თომას ედისონის ბომბორა ძაღლი

ქართ ვონეგათი

იმ მშვენიერ დილას თამფა ბეიში ბაღის გრძელ მერხზე ჩამომჯდარიყო ორი მოხუცი და ფლორიდის მზეს ეფიცხებოდა. ერთი გატაცებით კითხულობდა წიგნს, თან ცდილობდა, წაკითხული არ გაჰბნეოდა, მეორე კი, სახელად ჰაროლდ ქეი ბალარდი, მისი ცხოვრების თავგადასავალს ჩაჰყვიროდა ყურში. ხმამაღლა, ვნებით და გამოთქმით, როგორც საჯარო გამოსვლისას იციან ხოლმე. იქვე წამოკოტრიალებულიყო ბალარდის ლაბრადორი და წიგნის მკითხველის კოჭებს ყნოსავდა ხანგაშვებით. სველი ცხვირის ყოველი შეხება ჟრუანტელს ჰგვრიდა მოხუცს.

ბალარდს ბევრი ჰქონდა მოსაყოლი – სანამ პენსიაზე გავიდოდა, ათასი საქმე გამოიცვალა და ყველგან წარმატება შეხვდა, ამიტომ საკუთარ დიდად საგულისხმო წარსულს რუდუნებითა და წვრილად მიმოიხილავდა ხოლმე.

მაგრამ ის გადააწყდა იგივე პრობლემას, რომელიც ასე კარგად იციან კანიბალებმა – ყოველი მსხვერპლი, სამწუხაროდ, ერთჯერადია და ხელმეორედ ვერ გამოიყენებ. ყველა, ვისაც თუნდაც ერთი საათის გატარება მოუხდა ბალარდთან, მისი და მისი ძაღლის დანახვაზე საგულდაგულოდ იმალებოდა და ვერაფრის დიდებით დაითანხმებდი ერთი მერხის გაზიარებაზე.

ამიტომაა რომ ბალარდი და მისი ძაღლი ყოველდღე გადიან პარკში და დაეძებენ ახალ სახეებს. ამ დილით ძალიან გაუმართლათ – მაშინვე იპოვეს ეს უცნობი, ჯერ კიდევ ბოლო ღილამდე შეკინძული პერანგით, გახამებული საყელოთი და ჰალსტუხით. აშკარაა, ახლახან ჩამოსულიყო ფლორიდაში და წიგნის გარდა, სხვა საქმე არ აჰქონდა.

– რომ დავთვალო, – შეაჯამა ბალარდმა მისი ლექციის პირველი საათი, – ხუთჯერ გავმდიდრდი და გავანიავე მთელი ქონება…

– ეგ უკვე მითხარით, – უთხრა უცნობმა (მისი სახელი ბალარდს არც უკითხავს), – ჰეი, ჰეი… ცოტა ნელა, ფუ… შეუძახა ძაღლს, რომელიც, ალბათ, ფიქრობდა, დრო ხომ არაა, ცხვირს ენა ან კბილი მივაშველოო.

– გითხარით? უკვე? – ეჭვით ჰკითხა ბალარდმა.

– ორჯერ.

– უძრავი ქონების ბიზნესში – ორჯერ. თითოჯერ ჯართში, ნავთობსა და საავტომობილო გადაზიდვებში?

– კი.

– აბა, კი მითქვამს… ჯართი, ნავთობი, საავტომობილო გადაზიდვები… რა დღეები იყო, მეგობარო, არაფერზე მწყდება გული.

– მჯერა, – უთხრა უცნობმა, – მაპატიეთ, მაგრამ თქვენ ძაღლს ხომ ვერ მომაშორებთ?

– ამას? – ხალისით ჰკითხა ბალარდმა, – რას ამბობ, ყველაზე გულკეთილი ძაღლია მსოფლიოში. ნუ გეშინია.

– არ მეშინია… მაგრამ კოჭები დამინერწყვა და, მგონი, წყობიდან გამოვყავარ.

– პლასტმასის ამბავია, – ჩაიცინა ბალარდმა.

– რა?

– უთუოდ, რაღაც პლასტმასას დეტალები გაქვთ წვივსაკრავზე ან თასმებზე. შეიძლება, ღილებიც იყოს… არ ვიცი, რა მიზეზია, მაგრამ პლასტმასა ძალიან უყვარს. ერთხელ, გინდ დაიჯერე, გინდ – არა, სიგარების მთელი კოლოფი დაღეჭა. სადაც არ უნდა იყოს პლასტმასა, აუცილებლად მიაგნებს. იქნებ, რაღაც მინერალები აკლია, თუმცა, გეფიცები, მეგობარო, სამ ჩემდენს ჭამს… პლასტმასის ბიზნესს კი მოვკიდებდი ხელს, მაგრამ ექიმებმა – დროა, გულის ქანქარა დაასვენოო…

– თუნდაც, ეგერ იმ ხეზე რომ გადაგებათ… – არ ცხრებოდა უცნობი.

მაგრამ ბალარდს ყურადღება არ მიუქცევია, ლაპარაკს განაგრძობდა:

– ახალგაზრდები მაოცებენ, მეგობარო… დღენიადაგ მათი წუწუნი მესმის – გასაქანს არ გვაძლევენო. ჯანდაბა, თვალები გაახილე – ამდენი შესაძლებლობა, რაც ახლა არის, არასდროს ყოფილა. იცით, ჰორას გრილი[1] ცოცხალი რომ იყოს, რას იტყოდა?

– სველი ცხვირი აქვს, – უცნობმა სცადა, ფეხები გვერდით გაწია, მაგრამ ძაღლს არ გამოჰპარვია – კოჭებს აედევნა და მიუჩოჩდა ისევ ახლოს, – გეყოფა… ფუ!

– სველი ცხვირი იმის ნიშანია, რომ ძაღლი ჯანმრთელია, – განუმარტა ბალარდმა, – პლასტმასას საუკუნეა, ახალგაზრდავ, ატომის საუკუნე! – აი, რას იტყოდა დღეს გრილი.

ძაღლმა, თითქოს დასტურის ნიშნად, პლასტმასას ღილებს დაადგა თვალი და თავს ხან იქეთ გასწევდა, ხან – აქეთ, უმიზნებდა, ამ სასუსნავს კბილი კარგად როგორ გავკრაო.

– ფუ! მომშორდი! – შეუძახა უცნობმა.

– ელექტრონის საუკუნეა, ახალგაზრდავ! – განაგრძობდა ბალარდი, – ნუ იტყვი, რომ შესაძლებლობებს ვერ ხედავ – შესაძლებლობა კარზე გიკაკუნებს… ახალგაზრდა რომ ვიყავი, უნდა გავსულიყავი გარეთ, საქმე მომენახა, რქებში ჩამევლო და მეთრია, ახლა კი იქეთ გეძებს…

– ბოდიშს გიხდით, – უთხრა უცნობმა თავაზიანად, – ფეხზე წამოდგა და წიგნი ხმაურით დახურა, – უნდა წავიდე, კარგ დღეს გისურვებთ, სერ.

ბილიკს გაუყვა, სხვა სკამი ნახა, ჩამოჯდა, ამოისუნთქა შვებით, გადაშალა წიგნი და ის იყო, სიმშვიდით უნდა დამტკბარიყო, რომ რაღაც ცივი და სველი მოედო ფეხზე.

– ოჰ… ისევ თქვენ ხართ? – თქვა ბალარდმა და გვერდით მიუჯდა, – ამან მოგაგნოთ. კვალი აიღო და გამოვყევი, ვნახო-ერთი სად მიმიყვანს-მეთქი… ჰოდა, იმას გეუბნებოდით, პლასტმასაზე… – მიმოიხედა, – ჭკუა გიხმარიათ, აქეთ რომ გადმოჯექით. იქ ნამეტნავად მზე გვაჭერდა. არც ჩრდილი იყო, არც – ნიავი.

– თქვენს ძაღლს სიგარების კოლოფი რომ ვუყიდო, თავს არ დამანებებს? – ჰკითხა უცნობმა.

– ჰა-ჰა… კარგი ხუმრობაა, მეგობარო, კარგი ხუმრობა, – ბალარდმა მუხლზე დაკრა ხელისგული, – პლასტმასას ბიზნესში ხართ, არა?.. მე პირი გავიქაფე პლასტმასაზე, თქვენ კი, თურმე… სწორედ სათქვენო საქმეა.

– საჩემო საქმე? – უცნობმა წიგნი მერხზე დადო, – არასდროს მქონია ბიზნესი. ცხრა წლის ვიყავ, როდესაც ედისონმა ლაბორატორია გამართა მეზობლად და ინტელექტის ანალიზატორი მაჩვენა… მას შემდეგ არხეინად დავეხეტები. ჩემს გემოზე ვმოგზაურობ.

– ედისონმა? – ჰკითხა ბალარდმა, – თომას ედისონმა? გამომგონებელმა?

– შეგიძლიათ, გამომგონებელიც დაუძახოთ, რაკი ასე გსურთ, – უთხრა უცნობმა და ისევ ძაღლს შეუძახა – ფუ!

– თუ მსურს? – შეჰყვირა ბალარდმა და გააფთრდა, – რასა ჰქვია, თუ მსურს! ნათურის მამა და რა ვიცი, კიდევ რის აღარ…

– იყოს ნათურის მამა, თუ ასე გსურთ, არც არაფერი დაშავდება, – უცნობი ხელახლა დაწვდა წიგნს და კითხვა განაგრძო.

– მოიცა, მემასხრებით ახლა, თუ როგორაა? რა ანალიზატორი? მის შესახებ არასდროს მსმენია.

– ცხადია, არ გსმენიათ. მე და ბატონმა ედისონმა ფიცი ვთქვით, რომ ამ ამბავს საიდუმლოდ შევინახავთ. მე შევუნახე საიდუმლო, ბატონმა ედისონმა კი პირობა დაარღვია… ისიც – მხოლოდ ერთხელ. ჰენრი ფორდს გაანდო, მაგრამ სიტყვა ჩამოართვა, ფორდი არავის ეტყოდა – კაცობრიობის სასიკეთოდ.

ბალარდი აღფრთოვანებული ჩანდა.

– ინტელექტის ანალიზატორი… ალბათ ინტელექტის გასაზომად, არა?

– არა, ერბოს ასათქვეფად.

– კარგით, ახლა, რა საღლაბუცო ეგაა, – გული მოუვიდა ბალარდს.

– იქნებ, მართლა ჯობდეს, ვინმეს გავენდო ვინმეს, – ჩაიბურტყუნა უცნობმა თავისთვის, – იოლი საქმე არაა, ამდენი წელი საიდუმლოს ზიდვა, მაგრამ, რა ვიცი, რომ შემდეგ ჩვენს იქეთ აღარ წავა?

– პატიოსან სიტყვას გაძლევთ, – დაარწმუნა ბალარდმა.

– უფრო მტკიცე გარანტიას, ვერ გასცემთ, ხომ? – ჰკითხა უცნობმა დაფიქრებით.

– ამაზე მტკიცე არ არსებობს, – განუცხადა ბალარდმა ამაყად, – თუ ვტყუოდე, მიწაც გამისკდეს და ჩამიტანოს.

– კარგი, – უცნობი სკამის საზურგეს მიეყრდნო და თვალები დახუჭა, თითქოს, დროში უკან გაემგზავრა. მთელი წუთი დუმდა. ბალარდიც არ იღებდა ხმას და პატივისცემით აღსავსე თვალებით მისჩერებოდა.

– ეს იყო ათას რვაას სამოცდაცხრამეტი წლის შემოდგომაზე, – თხრობა დაიწყო უცნობმა, – ნიუ ჯერსის სოფელში სახელად მენლოუ ფარქი. ცხრა წლის ბიჭი ვიყავი, როდესაც ახალგაზრდა კაცმა, რომელიც სოფელში ყველას ჯადოქარი ეგონა, ჩემს მეზობლად მოაწყო ლაბორატორია. იმ სახლში ხან ელავდა, ხან მეხივით ქუხდა და ათასი ზღაპრული ამბავი ხდებოდა, რასაც უფროსები ერთმანეთს ჩურჩულით უყვებოდნენ, ჩვენ, ბავშვებს კი მკაცრად აგვიკრძალეს ხმაური, ჯადოქარი რომ არ შეგვეწუხებინა.

ედისონთან არა, მაგრამ მის ძაღლთან, სფარქისთან იოლად გავაბი მეგობრობა. თქვენს ძაღლს ჰგავდა. მთელი დღე ერთად ვატარებდით, დავრბოდით და ყირაზე გადავდიოდით… დიახ, ბატონო, თქვენი ძაღლი სფარქის ნამდვილი ალი-კვალია.

– არ მატყუებთ? – ჰკითხა ბალარდმა და გაიბადრა.

– მზად ვარ, სახარებაზე დავიფიცო, – უთხრა უცნობმა, – და აი, მე და სფარქი ერთ დღეს ისე გავერთეთ თამაშით და მიწაზე კოტრიალით რომ ედისონის ლაბორატორიის კარამდე მივგორდით, შემდეგ როგორ მოხდა, არ ვიცი, მგონი, სფარქი დამეჯახა და ბრახ! უკვე ლაბორატორიის იატაკზე ვზივარ, თავს კი ბატონი ედისონი მადგას.

– ფსონს ჩამოვდივარ, გაცეცხლებული იქნებოდა! – შესძახა ბალარდმა.

– შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ, რომ ძალიან შემეშინდა, – უთხრა უცნობმა, – მეგონა, ჯოჯოხეთში მოვხვდი და თავად სატანა მიყურებს. ყურებიდან მავთულები აქვს ამოჩრილი და რაღაც შავ ყუთს უერთდება. გაქცევა ვცადე, მაგრამ საყელოში ჩამავლო ხელი და არ გამიშვა.

– ბიჭუნა, – მითხრა ედისონმა, – ღამე ყველაზე ბნელია გარიჟრაჟის წინ. მინდა, ეს კარგად დაიხსომო.

– დიახ, სერ, – ვუთხარი.

– წელიწადზე მეტია, ვეძებ ვარვარას, რომელიც ნათურაში გამოდგება. ბეწვი, სიმი, თასმა არაფერი მუშაობს. ამიტომ, ვიფიქრე, დროებით შევისვენო და სხვა რამით დავკავდე. ასე ვთქვათ, დავისვენო და ორთქლი გამოვუშვა. ამიტომ აი, ეს ავაწყე, – და შავი ყუთი მაჩვენა, – ინტელექტი, ვგონებ, ერთგვარი ელექტროენერგიაა. მე ავაწყე ინტელექტის ანალიზატორი, რომელიც მუშაობს! შენ პირველი ხარ, ვინც ამის შესახებ შეიტყო, ჩემო ბიჭო… თუმცა, უკეთესს, აბა, ვის უნდა გაეგო – შენი თაობა გაიზრდება სხვა ეპოქაში, დიდებულ საუკუნეში, როდესაც ადამიანთა გონებას ისე იოლად გაზომავენ, როგორც დღეს ფორთოხალს წონიან…

– არა მჯერა! – გააწყვეტინა ბალარდმა.

– თუ ვტყუოდე, მიწაც გამისკდეს და ჩამიტანოს, – უთხრა უცნობმა, – ედისონმა შექმნა ინტელექტმზომი და ადამიანებზე გამოცადა, ისე, რომ არ უთქვამს, რა ხელსაწყოა. რაც უფრო ჭკვიანი იყო ადამიანი, მით უფრო შორს, მარჯვნივ იხრებოდა სკალაზე ისარი და – პირიქით. ცხადია, ნება დავრთე, ჩემზეც გამოეცადა, მაგრამ ისარი ადგილზე დარჩა, მხოლოდ თრთოდა სულ ოდნავ. თუმცა, როგორი სულელიც არ უნდა ვიყო, კაცობრიობის ისტორიაში ჩემი წვლილი მაინც შევიტანე – მხოლოდ იმ ერთხელ. როგორც გითხარით, მას მერე თითი თითზე არ დამიკრავს.

– რა გააკეთეთ? – მოუთმენლად ჰკითხა ბალარდმა.

– ასე ვუთხარი: „ბატონო ედისონ, მოდით, ძაღლზე გამოვცადოთ“. ვწუხვარ იქ რომ არ ბრძანდებოდით, სიტყვებით ვერ აგიწერთ იმ წარმოდგენას, სფარქიმ რომ დადგა. ჩემი სიტყვები მოისმინა თუ არა, მოჰყვა ყეფას, ყმუილს, ციბრუტივით ტრიალს და კარებზე ფხაჭუნს – გაღება სურდა. როცა დარწმუნდა, ვერ შეგვაშინებდა და მის გარეთ გაშვებას არ ვაპირებდით, ისკუპა და ინტელექტმზომი პატრონს ხელიდან გამოგლიჯა. მაგრამ არც ჩვენ ვიყავით ნაკლები – კუთხეში მოვიმწყვდიეთ, ედისონს მაგრად ეჭირა, სანამ მავთულებს ყურებზე დავუმაგრებდი. თუ დაიჯერებთ, ისარი ამოძრავდა, წავიდა, წავიდა და ყველაზე უკიდურეს ნიშანსაც გასცდა, რომელიც ბატონ ედისონს წითელი ფანქრით დაეტანა მარჯვენა სკალაზე.

– ყოჩაღ ცუგას! – შესძახა ბალარდმა, – ხელსაწყოც გატეხა!

– ბატონო ედისონ, – ვკითხე, – რას ნიშნავს ეს წითელი ხაზი?

– ჩემი ბიჭო, – მითხრა, – ეს ნიშნავს, რომ ინსტრუმენტი გაფუჭდა, რადგან ეგ წითელი ხაზი მე ვარ.

– აბა, მე რა ვთქვი? გატეხა, – გაიმეორე ბალარდმა.

უცნობმა გახედა და უთხრა დინჯად:

– არა, გატეხილი არ აღმოჩნდა – ედისონმა ყველაფერი გადაამოწმა და ზუსტი იყო, როგორც სააფთიაქო სასწორი. როცა ედისონმა ეს თქვა, სფარქიმ საფრთხე იგრძნო და თავისი საიდუმლო დაფქვა…

– როგორ? – ჰკითხა ბალარდმა დაეჭვებით.

– კარი დაკეტილი გვქონდა, სამი საკეტი ედო – კაუჭი, ურდული და სახელურის ენა. ძაღლი უკანა ფეხებზე დადგა, კაუჭი გადააგდო, ურდული ასწია, და ის იყო სახელურს სწვდა კბილებით, რომ ედისონი ჩააფრინდა კისერში.

– არ არსებობს! – შესძახა ბალარდმა.

– დიახ! – უთხრა უცნობმა. თვალებში ეშმაკუნები უთამაშებდა, – დიახ, ბატონო და ედისონმა დაამტკიცა, რა დიდი მეცნიერი იყო. ჭეშმარიტებას გაუსწორა თვალი, რაგინდ უსიამოვნოც უნდა ყოფილიყო.

– აჰა, – უთხრა ედისონმა სფარქის, – ადამიანის საუკეთესო მეგობარი, არა?.. პირუტყვი ხომ?

მაგრამ სფარქიც კაი ვირეშმაკა იყო, თავი მოიკატუნა, ვითომ არაფერი ესმოდა. ქექვასა და ყეფას მოჰყვა, ვითომ რწყილებს დავდევ და ვირთხებს ვაფრთხობო… თან ცდილობდა, ედისონისთვის მზერა აერიდებინა.

– კარგად კი მოგიფიქრებიათ, – განაგრძობდა ედისონი, – დაე, სხვებმა იზრუნონ საკვებზე, სახურავზე, თბილ კერიაზე, სანამ თქვენ ბუხრის წინ წამოგორებულხართ, ან გოგოებს დასდევთ ეზოში და ბიჭებთან ერთად დიდი შფოთი და აურზაური გაქვთ ატეხილი… არც იპოთეკა გაწუხებთ არც პოლიტიკა, არც ომი, არც სამუშაო… ნერვებს უფრთხილდები, არა, სფარქი? – გაუქიცინე კუდი, გაულოკე ხელი და ყველაფერს მზამზარეულს მოგართმევენ?

– ბატონო ედისონ, – ვკითხე, – გინდათ თქვათ, რომ ძაღლები ადამიანებზე ჭკვიანები არიან?

– უფრო გაიძვერები! – შესძახა ედისონმა, – ეს უნდა ვუთხრა მსოფლიოს! რით ვიყავი დაკავებული გასული წლის განმავლობაში? ხვითქი გამძვრა ნათურაზე მუშაობაში, იმისთვის რომ ძაღლებმა არხეინად ითამაშონ ღამით?

– მოითმინეთ, ბატონო ედისონ, – ხმა გაიღო სფარქიმ, – იქნებ…

– რას მიედ-მოედები! – დაიღრიალა ბალარდმა.

– ნუ მაწყვეტინებთ! – ხმას აუწია უცნობმა და სახე გაებადრა, – მოითმინეთ, ბატონო ედისონ, – ხმა გაიღო სფარქიმ, – იქნებ, ჯობდეს, არვის გაუმხილოთ? ასობით ათასი წელიწადია, ამ ამბავს საიდუმლოდ ვინახავთ და ყველა ბედნიერად გრძნობს თავს. რატომ უნდა გააღვიძო მთვლემარე ძაღლი, ასე არ გვასწავლის თქვენივე ანდაზა? დაივიწყე, რაც ნახე, გაანადგურე ეგ შენი ინტელექტმზომი და მე გასწავლი, რა გამოგადგება ნათურის ძაფისთვის.

– არა მჯერა! – შეჰყვირა ბალარდმა და სახეზე იისფერი დაედო.

უცნობი ფეხზე წამოდგა.

– პატიოსან სიტყვას გაძლევთ – იმ ძაღლმა დამაჯილდოვა ჩემი დუმილისთვის, რჩევა მომცა და საფონდო ბირჟაზე დიდი თანხა მოვიგე, ცხოვრების ბოლომდე მეყოფა. ბოლო სიტყვები, რაც სფარქიმ წარმოთქვა, იყო: “კარბონიზირებული ბამბის ძაფი სცადეთ“… კართან ჩასაფრებული ძაღლების ხროვამ დაგლიჯა – თურმე, ჩვენს ლაპარაკს უსმენდნენ.

უცნობმა წვივსაკრავი შეიხსნა და ბალარდის ძაღლს გაუწოდა.

– ინებეთ სერ, თქვენი წინაპრის მიმართ პატივისცემის ნიშნად, რომელიც გრძელმა ენამ დაღუპა. ბედნიერ დღეს გისურვებთ.

წიგნი ამოიიღლიავა და წავიდა.

©Kurt Vonnegut – Tom edison’s shaggy dog. Collier’s, March 1953
©LV (ქართული თარგმანი, 2022)

Creative Commons License©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

(1)ჰორას გრილი ამერიკელი ჟურნალისტი და კონგრესმენი, New-York Tribune-ის დამფუძნებელი და რედაქტორი. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელია, ზოგი ცნობით, მისი შეთავაზებულია პარტიის სახელიც.

___

ორი სიტყვა მთარგმნელისგან:
ძაღლები ვონეგათის წიგნებში ხშირად ჩნდებიან. თავად მწერალს რამდენიმე ძაღლი ჰყავდა. 

როგორ უნდა მოვიქცეთ ამ აპოკალიფსის დროს? რა თქმა უნდა, ერთმანეთის მიმართ გამორჩეულად კეთილგანწყობილნი უნდა ვიყოთ, მაგრამ, ამასთან, უნდა მოვრჩეთ ასე დაღრეჯილად ყოფნას. კარგი ხუმრობა ბევრ რამეში გვეხმარება… და ძაღლი აიყვანეთ, თუ, რა თქმა უნდა, უკვე არ გყავთ.
ქართ ვონეგათი. გამოუქვეყნებელი ფიქრები ომსა და მშვიდობაზე

ორი დღის წინ, 11 ნოემბერს ქართ ვონეგათის 100 წლის იუბილე იყო.

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: