“ანდორი”. “ვარსკვლავური ომები”
თონი გილროი, ბენჯამინ ქერონი, ჯორჯ ლუქასი
Lucasfilm / Walt Disney Studios
მე მქვია მაარვა კარასი ანდორი. და მაქვს პატივი, ვიდგე ახლა თქვენს წინაშე. მე მაქვს პატივი, ვიყო ფერიქსის შვილი და პატივი მაქვს, ვიყო თიხის ამ ფირფიტის ღირსი. უცნაურია… ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, თავადაც მას დავყურებდე. ექვსი წლის ვიყავი, მგონი, პირველად რომ შევეხე სამგლოვიარო ქვას. მოვისმინე ჩვენი მუსიკა, შევიგრძენი ჩვენი ისტორია. ჩემი დის ხელისგულს ჩაჭიდებული მოვდიოდი შადრევნების მოედნიდან. იქ, სადაც ახლა თქვენ დგახართ, იმაზე მეტჯერ ვყოფილვარ, ვიდრე მეხსიერება იტევს. ყოველთვის მინდოდა, ავეტაცებინეთ. ყოველთვის მსურდა, ყოველთვის ველოდი ამ შთაგონებას. მახსოვს, როდესაც გარდაცვლილებს მეც ზე ავყავდით. ყოველ ჯერზე… მათი მართალი სიტყვით.
ახლა მეც გარდაცვლილი ვარ. და მსურს, თქვენ შთაგაგონოთ. იმიტომ არა, რომ თავის გამოჩენა მსურს. არც იმად, რომ სამუდამოდ დაგამახსოვროთ თავი. მსურს, ცხოვრება გრძელდებოდეს. მსურს, ფერიქსმა განაგრძოს სიცოცხლე. ახლა, ჩემი მილევის ჟამს, სწორედ ეს მამშვიდებს ყველაზე მეტად. მაგრამ მე მაფიქრებს თქვენზე დარდი. ჩვენ გვეძინა. ჩვენ ერთმანეთი გვყავდა და გვყავდა ფერიქსი, გვქონდა სამუშაო, ჩვენი ცხოვრება. ჩვენ გვყავდა ერთმანეთი, მათ კი თავი დაგვანებეს. ჩვენ მათ სავაჭრო კარი გავუღეთ და ისინი არ გვაწუხებდნენ. ჩვენ მათგან ვიღებდით ფულს და არ ვაქცევდით ყურადღებას. შევაკეთებდით მათი ხომალდის ძრავებს და იმ წამს, როდესაც აფრინდებოდნენ ჩვენი მიწიდან, ვივიწყებდით მათ არსებობას. იმიტომ რომ, ჩვენ გვყავდა ერთმანეთი. ჩვენ გვყავდა ფერიქსი. მაგრამ ჩვენ გვეძინა. მეც მეძინა. და ზურგი ვაქციე სიმართლეს, რომლის დანახვაც არა მსურდა.
არის წყლული, რომელიც ვერ შეხორცდება. ის აქ არის – გალაქტიკის ცენტრში. ის არის სიბნელე, რომელიც ჟანგივით ჭამს ირგვლივ ყველაფერს. ჩვენ მივეცით ნება, რომ ასე დატოტილიყო და ახლა უკვე აქ არის. აქ არის და სტუმარი აღარ ჰქვია. მას ჩვენთან დარჩენა სურს. იმპერია სარეველაა, რომელიც ხარობს სიბნელეში და არასდროს მრავლდება ისე სწრაფად, ვიდრე მაშინ, როცა ჩვენ გვძინავს.
გარდაცვლილისთვის იოლია, ცოცხლებს ბრძოლისკენ მოგიწოდოთ. შეიძლება, ასეცაა. შეიძლება, ბრძოლა იყოს ფუჭი.
შეიძლება, უკვე დაგვიანებულია. მაგრამ მე გეტყვით ამას… უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, ადრე გავიღვიძებდი და ამ ნაბიჭვრებს შევებრძოლებოდი…
იმოქმედეთ!
(მაარვას მიმართვა. პირველი სეზონი, მეთორმეტე ეპიზოდი)
*
დადგება დრო, როცა ბრძოლა შეუძლებლად მოგეჩვენება. მე ვიცი. თავს იგრძნობ ეულად, დაკარგულად, ერთი ბეწოდ ბუმბერაზი მტრის წინაშე.
გახსოვდეს – თავისუფლება წმინდა იდეაა. თავისთავად წარმოიშობა. მითითებების გარეშე.
იმპერიაში სულ ფეთქავს ამბოხი. ხან აქ. ქან – იქ. მთელი არმიები, ბატალიონები უკვე არიან ჩაბმულნი ამ ომში, ისე, რომ წარმოდგენაც არ აქვთ. გახსოვდეს, ბრძოლის ველი ყველგანაა. სულ მცირე ამბოხიც კი წინ ანაცვლებს ბრძოლის ხაზს.
და კიდევ, დაიხსომე – იმპერიის წადილი, ყველაფერი დაიმორჩილოს, სასოწარკვეთილებიდან მოდის, იმიტომ რომ ის არაბუნებრივია. ტირანიის შენარჩუნებას მუდმივი ძალისხმევა სჭირდება. მისი სიმტკიცე იბზარება. წვეთ-წვეთად ჟონავს. მისი ავტორიტეტი მყიფეა. ძალადობა მხოლოდ ნიღაბია შიშის დასამალად. ეს უნდა გვახსოვდეს.
უნდა ვიცოდეთ – დადგება დღე, როდესაც შეტაკებები და ორთაბრძოლები, როდესაც დაუმორჩილებლობა ღვარცოფად იქცევა და იმპერიის ზღუდეებს დასცემს. როდესაც ერთი ბუმბული გადაძლევს სასწორს. დადგება დღე, როდესაც ერთი მარცვალი გაარღვევს კედელს.
დაიმახსოვრე ეს. და სცადე.
(ნამიკის მანიფესტი. პირველი სეზონი, მეთორმეტე ეპიზოდი)
©Tony Gilroy – Andor. Lucasfilm / Walt Disney Studios, 2022
©LV (ქართული თარგმანი, 2022)
©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___
ასევე: