ფათი დეივისი
(პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ქალიშვილი)
ალცჰაიმერით დაავადებულ მამას, მისი სენის საწყის ეტაპზე, როდესაც ხანგამოშვებით ჯერ ისევ გაუნათდებოდა ხოლმე გონება, ბოდიში მოვუხადე ჩემი ავტობიოგრაფიისთვის, მრავალი წლის წინ რომ გამოვეცი და ჩვენი ოჯახური პრობლემების კარი მკითხველებისთვის შევაღე ფართოდ. მამას უკვე უჭირდა ლაპარაკი, მაგრამ თვალებით მითხრა, რომ გამიგო.
ეს ამბავი გამახსენდა ახლა, როდესაც პრინცი ჰარის მემუარებში მამამისზე, მეფე ჩარლზზე წავიკითხე – როგორ ჩადგებოდა ხოლმე მოჩხუბარ ვაჟებს შორის და ეტყოდა: „გთხოვთ, ბიჭებო, არ გამიმწაროთ ჩემი სიცოცხლის ბოლო წლები“.
დროის განჭვრეტა შეუძლებელია – სად გაწყდება მეხსიერების მძივი? მამაჩემთან ბოლო წლები ბედის საჩუქარი იყო, როდესაც ბოდიშის მოხდის საშუალება მომეცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს შორის უკვე მძიმე სენი ჩამოწოლილიყო ბინდად და ურთიერთობაში გვიშლიდა ხელს. მეფე ჩარლზის სიტყვებმა დამანახა ადამიანი, რომელმაც იცის, რომ მოკვდავია და სურს, შთამომავლებსაც შეახსენოს ამის შესახებ.
დღეს ვისურვებდი, ის წიგნი სულ არ დამეწერა (გთხოვ, არ იყიდო, მას შემდეგ ბევრი სხვა წიგნი დავწერე), მაგრამ მაშინ ამ ნაბიჯს ვამართლებდი ისე, როგორც ჰარი აკეთებს ახლა. მსურდა, სიმართლე მეთქვა, მსურდა, დაუნანებლად ამეხადა ფარდა. გულუბრყვილოდ ვფიქრობდი, თუ ჩემს გრძნობებს და საკუთარ სიმართლეს სამყაროს გადავუშლიდი, ჩემი ოჯახიც უკეთ გამიგებდა.
ცხადია, ადამიანებს, მეტწილად, არ მოსწონთ, როდესაც საჯაროდ განიკითხავენ და მათი პირადი ამბები სააშკარაოზე გამოაქვთ. გავიდა წლები და მე შევიტვყე რაღაც ახალი სიმართლის შესახებ: ის ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ახალგაზრდის თვალით, ერთი შეხედვით ჩანს. ჭეშმარიტება ცალფრთა არ არის. ჩვენი სიმართლე ეულად არ დაფრინავს – სხვა ადამიანებს, რომლებიც ჩვენი ცხოვრების ნაწილნი არიან, თავიანთი სიმართლე აქვთ.
პრინც უილიამს, დარწმუნებული ვარ, საკუთარი შეხედულება აქვს იმ ფიზიკურ შეხლა-შემოხლაზე, ჰარიმ რომ აღწერა. ძმებს შორის ურთიერთობა რომ ვნახოთ, უილიამის სიმართლეც უნდა გავითვალისწინოთ – უფრო ფართო და სრულყოფილი სურათის დასანახად. ჰარი წერს, უილიამმა რომ დაარტყა, შემდეგ ძმას უთხრა, პასუხად მასაც დაერტყა, რაზეც ჰარიმ უარი თქვა… მაგრამ ამ ჩხუბის საჯაროდ გამოტანით, ეს გააკეთა სწორედ.
ჰარიმ, ასევე, დაწერა, რომ სურს, უილიამთან და მამასთან გაბზარული ურთიერთობა გაამრთელოს… შესაძლოა, ასეც მოხდეს, მაგრამ ახლა შორი მანძილის გავლა მოუწევთ იმ ალმოდებულ ველზე, რომელსაც თავად მიასხა ნავთი.
ერთხელ მკითხეს, რას ვურჩევდი ახალგაზრდა ასაკის ჩემსავე თავს, რომ შემეძლოს. უყოყმანოდ ვუპასუხე: ”ზუსტად ვიცი. ვეტყოდი ასე: “მდუმარედ იყავ.” არა, განა მუდმივ მდუმარებას ვითხოვ. მხოლოდ იქამდე, სანამ ორ ნაბიჯს არ გადადგამ უკან და მოვლენებს გამადიდებელი შუშით არ დააკვირდები. სანამ მიხვდები, რა ძალა აქვთ სიტყვებს და შედეგები კი ძალიან, ძალიან დიდხანს გრძელდება.
ჰარიმ უილიამს არა მხოლოდ მისი “საყვარელი ძმა” უწოდა, არამედ – “დაუძინებელი მეტოქე”. ისეთი სიტყვები შეარჩია, რაც ბასრად ჭრის და ღრმა იარებს ტოვებს. ეგებ, ცოტა მეტი ხანი რომ დაეთმო დუმილისთვის, მისი ნათქვამის სიმძიმის ასაწონად, სხვა სიტყვები შეერჩია.
დუმილი გაძლევს დროს, გაძლევს მანძილს და გაძლევს საშუალებას, უფრო დაკვირვებით გადაავლო თვალი საკუთარ წარსულს და დაძლიო ანგარიშის გაქვითვის ვნება. ოდესღაც, მომავალში, ჰარიმ, შესაძლოა, მიიხედოს უკან და ინატროს, არ ეთქვა სიტყვები, რომლებიც ახლა თქვა.
კიდევ ერთი რამ ვისწავლე ჭეშმარიტების შესახებ: ყველა სიმართლე არ არის საქვეყნოდ თქმისთვის განკუთვნილი. ადამიანებს ცნობილი ოჯახების ამბები აინტერესებთ, ხშირად, ამ ოჯახების ისტორიები მათსას ეხმიანება, ერთმანეთში ირეკლება და ეს ანარეკლი მრავალ წელს გასდევს, სანამ დიდება მარადისობის ზღვარზე დაიფერფლება.
საჭირო არ არის ყველაფრის გაზიარება. არის ჭეშმარიტება, რომლის სწავლებაც დუმილს შეუძლია. ჰარი, როგორც ჩანს, ხელმძღვანელობს იმ რწმენით, რომ “დუმილს ფასი არ აქვს”. მე კი, დიდი პატივისცემით, ვეტყოდი: ზოგჯერ დუმილი ოქროა.
©Patti Davis – Prince Harry and the Value of Silence. NYT, January 7, 2023
©LV (ქართული თარგმანი, 2023)
©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___