ჰერბერთ უელსი
ამ მაღაზიას შორიდან რამდენჯერმე მოვკარი თვალი. ერთი-ორჯერ ახლოსაც კი ჩავუარე. ლამაზი ვიტრინა ჰქონდა, მომაჯადოებელი ნივთებით – ჯადოსნური ბურთები, ჯადოსნური ქათმები, გრძნეულთა ქუდები, თოჯინები მუცლით მეზღაპრეთათვის, შავი ყუთები და ბანქოს ქაღალდი ფოკუსებისთვის, ერთი შეხედვით ჩვეულებრივს რომ ჰგავდა… და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენი რამ. მაგრამ არასდროს მიფიქრია შესვლა, სანამ ერთ დღეს ჯიფმა, ისე, რომ არაფერი უთქვამს, თითზე ჩამჭიდა ხელი და პირდაპირ ვეებერთელა ფანჯრისკენ გაიწია. იმდენი ქნა, რომ სხვა არა დამრჩენოდა რა – შიგნით უნდა შემეყვანა. უცნაური რამ იყო ეს მაღაზია რეჯენთ სთრითზე, ნახატების გალერეასა და იმ შენობას შორის, სადაც წიწილებს ჩეკდნენ ინკუბატორში, მაგრამ ამ მისამართზე იყო სწორედ და არა, ვთქვათ, ცირკის გვერდით (სადაც არ გამიკვირდებოდა), ან ოქსფორდის ქუჩის კვეთაზე, ან, თუნდაც – ჰოლბორნში. ჩავუვლიდი ხოლმე და თვალს შევავლებდი გზის გაღმიდან. იდუმალი, მიუწვდომელი მეჩვენებოდა, თითქოს, ოდნავ, დანისლულიც იყო, ახლა კი აგერ არის, ჩემს წინ, ხელით ვეხები და ჯიფი კი საჩვენებელი კოტიტა თითით ვიტრინის შუშას ფხაჭნის.– მდიდარი რომ ვიყო,
ამას ვიყიდდი – მითხრა ჯიფმა და მიუკაკუნა „კვერცხს, რომელიც ქრება“, – კიდევ ამას, – მიჩვენა „ჩვილი-ტიკინა, რომელიც ცოცხალივით ტირის“ და ამას, – თქვა რაღაც იდუმალ საგანზე, რომელიც არ ვიცი, რა იყო, მაგრამ პატარა ბარათზე ეწერა: „შეიძინე, თუ გსურს განაცვიფრო შენი მეგობრები“, – წოპწოპა ქუდს რასაც დაახურავ, ყველაფერი გაქრება, – განაგრძობდა ჯიფი, – მაგაზე წიგნში წავიკითხე. იქ კი უჩინარი ნახევარ პენსიანი დევს, ოღონდ ჩვენ ვერა ვხედავთ.
ჯიფი დედას ჰგავდა – არც მაღაზიაში შესვლა უთხოვნია, არც წუწუნი დაუწყია. მხოლოდ ჩემს თითს იყო ჩაფრენილი და კარისკენ მიიწევდა. გაუცნობიერებლად, მაგრამ ეჭვგარეშე ცხადი იყო, თუ რა სურდა.
– ეს… – შესძახა და ჯადოსნურ ბოთლს მიაჩერდა.
– რას იზამდი, რომ გქონდეს? – ვკითხე და უეცრად გაუბრწყინდა თვალები.
– ჯესის ვუჩვენებდი, – მიპასუხა, როგორც ყოველთვის სხვებზე ზრუნვით აღვსილმა.
– შენს დაბადების დღემდე ასიოდ დღეც აღარაა დარჩენილი, ჯიბლზ, – ვუთხარი და კარის სახელურს წავეტანე.
ჯიფს არაფერი უთქვამს, მხოლოდ კიდევ უფრო მაგრად მომეჭიდა თითზე. და ჩვენ მაღაზიაში შევედით.
ჯიფი აქ ისე გაბედულად არ იქცეოდა, როგორც ჩვეულებრივი სათამაშოების მაღაზიაში. ეს ხომ ჯადოსნური ნივთების სავაჭრო იყო. ზურგს უკან ამომეფარა და მოლაპარაკების მთელი ტვირთი ჩემს მხრებს ანდო.
პატარა, ვიწრო მაღაზია იყო, ნახევრად დაბინდული. კარი რომ დავხურეთ, ზარმა სუსტად დაიწკარუნა. ჯერ არვინ ჩანდა და მშვიდად მოვავლეთ იქაურობას თვალი. დახლს შუშა ფარავდა. ზედ პაპიემაშეს ვეფხვი იჯდა, კეთილ თვალებს აკვესებდა და საყვარლად აკანტურებდა თავს. იქვე შემოედოთ ბროლის რამდენიმე სფერო, ფაიფურის ხელს ბანქოს ქაღალდები ეპყრა, სხვადასხვა ზომის თასებში ჯადოსნური თევზები დაცურავდნენ, გრძნეული ქუდი კი ზამბარასავით იყო დაკეცილი. იატაკზე იდგა დაგრეხილი სარკეები, რომლებშიც გრძელი და ხმელ-ხმელი ჩანხარ ან – დიდი თავით და ბურთივით მრგვალი სხეულით, ან, სულაც, – ფეხების გარეშე. სანამ ჩვენ მათ შორის დავაბიჯებდით და ვიცინოდით, როგორც იქნა ვიღაც კაცი გამოჩნდა. მფლობელს ჰგავდა. ყოველ შემთხვევაში, დახლს უკან დადგა და ცნობისმოყვარე თვალით გადმოგვხედა. ერთი უცნაური ვინმე იყო – ცალი ყური მეორეზე დიდი ჰქონდა, შავი თმა და ვეება ნიკაპი, ამობურცული, როგორც ჩექმის ცხვირი.
– რით შემიძლია, გემსახუროთ? – გვკითხა და გრძელი, გრძნეული თითები გაშალა, დახლის ზედაპირს დაეყრდნო. თავიდანვე გვაგრძნობინა, ვინ ბრძანდებოდა.
– ჩემი პატარა ბიჭისთვის რამდენიმე მარტივი ოინის შეძენა მსურს.
– საფოკუსე მოწყობილობის? – მკითხა, – მექანიკურის? სახლისთვის?
– რამე, უფრო სახალისოსი, – ვუთხარი.
– ჰმმ! – ჩაფიქრდა და კეფა მოიქექა. შემდეგ, ანაზდად და ოსტატურად, საკუთარი თავიდან შუშის ბურთი გამოიღო, გამოგვიწოდა, – რაღაც ასეთის?
ბაზრის მოედანზე მრავალჯერ მენახა მსგავსი რამ, მოხეტიალე ჯამბაზთა ძველისძველი ხრიკია, მაგრამ ამ ჯერზე მეტისმეტად უცაბედად მოხდა. არ ველოდი.
– კარგი იყო, – ვუთხარი სიცილით.
— ჰო არა? – მითხრა.
ჯიფი ჩემს თითს დაეხსნა და ბურთისკენ წაიღო ხელი, მაგრამ ჯადოსნური სავაჭროს პატრონის ცარიელ ხელს წაეტანა მხოლოდ.
– ჯიბეში გაქვს, – უთხრა ჯიფს, – ჰოპლა!
– რა ღირს? – ვკითხე.
– შუშის ბურთებისთვის საფასურს არ ვითხოვთ, – მითხრა თავაზიანად, – ჩვენ ხომ მათ…. – კიდევ ერთი გამოაძრო პირდაპირ იდაყვიდან, – უფასოდ ვიღებთ, – დადო დახლზე და ახლა კისრიდან ამოაცოცა ერთი. გვერდზე მიუდო ისიც.
ჯიფი ჯერ თავის ბურთს დააცქერდა, შემდეგ, იმ წყვილს დახლზე, ბოლოს – გამყიდველს, რომელმაც პასუხად გაუღიმა.
– თუ გსურს სამივე, გქონდეს, – უთხრა, – ერთსაც დაგიმატებ… თუ წინააღმდეგი არ იქნები – ჩემი პირიდან.
ჯიფმა ჯერ მე შემომხედა, თითქოს, რჩევას ეძებდა, შემდეგ მდუმარედ აიღო ოთხივე ბურთი და ხელახლა ჩაეჭიდა ჩემს თითს. გულისფანცქალით ელოდა, რა მოხდებოდა შემდეგ.
– ყველა პატარა ჯადოსნურ ნივთს ამ გზით ვშოულობთ, – შენიშნა კაცმა ჯადოსნური სავაჭროდან.
ისევ გამეცინა.
– საბითუმო მაღაზიიდან მოტანის ნაცვლად, ხომ? – ავუბი მხარი, – რა თქმა უნდა, ეგრე უფრო სარფიანია.
– ჰო, როგორც არის… – მითხრა, – თუმცა, საფასურის გადახდა ბოლოს მაინც გვიწევს… მაგრამ ძვირი არაა. ბევრად იაფი, ვიდრე ფიქრობენ ხოლმე. უფრო მოზრდილი ნივთები, ასევე საკვები და ყველაფერი, რაც გვჭირდება, აი, ამ ქუდიდან ამოგვაქვს… მინდა დაგარწმუნოთ სერ, გავკადნიერდები, რაკი სიტყვამ მოიტანა, რომ დედამიწის ზურგზე ვერსად ნახავთ ჯადოსნური საქონლის საბითუმო მაღაზიას. არ ვიცი, შენიშნეთ თუ არა ჩვენს აბრაზე: „ნამდვილ ჯადოქრობათა მაღაზია“, – ლოყიდან სავიზიტო ბარათი ამოიღო და გამომიწოდა. – ნამდვილი, სერ, – დაადო თითი და დაამატა, – ჩვენ არ ვიტყუებით. იოტისოდენადაც არა, სერ!
თავის როლს არაჩვეულებრივად ასრულებს, – გავიფიქრე.
ის კი ჯიფს მიუბრუნდა და ბაგეზე სათნო ღიმილი დაეფინა:
– შენ ძალიან კარგი ბიჭი ხარ, – უთხრა.
საიდან იცოდა, ნეტავ – ამ ამბავს ხომ შინაურებს შორისაც საიდუმლოდ ვინახავთ, არ გვინდა, ჯიფს ქება თავში აუვარდეს. მაგრამ ჩემმა ბიჭმა ქათინაური ისე მიიღო, თვალიც არ დაუხამხამებია. ხმის ამოუღებლივ მისჩერებოდა.
– საიდან ვიცი? მხოლოდ კარგ ბიჭს შეუძლია ამ კარის შემოღება.
და, თითქოს მისი სიტყვების დასტურად, კარზე გაისმა ბრახა-ბრუხი და ვიღაც აჭიჭყინდა:
– შესვლა მინდა…. მამიიი, შესვლა მინდაააა!…
საბრალო მშობელმა დაუყვავა, ცდილობდა, როგორმე დაემშვიდებინა.
– ხომ ხედავ, დაკეტილია, ედუარდ…
– სრულიადაც არ არის დაკეტილი, – შევნიშნე.
– დაკეტილია, სერ, – მითხრა პატრონმა, – ეგეთი ჭინჭყლი ბავშვისთვის, ყოველთვის დაკეტილია.
ეს რომ გვითხრა, ნათლად დავინახეთ ის ბიჭი – ფერმკრთალი სახე ტკბილეულით ჰქონდა მოთხვრილი, ტუჩები ჯუჯღუნისგან მოღრეცოდა, გაუმაძღრად აკვესებდა თვალებს. პატარა, დაუნდობელი, თავკერძა ბავშვი, იდგა და მოჯადოებულ სარკმელზე აფხაჭუნებდა.
– სულ ტყუილად, – მითხრა, კაცმა ჯადოსნური სავაჭროდან, როდესაც შენიშნა, როგორ გადამძალა დახმარების ვნებამ და კარისკენ გავემართე, – მაინც ვერ გაუღებთ.
ნებიერა ბიჭი, როგორც იყო, ზღურბლს მოწყვიტა მამამ და ზლუქუნ-ზლუქუნით წაიყვანა.
– ყველა პატარა ჯადოსნურ ნივთს ამ გზით ვშოულობთ, – შენიშნა კაცმა ჯადოსნური სავაჭროდან.
ისევ გამეცინა.
– საბითუმო მაღაზიიდან მოტანის ნაცვლად, ხომ? – ავუბი მხარი, – რა თქმა უნდა, ეგრე უფრო სარფიანია.
– ჰო, როგორც არის… – მითხრა, – თუმცა, საფასურის გადახდა ბოლოს მაინც გვიწევს… მაგრამ ძვირი არაა. ბევრად იაფი, ვიდრე ფიქრობენ ხოლმე. უფრო მოზრდილი ნივთები, ასევე საკვები და ყველაფერი, რაც გვჭირდება, აი, ამ ქუდიდან ამოგვაქვს… მინდა დაგარწმუნოთ სერ, გავკადნიერდები, რაკი სიტყვამ მოიტანა, რომ დედამიწის ზურგზე ვერსად ნახავთ ჯადოსნური საქონლის საბითუმო მაღაზიას. არ ვიცი, შენიშნეთ თუ არა ჩვენს აბრაზე: „ნამდვილ ჯადოქრობათა მაღაზია“, – ლოყიდან სავიზიტო ბარათი ამოიღო და გამომიწოდა. – ნამდვილი, სერ, – დაადო თითი და დაამატა, – ჩვენ არ ვიტყუებით. იოტისოდენადაც არა, სერ!
თავის როლს არაჩვეულებრივად ასრულებს, – გავიფიქრე.
ის კი ჯიფს მიუბრუნდა და ბაგეზე სათნო ღიმილი დაეფინა:
– შენ ძალიან კარგი ბიჭი ხარ, – უთხრა.
საიდან იცოდა, ნეტავ – ამ ამბავს ხომ შინაურებს შორისაც საიდუმლოდ ვინახავთ, არ გვინდა, ჯიფს ქება თავში აუვარდეს. მაგრამ ჩემმა ბიჭმა ქათინაური ისე მიიღო, თვალიც არ დაუხამხამებია. ხმის ამოუღებლივ მისჩერებოდა.
– საიდან ვიცი? მხოლოდ კარგ ბიჭს შეუძლია ამ კარის შემოღება.
და, თითქოს მისი სიტყვების დასტურად, კარზე გაისმა ბრახა-ბრუხი და ვიღაც აჭიჭყინდა:
– შესვლა მინდა…. მამიიი, შესვლა მინდაააა!…
საბრალო მშობელმა დაუყვავა, ცდილობდა, როგორმე დაემშვიდებინა.
– ხომ ხედავ, დაკეტილია, ედუარდ…
– სრულიადაც არ არის დაკეტილი, – შევნიშნე.
– დაკეტილია, სერ, – მითხრა პატრონმა, – ეგეთი ჭინჭყლი ბავშვისთვის, ყოველთვის დაკეტილია.
ეს რომ გვითხრა, ნათლად დავინახეთ ის ბიჭი – ფერმკრთალი სახე ტკბილეულით ჰქონდა მოთხვრილი, ტუჩები ჯუჯღუნისგან მოღრეცოდა, გაუმაძღრად აკვესებდა თვალებს. პატარა, დაუნდობელი, თავკერძა ბავშვი, იდგა და მოჯადოებულ სარკმელზე აფხაჭუნებდა.
– სულ ტყუილად, – მითხრა, კაცმა ჯადოსნური სავაჭროდან, როდესაც შენიშნა, როგორ გადამძალა დახმარების ვნებამ და კარისკენ გავემართე, – მაინც ვერ გაუღებთ.
ნებიერა ბიჭი, როგორც იყო, ზღურბლს მოწყვიტა მამამ და ზლუქუნ-ზლუქუნით წაიყვანა.
– ეგ როგორ ჰქენით? – ვკითხე, როდესაც ცოტათი მომეშვა გულზე და ამოვისუნთქე.
– ჯადოქრობა! – მიპასუხა და, თითქოს ანაზდად, გაიქნია ხელი, თითებიდან კი – ჰოპლა! ცეცხლის ნაპერწკლები გაჰყარა. მაღაზიის დაჩრდილული კუთხე-კუნჭული წამით სხვადასხვა ფერად განათდა.
– სანამ შემოხვიდოდი, – მიუბრუნდა ჯიფს, – შენ ისურვე ჩვენი ყუთი „შეიძინე, თუ გსურს განაცვიფრო შენი მეგობრები“. ხომ ასეა?
ჯიფი შეიშმუშნა, ბოლოს სიმორცხვე დაძლია და უპასუხა:
– დიახ.
– ჯიბეში გიდევს.
შემდეგ დახლიდან გადმოიხარა (მას მართლაც უსაშველოდ გრძელი ტანი ჰქონდა, ამ საოცარ ადამიანს) და სად იყო და საიდან, პატარა კოლოფი გააჩინა – როგორც მეფოკუსეთა წესია.
– ქაღალდი, – შესძახა და ცარიელი ქუდიდან ამოაცოცა ქაღალდის ფურცელი, – გორგალი! – დაიძახა და პირიდან ბაწარმა გამოყო თავი, რომელიც მოქაჩა და ქაჩავდა და ქაჩავდა და არ უჩანდა ბოლო.
კოხტად შეფუთა ამანათი, შეკრა, თოკი გადაკვნიტა და გორგალი კი, ასე მომეჩვენა, რომ გადაყლაპა. შემდეგ ერთ-ერთი თოჯინას ცხვირთან მიიტანა სანთელი, რომელიც წამსვე აალდა, ცერი ამოავლო ცვილში (ამ დროს თითი გაუვარვარდა და გაუწითლდა) დაადო თოკს და ამანათი დალუქა.
– ესეც ასე… რა გსურდა კიდევ? „კვერცხი, რომელიც ქრება“ და „ჩვილი-ტიკინა, რომელიც ცოცხალივით ტირის“ – ჩაიბურტყუნა თავისთვის და ჩემი ქურთუკის ჯიბიდან გამოაძრო კვერცხი. შეფუთა ისიც და ტიკინაც, მე კი ჯიფს გადავეცი, რომელმაც ყველაფერი მკერდში ჩაიკრა.
ჩემს ბიჭს არაფერი უთქვამს, მაგრამ თვალები უბრწყინავდა და რაც შეეძლო ნაზად და მაგრად ჩაებღუჯა საჩუქრები. გული აღელვებით უცემდა – ეს მართლაც ნამდვილი ჯადოქრობა იყო.
ამ დროს ვიგრძენი, რაღაც აფართხალდა ჩემს შლაპაში. ფაფუკი და მოუსვენარი. მოვიხადე, იქიდან მტრედი ამოხტა, გაშალა ფრთები, ისკუპა დახლზე, გაგოგმანდა და გადაფრინდა სადღაც, მგონი – მუყაოს კოლოფში, პაპიემაშეს ვეფხვის უკან.
– აბა, ამ სულელ ჩიტს დამიხედეთ, – თქვა კაცმა ჯადოსნური სავაჭროდან და ხელის ერთი შევლებით გადამხადა თავსაბურავი, – მგონი, თქვენს ქუდში ბუდის მოწყობა მოისურვა! – გადმოაპირქვავა შლაპა, დაჰკრა ხელი და იქიდან ორი თუ სამი კვერცხი, მარმარილოს ნაჭერი, საათი და რამდენიმე შუშის ბურთულა გადმოცვივდა. სულ ბოლოს კი – ზამბარასავით მრავალგზის დაკეცილი ქაღალდი, იმსიგრძე, რომ დასასრული არა ჰქონდა… მას კი ენა არ გაუჩერებია, დარდობდა, რომ ადამიანებს საკუთარი თავსაბურავის მოვლის წესები დაავიწყდათ, ჯეროვნად არა წმენდენ რბილი ჯაგრისით, შიგნიდან, როგორც – გარედან. ცხადია, თავაზიანად ამბობდა, მაგრამ ჩემზე მიანიშნებდა, უთუოდ.
– ყველა ნივთში ათასი რამ გროვდება, სერ, – მითხრა, – არ იფიქროთ, თქვენზე ვამბობდე… თითქმის ყველა კლიენტის ამბავი შემიძლია, გითხრათ. გაოცდებით, რას აღარ დაატარებენ თან…
ქაღალდი კი არა და არ მთავრდებოდა, იმხელა გროვად ეფინა დახლზე, რომ თითქმის სრულად დაეფარა მასპინძელი. მხოლოდ მისი ლაპარაკი გვესმოდა:
– არვინ ვიცით, რა იმალება კოხტა გარეგნობის იქეთ. ლაპლაპა ზედაპირს დავატარებთ ყველანი, როგორც სამარხის ლამაზ ქვას…
ერთბაშად ჩაუწყდა ხმა – ზუსტად ისე, როგორც მეზობლის გრამოფონს, კარგად დამიზნებული აგურის მოხვედრის შემდეგ. ქაღალდის შრიალიც შეწყდა და მყისიერი სიჩუმე ჩამოწვა.
– ჩემი ქუდი აღარ გჭირდებათ? – ვკითხე მცირე ხნის დუმილის შემდეგ.
პასუხი არ იყო.
ჯიფს გავხედე ის კი მე მომაჩერდა. სარკეებში ჩვენი დაკლაკნილი ანარეკლი ჩანდა. უჩვეულო, იდუმალი და მდუმარე.
– ვფიქრობ, წასვლის დროა… რამდენი გერგებათ ჩვენგან?
კვლავ ვერ ვეღირსე პასუხს.
– მისმინეთ, – ხმას ავუწიე, – მსურს, ანგარიში მივიღო და ჩემი ქუდიც დამიბრუნეთ, თუ შეიძლება.
ამ დროს ვიღაცამ ქაღალდის გროვიდან, თითქოს, დაიფრუტუნა.
– დახლს უკან ვნახოთ, ჯიფ, – ვუთხარი, — მასხრად გვიგდებს.
თავკანტურა ვეფხვს შემოვუარეთ და, თუ გამოიცნობთ, ვინ დაგვხვდა დახლს უკან? არავინ! მხოლოდ ჩემი შლაპა იდო იატაკზე და ყურებჩამოყრილი თეთრი ბოცვერი იჯდა, ნახევრად მძინარე, მოკუნტული, ისე სულელურად აცეცებდა თვალებს, როგორც მეფოკუსეთა თეთრი ბოცვრები აცეცებენ ხოლმე.
ქუდს რომ დავწვდი, ბოცვერი ახტა და სკუპ-სკუპით მიიმალა.
– მამა! – ხმადაბლა დამიძახა ჯიფმა, თითქმის – ჩურჩულით.
– რა არის, ჯიფ?
– ეს მაღაზია, მომწონს, მამა.
მეც მომეწონებოდა, – გავიფიქრე, – დახლი რომ არ დაგრძელებულიყო ასე უსაშველოდ და გასასვლელი არ გადაკეტა. თუმცა, ეს ამბავი ჯიფისთვის არ გამიმხელია.
ამ დროს ხელახლა გამოჩნდა ბოცვერი და ჯიფმა ახლა მისკენ წაიღო ხელი.
– მოდი, ფუმფულა, ჯიფს ფოკუსი უჩვენე!
ბოცვერი გადახტა და კარში გაუჩინარდა. ჯიფმა მზერა გააყოლა მხოლოდ. უცნაურია, მაგრამ აქ თუ კარი იყო, არც შემინიშნავს. შემდეგ კარი უფრო ფართოდ გაიღო და ისევ ის კაცი გამოჩნდა, რომელსაც ცალი ყური ძველებურად მეორეზე დიდი ჰქონდა. კვლავ იღიმოდა, მაგრამ როცა თვალი თვალში გამიყარა, ვიგრძენი, მზერაში უთამაშებდა რაღაც ოინსა და მზაკვრობას შორის.
– თქვენ ჩვენი საგამოფენო დარბაზის დათვალიერება გსურდათ, სერ, – მითხრა ვითომც აქ არაფერიაო.
ჯიფმა თითში ჩამავლო ხელი და მომქაჩა.
მე ჯერ დახლს შევავლე მზერა, შემდეგ – ჯადოსნური სავაჭროს პატრონს. მან კვლავ გამიყარა თვალი თვალში.
„ჯადოქრობა აქ ნამდვილია, მეტისმეტადაც კი“ – გავიფიქრე, მას კი ასე ვუთხარი:
– ბოდიშს გიხდით, დრო არა გვაქვს, გვეჩქარება…
მაგრამ, სანამ ამის თქმას დავამთავრებდი, უკვე დარბაზში ამოვყავით თავი.
– ყველა საქონელი ერთი და იგივე ხარისხისაა, – თქვა და ხელები მოიფშვნიტა, – საუკეთესო ხარისხის. არაფერი გვაქვს ისეთი, რაც ჭეშმარიტად ჯადოსნური არაა… გარანტიით, სერ!
ვიგრძენი, როგორ ჩამაფრინდა ქურთუკზე ვიღაც. სავაჭროს მფლობელი დასწვდა და აიტაცა. დავაკვირდი – პატარა, წითური ეშმა ეჭირა კუდით, ის კი იკლაკნებოდა და ცდილობდა, კბილი გაეკრა. აიღო და სადაც დახლს მიღმა გადატყორცნა უდიერად. ცხადია, კაუჩუკის სათამაშო იყო, მაგრამ ისე მოისროლა, თითქოს მართლა გესლ-მკბენარი ყოფილიყოს. ჩემს ბიჭს გავხედე, მაგრამ ჯიფი ჯადოსნურ საქანელა ცხენს დასტრიალებდა. გამიხარდა, ეშმაკი რომ არ დაუნახავს.
– ასეთები ბევრი გაქვთ კიდევ? – ვკითხე ჩურჩულით, თან თვალი წითელი ეშმისა და ისევ ჯიფისკენ გამექცა.
– არც ერთი ცალი! – იუარა ხმადაბლა, თუმცა – მტკიცედ, – ალბათ, თქვენ თუ მოგყვათ, – და სახე გაებადრა, – გაკვირვებას ვარ, რას აღარ დაათრევენ ადამიანები თან, ისე, რომ არც კი იციან. და ჯიფს მიუბრუნდა:
– მოგეწონა რამე?
ჯიფს ბევრი რამ მოეწონა.
ნდობითა და რიდით აღსავსე თვალები მიაპყრო უცნაურ კაცს და ჰკითხა:
– ეს ჯადოსნური ხმალია?
– ჯადოსნური სათამაშო ხმალი. არც იღუნება, არც ტყდება და თითებსაც არ ჭრის. მაგიერ, უძლეველს ხდის მფლობელს, ყველა, თვრამეტ წლამდე ასაკის მეტოქესთან ბრძოლაში. ორი შილინგი და ექვსი პენსიდან შვიდ შილინგსა და ექვს პენსამდე ღირს – ზომა-წონის მიხედვით. კიდევ გვაქვს მუყაოს აბჯარი მცირეწლოვანი მოხეტიალე რაინდისთვის და ფრიად სასარგებლო უდრეკი ფარი, მალემსრბოლი სანდლები, უჩინმაჩინის მუზარადი.
– ოჰ, მამა! – აღმოხდა ჯიფს.
ამათი ფასიც ვკითხე, მაგრამ გამყიდველმა ყური არ მათხოვა – თავს ევლებოდა ჩემს ბიჭს და მისი გონება დაეპყრო სრულად. თავისი სავაჭროს საქონელს ხოტბას ასხამდა და ქებად იღვრებოდა. ჯიფი დაეხსნა ჩემს თითს და დახლიდან დახლისკენ დაჰყვებოდა. გულმა ეჭვით რეჩხი მიყო, როდესაც ჯიფმა ისე ჩაავლო მის თითს ხელი, როგორც ჩემთან იცოდა ხოლმე… საგულისხმო კაცი კი იყო, წყალი არ გაუვა და მრავალფეროვანი საქონელიც ჰქონდა, სათვალთმაქცო, მაგრამ – ხარისხიანი.
მეც მათ დავდევდი უკან, მდუმარედ ვადევნებდი თვალს. ჯიფი ნამდვილად ბედნიერი ჩანდა და, ეჭვი არაა, როცა წასვლის დრო მოვა, სიხარულით აღსავსე წამოვა სახლში.
საგამოფენო დარბაზი იყო უსასრულოდ გრძელი, სადაც კედლებს ადევნებული მრავალი თარო საქონლით დაეხუნძლათ. ჭერში აზიდულ ბოძებს თაღები ეჭირათ, საკუჭნაო-სათავსოებში ყველაზე უცნაური იერის რამდენიმე ნოქარი და დახლიდარი ფუსფუსებდა და დიდი მოწიწებით შესცქეროდა პატრონს. ირგვლივ იმდენი სარკე და ფარდა-ფარდაგი გაეშალათ, რომ ვეღარ ვხედავდი კარს, საიდანაც შემოვედით.
ჯიფს აჩვენეს ჯადოსნური მატარებლები, რომლებიც მოძრაობდნენ ორთქლისა და დაქოქვის გარეშე, მხოლოდ თქვენს ნიშანს ელოდნენ; ჯარისკაცები, რომლებიც, საკმარისია ძვირფასი ყუთისთვის თავი მოგეხადათ და ჯადოსნური სიტყვა გეთქვათ (მე ვერაფრით დავიხსომე, მაგრამ ჯიფს მუსიკალური სმენა აქვს და წამსვე გაიმეორა) ცოცხლდებოდნენ და დააბიჯებდნენ მწყობრში.
– ყოჩაღ! – შეაქო სავაჭროს პატრონმა. ჯარისკაცები ყუთში დააბრუნა და ჯიფს გაუწოდა. – აბა, ერთხელაც სცადე…
და ჯიფმა ისინი კვლავ გააცოცხლა.
– ჯარისკაცებისაც წაიღებ? – ჰკითხა.
– ვიყიდით, – ვუთხარი, – თუ ცოტა შეღავათს გაგვიწევთ, სხვა შემთხვევაში ამ ყველაფერს ჩემი საფულე ვერ გასწვდება.
– ჰოპლა! – შესძახა, ყუთი ჰაერში აიქნია და ყავისფერ ქაღალდში გახვეული, კოხტად შებაფთული გადმომცა. ზედ ჯიფის სრული სახელი და მისამართი გამოეყვანათ კალმით.
გამყიდველს ჩემი განცვიფრება არ გამოჰპარვია, გაეცინა.
– ნამდვილი ჯადოქრობაა, აკი გითხარით, ნამდვილი ჯადოქრობა.
– რაღაც მეტისმეტად ნამდვილია, – ვუთხარი.
შემდეგ სხვადასხვა ფოკუსი უჩვენა ჯიფს. საოცარი ფოკუსები იყო და კიდევ უფრო ოსტატურად აკეთებდა. თან ყველა ხრიკის ყველა საიდუმლო დაფქვა, ჩემი ბიჭი კი გონიერ თავს დინჯად უქნევდა.
უკვე ვეღარ ვეწეოდი მათ.
„ჰეი, პრესტო!“ – შესძახებდა კაცი ჯადოსნური სავაჭროდან და “ჰეი, პრესტო!” – შესძახებდა ჯიფი მისი კამკამა ხმით. მე კი მთელი ეს ჯადოქრობა, ცოტა არ იყოს და, ყელში მომაწვა. ირგვლივ ყველაფერი ფათერაკებით იყო გაჟღენთილი – კედლები, ჭერი, სკამები, იატაკი… უცნაური განცდა დამეუფლა, მგონი, როგორც კი თვალს ავარიდებდი, ყველა ნივთი ცოცხლდებოდა, კუდში დამდევდა, მალაყებს გადადიოდა… კედლები ნიღბებით იყო მორთული, რომლებიც ისეთი მეტყველი ჩანდა, თაბაშირისას ვერ იტყოდი.
ამის თვალიერებით რომ გავერთე, ჩემი ყურადღება ანაზდად ერთმა დახლიდარმა მიიპყრო. მოშორებით იდგა და არ შევუმჩნევივარ, მეც მხოლოდ წელს ზემოთ ვხედავდი – სათამაშოების გროვას ეფარებოდა. ზურგით ბოძს მიჰყრდნობოდა და უსაქმურობისგან, ჩანს, რამე გასართობს ეძებდა. რასაც აკეთებდა, ერთდროულად საკვირველიც იყო და საშიშიც. გამორჩეულად მაინც, რაც საკუთარ ცხვირს დამართა – პატარა ცხვირი ჰქონდა, პაჭუა, მოულოდნელად გაშალა, ვითომ ჭოგრიტი ყოფილიყოს, შემდეგ კიდევ მეტად და მეტად, თან ნელ-ნელა დააწვრილა და მოწითალო შოლტად აქცია. აიქნია და წინ გადააგდო, როგორც მეთევზე აგდებს ხოლმე ზღვაში ანკესს.
შემეშინდა, ჩემს ბიჭს არ დაენახა ეს შემზარავი სანახაობა. მიმოვიხედე, მაგრამ ჯიფის ყურადღება სრულად ეპყრა ხელთ სავაჭროს მფლობელს. რაღაცას ჩურჩულებდნენ და მე შემომცქეროდნენ. ბიჭი სამფეხა სკამზე იდგა კაცს კი ხელში ეჭირა მოგრძო საგანი, დიდი დოლის მსგავსი.
– კუკუ-დამალობანა ვითამაშოთ, მამა! – შესძახა ჯიფმა, – შენ ეძებ!
და სანამ რამეს მოვასწრებდი, კაცმა ჯადოსნური სავაჭროდან დოლი ჩამოაცვა თავზე. ეს რომ დავინახე, რაც ძალი მქონდა, შევყვირე:
– ასწიე! ახლავე ასწიე! ბავშვი არ შემიშინო!
კაცმა უსწორმასწორო ყურებით გააკეთა, რაც ვუბრძანე და დოლი მაჩვენა. ცარიელი იყო. ცარიელი იყო სკამიც. ჩემი ბიჭი გამქრალიყო.
არ ვიცი, განგიცდიათ თუ არა ის გრძნობა, როდესაც უხილავი ხელი ჩაავლებს შენს გულს, მკერდიდან ამოგგლეჯს და გაიტაცებს. ამ დროს უჩვეულოდ ფხიზლად ხარ და ჩაფიქრიანებული. არცა ბრაზობ, არც – შეშინებული ხარ. არც მეტისმეტად ფორიაქობ, არც ზედმეტად ზოზინებ. საკუთარ თავს ვერ ცნობ, თითქოს შენ – შენ არ ხარ.
მივედი პირგაბადრულ კაცთან და სკამს ფეხი ვკარი, გვერდით გადავაგდე.
– ზედმეტი მოგივიდა! – ვუთხარი, – სად არის ჩემი ბიჭი?!
– თავად ხედავთ, – მითხრა და კვლავ დამანახა ცარიელი დოლი, – ჩვენ აქ არ ვიტყუებით.
ხელით წავეტანე, მაგრამ მოხერხებულად დამისხლტა. მივწვდი ისევ, მან კი ზურგი შემაქცია და, სად იყო, კარი გამოაღო, გაქცევა დააპირა.
– შეჩერდი! – შევძახე.
ჩაიცინა, ზღურბლზე ნაბიჯი გადადგა. ვისკუპე და უკუნეთში აღმოვჩნდი.
ბრახ!
– ოჰ… საიდან გაჩნდით სერ, ვერ დაგინახეთ!
რეჯენთ სთრითზე ამოვყავი თავი და ვიღაც დარბაისელ ბატონს შევეჯახე. შორიახლოს, ეზოში იდგა ჯიფი. ცოტა შეცბუნებული ჩანდა. დაკარგული.
უცნობ ბატონს უხერხულად მოვუბოდიშე. ჯიფმა თავი ასწია, დამინახა და ჩემკენ გამოქანდა. ისე, თითქოს სულ ერთი წამის წინ დავკარგეთ ერთმანეთი.
ხელში ოთხი ამანათი ეჭირა!
მოირბინა და უმალ დაეუფლა ჩემს თითს.
მივიხედე. ჯადოსნური სავაჭროს კარს ვეძებდი, მაგრამ არსად იყო. არც – კარი, არც – მაღაზია, არც – არაფერი, მხოლოდ ნახატების გალერეა ერთ მხარეს და წიწილების შენობა – მეორე მხარეს. მათ შორის კი – ღიობი.
რა უნდა მექნა? გზის პირზე დავდექი და ქოლგა ავიქნიე ეტლის გასაჩერებლად.
– ჰოპლა! – აღტაცებით შესძახა ჯიფმა.
ეტლში ასვლაში დავეხმარე, ძლივს მოვიგონე ჩვენი მისამართი და გვერდით მივუჯექი. ჯიბეში რაღაცამ დაიწკარუნა. ხელი ჩავყავი და იქიდან შუშის ბურთი ამოვაცოცე. გაშმაგებით მოვისროლე გარეთ.
ჯიფს არაფერი უთქვამს.
ერთი პირობა ჩუმად ვისხედით.
– მამა, – თქვა ჯიფმა ბოლოს, – კარგი მაღაზია იყო.
ყურადღებით შევათვალიერე. თითქოს, ზიანის კვალი არ ეტყობოდა. ძალიან კარგი! არც შეშინებული ჩანდა. მხოლოდ ალალად, მეტისმეტად გახარებული იმ თავგადასავლით. თან ოთხი ამანათი ჩაეკრა გულში.
საგონებელში ვიყავ, ნეტავ, რა იმალება ამ ყუთებში?
– იცი, ჯიფ, – ვუთხარი, – პატარა ბიჭებს არ შეუძლიათ ასეთ მაღაზიებში ყოველდღე სიარული.
წარბიც არ შეუხრია.
უცებ ვინანე, რომ მისი მამა ვიყავი და არა – დედა. არ შემეძლო, გრძნობებისთვის ნება მიმეცა და იქვე, ქუჩაში დამეკოცნა. ასეა თუ ისე, ყველაფერი არცთუ ცუდად დასრულდა, – გავიფიქრე.
მაგრამ გულზე საბოლოოდ მაშინ მომეშვა, როცა ამანათები გავხსენით და სამ კოლოფში ჯარისკაცები ვნახეთ – უბრალო, ტყვიის ჯარისკაცები (თუმცა, ისეთი კოხტა და ლამაზად გამოწყობილი, რომ ჯიფს საერთოდ გადაავიწყდა, ჯადოსნურები რომ უნდა ყოფილიყვნენ), მეოთხეში კი ცოცხალი თეთრი კნუტი იჯდა. ფუმფულა და ხალისიანი. და არაჩვეულებრივი მადის პატრონი.
მომეშვა გულზე, მაგრამ კარგა ხანი დავყავი მაინც ბავშვის ოთახში.
მას შემდეგ უკვე მეექვსე თვე მიიწურა. დავრწმუნდი, რომ ყველაფერი რიგზეა. კნუტმა მხოლოდ ის ხრიკები იცის, რაც ყველა სხვა კატის კნუტის წესია, ჯარისკაცები კი ლარივით არიან გაჭიმულნი და ისე მყარად დგანან ფეხზე, ნებისმიერ მთავარსარდალს მოაწონებდნენ თავს.
რაც ეხება ჯიფს…
ჭკვიანი მშობელი მიმიხვდება, როგორ გულისყურით ვადევნებდი თვალს.
მაგრამ ერთ დღეს, გავბედე და ფრთხილად ვკითხე:
– არ გინდა, შენი ჯარისკაცები ცოცხლები რომ იყვნენ და მწყობრში სიარული იცოდნენ?
– ცოცხლები არიან, – მითხრა ჯიფმა, – თავსახურს რომ გადავხდი, ჯადოსნური სიტყვა უნდა ვუთხრა.
– მწყობრადაც დადიან?
– რა თქმა უნდა, მამა… რომ არ დადიოდნენ, ასე ხომ არ მეყვარებოდა?
გაკვირვება არ შევიმჩნიე, მაგრამ დავუდარაჯდი და ერთი-ორჯერ მისი ოთახის კარი შევაღე გაუფრთხილებლად, როდესაც ჯარისკაცებით თამაშობდა, მაგრამ ჯადოსნური არაფერი შემინიშნავს.
ამიტომ საბუთი არ მაქვს და ვერაფერს დავიჟინებ.
კიდევ ფულის ამბავი მაწუხებს – არ მიყვარს, ვალი რომ მაქვს. რამდენიმეჯერ წავედი რეჯენთ სთრითზე მაღაზიას მოსაძებნად, მაგრამ – ამაოდ. თუმცა, თავს იმით ვიმშვიდებ, რომ იმ ბატონებმა, ვინც არ უნდა იყვნენ, ჯიფის სახელი და მისამართი იციან, ასე რომ ყოველთვის შეუძლიათ, თუ მოისურვებენ, ანგარიში გამომიგზავნონ.
©H. G. Wells – The Magic Shop. The Strand Magazine, June 1903
©LV (ქართული თარგმანი, 2022)
©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___