ჰერბერთ უელსი
ეგერ ზის, სულ რაღაც თორმეტი ნაბიჯი გვაშორებს. თავს თუ მივატრიალებ – დავინახავ. და თუ შენიშნა, რომ ვუყურებ (ეჭვიც არ შეგეპაროთ, არ გამოეპარება) თვალს თვალში გამიყრის და…
ოჰ, ეს ეჭვითა და მუდარით სავსე მზერა!
რა ტყუილად ღრღნის ეჭვი – კარგა ხნის წინ დავფქვავდი ყველაფერს, რაც მის შესახებ ვიცი, მაგრამ კრინტი არ დამიძრავს. შეუძლია, მშვიდად ამოისუნთქოს… თუ, რა თქმა უნდა, ისეთი მსუქანსა და დონდლოს, როგორიც ფაიქრაფთია, თავისუფლად სუნთქვა შეუძლია. ანკი ვის უნდა მოვუყვე? ვინ დამიჯერებს, რომც გავთქვა?
საბრალო ფაიქრაფთი! ცხიმის დიდი გროვა. ყველაზე მსუქანი ადამიანი არათუ ამ კლუბში – სრულიად ლონდონში.
ზის, თითქოს საგანგებოდ მისთვის გამოკვეთილ თაღოვან ჭრილში, ღუმელთან ახლოს, დიდ მაგიდასთან და იცოხნება… ნეტავი, რას ჭამს? ფრთხილად ვაპარებ მზერას მისკენ, ვაკვირდები – კარაქიან ფუნთუშას… თვალი თვალში გამიყარა! ჯანდაბა!
კმარა, ფაიქრაფთ! რაკი ჩემს პატიოსნებაში სულმუდამ ეჭვი გეპარება. რაკი ვერაფრით იჯერებ, რომ საიდუმლოს შენახვა შემიძლია, სწორედ აქ, შენს თვალწინ დავჯდები და დავწერ… დავწერ სიმართლეს ფაიქრაფთის შესახებ. ვისაც დახმარების ხელი გავუწოდე, ვისაც, ამდენი ხანი, ნამუსი შევუნახე, მან კი კლუბში მისვლა შემაძულა. სიმართლეს კაცზე, ლოქოსავით სხეულით და სულმუდამ „გთხოვ, არ თქვა“ გამოხედვით.
ღმერთო ჩემო, როგორ შეიძლება, გაუთავებლად ჭამა?
ფაიქრაფთი კლუბში გავიცანი, აქ, ამ მოსაწევ ოთახში. მაშინ ახალგაზრდა და ჯერ ახალბედა წევრი ვიყავი. ცოტა თუ მიცნობდა. ვიჯექი განცალკევებით, მან ეს შენიშნა და მომიახლოვდა. ხვნეშა-ხვნეშით. უშველებელი ღიპით და სამკეცი ღაბაბით. ჩამოჯდა გვერდით სკამზე, ძლივს გაკრა ასანთს, აანთო და სიგარას მოუკიდა. რაღაც მითხრა, აღარ მახსოვს – რა, მგონი, უვარგისი ასანთიაო… თან წამდაუწუმ მიმტანს უხმობდა. ლაპარაკს შევყევით. უჩვეულოდ წვრილი ხმა ჰქონდა. შემათვალიერა, მოქნილი სხეული და სახის ფერი შემიქო და მითხრა:
– კრიკეტის კარგი მოთამაშე უნდა იყოთ…
ახოვანი ვარ, ზოგი, ტანხმელსაც იტყვის და კანის მუქი ფერი მაქვს – მადლობა ინდოელ დიდედას… მაგრამ არ მიყვარს, ვინმე არამკითხე გადამკიდე ჩემს წარმომავლობაზე რომ მიანიშნებს. ამიტომ ფაიქრაფთის ნათქვამი სულაც არ მეამა.
მაგრამ ფაიქრაფთს, თურმე, საკუთარი ამბის მოყოლა სურდა.
– ნაძლევს ვარ, – მითხრა, – არც ჩემზე მეტს ვარჯიშობთ და არც ნაკლებს ჭამთ (როგორც ყველა, მეტისმეტად მსუქანი ადამიანი, დარწმუნებული იყო, რომ თითქმის არაფერს ჭამდა), თუმცა… – და ცალყბად გაიღიმა, – ჩვენ ძალიან განვსხვავდებით.
შემდეგ მომიყვა ჭარბ წონაზე, სად რა გაუგია, სად რა წაუკითხავს, როგორ ცდილობდა გახდომას, რა ღონე იხმარა თავად და რა ურჩიეს სხვებმა…
– ამბობენ, რომ კვება უნდა ჩაანაცვლო დიეტით, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას კი წამლებით უმკურნალო…
ლაპარაკს ბოლო არ უჩანდა. ძალიან მომაბეზრა თავი.
კლუბში ყველანაირ ხალხს გადაეყრები, მაგრამ მისი გაძლება არა მქონდა. კარს შევაღებდი თუ არა, ტკიპასავით მომეკვრებოდა და ჩემს მოთმინებას ცდიდა. მუდამ ჩემს ირგვლივ ტრიალებდა. თუ სადილად დავჯდებოდი, უმალ მომიჯდებოდა გვერდით და კუჭით განცხრომას ეძლეოდა. ვფიქრობდი, ნუთუ სხვა საქმე არაფერი აქვს-მეთქი. რატომ მერგო ეს პატივი? რატომ გადაწყვიტა, რომ მესაიდუმლედ ვექციე? თითოს, მხოლოდ მე შემეძლო მისი ტვირთის ზიდვა.
– ყველაფერს მივცემდი წონის დასაკლებად! ხომ გამიგეთ – ყველაფერს! – მეტყოდა ხოლმე და მომაჩერდებოდა, ლოყებზე კი ამ დროს კანი ასკდებოდა.
საბრალო ფაიქრაფთი! ზარი დარეკა და მიმტანს უხმო ალბათ, კიდევ ერთი ნამცხვრის შესაკვეთად.
ერთ დღეს, ჩვეული ვიშვიშის ნაცვლად, პირდაპირ საქმეზე გადავიდა:
– ჩვენი ფარმაცევტიკა, დასავლურ ფარმაცევტიკას ვგულისხმობ, სულაც არ არის მედიცინის ანი და ჰოე. აღმოსავლეთში, ასე ამბობენ… – სიტყვა გაწყვიტა და წამით მომეჩვენა, რომ ვეებერთელა აკვარიუმის წინ ვიდექი.
გული მომივიდა და შევძახე:
– ვინ გითხრათ, ჩემი დიდედის რეცეპტის ამბავი?
– რას ამბობთ… – თავის დაძვრენა სცადა.
– მთელი კვირაა, რამდენი ერთმანეთს გადავეყრებით (ეს კი მეტისმეტად ხშირად ხდება), სულ ჩემს საიდუმლოზე მიმანიშნებთ… – ვუთხარი, – განა, ვერ ვხედავ?
– მაშ, კარგი, – შეიშმუშნა, – ხმა გავარდა რომ…
– ფათისონისგან?
– ერთგვარად… ირიბად, – მითხრა. ცხადია, ტყუოდა.
– ფათისონმა თავზე ხელი აიღო და ბედი სცადა – ჩემი დიდედის რეცეპტი რა შედეგს მოიტანს, წინდაწინ ვერვინ იტყვის… – გავაფრთხილე.
ტუჩები მოეკუმა და თავს მიქნევდა.
– მამაჩემმა, ლამის, სიტყვაც ჩამომართვა…
– მაგრამ ხომ არ ჩამოურთმევია?
– არა, მაგრამ მკაცრად გამაფრთხილა, რომ ფრთხილად ვიყო… თავად სულ ერთხელ გამოიყენა, ერთი…
– როგორ ფიქრობთ… იქნებ, საჩემო იყოს რამე…
– უცხო რეცეპტებია… სუნიც კი ძალიან უცნაური აქვთ…
მაგრამ რაკი აქამდე შევყევი, უკან გზა მოჭრილი მქონდა. გამოგიტყდებით, მეშინოდა კიდეც, რომ მის მოთმინებას ჰქონდა საზღვარი – ცოტაც და გულმოსული ზედ დამაცხრებოდა და მთელი მისი სხეულით გამჭყლეტდა. ვაღიარებ, სისუსტე გამოვიჩინე, თან, ასე ვფიქრობდი, ერთხელ და სამუდამოდ დამეხსნება-მეთქი.
– თუ რამეა საკუთარ თავს დააბრალეთ, – ვუთხარი.
ფათისონის საქმე სულ სხვა იყო – არ დავწერ, რა სჭირდა, მაგრამ სრულიად უვნებელი. გამოცდილი რეცეპტი მივეცი, დარწმუნებული ვიყავი – თუ არ არგებდა, არას დაუშავებდა მაინც… დიდედამ ბევრი რეცეპტი დამიტოვა. ვინ იცის, ვის რად არგებდა. მათი უსაფრთხოებაც მაეჭვებდა.
ვაითუ, ფაიქრაფთი მოწამლულიყო?
ვერ ვიტყვი, რომ დიდად ვიდარდებდი.
იმ საღამოსვე გავაღე ცეცხლგამძლე კარადა და სანდალოზის ხის ყუთი გამოვიტანე, ამოუცნობი ამბრი დაჰყვებოდა. ტყავის ფოლიანტი გავშალე (ბატონი, ვინც დიდედასთვის რეცეპტები შეაგროვა ტყავზე წერით იყო გატაცებული). მისი ბატისფეხურის გარჩევა იოლი არ იყო, ზოგი ასო-ნიშანი საერთოდ ვერ ამოვიცანი, თუმცა ჰინდის ცოდნა ჩვენს ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცემოდა. მარტივი საქმე არ აღმოჩნდა, მაგრამ მაინც მივაგენი რეცეპტს – ვიჯექი იატაკზე და მუხლებზე დაფენილ ტყავის მანუსკრიპტს დავყურებდი. ნამდვილად ისაა!
– აგერ, – ვუთხარი მეორე დღეს, თან ვცდილობდი ტყავის ნაჭერი მისი გაქონილი, კოტიტა თითებისგან შორს დამეჭირა, – რამდენადაც გარკვევა მოვახერხე, წონაში დაკლების რეცეპტია („აჰ!“ – აღმოხდა ფაიქრაფთს)… მაგრამ, თქვენს ადგილას, თავს შორს დავიჭერდი, იმიტომ რომ… არ მინდა საკუთარ წინაპრებს თქვენი გულისთვის ჩირქი მოვდო, მაგრამ, ფრიად ოინბაზი და უცნაური ხალხი იყვნენ.
– ნება მომეცით, ვცადო, – მითხრა ფაიქრაფთმა.
სავარძლის საზურგეს მივეყრდენი. ვცადე, წარმომედგინა, როგორი იქნებოდა გამხდარი ფაიქრაფთი… ვერ შევძელი.
– ეგებ, დაფიქრდეთ, რას დაემგვანებით, წონაში თუ დაიკლებთ? – ვკითხე.
მაგრამ ლაპარაკს აზრი არა ჰქონდა. შევიპირე, რომ აღარასოდეს დაძრავდა ჩემთან სიტყვას სიმსუქნეზე – რაც არ უნდა მომხდარიყო და მხოლოდ ამის შემდეგ გავუწოდე პერგამენტი.
– მყრალი და მწარე წამალია, – გავაფრთხილე.
– არა უშავს, – მითხრა და გამომართვა.
დახედა და:
– კი მაგრამ… – აღმოაჩინა, რომ ინგლისურად არ იყო დაწერილი.
– გითარგმნით, როგორც მოვახერხებ…
ვუთარგმნე და ორი კვირა აღარ გვისაუბრია. როცა კი მომიახლოვდებოდა, წარბებს ვკრავდი და ვანიშნებდი, პატივი ეცა ჩვენი შეთანხმებისთვის. ასეც იქცეოდა. მაგრამ ორი კვირის თავზე, რაკი გრამი არ მოჰკლებია, ვეღარ მოითმინა და მითხრა:
– უნდა დაგელაპარაკოთ… რაღაც ვერ არის რიგზე. თქვენი დიდედის რეცეპტი არ მუშაობს.
– თან გაქვთ? – ვკითხე
საფულეში ჰქონდა. ფრთხილად მომაწოდა.
თვალი გადავავლე.
– ლაყე კვერცხი ხომ არ დაგავიწყდათ?
– ჰმ… განა, ლაყე უნდა იყოს?
– ცხადი ამბავია, – ვუთხარი, – ამ რეცეპტების წესია: თუკი ხარისხი მითითებული არაა, ყველაზე უარესი უნდა აიღოთ. დიდედაჩემი მიკიბულ-მოკიბულს არა ცნობდა. უკიდურეს შემთხვევაში, მხოლოდ უმნიშვნელო სანელებლის ჩანაცვლება შეიძლება… ჩხრიალა გველის შხამი ვადაგასული ხომ არ იყო?
– ჯამრახთან[1] ვიყიდე… არ იკითხავთ, რა დამიჯდა?
– ეგ თქვენი საქმეა, – მხრები ავიწურე.
– ერთ კაცს ვიცნობ, რომელიც…
მაგრამ გავაწყვეტინე:
– ახლა ჩამოგიწერთ, რის ჩანაცვლება შეგიძლიათ… იოლი არაა ამ რეცეპტის გადამწერის კოჭლი მართლწერის გაგება… სხვათა შორის, „ძაღლში“, როგორც ჩანს, პარიზულ ძაღლს უნდა გულისხმობდეს.
ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე ვხედავდი ფაიქრაფთს კლუბში. ძველებურად მსუქანი და ფრიად შეშფოთებული ჩანდა. არაფერი უთქვამს, მხოლოდ სასოწარკვეთილი აქნევდა ხოლმე ჩემს დანახვაზე თავს. ერთ დღეს, გარდერობში დამიმარტოხელა და – ეგ თქვენი დიდედაო… – რომ მითხრა, აღარ დავამთავრებინე.
– ერთი ღერი საყვედური არ წამოგცდეთ!
სიტყვა ბაგეზე შეაცივდა.
მგონი, თავი დამანება. შემდეგ თვალი შევასწარი, როგორ ესაუბრებოდა მის გასაჭირზე კლუბის სამ ახალ წევრს, ალბათ, სხვა რეცეპტს ეძებდა… მაგრამ მოულოდნელად:
— დეპეშაა ბატონი ფორმალინისთვის! – შესძახა ბიჭმა და ცხვირწინ ქაღალდი ამიფრიალა.
გამოვართვი და წავიკითხე: “ღვთის გულისათვის, მოდით – ფაიქრაფთი.”
გამოგიტყდებით, ჩემი დიდედის პატივისა და დიდების აღდგენამ, მეტი რომ არ შეიძლებოდა, ისე გამახარა და სადილს გემრიელად გეახელით.
ფაიქრაფთის მისამართი კლუბში გავიკითხე. ბლუმსბერიზე, ორსართულიანი სახლის ზედა ნაწილი ეჭირა. სადილს ყავა და შოკოლადის ნამცხვარი დავაყოლე, სიგარის მოწევა კი გადავიფიქრე, ისე მეჩქარებოდა.
– ბატონი ფაიქრაფთი შინ ბრძანდება? – ვკითხე კარისკაცს.
თურმე, ორი დღეა გარეთ არ გასულიყო. ეგონათ, ავადმყოფობდა.
– მელოდება, – ვუთხარი და შემიშვეს.
კიბეებს ავუყევი და ზარი დავრეკე.
– მაინც არ ღირდა გახდომა, – ვფიქრობდი ჩემთვის, – მუცელს თუ აღორებ – ღორივით იერიც შეგფერის.
ვიღაც ქალბატონი მოუახლოვდა კარის გისოსს და გამომხედა. შეშფოთებული ჩანდა. თავზე ქუდი ცერად ეხურა.
სახელი ვუთხარი და შემიშვა. თუმცა კი ეჭვიანი მზერა გამაყოლა.
– რა ამბავია? – ვკითხე, როდესაც სრულიად ცარიელ ოთახში აღმოვჩნდით.
– ასე გადმოგცათ, რომ პირდაპირ მასთან შეხვიდეთ, – მითხრა ქალბატონმა და შემომხედა. გახევებული იდგა, იმის ნაცვლად, რომ გზა ეჩვენებინა. შემდეგ ჩურჩულით დაამატა, – ის ჩაკეტილია, სერ…
– ჩაკეტილი?
– გუშინ დილით ჩაიკეტა და თავისთან არვის უშვებს, სერ… მხოლოდ ილანძღება… უშვერი სიტყვებით, სერ.
და კარისკენ მიმანიშნა.
– იქ არის? – ვკითხე.
– დიახ, სერ.
– რა ხდება, აღარ მეტყვით?!
სევდიანად გაიქნია თავი:
– მხოლოდ საკვებს ითხოვს, სერ… გაუთავებლად ითხოვს საკვებს. ვაკეთებ, რაც შემიძლია – ღორის სუკი, სოსისი, პუდინგი… პურეული, ფუნთუშეული… – კართან დატოვეთ და წადით, – მეუბნება…. არასდროს უჭამია ამდენი, სერ…
ამ დროს ვიღაცამ დაიწრიპინა:
– ვინ არის, ფორმალინი?
– თქვენა ხართ, ფაიქრაფთ? – შევძახე და კარის სახელურს დავეჯაჯგურე.
– უთხარით, ჯერ ეგ წავიდეს.
ასეც მოვიქეცი.
ოთახიდან ჯერ ფუთფუთის ხმა შემომესმა, ისეთი, სიბნელეში ხელების ცეცებით რომ მიიკვლევ გზას, შემდეგ – ფაიქრაფთის ნაცნობი ფრუტუნი.
– შემომიშვით, – ვუთხარი, – ის წავიდა.
მაგრამ კიდევ კარგა ხანს მომიწია ლოდინი, სანამ საკეტმა გაიჩხაკუნა.
– შემოდით.
სახელურს დავაწექი და კარი შევაღე. ფაიქრაფთს ველოდი, მაგრამ ოთახში არვინ იყო!
ელდა მეცა. მსგავსი შიში არასდროს განმეცადა. ოთახი არეულ-დარეული დამხვდა. იატაკზე მიყრილი თეფშები, წიგნები და საწერი ნივთები, გადატრიალებული სავარძლები… მაგრამ ფაიქრაფთი…
– კარი დახურეთ, – მითხრა და, როგორც იქნა, დავინახე.
იქვე იყო, ჭერში გამოკიდული, თითქოს ვიღაცამ მიაბაო. განრისხებული ჩანდა და სახეზე ალმური სდიოდა. ღრმად ჩაისუნთქა და ხელების ქნევას მოჰყვა:
– კარი დაკეტეთ, იმ ქალმა რომ გაიგოს…
საკეტი გადავატრიალე. ნაბიჯი გადავდგი და მივაჩერდი.
– რას სულელობთ, – ვუთხარი მე, – ჩამოვარდებით და კისერს მოიტეხთ.
– ნეტავ კი შემეძლოს! – დაიყვირა რაც ძალი ჰქონდა.
– თქვენი ასაკისა და წონის კაცისთვის შეუფერებელი ტანვარჯიშია…
– სულ თქვენი წყეული დიდედის… – ამოიოხრა.
– ფრთხილად, – ვუთხარი, – ხომ გითხარით, დიდედაჩემზე აუგი არ დაგცდეთ-მეთქი!
– დამაცადეთ და აგიხსნით, – შესძახა და ისევ ხელების ქნევას მოჰყვა.
– არა, მაინც როგორ მოახერხეთ მანდ აძრომა… ან რას ეჭიდებით?
ვკითხე და უცებ მივხვდი – არაფერს ეჭიდებოდა. ჰაერში დაცურავდა, როგორც საჰაერო ბურთი. მან კი ნელ-ნელა სცადა დაშვება. ხელების ფათურით, ძლივძლივობით მოუყვებოდა კედელს. წვალობდა.
– ეგეც თქვენი რეცეპტი… დიდედის…
ამას რომ ამბობდა, გრავიურის ჩარჩოს წაეტანა, რომელიც კედლიდან მოწყდა, ხელიდან გაუვარდა და დივანზე დაეცა, თავად ფაიქრაფთი კი ისევ ზემოთ აფრინდა და ჭერს აეკრა. ახლაღა შევნიშნე – ტანსაცმელი ადგილ-ადგილ თეთრად ჰქონდა დალაქავებული.
მეორე მცდელობა უფრო წარმატებული აღმოჩნდა – ბუხარს მოეჭიდა და ასე ჩამოჰყვა დაბლა. ერთ სანახაობად ღირდა – როგორ მოცოცავს ბურთივით მრგვალი, გოდორა კაცი ჭერიდან თავქვე იატაკისკენ.
– თქვენმა რეცეპტმა მეტისმეტი ქნა, – მითხრა.
– როგორ?
– თითქმის სრულად დავკარგე წონა.
აქ კი ერთბაშად გამინათდა გონება.
– ჰეი, ფაიქრაფთ, – შევძახე, – თქვენ სიმსუქნის წამალს ეძებდით, მაგრამ ამას ყოველთვის წონას არქმევდით.
რატომღაც ამ აღმოჩენამ ძალიან გამახარა. ფაიქრაფთის მიმართაც კი კეთილად განვეწყე.
– ნება მომეცით დაგეხმაროთ! – ვუთხარი, მოვკიდე ხელი და დაბლა ჩამოვწიე.
იატაკს რომ შეახო ფეხი, შეეცადა, თავი დაემაგრებინა. მე კი ვცდილობდი, არ გამეშვა და ისე მეგონა, ქარში ალამი მქონდა გაშლილი.
– მაგიდა, – მითხრა, – წითელი ხისგან არის დამზადებული და ძალიან მძიმეა. თუკი მის ქვეშ შემაგორებთ…
ასეც ვქენი. იქ ირხეოდა და ბრუნავდა, როგორც დაბმული საჰაერო ბუშტი. მე კი ბუხრის წინ გაშლილ ფარდაგზე დავდექი. სიგარას მოვუკიდე.
– მომიყევით, აბა, რა მოხდა.
– წამალი მივიღე, – მითხრა.
– რა გემო ჰქონდა?
– ამაზრზენი!
ყველა ეგეთია. ჩემი დიდედის წამლები ისეთი ნაერთებისგან მზადდება, სულ მცირე უგემური გამოდის. ჩემდათავად არაფრის დიდებით…
– ჯერ ერთი ყლუპი მოვსვი.
– მერე?
– ერთი საათის შემდეგ, რაკი თავი უფრო მსუბუქად და უკეთესად ვიგრძენი, ბოლომდე გამოვცალე.
– ოჰ, ჩემო ფაიქრაფთ!
– ცხვირზე თითები მოვიჭირე და… შემდეგ სულ მეტად და მეტად შევმსუბუქდი და, რაღაცნაირად, სულ მთლად უმწეოდ… – აქ თავშეკავებამ უმტყუნა და ერთბაშად იფეთქა, – რა ჯანდაბა ვქნა ახლა?
– ერთი რამ აშკარაა, – ვუთხარი, – რაც არ უნდა ქნათ, გინდაც კარიდან გახვიდეთ, სულ მაღლა და მაღლა აფრინდებით… – ხელი ავიქნიე, – სანტოს-დიუმონს[2] თუ გამოგიგზავნიან, რომ ჩამოგიყვანონ.
– ეგებ, მისით გამიაროს?
თავი გავიქნიე.
– მაგის იმედად არ ვიქნებოდი.
ამ ნათქვამმა განარისხა.
ტლინკებს ყრიდა. ფეხებს ურტყამდა იატაკს და სკამებს. ისე იქცეოდა სწორედ, როგორც, ჩემი წარმოდგენით, დიდი, მსუქანი, გაკაპასებული კაცი უნდა იქცეოდეს ამ დროს – ანუ, ძალიან ცუდად. მე და ჩემს დიდედას განიკითხავდა ბრაზითა და გონებადაბინდულებით.
– მე ხომ არ დამიძალებია, – შევახსენე.
ყველა შეურაცხყოფა, რომელსაც არ იშურებდა, ყურიდან ყურში გავატარე, სავარძელში მოვკალათდი და მეგობრულად ვცადე გასაუბრება.
ვუთხარი, რომ ეს უბედურება თავად დაიტეხა, იმიტომ რომ უსაზღვროდ ბევრს ჭამდა და ყველაფერი სამართლიანი სასჯელია, როგორც ამას ანტიკური პოეტები აღწერენ ხოლმე. მაგრამ ფაიქრაფთი არ დამეთანხმა და კარგა დრო კამათმა წაიღო.
რაკი ძალიან ბობოქრობდა და მემუქრებოდა, ანტიკურ პოეტიკას თავი ვანებე და სხვა მხრიდან შემოვუარე.
– თქვენ გამოიყენეთ ევფემიზმი, – ვუთხარი, – სიტყვა „სიმსუქნის“ ნაცვლად (რაც მართებულად, თუმცა თქვენთვის მტკივნეულად ჟღერდა) თქვით „წონა“…
ამაზე დამეთანხმა, მაგრამ აზრის დასრულება არ მაცალა, მკითხა, ახლა რა ვიღონოო?
ახალ ვითარებასთან შეგუება შევთავაზე. თუკი საქმიანად და გონივრულად მივუდგებით, ხელებით ჭერზე ცოცვის სწავლაც არ იქნება ძნელი…
– ვერ ვიძინებ, – მითხრა.
მაგას, ვუთხარი, ეშველება. ლეიბს თუ მავთულის ბადეზე მიაბამთ შესაკრავებით, ბალიშს, საბანს და ზეწარს კი ღილებით დაამაგრებთ ზედ… მაგრამ, დიასახლისს უნდა გაენდოთ, სხვაგვარად გაჭირდება.
ამ სიტყვებს ისევ აყალ-მაყალი მოჰყვა, თუმცა, ბოლოს მაინც დავითანხმე (მოგვიანებით თვალი მივადევნე, როგორ რუდუნებით აღასრულა კეთილმა ქალბატონმა ეს დავალება). ბიბლიოთეკიდან კიბე მის ოთახში გადმოვიტანეთ, იმისთვის რომ კერძები პირდაპირ კარადის თავზე მიეწოდებინათ. ასევე მოვიფიქრეთ ფრიად მახვილგონივრული მოწყობილობა, ჭერიდან იატაკზე იოლად რომ ჩამოსულიყო – ამ საქმისთვის ბრიტანეთის ენციკლოპედიის მეათე გამოცემა გამოგვადგა, რომლის ფოლიანტებიც სულ ზედა, ღია თაროზე შემოვდეთ. შემდეგ საკმარისი იყო ფაიქრაფთს რამდენიმე ტომი ამოეიღლიავებინა, რომ ნარნარად ეშვებოდა დაბლა. ბოლოს შევთანხმდით, რომ კედლებზე რკინის კავები მიგვემაგრებინა – მაშინ იოლად შეძლებდა ოთახში დაბალ სიმაღლეზე გადაადგილებას.
ამ ამბავმა ძალიან გამიტაცა – სწორედ მე მხვდა წილად დიასახლისისთვის ყველაფრის ახსნა და საწოლის გამზადებაშიც მივიღე მონაწილეობა. ეგ კი არა, მთელი ორი დღე დავყავი მისთან – გონება მიჭრის და მარჯვე ხელები მაქვს, სახრახნისით კირკიტიც მეხერხება. ბევრი რამ მოვიფიქრე მისთვის – ზარი გრძელ მავთულზე მივაერთე, იოლად რომ დაერეკა, სანათები ისე ამოვატრიალე, რომ შუქი ჭერისკენ მიემართათ. გონების კარგი სავარჯიშო იყო. ვჩხირკედელაობდი და თან სახალისო ფიქრები დამტრიალებდა – ფაიქრაფთი, როგორც მსუქანი ბუზი დაცოცავს ჭერზე, კავებს ეჭიდება და ოთახიდან ოთახში მოძრაობს. და არასდროს, აღარასდროს, აღარასოდეს დავინახავ კლუბში…
მაგრამ ვაი ჭკუისაგანო, ნათქვამია. ვიჯექი მასთან, ბუხრის პირას, ვწრუპავდი ვისკის, ის კი მის საყვარელ თურქულ ხალიჩას აკრავდა ჭერზე, როდესაც ერთმა აზრმა გამიელვა.
– ფაიქრაფთ, მეგობარო… სულ ტყუილად წვალობთ! – და სანამ მოვასწარი და ენას კბილი დავაჭირე, – ტყვიის საცვლები, – წამოვროშე…
მორჩა. გაფრენილ სიტყვას უკან ვეღარ შეაბრუნებ.
ფაიქრაფთი წამსვე მიხვდა და სიხარულისგან, ლამის, ცრემლები წასკდა.
– და ყველაფერი ჩვეულ რიგს დაუბრუნდება! – შესძახა.
დიახ, გზა ვუჩვენე მანამ, სანამ გავიაზრებდი, ურემი სადამდე მიმიყვანდა.
– ტყვიის ფურცლები დაგჭირდებათ, – ვუთხარი, – ერთად შევკრავთ და ტანსაცმლის ქვეშ დაიმაგრებთ… ტყვიის ლანჩა – ჩექმებისთვის, ტყვიის ჩანთა… დაიმატებთ, რა წონაც დაგჭირდებათ და პატიმრობას დააღწევთ თავს… სამოგზაუროდ წასვლასაც შეძლებთ, ფაიქრაფთ, სამოგზაუროდ! – ეგკიარა, – ვერა და ვერ გავჩერდი, – უკეთესს გეტყვით, გემის ჩაძირვის არ შეგეშინდებათ – ტვირთის ნაწილს გადაყრით და დანარჩენი ბარგი-ბარხანით ჰაერში აფრინდებით…
მაგრამ ამ დროს თავად ფაიქრაფთმა ჩამცხო თავში ურო.
– მადლობა ღმერთს, ისევ დავბრუნდები კლუბში!
მიწაზე დამაბრუნა. სხვა რაღა ვთქვა.
– დიახ, რა თქმა უნდა… კლუბში სიარულსაც შეძლებთ.
შეძლო კიდეც. და ყოველ დღე დადის. ზის ჩემს ზურგს უკან მაგიდასთან და კარაქიან ფუნთუშას…. უკვე მესამე კარაქიან ფუნთუშას გეახლებათ. არვინ იცის მთელს დუნიაზე, მისი დიასახლისისა და ჩემს გარდა, რომ ბუმბულის წონა აქვს, ყველაზე უმაქნისს ადამიანთა შორის. ზის და მაკვირდება, როდის დავამთავრებ წერას. იმისთვის, რომ სადმე დამიმარტოხელოს, ჩამავლოს ხელი და ჩურჩულით მითხრას, როგორ გრძნობს თავს, როგორაა, როცა წონას არ გრძნობ, როგორ ეჩვენება, ზოგჯერ, რომ წამალი ძალას კარგავს… და ამ, თავი და ბოლო რომ არ უჩანს, ლაპარაკის დროს აუცილებლად მეტყვის:
– საიდუმლოს ხომ შემინახავთ?… ვინმემ რომ გაიგოს… ადამიანი რა დღეშია, ჭერზე და კედლებზე დაცოცავს და მთელი ამბები… ძალიან შევრცხვები…
კალამი გვერდზე გადავდე.
ახლა, როგორმე, ფაიქრაფთს უნდა დავუსხლტე. ის კი თვალს არ მაცილებს და ჩემსა და გასასვლელს შორის სტრატეგიულ პოზიციას იჭერს.
©H. G. Wells – The Truth About Pyecraft. The Strand Magazine, April 1903
©LV (ქართული თარგმანი, 2022)
©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___
(1)ჩარლზ ჯამრახი ეგზოტიკური ცხოველებით მოვაჭრე იყო. დიდი მაღაზია ჰქონდა ლონდონში.
(2)ალბერტო სანტოს-დიუმონი – ბრაზილიელი მფრინავი, სპორტსმენი და გამომგონებელი. 1901 წელს პირველმა შემოუფრინა ეიფელის კოშკს.
___
Milestone! 50-ე, საიუბილეო თარგმანი. და ვინ უნდა ყოფილიყო, თუარა მწერალი, ვისითაც დაიწყო ჩემი და საიფაის ნაცნობობაც და მეგობრობაც.