შობა განიმედზე

აიზექ აზიმოვი

ოლაფ ჯონსონი რაღაცას ღიღინებდა თავისთვის, ამასაც თუ ღიღინი ერქვა და მეოცნებე ცისფერი თვალებით შეჰყურებდა ბიბლიოთეკის კუთხეში დიდებულად ტოტებგაშლილ სოჭის ხეს. ბიბლიოთეკის დარბაზი გუმბათში ყველაზე დიდი ოთახი იყო, მაგრამ ასეთი გამორჩეული დღისთვის ეს ფართიც კი ეცოტავა ოლაფს. უზარმაზარი ყუთისკენ დაიხარა ხელი ჩაყო და წითელ-მწვანე ბრჭყვიალა ქაღალდის პირველი გრაგნილი ამოიღო.

ნეტავ, რა უეცარი გრძნობები მოეძალა Ganymedan Products Corporation, Inc.-ს? რა უცხო ძალამ აიძულა, საშობაო მოკაზმულობის სრული კოლექცია გამოაგზავნა გუმბათში? მაგრამ ოლაფს ამ საიდუმლოს გამოცნობა არ უცდია. ის გუმბათის ერთი რიგითი თანამშრომელი იყო, შობის მთავარი დეკორატორის მისია თავად იტვირთა და კმაყოფილი იყო სამუშაოთიც და მისი ბედითაც. მეტს არას დაეძებდა.

ამ ფუსფუსში იყო, როდესაც სასიგნალო ნათურის ციმციმმა მოჭრა თვალი – ოლაფ ჯონსონი შეიჭმუხნა და ერთი კარგადაც შეუკურთხა. ეს შუქი, რომელიც ხან ინთებოდა, ხან ქრებოდა, გუმბათის თანამშრომელთა შეკრებას აუწყებდა. დასწრება სავალდებულო იყო. მძიმედ ამოიხვნეშა და ჩაქუჩი ძირს დააგდო, ტალღოვან ქაღალდსაც ხელი უშვა. თმები გაისწორა, ბრჭყვიალა კონფეტი დაიფერთხა და ოფიცერთა ნაკვეთურისკენ გაემართა.

როცა ოლაფი ოთახში შევიდა, მეთაური სქოთ ფელჰამი მაგიდის თავში, ღრმა სავარძელში იჯდა და კოტიტა თითებს, ჩვეულებისამებრ, მინის ზედაპირზე აკაკუნებდა. ოლაფმა შეხედა და მრისხანე თვალში თვალი უშიშრად გაუყარა. არხეინად იყო – უბანზე ყველაფერი წესრიგში ჰქონდა, აგერ უკვე ოცი კვირის განმავლობაში.

მალე სხვებიც შემოემატნენ. ფელჰამმა კუშტად გადახედა, გადათვალა და სიტყვა აიღო:

– ყველანი ვართ… ბატონებო, კრიზისი გვიახლოვდება!

შეკრებილნი აჩოჩქოლდნენ, მაგრამ ოლაფი არ შეშფოთებულა, თვალები აღაპყრო და ჭერი შეათვალიერა. კრიზისები გუმბათში ჩვეულ ამბად ექცათ. საშუალოდ – კვირაში ერთი მაინც. ხან ოქსიტის მოპოვების კვოტას გაუზრდიდნენ, ხანაც კარენის ფოთლების ბოლო პარტიის ხარისხს დაუწუნებდნენ… მაგრამ მეთაურმა განაგრძო და აქ კი დაასხა ოლაფს ცივმა ოფლმა.

– მიპასუხეთ ერთი, რომელმა რეგვენმა გამოუჭედა ამ სირაქლემებს ყურები საბავშვო ზღაპრებით?! – როცა ფელჰამი განრისხებული იყო, მისი ბარიტონი ღრჭიალს იწყებდა.

ოლაფ ჯონსონს შუბლი დაეღარა და ნერწყვი ბურთივით გაეჩხირა ყელში. ჩაახველა. მაშინვე ყველამ მას მიაპყრო მზერა. ჯონსონს ჟრუანტელმა დაუარა.

– მე… ჰმ…მე… – ჩაილუღლუღა და ხმა ჩაუწყდა. თითები გაფარჩხა, თითქოს, ანაზდად მოეყინაო, – კარენის ფოთლის მარაგების დავხედე გუშინ… ცოტა ზანტად მუშაობდნენ და…

ფელჰამმა გაუღიმა და ხმა მაცდურად დაუტკბა:

– შენ უხსენე ადგილობრივებს სანტა კლაუსი, ოლაფ?

მეთაურის ღიმილმა მგლის დაფჩენილი ხახას მოაგონა და ოლაფი გატყდა. კისერი მოეღრიცა, დასტურის ნიშნად თავი დაუქნია.

– შენ ქენი, აბა? სანტა კლაუსზე მოუყევი? ციდან რომ ეშვება, ჰაერში დაფრინავს და რვა ირემი ჰყავს მარხილში ჩაბმული?

– არ ჰყავს განა? – უხალისოდ ჰკითხა ოლაფმა.

– ირემიც დაუხატე, კარგად რომ წარმოედგინათ, როგორია… და სანტას რომ თეთრი წვერი აქვს და წითელი ქურქი თეთრად დაპენტილი? ასეა?

– კი, ასეა, – თქვა ოლაფმა. ჯერ ვერ ხვდებოდა, რას ემართლებოდნენ.

– დიდი ტომარა საჩუქრებით? საკვამურს ჩამოჰყვება და წინდებში აწყობს? პატარა ბიჭებისა და გოგოებისთვის, ვინც მთელი წელი კარგად იქცეოდა?

– რა თქმა უნდა.

– ისიც უთხარი, წელიწადი რომ მთავრდება, მაშინ მოდის სწორედ? შვიდი დღეც და განიმედზეც გვესტუმრება?

ოლაფს სუსტი ღიმილი დაეფინა.

– დიახ, მეთაურო… მინდოდა, თქვენთვის მეთქვა, სწორედ ახლა ვრთავდი შობის ხეს…

– მოკეტე! – დაჰყეფა ფელჰამმა. მძიმედ სუნთქავდა. ქოშინით, – იცი, მერე, რა მოიფიქრეს?

– არა, მეთაურო.

ფელჰამი წამოდგა, ოლაფისკენ დაიხარა და შეჰყვირა:

– უნდათ, რომ სანტა კლაუსი ეწვიოთ!

ვიღაცას სიცილი წასკდა, მაგრამ მეთაურის სუსხიანმა გამოხედვამ დააფრთხო, ხველა წამოიწყო ხმამაღლა – აქაოდა, არც გამცინებიაო.

– თუ სანტა კლაუსი არ ესტუმრება, სამუშაოს მიტოვებით იმუქრებიან!… – და კიდევ ერთხელ გაიმეორა, კარგად რომ გაეგოთ, – გაფიცვას აპირებენ!

ამჯერად დუმილი ჩამოწვა. არც სიცილი, აღარც – ხველა. ყველას ერთმა საზარელმა ფიქრმა ჩამოუქროლა, მაგრამ მხოლოდ ოლაფმა გაბედა თქმა:

– კი მაგრამ, კვოტა?

– რას მელაპარაკები, – შესძახა ფელჰამმა, – კარგ დროს გაგახსენდა – ასი ტონა ვოლფრამიტი, ოთხმოცი ტონა კარენის ფოთოლი და ორმოცდაათი ტონა ოქსიტი ყოველი წლის ბოლოს უნდა ჩავაბაროთ Ganymedan Products-ს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მადნების დამუშავების უფლებას დაკარგავს. ნუთუ, ზის აქ ვინმე, ვისაც ეს დაავიწყდა? წელიწადი ორ კვირაში სრულდება და ჩვენ ხუთი პროცენტით ჩამოვრჩებით გრაფიკს.

სიჩუმე შემზარავი იყო.

– სირაქლემები შრომობენ, მაგრამ სანტა კლაუსი თუ არ მოვა, ყველაფერი დასრულდება: არც კვოტა, არც ნებართვა, არც – სამუშაო! შევიდა თქვენს თავებში, ბრიყვებო?! როდესაც კომპანია კარგავს ლიცენზიას, ჩვენც ვკარგავთ ამ თანავარსკვლავედში ყველაზე მაღალანაზღაურებად სამუშაოს… ფაფუუუ! თუ…

ოლაფს მიაჩერდა და დაამატა:

– თუ შობისთვის არ გვექნება მფრინავი მარხილი, რვა ირემი და სანტა კლაუსი. და სატურნის რგოლების ყველა მტვრის მარცვალს ვფიცავ, ეს ყველაფერი გვექნება. პირველ რიგში – სანტა!

ათ გაფითრებულ სახეს გადახედა.

– შერჩეულიც გყავთ ვინმე, მეთაურო? – ჰკითხა ვიღაცამ ჩახლეჩილი ხმით.

– თქვენ წარმოიდგინეთ, მყავს!

სავარძელში მოკალათდა ისევ და არხეინად მიეყრდნო ზურგს. ოლაფ ჯონსონს კი ხელმეორედ დაასხა ცივმა ოფლმა, როდესაც მისკენ გამოშვერილი თითი დაინახა.

– არა, მეთაურო! – ამოილუღლუღა ძლივს.

მაგრამ საჩვენებელი თითი არც შერხეულა.

ფელჰამი დერეფანში შემოვიდა, მოიხსნა ჟანგბადის ბალონი, სასუნთქი მილი, გაიძრო სქელი მაუდის ტანსაცმელი და, სულ ბოლოს, ძლივძლივობით – მძიმე, კოსმოსური ჩექმა მუხლამდე ყელით.

სიმ ფირსმა კარენის ფოთლების შემოწმებას თავი დაანება და სათვალის ზემოდან იმედიანად შეხედა მეთაურს.

– როგორ არის საქმე? – ჰკითხა

ფელჰამმა მხრები აიჩეჩა.

– სანტას დავპირდი, სხვა რა ძალაა? კიდევ შაქრის რაციონიც გავუორმაგე, ამიტომ სამუშაოს დაუბრუნდნენ… ჯერ-ჯერობით ასეა.

– ჯერ-ჯერობით ანუ იქამდე, სანამ არ მიხვდებიან, რომ შეპირებული სანტა არ იქნება? – ფირსმა კარენის ფოთოლი ააფრიალა, – მსგავსი სისულელე არც კი მსმენია… საიდან გაჩნდება სანტა? ის არ არსებობს!

– სცადე აბა და აუხსენი! – ფელჰამი ჩამოჯდა. დაღლილი ჩანდა, სახე მოქუფროდა. – ბენსონი რას აკეთებს?

– მფრინავ მარხილზე მეკითხები? ამბობს, რაღაცას მოვუხერხებო… – ფირსმა თვალი მოჭუტა და შუქზე გახედა ფოთოლს, – თუ ჩემი აზრი გაინტერესებს, მაგარი შექანებულია ეგ ბებერი მელა… ამ დილით ჩავიდა მიწისქვეშა სართულზე და მას შემდეგ აღარც გამოჩენილა. მაგრამ სათადარიგო ელექტრო-განმანაწილებელი სულ ნაწილებად დაშალა – ძირითადს რამე რომ დაემართოს, ჟანგბადის გარეშე დავრჩებით.

– კარგი ამბავია, – მძიმედ წამოდგა ფეხზე ფელჰამი, – იმედი მაქვს, დავიხრჩობით. იოლად გამოვძვრებით მთელი ამ დავიდარაბადან. ჩავალ ერთი, დავხედავ.

გავიდა და კარი ხმაურით გაიხურა.

გაოცებული აცეცებდა თვალებს – ირგვლივ რაღაც დანადგარის მბზინავი ქრომირებული ფოლადის ნაწილები იყო მიყრილ-მოყრილი. კარგა ხანი დასჭირდა, სანამ მიხვდა – ეს ყველა კოხტად შეკრული და გამართულად მომუშავე ელექტრო-განმანაწილებელი იყო ჯერ კიდევ გუშინ. შუაგულ ოთახში ჟანგისფერ ფერსოებზე ხის ძველებური მარხილი იდგა, მთლად დამტვერილი. მეთაურს მოეჩვენა, რომ მთელ ამ ორომტრიალში ძალიან უცხო სხეულად გამოიყურებოდა. ქვემოდან ჩაქუჩის რაკა-რუკი შემოესმა.

– ჰეი, ბენსონ! – დაუძახა.

ბენსონმა გამოხედა. გაოფლილი იყო და გაჭვარტლული. თავი გამოყო თუ არა, საღეჭი თამბაქო გადმოაპურჭყა და ზუსტად მოათავსა იქვე, საფურთხებელში – ამ ხელსაწყოს გვერდიდან არ იშორებდა ხოლმე.

– რა გაყვირებს? – გაუწყრა, – ფრთხილი სამუშაოა, შენ კი ხელს მიშლი.

– ეს რა ჯანდაბაა? – ჰკითხა ფელჰამმა.

– მფრინავი მარხილი. დიზაინი მე მეკუთვნის, – სახე გაებადრა ბენსონს, წყლიანი თვალები აუციმციმდა, – მარხილი რა ხანია აქ აგდია. პირველმოსახლეებს ეგონათ, რომ თოვლი დახვდებოდათ, იოვიანეს პლანეტების[1] სხვა თანამგზავრების მსგავსად, – უთხრა, თან თამბაქოს ღეჭვაც არ შეუწყვეტია, – განმანაწილებლისგან რამდენიმე გრავიტაციულ ამრეკლს თუ ავაწყობ და ძირზე ავაკრავ – უწონადი გახდება, როცა დენს გავატარებთ… დანარჩენს შეკუმშული ჰაერის ძრავა იზამს…

მეთაურს ტუჩი მოექცა. ეჭვით მიაჩერდა.

– გაფრინდება?

– აბა, როგორ! ამრეკლთა გამოყენება მე არ მომიგონია, ბევრმა სცადა, თუმცა – უშედეგოდ. მაღალი გრავიტაციის პირობებში ეფექტური ვერ არის, მაგრამ აქ, განიმედზე, სადაც სამჯერ უფრო მცირე მიზიდულობაა და თხელი ატმოსფერო, ბავშვიც კი მართავს… ჯონსონიც შეძლებს, თუმცა, თუ გადმოვარდება და კისერს წაიტეხს, არც მაგაზე ვიდარდებ.

– კარგი… მისმინე, აქაური იასამნისფერი ხის მასალა ხომ გვაქვს – ჩარლი ფინი ნახე და უთხარი, ბაქნის მაგვარი შეკრას და მარხილი ზედ შემოდოს. ექვსი მეტრი მაინც აიღოს სიგრძეში და მოაჯირითაც შემორაგვოს.

ბენსონმა ისევ გადააფურთხა და შუბლზე ჩამოშლილი გრძელი ქოჩორი თვალებიდან გადააგდო.

– რა მოგაფიქრდა, მეთაურო?

ფელჰამი უცნაურად ხითხითებდა, ვინმეს ეგონებოდა – ყეფსო.

– სირაქლემებმა ირმები მოითხოვეს და – მივცემთ… ჰოდა, ეგენიც ხომ უნდა დადგნენ სადღაც?

– უნდა დადგნენ კი… მაგრამ, მოიცა! განიმედზე ირემი არ ცხოვრობს.

ფელჰამი უკვე კარში იყო, შეჩერდა და გამოხედა. თვალები ავად ჰქონდა მოწკურული, როგორც ყოველთვის, როცა ოლაფ ჯონსონზე ფიქრობდა.

– ოლაფი რვა ზურგეკალას დაიჭერს – ოთხი ფეხი აქვთ, ერთი თავი წინ და ერთი კუდი უკან… ირემს, ეგებ, არა ჰგვანან, მაგრამ ემუებისთვის წავა.

მოხუცი ინჟინერი ჯერ ჩაფიქრდა, შემდეგ მანაც ავად გაიცინა.

– კარგად მოგიფიქრებია! იმ რეგვენს წარმატებას ვუსურვებ.

– მეც ვუსურვებ, – კბილები დაკრიჭა ფელჰამმა.

გავიდა და ბენსონმა ალმაცერი მზერა გააყოლა. შემდეგ კვლავ მარხილის ქვეშ შესრიალდა და საქმე განაგრძო.

ზურგეკალა მართლაც ისე გამოიყურება, როგორც მეთაურმა აღწერა, თუმცა, რამდენიმე სხვა ნიშანიც აქვს. პირველ ყოვლისა ეს არის გრძელი ხორთუმი და ორი დიდი ყური, რომლებსაც ზანტად აპარტყუნებს ხოლმე. იასამნისფერი თვალები აქვს, მამრებს კი ბასრი ალისფერი ეკლები ხერხემლის გასწვრივ, რაც ასე იზიდავს ამ სახეობის მდედრებს. ქიცვიანი, დაკუნთული კუდი და გამჭრიახი გონებაც დაუმატეთ და ეგეც თქვენ ზურგეკალა… ცხადია, თუ მოახერხებთ და დაიჭერთ.

სწორედ ამ თავსატეხს შეეჭიდა ოლაფ ჯონსონი, როცა კლდოვან ფერდობს ფეხაკრეფით დაჰყვა ქვიშიანი დაბლობისკენ, სადაც ოცდახუთამდე ჩლიქოსანი ცოხნიდა მეჩხრად ამოწვერილ ბალახს. რამდენიმემ შენიშნა და მიაჩერდა თბილ, ბეწვიან სამოსში გახვეულ სხეულს, ჟანგბადის სასუნთქით ცხვირზე. მაგრამ ზურგეკალას ამ პლანეტაზე არვინ ერჩოდა, ამიტომ მხოლოდ წყრომით შეავლეს მზერა მას, ვინც მყუდროება დაურღვია და ხრაშუნა, ძვირფას ბალახს მიუბრუნდნენ.

ოლაფს ფრიად ზერელე წარმოდგენა ჰქონდა, როგორ უნდა დაიჭირო ზურგეკალა. ამ თამაშში გამოუცდელი იყო. ჯიბიდან შაქრის ნატეხი ამოაცოცა, ხელი გაიშვირა და დაუძახა:

– აბა… ფისო-ფისო-ქს-ქს-ქს!

ყველაზე ახლოს მყოფმა ყურები შეარხია. ოლაფი მიუახლოვდა და შაქარი გაუწოდა.

– მოდი, ბოჩოლა ჩემთან!… მოდი!

ზურგეკალამ ნუგბარს რომ მოჰკრა თვალი, დააშტერდა. ბალახი გადმოაფურთხა, კისერი წაიგრძელა და ჰაერი შეიყნოსა. შემდეგ სწრაფი, უეცარი მოძრაობით დასწვდა ხორთუმით და პირისკენ გააქანა. ოლაფმა ხელის წავლებაც ვერ მოასწრო, მხოლოდ ჰაერს წაეპოტინა.

გულმოსულმა, რა გაეწყობოდა, კიდევ ერთი ნატეხი გაუწოდა.

– მოდი, ჩემო ლურჯა! მოდი აქეთ!

ცხოველი, თითქოს, კრუტუნებდა, ცხადია, გახარებული იყო – ეს საფრთხობელა ნამდვილად ჭკუიდან გადავიდა და განზრახული აქვს, სიცოცხლის ბოლომდე ტკბილეულით კვებოს. მეორე ნატეხიც თვალის დაუხამხამებლად ააცალა, მაგრამ რაკი ოლაფს, ამჯერად, მაგრად ჩაებღუჯა ხელში, კინაღამ, თითებიც ააგლიჯა შაქართან ერთად.

კაცს, ალბათ, შეეძლო, არც ეყვირა, ბოლოს და ბოლოს თავაზიანობა თავშეკავებას ითხოვს, მაგრამ მკაცრად ნუ განვსჯით, ნაკბენი – ნაკბენია, თუნდაც სქელი ხელთათმანი გეცვას!

ამ ჯერზე ჯონსონმა ჯიქურ გაიწია – მასში ხომ ძველი ვიკინგების სისხლი ჩქეფდა და საბრძოლო სული, ზოგჯერ, თავს ახსენებდა ხოლმე – თითზე კბენა, მით უფრო, არამიწიერი პირუტყვისაგან, სწორედ ეგეთი ამბავია.

ზურგეკალა ეჭვით აკვირდებოდა. თეთრ ექვსწახნაგებს აღარ სთავაზობდნენ და სხვას რას აპირებდა ეს უცხო ვინმე, არ იცოდა. მაგრამ გაურკვევლობის ნისლი მალევე გადაიპენტა, როგორც კი ხელთათმანიანი ხელებით ყურებში ჩააფრინდნენ და ღონივრად მოქაჩეს. არ ელოდა. დაიღმუვლა, თავი აკრა და წინ დაიძრა.

ზურგეკალასაც აქვს ღირსების გრძნობა, არ უყვარს, ყურებს რომ აძიძგნიან, მითუფრო თანამემამულეთა თვალწინ… თან როცა რამდენიმე ლამაზი მდედრიც უყურებს.

დაჯახებისგან დედამიწელი გადაყირავდა და ზურგზე გაწვა. ერთი პირობა ასე იყო. ზურგეკალამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა უკან. კეთილშობილი ორთაბრძოლის წესებით, ფეხზე წამოდგომის ნება მისცა.

ოლაფს კი ვიკინგი წინაპრების სისხლი მოაწვა. წინაზე მეტად. ჟანგბადის ცილინდრზე დაცემისგან დაჟეჟილი ადგილი მოისრისა. წამოხტა და სრულიად გადაავიწყდა განიმედის სუსტი გრავიტაციის ამბავი – რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე გადაევლო ცხოველს. დიდებული კამარა შეკრა, თუმცა სრულიად უაზრო და უშედეგო. ზურგეკალამ განწირული სულის კვეთება მაინც დაუფასა, კრძალვით აღსავსე გაოცებული მზერა გააყოლა.

ოლაფი კვლავ ზურგზე დაეხეთქა და ცილინდრიც ზუსტად იმავე ფერდში შეერჭო. გული მოუვიდა. ირგვლივ შეკრებილნი ფრუტუნებდნენ, მათებურად, მგონი, დაცინვა იყო.

– დამაცადეთ! – კბილებში გამოცარა მწარედ, – ჯერ ბრძოლა არც დამიწყია.

წამოდგა და ფრთხილად მიუახლოვდა პირუტყვს. ირგვლივ შემოუარა. სუსტ წერტილს ეძებდა. ზურგეკალა თვალს არ აშორებდა. ოლაფმა ცრუ შეტევა სცადა და მეტოქე უკუიქცა. შემდეგ ცხოველი დადგა ყალყზე და ახლა ოლაფს მოუწია უკან დახევა.

ჯონსონმა ერთხელ და მრავალჯერ შეუკურთხა. ზურგეკალამ „უ-ღ-რ-რ-რ“-ი შეაგება… საშობაო დღეებს არ შვენოდა, მაგრამ ასარჩევად არა ჰქონდათ საქმე.

უცებ ოლაფს რაღაცამ ჩაუქროლა წუილით და მთელი ძალით მოხვდა მარცხენა ყურის ძირში. კაცმა ჰაერში მალაყი გაჭიმა და კეფით დაასკდა მიწას. მაყურებლებმა მოწონების ჭიხვინი დასცეს. მოზეიმე მეტოქემ კუდი აიქნია.

დაცემისგან ოლაფს მოეჩვენა, რომ ცა ვარსკვლავებიანად დაეცა თავზე. რეტი დაესხა, ძლივს წამოდგა ფეხზე.

– მისმინე, კუდის გამოყენება წესებში არ ზის!

უთხრა და გადახტომა მოუწია, იმისთვის, რომ ახლა მაინც აეცილებინა კუდი. შემდეგ დაიხარა და მოჭიდავის ილეთით შეუვარდა ფეხებში. შეატორტმანა და გადააყირავა. ჰაერი ზურგეკალას ყვირილმა შეარხია.

ორთაბრძოლის ბედი წყდებოდა – დედამიწა თუ განიმედი. ოლაფმა ხელებში უჩვეულო ძალა იგრძნო. დათვივით ბობოქრობდა და, ბოლოს, გააკავა ზურგეკალა და მხრებზე მოიგდო.

პირუტყვი არ ეპუებოდა, ცდილობდა, კუდით მისწვდომოდა და ასე დაეხსნა თავი, მაგრამ უკვე წამგებიან მდგომარეობაში იყო. კუდი მხოლოდ ჰაერს აპობდა კაცისთვის უვნებლად.

სხვა ზურგეკლიანები მიდგნენ-მოდგნენ და სევდიანად დაუთმეს გზა ოლაფს. სწყინდათ თანამოძმის ძლევა. მაგრამ დამარცხება აღიარეს და „მისი ბედი ეგ ყოფილაო“ მზერით ბალახის ცოხნას მიუბრუნდნენ.

ჯონსონს კლდის დაჩრდილულ, მოფარებულ ფერდზე წინდაწინ მოემზადებინა გამოქვაბული. მივიდა, ნადავლი ძირს დააგდო, ზედ დაახტა და, სანამ დაუსხლტებოდა, საგულდაგულოდ გაკოჭა ბაწრით.

გამოხდა ხანი – რამდენიმე საათი დასჭირდა და რვა ზურგეკალა ჰყავდა ასე გაკოჭილი. მადა ჭამაში მოდის და დაოსტატება – წვრთნაში. უკვე ნებისმიერ კოვბოის დაუდგებოდა როდეოზე, პორტის მტვირთავს კი კვანძების შეკვრასა და გინებაში გაეჯიბრებოდა.

შობის წინა ღამე დადგა. გუმბათი გამაყრუებელმა ხმაურმა და ჩოჩქოლმა მოიცვა. იფიქრებდი, სადღაც ვარსკვლავი აფეთქდაო. იასამნისფერი ხის უზარმაზარ დაფაზე დაჟანგული მარხილის წინ, ხუთი დედამიწელი ერთ განიმედელ ცხოველთან ერთად საბრძოლო ფერხულში იყო ჩაბმული.

ზურგეკალას მისი მრწამსია აქვს და ამ მრწამსის ყველაზე მკაფიო მცნება ასეთია – არასდროს წახვიდე იქ, სადაც არა გსურს. ერთ თავს, ერთ კუდს, სამ ეკალსა და ოთხ ფეხს, რაც ძალი ჰქონდა, იქნევდა ყველა მიმართულებით, ბუქნავდა და ტლინკებს ყრიდა.

მაგრამ ადამიანებიც მტკიცედ იდგნენ თავისაზე და არცთუ – თავაზიანად. არად მიიჩნიეს არც გააფთრებული წინააღმდეგობა, არც – სულის გამყინავი ყვირილი, ზურგეკალა ბაქანზე ასვეს, ჩააბეს მარხილში და ისე გაბაწრეს, რომ ძვრას ვეღარ იზამდა.

– მზადაა! – შესძახა ბენსონმა, – მომეცით ბოთლი.

ცალი ხელი ნესტოში ჩაავლო, მეორე ხელით ბოთლი მიუტანა დრუნჩთან. პირუტყვმა სურნელი იგრძნო და უნებურმა თრთოლამ აიტანა. ვნებიანი ღმუილიც აღმოხდა. კაცმა სითხის ნაწილი ხახაში ჩაასხა. ზურგეკალას ეამა და სიამოვნებისგან აჭიხვინდა, ყელიც მოიღერა, ბოთლისკენ იწევდა.

– ეჰ… – ამოიოხრა ბენსონმა, – ჩვენს საუკეთესო ვისკისა ნთქავს.

ბოთლი ნახევრამდე ჩაუპირქვავა. ცხოველი თვალებს აბრიალებდა და ფეხებს აბაკუნებდა – ჯიგასაც[2] იცეკვებდა, უთუოდ, ბაწრები რომ არა. თუმცა, განიმედზე ნივთიერებათა ცვლა გაათკეცებულია და ალკოჰოლმა მალევე იმოქმედა. ზურგეკალა შეზარხოშდა, ერთი დაასლოკინა და კინწი მოწყდა. უთუოდ, ჩაიკეცებოდა კიდეც, ისევ და ისევ ბაწრები რომ არა.

– შემდეგი! – ბრძანა ბენსონმა.

ერთ საათში კონიაკით გალექებული და გაკოჭილი რვა უძრავი სხეული ჩააბეს მარხილს. გატოტილი ჯოხების გვირგვინი რქების ნაცვლად დაადგეს თავზე. ირმებს შორიდანაც არა ჰგავდნენ, მაგრამ ემუებისთვის გამოდგებოდა.

ბენსონს ახლა ჯონსონი გაახსენდა, ის კი თავად მობრძანდა… მობრძანდა კიარა მოიყვანეს – სამ კაცს ჰყავდა გაკავებული და, მიუხედავად იმისა, რომ ოლაფიც, ზურგეკალასავით, ტლინკებს ყრიდა და ლანძღვა-გინებასაც ახმარდა, ძალები მაინც არათანაბარი იყო.

– ასე მასხარასავით არსად წავალ! – დაიღრიალა, თან იმარჯვა და თვალში გაუქანა მუშტი ერთ-ერთს, – ვერ გაიგეთ?

ოლაფ ჯონსონზე ვერვინ იტყოდა, ლამაზიაო, მაგრამ ახლა მთლად პიკასოს მიერ დახატულ ზურგეკალათა პატრიარქს ჰგავდა.

სანტას ქურქს მიმგვანებულში გამოეკრათ, თუ კოსმოსურ ქურთუკზე შემოხვეულ ღია წითელი ფერის ტუალეტის ქაღალდს ასე ჰქვია. ზედ, ყარყუმის ბეწვის ნაცვლად, ნაფლეთ-ნაფლეთ ღრუბლებად ასხდა ბამბა და ბამბისავე გრძელი წვერი, ყურებზე მიმაგრებული და მკერდზე დაფენილი. დაუმატეთ ამას ჟანგბადის ხორთუმი და… ყველაზე მრავლისმნახველნიც კი თვალს არიდებდნენ.

სარკეში ჩახედვა ოლაფს არ დაანებეს, მაგრამ, რაც ჩანდა და რასაც გუმანი ეუბნებოდა… მიწა გასკდომოდა, ის ერჩივნა.

ჩხუბითა და მუჯლუგუნებით მიათრიეს მარხილამდე და ზედ შეასკუპეს. იმ სამს სხვებიც მიეხმარნენ და თავს ზემოთ ძალა არა ჰქონდა, მხოლოდ ყვირილით ჩაიხლიჩა ხმა.

– მოდით აქეთ… – ბუტბუტებდა არაქათგამოცლილი, – აბა, ერთი-ერთზე… მოდით!

მჯიღიც შეკრა და მოქნევა სცადა, მაგრამ ვინ დაანება.

– აბა, კოხტად მოთავსდი! – უთხრა ბენსონმა.

– ჯანდაბამდე გზა გქონია! – შესძახა ოლაფმა ქოშინით, – არ ვაპირებ… თავის მოკვლას… შეგიძლია, საკუთარ მფრინავ ციგაზე თავად დაჯდე… კისერიც გიტეხია….

– კარგად მომისმინე! – გააწყვეტინა ბენსონმა, – გზის ბოლოს მეთაური ფელჰამი გელოდება – ნახევარ საათში იქ თუ არ გაჩნდი, ცოცხლად გაგაძრობს ტყავს!

– მეთაურ ფელჰამს შეუძლია, ციგის ფერსო აიღოს და…

– სამუშაოზე იფიქრე! ანაზღაურებაზე! – კვლავ გააწყვეტინა ბენსონმა, – კვირაში ას ორმოცდაათს გიხდიან… კოხტად იღებ, უკლებლივ. იფიქრე, დედამიწაზე როგორ დაბრუნდები. გგონია, ჰილდა ცოლად გამოგყვება, ჯიბეცარიელი თუ გამოეცხადე? დაფიქრდი ამ ამბებზე!

ჯონსონი ჩაფიქრდა და გულიანად შეუკურთხა. შემდეგ ისევ დაფიქრდა… მარხილში ჩაჯდა, სანტას გუდა მხარზე გადაიკიდა და გრავიტაციული ამრეკლი ჩართო, ჰაერის სარქვლები გახსნა და ერთი მრავალსართულიანიც დაადევნა.

მარხილი ადგილს მოწყდა და სანტა-ოლაფმა ძლივს შეიმაგრა თავი, იქიდან რომ არ გადმოვარდნილიყო. გვერდებს ჩააფრინდა. ხედავდა მთებს, რომელთა მწვერვალები ხან ამოყოფდნენ თავს, ხან – იმალებოდნენ, რაკი ზევით-ქვევით ხტომა-ხტომით მიფრინავდა და ძლიერი ქარი აქეთ-იქეთ არყევდა. იუპიტერი ამოიწვერა და მის შუქზე მარხილი ოქროსფრად ბზინავდა ცაში. დაბლა მოჩანდა მიწა, გორაკები და კლდეები – ყველაფერს შეიძლებოდა, შესკდომოდა, აირჩიე სულო და გულო.

იმ დროისთვის, როდესაც გიგანტური პლანეტა სრულად გამოეკიდა ცაზე, ზურგეკლიანებმაც ნელ-ნელა ჭყიტეს თვალები. როგორ სწრაფადაც შეზარხოშდნენ, ეგრე სწრაფადვე გამოფხიზლდნენ. განიმედზე ასე იცის.

უკანანი იყვნენ წინაო, ნათქვამია და ვინც ბოლოს დაათვრეს, პირველს, ცხადია, მას გაეღვიძა. ხახა დამშრალი და საძაგლად ამწკლარტებული ჰქონდა. შეაჟრჟოლა და წამსვე დაიფიცა, რომ აღარასოდეს დალევდა. მიმოიხედა. ჯერ ვერ გაიგო, სად იმყოფებოდა. შემდეგ მეტი დაკვირვება მოიკრიბა – აშკარა იყო, მშობლიური განიმედის სალ მიწაზე კი არ იდგა, რაღაც უჩვეულოდ მოფარფატესა და მერხევზე და არაფრად ეპიტნავა.

კი შეეძლო ეს თავბრუსხვევა ამასწინანდელი ღრეობისთვის დაებრალებინა, მაგრამ, მისდა სამწუხაროდ, იმ ფერდიდან გადაიხედა, რომელზეც ჩაბმული იყო. როგორც ცნობილია, არც ერთი ზურგეკალა არ მომკვდარა გულის შეტევით… მაგრამ ერთი ძლივს გადარჩა.

მისმა შეძრწუნებულმა, სასოწარკვეთილმა ბღავილმა დანარჩენებიც გამოაფხიზლა. ჯერ გაურკვევლად ლუღლუღებდნენ – ცდილობდნენ, ტკივილი დაეძლიათ და ცოტა გონზე მოსულიყვნენ. როდესაც ეს ორი რამ მოახერხეს, გაიწიეს და გაქცევა სცადეს… არა, თავის დახსნას ვერ შეძლებდნენ, მეტისმეტად საიმედოდ იყვნენ დაბმულნი, მაგრამ ფეხების ცემას მოჰყვნენ და ქარბუქისგან უმაგისოდაც მოფარფატე მარხილი აიყოლიეს და სულ მთლად გადარიეს.

სანტას ბამბის წვერი მოწყდა და ძლივს მოასწრო – ხელი სტაცა, ჰაერში დაიჭირა.

– ჰეი! – დაიყვირა.

როდის იყო ქარიშხალს შეძახილით ამშვიდებდნენ.

მარხილი ხტოდა, ბზრიალებდა და ცეკვავდა ხორუმს. ერთი-ორჯერ ისე ჩაყვინთა, წამიც და დაასკდებოდა განიმედის ქვიშიან მიწას. ოლაფი ხან ლოცულობდა, ხან ილანძღებოდა, ხან ტიროდა და ჰაერის ყველა სარქველს ერთდროულად აჯანჯღარებდა.

განიმედი, თითქოს, დაბზრიალდა, იუპიტერმა კი ბინდი მოისხა და გაიცრიცა. ეგებ, ზურგეკალათა მზერაც ამ ზღაპრულმა სანახაობამ მიიპყრო ველური როკვა შეწყვიტეს, ან, უბრალოდ, ბედს შეურიგდნენ… ასე იყო თუ ისე, გაყუჩდნენ და ჩუმი დუდუნით წარმოთქვამდნენ აღსარებას თუ სიკვდილის პირა ლოცვას.

მარხილი ისე ველურად აღარ ყანყალებდა და ოლაფმაც მოითქვა სული, მაგრამ წამსვე სუნთქვა შეეკრა, როდესაც თავს ზემოთ დაინახა მწვერვალები და მიწა, კუპრივით შავ ცაზე ბურთივით გამოკიდული იუპიტერი კი – ქვემოთ.

ახლა თავადაც დაემშვიდობა სიცოცხლეს და აღსასრულისთვის გაემზადა.

დედამიწელებმა განიმედის აბორიგენი მოსახლეობა სირაქლემას მიამგვანეს და თიკუნადაც ემუები შეარქვეს. თუმცა, სირაქლემასთან შედარებით, უფრო მოკლე კისერი ჰქონდათ, თავი კი – დიდი. ხშირი ბუმბული, აქეთ-იქეთ გაფარჩხული, თითქოს, მალე დასცვივათო. ხმელი, ღინღლით დაფარული მკლავები სამ-სამი თითით. ინგლისური იციან, მაგრამ ისეთი კილო აქვთ, სჯობს – არ იცოდნენ.

ორმოცდაათ ემუს თავი მოეყარა „სხდომათა დარბაზში“, როგორც თავად უძახდნენ იასამნისფერი ხის ნაგებობას, ქოხს რომ უფრო ჰგავდა. ოთახის შუაგულში ტალახიანი მიწაყრილი იყო, იმავე იასამნისფერი ხის ჩირაღდნებით გარშემორტყმული. ამ ჩირაღდნებს ჭვარტლი და კვამლი უშურველად მოჰქონდათ და სინათლე კი – ძუნწად. მეთაური ფელჰამი ფეხმორთხმით იჯდა კიდევ 5 დედამიწელთან ერთად, მათ წინ კი თავმომწონედ ბოლთას სცემდა ერთი განიმედელი, გულგაჯგიმული სუნთქავდა ღრმად და თან დაჰყვებოდა ყველაზე მყრალი სუნი, რაც კი შეიძლებოდა.

ანაზდად დადგა და ხელი ჭერში ტეხილ-ტეხილ გამოჭრილი ნახვრეტისკენ აიქნია.

– ნახე! საკვამურა. ჩვენ ვაკეთებთ – სანიკლაუ მოდის.

ფელჰამმა მოუწონა. განიმედელი სიხარულით აკრუხუნდა და ახლა ბალახისგან მოწნული წინდებისკენ გაიშვირა ხელი, კედელზე რომ ჩამოეკიდათ.

– ნახე! წმინდა! სანიკლაუ საჩუქარი ჩადო.

– ეგრეა! – უხალისოდ დაუქნია თავი ფელჰამმა, – საკვამური და წინდები. ძალიან კარგია, – გახედა სიმ ფირსს და ჩუმი ხმით ჩაილაპარაკა, – ამ ნაგავსაყრელზე კიდევ ნახევარი საათი უნდა ვიჯდე? როდის მოეთრევა ის რეგვენი!

ფირსი უხერხულად აწრიალდა.

– მისმინე, – უთხრა, – ახლა ვითვლიდი და, მგონი, ყველაფერი რიგზე გვაქვს, კარენის ფოთლის გარდა – ოთხი ტონა გვაკლია…. ამ მასხრობას ერთ საათში თუ მოვრჩებით და დაუყოვნებლივ შევუდგებით საქმეს, ემუებიც ორჯერ უფრო გამრჯედ თუ იშრომებენ, კიდევ არა უშავს… – უკან გადაიხარა და იდაყვებზე წამოწვა, – ჰო… ეგრე შეგვიძლია, მოვასწროთ.

– შეგვიძლია, თუ ჯონსონი მოეთრევა დროზე, – უპასუხა ფელჰამმა პირქუშად.

განიმედელი კი ენას არ აჩერებდა. რაც მართალია – მართალია, ძალიან ენაჭარტალები იყვნენ.

– ყოველ წელს შობა-სასცაული. ლამასია. ყველა სიხარული. ყველა მეგობარი. ჩვენ მოგვწონს სასცაული. თქვენც ხო მოგწონს შობა-სასცაული?

– ძალიან! – დაუღრინა ფელჰამმა, მაგრამ – თავაზიანად, – აქა მშვიდობა! მეგობრობა გზად და ხიდად! დიდება განიმედს! დიდება ჯონსონს, სად ტრაკში აგდია ეგ ძაღლიშვილი!

მეთაური ადგილზე წრიალებდა. განიმედელი კი მართლა სირაქლემასავით მოჰყვა ბუქნებს, – მოუთმენლობისგან, ალბათ, ტანვარჯიშით გადაწყვიტა დროის გაყვანა, ხტოდა და მოკლე-მოკლე ნაბიჯებით ცეკვა-ცეკვით წრეს უვლიდა. ფელჰამმა თვალი გააყოლა და უნებლიედ მუშტები შეკრა, თითქოს, წარმოიდგინა, როგორ სწვდა ვიღაცას ყელში. ვინ იცის, შემოაკვდებოდა კიდეც ვინმე, მაგრამ კედლის ხვრელთან, ადგილობრივები სარკმელს რომ უძახდნენ, ჩოჩქოლი ატყდა.

სირაქლემები სიხარულით აკრიახდნენ, დედამიწელნი კი მუჯლუგუნებით ცდილობდნენ ფანჯარასთან ახლოს მისვლას.

იუპიტერის ყვითელი ბურთი მარხილის ჩრდილმა გადაკვეთა, რვა ირემი ჰქონდა ჩაბმული. ჯერ შორს იყვნენ და წერტილებად ჩანდნენ, მაგრამ ეჭვი არ იყო – სანტა კლაუსი უახლოვდებოდათ.

დედამიწელთათვის კარგად ნაცნობ საფოსტო ბარათს ჰგავდა… მაგრამ მარხილიცა და ირმებიც, რატომღაც, თავდაყირა მოფრინავდნენ. საოცარი სისწრაფით.

ემუები კაკანებდნენ:

– სანიკლაუ მოდის! სანიკლაუ! სანიკლაუ!

და პირდაპირ ფანჯრიდან ხტებოდნენ გარეთ. წაგრძელებული კისრებით მტვერსასრუტებს ჰგავდნენ. ფელჰამმა კედელში გამოჭრილი მომცრო გასასვლელი ამჯობინა. მისი ხუთეულიც უკან მიჰყვა.

მარხილი უახლოვდებოდათ, რხევა-რხევით, როგორც – ქანქარა. ოლაფ ჯონსონიც გამოჩნდა – ჰაერში მთრთოლი სხეული, რომელიც მთელი ძალით იყო ჩაფრენილი მარხილის გვერდებს.

ფელჰამმა ბღავილი მორთო. ველურად, გაურკვევლად, აღარ ახსოვდა, ცხვირზე ჩამოცმული ხორთუმიდან რომ უნდა ესუნთქა და განიმედის უცხო, ჟანგბადით ღატაკი ჰაერისგან იხრჩობოდა, სულს ძლივს ითქვამდა და მაინც ყვიროდა. შემდეგ დადუმდა და შიშისგან ერთბაშად გული გაუჩერდა. მარხილი სწრაფად წამოვიდა თავქვე და მეთაურ ფელჰამს მოეჩვენა, რომ პირდაპირ შუბლში უმიზნებდა – უილიამ ტილი რომ ყოფილიყო სანტას ნაცვლად, მასაც ვერ მოსთხოვდი მეტ სიზუსტეს.

– დაწექით! ყველა!! – დაიღრიალა და გადაყირავდა.

მარხილმა წუილით ჩაუქროლა და სახეზე ნიავის შეხება იგრძნო. შემდეგ ჩაესმა ოლაფის შეძახილი, ვერ გაარჩია, რას ყვიროდა. შეკუმშული ჰაერის ძრავამ კი ორთქლის კვალი გაჭრა და დატოვა.

ფელჰამი არ განძრეულა, კანკალებდა მხოლოდ, განიმედის სუსხიან მიწას იყო ჩაფრენილი ფეხზე წამოდგომას ვერ ბედავდა… როგორც იყო, მოვიდა გონზე. ძლივძლივობით წამოიწია. მუხლები ეკვეთებოდა. სირაქლემები, რომლებიც წამის წინ აქეთ-იქეთ მიმოიფანტნენ, ისევ ერთად შექუჩდნენ და მიაჩერდნენ სანტას, რომელიც ჰაერში ბზრიალებდა.

ფელჰამმაც შეხედა. მარხილი უკან-უკან მოძრაობდა, თან საშინლად ჯაყჯაყებდა. შემდეგ ერთ ადგილზე დაეკიდა, ციბრუტივით ტრიალს მოჰყვა, ცალ მხარეს გადაიხარა, ისევ დაიხია უკან, თითქოს, ნახტომისთვის ემზადებოდა.

ოლაფი წვალობდა, რაც შეეძლო – ოფლად დაღვრილი, ფეხებგაფარჩხული, არქიმედესავით ეძებდა საყრდენ წერტილს, ცდილობდა, მარხილის დამორჩილებას, თან ლანძღვასაც არ აკლებდა და იუპიტერს არიდებდა თვალა. მართლაც მოახერხა და დააცხრო რყევა. მარხილი ღერძის გარშემო 180 გრადუსით შემობრუნდა მკვეთრად და სანტამ მუცლის გვრემა იგრძნო.

სული შეიგუბა და მთელი ძალით გადაიხარა მარჯვნივ, ფეხი მიაშველა, მარხილი ერთხელაც შეჯანჯღარდა და, თითქმის, გასწორდა. ოლაფმა გრავიტაციული ამრეკლი გათიშა. რაკი სანტას ტრანსპორტს სიმძიმის ცენტრი ქვემოთ ჰქონდა, წაღმა ამოტრიალდა და, განიმედის მიზიდულობის სუსტ ძალას ადევნებულმა, დაშვება დაიწყო.

მეთაური ფელჰამი კვლავ მის გზაზე აღმოჩნდა.

– დაწექით! – შეჰყვირა და ძირს გაიშხლართა.

მარხილმა გადაუფრინა, უზარმაზარ ლოდს შეასკდა, ასრიალდა ჰაერში და ათი მეტრი სიმაღლიდან მოწყდა, მიწაზე ბრაგვანი გაადინა. ოლაფი მოაჯირს შეასკდა და გარეთ გადმოვარდა.

სანტა კლაუსი ჩამოფრინდა!

ხვნეშა-ხვნეშით დასწვდა გუდას, მოიგდო მხარზე, გაისწორა წვერი და ერთ-ერთ ირემს გადაუსვა ხელი თავზე. სიკვდილი, ეგებ, ერთ ნაბიჯში იყო, ოლაფი უკვე აღარც დარდობდა. რაც იქნება – იქნება. ამაყად შეხვდება ფეხზე, როგორც ვიკინგების წესია.

განიმედელები შეცვივდნენ ქოხში, გაფაციცებით ელოდნენ. სახურავზე ვიღაც ბრახუნობდა. ჯერ ტომარა შეაგდო, შემდეგ – თავადაც აბობღდა და გამოჭრილ ხვრელში შემოყო თავი. სანტას სახეზე გაფითროდა.

– შობას გილოცავთ! – დაჩხავლა და ისკუპა. ჩვეულებისამებრ, ჟანგბადის ბალონზე დაეცა. ისევ იმ დაჟეჟილი ადგილით.

ემუების სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა, ფერხული გამართეს და ჩოგბურთის ბურთებივით ხტოდნენ.

სანტა წამოდგა, ტომრიდან ბრჭყვიალა სათამაშო ამოიღო, რომელიც, წესით, შობის ხის მოსართავად იყო განკუთვნილი, ზლაზვნით მივიდა პირველ წინდასთან და შიგ მოათავსა. ასე სათითაოდ ჩამოუარა ყველას.

საქმეს რომ მორჩა, იქვე უღონოდ ჩაიკეცა და გაყინული თვალებით იცქირებოდა კუშტად. სანტა კლაუსს ომახიანი ჰო-ჰო-ჰო, სიმღერა, ხორხოცი მართებს, მაგრამ ამ სანტას ეს ყველა, ჩანს, ჩრდილოეთ პოლუსზე დარჩენოდა. მაგრამ განიმედელებისთვის ასეთიც კარგი იყო. სანამ ოლაფმა ბოლო ბურთულა ბოლო წინდაში არ ჩადო, სულგანაბულნი შესცქეროდნენ, მაგიერ შემდეგ მორთეს ყიჟინა და გნიასი, მისცვივდნენ წინდებს, სტაცეს ხელი საჩუქრებს, ეალერსებოდნენ, გულში იხუტებდნენ და ერთმანეთისას ადარებდნენ. ბოლოს ერთად შექუჩდნენ, რომ განსაკუთრებით ლამაზი სათამაშო გამოერჩიათ და მისი ცქერით დამტკბარიყვნენ.

ის სირაქლემა, გამორჩეულად ლაყე სუნი რომ ჰქონდა, მიუახლოვდა ფელჰამს, დაჰკრა ხელი და უთხრა:

– სანიკლაუ კარგია! კვერცხები დადო, – აღფრთოვანებულმა უჩვენა შობის ხის სათამაშო, – ლამასი კვერცხია… ემუმ ასეთი ვერ აკეთებს… ეს არის სანიკლაუს კვერცხი?

და ხმელი თითი მუცელში ატაკა ფელჰამს.

– არა! – შეჰყვირა მეთაურმა, – ჯანდაბა… არა!

მაგრამ ის არ უსმენდა. ბურთულა მკერდში ჩაიკრა, ბუმბულებში ჩამალა და უთხრა:

– ლამასი ფერი… რამდენი ხანი უნდა პატარა სანიკლაუ რომ გამოვიდა? და რას ჭამს პატარა სანიკლაუ? – სადღაც, მაღლა აიხედა, – ჩვენ მოვუვლით… ჩვენ ვასწავლეთ პატარა სანიკლაუ… ის ჭკვიანი და ტვინით სავსე, როგორც – ემუ…

ფირსი ფელჰამს ამოუდგა გვერდში და მკლავში წაეტანა.

– დაანებე თავი! – ჩასჩურჩულა გაბრაზებით, – თუ უნდა, ეგონოთ რომ სანტა კლაუსის კვერცხია. შენი რა მიდის… საქმეს მივხედოთ, დროა. მაგრად უნდა ვიმუშაოთ და მოვასწრებთ კვოტის შევსებას.

– მართალი ხარ, – დაეთანხმა მეთაური და განიმედელს მიუბრუნდა, – უთხარი, რომ ახლა მუშაობის დროა. უნდა წავიდნენ და იმუშაონ. ოღონდ – სწრაფად. ხომ გამიგე? ს-წ-რ-ა-ფ-ა-დ!

ხელებითაც ანიშნა. ემუ გახევებული შესცქეროდა. ხმადაბალი კრიახით უთხრა:

– ჩვენ ვმუშაობთ, მაგრამ ჯონსონი თქვა, რომ შობა მოვა წელს…

– ერთი რა, არ გეყოთ? რამდენი შობა უნდა მოვიდეს! – დაიჯღანა ფელჰამი.

– წელს არა! – თავი გააქნია განიმედელმა, – სანიკლაუ გვინდა ამის მერე წელს… კიდევ მეტი კვერცხი. იმ წელს მეტი კვერცხი. და კიდევ მერე წელს. და კიდევ მერე. სულ მეტი კვერცხი. პატარა სანიკლაუები… სანიკლაუ თუ არ მოდის – ჩვენ არ ვმუშაობთ.

– იქამდე ჯერ შორია, – ხელი აუქნია ფელჰამმა, – მერეზე მერე დავილაპარაკოთ…. გაისად ან მე გავგიჟდები, ან შენ დაგავიწყდება, – ჩაიდუდღუნა თავისთვის.

ფირსმა პირი გააღო. დამუწა. ისევ გააღო და დამუწა ისევ. ბოლოს ამოიღო ხმა და უთხრა:

– უნდათ, რომ ყოველ წელს მოვიდეს…

– ჰო, გავიგე… იქამდე, იქნებ, გადაავიწყდეთ…

– ვერ გაიგე, – ჩასჩურჩულა ფირსმა, – ერთი წელი მაგათთვის განიმედის ერთი ბრუნია იუპიტერის გარშემო. დედამიწის დროით შვიდ დღესა და სამ საათს უდრის… უნდათ, რომ სანტა კლაუსი კვირაში ერთხელ მოვიდეს…

– ყოველ კვირას?! – შესძახა ფელჰამმა და გულიც ამოაყოლა, – კი მაგრამ ჯონსონმა ხომ უთხრა…

და წამში ისე დატრიალდა ყველაფერი მის ირგვლივ, როგორც განიმედი ბრუნავს იუპიტერის გარშემო. სული შეეხუთა. ძლივს სუნთქავდა და თვალებით ოლაფს ეძებდა.

სიცივისგან აცახცახებული ოლაფი კი ამ დროს გაყინული მიწიდან წამოდგა და კარისკენ წალასლასდა. უცებ შედგა, რაღაც გაახსენდა, მოტრიალდა და ომახიანად შესძახა:

– ჰო-ჰო-ჰო ყველას გილოცავთ შობას და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ!

გავარდა კარში და მარხილისკენ მოკურცხლა ისე, თითქოს ბელზებელი დასდევნებოდეს… მაგრამ არა, ბელზებელი არ ყოფილა, მეთაური სქოთ ფელჰამი იყო.

©Isaac Asimov – Christmas on Ganymede. Startling Stories, January 1942
©LV (ქართული თარგმანი, 2022)

Creative Commons License©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

(1)The Jovian Planets ოთხი გიგანტური პლანეტის – იუპიტერის, სატურნის, ურანის და ნეპტუნის კრებითი სახელია.

(2)ავტორს ბრენდი უწერია, მაგრამ ჯიგას ვისკი უფრო უხდება. 🙂

___

მთარგმნელის კომენტარი:
შობა განიმედზე ადრეული აზიმოვია, 1940 წელსაა დაწერილი და მწერალი ამ დროს 20 წლისაა. როგორც მისი შემოქმედების მკვლევრებმა დათვალეს, რიგით 26-ე მოთხრობაა, რაც დაუწერია და რიგით მე-19, რომელიც გამოუქვეყნეს (დაწერიდან 2 წლის შემდეგ). მე მგონი, თითქმის დებიუტანტი თქვი და – ძალიან კარგი მოთხრობაა. იუმორით და ფინალით შექლის მაგონებს. 🙂

უკანასკნელი შეკითხვა” – გვიანდელი აზიმოვი, რომელსაც თავად ავტორი თავის ყველაზე საყვარელ და ერთ-ერთ საუკეთესო მოთხრობად მიიჩნევს, ასევე ვცადე, მეთარგმნა.

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: