ღიმილი

რეი ბრედბერი

ქალაქის მოედანზე ნელ-ნელა თავს იყრიდა ხალხი. დილის ხუთი საათი იყო. შორს, სოფლის მხარეს, დათრთვილულ ველებს გაღმა ყიოდნენ მამლები და საკვამურებიდან ჯერ არსად ჩანდა კვამლი. მხოლოდ ნისლი ეხურა ჩამოშლილ შენობებს.

მზე ამოიწვერა და გადაყარა ბინდი. კიდევ მეტი ადამიანი გამოვიდა სახლიდან გარეთ. მოდიოდნენ მოედნისკენ. მოუყვებოდნენ გზას წყვილად თუ სამ-სამად. შვიდი საათი შეიქნა. დღეს ბაზრობის დღე იყო. ზეიმის დღე.

პატარა ბიჭი იდგა მარტო, ორი მამაკაცის ზურგს აფარებული. კაცები ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, პირიდან ორთქლი სდიოდათ და მათ ხმას დილის სუსხში გაჰქონდა ჭახანი. ბიჭი ფეხიდან ფეხზე გადადიოდა. აწითლებულ, აქერცლილ ხელებს უბერავდა, ითბობდა. ხანდახან წინა კაცების ჭუჭყიან, ჯუთის ტანსაცმელს გახედავდა ხოლმე და კიდევ წინ რიგში მდგომ მამაკაცთა და ქალთა თვალუწვდენელ მძივს.

– შენ რა გინდა ბიჭო აქ, ასე სისხამ? – ჰკითხა ვიღაცამ მის უკან.

– ჩემი ადგილია. რიგის ნომერიც მაქვს, – უთხრა ბიჭმა.

– აქედან რომ მოკურცხლო და შენი ადგილი ვინმე უფრო მცოდნეს დაუთმო? – ჰკითხა ისევ.

– რას ჩააცივდი? დაანებე თავი! – წინ მდგომმა კაცმა გამოხედა კუშტად, გამოექომაგა.

– მე ხომ გავეხუმრე… – უკანამ ბიჭს თავზე გადაუსვა ხელი, მაგრამ ბიჭმა მოიცილა ცივად, – გამიკვირდა, ასე ადრე რამ წამოახტუნა თბილი საწოლიდან…

– ხელოვნების ფასი იცის, ხომ გაიგე? – უთხრა ქომაგმა, გვარად გრიგსბიმ, – რა გქვია, ბიჭუნა?

– თომი.

– ეგერ ნახავ, მივა ჩვენი თომა და ისე შეაფურთხებს, შენი მოწონებული… ხომ ასეა? – ჰკითხა.

– აბა, როგორ!

ყველას გაეცინა.

ვიღაც ცხელ ყავას დაატარებდა დაბზარული ფინჯნებით. წინ მოჩანდა ცეცხლის ალი და ზედ შემომდგარი ჟანგით შეჭმული ქვაბი, რომელშიც რაღაც ბლანტი სითხე თუხთუხებდა. არა, არა ჰგავდა ყავას. ქალაქის გარეშემო მდელოებზე იზრდებოდა რაღაც კენკრა – იმას აგროვებდნენ და ხარშავდნენ წყალში, ასხამდნენ ფინჯნებში და ასე ყიდდნენ. გათოშილი სხეულის გასათბობად გამოდგებოდა. ზოგი ყიდულობდა, ბევრი – ვერა. ფული ჭირდა.

თომი უკვე ხედავდა, სად იწყებოდა რიგი – ქვითკირის კედელთან, რომელსაც ნაღმის აფეთქების დროს მორღვეოდა ფერდი.

– ამბობენ, იღიმის, – ჩაილაპარაკა ბიჭმა.

– ეგრეა, კი – უთხრა გრიგსბიმ.

– ამბობენ, ტილოაო და ზეთი…

– მართალია… ამიტომ ვფიქრობ – ასლი უნდა იყოს. ორიგინალი, ასე ვიცი, ხეზე იყო დახატული… დიდი ხნის წინ.

– ამბობენ, ოთხასი წლისააო.

– მეტისაც იქნება… ახლა რომელი წელია, ეგეც არავინ იცის ზუსტად.

– 2061!

– ეგრე ამბობენ, კი… თაღლითები! იქნებ, სამი ათასია წელია ან – ხუთი ათასი? ვინ გამოთვალა? კარგა ხანს სრული ქაოსი იყო ჩვენთან. რაც იმ დროისა დაგვრჩა – ნაფლეთებია მხოლოდ.

რიგი მიიზლაზნებოდა წინ. ცივ ქვაფენილზე ფეხები გაეყინათ.

– ჩვენი დრო როდის მოვა… როდის ვნახავთ? – ჰკითხა თომმა და უხერხულად შეიშმუშნა.

– უკვე წუთების ამბავია… სპილენძის ოთხი ძელი დაარჭვეს და ხავერდის ბაწრით შემორაგვეს კოხტად – ძალიან ახლოს არ მიგიშვებენ… ოღონდ, დაიხსომე, თომ – არავითარი ქვები! ქვის სროლა აკრძალულია!

– დიახ, სერ.

ამასობაში მზე მაღლა ცაში გამოეკიდა და გადმოფინა სითბო. კაცებმა შეიხსნეს გაჭვარტლული ქურთუკები და გაქონილი ქუდებიც მოიხადეს.

– აქ რატომ ვართ? რისთვის მოვედით? რომ მივიდეთ და მივაფურთხოთ? – ჰკითხა ისევ ბიჭმა.

გრიგსბიმ თვალი აარიდა, მზეს გახედა.

– აბა, რა გითხრა, თომ… ძველი ამბავია…

ანაზდად წაეტანა ქურთუკის ჯიბეს, რომელიც, აღარც ახსოვდა, როდის მოერღვა სრულად – სიგარეტისთვის, რომელიც, რა თქმა უნდა, არა ჰქონდა. უფროსებს ხშირად სჩვეოდათ ასე – ხელის ეს ტყუილი მოძრაობა ბიჭს მრავალჯერ შეუნიშნავს.

– სიძულვილის ამბავია, თომ. წარსულმა თავი მოგვაძულა. როგორ აღმოვჩნდით ასეთ ვითარებაში, იცი? მიმოიხედე, ქალაქი ჯურღმულებადაა ქცეული, გზები – მიწა-თხრილად. ველები, სადაც სიმინდის ტაროები რადიაციისგან მთვარესავით გაბადრულან ღამით. ეს თუ არაა ჯოჯოხეთი, სხვა რა იქნება? შენ რას იტყვი, თომ?

– დიახ, ბატონო, მეც ასე ვფიქრობ.

– ნამდვილად ასეა… ამიტომ გვძულს ყველაფერი, რამაც ეს დღე მოიტანა… ადამიანის ბუნებაა. გაუცნობიერებლად, ეგებ, მაგრამ ასეთები ვართ მაინც.

– მგონი, არაფერი დარჩა, რომ არა გვძულდეს, – თქვა თომმა.

– მართალს ამბობ! გამორჩეულად კი ის ვაჟბატონები, წარსულში სამყაროს რომ მართავდნენ… ამიტომ ვდგავართ აქ ხუთშაბათ დილით, გათოშილნი. დაცარიელებული კუჭებით, ნაწლავები – ხერხემალს გვაქვს შემოხვეული. არც მოსაწევი, არც – სასმელი. ვცხოვრობთ გამოქვაბულებში და… შენც კარგად იცი, აღარაფერი დაგვრჩენია, ჩვენი დღესასწაულების გარდა. ოჰ, ეს ზეიმის დღეები, თომ!

თომი დაფიქრდა ზეიმის დღეებზე. რამდენიმე ენახა უკვე. წელს ყველა წიგნი დახიეს და მოედანზე დიდ კოცონში დაწვეს. იმ დღეს მთვრალივით დაბარბაცებდა ყველა და ხმამაღლა იცინოდა. ერთი თვის წინ, მეცნიერების დღე აღნიშნეს, როცა ბოლო ავტომობილი მოათრიეს და კენჭი ყარეს – ვისაც გაუმართლა, წილად ხვდა მანქანისთვის თითო უროს დარტყმა.

– მახსოვს თუ არა? მკითხავ, რაღა – საქარე მინა შემხვდა, თომ – გესმის შენ თუ არა? ღმერთო, რა ხმა გამოსცა, რომ ჩავამსხვრიე… აი – ასე!

შესძახა გრიგსბიმ და თომს, თითქოს, შემოესმა კიდეც, როგორ დაიმსხვრა შუშა და გაიბნა ბრჭყვიალა თვლებად.

– ბილ ჰენდერსონს ძრავის დამტვრევა ერგო, – განაგრძობდა გრიგსბი, – რა ოსტატურად გააკეთა, ისეთი დაჰკრა… მაგრამ ყველაზე კარგი იყო, როდესაც ქარხანას მივადექით, რომელიც ჯერ კიდევ ცდილობდა თვითმფრინავების დამზადებას… ღმერთო, რა ბუთქა… სტამბა ვიპოვეთ მაშინ და ჭურვების საწყობი. ერთად ავაფეთქეთ… ეჰ, რა დღე იყო, თომ – ხომ ხვდები…

თომმა წარმოიდგინა.

– მგონი კი, ვხვდები…

ამასობაში მოვიდა შუადღე. ქალაქის ნანგრევებს ბუღი სდიოდა, ქარს მტვერი გაჰქონდა დანგრეული შენობების ღიობებში.

– არასოდეს დაბრუნდება, სერ?

– რა? ცივილიზაცია?… ვის სჭირდება? მე – არა!

– მე კი ავიტანდი ცოტა ხანს, – შემოესმათ უცებ უკნიდან, – რაც არ უნდა თქვა, სილამაზის ნამცეცები მასაც ჰქონდა…

– დარდად არ ღირს! – შესძახა გრიგსბიმ, – არც მაგის მომბრუნებელი ჩანს ვინმე.

– ნუ იტყვი, – უთხრა ისევ იმ კაცმა, – ერთხელაც გამოჩნდება ვინმე, ჩვენზე მეტი წარმოსახვა რომ ექნება და აღადგენს. დაიხსომე ჩემი სიტყვა… მოვა, ვიღაც, ვისაც გული უძგერს…

– არა! – მოჭრა გრიგსბიმ.

– მე კი ვამბობ – მოვა! ვისაც ლამაზი რაღაცების შექმნა ეხერხება. ის შეძლებს, დაგვიბრუნოს ცივილიზაცია… ოღონდ – ზომიერად. ისეთი, რომელშიც მშვიდად ვიცხოვრებთ.

– პირველი, რასაც მოიტანს – ისევ ომია. ნანახი გვაქვს!

– ამ ჯერზე, იქნებ, სხვაგვარად იყოს.

უკვე მთავარ მოედანზე შედგეს ფეხი. შორიახლოს მხედარი მოჩანდა ხელში ქაღალდის გრაგნილით. მოედნის ცენტრში ბაგირი გაებათ. თომს, გრიგსბის და სხვებს ნერწყვი მოაწვათ. მიიწევდნენ წინ. მომზადებულნი. ფართოდ გახელილი თვალებით. ბიჭი გრძნობდა, როგორ აუფრთხიალდა გული. ძლიერად და აღელვებით. შიშველი ტერფების ქვეშ ეწვოდა მიწა.

– აბა, შენ იცი, თომ – კარგად დაუმიზნე!

თოკებთან ოთხივ კუთხეში პოლიციელი იდგა მაჯებზე შებმული ყვითელი ბაფთებით – იმის ნიშნად, რომ ძალაუფლებას აქ ისინი ფლობდნენ. იდგნენ, რომ არ დაეშვათ ქვების სროლა.

– აკვირდებიან, რომ თითომ მხოლოდ თითოჯერ შეაფურთხოს – უთხრა გრიგსბიმ, – ყველას თანაბრად უნდა მიეცეს შანსი… თომ, მიდი!

თომი ნახატის წინ დადგა და მიაჩერდა.

– მიაფურთხე, თომ!

მაგრამ ბიჭს პირი გაშრობოდა.

– გაინძერი, თომ! ნუ გაჩერდი!

– მაგრამ, – თქვა თომმა ჩურჩულით, – ის ხომ ლამაზია!

– კარგი, მე ვიზამ შენს სახელზე! – გრიგსბიმ შეაფურთხა და ნერწყვმა გაიელვა მზის შუქზე.

ქალმა ნახატიდან მშვიდად, ფარვით გაუღიმა თომს და ბიჭმაც თვალი გაუსწორა. გული უცემდა და ყურებში ჩაესმოდა უცხო ჰანგი.

– ლამაზია, – თქვა ისევ.

– გამოადგი ფეხი, სანამ პოლიციამ…

– ყურადღება!

რიგში ჩოჩქოლი ერთბაშად შეწყდა. წამის წინ ბიჭს განიკითხავდნენ, უძახდნენ, რომ განძრეულიყო დროზე, გზა დაეთმო, ახლა კი ყველანი დადუმდნენ და მხედრისკენ მიმართეს მზერა.

– რა ჰქვია, სერ? – ჩუმად ჰკითხა თომმა.

– ნახატს? მონა ლიზა, მგონი… კი, მონა ლიზა ჰქვია.

– მაქვს განცხადება! – თქვა ცხენზე ამხედრებულმა, – ხელისუფლებამ განკარგულება გამოსცა, რომ დღეს, შუადღის დადგომისას მოედანზე გამოფენილი პორტრეტი გადასცეს ადგილობრივ მოსახლეობას, იმისთვის რომ შეძლონ, მონაწილეობა მიიღონ მის განადგურებაში…

თომს ყვირილი მოაწვა, მისი ხმა ღრიანცელში ჩაიკარგა – ბრბომ იხუვლა და ტილოსკენ გაიწია. თან წაიყოლეს ბიჭიც. მუჯლუგუნებით ყრიდნენ აქეთ-იქით ერთმანეთს. პოლიციამ გზა მისცა და სწრაფად გაეცალა იქაურობას. მრავალი ხელი ხარბად ჩაეჭიდა ტილოს, როგორც მშიერი ბარტყები – ჭიაყელას. გაისმა ფხრეწის ხმა. თომი ნახატის თითქმის უკვე ცარიელი ჩარჩოსკენ მოისროლეს. ანაზდად თუ სხვების მიბაძვით, მანაც ჩაავლო ხელი. ზეთიანი, ხაოიანი ნაჭერი იგრძნო. მოქაჩა. ამ დროს წაიქცა, ვიღაცის ფეხი მოხვდა, გადაკოტრიალდა და სამშვიდობოს აღმოჩნდა. დასისხლიანებული, ტანსაცმელშემოხეული. უყურებდა, როგორ გლეჯდნენ კბილებით მოხუცი ქალები ტილოს, კაცები კი გაშმაგებით ამტვრევდნენ ჩარჩოს.

მხოლოდ თომი იდგა განზე, მარტო, ჩუმად. გაშალა ხელისგული და დახედა. ტილოს ნაფლეთი გულთან მიიკრა და დამალა.

– ჰეი, თომ! – დაუძახა გრიგსბიმ.

ბიჭს არაფერი უთქვამს. გაიქცა. მირბოდა ჩუმი ზლუქუნით. მირბოდა დაბომბილი გზით, მირბოდა მდელოში, გადაირბინა მოწანწკარე ნაკადული. გარბოდა უკან მოუხედავად. მაგრად შეკრულ მუჭს ქურთუკის ქვეშ მალავდა.

მზე უკვე თვალს იყო მიფარებული, როდესაც მიაღწია პატარა სოფელს. ცხრა საათი დამდგარიყო. მივიდა დანგრეულ ფერმაში. ნახევრად წაქცეული ფარდულიდან, რომელსაც ჯერკიდევ შერჩენოდა კედლები, ფშვინვის ხმა შემოესმა – დედას, მამას და ძმას მშვიდად ეძინათ. ფრთხილად შეაღო პატარა კარი და აჩქარებით, სუნთქვაშეკრული მივიდა საწოლთან. დაწვა.

დედას გაეღვიძა. დაუძახა სიბნელეში.

– თომ?

– მე ვარ…

– აქამდე სად იყავი? – მოესმა მამის ხმაც, – დამაცადე, მოგხედავ დილით.

ვიღაცამ წიხლი უთავაზა – მისი ძმა იყო, ვისაც მარტოს მოუწია მიწის ბარვა.

– თავი დაანებე, – შესძახა დედამ დაღლილი ხმით.

კიდევ ერთხელ უთავაზეს.

კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა. თომი იწვა. გული უკვე მშვიდად უცემდა. ხელი მიიდო მკერდზე. მიიჭირა მაგრად. სულ მაგრად. ნახევარი საათი იყო ასე, თვალდახუჭული.

შემდეგ იგრძნო გრილი, მქრქალი შუქი. მთვარე მიცურავდა ცაზე. ფარდული სინათლის სხივში გაეხვია. ათინათი თომის სხეულს აჰყვა. ამ დროს იყო, რომ გასწია ხელი. ნელა, ძალიან ფრთხილად. ცალი ყურით მძინარეთა ფშვინვას უსმენდა. ვერ გაებედა. სუნთქვა ეკვროდა. ბოლოს, როგორც იქნა, გაშალა ხელი და მოხატული ტილოს პაწაწინა ნაკუწს დააკვირდა.

მთვარით განათებულ სამყაროს ეძინა.

მის ხელზე ესვენა ღიმილი.

შუაღამის ციდან ეცემოდა შუქი. და ბიჭი ფიქრობდა უჩუმრად, თავისთვის: „ღიმილი, საყვარელი ღიმილი“.

მთელი საათი დაჰყურებდა და მერეც, როდესაც დაკეცა და საგულდაგულოდ დამალა. და თვალები დახუჭა. ღიმილი ისევ იქ იყო, ბნელში. თბილი და ნაზი. როცა ჩაეძინა და სამყარო დადუმდა, მთვარე კი ცივ ცას მიაპობდა ალიონის შესახვედრად.

©Ray Bradbury – The Smile. Fantastic, Summer 1952
©LV (ქართული თარგმანი, 2022)

Creative Commons License©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: