რობერთ შექლი
ამბავი პირველი – შეფ-მზარეულის მონაყოლი
უფალო!
ამბავი, რომლის შესახებაც მინდა, მოგითხრო, რამდენიმე წლის წინ მოხდა. ის-ის იყო ინდონეზიური სამზარეულოს საუკეთესო რესტორანი გავხსენი ბალეარის კუნძულებზე.
სანტა ეულალია დელ რიოში, ივისაზე გავხსენი ის რესტორანი და, მიუხედავად იმისა, რომ კუნძულებზე სხვა ორი ინდონეზიური რესტორანიც იყო, ერთი – ნავსადგურთან, მეორე კი – პალმა დე მაიორკაში, ყველანი მეუბნებოდნენ, რომ ჩემსას ბადალი არა ჰქონდა.
მაგრამ ბიზნესი კოჭლობდა ჯაგლაგი ცხენივით.
სანტა ეულალია ძალიან პატარაა, მაგრამ იქ და მიმდებარე სოფლებში ბევრი მწერალი და მხატვარი ცხოვრობს. თქვენ მეტყვით, მხატვარს აბა რა ფული აქვსო, მაგრამ ნამდვილად არ იყვნენ ისე ჯიბეგარეცხილები, რისტაფელის[1] თანხა არ ჰქონოდათ. მაშ, რად არ სადილობდნენ ჩემთან უფრო ხშირად? ნუთუ ხუანიტოს რესტორანს ან „სა პუნტას“ ამჯობინებდნენ? იქაური ლობსტერი მაიონეზით ან პაელია, ურიგო არ იყო, მაგრამ ჩემს სამბალ ტელორთან ან სატაი კამბინგთან სად მოვიდოდა… ბაბი კეჯაპზე აღარაფერს ვამბობ.
სოფელს თავისი ჭკუა აქვს – ხელოვანი ადამიანი ახირებული, ჟინიანი ვინმეა, დრო სჭირდება, ახალ ადგილს მიეჩვიოს და ახალ კერძს გემო ჩაატანოს.
საიდან ვიცი? თავადაც ეგეთი ვარ. მრავალი წელია, ხატვა მსურს დავიწყო. სანტა ეულალიაშიც მაგან მომიყვანა – . ვიფიქრე, სხვა მხატვრების შორიახლოს დავსახლდები, რესტორანს გავხსნი, რაღაცას მათგანაც ვისწავლი, თან – ცოტა ფულიც შემომივა.
ჯერ, როგორც გითხარით, ვერ ამოვიქოქე, მაგრამ იხტიბარს არ ვიტეხდი – ქირა იაფი იყო, თავად ვიდექი ქურასთან და მიმტანად ერთი ადგილობრივი ბიჭი ავიყვანე. მუსიკალურ ავტომატში ფირფიტების გამოცვლაც მასზე იყო და ჭურჭლის რეცხვაც. მცირე გასამრჯელო ჰყოფნიდა – რამდენსაც გავწვდებოდი. მკვირცხლი იყო, დაუზარელი, მუდამ ხალისიანი და მოწესრიგებული. დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს ბალეარის გუბერნატორიც გახდება, იღბალი თუ ცოტა ხელს გაუმართავს.
დამავიწყდა მეთქვა – „მწვანე ნეფრიტის მთვარე“, ასე დავარქვი ჩემს რესტორანს და ერთი კვირის თავზე პირველი კლიენტიც გამოჩნდა. ერთგული.
სახელი არ მიკითხავს. თავადაც ერთი სიტყვაძუნწი კაცი იყო. მაღალი, ხმელი ამერიკელი, კუპრისფერი თმით. იქნებოდა ოცდაათის ან – ორმოცის. ყოველ საღამოს ცხრა საათზე შემოვიდოდა ხოლმე, დაჯდებოდა, რისტაფელს შეუკვეთდა, შეჭამდა, გადაიხდიდა, ათ პროცენტს ფეხის ქირად დაუტოვებდა ბიჭს და წავიდოდა.
თუმცა, ვტყუი – კვირაობით „სა პუნტაში“ ჭამდა პაელიას, სამშაბათობით კი ლობსტერს ხუანიტოსთან, მაგრამ აუგი არ მეთქმოდა, ამასთან, გამოგიტყდებით და იმ რესტორნებს ზოგჯერ მეც კი ვსტუმრობ ხოლმე… სხვა დღეებში ჩემთან იყო… უფრო ხშირად – მარტო. ზოგჯერ ქალთან ან მეგობართან ერთად. მიირთმევდა ჩემს რისტაფელს, ჩუმად, ხმის გაუცემლად. პაბლო – მიმტანი, ემსახურებოდა, მიჰქონდა კერძი და ყურადღებით იყო, ფირფიტის გამოცვლის დრო რომ არ გამოჰპაროდა.
ძნელია, მხოლოდ ერთი კლიენტის ამარა ყოფნა, მაგრამ – შევძელი. სადამდეც საბანი გაგწვდებაო, ხომ გაგიგონიათ. თანაც, იმხანად სანტა ეულალიაში იაფობა იყო.
ცხადია, როდესაც ერთი ადამიანის ხარჯზე ცხოვრობ, გინდა არ გინდა, მეტი გულისყურით აკვირდები.
ჩემი ცოდვა-ბრალიც მანდ დაიწყო, თუმცა, როგორც ბევრი სხვა ცოდვის სათავე, თავიდან უწყინარი ამბავი ჩანდა. მსურდა, უბრალოდ, მისი გული მეტად მომეგო და მისი გემოვნება უკეთ შემესწავლა.
განსაკუთრებული წესით მომზადებული რისტაფელი მივართვი – ცამეტ თეფშზე. 300 პესეტა ღირდა სულ, რაც მაშინ ხუთ დოლარზე ოდნავ მეტი იყო. რისტაფელი ბრინჯის სუფრას ნიშნავს. ინდონეზიური სამზარეულოს კერძია ჰოლანდიური აქცენტებით. ერთ თეფშზე გადმოგაქვთ ბრინჯი ბოსტნეულის წვნიანთან ერთად. მეორე თეფშზე დაჯინგ კარი – საქონლის ხორცი კარის სოუსში, მესამეზე – სატაი ბაბი, შემწვარი ღორის ხორცი არაქისის სოუსით, მეოთხეზე – სამბალ უდანგი, ღვიძლი ჩილის სოუსში. ეს ყველა ძვირადღირებული კერძებია, რადგან ხორცით არის. შემდეგ მოჰყვება სამბალ ტელორი და პერკედელი, კვერცხი ჩილის სოუსში და ხორცის გუფთა. კიდევ ბოსტნეულისა და ხილის კერძები. ბოლოს – არაქისი, კრევეტები ვაფლში, გახეხილი ქოქოსი, კარტოფილის ჩიფსები და სხვა მსგავსი.
ყველაფერი ცალ-ცალკე, ნავივით თეფშებში მოაქვთ და ასე გგონია, თითქოს მრავალ განსხვავებულ კერძს იღებ სულ რაღაც 300 პესეტად. რა თქმა უნდა, ასეცაა, მაგრამ იმდენიც არა, როგორც თვალის ერთი შევლებით ჩანს.
ჩემი კლიენტი არ უჩიოდა მადას და, ჩვეულებრივ, რვა-ათ თეფშს მოასუფთავებდა ხოლმე, კიდევ – ბრინჯის ნახევარზე ოდნავ მეტს. ცოტა არ არის, თუ, ცხადია, ჰოლანდიელი არ ხარ.
მაგრამ სრულყოფილებას არ აქვს საზღვარი – როდესაც შევამჩნიე, რომ არ ჭამდა ღვიძლს, სამბალ ატით ჩავანაცვლე – კრევეტებით ღვიძლის სოუსში. რაკი დავაკვირდი, ჩემი სალათები მოსწონდა ნამეტნავად, გავზარდე მათი ულუფა და დიდი რაოდენობით არაქისის სოუსით შევაზავე.
ერთი კვირის თავზე წონაში მატება დაეტყო.
ვნახე, რომ მოსწონდა ჩემი ვახშამი, რამაც გამამხნევა. კიდევ მეტი რემპეჯეკი, არაქისის ვაფლი დავუმატე და მეტი გუფთა. ამის შემდეგ ამერიკელმა ნამდვილი ჰოლანდიელივით დაიწყო ჭამა. ყბას არ აჩერებდა, მე კი ყურადღებას არ ვაკლებდი.
ორ თვეში, ალბათ, ათი კილო აკრიფა. მე კი მსურდა, ჩემი კერძებით კიდევ მეტად მომენუსხა. ამიტომ ახალი, მოზრდილი თეფშების ნაკრები ვიყიდე, რომ მრავალფეროვანი, დიდი ულუფები მომემზადებინა. არაქისის ნაცვლად კიდევ ერთი ხორცის კერძი შევთავაზე – ბაბი კეჯაბი, ღორის ხორცი სოიოს სოუსში.
მესამე თვის თავზე უკვე ტანსრული ეთქმოდა – ბრინჯსა და არაქისის სოუსს უკვალოდ არ ჩაუვლია. სამზარეულოში ვჯადოქრობდი და მის გემოვნებაზე ვუკრავდი, როგორც ორგანზე. ვხედავდი, როგორ ეფლობოდა ჩემს კერძებში. ლოყები გაეთქვირა, ოფლისგან აუპრიალდა. პაბლო კი ძლივს ასწრებდა თეფშებისა და მუსიკალური ჩანაწერების ცვლას.
ეჭვი აღარ დამრჩა – სტუმარი ჩემი რისტაფელის წინაშე უძლური იყო. ასე ვიტყოდი – კუჭში ვუპოვე აქილევსის ქუსლი. მაგრამ არ გეგონოთ, რომ იოლი საქმეა – ამერიკელმა ხომ ოცდაათი თუ ორმოცი წელი ისე გაატარა, მისი ცხოვრების მზარეული არ შეხვედრია. რატომ ხდება, რომ კაცს ლანდი გასდის? მე ასე ვფიქრობ: ჯერ არ გაუსინჯავს კერძი, რომელიც მის გემოვნებას გასაღებს მოარგებს.
მაქვს თეორია, რომ გამხდარ ადამიანთა უმრავლესობა, სინამდვილეში, მსუქანია, მაგრამ საყვარელ კერძს ვერ მიაგნეს ჯერ. ერთ გერმანელს ვიცნობ, რომელიც მილეულ მთვარეს ჰგავდა, სანამ სამშენებლო საქმემ მადრასში არ ჩაიყვანა, სადაც სამხრეთ ინდური ქარის საკმაზის გასაოცარ მრავალფეროვნებას არ გადაეყარა. მექსიკელი გიტარისტიც ვიცი, რომელიც ლონდონის ღამის კლუბებში მუშაობისას წონაში იკლებს, მის მშობლიურ მორელიაში კი ისევ იმატებს. სრულიად მექსიკური სამზარეულო პატივისცემის ღირსიაო, – მითხრა, – მაგრამ ქვეყნის სამხრეთი – ოახაკადან იუკატანამდე ნამდვილი კუჭის ზეიმია და მხოლოდ მანდ ვჭამ, არამხოლოდ გემრიელად, არამედ – ვნებითაცო. კიდევ ერთს, ეროვნებით ინგლისელს (ვინც ცხოვრების უმეტესი ნაწილი ჩინეთში გაატარა, სანამ კომუნისტებმა არ გამოაძევეს) სეჩუანის ცხარე კერძები ენატრებოდა ყველაზე მეტად, აი, კანტონურის ან შანხაურს კი აღარც ახსენებდა. მისი თქმით, სხვადასხვა კუთხის ჩინური სამზარეულო ძალიან განსხვავდება, ბევრად მეტად, ვიდრე – ევროპული (თუმცა, სტოკჰოლმში ჩარჩენილი ერთი ნეაპოლიტანელის განცდებს მოვკარი ყური – გამორჩეულად მისი კუთხის კერძები ენატრებოდა მასაც)… ინგლისელზე მოგახსენებდით, მისი მტკიცებით, სეჩუანური საკვები ფრიად ცხარეა, მაგრამ – დახვეწილი და არც პროვანსული, არც რომელიმე სხვა ახლოსაც ვერ მოვა – გინდა წითელი ლობიო დაუმატე, გინდა სოიოს სოუსი. ასე იტანჯებოდა, თურმე, ჩინეთიდან გამოძევებული (თუმცა ამაში, საკვების გარდა, მისი ცოლიც იყო, ნაწილობრივ, დამნაშავე).
როგორც ხედავთ, ჩემი ამერიკელი არც პირველი ყოფილა, არც – უკანასკნელი, ის, მხოლოდ, იყო ერთი მრავალთა შორის, ვისაც არასდროს უგემია მისი შესაფერი სამზარეულო, რაც აღმოაჩინა ჩემთან, ჩემს რისტაფელში და დაიწყო ჭამა ოცდაათი თუ ორმოცი წლის იძულებითი მარხვის შემდეგ.
კლიენტის კუჭზე ზრუნვა სწორედ შეფ-მზარეულს კისერზეა. ჩვენ, ერთგვარად, თოჯინების თეატრის რეჟისორსა ვგავართ და სტუმრის გურმანული ვნების მართვა და დაცხრობა გვევალება. ერთ მზარეულს ვიცნობდი პარიზში, ესკოფიეს[2] სულით გამსჭვალულს, რომელიც არაფრის დიდებით მოუმზადებდა კლიენტს ქიშ ლორენისა თუ ხახვის ტარტის მეორე პორციას. „ერთი და იმავე კერძის მიყოლებით მირთმევა დაბალანსებული კვების შებღალვაა და ამ ცოდვას ვერ ავიღებ თუნდაც მილიონ ფრანკად“, – ასე ამბობდა.
ქედს ვუხრი ყველა შეფ-მზარეულს, მაგრამ მათ ვერ ავედევნები. მე ხომ უბირი იტალიელი ვარ, რომელმაც მხოლოდ რისტაფელის მომზადებაში გაიწაფა ხელი და გულის სიღრმეში მხატვრობაზე ოცნებობს. უნდა გამოგიტყდეთ – ის კაცი ვარ, ყველგან სარგებელს რომ დაეძებს.
ამიტომ დღე მისდევდა დღეს და ჩემს სტუმარს რისტაფელი არ მოჰკლებია. ვიცოდი, ახლა სხვა კერძისკენ პირს არ იზამდა. თუმცა, ზოგჯერ, ეჭვები მღრღნიდა, ეგებ, უნებართვოდ დავეპატრონე ამ კაცს? ზოგჯერ, სიზმარში ღამეულ მოჩვენებად დამნათოდა მისი მთვარესავით გაბადრული სახე და ასე მეძახდა: „თქვენს სამბალს არაფრის გემო აქვს! როგორ გამაბრიყვეთ, თქვენთან რომ ვჭამდი. მორჩა! ჩემი ფეხი აღარ იქნება!“
კიდევ დავუმატე ულუფები. დავამატე სატაი კამბინგ მადურა, ცხვრის ხორცი სოიოს სოუსში, მოხარშული ბრინჯი ჩავანაცვლე ზეთსა და ზაფრანაში მოხრაკულით, მივართვი სატაი აიამი, ქათამი ჩილის სოუსითა და მიწის თხილით: ყველაფერი ძალიან მსუყე, გემრიელი, შექმნილი იმისთვის, რომ გასინჯო ერთხელ და ვეღარ მოწყდე.
მეჩვენებოდა, რომ ჩვენ გონების მიღმიერი, უხილავი ბაწრით ვიყავით გადაბმული. თითქოს, ორთავეს რაღაც გარე ძალა გვმართავდა – მე ვამზადებდი, ის კი – ჭამდა. უკვე იმოდენა იყო, ვეღარც კანში ეტეოდა, ვეღარც – სკამზე. ყოველი გრამი, რომელიც ქონად ეკიდა, იმის დასტური იყო, რომ მოვინადირე, დავამარცხე და დავიმონე. მაგრამ, ამასთან, თან მდევდა დარდიც: დასასრული ახლოვდებოდა – ასე განუწყვეტლივ ხომ ვერ მოიმატებდა წონაში.
მართლაც, ერთ ღამეს ყველაფერი ამოყირავდა.
სწორედ მაშინ, როდესაც ახალი კერძი გავამზადე მისთვის – სამბალ ატი, კრევეტები ჩილის სოუსში. სახიფათო ნაბიჯი იყო, ამ კიბორჩხალებზე მიუწვდომელი ფასის გამო, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, მოეწონებოდა და თავი გამოვიდე.
ის კი არ მოვიდა. სხვამხრივ რიგითი საღამო იყო, არაფრით გამორჩეული. დიდხანს ველოდე, რესტორანი ჩვეულზე ორი საათით გვიან დავკეტე, მაგრამ არ გამოჩენილა.
მეორე დღესაც არ მოსულა.
არც – მესამე დღეს.
მეოთხე საღამოს კი შემოაღო კარი და ჩვეულ მაგიდას მიუჯდა.
იქამდე არასდროს გამიცია ხმა, მაგრამ ახლა გავბედე, მივუახლოვდი, ოდნავ დავიხარე და ვუთხარი:
– თავი მომანატრეთ, ბატონო ჩემო.
– ვწუხვარ, რომ ვერ მოვახერხე მოსვლა, მაგრამ შეუძლოდ ვიყავი, – მიპასუხა.
– იმედი მაქვს, არაფერია სერიოზული? – ვკითხე.
– დიდი არაფერი, მხოლოდ მსუბუქი გულის შეტევა… მაგრამ ექიმმა რამდენიმე დღე საწოლში გატარება მირჩია.
თავი დავუქნიე. მანაც დამიკრა თავი.
სამზარეულოში დავბრუნდი. მოთუხთუხე ქვაბებს გადავხედე. პაბლო მელოდა, რომ შეკვეთა წაეღო, ამერიკელი კი ელოდა პაბლოს, თან მკერდზე ეფინა წითელი ხელსახოცი, საგანგებოდ მისთვის, ჩემი ერთგული კლიენტისთვის რომ შევიძინე, კიდე კი პერანგის საყელოში მოეთავსებინა.
მაშინ მივხვდი, რაც ამ ხნის განმავლობაშიც უნდა მცოდნოდა – ამ კაცს ვკლავდი.
მივაჩერდი სამბალას და სოტაის, ქოთნებს, ოხშივარი რომ სდიოდათ, ბრინჯის ქვაბებს, შამფურზე წამოცმულ ხის სოკოს – ჩემს ხელში ეს ყველა ნელი სიკვდილის იარაღად ქცეულიყო, ისე, როგორც ჯალათისთვის არის მარყუჟი ან ნაჯახი.
ყველა ადამიანს ელის სადღაც მისი სანუკვარი სამზარეულო, მაგრამ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება მოკლას მზარეულმა, ვინც მისი მადის მელოდიას უკრავს.
ქურას ზურგი ვაქციე და კლიენტს გავძახე:
– რესტორანი დაკეტილია!
– კი მაგრამ, რატომ? – გაუკვირდა.
– ხორცი დამეწვა! – მივახალე პირველი, რაც ენაზე მომადგა.
– მაშინ მომიტანეთ რისტაფელი ხორცის გარეშე, – მითხრა.
– შეუძლებელია, – ვუთხარი, – რისტაფელი ხორცის გარეშე არ არსებობს.
ის მომჩერებოდა შიშჩამდგარი, ფართოდ გახელილი თვალებით.
– მაშინ ომლეტი კარაქით.
– ომლეტს არ ვამზადებ.
– მაშინ ცხიმში შემწვარი ღორის ხორცი… ან ერთი ჯამი სადად შემწვარი ბრინჯი.
– როგორც ჩანს, ბატონს არ ესმის, – ვუთხარი, – მე მხოლოდ რისტაფელს ვამზადებ და ვამზადებ ყველა წესის დაცვით, ხოლო თუკი ეს შეუძლებელია – არაფერს ვაკეთებ.
– მაგრამ მე მშია! – ლამის აზლუქუნდა, როგორც ჭირვეული ბავშვი.
– შეგიძლიათ, ხუანიტოსთან მიირთვათ ლობსტერი მაიონეზში, ან პაელია – „სა პუნტაში“… – ვუთხარი, და თავი ვერ შევიმაგრე, წყენით დავამატე, – მათთან ხომ უწინაც დაბრძანდებოდით.
– ეგენი არ მინდა. რისტაფელი მინდა! – ცოტაც და ცრემლი მოადგებოდა თვალზე.
– ამსტერდამში მიბრძანდით! – შევძახე, – მე ვერაფრით დაგეხმარებით.
ქოთნები და ქვაბები ქურიდან გადმოვყარე და რესტორნიდან გარეთ გამოვედი.
იმ საღამოსვე ავიკარი ბარგი-ბარხანა და ტაქსის გავყევი ივისამდე, რომ ბარსელონისკენ ღამეული ხომალდისთვის მიმესწრო. იქიდან რომში გავფრინდი.
ვიცი, კლიენტს უხეშად არ უნდა მოექცე, მაგრამ თავს უფლება მივეცი. აუცილებელი იყო. ჭამის ვნება ამერიკელს ხიფათს გადაყრიდა. მისი მადა კი მე უნდა მომეთოკა.
ჩემი შემდგომი ამბავი წინას არ ეხება. გეტყვით მხოლოდ, რომ საუკეთესო რისტაფელის რესტორანი მაქვს საბერძნეთის კუნძულ კოსზე. ყველა ულუფა მათემატიკური სიზუსტით მაქვს გამოთვლილი და ერთი გრამითაც არ ვამეტებ, თუნდაც ყველაზე ერთგული კლიენტისთვის. დედამიწაზე ვერ შეაგროვებთ საკმარის ფულს, რომ ულუფა გავაბევრო ან რისტაფელის მეორე პორცია მოგიტანოთ.
ეს ჩემი პაწია სათნოებაა, რომელიც დიდი დანაშაულის ფასად შევიძინე.
ბევრჯერ მიფიქრია, ნეტა რა ბედი ეწია იმ ამერიკელს ან – პაბლოს, რომელსაც მისი კუთვნილი ანაზღაურება რომიდან გავუგზავნე.
ჯერ კიდევ ვოცნებობ, მხატვარი გავხდე.
ამბავი მეორე – მიმტანის მონაყოლი
უფალო!
ამბავი, რომელზეც მინდა, მოგითხრო, სანტა ეულალია დელ რიოში მოხდა, რამდენიმე წლის წინ, როდესაც ინდონეზიურ რესტორანში ვმუშაობდი მიმტანად.
მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, თვრამეტისაც კი არა. ფრანგულ იახტაზე ვმსახურობდი და ასე მოვხვდი ივისაზე. ჩვენი გემის მფლობელი ამერიკული სიგარეტის კონტრაბანდის გამო დაიჭირეს, მისი ხომალდი კი – დააკავეს. ეკიპაჟის წევრები მიმოიფანტნენ. ვინ – სად, და ვინ – სად, მე კი ივისაზე დავრჩი და, ბოლოს, სანტა ეულალიაში აღმოვჩნდი. წარმოშობით მალტელი ვარ და ენების თანდაყოლილი ნიჭი მომდევს. სოფლის მოსახლეობამ ანდალუსიელად მიმიღო, დანარჩენები კი ივისელისგან ვერ მარჩევდნენ.
როდესაც ჰოლანდიელმა რისტაფელის რესტორანი გახსნა, იქ მუშაობის სურვილი არ გამჩენია. ერთი დღით მივეხმარე, რაკი სხვა საქმე არაფერი მქონდა და იმ საცოდავ გასამრჯელოდ, რასაც სთავაზობდა, ვერვინ ნახა.
მაგრამ იმ პირველივე დღეს ვნახე მისი ჩანაწერების კოლექცია.
გვიანი 70-იანი წლების ფირფიტების მდიდარი კოლექცია ჰქონდა, მათ შორის ჯაზის ბევრი კლასიკა იყო. საუკეთესო ფირსაკრავიც ჰქონდა, დიდი დინამიკებით და ხმის გამაძლიერებლით. ეგეთი სისტემა იმ დროს ძალიან ძვირი ღირდა.
მუსიკისა ბევრი არაფერი გაეგებოდა, უბრალოდ ვახშმის ფონად სჭირდებოდა კლიენტებისთვის, როგორც – სუფრის მოკაზმულობა. მაგიდაზე შემოწყობილი სანთლების მსგავსი ან როგორც რესტორნის კედელზე ასხმული წიწაკისა და ნივრის მძივები. მუსიკა საჭიროა, როდესაც სტუმრები ვახშმობენ – ასე ჰქონდა სადღაც ყურმოკრული.
მაგრამ მე, ანტონიო ვარგასს, რომელსაც მან პაბლო შემარქვა, მუსიკა ბავშვობიდან მიტაცებდა. ვუკრავდი საყვირზე, გიტარასა და ფორტეპიანოზე. ერთადერთი, რაც მაკლდა, ამერიკული ჯაზის სიღრმისეული ცოდნა იყო, რის შესწავლის დრო არა მქონდა, სურვილი კი – დიდი.
ამიტომ გადავწყვიტე იმ ჰოლანდიელთან მეტი ხნით გაჩერება. გროშებს მიხდიდა, მაგრამ თავის შენახვას მოვახერხებდი, მაგიერ – მოვუსმენდი მის კოლექციას, გავიმეორებდი ამერიკელ ოსტატთა ჰანგებს და მოვემზადებოდი ოცნების ასახდენად – მუსიკოსობისთვის.
ჰოლანდიელმა ფირფიტები მე მომანდო, ან სხვა რა არჩევანი ჰქონდა? ვინ იმუშავებდა კაპიკებისთვის? უცხოელები? ცხადია – არა. ადგილობრივები? მათ ღარიბულად კი აცვიათ, მაგრამ თავი მედიდურად უჭირავთ.
ეს მე ვიყავი, ვისთვისაც ლუი არმსთრონგის ჩანაწერების მოსმენა დიდ რამედ ღირდა.
ჯერ ფირფიტები დავახარისხე, შემდეგ საგულდაგულოდ გადავწმინდე მტვერი. ჰოლანდიელი ვაიძულე, ბარსელონიდან ალმასის თავიანი ნემსი გამოეწერა, დინამიკებს ადგილი შევუცვალე, რომ ჰანგი დარბაზში სრულყოფილად განფენილიყო და ჯაზური მუსიკის საღამოები გავმართე.
ჩვეულებრივ, დიუქ ელინგთონის “Mood Indigo”-თი ვიწყებდი, ჩამავალი მზის სხივს სთენ ქენთონს ავადევნებდი და დღის დასასრულს ელა ფიცჯერალდის “Bye-Bye Blues”-ით ვემშვიდობებოდი. მაგრამ ეს იყო მხოლოდ ერთ-ერთი ჩემი პროგრამა.
მალევე შევნიშნე, საკუთარი თავისა და ჰოლანდიელის გარდა (რომელიც რაველს რავი შანკარისგან ვერ გაარჩევდა), კიდევ ერთი მსმენელი მყავდა.
ის იყო მაღალი, ტანხმელი ბრიტანელი – ჯაზის დიდი მცოდნე და დამფასებელი. ჩემს მიერ შეთავაზებულ ჰანგებში სრულად იყო ჩაძირული და ტალღებს ადევნებული. მიირთმევდა ნელა და ზანტად, როდესაც დიუქი „You Ain’t Been Blue“-ს უკრავდა და სწრაფად და აღელვებით, როდესაც უკრავდა “Caravan“-ს.
მისი განწყობა იცვლებოდა, როცა მე ფირფიტებს ვცვლიდი. ელინგთონსა და ქენთონს მარცხენა ხელს აყოლებდა, მარჯვენაში კი ჩანგალი ჩაებღუჯა და სწრაფ-სწრაფად იქნევდა, როგორც ნიჩაბს – თეფშიდან ვნებით მიაქანებდა პირისკენ საკვებს. ჩარლი ბარნეთის ან ჩარლი ფარქერის გაგონებაზე ჭამას ანელებდა, ტუჩებს იკვნეტდა და კოპებსა კრავდა.
მუსიკოსს ერთი სურვილი გამოძრავებს – მსმენელებს ასიამოვნოს, მაგრამ, ცხადია, შენს ჩვეულ დონეზე დაბლა არ უნდა დაეცე. მეც შევუდექი ჩემი ერთადერთი მსმენელის ყურის და გულის მონადირებას.
თავიდან ელინგთონსა და ქენთონს მივენდე, რაკი ეს წაუგებელი თამაშია, ამასთან, დარდი მქონდა, რომ ფარქერისა და ბარნეთის ფანტაზიისკენ ვერ გავუხსენი ბრიტანელს გული. მაგიერ ლუი არმსთრონგი, ელა ფიცჯერალდი, ერლ ჰაინი და Modern Jazz Quartet გავაცანი. ნელ-ნელა შევძელი, მისი გემოვნების ლაბირინთებში გზის გაკვლევა და საღამოს კონცერტებს ახლა უკვე მხოლოდ მისთვის ვმართავდი.
მართლა სანუკვარი მსმენელი აღმოჩნდა. ცხადია, ფასის გადახდაც მოუწია – გვიან ღამემდე ჰოლანდიელის რისტაფელის ჭამა ხუმრობა ხომ არაა – ეს იყო უამრავი, სხვადასხვა დასახელების აჯაფსანდალი, უკლებლივ ყველა ჩილის სოუსის გემოში გახვეული. ჰოლანდიელს ჩვევად ჰქონდა – მის რესტორანში ფეხს შედგამდი თუ არა, კარებშივე მენიუს მოგაჩეჩებდა და ბოლო კერძს რომ დაამთავრებდი, მაგიდაზე უმალ ანგარიშს დაგიგდებდა. იქნებ, ამსტერდამში ასეთი წესი აქვთ, არ ვიცი, მაგრამ ესპანელები ეგრე არ იქცევიან. აქაურ უცხოელებს კი, ესპანური წყალი გადაესხმებათ თუ არა, ესპანელებზე უფრო ესპანელებად მოაქვთ თავი. მხოლოდ ამ ჰოლანდიელს ვერ უშველა ვერაფერმა – მისმა უხეშობამ და სიხარბემ ყველა კლიენტი დაუფრთხო და ამ ერთი ინგლისელის ამარა დარჩა, რომელიც, აშკარა იყო, მუსიკის მოსასმენად მოდიოდა მხოლოდ.
ცოტა ხანში შევნიშნე, რომ ჩემი მსმენელი ფერზე მოვიდა და წონაშიც მოიმატა. ეს იყო ჯაზის და პირადად ჩემი დამსახურება. ჩემს მიერ შედგენილი მუსიკალური საღამოები რომ არა, ეს ენით აუწერელი, საძაგელი რისტაფელი როგორ შეერგებოდა.
ახალგაზრდა ვიყავი, დაუდევარი და უპასუხისმგებლო. დამავიწყდა, რომ მუსიკოსის ვალი მსმენელის სულის წონასწორობასა და კათარსისზე ზრუნვაა. და – მისი მოხიბლვა, მე კი ამ კაცის დატყვევება მსურდა, ხელში ჩაგდება. არმსთრონგით. ელინგთონით და ჩემი ოსტატობით.
ინგლისელი გასუქდა. ცხადია, უფრო თავშეკავებული მელოდიები უნდა შემერჩია, მაგალითად, ბიქს ბეიდერბექი ან დიქსილენდის სხვა წარმომადგენლები. მართალია, მას არ მოსწონდა, მაგრამ ამ მელოდიებს შეეძლო, მისი მადის მოთოკვა. მაგრამ ვაი რომ არ მომაფიქრდა და კიდევ და კიდევ დავუმატე ურცხვად, რაც სურდა.
ყველაზე ცუდია, რომ მის გემოვნებას დავყევი და საკუთარი დავივიწყე. ერთ საღამოს გლენ მილერს “String of Pearls” დავუკარი. მარტივი და უპრეტენზიო. მეგონა, გავეხუმრები-მეთქი, მაგრამ ქვე ვიგრძენი – ინგლისელს, თურმე, ბიგ ბენდები და სვინგის ეპოქა მოსწონდა.
კარგი მსმენელი იყო, მაგრამ ყურის სინატიფე აკლდა. ჯობდა, ყურადღება არ მიმექცია და ჩემი გზით წამეყვანა, მესწავლებინა, თუ რა არის ნამდვილი ჯაზი… მე კი მის სენტიმენტალურობას ავედევნე – მივაყარე გლენ მილერი, თომი დორსი, ჰარი ჯეიმზი. კიდევ კარგი, ბენი გუდმანით ცოტა მოვითქვი სული, მაგრამ შემდეგ ვონ მონროს ტალღა დამეტაკა და შავ მორევში გადამაგდო.
ასეთი ძალაუფლება სხვა ადამიანზე შემზარავია – თვეების განმავლობაში ისე ვმართავდი ჩემს მსმენელს, როგორც – ჩანაწერებს.
როდესაც გამოჩნდებოდა, შემეძლო, მაგალითად, ფრთხილად წავთამაშებოდი და “Muskrat Ramble” შემეგებებინა – კომპოზიცია, რომელსაც მისი აღქმა ვერ სწვდებოდა. შემდეგ უეცრად ჩავანაცვლებდი ვონ მონროს “Moon Over Miami”-თი და ინგლისელს შუბლი ეხსნებოდა, ბაგეზე ღიმილი უთამაშებდა და ხარბად ეწაფებოდა უგემურ რისტაფელს.
პატივმოყვარეობით აღსავსე მზარეული თეფშებს თეფშებზე უვსებდა, მაგრამ მე ვიყავი სწორედ, ვინც ჭამისკენ ვუბიძგებდი.
ხანდახან, როდესაც „Take the A Train“-ს ან არმსთრონგის „Beale Street Blues“-ს ვუკრავდი, ინგლისელი საცოდავად ოხრავდა, ჩანგალს გადადებდა და უსიცოცხლოდ ღეჭავდა ზანტად. ამ დროს სწრაფად გამოვცვლიდი და გლენ მილერის “String of Pearls”-ს, “Blue Evening”-ს ან “Pink Cocktail for a Blue Lady”-ს დავუკრავდი. ან ჰარი ჯეიმსის “When You’re Long, Long Way from Home”-ს, ან ჯიმი დორსის “Amapola”-ს…
ეს ქარაფშუტა ჰანგები მასზე ბანგივით მოქმედებდა, თავის კანტურს იწყებდა, თვალებზე ცრემლი ადგებოდა და სოუსს სწრაფ-სწრაფად ხვრეპდა კოვზით.
ის დიდ გოდორს დაემსგავსა და მე მას ვმართავდი, როგორც ლაბორატორიის ვირთხას… არ ვიცი, რით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი…
მაგრამ ერთ საღამოს არ გამოჩნდა.
არ მოსულა არც მეორე, არც – მესამე დღეს.
მეოთხე დღეს, გვიან საღამოს რესტორანში შემოვიდა და შეფ-მზარეულმა (ცხადია, შემოსავლის წყაროზე დარდით) მისი ჯანმრთელობა მოიკითხა.
კლიენტმა უპასუხა, რომ კუჭის წყლული გაუმიზეზდა. შეტევა ჰქონდა.
რამდენიმე დღით ცხარე კერძები აუკრძალეს, მაგრამ ახლა თავს ისევ კარგად გრძნობდა.
შეფმა თავი დაუქნია და ქურასთან დაბრუნდა წიწაკიანი კერძების მოსამზადებლად.
ინგლისელმა შემომხედა და პირველად მაშინ დამელაპარაკა, როგორც მახსოვს, სწორედ იმ დროს სთენ ქენთონის “Down in an Alley by the Alamo” ჩავრთე.
კლიენტმა მითხრა:
– მაპატიეთ, მაგრამ, თუ არ შეწუხდებით, იქნებ ვონ მონროს “Moon Over Miami” დაუკრათ.
– სიამოვნებით, – ვუპასუხე და ფირსაკრავთან მივედი, ქენთონის ფირფიტა გვერდზე გადავდე, ავიღე მონრო და მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ამ კაცს ვკლავდი. ნამდვილად ვკლავდი.
ის ჩემს მუსიკაზე გახდა დამოკიდებული, მოსმენის ერთადერთი გზა კი რისტაფელის ჭამაზე გადიოდა… იმ რისტაფელის, კუჭი რომ გაუხვრიტა.
ამას მივხდი და ერთბაშად დავბრძენდი.
– არავითარი ვონ მონრო! – შევძახე.
გაოგნებულმა შემომხედა. თვალები გაუფართოვდა, დაახამხამა. შეფ-მზარეული სამზარეულოდან გამოვიდა. ისიც გაოცებული იყო, ჩემი ყვირილი რომ გაიგონა.
ინგლისელი შემევედრა:
– იქნებ, გლენ მილერი…
– აღარ არის, – ვუთხარი.
– თომი დორსი?
– არც ეგ.
კაცი საბრალოდ ცახცახებდა, ყბა უთრთოდა, თითქოს – ყინვისგან.
– რა გაეწყობა, დიუქ ელინგთონი იყოს…
– არა!
– მაგრამ პაბლო, – მითხრა შეფმა, – შენ ხომ მოგწონს ელინგთონი!
კლიენტმა კი მთხოვა:
– ბაიდერბექი… ან, თუნდაც, Modern Jazz Quartet!… დაუკარით, რაც გსურთ, ოღონდ რამე მელოდია დაუკარით!
– საკმარისზე ბევრი მოგასმენინეთ უკვე, – ვუპასუხე, – მე დავასრულე და მუსიკაც დამთავრდა.
გამაძლიერებელს დავცხე მუშტი, ისე ღონივრად, რომ შიგნიდან მსხვრევის ხმა გაისმა.
შეფ-მზარეული და კლიენტი გახევებულნი იდგნენ, პირდაფჩენილნი შემომცქეროდნენ.
გარეთ გავედი. ორი კვირის ანაზღაურება მეკუთვნოდა, არც კი მომითხოვია. შემხვედრ მანქანას გავყევი ივისას ნავსადგურში და იქიდან გემს – მარსელისკენ.
დღეს ცნობილი საქსოფონისტი ვარ და ყოველ საღამოს, კვირის გარდა, პარიზის Le Cat’s Pijamas Club-ში თუ მომისმენთ, ჩემი ნატიფი ბგერის სიწმინდე მოგხიბლავთ და დამაფასებთ, როგორც კლასიკური დიქსილენდის უბადლო დიდოსტატს.
მაგრამ ის ცოდვა კვლავაც კისერზე მაწევს – ჩემს მიერ მონუსხული საბრალო ინგლისელის, ვისაც იმ მუსიკას ვასმენინებდი, რომელიც სურდა.
ამაზე მეტად არაფერს ვნანობ.
და კიდევ, ხშირად ვფიქრობ ხოლმე, ნეტავი ვიცოდე, რა ბედი ეწია შეფ-მზარეულს და მის კლიენტს.
ამბავი მესამე – კლიენტის მონაყოლი
უფალო,
ეს ამბავი მრავალი წინ მოხდა, ესპანეთის პატარა ქალაქში, სახელად სანტა ეულალია დელ რიო. აქამდე არავისთვის გამიმხელია, მაგრამ ახლა, ვგრძნობ, დრო მომადგა.
სანტა ეულალიაში წიგნის დასაწერად ჩავედი. ცოლი თან მახლდა, შვილები არა გვყავდა.
სანამ იქ ვიყავი, ერთმა კაცმა რისტაფელის რესტორანი გახსნა. მგონი, ფინელი იყო, თუ – უნგრელი. ემიგრანტების მთელი კოლონია სიხარულით შეხვდა. იქამდე სულ ორი არჩევანი გვქონდა – პაელია „სა პუნტაში“ ან ლობსტერი მაიონეზით ხუანიტოსთან. ორივე გემრიელი იყო, მაგრამ ყველაზე საუკეთესომაც მოყირჭება იცის.
ამიტომ ბევრმა ჩვენგანმა დაიწყო სიარული Yin-Tang-ში, როგორც შეფმა უწოდა ახალ რესტორანს. ყველაფერი რიგიანად იყო, ამასთან, უნგრელს ჩანაწერების შესანიშნავი კოლექციაც ჰქონდა და კარგი აუდიო-სისტემა. ასეთი წამოწყება წარმატებისთვის არის ხოლმე განწირული.
კვირაში დაახლოებით ხუთ საღამოს იქ ვატარებდი. ჩემი ცოლი არაჩვეულებრივი ქალი გახლდათ, მაგრამ – უხეირო მზარეული, ამიტომ უნგრელის ერთ-ერთ მუდმივ კლიენტად ვიქეცი.
ერთი კვირის თავზე ოფიციანტს დავაკვირდი.
ახალგაზრდა იყო, თექვსმეტი-ჩვიდმეტი წლისა, მგონი – ინდონეზიელი. ზეთისხილის ფერის კანი ჰქონდა, თმა და წარბები კი – გიშრისფერი. ტანად მოხდენილი, მკვირცხლი. ერთ სიამოვნებად ღირდა იმის ნახვა, როგორ ტრიალებდა მაგიდებს შორის, დაატარებდა კერძებს და ცვლიდა ფირფიტებს.
ჩემი მონაყოლი უწყინრად ჟღერს, არა? მაგრამ შემდეგ მოჰყვა ბნელი, მძიმე ამბები.
როგორცა ვთქვი, აღფრთოვანებული ვიყავი მისი სიჭაბუკითა და სილამაზით, როგორც ერთი მამაკაცი შეიძლება აღაფრთოვანოს მეორე მამაკაცმა. ორი კვირის თავზე მივხვდი, გამორჩეულად მიზიდავდა მისი ნაკვთები, ამაყად მოღერებული ყელი, თხელი მხრები, თლილი ზურგი და კიდევ – მოხდენილი დუნდულები.
აღფრთოვანებული ვიყავი ბიჭით ისე, როგორც ბერძნული ან მიქელანჯელოს ქანდაკებებით – თავის ვიტყუებდი. ჩემი ვნება მხოლოდ ესთეტიკურია, სხვა არაფერი – ასე ვიმეორებდი დაჟინებით, ყოველ საღამოს დავდიოდი რესტორანში და მივირთმევდი რისტაფელს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი კერძია დედამიწაზე.
იმ თვის ბოლოს, შეძრწუნებული გამოვუტყდი თავს, რომ მხოლოდ ბიჭით ვიყავი გატაცებული. მსურდა, შევხებოდი თმებზე, მივალერსებოდი, მისი სხეულის ნაკვთები შემესწავლა და სხვა რამეებიც… ამ ფიქრებმა შემზარა.
არასოდეს ვყოფილვარ ჰომოსექსუალი, არც არასდროს მქონია მიზეზი, თავი ფარულ ჰომოსექსუალად მიმეჩნია. ყოველთვის მსიამოვნებდა ქალებთან სექსი და არასდროს მესმოდა, როგორ შეეძლო მამაკაცს სხვა მამაკაცის სხეულით ტკბობა.
ახლა გავიგე. და ამ ცოდნამ შემაშინა.
მაგრამ ჩემი სინდისის ქენჯნა ჩემივე ვნების ღვარცოფმა შთანთქა. ყოველ საღამოს მივდიოდი რესტორანში და იმდენ ხანს ვრჩებოდი, სადამდეც შემეძლო. შეფ-მზარეული დამატებით ულუფებს მიმზადებდა, მე კი ვჭამდი, იმისთვის, რომ რაც შეიძლება დიდხანს ვყოფილიყავი იქ.
ბიჭი? არა მჯერა, რომ ჩემს აზრებს ვერ კითხულობდა, არა მჯერა, რომ არ გამომეპასუხა – რადგან გადიოდა დღეები და თვეები, ის გაშმაგებით ტრიალებდა, ცვლიდა ფირფიტებს, წმენდდა ისედაც სუფთა საფერფლეებს და სულ არ ცდილობდა თავისი სხეულის დამალვას.
ხშირად ვსაუბრობდით თვალებით. ჩემი მეუღლე უკვე შეერთებულ შტატებში დაბრუნდა, შეფ-მზარეულს კი არაფერი აინტერესებდა, რისტაფელის გარდა. მე და ბიჭი ერთმანეთს ვუცქერდით. ვიცოდით ჩვენი სურვილების შესახებ, მაგრამ არც სიტყვით, არც შეხებით არ გამოგვითქვამს.
ამასობაში წონაში მოვიმატე. ვის შეუძლია ღამ-ღამობით კილო თუ კილო-ნახევარი რისტაფელის ჩალაგება კუჭში, ისე რომ არაფერი დაეტყოს? მეც დამედო ქონი. ჩემი ვნების და საკუთარი თავის მოძულების ნიშნად. მეგობრებს გავურბოდი, ყურადღებას აღარ ვაქცევდი ჩემს გარეგნობას, ყოველ საღამოს რესტორანში ვატარებდი და მთელი ღამე კუჭი მეწვოდა სანელებლებით გაჯერებული საკვების გამო. ჩავთვლემდი და სიზმარშიც ის ბიჭი მელანდებოდა. მთელი დღე ველოდი საღამოს დადგომას, როცა ხელახლა შევძლებდი მის ნახვას.
ჩვენი თვალების ცეცება უფრო თამამი, უფრო თავხედური გახდა. ხანდახან, როცა კერძებს ცვლიდა, მაგიდას ეყრდნობოდა, თითქოს შეხება სურდა. მე კი ამ დროს ჩავახველებდი ხოლმე და მხოლოდ მზერით ვაყვედრიდი უტიფარ ტრფიალს.
არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს ვნება ან სად აღმოვჩნდებოდით ბოლოს. თანდათან შემომეძარცვა მორიდება და დავკარგე სიამაყე. მივუახლოვდი ზღვარს, რომლის იქით, ალბათ, ბიჭსაც გამოველაპარაკებოდი უკვე. მაგრამ უცებ, სრულიად მოულოდნელად, შევნიშნე რაღაც.
ერთადერთი კლიენტი ვიყავი, ვინც ამ რესტორანს შემორჩა.
რატომ? ამაზე დავფიქრდი, მსურდა, ამომეხსნა. მართალია, მეგობრებს დავშორდი, მაგრამ რისტაფელის რესტორანში ჭამა რად უნდა მიეტოვებინათ?
ყოველ საღამოს მივდიოდი და სხვა არვინ იყო. საკვები არ გაუფუჭებია, არც – მუსიკა. არაფერი შეცვლილა… ჩემს გარდა.
ერთ ღამეს, როდესაც ყველა სხვა ღამის მსგავსად, რისტაფელის უზარმაზარ ულუფას გავავლე მუსრი, დავფიქრდი, თუ რამდენად მსუქანი ვარ. წამით, თითქოს, სხეული დავტოვე და გარედან შევხედე საკუთარ თავს.
ვხედავდი ამაზრზენად სქელ, ქონმოდებულ ადამიანს რესტორნის პატარა მაგიდასთან. ვისი დანახვაც მადას დაგაკარგვინებს, ვის გვერდით ერთ დარბაზში გაჩერება არ გესიამოვნება.
გონება გამინათდა: ჩემს გამო დაკარგა უნგრელმა ყველა კლიენტი. სრულ ჭკუაზე მყოფს, ვის ენდომება ჩემს გვერდით ჭამა? კერძს რა გემოს ჩაატანს? არადა, სულ აქ ვაგდივარ.
დაუყოვნებლივ უნდა მეღონა რამე, სანამ ჯერ კიდევ შემართება მყოფნიდა. მაგიდა გავწიე და ფეხზე წამოვდექი. საკმაოდ გამიჭირდა. შეფ-მზარეული და მიმტანი მომაჩერდნენ. კარისკენ წავბარბაცდი.
მზარეულმა შესძახა:
– საჭმელს რამე ჭირს?
– საჭმელს არაფერი, – ვუპასუხე, – მე მჭირს.
ბიჭმა თვალები დახარა:
– მე თუ დაგიშავეთ…
– პირიქით, – ყველაფერი უზომოდ კარგი იყო, მაგრამ მე თავად დავუშავე საკუთარ თავს… მეტი რომ შეიძლება.
ვერაფერს მიხვდნენ.
შეფმა შემომძახა:
– ნუთუ, ერთ თეფშ ღორის სატაის მაინც არ მიირთმევთ? ახლებურად მოგიმზადეთ, ძალიან გემრიელია.
ბიჭმა კი მითხრა:
– არმსთრონგის ჩანაწერი გვაქვს… ჯერ არ მოგისმენიათ.
ზღურბლთან შევჩერდი. მოვიხედე.
– მადლობელი ვარ. კეთილი ხალხი ხართ, მაგრამ თქვენს რესტორანში, თქვენს თვალწინ საკუთარ თავს ვანადგურებ. ამის გაკეთება სადმე სხვაგანაც შემიძლია. სჯობს, ჩამოგცილდეთ.
ისინი მიცქერდნენ გაშეშებული, დაბინდული თვალებით.
რესტორანი დავტოვე, ბინაში მივედი, მომცრო ჩემოდანი ჩავალაგე და მოვნახე ტაქსი, რომელიც ქალაქ ივისაში წამიყვანდა. დროზე მივუსწარი ღამის ავია-რეისს ბარსელონისკენ.
წლები გავიდა. დრომ და მანძილმა დამიცხრო ვნება. ბევრჯერ შემიყვარდა კიდევ, მაგრამ აღარასდროს – ბიჭი.
ახლა მექსიკაში ვცხოვრობ, სან მიგელ დე ალიენდეში, მეუღლესთან (იმასთან არა, სანტა ეულალიაში ვინც მახლდა) და ორ შვილთან ერთად.
ხშირად მახსენდება შეფ-მზარეული და მიმტანი. რა ბედი ეწიათ, ნეტავ. ალბათ, საქმე უკეთ წაუვიდათ, გამდიდრდნენ და გაფართოვდნენ. მგონი, ჯერ კიდევ იქ არიან, სანტა ეულალიაში, თუ, რა თქმა უნდა, ჩემმა ცოდვით სავსე ვნებამ რამე ხიფათს არ გადაჰყარა.
გულწრფელად ვნანობ იმ ამბებს.
ჯერ ისევ ვცდილობ წიგნის დაწერას.
©Robert Sheckley – Pas De Trois of the Chef and the Waiter and the Customer. Playboy, August 1978
©LV (ქართული თარგმანი, 2023)
©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___
(1)რისტაფელი/რაისტაფელი (Rijsttafel) ჰოლანდიური სამზარეულოს ინდონეზიური წარმომავლობის კერძია. ერთდროულად მრავალი პორციისგან შედგება – ძირითად თეფშზე ბრინჯია, რომელსაც სხვადასხვა თანმხლები კერძი მოჰყვება (40-იც შეიძლება იყოს) მცირე ულუფებით.
(2) ჟორჟ ოგიუსტ ესკოფიე – კლასიკური ფრანგული სამზარეულოს ერთ-ერთი ფუძემდებელია. ესკოფიეს ეკუთვნის ხუთი ბაზისური სოუსის კონცეფცია – წესი, რომელსაც მსოფლიოს ყველა თანამედროვე სამზარეულო იყენებს. ესკოფიეს შესახებ პოსტიც მაქვს დაწერილი (ფრანგული სამზარეულოს წესები).
___
მთარგმნელის კომენტარი:
მოთხრობა პირველად ჟურნალმა „Playboy” დაბეჭდა სახელად Three Sinners in the Jade Green Moon. ის სათაური რომ დაეტოვებინა შექლის, ალბათ, ასე ვთარგმნიდი „სამი შეცოდება მწვანე ჟადეიტის მთვარის ქვეშ“, მაგრამ იმავე წელს გამოცემულ კრებულში და შემდგომ გამოცემებში ავტორმა სახელი გამოუცვალა და მას მერე ჰქვია Pas De Trois of the Chef and the Waiter and the Customer. ერთი პირობა ვყოყმანობდი „პა დე ტრუასა“ და „სამაიას“ შორის, ბოლოს მაინც ეს ვამჯობინე.
შექლის მოთხრობა უთუოდ გაგახსენებთ ორ სხვას: რიუნოსკე აკუტაგავას „ჭალაში“ და თომას მანის „საღამო ვენეციაში“. შექლის ვერსიას პაროდიას დავარქმევდი ამ სიტყვას უარყოფითი მნიშვნელობა რომ არ მისწებებოდა, ამიტომ დავარქმევ იმპროვიზაციას თემაზე ან მიძღვნას პატივისცემის ნიშნად – ჯაზურ Tribute-ს, როგორც მუსიკოსები აკეთებენ, როდესაც სხვის კომპოზიციას შეეთამაშებიან ხოლმე.
და კიდევ ერთი – ეს მოთხრობა საბჭოურ გამოცემაში, რუსულ თარგმანში მქონდა წაკითხული. გვიანდელი თარგმანია, „პერესტროიკის“ დროინდელი და შინაარსი კარგად მახსოვდა, მაგრამ „თომას მანი“ შექლისთან მხოლოდ ახლა, ქართულად თარგმნა რომ გადავწყვიტე, მაშინ აღმოვაჩინე… იმდენად გამიკვირდა, საგანგებოდ ხელახლა მოვძებნე რუსული თარგმანი და შევადარე. არ ვიცი – ცენზურამ, არ ვიცი, თავად რუსმა მთარგმნელმა „თომას მანისგან“ მოთხრობაში არაფერი დატოვა. 🙂
___
სხვა კლასიკური (საიფაი) შექლები: