აქ, შესაძლოა, ვეფხვები იყვნენ

სთივენ ქინგი

ამაოდ იტყუებდა თავს, რომ სადაცაა შესვენების დროა. ან როგორ გინდა, თავი მოიტყუო, როდესაც შარდის ბუშტი გასკდომაზე გაქვს და ქალბატონი ბერდი ამჩნევს, სკამზე როგორ წრიალებ.

„ეიქორნ სთრითის გრამატიკის სკოლის“ მესამე კლასს სამი მასწავლებელი ჰყავდა: ახალგაზრდა, ქერა და მხიარული ქინი, ვისაც დღის ბოლოს მეგობარი ბიჭი აკითხავდა ხოლმე ცისფერი „კამაროთი“; თრასქი, რომელიც ფუმფულა ბალიშს ჰგავდა, თმას ბაფთით იკრავდა და ხმამაღალი როხროხა სიცილი იცოდა; მესამე იყო ბერდი.

ასეთი რამ ჩარლზს მხოლოდ ბერდთან თუ შეემთხვეოდა. ასეთია ბედისწერა – ეჭვიც არ შეჰპარვია. კარგა ხანია, ბერდმა ჩარლზს თვალი დაადგა და მისი განადგურება ჩაიდო გულში. ბერდმა ბავშვებს სარდაფში ჩასვლა აუკრძალა. სარდაფში გათბობის ქვაბია და კარგად აღზრდილი ბიჭები და გოგონები იქ არ დადიან. სარდაფები ძველმანების შესანახადაა და ყველაფერს თითის სიმსხო მტვერი დასდებია. ამიტომ ახალგაზრდა ქალბატონებისა და ბატონების ადგილი იქ არ არის. მათ საჭირო ოთახით უნდა ისარგებლონ, – ასე ამბობდა ბერდი.

ჩარლზი მოუსვენრად ცქმუტავდა სკამზე და ბერდმა თვალი თვალში გაუყარა, თან საჩვენებელი ჯოხი რუკაზე ბოლივიიდან არ აუღია.

– ჩარლზ, – უთხრა ხმამაღლა, – საჭირო ოთახში გსურს გასვლა?

ქესი სქოთს, წინა მერხიდან, სიცილი წასკდა და მოხდენილად აიფარა პირზე ხელი.

ქენი გრიფენმა ჩაიფხუკუნა და მუჯლუგუნი უთავაზა ჩარლზს. უჩუმრად, მერხის ქვეშ.

ჩარლზმა იგრძნო, რომ ალმური მოედო.

– ხმა ამოიღე, ჩარლზ, – ბრძანა ბერდმა და სახე გაებადრა, – შენ გინდა… (მოშარდვა – ასე იტყვის. ყოველთვის ამ სიტყვას იყენებს).

– დიახ, მის ბერდ.

– დიახ, რა?

– საჭირო ოთახში გასვლა მსურს.

ბერდს გაეღიმა.

– კარგი, ჩარლზ. შეგიძლია საჭირო ოთახში გახვიდე და იქ მოშარდო… ხომ ესა გსურს? მოშარდვა?

ჩარლზმა თავი დაუქნია. ერჩივნა, ჩამოეხრჩოთ.

– ძალიან კარგი, ჩარლზ, – გაიმეორა ბერდმა, – შეგიძლია, გახვიდე. შემდეგ ჯერზე კი, ჩემს კითხვას ნუ დაელოდები, თავად მთხოვე

კლასს გაეცინა. მასწავლებელმა საჩვენებელი ჯოხი მიუკაკუნა დაფას.

ჩარლზი წამოდგა და კარისკენ წალასლასდა. კეფით გრძნობდა, როგორ მიაცილებდა ოცდაათი წყვილი თვალი. ყველამ იცოდა, რომ ეფსია და ტუალეტში მიდის. მოეჩვენა, რომ კარამდე ფეხბურთის მოედნის მანძილი იყო. ბერდი გაკვეთილს არ აგრძელებდა, ჩუმად იდგა და ელოდა, სანამ მოწაფე ოთახიდან გავიდოდა. როგორც იქნა, ჩარლზი მადლობა-ღმერთს-ცარიელ დერეფანში აღმოჩნდა და ზურგსუკან კარი გაიხურა.

ბიჭების ტუალეტისკენ გაემართა (სარდაფში… სარდაფში… სარდაფში… იმეორებდა თავისთვის) თან თითი გააყოლა ცივი ფილებით დაფარულ კედელს, გადაატარა გაცხადებების დაფას და სახანძრო სიგნალიზაციის წითელ ყუთს (საჭიროების შემთხვევაში შუშა გატეხეთ – ასე ეწერა).

ბერდი, უთუოდ, კმაყოფილი იყო. სიამოვნებდა მისი წამოწითლებული სახის ხილვა, გამორჩეულად კი ქესი სქოთის თანდასწრებით… რატომ ქესის ერთხელაც არ დასჭირვებია გაკვეთილიდან სარდაფში გასვლა? ან ვინმე სხვას? უსამართლობაა.

ბებერი ძ-უ-კ-ნ-ა, – გაიფიქრა დამარცვლით. იმიტომ, რომ გასულ წელს მოაფიქრდა ასე, – თუ დამარცვლით იტყვი, ღმერთი ცოდვად არ მიგითვლის.

აგერ, ბიჭების ტუალეტიც. შეაღო და შევიდა.

სუსხიანი ჰაერი იდგა, ქლორის არცთუ უსიამოვნო სუნით ოდნავ გაჟღენთილი. დილა ჯერ არ გადაწურულიყო და იქაურობა მშვიდი და სუფთა ეჩვენა. სულაც არა ჰგავდა „ვარსკვლავების კინოდარბაზის“ თამბაქოში გახვეულ მყრალ კაბინას ქალაქის ცენტრში.

სკოლის ტუალეტს (სარდაფი! სარდაფი!!) ლათინური L-ივით შეტეხილი ორი ფრთა ჰქონდა: პატარა ზომის ოთხკუთხედი სარკეები, ქაღალდის ხელსახოცების ყუთი და თეთრი ფაიფურის ხელსაბანები – ერთ ფრთაზე და ორი საშარდე ნიჟარა და სამი ტუალეტის კაბინა – მეორე ფრთაზე.

ჩარლზმა ჯერ სარკეში ჩაიხედა. იქიდან გალეული და პირმკრთალი სახე უცქეროდა.

დერეფნის ბოლოში, რიყის ქვის ფერი ფანჯრის ქვეშ წამოწოლილიყო ვეფხვი. დიდი ზომის ვეფხვი იყო, მზეზე გამომწვარ თიხისფერ-მოყვითალო ბეწვზე მუქი ზოლები ეფინა. ჩარლზი რომ დაინახა ერთი ახედ-დახედა და ზურმუხტისფერი თვალები მოწკურა. ხახა დააფჩინა და ბრდღვინვაშეპარული კრუტუნი ამოუშვა. კუნთები მშვილდივით დაჭიმა და თათებზე წამოიწია.

კუდის აქეთ-იქით ქნევას მოჰყვა – ნიჟარას როდესაც ახეთქებდა, ფაიფურს წკრიალი გაუდიოდა. ვეფხვი მშიერი ჩანდა და ძალიან საშიში.

ჩარლზმა სწრაფი ნაბიჯებით დაიხია უკან და გავარდა გარეთ. ტუალეტის კარს ზამბარა ჰქონდა, მაგრამ, მგონი, არასდროს დახურულა ასე ზლაზვნით. იხსენებდა სადმე თუ ჰქონდა წაკითხული ან მოსმენილი, რომ ვეფხვებმა კარის გაღება იციან. ვერ გაიხსენა და, როგორც იქნა, თავი სამშვიდობოს იგრძნო.

ცხვირი ხელით მოიწმინდა. გულმა ბაგა-ბუგი აუყენა. მაგრამ, ჯანდაბა, ისევ სურდა ტუალეტში. კიდევ მეტად, ვიდრე – ოდესმე.

კრუნჩხვამ დაუარა და წელში მოიკეცა. მუცელზე მიიჭირა ხელი. დერეფნის ბოლოს გოგონების ტუალეტი იყო… მაგრამ, ვაითუ, მოსულიყო ვინმე. ნატვრით მიაჩერდა იმ კარს, მაგრამ იცოდა, ვერაფრის დიდებით გაბედავდა… ქესი სქოთმა რომ მიუსწროს? ან, ღმერთო! მის ბერდმა?

იქნებ, არაფერი ვეფხვიც არაა? იქნებ, მოეჩვენა?

ერთი თვალით შეიჭყიტა.

ვეფხვი იქ იყო. და შეჰყურებდა. კამკამა ზურმუხტისფერი თვალები ჰქონდა, მაგრამ ჩარლზმა ლურჯი ანარეკლიც დალანდა, თითქოს ვეფხვის თვალმა მისი თვალი გადასანსლა. თითქოს… ღმერთო!

რაღაც მოედო კისერზე.

ჩარლზს ყვირილი ყელში გაეჩხირა, გული მოწყდა და სადღაც დაეშვა თავქვე, მუცელში. ფსელი კინაღამ შარვალში გაეპარა.

მაგრამ ეს ქენი გრიფენი იყო, რომელიც უცაბედად დაადგა თავს და ბედნიერი იკრიჭებოდა.

– ბერდმა გამომაგზავნა შენს მოსაძებნად – წახვედი და დაიკარგე. იცოდე, ვერ გადაურჩები.

– ჰო… მაგრამ შიგ ვერ შევდივარ, – უთხრა ჩარლზმა და გული მოუვიდა, ასე რომ დააფეთა ქენმა.

– მაგას შეკრულობა ჰქვია! – გადაიხარხარა ქენმა, – წავალ, ვეტყვი ქესის, თორემ ღელავს…

– მოიცა, არა! – შესძახა ჩარლზმა, – არაფერი მჭირს, უბრალოდ ვერ შევდივარ – შიგნით ვეფხვია!

– ნეტავი, იქ რას აკეთებს? – დამცინავად ჰკითხა ქენიმ, – ფსამს?

– არ ვიცი, – უპასუხა ჩარლზმა და ზურგი შეაქცია, პირით კედლისკენ შეტრიალდა, – მინდა, რომ იქაურობას მოშორდეს.

ტირილი წასკდა.

– მოიცა… – ქენის ხმაში განცვიფრება და შიში შეეპარა, – მოიცა…

– არ ვიცი, რა ვქნა… ბერდი იტყვის…

– მოიცა, – უთხრა ქენიმ, – რაღაცას იგონებ… ხელი მოხვია, მეორით კარს მიაწვა და შეაღო.

სანამ ჩარლზი დაუსხლტებოდა, უკვე ორივენი შიგნით იყვნენ.

– ვეფხვი არა, – ზიზღით გამოსცრა ქენიმ, – ბერდი მოგკლავს.

– იქით არის, მეორე ბოლოში…

ქენი ხელსაბანებს მიუახლოვდა.

– ფისო-ფისო-ფისო…

– არ გინდა! – შეუძახა ჩარლზმა.

მაგრამ ქენი არ უსმენდა, კუთხე მოჭრა და სიღრმეში თვალს მიეფარა.

– ფისო-ფისო-ფისო…

ჩარლზი გავარდა გარეთ, დერეფნის კედელს აეკრა, ხელი პირზე მიიფარა და თვალები დახუჭა.

ელოდა ყვირილს, მაგრამ ტუალეტიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა.

არ იცოდა, რამდენ ხანს იდგა იქ, კიდურებგათოშილი. შარდის ბუშტი, ცოტაც, და გასკდებოდა.

კარს მიაჩერდა. მაგრამ კარი ხმას არ იღებს. კარია და მეტი არაფერი.

არა, არ შეაღებს.

ვერა, ვერ შეაღებს.

მაინც შეაღო.

ხელსაბანი ნიჟარები და სარკეები. სუფთა და კრიალა. ქლორის სუსტი სუნით გაჟღენთილი ჰაერი. მაგრამ, თითქოს, რაღაც სხვა სუნიც იგრძნო – ახლად გახეხილი სპილენძის სუნი.

და კიდევ კვნესის ხმა (მაგრამ ძალიან ჩუმი). ფეხაკრეფით წავიდა წინ და მიმოიხედა.

ვეფხვი იატაკზე წამოწოლილიყო, ბომბორა თათებს გრძელი, ვარდისფერი ენით ილოკავდა. თავი აწია და ჩარლზს მიაჩერდა. გულგრილად. კლანჭებს შორის პერანგის ნაფლეთები ჰქონდა.

მაგრამ ჩარლზს მისი გასჭირვებოდა. თავს ზემოთ ძალა აღარ ჰქონდა – უკან დაიხია, თეთრ საშარდე ნიჟარას მიადგა, იმას, რომელიც ყველაზე ახლოს იყო კართან.

უკვე ელვა-შესაკრავს იკრავდა, როდესაც ბერდმა შემოუსწრო.

– შე საზიზღარო, აუტანელო ბიჭო! – დააცხრა თავს.

ჩარლზი დაფრთხა. თვალები აუწყლიანდა.

– ბოდიში, მის ბერდ… ვეფხვი… ნიჟარას გავრეცხავ… საპნით… გეფიცებით…

– ქენეთი სად არის? – ახლა უკვე მშვიდი ხმით ჰკითხა ბერდმა.

არ ვიცი, – უპასუხა. მართლა არ იცოდა.

– იქ არის?

– არა! – შეჰყვირა ჩარლზმა.

მაგრამ ბერდმა ყური არ ათხოვა, სწრაფად წავიდა წინ და შეუხვია, მოხაზა ლათინური L.

– ქენეთ, ახლავე მოდი აქ!

– ბერდ!

ბერდს, უთუოდ, მტკიცედ გადაეწყვიტა, თავს დასხმოდა ქენს.

მაგრამ ჩარლზმა გაიფიქრა, რომ ბერდი ახლა თავად ნახავს, თუ რას ჰქვია ნამდვილი თავდასხმა.

დერეფანში გავიდა, წყლის შადრევნიდან წყალი მოსვა, სპორტული დარბაზის შესასვლელთან ამერიკის დროშას ახედა, შემდეგ – განცხადებების დაფას.

„ვუდსი ბუ[1] ამბობს: დავფრინავ და ამას ვკივი – გაუფრთხილდით ბუნებას.“

„ოფიცერი ფრენდლი[2] გვაფრთხილებს: უცნობებს ავტომობილში არ უნდა ჩაუჯდე.“

ყველა განცხადება ორ-ორჯერ გადაიკითხა, სანამ კლასში დაბრუნდებოდა.

ჩუმად მივიდა თავის მერხთან, ისე რომ მზერა იატაკისთვის არ მოუცილებია და დაჯდა. თერთმეტს თხუთმეტი აკლდა. გადაშალა „გზები ყოველგან“ და როდეოში ბილის თავგადასავლის[3] კითხვას შეუდგა.
©Stephen King – Here There Be Tygers. Ubris, Spring, 1968
©LV (ქართული თარგმანი, 2023)

Creative Commons License

©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

(1)Woodsy Owl – აშშ სატყეო სამსახურის სიმბოლო და სარეკლამო-საგანმანათლებლო პროგრამების პერსონაჟი.

(2)Officer Friendly – აშშ სამართალდამცავი ორგანოების საგანმანათლებლო პროგრამა მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის. 1960-80 წლებში გამორჩეულად პოპულარული იყო.

(3)Roads to Everywhere – აშშ-ში პოპულარული საყმაწვილო ისტორიების კრებული. მათ შორისაა სახელგანთქმული კოვბოის, მოჯირითის და როდეოს დიდების დარბაზის წევრის, ბილ ფიქეთის ისტორია.

___

მთარგმნელის კომენტარი:
კრებულ Skeleton Crew-ს წინასიტყვაობაში თავად სთივენ ქინგი წერს, რომ ეს მოთხრობა მის მიერ შეთხზული ერთ-ერთი პირველი ისტორია. ავტორი იმ დროს ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო.

სათაური იმეორებს იმ გამაფრთხილებელ აღნიშვნას (Here There Be Tygers), შუა საუკუნეების კარტოგრაფები რომ იყენებდნენ მათი რუკების შეუსწავლელი ნაწილების მოსანიშნად.

Tyger არქაული მართლწერის ფორმაა, რომელიც Tiger-ის გვერდით გამოიყენებოდა 1800-იანი წლების დასაწყისამდე, მაგრამ ხანგამოშვებით დღესაც გვხვდება მხატვრულ ტექსტებში – როგორც ჩანს, უილიამ ბლეიქის პოემის THE TYGER პოპულარობის გამო.

ზუსტად ამ სათაურის მოთხრობა რეი ბრედბერისაც აქვს. ერთხელაც იქნება, მასაც ვთარგმნი. 🙂

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: