რეი ბრედბერი
– მზად ხარ?
– კი.
– იწყება?
– მალე.
– მეცნიერებმა ზუსტად გამოთვალეს? ნამდვილად დღეს არის?
– დაელოდე, დაელოდე… თავად ნახავ!
ბავშვები მიაწყდნენ ფანჯრებს, ყელმოღერებით, როგორც ბაღის სარეველებს შორის ამოკოკრილი ვარდები, ფეხის წვერებზე იწევდნენ ღრუბლებში დამალული მზის დასანახად.
წვიმდა.
წვიმდა უკვე მეშვიდე წელი, ათასობით და ათასობით დღე ნისლში იყო გახვეული, წვიმა გაუჩერებლივ უკრავდა დაფზე, წვეთები, როგორც ბროლის თვლები ფაიფურის ჯამში გორავდნენ და წყლის ტალღები, ქარიშხლის მიერ ატაცებულნი, დაუნდობლად ესხმოდნენ კუნძულებს თავს. დიდრონი ხეები ათასგზის მოგლიჯა და წააქცია გრიგალმა იმად, რომ ათასი ახალი ამოზრდილიყო და კვლავ შეკრულიყო ტყედ. ასე ცხოვრობდა ვენერა და სასკოლო ოთახი სავსე იყო ბავშვებით, ვისი მამები და დედები ჩამოფრინდნენ დედამიწიდან, იმ იმედით, რომ ამ წვიმიან პლანეტაზე დასახლდებოდნენ და დააფუძნებდნენ ადამიანთა ცივილიზაციას.
– შეხედე, წვიმა შესუსტდა… გადაღებას აპირებს!
– ვხედავ! ვხედავ!
მარგო იდგა შორიახლოს. ცალკე. სხვა ბავშვებს არაფერი ენახათ წვიმის და წვიმის და კიდევ მეტი წვიმის გარდა. ყველაზე უფროსები ცხრა წლისანი იყვნენ და დღე შვიდი წლის წინ, როდესაც ღრუბლები გადაიყარა და უეცრად, სულ ერთი საათით გამოანათა მზემ და დახედა გაოგნებულ სამყაროს, მათ არ ახსოვდათ. მოუსვენრად წრიალებდნენ საწოლებში ღამით და დუდუნებდნენ ჩუმად. მარგომ იცოდა – ისინი ცდილობდნენ გახსენებას და სიზმრად ხედავდნენ ყვითელი თუ ოქროსფერი ცარცით მოხატულ მონეტას, იმდენად ძვირფასსა და დიდს, რომ მთელი სამყაროს ფასი ღირდა. ბავშვებს ეგონათ, რომ ახსოვდათ მხურვალება, ალისფრად სახეებზე დაფენილი, სხეულში ჩაღვრილი სითბო, გრძნობა, როდესაც მუხლები გეკვეთება და ხელები გიკანკალებს, მაგრამ, როგორც კი გაიღვიძებდნენ, ყველაფერი ქრებოდა და იყო მხოლოდ კაკლებად დაშლილი უსასრულო მძივის ბურთულების კაკუნი სკოლის სახურავზე, წვიმიანი ბილიკები, ბაღები, ტყეები და დაკარგული ოცნებები.
წინა დღით კლასში მზის შესახებ კითხულობდნენ. მთელი დღე კითხულობდნენ გავარვარებულ, ყვითელ ლიმონზე. შეთხზეს პატარა მოთხრობები, ესეები და ლექსები.
„მზე, ალბათ, ყვავილია, რომელიც მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში ყვავის“.
ეს დაწერა მარგომ და წაიკითხა ხმადაბლა, გატრუნულ საკლასო ოთახში, როდესაც გარეთ წვიმდა.
– შენ არ დაგიწერია! – შესძახა ერთ-ერთმა ბიჭმა.
– მე დავწერე, – უთხრა მარგომ, – მე მოვიფიქრე.
– უილიამ! – მკაცრად უთხრა მასწავლებელმა.
მაგრამ ეს იყო გუშინ. ახლა კი წვიმამ დაიწყო კლება და ბავშვები ფანჯრებს მისცვივდნენ, იცქირებოდნენ დიდრონი, სქელი შუშების მიღმა.
– სად არის, მასწ?
– მალე გამოჩნდება.
– ჯობს, იჩქაროს, თორემ, ვერ მოვასწრებთ!
ადგილზე ცქმუტავდნენ მოუთმენლად, ტრიალებდნენ, როგორც ჩიკორი, როგორც ლილვი. მარგო იდგა მარტო. ფარატინა გოგო იყო, ფერმკრთალი, წვიმაში დარჩენილი გაცრეცილი ფერადი ქსოვილივით, რომლის ბაგეთა წითელს, თვალთა ცისფერს და თმის ოქროს რეცხავდა და რეცხავდა და რეცხავდა წვიმა. ფოტოსურათს ჰგავდა ძველი ალბომიდან, რომელიც მდუმარედ შემოგყურებს და თუ ხმას გაგცემს – ჩურჩულით, როგორც აჩრდილი.
იდგა თავისთვის, ცალკე, ყურს უგდებდა წვიმას და სამყაროს სველ ხმაურს უზარმაზარი შუშის იქით.
– რას უყურებ? – ჰკითხა უილიამმა.
მარგოს არაფერი უთქვამს.
– უპასუხე, როცა გელაპარაკებიან!
ხელი ჰკრა, მაგრამ გოგონა არ განძრეულა, ოდნავ შეირხა მხოლოდ – სხვა არაფერი. ბავშვებმა თავი დაანებეს, დატოვეს მარტო. წავიდნენ და არც მოუხედავთ, იმიტომ, რომ არ თამაშობდა მათთან ერთად მიწისქვეშა ქალაქის გვირაბებში. თუკი ვინმე დაჰკრავდა ხელს და გაიქცეოდა, არასდროს მისდევდა დასაჭერად, იდგა გაუნძრევლად და გასცქეროდა სევდით. როდესაც კლასი მღეროდა სიმღერებს ბედნიერებაზე, სიცოცხლესა და თამაშობებზე, არ მღეროდა მათთან ერთად და ტუჩებს ამოძრავებდა უხმოდ. მხოლოდ მაშინ, თუკი მღეროდნენ მზესა და ზაფხულზე, ააყოლებდა ხოლმე ხმას ჩუმად და გასცქეროდა წვიმით დანამულ ფანჯრებს. მაგრამ ამ ყველას რა უშავდა – ბავშვები ვერ ჰპატიობდნენ, რომ მხოლოდ ხუთი წლის წინ ჩამოფრინდა დედამიწიდან და კარგად ახსოვდა, თუ როგორი იყო მზე და ცა ოჰაიოში. დანარჩენები კი ვენერაზე დაიბადნენ და მხოლოდ ორი წელი შეუსრულდათ, როცა მნათობმა გამოანათა ბოლოს. დიდი ხანია, დაავიწყდათ მისი ფერიც და სითბოც და როგორი იყო სინამდვილეში.
მარგოს კი ახსოვდა.
– ოქროს მონეტას ჰგავს, – თქვა ერთხელ და თვალები დახუჭა.
– არა, არა ჰგავს! – აყვირდნენ ბავშვები.
– ცეცხლს ჰგავს ღუმელში, – თქვა ისევ.
– სტყუი, არაფერი გახსოვს! – ყვიროდნენ ბავშვები.
მაგრამ მარგოს ახსოვდა და იდგა ჩუმად, ყველასგან მიტოვებული და შეჰყურებდა ფანჯრებს. ერთხელ, ეს მოხდა ერთი თვის წინ, სკოლის საშხაპე ოთახში – ხელები ყურებთან მიიტანა, მიიკრა მაგრად, ყვიროდა ხმამაღლა – არ უნდოდა, წყლის შხეფები შეხებოდა მის ოქროსფერ თმებს. მაშინ იგრძნო პირველად, ჯერ კიდევ ბუნდოვნად, რომ სხვებისგან განსხვავებული იყო. და სხვებმაც იგრძნეს და განერიდნენ. ამბობდნენ, რომ მამა და დედა მომავალ წელს წაიყვანდნენ დედამიწაზე, მისი მშობლები ამის გამო დაკარგავდნენ ათასობით დოლარის შემოსავალს, მაგრამ შვილისთვის რას არ გაიღებ. ბავშვებს ყველაფრის გამო სძულდათ – თოვლის ფანტელივით ფერმკრთალი სახისთვის, დუმილისთვის, ჩუმი ხმისთვის, კაფანდარა სხეულისთვის და იმისთვის, რაც მომავალში ელოდა.
– გამეცალე! – კიდევ ერთხელ კრა ბიჭმა ხელი, – აქ რას დამდგარხარ, რას ელი?!
მარგო მიტრიალდა და ახლაღა შეხედა პირველად, მაგრამ არაფერი უთქვამს – ბიჭმა პასუხი ამოიკითხა მის თვალებში.
– ტყუილად ელი! მაინც ვერაფერს დაინახავ! – შესძახა დაუნდობლად.
პასუხად ტუჩები აამოძრავა.
– ვერაფერს! – ისევ შესძახა ბიჭმა, – გაგეხუმრეთ! – და სხვა ბავშვებს დაეკითხა, – ასე არ არის? დღეს ხომ არაფერი იქნება?
ისინი იცინოდნენ და თავს უქნევდნენ.
– არაფერი, არაფერი!
– კი მაგრამ, – ჩასჩურჩულა მარგომ და გაცრეცილი მზერა მიაპყრო, – დღეს ხომ ის დღეა, მეცნიერები ასე ამბობენ… მათ იციან… მზე…
– ეგ ყველაფერი ოინია! – შესძახა ბიჭმა და უეცრად სტაცა ხელი, მოზიდა ჯიქურ, – ბავშვებო, მოდით, მასწავლებლის მოსვლამდე საკუჭნაოში ჩავკეტოთ!
– არა, – თქვა მარგომ და უკან დაიხია.
მაგრამ ყველანი შემოეხვივნენ, ჩააფრინდნენ და გაიტაცეს. ის კი ჯერ უძალიანდებოდა, შემდეგ – ემუდარებოდა, ბოლოს – ტიროდა. მათ გაიარეს გვირაბი, ბნელი ოთახი, შეაგდეს საკუჭნაოში და ჩაურაზეს კარი. დადგნენ და შეჰყურებდნენ, როგორ აბრახუნებდა და აწყდებოდა შიგნიდან კარებს და მისი მუშტების ცემით ხტოდა ურდული. ბოლოს გაიგონეს, როგორ აქვითინდა და გაღიმებულებმა აქციეს ზურგი და დაბრუნდნენ უკან კლასში, სწორედ მაშინ, როცა მასწავლებელიც მოვიდა.
როგორ აქვითინდა და გაღიმებულებმა აქციეს ზურგი და დაბრუნდნენ უკან კლასში, სწორედ მაშინ, როცა მასწავლებელიც მოვიდა.
– აბა, ბავშვებო, მზად ხართ? – მასწავლებელმა დახედა საათს.
– დიახ! – თქვა ყველამ.
– ხომ არვინ გვაკლია?
– არა!
წვიმამ ნელ-ნელა იკლო.
კართან შექუჩდნენ.
გადაიღო.
თითქოს, უყურებდნენ ფილმს ზვავზე, ქარბორბალაზე, ტაიფუნზე, ვულკანის ამოფრქვევაზე და უცებ გაწყდა კადრი. რაღაც მოხდა – ხმის აპარატი გამორთეს ვითომ და ყველა ხმა, გუგუნი, ჭექა-ქუხილი ერთბაშად დადუმდა. შემდეგ გამოცვალეს ფირი და აინთო ულამაზესი, ტროპიკული ხედი, რომელიც არ იძვროდა, გეგონებოდა, გაჩერდაო მთელი სამყარო და ყოვლისმომცველ, დაუჯერებელ სიჩუმეში ჩაიძირა. დაეჭვდებოდი, საერთოდ ხომ არ დაკარგე სმენა. ბავშვებმა ხელები ყურებთან მიიტანეს. დაცალკევდნენ და ასე დადგნენ, კარი სრიალით გაიღო. დადუმებული, მომლოდინე სამყაროს სურნელი იგრძნეს.
გამოჩნდა მზე.
ის იყო ცეცხლოვანი, ბრინჯაოს ფერის და ძალიან დიდი. ირგვლივ ცა იყო ელვარე ფირუზისფერი. ტყე იწვოდა მზით და ბავშვები, ამ სანახაობით მონუსხულნი, გამოერკვნენ და ყვირილით გაცვივდნენ გარეთ გაზაფხულის შესახვედრად.
– შორს არ წახვიდეთ! – დააწია მასწავლებელმა, – მხოლოდ ორი საათი გაქვთ, არ დაგავიწყდეთ, თავის შეფარება რომ მოასწროთ.
ისინი კი გარბოდნენ, სახეებს უშვერდნენ ცას და ლოყები ეწვოდათ მზისგან. ქურთუკებს იხდიდნენ და მოშიშვლებულ მკლავებს აგებებდნენ სხივებს.
– მზის ნათურებზე უკეთესია, არა?
– ბევრად, ბევრად უკეთესი!
დაიღალნენ სირბილით და ახლა აჩერდნენ ტყეში, რომელიც ფარავდა ვენერას, დიდრონ ხეებს აეყარათ ტანი და არასდროს წყვეტდნენ ზრდას, იზრდებოდნენ ხელდახელ, თქვენს თვალწინ. ტყეები ვენერაზე ჰგავდა უზარმაზარ რვაფეხებს, რომელთაც საცეცები აღეპყროთ ცისკენ. ირხეოდნენ და ყვავილობდნენ ხანმოკლე გაზაფხულზე. მათ ფერფლისფერი ედოთ, მიჩვეულნი იყვნენ მრავალი წლის განმავლობაში მზის გარეშე ცხოვრებას. ყვავილები გამოჰქონდათ რძის ფერი და ქვის ფერი და მელნისა და მთვარის ფერი.
ბავშვები ბალახის ხალიჩაზე კოტრიალობდნენ სიცილით და ყურს უგდებდნენ, როგორ სუნთქავდა და კვნესოდა გაცოცხლებული მიწა. დარბოდნენ ხეებს შორის, ხტოდნენ, უსრიალებდათ ფეხი, უბიძგებდნენ ერთმანეთს, თამაშობდნენ დამალობანას და დაჭერობანას და შესცქეროდნენ მზეს მოჭუტული თვალებით, მანამ, სანამ ცრემლებით არ აევსებოდათ. ხელები აღეპყროთ იყო იქით, სადაც იყო საოცარი ოქრო და ფირუზი, ხარბად სუნთქავდნენ სუფთა ჰაერით და ყურს უგდებდნენ და ვერ ძღებოდნენ სიჩუმით, რომელიც ჰგავდა უძირო ზღვას, რომელიც მშვიდია და არ იძვრის. შესცქეროდნენ და ტკბებოდნენ სანახაობით. შემდეგ ისევ დარბოდნენ, დაუოკებლად, ღრიალით, გამოქვაბულებიდან გამოქცეული ცხოველებივით, მთელი საათი დარბოდნენ ასე და არ დაღლილან.
შემდეგ ერთ-ერთი გოგონა ატირდა.
და ყველანი გაჩერდნენ.
გოგონა იდგა ცის ქვეშ და ხელი გაეშალა.
– დახედეთ! – თქვა, ხმა უთრთოდა.
მივიდნენ მასთან და ხელისგულზე დახედეს – უზარმაზარი წვიმის წვეთი დაგორავდა. უყურებდა და ტიროდა. ბავშვებმა თავები აიღეს მზისკენ.
– ოჰ… ოჰ…
რამდენიმე ცივი წვეთი დაეცათ ცხვირზე, ლოყაზე, პირზე. მზე ჩაქრა და ნისლის თალხ საბურველში გაეხვია. დაუბერა ცივმა ქარმა. შემობრუნდნენ და გამოიქცნენ მიწისქვეშა თავშესაფრისკენ, ხელებჩამოშვებულნი, ღიმილწართმეულნი.
ჭექა-ქუხილმა შეათრთოლა, როგორც ფოთლები ნიავმა, ქარიშხალს რომ მოასწავებს. ბავშვებმა ფეხს აუჩქარეს, ერთმანეთს ასწრებდნენ და გარბოდნენ სწრაფად. იელვა. ჯერ სადღაც შორს, შემდეგ შორიახლოს, შემდეგ იქვე, გვერდით. ცა ჩამობნელდა.
ერთი წუთით ღია კართან შეჩერდნენ, სანამ ძლიერი წვიმა წამოვიდა. მაშინღა დაკეტეს მხოლოდ და გარედან შემოესმათ წყლის რაკარუკი და ჭექა-ქუხილის ხმა.
– შვიდი წელი ასე იქნება?
– კი – შვიდი წელი. იქნება ასე.
შემდეგ ერთ-ერთს წასკდა ცრემლი.
– მარგო?
– რა?
– ის ხომ ჯერ კიდევ საკუჭნაოშია, სადაც ჩვენ ჩავკეტეთ.
– მარგო.
ფეხს ვერ იცვლიდნენ, თითქოს ლურსმნებით იატაკზე დაჭედილები. ერთმანეთს გადახედეს და მზერა აარიდეს. შემდეგ გახედეს სამყაროს, რომელშიც წვიმდა და წვიმდა და წვიმდა განუწყვეტლივ. ფერმკრთალ სახეზე დაეფინათ ჩრდილი. არ უყურებდნენ ერთმანეთს – სახეები დაეხარათ და ხელებსა და ფეხებს დასცქეროდნენ.
– მარგო.
ერთმა გოგონამ თქვა:
– რა?
არავინ განძრეულა.
– წავიდეთ, – დაიჩურჩულა გოგონამ.
მიაბიჯებდნენ და თან მისდევდათ ცივი წვიმის ხმა, ჭექა-ქუხილი და ქარიშხლის გრგვინვა. ელვა უნათებდათ გზას. საკუჭნაოს მიუახლოვდნენ ფეხაკრეფით და დადგნენ შორიახლოს.
კარს მიღმა ჩამიჩუმი არ ისმოდა.
გამოაღეს ნელა და მარგო გამოუშვეს.
©Ray Bradbury – All Summer in a Day. The Magazine of Fantasy & Science Fiction, March 1954
©LV (ქართული თარგმანი, 2023)
©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___
მთარგმნელის კომენტარი:
1982 წელს ამ მოთხრობის მიხედვით PBS-ისთვის სატელევიზიო ფილმი გადაიღეს. ფილმის ოპერატორი რობერთ ელსუითია.