინც უკანმოუხედავად გაურბოდა.

ადამიანი მართავს ბუნებას. მისი გამორჩეული ინტელექტით ადამიანი ადაპტაციის დიდოსტატია. იგივეა აქაც. გოროზად დაეპატრონა ამ პლანეტას. გადაახტა ნაკადულს, რომელიც მისგან ხუთი კილომეტრით იყო დაშორებული და მეორე ნაპირზე ალად მოედო ბუჩქებს, ააგიზგიზა, დაწვა…

წყლის წვეთი დაეცა, რომელიც წამსვე დააშრო, მაგრამ პირველ წვეთს მოჰყვა სხვა. კიდევ ბევრი. ათი, ასი, ათასი. ის სველდებოდა. სველდებოდა ბალახიც, ბუჩქებიც – მისი საკვები წაართვა წყალმა.

ცეცხლი ნელ-ნელა ჩაიფერფლა.

ეს ხომ უსამართლობაა, – ფიქრობდა ქლივი, – წესით, გამარჯვება მას უნდა დარჩენოდა. უცხო პლანეტას დაუპირისპირდა ამ პლანეტის წესებითვე და სძლია. ახლა კი ბრმა სტიქიამ გამოსტაცა გამარჯვება.

მხეცები ფრთხილად უახლოვდებოდნენ.

წყალმა ალის ბოლო ენაც ჩააქრო. ქლივის აღმოხდა ოხვრა და გონება დაკარგა.

– … საუკეთესოდ შეასრულეთ დავალება – ბოლომდე იცავდით ფოსტას, რაც ფოსტალიონის პირველი ამოცანაა! ალბათ, ჯილდოზე წარგადგენთ.

ქლივიმ თვალები გაახილა. ფოსტმაისტერი დაჰყურებდა გაცისკროვნებული ღიმილით. თავად კი საწოლზე იწვა და ლითონით შეკრულ კედლებს ხედავდა.

სამაშველო ხომალდზე იყო.

– რა მოხდა? – ჰკითხა. ხმა ჩახლეჩოდა.

– სულზე მოგისწარით… იწექი, არ წამოდგე – კინაღამ დაგვაგვიანდა.

ქლივიმ იგრძნო, ხომალდი მიწას მოწყდა. 3-M-22-ს ტოვებდნენ.

წამოიწია და ილუმინატორიდან მომწვანო მიწას გადახედა, რომელსაც შორდებოდნენ.

– სულზე მოგისწარით… – გაუმეორა ფოსტმაისტერმა, – ხომალდის ცეცხლსაქრობი სისტემა დროულად ავამოქმედეთ – ყველაზე დიდი ხანძრის შუაგულში იდექი, რაც კი ოდესმე მინახავს…

მანაც გაიხედა ილუმინატორიდან და პლანეტის მწვანედ აბიბინებული ზედაპირის დანახვაზე, ისეთივე ეჭვიანი გამომეტყველება აღებეჭდა სახეზე, როგორც – ლეოპარდს.

– კი მაგრამ, როგორ მოახერხე, რომ არ დაიწვი?

©Robert Sheckley – The Odour of Thought. Star Science Fiction Stories No.2, 1953
©LV (ქართული თარგმანი, 2023)

Creative Commons License©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: