ბერი ენ მალზბერგი
ედვარდი მეტროს სადგურში ჩავიდა მანჰეთენზე და 42-ე ქუჩიდან გრინვიჩ ვილიჯისკენ გაემგზავრა. მატარებელი გაჩერდა 33-ე ქუჩაზე, 27-ე ქუჩაზე, მე-17 ქუჩაზე და ბოლოს – ქრისთოფერ სირქალზე.
მოხდა ისე, რომ იმ წვეულებაზე გაიცნო ცოლი.
არაფრით გამორჩეული, ყველას-ყელში-ამოუვიდა წვეულება იყო გრინვიჩ ვილიჯში.
გოგონა მოშორებით, კუთხეში იჯდა, ფეხზე გაეხადა და უსმენდა მამაკაცს, რომელსაც გრძელი, დაგრეხილი ულვაშები ჰქონდა და მანდოლინაზე უკრავდა. ედვარდი მივიდა და მიესალმა.
მან უღიმღამოდ ამოხედა და მანდოლინიანს მიუჩოჩდა ახლოს, რომელთანაც, როგორც მოგვიანებით უთხრეს, ის ღამე გაატარა ქალმა, მაგრამ ედვარდი არ დაეხსნა (მშობლები ყოველთვის ეუბნებოდნენ, ცოტა მეტი გამბედაობა არ აწყენდა) და მისამართი გამოართვა.
ორი დღის შემდეგ, ათასი ნუგბარით ხელდამშვენებული მიადგა სახლში და ჰკითხა, ამდენი კერძის განადგურებაში ხომ ვერ შეეხიდებოდა. გოგომ მხრები აიჩეჩა და თავისი კატები გააცნო. სამი კვირის შემდეგ პირველად დარჩა ღამით, მეოთხე კვირის მიწურულს კი მანდოლინისტთან მოუხდა ჩხუბი – რომლის შემდეგ მუსიკოსმა სულ-კარგად-ბრძანდებოდეთო უსურვა და გუდა-ნაბადი აიკრა. რამდენიმე დღეში ედვარდსა და ჯულის ნიშნობა ჰქონდათ და სანამ ის თვე მიილია, ელქთაუნში დაქორწინდნენ კიდეც.
შემდეგ ნიუ იორქში დაბრუნდნენ და მიჰყვნენ ოჯახურ ცხოვრებას. ქმარმა, ცხადია, მათემატიკას თავი დაანება და ბუღალტრად დაიწყო მუშაობა. ცოლმა ფერწერა მიატოვა, მაგიერ, ანტიკვარიატის მაღაზიებს სტუმრობდა კვირაში ერთხელ და დროდადრო რაღაც ნაკეთობებსაც გამოაყოლებდა ხოლმე იქიდან. მოკლედ, ბედს არ ემდუროდნენ, თუმცა მათი გაცნობის ამბავი ვინმესთვის რომ მოგეყოლა, ალბათ, არც დაიჯერებდა.
სამი წლის შემდეგ, ედვარდმა კარი გააღო და დაინახა ჯული, რომელიც ბავშვს ეთამაშებოდა, ხელში ჩხარუნა ეჭირა, მათი ერთი წლის ქალიშვილი კი სათამაშოს ეპოტინებოდა და პირში ჩადებას ცდილობდა. ამის დანახვაზე ედვარდი სიყვარულისგან ჩამოდნა, მაგრამ ცოლმა რომ გამოხედა, დაინახა – ქალი ტიროდა.
პორტფელი იატაკზე დადო და ჰკითხა, თუ რა შეემთხვა. ჯულიმ უპასუხა, რომ მათი ცხოვრება ფუჭი იყო. რაზეც ოცნებობდა, ვერაფერი მიიღო და რაც მიიღო – არაფრად სჭირდებოდა. ირგვლივ ხედავდა ფუფუნების ნივთებს, რომლებიც ბავშვობიდან სძულდა. და, რაც ყველაზე უარესია, თავად იყო ამ ყველაფერში დამნაშავე. განქორწინებაც ახსენა, თუმცა, მხოლოდ გაკვრით.
ედვარდმა თავის თავზე აიღო ბრალი. დაჰპირდა, რომ გარეუბანში ჯეროვანი ზომის ლამაზ სახლს შეარჩევდა მათთვის და შესაფერისი სამსახურის მოძებნაშიც დაეხმარებოდა ცოლს. ასეც მოიქცა – ყველაფერი მოახერხა, როგორც შეჰპირდა და, მიუხედავად იმისა, რომ კარგა დიდი ვალიც დაედოთ, მაინც ბედნიერად განაგრძეს ცხოვრება – ასე იყო იქამდე, სანამ ერთ გვიან საღამოს არ დაბრუნდა ცირკიდან სახლში ქალიშვილთან ერთად და არ ნახა ჯული – ფეხშიშველი, აბაზანაში დამხრჩვალი.
**
ჯული მეტროს სადგურში ჩავიდა მანჰეთენზე და 42-ე ქუჩიდან გრინვიჩ ვილიჯისკენ გაემგზავრა. მატარებელი გაჩერდა 32-ე ქუჩაზე, 24-ე ქუჩაზე, მე-13 ქუჩაზე და ქრისტეს ქანდაკებასთან.
მოხდა ისე, რომ იმ წვეულებაზე შეხვდა ქმარს.
არაფრით გამორჩეული, მოდი-გავიცნოთ-ერთმანეთი წვეულება იყო გრინვიჩ ვილიჯში. მამაკაცი მოვიდა გვიან, შეუსაბამოდ ჩაცმული და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი. უკვე ბლომად ჰქონდა გადაკრული.
ის კი მეგობარ ბიჭთან ერთად იყო, ვისაც ვინსენთი ერქვა და არაფერს წარმოადგენდა, მაგრამ მანდოლინაზე უკრავდა კარგად და სასიყვარულო სიმღერებს უმღეროდა. თუმცა, მისი სიმღერა უკვე მოყირჭებული ჰქონდა და მუსიკამაც მოჭამა თავი… მოკლედ, მათ ურთიერთობებს არ უდგა კარგი დრო, ცდილობდა, გული არ გაეტეხა, მაგრამ როდესაც მომავალი ქმარი მივიდა და დაელაპარაკა, მიხვდა, მისი და მანდოლინისტის ამბავი სადაცაა დასრულდებოდა. უცნობმა, რომელსაც, თურმე, ედვარდი ერქვა, ტელეფონის ნომერი სთხოვა, მაგრამ ტელეფონის იმედად ვერ იქნებოდა და, სანამ ვინსენთი ტანსაცმელს იცვლიდა, დრო იხელთა და მისამართი მისცა. თან გამოუტყდა, რომ ძალიან გაუბედავი იყო.
სამი დღის შემდეგ, როცა ჯერ კიდევ საწოლში ნებივრობდა, ედვარდი მოვიდა ყვავილებითა და ტკბილეულით, უთხრა, რომ იმ შეხვედრას ვერ ივიწყებდა. ღიმილით შეიპატიჟა შინ და პირველივე ჯერზე მოხდა ძალიან კარგად – უკეთესად, ვიდრე ოდესმე ვინსენთთან.
ვინსენთი რომ დაბრუნდა, ედვარდი უკვე წასული იყო. უთხრა, რომ მთელი ცხოვრება ეძებდა ზღვას და ზღვას ვერა, მაგრამ უძირო ტბას მიაგნო, შემდეგ მოუყვა, რაც მან და ედვარდმა ჩაიდინეს. ის კი ტიროდა და ათას რამეს უძახდა – ღალატში სდებდა ბრალს და ყოველივე ლამაზის დანგრევაში, რაც ამდენი ხანი აშენეს, მაგრამ ის იყო შეუვალი. ეუბნებოდა, რომ დადგა დრო, გაავლოს მიჯნა აწმყოსა და მომავალს შორის.
ის კვირა არც ვინსენთი უნახავს და არც – ედვარდი. შემდეგ ედვარდი მოვიდა ჩემოდნით ხელში. უთხრა, რომ მშობლების ბინიდან წამოვიდა და ხელი სთხოვა, მაგრამ მაშინვე არ დაქორწინებულან. უკვე რამდენიმე კვირა ცხოვრობდნენ ერთად, როდესაც საფოსტო ყუთში იპოვა წერილი, რომ ვინსენთმა თავი მოიკლა.
არ იცოდა, ვინ გამოუგზავნა და ვერც ვერასდროს გაიგო, არც ედვარდს უთქვამს რამე. ერთი კვირის თავზე იონქერში დაქორწინდნენ და რამდენიმე ბედნიერი დღეც გაატარეს კურორტზე.
იქიდან დაბრუნდნენ თუ არა, იყიდეს ახალი ავეჯი მისი ბინისთვის. ედვარდმა მიატოვა ასტრონომია და სამრეწველო ბაზრის მკვლევრის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა, თუ – რაღაც მსგავსი.
დღე დღეს მისდევდა, თითქმის ისე, როგორიც ედვარდის გაცნობამდე, მაგრამ ღამეები განსხვავებული იყო და ძალიან ნაზი. შემდეგ დაორსულდა და ორსულობას იოლად არ ჩაუვლია, გააჩინა ბავშვი, სახელად ენი – ლამაზი, მუსიკალური გოგონა პაწია ხელებით. ედვარდი ძალიან ამაყი იყო, უთხრა, რომ ახლა ნამდვილი, დიდი სახლი სჭირდებოდათ, მან კი უპასუხა, რომ საჩქარო არაფერია, ყოველ შემთხვევაში, სანამ ენი სკოლაში წავა, მაგრამ ერთ საღამოს ქმარი ჩვეულებრივზე ადრე, აღელვებული დაბრუნდა სახლში და უთხრა, რომ გარეუბანში ნახა სახლი. მან უპასუხა, რომ სასიხარულო ამბავია. ედვარდმა უთხრა, რომ ძალიან ბედნიერი იყო და იგივე უთხრა მანაც.
საცხოვრებლად გარეუბანში გადავიდნენ და ერთი პირობა კმაყოფილები იყვნენ, გზებით, ხიდებით და ყველაფრით, ისევე, როგორც მეზობლებით და კარგი გარემოთი ენისთვის, მაგრამ ედვარდი, სრულიად უმიზეზოდ, სულ უფრო მეტად დათრგუნული ჩანდა. ერთ დილას ჯულიმ გაიღვიძა და ნახა, საწოლი ცარიელი იყო, შევიდა სააბაზანოში სადაც იატაკი სისხლით დახვდა მოთხვრილი, ქმარს მაჯები გადაეხსნა, აბაზანაში იწვა და ცარიელი, რწმენისგან დაცლილი თვალებით უცქერდა, როგორც თევზებმა იციან.
**
ვინსენთი მეტროს სადგურში ჩავიდა მანჰეთენზე და 42-ე ქუჩიდან გრინვიჩ ვილიჯისკენ გაემგზავრა. მატარებელი გაჩერდა 37-ე ქუჩაზე, 31-ე ქუჩაზე მე-19 ქუჩაზე და ბოლოს – ქრისტეს კოშკთან.
მოხდა ისე, რომ იმ წვეულებაზე დაშორდა მეგობარ გოგოს.
არაფრით გამორჩეული, ნახე-როგორი-თავისუფლები-ვართ წვეულება იყო გრინვიჩ ვილიჯში და უცნაურია, ცალ-ცალკე რომ მივიდნენ, როცა 42-ე ქუჩის გაჩერება ორივეს ერთნაირად აწყობდა, მაგრამ ჯული დამოუკიდებელ ნებას ავლენდა ხოლმე, ასეთ მცირე და უმნიშვნელო ამბებშიც კი.
გოგონა სევდიანი იყო და ვერაფრით შველოდა, მით უფრო, რომ მისი სევდის გასაღები არა ჰქონდა. კარგი დრო იყო ორივესთვის – ოთხი თვე იყვნენ ერთად, მას შემდეგ, რაც ჯული მეგობარს დაშორდა, მან კი მანდოლინაზე დაუკრა და უმღერა დაკარგული სიყვარულის შესახებ, მომავლის იმედზე, თავისუფლებასა და მარტოობაზე. გოგონამ უთხრა, რომ შეუყვარდა მისი მანდოლინა და მის მუსიკაში იპოვა შვება.
იმ ღამით წვეულებაზე უმღეროდა სიმღერებს, თუმცა, დიდად არ სურდა იქ ყოფნა, ერთი სული ჰქონდა, წასულიყვნენ შინ, სადაც მანდოლინას მიაყუდებდა საწოლთან და თავს მისცემდნენ სიყვარულს. ამ დროს შენიშნა, რომ მისი გოგო ოთახის მეორე კუთხეში სხვა მამაკაცს მისჩერებოდა – უცნაურ კაცს, რადგან ერთადერთი იყო იქ, ვინც ფხიზელი იყო. მამაკაცი უყურებდა ჯულის და ვინსენთი მიხვდა, რომ განწირული იყო და მისი და ჯულის ამბავი დასრულდა.
ამაში რომ დარწმუნებულიყო, ინსტრუმენტი კალთაში ჩაუდო და თავად აბაზანაში გავიდა. უკან რომ მობრუნდა, დაინახა, როგორ უცებ მოწყდა ის ორი ერთმანეთს, როგორც ორი დამნაშავე და მიხვდა – კაცს მისამართი ჯიბეში ჰქონდა. რა თქმა უნდა, არაფერი დარჩენოდა სხვა – მანდოლინა გადაიკიდა მხარზე, პალტო მიაწოდა ჯულის და კიბეებზე ჩასვლაში დაეხმარა. ქუჩაში რომ გავიდნენ უთხრა, იცოდა, რომ უღალატა, მან კი არაფერი უპასუხა, შემდეგ კი ჩურჩულით უთხრა, რომ ვერ შეიკავა თავი, მაგრამ დაჰპირდა საუკეთესო ღამეს, რაც ოდესმე ჰქონიათ.
ასეც მოხდა, მთელი ღამე და კიდევ გამთენიისას, სანამ კატა ძირს დაგდებულ მანდოლინაზე ილესავდა კლანჭებს და ინსტრუმენტს ხის იატაკზე დააწოწიალებდა. დილით ჩაალაგა ტანსაცმელი და წავიდა – რამდენიმე დღე არ გამოჩენილა. როცა მობრუნდა, ქალს სახეზე უცხო ნათელი დაჰფენოდა და მამაკაცი იწვა მის გვერდით, საწოლში.
ოდესღაც მის უახლოეს მეგობარს ხვდებოდა ჯული, რომელიც მიატოვა და ნუგეშისთვის მასთან მოვიდა, სრულიად აწეწილი – ამის შემდეგ რაღას უნდა გაეკვირვებინა ან რა უნდა ეთქვა? მხოლოდ იმ კაცს გაცნობა სურდა, ედვარდი რომ ერქვა, ეგებ, საუკეთესო მეგობრებადაც ქცეულიყვნენ, მაგრამ იმან არ ისურვა და აყალ-მაყალი გაუმართა. ძალიან თავხედურად იქცეოდა და ვისენთმა ხელი კრა, მიანარცხა კარს და ძირს დააგდო.
წავიდა უკანმოუხედავად, თუმცა მასზე ფიქრები წაიყოლა თან და ბევრი წლის შემდეგ გაშალა ხელები რომელიღაც ცათამბჯენის სახურავზე და შეეგება გრილ ნიავს. დაინახა ქუჩა, სადაც ცხოვრობდა ჯული, მოაგონდა ძველი მანდოლინა, კატა, მედიდურად რომ იზმორებოდა ხოლმე და საუკეთესო ღამე, რომელიც აჩუქა ქალმა, ვისთან ერთადაც ბევრი სხვა ღამე, ბევრად ნაკლები უკვე გატარებული ჰქონდა.
**
პატარა ენი, რომელსაც ძალიან მგრძნობიარე და ნაზი ხელები ჰქონდა, გაიზარდა და ახალგაზრდა ქალად იქცა, მას ამოუცნობად იზიდავდა ძველისძველი მანდოლინები მუსიკალური მაღაზიების ფანჯრებში თავად კი ფლეიტაზე დაკვრას სწავლობდა მთელი ერთი კვირა, რაკი მეტზე არ ეყო არც ფული, არც მოთმინება და ცოტა თავდაჯერებულობაც აკლდა.
ის ახლა წვეულებაზე მიდის გრინვიჩ ვილიჯში და არ იცის, თუ რა თავგადასავალი ელის. მომავალი ჯერ ისევ ღამის საბურველშია. მეტისმეტად ახალგაზრდაა იმისთვის, რომ ქარის ჩურჩულს დაუგდოს ყური. ამ ღამემ, ვინ იცის, ბევრი რამ შეცვალოს, მანამ კი თაიმზ სქვერზე მეტროში ჩადის და ვაგონების ხმა ჩაესმის ნანინად.
ენი გაჩერებებს ითვლის და ელოდება. მატარებელი ჩერდება 34-ე ქუჩაზე, 28-ე ქუჩაზე, მე-14 ქუჩაზე და ახლა ქრისთოფერ სთრით-შერიდან სქვერზეა.
©Barry Malzberg – Gehenna. Galaxy Science Fiction, March 1971
©LV (ქართული თარგმანი, 2023)
©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___
ავტორის შესახებ:
ბერი მალზბერგი ამერიკელი ფანტასტია. იყო რამდენიმე პოპულარული თემატური ჟურნალის (Amazing Stories; Fantastic; Science Fiction Writers of America Bulletin) რედაქტორი.
მისი დებიუტი ეროტიკული ჟანრის მოთხრობები იყო და მამაკაცებისთვის ჟურნალსაც რედაქტორობდა. მოგვიანებით საი-ფაის გადასწვდა და ფსევდონიმად აირჩია K. M. O’Donnell (ქათნერსა და მურს სცა პატივი). წერდა ჰორორსა და ნუარს.
მალზბერგს წერის თავისებური სტილი აქვს – მეტისმეტად უყვარს გრძელი და რთული წინადადებები, რაც (მე ვინ ვარ მაგრამ) ჩემს ლიტერატურულ გემოვნებას ცოტაარიყოსდა აცდენილია. არ ვიცი, რამდენად შევძელი, მაგრამ შევეცადე, ქართული თარგმანიც მაქსიმალურად მალზბერგისეული გამოსულიყო.