გრძნობა, რომელსაც მხოლოდ ფრანგული სახელი ჰქვია

სთივენ ქინგი

„ფლოიდ, რა ხდება? ფუი, შენი…“

მამაკაცის ხმა, რომელიც ამას ამბობდა, ბუნდოვნად ეცნო, მაგრამ თავად სიტყვები საიდანღაც ამოგლიჯესო, თითქოს, არც თავი ჰქონდა, არც – ბოლო. იმას ჰგავდა, პულტს რომ მოიგდებ ხელში და არხიდან-არხზე ხტი. ვინ არის ფლოიდი? ეგეთი ვერვინ გაიხსენა. ასე დაიწყო ყველაფერი. შემდეგ დაინახა პატარა გოგონა წითელ სარაფანში.

ჯერ იყო სიტყვები. მაგრამ გოგონას დანახვამ ის გრძნობა კიდევ გაუმძაფრა.

– აი, ის გრძნობა… – ჩაილაპარაკა ქერალმა.

სოფლის მაღაზია აბრაზე წარწერით Carson’s – ლუდი, ღვინო, საყასბო, თევზის სატყუარა, ლატარიის ბილეთები. და ზღურბლთან ჩაცუცქული გოგონა სარაფანში, ღია წითელი ფერის კაბის კალთები თეძოებს შორის ამოედო, თოჯინათი თამაშობდა. ხამი ქსოვილისგან შეკერილი, ჭუჭყიანი ტიკინა იყო, თივით გატენილი. ყვითელი დალალები ჰქონდა.

– რა გრძნობა? – ჰკითხა ბილმა.

– შენ იცი… რომელსაც ფრანგული სახელი ჰქვია… სიტყვა დამავიწყდა…

– Deja vu, – ბილმა შეახსენა.

– ჰო, ეგა, – თქვა და კიდევ ერთხელ გახედა გოგონას, – ახლა თოჯინას ცალ ფეხში ჩაავლებს ხელს… თავდაყირა, – ფიქრობდა ქერალი, – თავდაყირა დაიჭერს ცალი ფეხით და ყვითელი თმები მიწაზე დაეფინება.

მაგრამ გოგონამ თოჯინა მაღაზიის ნაცრისფერ კიბეებზე მიაგდო და ძაღლის სანახავად გაიქცა, რომელსაც ყურები დაეცქვიტა და ავტომობილის უკანა ფანჯრიდან იცქირებოდა.

ბატონმა და ქალბატონმა შელთონებმა გზა განაგრძეს, მოსახვევს გასცდნენ და მაღაზია თვალს მიეფარა.

– შორია კიდევ? – ჰკითხა ქერალმა.

ბილმა გახედა. ერთი წარბი აწეული ჰქონდა. პირის კუთხე კი – ჩამოწეული. ასე იცის სულ. მარცხენა წარბი, ტუჩის მარჯვენა კუთხე. უნდა უთხრას: „გგონია, მეხალისება? სულაც არა. ახლა ძალიან გაბრაზებული ვარ. ჩვენი ქორწინების დღიდან რომ დათვალო, მერამდენეჯერ და კიდევ უფრო მეტჯერ ვარ გაბრაზებული. მაგრამ შენ ეს საიდან უნდა იცოდე, როცა მე შენთვის დაფარული ზარდახშა ვარ და გასაღები დაგეკარგა.“

სინამდვილეში, იმაზე კარგად იცის, ვიდრე მას ჰგონია. ეს მათი ქორწინების ერთი საიდუმლოა. მისი პირადი საიდუმლო. ქმარსაც ჰქონდა თავისი საიდუმლოები. და კიდევ ჰქონდათ საიდუმლოები, ორივენი ერთად რომ ინახავდნენ.

– საიდან უნდა ვიცოდე, – უთხრა, – აქ პირველად ვარ.

– ეგებ, გზა აგვებნა?

– ჯებირს რომ გამოვცდით და კუნძული სანიბელი გამოჩნდა, იქიდან კაპტივას კუნძულამდე მხოლოდ ერთი გზაა. მაგრამ ფალმ ჰაუსი მანამდეა. მენდე, – უთხრა.

წარბის რკალი და პირის კიდე ჩვეულ ადგილს დაუბრუნდა. ქერალმა ამ გამოხედვას შეარქვა „ოქროს კვეთა“. არ მოსწონდა, მაგრამ აბზეკილ წარბსა და დაშვებულ ბაგეს კი ერჩივნა. და კიდევ დამცინავ “უკაცრავად?”-ს. ასე იცოდა ბილმა ჩაკითხვა, როცა რაღაცას, მისი აზრით, ბრიყვულს გაიგონებდა. ან ქვედა ტუჩს რომ გადმობურცავდა ხოლმე, აქაოდა, ყური მიგდეთ, გამორჩეულად დიდი სიბრძნე უნდა ვთქვაო.

– ბილ?

– ჰმმმ, – ჩაიბურტყუნა.

– ვინმე ფლოიდს იცნობ?

– ფლოიდი ჩემს კლასელს ერქვა, დენინგს. ერთად ვმუშაობდით ბარში, სკოლას რომ ვამთავრებდით. ერთხელ, პარასკევ საღამოს ფული აწაპნა და შეყვარებულთან ერთად ნიუ იორქში მოხია უიქ-ენდზე… კლასში ჩატოვეს და ის გოგო კი სულაც გარიცხეს… რამ გაგახსენა?

– არ ვიცი, – უპასუხა… ეს ამჯობინა, ვიდრე იმის ახსნა, რომ ფლოიდი, ვისთან ერთადაც ბილი სწავლობდა, არ იყო ფლოიდი, ვისაც მიმართავდა მის თავში ჩაბუდებული ხმა, რომელიც არაფრით ანებებდა თავს… ეჭვი ჰქონდა, სხვა ფლოიდი იყო…

მეორე თაფლობის თვე, ასე შეარქვეს, – გაიფიქრა და გახედა 867-ე გზატკეცილის ტოტებგაშლილ პალმებს, თეთრ ჩიტს, რომელიც ხუცესივით მიაბიჯებდა კლდის შვერილზე და გაგულისებული ჩანდა, აბრას, რომელიც ველური ბუნების ზოოლოგიურ პარკში ეპატიჟებოდა ყველას სულ რაღაც 10 დოლარად. ასეთია ფლორიდა – მზიანი მხარე. გამორჩეულად სტუმართმოყვარე. მეორე თაფლობის თვის შტატი. თუმცა, ბილ და ქერალ შელთონებმა, იმხანად ჯერ კიდევ ქერალ ო’ნილმა მასაჩუსეციდან, თავიანთი პირველი თაფლობის თვეც აქ გაატარეს. ოცდახუთი წლის წინ. ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, იაფ პანსიონატში, სადაც მაგიდის უჯრას რომ გამოწევდი, ტარაკნები გეგებებოდნენ. ბილი ეფერებოდა და ვერ ძღებოდა ალერსით. რაც კარგი იყო, იმიტომ რომ ქერალსაც არ ეთმობოდა არც ერთი წამი. ვნებით იწვოდა. ბილმა შეუნთო ცეცხლი. დაფერფლა. აღადგინა ფერფლისგან და დაწვა ისევ. ახლა კი ვერცხლის ქორწილი აქვთ. ოცდახუთი ვერცხლის წელი გავიდა. და ხანდახან თავს ახსენებს გრძნობა, რომელსაც ფრანგული სახელი ჰქვია.

მოსახვევს უახლოვდებოდნენ და მოაგონდა სამი ჯვარი გზის მარჯვენა მხარეს. ორი მომცრო და ერთი – მოზრდილი. პატარა ჯვრები ერთმანეთზე დაჭედებული ფიცრებია. შუაში კი არყის ხისა, რომელზეც ჩვიდმეტი წლის ბიჭის ფოტოსურათია. ნასვამი იყო. საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა. ის ღამე უკანასკნელი აღმოჩნდა მისთვის. ჯვრები ბიჭის შეყვარებულმა მოიტანა. და – სხვა მეგობრებმა.

ბილმა მოსახვევი კოხტად გაიარა. გზიდან ყვავები აფრინდნენ. რაღაც სისხლიან ლეშს ძიძგნიდნენ. მსუქანი ყვავები იყვნენ. ორნი. კუნაპეტი ღამის მსგავსი. ზანტად აფრინდნენ და ქერალს შეეშინდა, არ დასჯახებოდნენ, მაგრამ ყვავებმა ოსტატურად აუქციეს მანქანას გვერდი. ქერალმა მიმოიხედა. ჯვრები არ იყო. არც მარცხნივ, არც – მარჯვნივ. გზაზე ეგდო რომელიღაც ცხოველის ნაფლეთი სხეული. ალბათ – ზაზუნასი.

„ფლოიდ, რა ხდება?“

– რა დაგემართა? – ჰკითხა ბილმა.

– რა? – შეხედა გაოცებით. გონება გაჰფანტოდა.

– მოკუნტული ხარ. ქარმა დაგკრა?

– ჰო, მგონი… ოდნავ, – წელში გასწორდა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო, – ისევ ის მქონდა… დეჟა ვიუ.

– მერე გაგიარა?

– კი, – უპასუხა და მოატყუა.

არსად გაუვლია. მოვიდა და დარჩა. უბრალოდ – დაიმალა. მაგრამ მაინც მასთან იყო. ადრეც ჰქონია ეს გრძნობა, მაგრამ არასდროს – ასე დაუსრულებელი. ახლა ხან სრულად მოედებოდა, ხანაც აღარ ჩანდა, თითქოს, მაგრამ არ ქრებოდა. ჯერ ის სიტყვები ფლოიდზე, შემდეგ – პატარა გოგონა წითელ სარაფანში.

იქნებ, უფრო ადრეც, როდესაც თვითმფრინავის ტრაპს ჩამოჰყვნენ და ფორთ მაიერზის მცხუნვარე მზე შეეფეთათ? ან კიდევ მანამ – ბოსთონიდან რომ გამოფრინდნენ?

გზაჯვარედინს ყვითლად მოციმციმე შუქნიშანი დანათოდა და ქერალმა გაიფიქრა: მარჯვნივ არის მეორადი მანქანების სადგომი და სანიბელის სათემო თეატრის აფიშა.

შემდეგ იფიქრა: არა, არც ესენი იქნება, აკი, არც ჯვრები იყო. ძლიერი გრძნობაა, მაგრამ – ყალბი.

გამოჩნდა გზაჯვარედინი და მარჯვნივ გაიხედა – Palmdale Motors. ქერალი კინაღამ შეხტა. იგრძნო, როგორ შეეკუმშა გული. ეს მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ შფოთი. თავი დაანებე სულელურ ფიქრებს – უბრძანა საკუთარ თავს, მთელი ფლორიდა მეორადი ავტომობილების სალონებით არის მოფენილი. ადრე თუ გვიან, ჩავუვლიდით, სხვა რა იქნებოდა. ამ გზაჯვარედინზე თუ არა – შემდეგზე. ასე ყველაფერი აგიხდება. მჩხიბავთა ძველი ხერხია.

თან, თეატრის აფიშაც არსად ჩანს.

მაგრამ მთლად უნიშნოდაც არ დარჩენილა – მარიამ ღვთისმშობელი, ვისი აჩრდილიც მთელი ბავშვობა სდევდა. ხელები გაეშალა. ზუსტად ისე, როგორც – მედალიონზე. ბებიამ აჩუქა ის მედალიონი. მეათე დაბადების დღეზე. ხელისგულზე დაუდო და თითებზე ჯაჭვი შემოახვია. „მუდამ თან გქონდეს, სანამ გაიზრდები, რადგან ყველაზე მძიმე დღეები წინ გელის“. ასეც მოიქცა. დაწყებით სკოლასა და საშუალო კლასებში. შემდეგ წმინდა ვინსენტ დე პაულის უმაღლეს სასწავლებელში. ატარებდა იმ მედალიონს მანამ, სანამ მკერდი არ გაეზარდა, როგორც ორი კოხტა გორაკი მკლავებგაშლილი ღვთისმშობლის გარშემო. საექსკურსიო ავტობუსით რომ ბრუნდებოდა შინ, დაკარგა სადღაც. იმ დღეს პირველად აკოცა ისე, რომ ენაც მიაყოლა. ბიჭს ბაჩ სუსი ერქვა და ბამბის ნაყინის მიირთმევდა, სანამ ქერალს აკოცა. იმ ნაყინის გემო აქამდე გამოჰყოლოდა ქერალს.

ქუჩის პირას ბილბორდზე მარიამი გამოესახათ და ზუსტად ისე უცქერდა, როგორც მედალიონიდან. ეს მზერა გეტყოდა, რომ ვნებიანი ფიქრები გტანჯავს და ცოდვილი ხარ. შენ კი, ეგებ, არაქისის კარაქიან სენდვიჩზე ფიქრობდი მხოლოდ.

საქველმოქმედო ორგანიზაცია მოწყალე დედა. დაეხმარეთ ფლორიდის უსახლკაროებს. არ დაგვეხმარებით? – ეწერა ბილბორდზე.

„წმინდა მარიამ განა ბევრს გთხოვ, ვიტყვი ლოცვებში…“ ჩაესმა ისევ. ამჯერად ერთზე მეტი ხმა იყო. ბევრი ხმა. გოგონების ხმები, მოჩვენებების ხმები. გალობა. მორიგე სასწაულებს მორიგე ავსულებიც სჩადიან ხოლმე. ამას ასაკის მატებასთან ერთად იგებ.

– რა გჭირს? – ეს ხმა ისე კარგად იცოდა, როგორც წარბაზიდული მზერა. ბილის ვითომ-მართლა-გაბრაზებული-ვარ ხმა. რაც იმას ნიშნავდა, რომ უკვე თავი მოაბეზრე. ოდნავ მაინც.

– არაფერი, – უთხრა და გაუღიმა. ტკბილად, როგორც შეეძლო.

– არაფერიო და საკუთარ თავს კი არა გავხარ… ალბათ, ჯობდა, თვითმფრინავში არ დაგეძინა.

– ჰო, მართალი ხარ, – დაეთანხმა. არამხოლოდ მისი ხათრით. განა, რამდენ ქალს აჩუქებენ მეორე თაფლობის თვეს ფლორიდის კუნძულებზე ქორწინების ოცდამეხუთე წლისთავზე? ჩარტერული ლაინერი? ათი დღე იმ ადგილას, სადაც ფული მნიშვნელობას კარგავს? (ყოველ შემთხვევაში, სანამ საკრედიტო ბარათი არ დაგიანგარიშებს), ექვსოთახიანი აპარტამენტი სანაპიროზე? შვედი მასაჟისტი?

პირველ ჯერზე სულ სხვაგვარად იყო. ბილი საშუალო სკოლის მეჯლისზე გაიცნო და სამი წლის შემდეგ კოლეჯში ხელახლა შეხვდნენ ერთმანეთს (კიდევ ერთი მორიგე სასწაული). 1973 წელს დაქორწინდნენ. კომპიუტერები ჯერ ახალი ხილი იყო. ბილმა პროგრამისტის ვაკანსია ვერ მოძებნა და დარაჯად დაიწყო მუშაობა. ერთი, კედლებზე ობაკრული ბინა იქირავეს. სანაპიროზე არა – მოშორებით. ზედა სართულზე ორი თვალებჩაცვენილი ტიპი ცხოვრობდა და მათგან მოსვენება არა ჰქონდათ – ჯერ მთელი ღამე კიბეებზე არბოდა და ჩამორბოდა ხალხი, ნარკოტიკის შესაძენად, მერე გაუთავებელი მუსიკა მთელ ხმაზე. ქერალი ღამეებს ათენებდა, მისჩერებოდა ჭერს მეზობლების აყალ-მაყალის მოლოდინში და ფიქრობდა: „ვერასოდეს წავალთ აქედან. დავბერდებით და მოვკვდებით სანაპიროზე. და Cream-ის მუსიკით გაგვაცილებენ“.

ბილი მორიგეობიდან ისეთი დაქანცული ბრუნდებოდა, ხმაურიც ვერ აღვიძებდა, ეძინა ღრმად. მისი ხელი ქერალს წელზე ჰქონდა შემოხვეული. ზოგჯერ თავად დასწვდებოდა ხოლმე ბილის ხელისგულს და თეძოზე დაიდებდა. მითუფრო მაშინ, როცა ზედა სართულიდან დავიდარაბის ხმა ჩამოდიოდა.

ბილი იყო ყველაფერი მის ცხოვრებაში. ბილის გამო მშობლებმა, ლამის, უარყვეს. ბილი კათოლიკე იყო, მაგრამ ისეთი კათოლიკე არა, მათ რომ მოეწონებოდათ. ბებიას ვერ გაეგო, რაში სჭირდებოდა ეს ბიჭი, როცა ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ არაფერი აბადია? როგორ აუბნია თავგზა ბრტყელ-ბრტყელი ლაპარაკით? რატომ არ ებრალება მამის გატეხილი გული?… აბა, რა უნდა ეპასუხა?

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. შორი გზა იდო შმორიანი ბინიდან კერძო ლაინერამდე. 10 ათასი კილომეტრი და კიდევ მეტი. ავტომობილამდე, რომელიც იქირავეს – ქრაუნ ვიქთორია, განგსტერულ ფილმებში ქრაუნ ვიქს რომ უძახიან ხოლმე. ათდღიან დასვენებამდე ისეთ ადგილას, სადაც ანგარიშს ექნება… რამდენი ნული?… გაიქნია თავი და ფიქრი მოიშორა.

„ფლოიდ?… რა ჯანდაბა ხდება?“

– რა გჭირს, ქერალ?! – ეს ბილი იყო.

– არაფერი, – უთხრა.

გამოჩნდა პატარა, ვარდისფერი ბუნგალო, პალმებიანი ვერანდით. ცაში გაშლილმა ტოტებმა მოაგონეს იაპონელების სამხედრო თვითმფრინავები. ეშვებიან დაბლა და ტყვიამფრქვევებიდან ისვრიან…. ეს საიდანღა გაახსენდა? ახალგაზრდობაში ტელევიზორის ეკრანის წინ მიმოფანტულმა წლებმა.

ბუნგალოს რომ ჩაუვლიან, გამოვა შავკანიანი ქალი, ვარდისფერი პირსახოცით გაიმშრალებს ხელებს და უხმოდ გააყოლებს თვალს – ვიღაც ბობოლა ქრაუნ ვიქით დასასვენებლად მიდის მდიდრულ აგარაკზე… იმ ქალს არ ეცოდინება, ან საიდან უნდა იცოდეს, რომ ქერალ შელთონსაც უცხოვრია შმორიან ოთახში, სადაც ღამეები არ ეძინა, იმიტომ რომ მისი მეზობლები ყიდდნენ ნარკოტიკს გამაყრუებელი მუსიკის ჰანგებქვეშ… რაღაცა გრძნობამ გაიღვიძა ქერალში. ნაცნობმა და ცოცხალმა. აუშალა ფიქრები წვეულების დროს ძირს დაგდებულ სიგარეტზე, რომელიც ფარდის უკან იმალება და ვეღარ ხედავ. უხილავად იწვის იქ, ქსოვილთან ახლოს…

– ძვირფასო?

– ხომ გითხარი, არაფერია-მეთქი.

ბუნგალო უკან მოიტოვეს. ქალი არ იყო. იყო მოხუცი – თეთრი და არა – შავი. საქანელაზე ირწეოდა და მათ კვალს გაჰყურებდა. ცხვირზე მოეგდო პენსნე. პირსახოცი მუხლებზე ეფინა. ვარდისფერი და გაცრეცილი, როგორც სახლის კედლები.

– კარგად ვარ… ვეღარ ვითმენ, რომ ჩავიდეთ და შორტები ჩავიცვა…

მან ბარძაყზე დაადო ხელი. ისე, როგორც ხშირად აკეთებდა ქორწინების პირველ წლებში… შემდეგ ნელ-ნელა მარჯვნივ შეაცურა. ქერალი დაფიქრდა, ხომ არ შეეჩერებინა…

(რომაული ხელები და რუსული თითები, – ასე უყვარდათ თქმა)… არა. არ შეუჩერებია. სხვა თუ არაფერი, მეორე თაფლობის თვის გასატარებლად მიემგზავრებიან… თან, ამ გამონათქვამის დაკარგვა არ სურდა.[1]

– შეიძლება სხვა რამ კარგიც მოვიფიქროთ – უთხრა ბილმა, – კაბას რომ გაიხდი და სანამ შორტებს ჩაიცვამ.

– მშვენიერი აზრია, – ხელისგული დაადო ხელზე და მოუჭირა.

შორს გამოჩნდა აბრა. ასოებს ჯერ ვერ გაარჩევდი, მაგრამ ქერალმა იცოდა, რა ეწერა – ფალმ ჰაუსი 5 კილომეტრში და ისარი მარცხნივ.

მიუახლოვდნენ.

არა. სხვა რამ აწერია – ფალმ ჰაუსი 3 კილომეტრში და ისარი მარცხნივ.

კიდევ ბილბორდიც იყო, დედა მარიამით. ხელები ჰქონდა გაშლილი და პატარა ციმციმა ნათურები ედგა ნიმბად. საქველმოქმედო ორგანიზაცია მოწყალე დედა. უწამლეთ ფლორიდელ დავრდომილებს. არ დაგვეხმარებით?

– შემდეგი უეჭველი იქნება: ბურმაშეივ![2] – თქვა ბილმა.

ქერალმა არ იცოდა, რა იგულისხმა, მაგრამ მიხვდა, რომ იხუმრა და გაუღიმა.

შემდეგი იქნება: „საქველმოქმედო ორგანიზაცია მოწყალე დედა. დააპურეთ ფლორიდელი უქონელნი. არ დაგვეხმარებით?“, – გაიფიქრა ქერალმა, მაგრამ ხმამაღლა არ უთქვამს. ძვირფასი ბილი. ასეთი ძვირფასი… ზოგჯერ სულელური გამონათქვამებისა და ზოგჯერ გაუგებარი მინიშნებების მიუხედავად. „დიდი ალბათობით, ის მიგატოვებს და იცი რა? ეს არის, ალბათ, საუკეთესო ამბავი, რაც წინ გელით“, – უთხრა მამამ. ძვირფასი ბილი, ის არის დასტური, რომ ადამიანთა განსჯა მამაზე უკეთ შეძლო. ერთხელ. მხოლოდ ერთხელ, მაგრამ – გადამწყვეტ დროს. ისევ იმ კაცის მეუღლეა, ვისაც მისმა ბებომ „ტყუილების გუდა“ შეარქვა. დიდი ფასი გადაიხადა, მაგრამ ღმერთი ხომ ამბობს – აიღე რაც გსურს… და გადაიხადე.

თავის ტკივილმა თავი შეახსენა. ხელით შუბლი მოიქექა ღვთისმშობლის ბილბორდის მოლოდინში.

ყველაფერი დაიწყო იმ საზარელ დღეს, როცა ბავშვი დაკარგა. ეს იყო მანამ, სანამ კომპიუტერული ბუმი დაიწყებოდა. სანამ ბილი სამუშაოს იშოვნიდა Beach Computers-ში.

მუცელი მოწყდა. ასე სჯეროდა ყველას… ყველას, შესაძლოა, ბილის გარდა. მამამ, დედამ, ბებიამ ასე თქვეს: „მუცელი მოეშალა“. კათოლიკეებისთვის მხოლოდ ეს იყო შესაძლებელი. „წმინდა მარიამ განა ბევრს გთხოვ, ვიტყვი ლოცვებში“ – მღეროდნენ ხანდახან, როცა სახტუნაოთი დახტოდნენ თამაშის ვნებას აყოლილნი. ცოდვილად გრძნობდნენ თავს, როდესაც კაბის კალთები ფრიალებდა მაღლა, დალილავებულ მუხლისთავებზე ზემოთ. ეს იყო ღვთისმშობლის ანგელოზთა სასწავლებელში, სადაც და ანუნსიატა სახაზავს გირტყამდა თითებზე, თუკი გაკვეთილის დროს ფანჯრიდან იცქირებოდი, და დორმატილია კი გეტყოდა, რომ მილიონი წელი იყო მარადისობის მხოლოდ პირველი წამი (თქვენ შეგეძლოთ ამ მარადისობის ჯოჯოხეთში გატარება. ადამიანთა უმრავლესობის ბედი ეს არის. იქ მოხვედრა ყველაზე იოლია). ჯოჯოხეთის გეჰენიაში. სამუდამოდ… მაგრამ ახლა ის ფლორიდაშია ქრაუნ ვიქის სავარძელში, მეუღლის გვერდით, რომლის ხელიც ჯერ კიდევ მის ბარძაყებს შორის მოძრაობს. კაბა დაიჭმუჭნა, მაგრამ ვის აინტერესებს კაბის ნაოჭები, როდესაც მას სახე უნათის… რატომ არ ქრება ის შეგრძნება?

ახლა იქნება საფოსტო ყუთი ზედ მიხატული ამერიკის დროშით და წარწერით „რაგლანი“… საფოსტო ყუთი მართლაც გამოჩნდა. მეპატრონის გვარი – რეიგანი და დროშის ნაცვლად – Grateful Dead-ის სტიკერი… კიდევ პატარა შავი ძაღლი, რომელიც ციბრუტივით ტრიალებდა გზის მეორე მხარეს, მიწას ყნოსავდა – იქ იყო ისიც. პატარა შავი ძაღლი და ბილბორდი, მარიამ ღვთისმშობლით. „საქველმოქმედო ორგანიზაცია მოწყალე დედა. დააპურეთ ფლორიდელი უქონელნი. არ დაგვეხმარებით?“,

– ნახე, ეგერ… მგონი ფალმ ჰაუსია, – უჩვენა ბილმა, – ბილბორდის საპირისპირო მხარეს. არა, არა იქ, სადაც ბილბორდია, მეორე მხარეს… რატომ ამახინჯებენ ხედებს ამ ბილბორდებით? ყველაფრის ნება მისცეს…

– არ ვიცი, – თავი სტკიოდა. ხელით მოისრისა და ქერტლი თმის ღეროებიდან ქუთუთოებზე დაეფინა. შავი ფერის ქერტლი.

შიშით დახედა თითებს. ისინიც გამურული ჰქონდა.

– ბილ? – ისევ გადაისვა ქერა დალალებზე ხელი. ქერტლი არ ყოფილა. დამწვარი ქაღალდის ფანტელები იყო. ერთი იმდენად დიდი, რომ იქიდან უცქერდა სახე. დაკვამლული, როგორც გაფუჭებული ნეგატივიდან.

– ბილ?

– ჰაუ… რა… – ბილის შეცვლილმა ხმამ უფრო შეაშინა ქერალი, ვიდრე იმან, საჭე რომ მოატრიალა უცებ და მანქანა გზის განაპირას მიაგდო.

– ღმერთო… საყვარელო, რა გაქვს თმაში?

დედა ტერეზას სახეს ჰგავდა. იქნებ, იმიტომ მიამსგავსა, რომ ღვთისმშობელზე ფიქრობდა? ქერალი დასწვდა იმ ნამწვს, უნდოდა, ქმრისთვის ეჩვენებინა, მაგრამ ქაღალდი თითებს შორის ჩაეფერფლა.

შეხედა და დაინახა სათვალე, რომელიც სახეზე შეადნა ბილს. ერთი თვალი ბუდიდან ამოუვარდა და გასკდა, როგორც სისხლით სავსე მწიფე ყურძენი.

მე ეს ვიცოდი, – გაიფიქრა. ვიცოდი. იმიტომ რომ მქონდა გრძნობა, რომელსაც ფრანგული სახელი ჰქვია.

ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი. დედა მარიამი ბილბორდიდან გადმოიხარა და ხელი გაუწოდა. ქერალმა სცადა, დაეყვირა

– ქერალ?

ეს იყო ბილის ხმა. შორიდან შემოესმა. შემდეგ მისი ხელი იგრძნო. თეძოზე კი არა – მკლავზე უჭერდა თითებს.

– კარგად ხარ, საყვარელო?

თვალები გაახილა თუ არა, მზემ შეუჭყიტინა, შეგუბებულ ყურებში კი ლაინერის ძრავის გუგუნი ჩაეღვარა. გახედა ჯერ ბილს, რომელიც ოდნავ შეშფოთებით შეჰყურებდა, შემდეგ – მონიტორს.

– ვეშვებით? – ჰკითხა. და საკუთარი ხმაც ძლივს იცნო, – უკვე?

– სწრაფია, არა? პილოტი ამბობს, რომ ოც წუთში ფორთ მაიერზში ვიქნებით, – ბილი ისეთი კმაყოფილი იყო, ვითომ თავად უჯდა შტურვალს. აი, ასე – თვალის დახამხამებაში გადავსერეთ…

– კოშმარი მესიზმრა.

მას გაეცინა – იმ „ვინ-არის-ჩემი-ტუტუცი-ვინა“ სიცილით, რომელიც ნამდვილად ეზიზღებოდა, – მეორე თაფლობის თვის დროს კოშმარები აკრძალულია! – უთხრა, – Რა გესიზმრა, ძვირფასო?

– აღარ მახსოვს, – უთხრა და არ მოუტყუებია – ზმანებიდან მხოლოდ ნაფლეთები შემორჩენოდა, – ბილის სახეზე შემდნარი სათვალე და სამი-ოთხი აკრძალული ლექსი რომელსაც მეხუთე-მეექვსე კლასში მღეროდნენ ხანდახან. „წმინდა მარიამ განა ბევრს გთხოვ, ვიტყვი ლოცვებში…“ როგორ არის შემდეგ? არც ეს ახსოვდა. მას გაახსენდა „სინუს-კოსინუს, ტანგენს-კოტანგენს, მოდის მამა და მოაქანავებს“, მაგრამ მარიამზე – ვერა… მარიამი ფლორიდელ ავადმყოფებს ეხმარება, – მოაფიქრდა. მაგრამ არ იცოდა, ეს რას ნიშნავდა.

ამ დროს გაისმა სიგნალი და აკიაფდა: „გთხოვთ, შეიკრათ ღვედი“. უკვე ნამდვილად ეშვებოდნენ.

რაც არის, არის… „ახლა უნდა ავიწყვიტოთ“[3] – – გაიფიქრა და ღვედი შეიკრა.

ბილმაც შეიკრა ღვედი და ჰკითხა:

– მართლა არაფერი გახსოვს?

თვითმფრინავი ერთი პირობა შეინჯღრა, მაგრამ პილოტმა სწრაფად გაასწორა ბორტი. და ნარნარად განაგრძეს დაშვება.

– ახალგაღვიძებულზე სიზმარი კარგად გახსოვს. თუნდაც – ცუდი, – განაგრძო ბილმა.

– ანუნსიატა მახსოვს ანგელოზთა სასწავლებლიდან და მისი სახაზავი…

– ოჰო, მართლა კოშმარი ყოფილა.

ათი წუთის შემდეგ, შასის გახსნის ხმა შემოესმათ და ხუთ წუთში ასაფრენ ბილიკზე მიგორავდნენ უკვე.

– მანქანა პირდაპირ თვითმფრინავთან უნდა მოეყვანათ, – თქვა ბილმა, – იმედი მაქვს, სიტყვა არ გატეხეს! ქერალმა დაინახა, რომ ბილი უკვე გაიბღინძა. არ მოსწონდა ასეთი, მაგრამ სულელურ ხითხითსა და მოწყალე გამოხედვას კი ერჩივნა.

არ გატეხეს,- გაიფიქრა, და სრულად დაეუფლა ისევ ის გრძნობა. ორიოდ წამში დავინახავ, ჩემს მხარეს… დიდი თეთრი კადილაკი იქნება, ან, შესაძლოა, – ლინკოლნი.

რის დასტურია? მხოლოდ იმის, რომ, ხანდახან, როცა გგონიათ, რომ რაღაც მოხდება, ნამდვილად ხდება… დაინახა მანქანა, არც კადილაკი, არც ლინკოლნი – ქრაუნ ვიქტორია. განგსტერები სქორსეზეს ფილმიდან უძახიან ხოლმე ქრაუნ ვიქს.

– ოჰ… – თქვა. მცხუნვარე მზემ დაკრა. ქმარმა ხელი შეაშველა და კიბეზე ჩასვლისას დაეხმარა.

– რამე მოხდა?

– არაფერი… დეჟა ვიუ მაქვს. ჩემი ძველი ოცნების ნაშთია, ალბათ… ვითომ, უკვე ვიყავით აქ ადრე – ასეთი ამბავია…

– უცხო ადგილმა იცის, – უთხრა ბილმა და ლოყაზე აკოცა, – წინ!.. ახლა უნდა ავიწყვიტოთ!

მანქანასთან მივიდნენ, ბილმა მართვის მოწმობა აჩვენა ახალგაზრდა ქალს, რომელმაც ქრაუნ ვიქი ტრაპთან მიიყვანა. ქერალმა შენიშნა, როგორ ააყოლა ბილმა თვალი ქალის ფეხებს, სანამ ხელშეკრულებაზე მოაწერდა ხელს. ქალმა ფურცელი გამოართვა და საქაღალდეში ჩადო.

გაუვარდება, – გაიფიქრა ქერალმა. გრძნობა ძალიან ძლიერი იყო და იმას ჰგავდა, როცა კარუსელი სისწრაფეს კრეფს და სიამოვნების ნაცვლად ერთბაშად გულძმარვა შემოგიტევს… ბილი იტყვის ‘ჰოპლა’ დაიხრება და კიდევ უფრო ახლოდან შეათვალიერებს ფეხებს.

მაგრამ ახალგაზრდა ქალს საქაღალდე წარწერით Hertz მყარად ეჭირა. მხოლოდ დამტკბარი ღიმილი აჩუქა ბილს (ქერალისთვის არც შეუხედავს) და თეთრ მინივენში ჩაჯდა, რომ ავია-ტერმინალში დაბრუნებულიყო. ჩაჯდომისას, უხერხულად დადგა ფეხი და ბილმა ახლა მას შეაშველა ხელი… ცხადია, კოხტად მზემოკიდებულ ფეხებსაც ააყოლა თვალი.

ქერალი კი ჩემოდნებსა და ზურგჩანთებს დაჰყურებდა და ფიქრობდა: „ღვთისმშობელო მარიამ…

ფიქრები მეორე პილოტმა დაურღვია:

– ქალბატონო შელთონ? – ბილის ლეპტოპის ქეისი ეკავა ხელში, – თავს კარგად გრძნობთ? ძალიან ფერმკრთალი მეჩვენებით.

ბილმა ყური მოკრა და მინივენს მოსცილდა. მასაც შეშფოთება გამოეხატა სახეზე.

ქერალის გრძნობები ბილისადმი მხოლოდ ვნება რომ ყოფილიყო, ალბათ, მიატოვებდა, როცა ქმარმა ახალგაზრდა, ქერა მდივანთან უღალატა, მაგრამ ახლა, 25 წლის თავზე, დარჩა სხვა გრძნობები, მათ შორის სიყვარული… მე ის ჯერისევ მიყვარს, – ფიქრობდა ქერალი. ისეთი სიყვარული, რომლის შესახებ არ ასწავლიდნენ კათოლიკურ სკოლაში, მაგრამ არსებობს. იზრდება თავისით, სადაც არ დაგითესავს, როგორც სარეველა. და გენანება ამოსაგლეჯად.

სიყვარულთან ერთად ჩნდება საიდუმლოებები, რაც ადამიანებს აიძულებს, იყვნენ ერთად. საიდუმლოებები და ფასი, რომელსაც მათ შესანახად იხდი.

– ქერალ? – ჰკითხა ბილმა, – როგორ ხარ, პატარავ?

უნდოდა ეპასუხა: არა. არა ვარ კარგად. გრძნობა, რომელსაც ფრანგული სახელი ჰქვია, ყელში სწვდა და ახრჩობდა. უნდოდა ასე ეპასუხა, მაგრამ გაუღიმა და უთხრა:

– მზე აჭერს. ოდნავ თავბრუ მესხმის. ჩავსხდეთ მანქანაში… კონდიციონერს ჩართავ და სულს მოვითქვამ.

ბილმა მკლავი მკლავში გაუყარა (ჩამოვალ ფსონს, ჩემს ფეხებს აღარ ათვალიერებ, – გაიფიქრა ქერალმა, – კარგად იცი და მოყირჭებულიც გაქვს, არა?) და ქრაუნ ვიქისკენ წაიყვანა ნელი ნაბიჯით, როგორც მოხუცი ბებო გადაჰყავთ ქუჩის მეორე მხარეს. ავტომობილში ჩასვა და კარი მიხურა.

გრილ ჰაერს შეაგება სახე და მართლა ცოტა უკეთ იგრძნო თავი.

თუ ის გრძნობა ისევ შემომიტევს, ვეტყვი, – ასე გადაწყვიტა ქერალმა, – მომიწევს თქმა… ძალიან ძლიერი გრძნობაა. დაუძლეველი… არასდროს დამართვია ასე. დეჟა ვიუ თან ზმანებას ჰგავს თან სინამდვილეს… ქიმიური პროცესია (მგონი რაღაც მსგავსი ამოიკითხა, გინეკოლოგის მოსაცდელში სამედიცინო ჟურნალის ფურცვლისას)… როგორ ეწერა? „ტვინის ელექტრული სტიმულაციის შედეგად, ახალი შთაბეჭდილებების ძველ გამოცდილებად აღქმა“… ონკანს გახსნი და ცხელი და ცივი წყალი შეერევა ერთმანეთს, – გაიფიქრა და თვალები დახუჭა. ნეტავ აღარ დაბრუნდეს.

„ყოვლად მოწყალეო დედოფალო ქალწულო ღმრთისმშობელო, მოწყალებითა შენითა…“ – მოაგონდა და გაიფიქრა – ოღონდ, სამრევლო სკოლაში ნუ დამაბრუნებ ახლა… ჩვენ ხომ დასასვენებლად ვართ და არა…

„ფლოიდ, რა ხდება? ფუი, შენი… ფუი შენი…“

ვინ იყო ფლოიდი? ერთადერთი ფლოიდი, ვინც ბილმა გაიხსენა, ფლოიდ დორნინგი იყო (თუ დარლინგიო, როგორა თქვა) შეყვარებულთან ერთად ნიუ იორქში რომ გაიპარა… ბილი უყვებოდა იმ ფლოიდის ამბავს, მაგრამ ქერალს აღარ ახსოვდა, როდის იყო.

გეყო, თავს ნუ იტანჯავ! – მკაცრად უთხრა საკუთარ თავს, – ფიქრები გაყარა და წარმოსახვითი კარიც მიუჯახუნა…

უცნაური კია, მაგრამ ამ ხერხმა გაჭრა.

ბოლოჯერაც წამოიკნავლა იმ ხმამ „რა ხდებაო“ და დადუმდა. ქერალი ისევ იმ ქერალად იქცა. მეუღლის გვერდით ზის ავტომობილში და დასასვენებლად მიემგზავრება. კაპტივას კუნძულისკენ, ფალმ ჰაუსში. ქვიშის სანაპირო, პალმები, კოქტეილები და Margaritaville[4].

ჩაუარეს Publix-ს[5]. ჩაუარეს მოხუც შავკანიანი მამაკაცს, რომელიც გზის პირას, ხილის დახლთან იდგა. 30-იანი წლების მსახიობები მოაგონა ქერალს და ძველი ფილმები რეტრო-არხზე რომ ატრიალებენ ხოლმე. შავკანიანი მამაკაცი, ბამბის ხალათსა და ჭილოფის ქუდში, რომელიც გეუბნებათ: გისმენთ-ბატონო…

ბილი რაღაცას უყვებოდა და ქერალიც პასუხობდა, თან, იმავდროულად, ფიქრობდა გოგონაზე, რომელმაც ღვთისმშობლის მედალიონი დონა ქარანის ძვირფას კაბაზე გაცვალა. წყვილი, რომელიც ხურდა ფულს ითვლიდა, ახლა პალმებს შორის გზატკეცილზე მიაქროლებს მდიდრულ მანქანას… კი ნამდვილად ის გოგონაა. და სწორედ ის წყვილი.

ერთხელ, როცა ჯერ ისევ იმ ციცქნა ოთახში ცხოვრობდნენ, ბილი მთვრალი დაბრუნდა სახლში, ქერალმა კი მუშტი დაარტყა და თვალი ჩაულურჯა… შემდეგ გაახსენდა, როგორ იწვა დაბმული და ფეხებგაფარჩხული და ელოდა ჯოჯოხეთს. წყევლა მადევს და მილიონი წელი ვერ დავიხსნი თავს. ჯერ მხოლოდ პირველი წამია, – ფიქრობდა გამაყუჩებელი წამლით გონდაბინდული.

ბილმა მანქანა გააჩერა გზის საფასურის გადასახდელად და ქერალმა გაიფიქრა: შუბლის მარცხენა მხარეს, წარბზე ხალი ექნება, მარწყვის მსგავსი.

მაგრამ იმ კაცს, ვინც თანხა აიღო და ბილეთი გაუწოდა, ნიშანი არა ჰქონდა. ერთი, არაფრით გამორჩეული ვინმე ყო, ასე 50 წლისა. შევერცხლილი თმა და სქელჩარჩოიანი სათვალე. ბილეთს გასცემენ და დააყოლებენ ხოლმე სხაპასხუპით: „აბაკაიდროატარეთ…“

ხალი არა ჰქონდა, მაგრამ ის გრძნობა დაბრუნდა და ქერალი მიხვდა – ადრე თუ მხოლოდ ეჩვენებოდა, რომ იცოდა, ახლა იცოდა დანამდვილებით. ჯერ – ნაფლეთ-ნაფლეთ, მაგრამ სურსათის პატარა მაღაზიას რაც მიუახლოვდნენ, მას შემდეგ – უკლებლივ ყველაფერი.

აბრაზე სახელი Corson’s. პატარა გოგონა კართან ჩაცუცქული. წითელი სარაფანი. ტურტლიანი ყვითელთმიანი ტიკინა, რომელსაც მაღაზიის კიბეებზე მიაგდებს, იმიტომ რომ ძაღლის სანახავად უნდა წავიდეს.

Carson’s და არა – Corson’s. განსხვავება ეს იყო სულ. სხვა დანარჩენი ერთი-ერთში დაემთხვა. თეთრი ავტომობილის დანახვაზე, გოგონამ თავი ასწია და ქერალს მიაჩერდა. დარდიანი გამომეტყველება ჰქონდა, სოფლელ გოგონებს რომ აქვთ ხოლმე. მაგრამ, რას აკეთებდა სოფლის გოგო აქ, ბობოლა ხალხისთვის გაშენებულ კურორტზე? ქერალმა არ იცოდა.

ახლა ბილს ვკითხავ, კიდევ შორი თუა, მაგრამ ამას არ გავაკეთებ. იმიტომ რომ როგორმე უნდა ამოვხტე ამ წრიდან… ეს რკალი უნდა გავარღვიო. გაიფიქრა და ჰკითხა:

– შორია კიდევ?

ის მიპასუხებს, რომ აქედან მხოლოდ ერთი გზაა, არ დავიკარგებით. უნდა ვენდო, რომ პირდაპირ ფალმ ჰაუსს მივადგებით და, სხვათა შორის, ვინ არის ფლოიდი?

ბილმა წარბი აბზიკა და ბაგის კიდე დაუშვა:

– ჯებირს რომ გამოვცდით და კუნძული სანიბელი გამოჩნდა, იქიდან კუნძულ კაპტივამდე მხოლოდ ერთი გზაა.

ქერალმა ძლივს გაიგონა. ბილი კი ლაპარაკს განაგრძობდა… ორი წლის წინ შაბათ-კვირა გაატარა მდივანთან. საწოლში ნებივრობდნენ და ყველაფერი საფრთხის ქვეშ იყო. ყველაფერი, რასაც ერთად მიაღწიეს. მაშინ ბილს სხვა გამომეტყველება ჰქონდა. ისეთი სწორედ, დედამ რომ გააფრთხილა – ეგ ბიჭი გულს მოგიკლავსო. მოგვიანებით, ბილმა სცადა, აეხსნა, რატომ ვერ შეიკავა თავი, მას კი პასუხად სურდა დაეყვირა: ერთხელ მე ბავშვი მოვკალი… შენი გულისთვის მოვკალი… ჩანასახში, მაგრამ მაინც ცოცხალი იყო… რამდენად დიდია ფასი, რომელიც გადავიხადე? და რა მივიღე სანაცვლოდ? ვიღაც თმაშეღებილ ქალს შეუძვერი ტრუსებში?

ახლაც ყვირილი სურდა.

უთხარი! უთხარი, გაჩერდეს! გზიდან გადაუხვიოს! აიძულე, ქნას რაღაც, რაც ამ წრეს გახლეჩს და სამშვიდობოს გახვალთ. შეცვალე! შეცვალე რაღაც ერთი და შეცვალე ყველაფერი! შენ ეს შეგიძლია. თუ შეძელი ფეხები გაგეშალა მუცლის მოსაშლელად, ყველაფრის გაკეთება შეგიძლია!

მაგრამ ვერაფერი შეძლო და ამბავი ამბავს მიჰყვა. ორი ყვავი ზანტად მოწყდა ლეშს და აფრინდა. ქმარმა ჰკითხა, რატომ იყო მოკუნტული? ქარმა ხომ არ დაკრა? არაფერია, გამივლის, – უპასუხა. ახსენა დეჟა ვიუ, გაკვრით, სასხვათაშორისოდ, ვითომ არ იძირებოდა შიგნით, როგორც – მორევში. ბილი კი მართავდა ქრაუნ ვიქს და მიაქროლებდა წინ. სულ წინ. Palmdale Motors გზის მარჯვენა მხარეს. მარცხნივ კი სათემო თეატრის აფიშა. «ცელქი მარიეტა“[6]

მარიამია და არა მარიეტა. მარიამი, იესოს დედა, მარიამ ღვთისმშობელი… ხელები გაუშლია…

ქერალმა მთელი ძალები მოკრიბა, რომ ქმრისთვის ეთქვა, რა ხდებოდა. საჭესთან ხომ ბილი იჯდა. სწორედ ბილს შეეძლო, გაეგო მისთვის. გაიგო – ნიშნავს ქორწინებაში სიყვარულს.

მაგრამ ვერ შეძლო. არაფერი გამოვიდა. „ყველაზე მძიმე დღეები წინ გელის”, – თქვა ბებომ. შემდეგ სხვა ხმამ ჰკითხა ფლოიდს, რა ჯანდაბა ხდებოდა. შემდეგ თქვა: “შენი!..” შემდეგ დაიყვირა: “უხ, შენი!”

ქერალმა დახედა სპიდომეტრს და დაინახა, რომ სიჩქარეს და მანძილს კიარა, სიმაღლეს აჩვენებდა. რვა ათასი მეტრი. ეშვებოდნენ. ბილის ხმა კი ეუბნებოდა, რომ თვითმფრინავში არ უნდა დაეძინა. დაეთანხმა.

გამოჩნდა ვარდისფერი სახლი, ბუნგალოზე ოდნავ დიდი, ირგვლივ – პალმებით, მეორე მსოფლიო ომზე გადაღებულ ფილმებში ნანახს ჰგავდა. ცაში გაშლილი ტოტები მიამსგავსა სამხედრო თვითმფრინავებს. ეშვებიან დაბლა და ტყვიამფრქვევებიდან ისვრიან. ყველაფერს ცეცხლი ეკიდება. ჟურნალი, რომელიც ხელში უჭირავს, ერთბაშად ფერფლად იქცა. დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ, ვიტყვი ლოცვებში…

სახლს რომ ჩაუარეს, მოხუცმა ვერანდიდან თვალი გააყოლა. მისი პენსნეს შუშები მზის შუქზე ბზინავდა. ბილმა თეძოზე მოკიდა ხელი. უთხრა, რა უნდა ექნათ კაბის გახდასა და შორტის ჩაცმას შორის და ის დაეთანხმა… თუმცა, ფალმ ჰაუსში ვერასდროს მივიდოდნენ. ისინი ივლიდნენ ამ გზით. ამ თეთრი ქრაუნ ვიქით. ამ გზით. აწ და მარადის. ამინ.

აბრა – ფალმ ჰაუსი 3 კილომეტრში.

და კიდევ მეორე. ბილბორდი – მოწყალე დედა. უწამლეთ ფლორიდელ დავრდომილებს.

ნეტა, მას ვინ დაეხმარება?

უკვე ძალიან დაგვიანებულია, მაგრამ ამას ახლაღა მიხვდა, როგორც მზის სხივი გადაყრის ხოლმე ბინდს. შეცდომები, რაც დაუშვა ცხოვრებაში, ან – ცოდვები, თუ ეს სიტყვა უფრო მართებული გგონიათ. უფალმა იცოდა ყველა. მისმა მშობლებმაც იცოდნენ და ბებომაც. ცოდვაა აქეთ და ცოდვაა იქეთ. სადაც მედალიონი გიკიდია კერტებს შორის და ბიჭებს გაურბით ხოლმე მაქეთკენ თვალი.

წლების შემდეგ ის ქმრის გვერდით იწვა საწოლში. ძილი არ ეკარებოდა ზაფხულის ცხელ ღამეს. იცოდა, რომ გადაწყვეტილება ჰქონდა მისაღები და დრო კი იწურებოდა ისე სწრაფად, როგორც სიგარეტი დნებოდა მის თითებს შორის. გადაწყვეტილება მას უნდა მიეღო და მიიღო კიდეც. მისთვის არაფერი უთქვამს. იმიტომ, რომ არის რაღაც, რის დამალვაც სჯობს.

თავი სტკიოდა და ხელით რომ მოიქექა, სახეზე დაეფინა შავი ფანტელები. ქრაუნ ვიქის სპიდომეტრი ხუთი ათასი მეტრის სიმაღლეზე გაშეშდა და აფეთქდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ბილმა ვერ შენიშნა ეს.

საფოსტო ყუთი Grateful Dead-ის სტიკერით. პატარა შავი ძაღლი, რომელიც ციბრუტივით ტრიალებდა… ღმერთო, როგორ ექავებოდა თავი, შავი ფერის ფანტელები ცვიოდა და იქიდან დედა ტერეზა შეჰყურებდა.

საქველმოქმედო ორგანიზაცია მოწყალე დედა. დააპურეთ ფლორიდელი ღატაკნი. არ დაგვეხმარებით?

„ფლოიდ, ეს რა არის?! ოჰ, შენი!“

დაინახა კიდევ ერთი დიდი აბრა წარწერით DELTA.

– ბილ? ბილ?

მისი ხმა მოდის ახლოდან, მაგრამ მაინც სხვა სამყაროდან ჩაესმის, თითქოს:

– ღმერთო… საყვარელო, რა გაქვს თმაში?

ქერალი დასწვდა ნამწვს დედა ტერეზას გამოსახულებით და გაუწოდა კაცს, რომელსაც წლების წინ გაჰყვა ცოლად. კაცს, რომელიც მდივანტყანიად იქცა, კაცს, რომელმაც გამოიხსნა ადამიანებისგან, ვისაც მიაჩნდათ, რომ დღენიადაგ სამოთხეში იცხოვრებ, საკმარისია მხოლოდ ბევრი-ბევრი სანთელი დაანთო, ლურჯი პიჯაკი და გრძელი ქვედატანი ჩაიცვა და ღვთისმოსავ მუსიკას მოუსმინო.

ამ კაცის გვერდით იწვა ზაფხულის ღამის ხვატში, სანამ მეზობლები ზედა სართულიდან ყიდდნენ ნარკოტიკს და მთელ ხმაზე მღეროდა Iron Butterfly. ჰკითხა ბილს, რა ელით ბოლოს, როდესაც ყველაფერი დასრულდება და დაეშვება ფარდა. ბილმა მოხვია ხელი, გულში ჩაიკრა. შორიდან ისმოდა ავტომობილების ხმა. და ბილმა…

ბილს სახეზე შეადნა სათვალე და ერთი თვალი ბუდიდან ამოუვარდა პირი კი სისხლით აევსო. ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი და ჩხავილი მორთო. მასთან ერთად ყვიროდა ქერალი. დამწვარი ქაღალდი ეჭირა ხელში დედა ტერეზას გამოსახულებით და ყვიროდა. ბილის ლოყებიც ნახშირის ფერი იყო. შუბლი – წყლულებით დაფარული. კისერი კი გახლეჩოდა როგორც კუნძი სკდება სოლის ჩარჭობისას. ქერალი კიოდა და სადღაც მის კივილს აადევნა ხმა Iron Butterfly-მ.

ამ კაცის გვერდით იწვა ზაფხულის ღამის ხვატში, სანამ მეზობლები ზედა სართულიდან ყიდდნენ ნარკოტიკს და მთელ ხმაზე მღეროდა Iron Butterfly. ჰკითხა ბილს, რა ელით ბოლოს, როდესაც ყველაფერი დასრულდება და დაეშვება ფარდა. ბილმა მოხვია ხელი, გულში ჩაიკრა. შორიდან ისმოდა ავტომობილების ხმა. და ბილმა…

ბილს სახეზე შეადნა სათვალე და ერთი თვალი ბუდიდან ამოუვარდა პირი კი სისხლით აევსო. ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი და ჩხავილი მორთო. მასთან ერთად ყვიროდა ქერალი. დამწვარი ქაღალდი ეჭირა ხელში დედა ტერეზას გამოსახულებით და ყვიროდა. ბილის ლოყებიც ნახშირის ფერი იყო. შუბლი – წყლულებით დაფარული. კისერი კი გახლეჩოდა როგორც კუნძი სკდება სოლის ჩარჭობისას. ქერალი კიოდა და სადღაც მის კივილს აადევნა ხმა Iron Butterfly-მ.

– ქერალ?

ბილის ხმა შორიდან შემოესმა. ძალიან შორიდან. მისი ხელის შეხება იგრძნო, მაგრამ ეს შეხება ზრუნვით იყო სავსე და არა ვნებით.

თვალები გაახილა. ლაინერის სალონს მოავლო მზერა და ყველაფერს მიხვდა. როგორც ახლადგაღვიძებული ხვდება ხოლმე სიზმრის არსს. გაახსენდა, როგორ ჰკითხა, რა ელით ბოლოს, როდესაც ყველაფერი დასრულდება და როგორ უპასუხა ბილმა, რომ ყველას მისი საწყაოთი აეწონება. ყველა მიიღებს იმას, რისიც თავად სწამს, რომ იმსახურებს… მაგალითად, ჯერი ლი ლიუისს, თუკი სჯერა, რომ ბუგი-ვუგი ჯოჯოხეთამდე მიიყვანს, სწორედ იქ აღმოჩნდება. სამოთხისა და ჯოჯოხეთის კარს თავად ირჩევ. ან, შეიძლება, რომელიმე Grand Rapids-ის[7] კარის წინაც ამოყო თავი. ნება შენია. ან მისი, ვინც გასწავლა, რის უნდა გწამდეს. ბრწყინვალე გონების უკანასკნელი ფანდია – მარადისობა დაიმკვიდრო იქ, სადაც გსურს მისი გატარება.

– ქერალ? კარგად ხარ, პატარავ?

ბილს ხელში ეჭირა Newsweek, დედა ტერეზათი გარეკანზე. „ჩვენი დღეების წმინდანი?“

ხუთი ათასი მეტრის სიმაღლეზე მოხდება… მათაც უნდა ვუთხრა… გავაფრთხილო.

მაგრამ დეჟა ვიუ გაქრა, ისე, როგორც ყველაფერი ქრება. როგორც ქრება ზმანება. როგორც დნება ბამბის ნაყინი. რჩება მხოლოდ ნისლი და სიტკბოს შეგრძნება ბაგეზე.

– ვეშვებით? – ჰკითხა. და საკუთარი ხმა ძლივს იცნო, – უკვე?

– სწრაფია, არა? – ბილი ისეთი კმაყოფილი იყო, ვითომ თავად უჯდა შტურვალს, – ფლოიდი ამბობს, რომ ადგილზე ვიქნებით…

– ვინ? – ჰკითხა. სალონში თბილოდა, მაგრამ იგრძნო, როგორ გაეყინა თითები, – ვინ ამბობს?

– ფლოიდი… ჩვენი პილოტი. ცერა თითით კაბინის მარცხენა სავარძელზე მიანიშნა.

ღრუბლებში შესრიალდნენ და თვითმფრინავი ოდნავ შეტორტმანდა.

– ამბობს, რომ ოც წუთში ფორთ მაიერზში ვიქნებით. აი ასე, თვალის დახამხამებაში გადავსერეთ… შენ კი ფეხს ითრევდი.

ქერალს უნდოდა ეთქვა, რომ ჰქონდა გრძნობა, რომელსაც ფრანგული სახელი ჰქვია… რაღაც ვუ თუ ვა… მაგრამ მხოლოდ ის უთხრა, რომ კოშმარი ესიზმრა.

ხმოვანი სიგნალი გაისმა – პილოტმა ფლოიდმა ღვედის მანიშნებელი ჩართო. ქერალმა თავი გააქნია. სადღაც ქვემოთ მათ ელოდათ განგსტერული თეთრი მანქანა Hertz-ისგან, რომელსაც სქორსეზეს ფილმის გმირები უძახიან ქრაუნ ვიქს. შეხედა ჟურნალის გარეკანს, დედა ტერეზას სახეს და გაახსენდა, როგორ დახტოდა სახტუნაოთი ღვთისმშობლის ანგელოზთა სასწავლებლის განაპირა ეზოში.

წმინდა მარიამ განა ბევრს გთხოვ, ვიტყვი ლოცვებში, არ დატოვო ტრაკი ჩემი სალხინებელში…

ყველაზე მძიმე დღეები წინ გელის, – უთხრა ბებომ, ღვთისმშობლის მედალიონი ჩაუდო ხელში და თითებზე ჯაჭვი შემოახვია.

მძიმე დღეები გელის წინ.

©Stephen King – That Feeling, You Can Only Say What It Is in French. The New Yorker, June 1998 issue
©LV (ქართული თარგმანი, 2022)

Creative Commons License©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

(1)Roman hands and Russian fingers სახუმარო ალუზიაა გამოთქმაზე roaming hands and rushing fingers, რაც სექსუალურ შევიწროებას, არასასურველ შეხებას აღნიშნავს.

(2)საპარსი კრემის ბრენდი. ბილი გულისხმობს წარმატებულ სარეკლამო კამპანიას, როდესაც გზის გაყოლებაზე განალაგეს Burma Shave-ის ბილბორდები, ისე, რომ ყოველი მათგანი სარეკლამო სლოგანის მხოლოდ ერთ მონაკვეთს შეიცავდა. ბრენდის სარეკლამო ბილბორდები დღეს არაერთ თემატურ მუზეუმშია.

(3)Let the wild rumpus start! – ციტატა ამერიკელი მხატვრის და მწერლის მორის სენდაქის კომიქსიდან “ადგილი, სადაც მხეცები ცხოვრობენ” (Where the Wild Things Are)

(4)ჯიმი ბაფეთის სიმღერა. Margaritaville არის სასტუმრო, რესტორანი და დასასვენებელი პარკი ფლორიდაში.

(5)სუპერმარკეტების ქსელი.

(6)ფრანგი პრინცესა, ვიქთორ ჰერბერთის ოპერეტის მთავარი გმირი.

(7)სასტუმროების ქსელი.

___

ავტორის ბოლოსიტყვა:

ვფიქრობ, ეს ამბავი არის ჯოჯოხეთზე. ჯოჯოხეთის იმ ვერსიაზე, სადაც თქვენ მოგესაჯათ ერთი და იგივე საქმე აკეთოთ დაუსრულებლივ. ეგზისტენციალიზმი (მაგარი კონცეფციაა, ყოჩაღ კამიუს) ამბობს, რომ ჯოჯოხეთი სხვა ადამიანები არიან. მე კი ვფიქრობ, რომ ჯოჯოხეთი შეიძლება იყოს განმეორება.

მთარგმნელის კომენტარი:
ამ სულკატიან გენიალურ კაცს, რომელიც უკრაინის დიდი მხარდამჭერიცაა, 21 სექტემბერს 75 წელი შეუსრულდა.
ქინგის ეს მოთხრობა ძალიან მიყვარს. რაღაც იდუმალი და საზარელი ხიბლი სდევს.
ჯოჯოხეთი რომ განმეორებაა, მსგავსი აზრი ქინგმა გაიმეორა კინოსცენარში სერიალისთვის „საუკუნის ქარიშხალი“ (Storm of the Century).
სალხინებელი, კათოლიკური სწავლების თანახმად, არის ადგილი სულებისთვის, რომლებიც ჯოჯოხეთში მოხვედრას არ იმსახურებენ, მაგრამ ცოდვები ამძიმებთ სამოთხეში შესასვლელად. სალხინებელში მოხვედრილი სულები უნდა განიწმინდონ, იმისთვის რომ სამოთხემდე ამაღლება შეძლონ.

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: