რეი ბრედბერი
ნოემბრის ნისლიანი საღამო იყო. ლეონარდ მიდს ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და სიჩუმეს მიუყვებოდა, მიაბიჯებდა ბეტონის დაბრეცილ საფარზე, აქა-იქ თავამოწვერილ ბალახებს შორის. უყვარდა სეირნობა, როცა ქალაქი დუმდა. გზაჯვარედინთან შეჩერდებოდა ხოლმე და მთვარით განათებულ ქუჩებს გახედავდა, ფიქრობდა, ოთხი კუთხიდან რომელი აერჩია, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არცა ჰქონდა – 2053 წელი იდგა და ამ სამყაროში ის იყო მარტო… ან – თითქმის, მარტო. ბოლოს აედევნებოდა არჩეულ ქუჩას და სუსხიან ჰაერში პირიდან სდიოდა ორთქლი, როგორც სიგარის კვამლი.
აათობით სეირნობდა და შინ ბრუნდებოდა ხოლმე, როდესაც შუაღამე უკვე გადაწურული იყო. ათვალიერებდა სახლებსა და ჩაბნელებულ ფანჯრებს – უკაცრიელ სასაფლაოს რომ მოგაგონებდათ. ციცინათელების ციაგს ირეკლავდა შუშები, კედლებზე ხედავდა თალხ აჩრდილთა ლაციცს და უსმენდა ფარდების ჩურჩულს, აქა-იქ ღიად დარჩენილი სარკმლებიდან.
თუ დაიღლებოდა, ლეონარდ მიდი შეისვენებდა ხოლმე, თავს დახრიდა, ყურს უგდებდა და უყურებდა, შემდეგ ისევ განაგრძობდა გზას და მისი ფეხის ხმაც კი არ არხევდა მდუმარებას – რეზინის სპორტული ფეხსაცმელი ეცვა, როგორც ყოველთვის, როდესაც საღამოს გადიოდა სასეირნოდ. კარგა ხნის წინ დარწმუნდა – ასე უფრო უსაფრთხო იყო, რაკი ქუსლების ბაკუნზე ძაღლები აედევნებოდნენ ხოლმე ყეფით, შუქები ინთებოდა ყველგან და შეშფოთებული სახეები თვალს აყოლებდნენ მის ეულ სხეულს, რომელიც მიაბიჯებდა ნოემბრის ღამეში უკაცრიელი ქუჩით.
დღეს დასავლეთის მიმართულება აირჩია, იქითკენ, სადაც დამარხული იყო ზღვა. ჰაერი გაჟღენთილი იყო ყინვით, ფილტვები ყოველი ჩასუნთქვისას ეწვოდა, როგორც საშობაო მაშხალა და უხილავი თოვლით დაფარული ნაძვის წიწვები ცხვირის ნესტოებში ჩხვლეტდა თითქოს.
მიდიოდა და თან მიჰყვებოდა შემოდგომის ფოთლების შარი-შური ფეხქვეშ და მელოდია, რომელსაც უსტვენდა ნაჩუმათევად. ხანდახან დაიხრებოდა, აიღებდა ფოთოლს და აკვირდებოდა ყვითელი ლამპიონების შუქზე. დაყნოსავდა და ბედნიერი იყო.
– ჰეი, გამარჯობა, – ჩურჩულით ესალმებოდა ყოველ შენობას, რომელსაც ჩაუვლიდა, რა გადის ამაღამ მე-4 არხზე, მე-7 არხზე, მე-9 არხზე? საით მიაგელვებენ ცხენებს კოვბოები? ვის დასახმარებლად მიიჩქარის შეერთებული შტატების კავალერია?
ქუჩა იყო უთქმელი, გრძელი და უსულო, მხოლოდ საკუთარი აჩრდილი მისდევდა უკან, როგორც ქორის ლანდი გადაუფრენს ხოლმე ველებს. თუ შეჩერდებოდა და დახუჭავდა თვალებს, შეეძლო იმის წარმოდგენა, როგორ დგას არიზონაში, სადმე შუა უდაბნოში, სადაც უქარო ზამთარია და არც ერთი სახლი ათასობით კილომეტრში – მხოლოდ დამშრალი მდინარის კალაპოტები, დაცარიელებული გზები და არც ერთი ძეხორციელი.
– რა გადის ახლა? – ჰკითხა ისევ სახლებს და საათს დახედა. საღამოს ცხრის ნახევარზე? მკვლელობების საიდუმლო? ტელე-სპექტაკლი? ვიქტორინა? თუ კომედიური შოუ?
სიცილის ხმა შემოესმა მიტკლისფერი შენობიდან, თუ – მოეყურა? შეჩერდა წამით, მაგრამ მალევე განაგრძო გზა, რაკი ჩამიჩუმი არ ისმოდა. და წამოკრა ფეხი – ტროტუარი უჩვეულოდ დაბრეცილი იყო, ასფალტი – სრულად ჩაკარგული ყვავილებისა და ბალახის საფარქვეშ. ღამით იქნებოდა თუ დღისით ათასობით და ათასობით კილომეტრი გაიარა ამ ათი წლის განმავლობაში, მაგრამ ფეხით მოსიარულე ერთი ადამიანიც არ შეხვედრია.
კიდევ ერთი გზაჯვარედინი, სადაც ორი მთავარი გზატკეცილი კვეთდა ქალაქს და ბენზინგასამართი სადგურები იყო ჩამწკრივებული ოთხივე მხარეს. დიდი ჯაფა ადგათ დღისით – უამრავი ავტომობილი დაქროდა, ერთმანეთის გადასწრებას ლამობდა, ძიძგილაობდა, როგორც გიგანტური ფუნაგორიები. თან სდევდა გამონაბოლქვის კვალი სახლიდან შორი მიმართულებით მოჩქარეს, თუ – პირუკუ, მაგრამ ახლა გვალვიანობის დროს დამშრალ ნაკადულს ჰგავდა აქაურობა, მოშიშვლებული ქვის კალაპოტს, რომელსაც დანათის მთვარე.
შეუხვია და პირი სახლისკენ ქნა. შინ ბრუნდებოდა (ერთი უბანიღა უნდა გაევლო) როცა ქუჩაბანდიდან მასავით ეული მანქანა გამოენთო და მაშუქი ჩართო. ლეონარდ მიდი ჯერ მონუსხულივით ადგილს მიეყინა, როგორც ღამის ფარვანას ემართება ლამფის შუქზე. შემდეგ სინათლის მიმართულებით გადადგა ნაბიჯი.
მაგრამ ლითონით დაფერფლილმა ხმამ უბრძანა:
– არ გაინძრეთ! დარჩით, სადაც ხართ!
ის გაჩერდა.
– ხელები მაღლა!
– მაგრამ… – თქვა მან.
– ხელები მაღლა! თორემ გესვრით!
პოლიცია იყო, იშვიათი, წარმოუდგენელი სანახაობა – სამმილიონიან ქალაქში მხოლოდ ერთი პოლიციის მანქანა იყო დარჩენილი, განა გასულ წელს, 2052-ის არჩევნების დროს არ შეამცირეს პოლიციის ძალები და სამი მანქანიდან ერთი დატოვეს? დანაშაული აღარ ხდება, პოლიცია საჭირო აღარ არის და ერთი მანქანაც საკმარისია, რომელიც ცარიელ ქუჩებში დახეტიალობს.
– სახელი? – ჰკითხა მანქანამ ხმადაბლა, მაგრამ ისევ იმ ლითონშერეული ხმით.
მანქანის ეკიპაჟს ვერ ხედავდა, კაშკაშა შუქი ჭრიდა თვალებს.
– ლეონარდ მიდი, – უთხრა.
– ხმამაღლა!
– ლეონარდ მიდი!
– რას საქმიანობთ? პროფესია?
– ალბათ, მწერალი ვარ.
– პროფესიის გარეშე, – თქვა პოლიციის მანქანამ, თითქოს – თავისთვის.
ლეონარდ მიდი ფარების შუქში თავს ისე გრძნობდა, როგორც დაფაზე ქინძისთავებით მიმაგრებული სამუზეუმო ექსპონატი.
– ჰო… ეგრეც შეიძლება თქმა, – დაეთანხმა.
წლებია უკვე, არაფერი დაუწერია. ჟურნალები და წიგნები არ იყიდება. ყველანი აკლდამებად ქცეულ შენობებში გამოიკეტნენ, როგორც ტელევიზორის ეკრანით სუსტად განათებულ სამარხებში. ადამიანები ეკრანების წინ – ნაცრისფერი და ფერადი ათინათი დასთამაშებთ სახეებზე, მაგრამ მათ გულებს ვერ ათბობს.
– პროფესიის გარეშე, – გაიმეორე სისინა ხმამ, – რას აკეთებთ გარეთ?
– ვსეირნობ, – უთხრა ლეონარდ მიდმა.
– სეირნობთ?
– უბრალოდ ვსეირნობ, – უპასუხა მშვიდად, მაგრამ იგრძნო, როგორ დაუარა სუსხმა.
– სეირნობთ? უბრალოდ სეირნობთ? ფეხით სეირნობთ?
– დიახ, სერ.
– სად სეირნობთ? რისთვის?
– ჰაერისთვის. და ვათვალიერებ.
– მისამართი!
– სამხრეთი მხარე, სენთ ჯეიმზის ქუჩა, თერთმეტი ნომერი.
– თქვენს სახლში ჰაერი არ არის? კონდიციონერი გაქვთ, ბატონო მიდ?
– მაქვს.
– ეკრანი არ გაქვთ, საყურებლად?
– არა.
– არა?
მჭახე დუმილი ჩამოწვა, როგორც – ბრალდება.
– დაოჯახებული ხართ, ბატონო მიდ?
– არა.
– ცოლი არ ჰყავს, – თქვა ცეცხლოვან შუქში გახვეულმა პოლიციის ხმამ.
მაღლა ციდან დაჰყურებდა მთვარე, ციალებდა ვარსკვლავები და სახლები ირგვლივ იყო რუხი და მდუმარე.
– არვინ გამომყვა, – თქვა ლეონარდ მიდმა ღიმილით.
– ნუ პასუხობთ, სანამ არ შეგეკითხებიან!
ლეონარდ მიდი ელოდა ღამის სიცივით შეკრული.
– უბრალოდ ფეხით სეირნობთ, ბატონო მიდ?
– დიახ.
– მაგრამ ვერ ამბობთ, რა მიზნით.
– ხომ გითხარით: სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად, გარემოს დასათვალიერებლად და უბრალოდ – სასეირნოდ.
– ხშირად იქცევით ასე?
– წლებია უკვე… ყოველ ღამე.
პოლიციის მანქანა იდგა შუაგულ ქუჩაში, გაუნძრევლად, მხოლოდ რადიო ზუზუნებდა სუსტად.
– კარგი, ბატონო მიდ, – უთხრა ბოლოს.
– სხვა არაფერი გაინტერესებთ? – ჰკითხა თავაზიანად.
– აქეთ მოდით, – რაღაცამ გაიჩხაკუნა, შემდეგ ამოიკვნესა და პოლიციის მანქანის უკანა კარი გაიღო, – ჩაჯექით!
– კი მაგრამ, არაფერი დამიშავებია!
– ჩაჯექით!
– ვაპროტესტებ!
– ბატონო მიდ!
მიუახლოვდა ბარბაცით, როგორც შეზარხოშებულები დადიან. საქარე მინას რომ ჩაუარა, დააკვირდა. არც საჭესთან იჯდა ვინმე, არც – გვერდით. მანქანა ცარიელი იყო.
– ჩაჯექით!
კარის სახელურს მოეჭიდა – ავტომობილში, რბილი სავარძლის ნაცვლად, ხეშეში მერხი დაინახა, მოქლონებით შეკრული ძელებით კი პატარა საკანი მოეწყოთ, ფოლადისა და სადეზინფექციო ხსნარის სუნი სდიოდა, სისუფთავისა და სიხისტის სუნი.
– ცოლი რომ გყოლოდათ, ალიბის დაგიმოწმებდათ, – უთხრა რკინისებურმა ხმამ, – ახლა კი…
– სად მიგყავართ?
მანქანა, დუმდა, თითქოს, ჭოჭმანობსო, მაგრამ ამ დროს აკაკუნდა – საინფორმაციო ბარათს ჩახედა, ალბათ, ელექტრონული თვალით და უთხრა:
– რეგრესული ტენდენციების კვლევის ფსიქიატრიულ კლინიკაში.
ლეონარდ მიდი ჩაჯდა და კარი უჩუმრად დაიხურა. პოლიციის მანქანა ღამეულ ქუჩაში გასრიალდა, გზას მკრთალი შუქი უნათებდა.
მალე გამოჩნდა სახლი. ასეთი ერთი იყო მთელს ქალაქში, განათებული, მრავალ ჩაბნელებულ სახლს შორის. ყველა ფანჯარა ოქროსფრად მოელვარე. ოთხკუთხა შუშები, ყვითლად მოციმციმე ნათურების სითბო, ცივ სიბნელეში.
– ეს ჩემი სახლია, – თქვა ლეონარდ მიდმა.
არვინ უპასუხა. მანქანა მიქროდა მდინარის დამშრალი კალაპოტივით დაცარიელებული ქუჩით, უკან რჩებოდა უკაცრიელი ტროტუარები, უსულო და უმოძრაო ნოემბრის გრილი ღამე.
©Ray Bradbury – The Pedestrian. The Reporter, August 7, 1951
©LV (ქართული თარგმანი, 2023)
©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___