აპრილი პარიზში

ურსულა ლე გუინი

პროფესორი ბარი ფენიუითერი გრილ, დაჩრდილულ სხვენში იჯდა და დაჰყურებდა მაგიდას, რომელზეც წიგნი იდო. ირგვლივ პურის ქერქი ეყარა. პური მისი ვახშამი იყო, წიგნი კი – საქმე. ორივე გამხმარი ეჩვენა. ამოისუნთქა დარდით, შემდეგ ჟრუანტელმა დაუარა. ბინები ამ ძველი სახლის ქვედა სართულებზე კეთილმოწყობილი კი იყო, მაგრამ გათბობას, რა ამინდიც უნდა ყოფილიყო გარეთ, 1 აპრილს თიშავდნენ. გათენდა 2 აპრილი. თოვლი და წვიმა ერთმანეთს ცვლიდა. მოსაღამოვდა. დოქტორ ფენიუითერს სციოდა. ოდნავ რომ აეწია თავი, ფანჯრიდან დაინახავდა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ბინდში გახვეულ ორ კოშკს, ისე ახლოს, იფიქრებდი, ხელით შეძლებდი შეხებას. პროფესორი სენ-ლუის კუნძულზე ცხოვრობდა, რომელიც პატარა კარჭაპს ჰგავს, იმ კუნძულს[1] რომ მისდგომია, სადაც ღვთისმშობლის ტაძარი აღუმართავთ. მაგრამ თავი არ აუწევია. სიცივე ძვალ-რბილში ატანდა.

კოშკები მწუხრში ჩაძირულიყო, დოქტორი ფენიუითერის სვე-ბედი კი – უკუნში. ამრეზით დაჰყურებდა თავის წიგნს. ან გამოსცემთ ან გაქრებით[2] – უთხრა ფაკულტეტის დეკანმა და ფენიუითერმა წიგნზე მუშაობა დაიწყო. ჯილდოდ ერგო ერთი წელი პარიზში, უხელფასო შვებულება უნივერსიტეტისგან (მანსონის კოლეჯი ანაზღაურებას არ უხდის ლექტორებს, რომლებიც არ ასწავლიან), პატარა ბინა სხვენში, ისე, როგორც მისი სტუდენტობის წლებში – სხვას მისი მცირე დანაზოგი ვერ გასწვდებოდა და აყვავებული წაბლის ხეების ხეივნებში სეირნობა, როცა კი ბიბლიოთეკაში, მეთხუთმეტე საუკუნის ხელნაწერებში არ იქექებოდა. წაბლს დაპენტილი ყვავილები დასცვივდება, – გაიფიქრა. უკვე ორმოცი წლის იყო და სხვენში მარტოობისთვის მეტისმეტად ხანდაზმულად გრძნობდა თავს. საქმემაც თავი მოაბეზრა. ან ვის ანაღვლებს მეთხუთმეტე საუკუნის პოეტის, ფრანსუა ვიიონის იდუმალი გაუჩინარება, რასაც იკვლევდა? მითუმეტეს, რომ მისი თეორია ვიიონის, ყველა დროის უდიდესი ახალგაზრდა ავაზაკის შესახებ, მხოლოდ თეორიაა და ვერც ვერასდროს დაამტკიცებს. ისე, როგორც ხუთასი წლის მანძილზე ვერვინ ვერაფერი დაადასტურა. რა მნიშვნელობა აქვს, 1463 წელს მონფოკონში ჩამოახრჩვეს (როგორც ფენიუითერი ფიქრობდა) თუ იტალიისკენ მიმავალ გზაზე ლიონის ბორდელში ამოხდა სული[3]? ვინ რად აგდებს? ვიიონი მასავით არვის უყვარდა. არვის უყვარდა დოქტორი ფენიუითერიც. თავად ფენიუითერსაც ეზიზღებოდა საკუთარი თავი. უკარება. უხიაგი. არც ოჯახი. არც საკმარისი ანაზღაურება. კირკიტა და მეწვრილმანე. ზის გაყინულ სხვენში, ბათქაშით შელესილ კედლებში და წერს წიგნს, რომელსაც მაინც არვინ წაიკითხავს.

– ლანდებს დავდევ, – თქვა ხმამაღლა და ოხვრა ამოაყოლა. ისევ დაუარა თრთოლამ. ადგა, საწოლზე საბანს დასწვდა და ტანზე შემოიხვია. ასე შეფუთული დაბრუნდა მაგიდასთან და „გოლუაზ ბლუს“ მოკიდება სცადა, მაგრამ სანთებელამ მხოლოდ ნაპერწკლები გაყარა უხალისოდ. – ოჰჰჰჰ, – ადგა, ქილას მოხსნა თავი და სანთებელა შეავსო. მოუხერხებლად. ცოტა ბენზინი გადაესხა კიდეც და ძირს დაეღვარა. ირგვლივ მყრალი სუნი დადგა. ხელახლა გაკრა სანთებელას. ამჯერად კარგად აინთო, მეტისმეტად კარგადაც კი – ალი დოქტორი ფენიუითერის ტანსაცმელზე გადასკუპდა, – ჯანდაბა! – შეჰყვირა და ხტომასა და ხელების ცემას მოჰყვა. თან თავ-ბედს იწყევლიდა. სულ ასე უკუღმა რატომ მიდის ყველაფერი? ან მის გარჯას რა ხეირი მოაქვს? 1961 წლის 2 აპრილი იყო. 8 საათი და 12 წუთი.

გაზაფხულის ცივი საღამო იყო. გაყინულ ოთახში, მაგიდასთან იჯდა მამაკაცი. წელში მოხრილი. ფანჯრისკენ ზურგით. მოჩანდა ნოტრ-დამის ორი მაღალი კოშკი. მაგიდაზე იდო ყველის ნაჭერი და სქელტანიანი, ვეებერთელა ხელნაწერი წიგნი, ლითონით შეჭედილ ყდაში. წიგნს ლათინურად ერქვა – „ცეცხლის ელემენტის პირველობა სხვა სამ ელემენტთან შედარებით“. ავტორი ზიზღით დაჰყურებდა. იქვე, ღუმელზე პატარა გამოსახდელი ქვაბი შემოედოთ. დუღდა. ჟეან ლენუარი დროდადრო სკამს ღუმლისკენ აჩოჩებდა – გასათბობად, თუმცა მისი ფიქრები იმ დროს სხვაგან ტრიალებდა: – დასწყევლოს! – თქვა ბოლოს (გვიანი შუა საუკუნეების ფრანგულ ენაზე), წიგნი ხმაურით დახურა და ფეხზე წამოდგა. რა მოხდება, მისი თეორია თუ მცდარი გამოდგება? როგორ გინდა, დაამტკიცო? ეგებ, წყალია საწყისი ელემენტი? უნდა არსებობდეს რაიმე ხერხი, რაღაც გზა, იმისთვის, რომ დარწმუნდეს, სრულიად დარწმუნდეს, რომ მართალია. მაგრამ ერთი ცოდნა სხვა ცოდნას ეჯახება. ისეთი გორგალია, თავი და ბოლო არ უჩანს. სწავლული კაცები დაუპირისპირდებიან… ან ვინ მოცდება მისი წიგნის წასაკითხად? თუნდაც სორბონელი მწიგნობარნი. მის კვლევას ხომ ერესის სუნი ასდის. უსარგებლო კვლევა! რა მოუტანა? სიღარიბესა და მარტოობაში გატარებული წლები… მთელი ცხოვრება. რა შეისწავლა? მხოლოდ გუმანს მიჰყვა და რაღაც თეორია გამოთქვა. გულმოსული ბოლთის ცემას მოჰყვა პატარა სხვენში. ანაზდად შეჩერდა. – რაც არის – არის! – შესძახა ბედისწერას, – არაფერი მომეცი, ამიტომ თავად ავიღებ იმას, რაც მსურს! მივიდა წიგნების ერთ დასტასთან, რომელიც პირდაპირ იატაკზე დაეხვავებინა და ქვედა ტომს დასწვდა, ძალუმად მოქაჩა (კანი დაესერა და კოჭი ჩაულურჯდა, რაკი ზემოდან შემოწყობილი ფოლიანტები დაეყარა ზედ, მაგრამ აინუნშიც არ ჩააგდო), მაგიდაზე დააგდო, გადაშალა და ფურცლებში ჩარგო თავი. შემდეგ მომზადება დაიწყო: გოგირდი, ვერცხლი, ცარცი, სახეზე გამომწვევი ღიმილი დასთამაშებდა. ოთახში ყველგან მტვერი და ჭუჭყი იყო, მაგრამ პატარა სამუშაო მაგიდა მშვენივრად ჰქონდა მოწყობილი – ყველაფერი საჭირო კოხტად ჩამწკრივებული. მალე გაამზადა. დახედა და ჩაიბურტყუნა: – ეს ხომ სასაცილოა! -ფანჯარას გახედა. ბინდს თითქმის სრულად შეეჭამა ტაძრის კოშკები. ღამის გუშაგმა გაიარა და ხმამაღლა შესძახა დრო: რვა საათია! ისეთი მშვიდი საღამო იყო, რომ სენის დუდუნი ესმოდა. – რაც არის, არის, – მხრები აიწურა, წარბები შეჰყარა, აიღო ცარცი და იატაკზე პენტაგრამა გამოსახა. დასწვდა წიგნს და გამოთქმით, მაგრამ ოდნავ შემკრთალი ხმით დაიწყო კითხვა: „Haere, haere, audi me…”[4]. გრძელი შელოცვა იყო. მეტწილად – აბდაუბდა. უცაბედად გულს შემოეყარა და, თითქოს, შერცხვა კიდეც. ბოლო სიტყვები სწრაფ-სწრაფად ამოთქვა და დახურა წიგნი. თავი აიღო და შეშინებული კარს აეკრა ზურგით. პირი დააღო, თვალები კი, ლამის, უბეებიდან ამოუცვივდა. პენტაგრამაში ვეებერთელა, ტალღოვანი სხეული მოჩანდა. გამალებით იქნევდა ალმოდებულ და ლურჯად მოციმციმე კლანჭებს.

ბარი ფენიუითერმა როგორც ქნა, მოახერხა და ცეცხლი ჩააქრო. ხელები საბნის ნაკეცებში ჩამალა, ტანზე რომ ჰქონდა შემოხვეული. არ დამწვარა, მაგრამ ამდენი უიღბლობით ძალიან გულგატეხილი იყო. თავის ნაშრომს დახედა და თვალებს არ დაუჯერა – არსად იყო თხელი წიგნი ნაცრისფერ ყდაში სახელად „ვიიონის ბოლო წლები: მისი ბედის გამოკვლევა“, მაგიერ ხელთ შერჩა სქელტანიანი ხელნაწერი ყავისფერ ყდაში და წარწერით Incantatoria Magna[5]. 1407 წლის ფასდაუდებელი გამოცემა, რომლის ერთადერთი შემორჩენილი ეგზემპლარი მილანის ბიბლიოთეკა ამბროზიანაში ინახებოდა. მის მაგიდაზე დევს! ფენიუითერი პირდაფჩენილი მიშტერებოდა. შემდეგ თავი ასწია და ფრთხილად მიმოიხედა. ღუმელი, სამუშაო მაგიდა, ქიმიკოსის ხელსაწყოები, ორი-სამი ათეული დაუჯერებელი ფოლიანტის გროვა… ფანჯარა, კარი – ნამდვილად მისია. მაგრამ კართან პატარა არსებაა ატუზული, შავი, გაუგებარი გარშემოწერილობისა. კარს ეკვრის და უცხო რაკარუკი გაუდის.

ბარი ფენიუითერი სიმამაცით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ გონიერებას ვერ დაუწუნებდით. იფიქრა, რომ შეიშალა და უთხრა, როგორც შეეძლო მხნედ და მკაცრად:

– თქვენ ეშმაკი ხართ?

არსება აწრიალდა და ჟრუანტელმა დაუარა.

პროფესორმა გაიხედა იქეთ, სადაც ბინდში ჩაძირული ღვთისმშობლის ტაძარი ეგულებოდა და პირჯვარი გადაიწერა.

ამის დანახვაზე არსება შეირხა, მაგრამ არ გამქრალა და უცებ ამოიდგა ენა. მიბნედილი ხმით, ძლივს გასაგონად მაგრამ კარგი ინგლისურით… თუმცა, არა, შესანიშნავი ფრანგულით… – თუმცა, არა – საკმაოდ უცნაური ფრანგულით ჰკითხა:

– Mais vous estes de Dieu[6].

ფენიუითერი ფეხზე წამოდგა და კარგად დააკვირდა.

– ვინ ხართ?

სტუმარმა თავი ასწია. ადამიანს ჰგავდა.

– ჟეან ლენუარი.

– ჩემს ოთახში რას აკეთებთ?

აქ დუმილი ჩამოწვა. ლენუარი მუხლებიდან წამოდგა – ტანმორჩილი ჩანდა. თურმე, მასაც ორი ხელი და ორი ფეხი ჰქონდა.

– ეს ჩემი ოთახია, – უთხრა მტკიცედ, მაგრამ თავაზიანად.

დოქტორმა ფენიუითერმა ხელახლა მიმოათვალიერა წიგნები, სინჯარები, გამოსახდელი ქვაბი და დუმილის შემდეგ ჰკითხა:

– მაშ, მე როგორ მოვხვდი აქ?

– მე გამოგიძახეთ.

– მეცნიერი ხართ?

ლენუარი ანაზდად შეიცვალა, ამაყად გაიმართა წელში და თავი დაუქნია.

– დიახ, მეცნიერი ვარ, – უთხრა, – მე გამოგიძახეთ. თუ ბუნება არ გამანდობს ცოდნას, რაც მჭირდება, თავად შემწევს ძალა, დავიმორჩილო, სასწაული მოვახდინო! მეცნიერების გამო შემიძლია შევეკრა ეშმაკს… დიახ, მე მეცნიერი ვიყავი, მაგრამ ახლა აღარ ვარ – ისინი სულელს მეძახიან, ერეტიკოსს, მაგრამ მე უფრო მეტი ვარ! დღეიდან მე ვარ ჯადოქარი, შავი ჯადოქარი, ჟეან შავი! თუკი მაგია მუშაობს, მაშინ მეცნიერება წყლის ნაყვა ყოფილა. ჰე! – შესძახა, მაგრამ დიდად გახარებულს არა ჰგავდა, – ვისურვებდი, არ ემუშავა, – დაამატა ჩუმად. და ოთახში სიარულს მოჰყვა. ძირს დაყრილ წიგნებს უვლიდა გვერდს.

– მეც ასე, – უთხრა ფენიუითერმა.

– თქვენ ვინღა ხართ? – ლენუარმა თვალი თვალში გაუყარა, თუმცა ბარი ფენიუითერი თითქმის მთელი თავით მაღალი იყო და ზემოდან დაჰყურებდა.

– მე ვარ ბარი ფენიუითერი, ფრანგული ენის პროფესორი მანსონის კოლეჯში, ინდიანიდან. პარიზში სამეცნიერო შვებულებაში ვიმყოფები, იმისთვის, რომ გვიანი შუასაუკუნეების ფაკულტეტზე… – ანაზდად შეჩერდა. მიხვდა, თუ საიდან ეცნო ლენუარის ლაპარაკი… – რომელი წელია? რომელი საუკუნე?

ფრანგი შეცბუნებული ჩანდა. დროთა განმავლობაში, სიტყვების მნიშვნელობა იცვლება, ისე, როგორც მათი გამოთქმა.

– გთხოვთ, დოქტორო ლენუარ, მიპასუხეთ… ვინ მართავს ამ ქვეყანას? – თითქმის შეჰყვირა ბარიმ.

ლენუარმა მხრები აიჩეჩა, ზუსტად ისე, როგორც ფრანგებმა იციან ხოლმე (მართლაც, ზოგი რამ მარადიულია და არ სდევს ჟამთა ცვლას).

– ლუი მეფობს, უთხრა, – ლუი მეთერთმეტე… ამაზრზენი ბებერი ობობა…

ცოტა ხანს იდგნენ გახევებულნი და ერთმანეთს შეჰყურებდნენ. პირველი ისევ ლენუარი გამოერკვა:

– მოიცადეთ… აბა, თქვენც ადამიანი ხართ?

– ცხადია, ადამიანი ვარ… ლენუარ, მგონი, თქვენ… თქვენმა შელოცვამ, რაღაც ისე ვერ ქნა…

– მგონი, ეგრეა, – დაეთანხმა ალქიმიკოსი, – ფრანგი ხართ?

– არა.

– ინგლისელი? – ლენუარმა ავად გახედა, – ჯანდაბა, ის წყეული…

– არა, არა… ამერიკიდან ვარ… მომავლიდან… მეოცე საუკუნიდან.

ბარის სახეზე ალმური მოედო. მიხვდა, როგორ სულელურად ჟღერდა მისი ნათქვამი, ის კი ძალიან მოკრძალებული კაცი იყო… მაგრამ ახლა ნამდვილად იცოდა, რომ არაფერი ეჩვენებოდა – ოთახი, რომელშიც იმყოფებოდა, მისი ოთახი იყო, მაგრამ ბევრად ახალაშენებულს ჰგავდა. კედლებს ჯერ არ დასტყობოდა ხუთი საუკუნის სიმძიმე. ეგერ, ალბერტ დიდი წიგნი, სულ ახალი აკინძული, ხბოს რბილი ტყავის, ოქროს მბზინავი ასოებით. აქეთ ლენუარი, შავ გრძელ ხალათში და არა პიჯაკში… აშკარად ეტყობა, რომ სახლშია.

– დაბრძანდით, ბატონო, – უთხრა ლენუარმა და იმ ღარიბი მეცნიერის თავაზიანობით (რომელსაც ცოდნისა და აღზრდის გარდა, სულს უკან არაფერი აბადია) დასძინა, – უთუოდ, დაღლილი იქნებით მოგზაურობით. მე მაქვს პური და ყველი, თუ პატივს დამდებთ…

სუფრასთან დასხდნენ და პურსა და ყველს შეექცნენ. ლენუარი ცდილობდა, აეხსნა, რატომ სცადა შავი მაგია.

– დავიღალე, – უთხრა, – მომბეზრდა. ოცი წლის ასაკიდან მარტოობაში ვარ. რისთვის? ცოდნისთვის. მსურდა, ბუნების საიდუმლოებები ამომეხსნა, მაგრამ მათი შეცნობა შეუძლებელია.

გულმოსულმა აიღო დანა და მაგიდის ზედაპირს დაჰკრა. დაასო. ფენიუითერი მოულოდნელობისგან შეხტა კიდეც. დოქტორი ლენუარი სუსტი აღნაგობის, ჩია კაცი იყო, მაგრამ პირთამდე ვნებით აღვსილი. ლამაზი პირ-სახე ჰქონდა, თუმცა, მეტისმეტად ფერმკრთალი და გამხდარი. ცოცხალი, გონიერი თვალებით ატომური ფიზიკის ცნობილ მეცნიერსა ჰგავდა, რომლის პორტრეტებსაც ხშირად ნახავდით 50-იანების გაზეთებში. სწორედ ამ მსგავსების გამო თუ იყო, პროფესორმა ფენიუითერმა რომ უთხრა:

– ზოგი საიდუმლოს ამოხსნა შეიძლება, ლენუარ, ჩვენ ვისწავლეთ რაღაც, ზოგი – აქ და ზოგიც – იქ…

– რა? – ჰკითხა ალქიმიკოსმა. ეჭვით, მაგრამ ცნობისმოყვარედ.

– მე მაგ დარგის მეცნიერი არ ვარ.

– ოქროს მიღება შეძელით? – ჰკითხა, თან, თავადვე გააცინა მისმა შეკითხვამ.

– არა მგონია… მაგრამ ალმასებს ამზადებენ.

– როგორ?

– ნახშირბადისგან… ნახშირისგან, მაღალი მხურვალებისა და წნევის ქვეშ… რაღაც ეგრე. ქვანახშირი და ალმასი ორივე ნახშირბადია – ერთი და იგივე ელემენტი.

– ელემენტი?

– როგორც გითხარი, მე არ ვარ…

– საწყისი ელემენტი რომელია?- შესძახა ლენუარმა და დანის ტარს წაავლო ხელი. აღელვებული ჩანდა და თვალებში ცეცხლი ჩასდგომოდა.

– ასამდე ელემენტია, – უთხრა ბარიმ ცივად და სცადა, შიში არ გაეთქვა.

ორი საათის შემდეგ, როცა კოლეჯის ქიმიის კურსიდან შემორჩენილი ცოდნა სრულად გამოსწურა სტუმარს, ლენუარი გავარდა სადღაც, გარეთ და, გვიანი ღამის მიუხედავად, მალევე ბოთლით დაბრუნდა.

– ჩემო ბატონო, – შესძახა აღტყინებით, – მე კი, მხოლოდ პური და ყველი შემოგთავაზეთ!

ეს იყო არაჩვეულებრივი, 1477 წლის ბურგუნდიული ღვინო. მას შემდეგ, რაც ჭიქები მიუჭახუნეს და გამოცალეს, ლენუარმა უთხრა:

– თუ რამით შემიძლია, გადაგიხადოთ…

– ვფიქრობ, შეგიძლია… პოეტ ფრანსუა ვიიონის სახელი თუ გაგიგონიათ?

ლენუარი გაკვირვებული ჩანდა:

– დიახ, მაგრამ მას მხოლოდ ფრანგულად დაწერილი გამოუსადეგარი ნაგავი დარჩა… ლათინურად არა წერდა.

– თუ იცით, როგორ ან როდის გარდაიცვალა?

– მონფოკონში ჩამოახრჩვეს 64 თუ 65 წელს, მისნაირ ავაზაკებთან ერთად. რატომ მეკითხებით?

ორი საათის შემდეგ ბოთლი გამოცლილი იყო და ყელი ლაპარაკით გამომშრალი. გარეთ ციოდა და ღამის გუშაგმა სამი საათის დადგომა ამცნო.

– ჟეან, არაქათი აღარ მაქვს, – უთხრა ბარიმ, – სჯობს უკან დამაბრუნო.

ალქიმიკოსი მეტისმეტად თავაზიანი, მეტისმეტად მადლიერი და, შესაძლოა, ძალიან დაღლილი იყო, ამიტომ თავპატიჟი არ დაუწყია. მაღალი, ახმახი ფიგურა, ყავისფერ საბანში გამოხვეული და „გოლუაზით“ ხელში პენტაგრამაში ჩადგა.

– მშვიდობით, – სევდიანად დაემშვიდობა ლენუარი.

– Au revoir, – უთხრა ფენიუითერმა.

ლენუარმა შელოცვის უკუღმა კითხვა დაიწყო. სანთლის ალი ცეკვას მოჰყვა.

– ” Me audi, haere, haere “, წაიკითხა და ბოლო სიტყვებს ოხვრაც ამოაყოლა. ასწია თავი. პენტაგრამა ცარიელი იყო.

– მაგრამ მე ხომ ასე ცოტა რომ ვისწავლე! – გასძახა ფრანგმა ცარიელ ოთახს. შემდეგ გადაშლილ წიგნს მჯიღი დასცხო და თქვა, – მეგობარი… ნამდვილი მეგობარი!

მოუკიდა ბარის დატოვებულ სიგარეტს და გააბოლა. თამბაქო ძალიან მოეწონა და უმალ მიეჩვია. შემდეგ მაგიდაზე ჩამოდო თავი და ასე ჩაიძინა. რამდენიმე საათის შემდეგ გაეღვიძა, ცოტა ხანი გაუნძრევლად იჯდა. სანთელი აანთო, მეორე სიგარეტს მოუკიდა. შელოცვების წიგნი გადაშალა და „Haere, haere…” ამოთქვა ხმამაღლა.

– მადლობა ღმერთს! – შესძახა ბარიმ, სწრაფად გამოვიდა პენტაგრამიდან და ლენუარს ჩასჭიდა ხელი, – ყური მიგდე, იქ რომ დამაბრუნე – ჩემს ოთახში, ამ ოთახში, ჟეან! მაგრამ ისეთი ძველი, მიტოვებული და ცარიელი მეჩვენა… იქ არ იყავი და ასე ვუთხარი საკუთარ თავს: ღმერთო, ეს რა გავაკეთე? სულს გავყიდი, ოღონდ უკან დავბრუნდე, მასთან – რა თავში ვიხლი, რაც გავიგე? ვის ვეტყვი? ვინ დამიჯერებს? როგორ დავამტკიცებ? მით უფრო, რომ დარდიც არვის აქვს… ვერაფრით დავიძინე – ვიჯექი ასე და მოვთქვამდი…

– აქ დარჩები?

– კი… აი, გავემზადე კიდეც… იმ შემთხვევისთვის, თუ ისევ გამომიძახებდი და ოდნავ დარცხვენილმა უჩვენა რვა შეკვრა „გოლუზი“, რამდენიმე წიგნი და ოქროს საათი, – ამის გაყიდვა შეიძლება, – უთხრა, – ქაღალდის ფრანკებს, ვიცი, გასავალი არ ექნებათ.

დაბეჭდილი წიგნების დანახვაზე ლენუარს ცნობისმოყვარეობისგან თვალები გაუბრწყინდა, მაგრამ არ შეიმჩნია და არ განძრეულა.

– მეგობარო, – უთხრა, – შენ თქვი, რომ სულს გაყიდდი… მეც მზად ვიყავი, ჩემი გამეყიდა, მაგრამ არ დაგვჭირდა. როგორ მოხდა არ ვიცი, მაგრამ ორივენი ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. არა ეშმაკს მიყიდულნი. არც რამ გარიგება დაგვიდია და არც სისხლით მოგვიწერია ხელი. ორი მამაკაცი, ორივენი ვცხოვრობდით ამ ოთახში…

– მაგ გამოცანის ამოხსნა არც მე მაქვს, – მიუხვდა კითხვას პროფესორი ფენიუითერი, – მოგვიანებით ვნახოთ… ახლა, ეს მითხარი – შემიძლია, შენთან დავრჩე, ჟეან?

– იგრძენი თავი, როგორც საკუთარ სახლში, – უთხრა დოქტორმა ლენუარმა. ხელი ფართოდ გაშალა და მოავლო ოთახს.

სანთლის მკრთალ შუქზე მოჩანდა წიგნების დასტა იატაკზე, ბუხარზე – გამოსახდელი ქვაბი, ფანჯრის მიღმა კი, თალხით შებურულ გარიჟრაჟში, აღმართულიყო ნოტრ დამის ორი მაღალი კოშკი. 3 აპრილი თენდებოდა.

მწირი საუზმის შემდეგ (ყველის ქერქები – პურის ქერქებზე) ქუჩაში გავიდნენ და სამხრეთის კოშკზე ავიდნენ. ტაძარი ზუსტად ისეთი იყო, როგორც 1961 წელს, თუმცა – უფრო სუფთა, მაგრამ ეგ არაფერი – ფენიუითერი პარიზის ხედმა განაცვიფრა. ზემოდან დაჰყურებდა პაწაწკინტელა ქალაქს, სახლებით დაფარულ ორ კუნძულს: გალავანში მოქცეულ მარჯვენა სანაპიროს, მარცხენა ნაპირზე კი სორბონას ირგვლივ მიხვეულ-მოხვეულ რამდენიმე ქუჩას – ეს იყო სულ. გარგულიებს შორის, მზისგან შემთბარ ქვაზე დაგოგმანებდნენ მტრედები. ლენუარს ქალაქის ეს ხედი მრავალჯერ ენახა. ახლა საქმით იყო დაკავებული – მოაჯირზე კვეთდა თარიღს (ცხადია, რომაული ციფრებით).

– უნდა აღვნიშნოთ, – უთხრა, – სოფელში გავიდეთ, ორი წელია ქალაქიდან ფეხი არ გამიდგამს. აი, იქეთ, – და ნისლიანი მწვანე გორაკისკენ გაიშვირა ხელი, სადაც რამდენიმე ქოხი და ქარის წისქვილი მოჩანდა ლანდივით, – ამბობენ, მონმარტრზე კარგი ღვინის დუქნებია.

ბარი ფენიუითერი მალე გაშინაურდა. თავიდან ცოტა ღელავდა ხალხმრავალ ქუჩებში, მაგრამ ლენუარმა შავი მოსასხამი მოუძებნა და სხვებისგან უკვე ბევრი ვერაფრით გამოარჩევდით – მხოლოდ სიმაღლით. ასეთი ახმახი მეთხუთმეტე საუკუნის საფრანგეთში სხვა, ალბათ, არვინ დაიარებოდა.

ცხოვრება ისეთი კეთილმოწყობილი ვერ იყო და ტილებსაც ძნელად დაუსხლტებოდი, მაგრამ ფენიუითერი კომფორტს არასოდეს დაგიდევდათ, ეგაა მხოლოდ, ყავა ენატრებოდა, მეტადრე – საუზმეზე. როდესაც საწოლი და სამართებელი შეიძინეს (საკუთარი მეოცე საუკუნეში დაავიწყდა) ლენუარმა სტუმარი სახლის მფლობელს წარუდგინა, როგორც ბატონი ბარი, ბიძაშვილი ოვერნიდან. ამით აუცილებელი ცერემონია დასრულდა. საათი ილირიელი ოსტატების ნამუშევრად გაასაღეს და მართლაც სარფიანად გაყიდეს – ოთხ ოქროდ, რაც მთელი წელი გაატანინებდა თავს. მყიდველი კამერჰერი იყო, მეფისთვის საჩუქარს ეძებდა და ისე მოიხიბლა, წარწერამაც – Hamilton Bros., New Haven, 1881 არ დააეჭვა. სამწუხაროდ, ძღვენის მიერთმევა ვერ მოასწრო, მეფე ლუის მრისხანება დაატყდა თავს და შერისხულ კარისკაცთა გალიაში აღმოჩნდა ტურის სასახლეში… საათი, შეიძლება, დღესაც იქ იყოს, პლესის ნანგრევებში[7], თუმცა, ჩვენი ორი მეცნიერის თავგადასავლისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

ცხოვრება დიდად კეთილმოწყობილი ვერ იყო და ტილებსაც ძნელად დაუსხლტებოდი, მაგრამ ფენიუითერი კომფორტს არასოდეს დაგიდევდათ, ეგაა მხოლოდ, ყავა ენატრებოდა, მეტადრე – საუზმეზე. როდესაც საწოლი და სამართებელი შეიძინეს (საკუთარი მეოცე საუკუნეში დაავიწყდა) ლენუარმა სტუმარი სახლის მფლობელს წარუდგინა, როგორც ბატონი ბარი, ბიძაშვილი ოვერნიდან. ამით აუცილებელი ცერემონია დასრულდა. საათი ილირიელი ოსტატების ნამუშევრად გაასაღეს და მართლაც სარფიანად გაყიდეს – ოთხ ოქროდ, რაც მთელი წელი გაატანინებდა თავს. მყიდველი კამერჰერი იყო, მეფისთვის საჩუქარს ეძებდა და ისე მოიხიბლა, წარწერამაც – Hamilton Bros., New Haven, 1881 არ დააეჭვა. სამწუხაროდ, ძღვენის მიერთმევა ვერ მოასწრო, მეფე ლუის მრისხანება დაატყდა თავს და შერისხულ კარისკაცთა გალიაში აღმოჩნდა ტურის სასახლეში… საათი, შეიძლება, დღესაც იქ იყოს, პლესის ნანგრევებში[7], თუმცა, ჩვენი ორი მეცნიერის თავგადასავლისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

დილით სეირნობდნენ, ტკბებოდნენ ბასტილიისა და ეკლესიათა ხედებით ან სტუმრობდნენ სხვადასხვა, არცთუ სახელოვან პოეტებს, რომელთა ამბავიც ფენიუითერს აინტერესებდა. სადილის შემდეგ კი ელექტროენერგიას, ატომის თეორიას, ფიზიოლოგიას და სხვა მეცნიერებებს განიხილავდნენ, როგორც სურდა ლენუარს. კიდევ სხვადასხვა ქიმიურ და ანატომიურ ცდებს ატარებდნენ, მეტწილად – წარუმატებელს. ვახშმის შემდეგ ლაპარაკობდნენ დაუსრულებლად, ათას რამეზე. მათი საუბარი სწვდებოდა საუკუნეებს, მაგრამ მაინც ამ პატარა, დაჩრდილულ ოთახს დასტრიალებდა, სადაც ღია სარკმლიდან შემოდიოდა გაზაფხულის სურნელი და ორი მამაკაცი ლაპარაკობდა მეგობრობაზე. ორმა სულ ორმა კვირამ განვლო, მათ კი, თითქოს, მთელი ცხოვრება გაატარეს ერთად. ბედნიერები იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ესმოდათ – ერთმანეთისგან შეძენილ ცოდნას ვერც სხვას გაუზიარებდნენ, ვერც – ვერსად გამოიყენებდნენ. როგორ დაასაბუთებდა ბარი ფენიუითერი 1961 წელს ძველი პარიზის საიდუმლოებებს. ან ჟეან ლენუარი 1482 წელს ახალი მეცნიერული კვლევის ჭეშმარიტებას? არც ანაღვლებდათ. სხვისთვის სათქმელად არ იღვწოდნენ, მხოლოდ – სწავლის მიღების ჟინით.

ისინი, ალბათ, ცხოვრებაში პირველად იყვნენ ბედნიერები. იმდენად ბედნიერები, რომ ნელ-ნელა მათში გაიღვიძა სურვილებმა, რომლებიც ადრე ცოდნის დაუფლების სიმძიმის ქვეშ იყო დამარხული.

– ასე მგონია, – უთხრა ბარიმ ერთ ღამეს, ჩვეულებისამებრ, მაგიდას რომ უსხდნენ, – დაქორწინებაზე არასდროს გიფიქრია…

– მე ხომ, – უპასუხა მეგობარმა და შეფიქრიანდა, – სასულიერო წოდებისა ვარ… შეუსაბამო რამაა…

– და ძალიან ხარჯიანიც, – დასძინა ფენიუითერმა, – ჩემს დროში თავმოყვარე ქალს არ ხიბლავს მოკრძალებული ცხოვრება… ამერიკელი ქალები ისეთი მიზანმიმართული, დაუცხრომელი და მომხიბვლელი არსებები არიან… მეტისმეტად საშიშნი…

– ჩემი დროის ქალები კი დაჩამიჩებულები და შავები არიან, როგორც ხოჭოები… – უთხრა ლენუარმა და უხერხულად შეიშმუშნა, – არც კბილები უვარგათ…

იმ ღამით ეს საუბარი აღარ გაუგრძელებიათ, მაგრამ დაუბრუნდნენ მეორე დღეს და მესამე დღეს და კიდევ შემდეგ, როდესაც ბაყაყის წარმატებული გაკვეთისა და ნერვული სისტემის საფუძვლიანი გამოკვლევის აღსანიშნად, უკვე ორი ბოთლი 1474 წლის მონტრაშე გამოცალეს. ბარიმ ნამთვრალევი ხმა ჩაიწმინდა, გარგულიასავით გაიცინა და უთხრა:

– მოდი, ქალი გამოვიძახოთ, ჟეან.

– კი მაგრამ, ამ ჯერზე მართლა ეშმაკი რომ დაგვადგეს თავს? – ჰკითხა ლენუარმა.

– ბევრი არაფრით განსხვავდება.

ველურებივით ახარხარდნენ. დახატეს პენტაგრამა. “Haere, haere,” – წარმოთქვა ალქიმიკოსმა, მაგრამ სლოკინი აუვარდა, წიგნი ფენიუითერმა გამოართვა და შელოცვა დაასრულა.

პენტაგრამიდან სუსხიანმა ქარმა დაუბერა და ჭაობის სუნი მოიტანა. იდგა ველური არსება გრძელი, შავი დალალებით, შიშველი, ყვიროდა და თვალებს აბრიალებდა.

– ქალია, ღმერთო ჩემო… – შესძახა ბარიმ.

– არის კი?

კი. ნამდვილად ქალი იყო.

– გამომართვი მოსასხამი, – უთხრა პროფესორმა ფენიუითერმა, რადგან საბრალო პენტაგრამაში იდგა და შიშისა და სიცივისგან კანკალებდა.

ლაბადა მხრებზე მოახურა, ქალმა კი კალთები ტანზე შემოიხვია და ძლივს ამოილუღლუღა:

– Gratias ago, domine[8].

– ლათინური! – შეჰყვირა ლენუარმა, – ქალი, რომელიც ლათინურად ლაპარაკობს?

ბარი ვერ გეტყოდათ, ვინ უფრო განცვიფრებული იყო ახლა – ალქიმიკოსი თუ ქალი, რომელიც ჩრდილოეთ გალიის რომაელი სუბ-პრეფექტის მონა აღმოჩნდა, სახელად ბოტა. პატარა კუნძულიდან, სადაც მდებარეობდა ქალაქი ლუტეცია და გზები კი ტალახით იყო დაფარული. ლათინურად ლაპარაკობდა, თუმცა კელტური კილო-თქმით და ისიც არ იცოდა, ვინ იჯდა რომის იმპერიის ტახტზე მის დროს.

– ნამდვილი ბარბაროსია, რა უნდა მოსთხოვო, – ჩაიცინა ლენუარმა.

მართლაც ასეთი იყო – უსწავლელი, გულჩათხრობილი, ჩუმი ბარბაროსი, დაწნული დალალებით, თეთრი კანითა და ნათელი, ნაცრისფერი თვალებით. ღრმა ძილს გამოსტაცეს და კარგა ხანს ეგონა, რომ ისევ სიზმარში იყო. შემდეგ, ჩანს, გადაწყვიტა, მისი ყოვლისშემძლე ბატონის ბოროტი ოინის მსხვერპლი გახდა და ბედს დამორჩილდა.

– თქვენ უნდა გემსახუროთ, ჩემო ბატონებო? – სხვა არც არაფერი უკითხავს და დამფრთხალი, თუმცა შუბლგახსნილი ხან ერთს შეჰყურებდა, ხან – მეორეს.

– მე – არა, – თავი გაიქნია ლენუარმა და ფრანგულად უთხრა ბარის, – შენ დაელაპარაკე, მე წავალ, სათავსოში წამოვწვები, – და წავიდა.

ბოტამ ფენიუითერს შეხედა. ასეთი გასაოცრად მაღალი ადამიანი არ ენახა – არც გალი არც – რომაელი. და არც არვინ ელაპარაკებოდა მას ასე ტკბილად, დაყვავებით.

– შენი ჭრაქი (სინამდვილეში სანთელი იყო, მაგრამ სანთელი არასდროს ენახა) თითქმის ჩაიწვა, გსურს ჩავაქრო? – ჰკითხა.

წელიწადში ორი მონეტის საფასურად, საკუჭნაო მეორე საძინებლად იქირავეს. დიდი ოთახში ლენუარს ეძინა მარტოს და მისი მეგობრის ბედნიერებას უსიხარულოდ, თუმცა კი ეჭვიანობის გარეშე ადევნებდა თვალს. პროფესორსა და მონას ერთმანეთი წრფელი, ნაზი ვნებით შეუყვარდათ. მათი გრძნობების სიმხურვალეში ჩაიძირა სხვენი და თავად ლენუარიც. აქამდე ბოტას ყოველთვის სასტიკად ეპყრობოდნენ, მასში ხედავდნენ ქალს, მაგრამ არა – ადამიანს. ახლა, თითქოს, ხელახლა დაიბადა, გაცოცხლდა, აყვავდა და გაიფურჩქნა. კდემის საფარქვეშ, თურმე, მხიარული და გონიერი ბუნება იმალებოდა.

ერთხელაც, ლენუარმა გაიგონა (სხვენის კედლები თხელი იყო) როგორ უთხრა ბოტას ბარიმ:

– თანდათანობით რიგით პარიზელს ემგვანები.

და ხმაში საყვედური გამოერია.

ქალმა უპასუხა:

– რომ იცოდე, რას ნიშნავს ჩემთვის არ ვიმალებოდე, არ მეშინოდეს, არ ვიყო მარტო…

ლენუარი საწოლზე წამოჯდა. ერთხანს სიბნელეს გაჰყურებდა. შემდეგ, როდესაც შუაღამე გადავიდა და ყველა ხმა მიჩუმდა, ფეხაკრეფით წამოდგა, მოამზადა გოგირდი და ვერცხლი, დახაზა პენტაგრამა. გაშალა წიგნი. ჩურჩულით და ძრწოლით წაიკითხა შელოცვა.

პენტაგრამაში გაჩნდა პატარა თეთრი ძაღლი. თავი დაეხარა და კუდამოძუებული იდგა. შემდეგ ფრთხილად გადმოდგა თათი. მიუახლოვდა ალქიმიკოსს. დაყნოსა. და წყლიანი თვალები აღაპყრო. აკრუსუნდა. დაკარგული ლეკვი… ლენუარმა აიტაცა და გულში ჩაიკრა. ძაღლმა ხელები აულოკა. შემდეგ მის ირგვლივ ხტომას და კუდის ქიცინს მოჰყვა. ტყავის საყელო ეკეთა ვერცხლის დაფით. ზედ ამოტვიფრული იყო „ჟოლი. დიუპონი, სენის ქუჩა 36, პარიზი, VI უბანი“.

ჟოლიმ ლენუარის სკამის ქვეშ პურის ქერქით ივახშმა, იქვე კოხტად მოკალათდა და დაიძინა. ალქიმიკოსმა ხელახლა გაშალა წიგნი და შელოცვა წაიკითხა. ხმადაბლა, მაგრამ შემართებით. შიშის გარეშე. კარგად იცოდა, რა მოხდებოდა.

დილით საძინებლიდან ქცეული საკუჭნაოდან გამოსული ბარი კარებთან გახევდა. ლენუარი თეთრ ლეკვს ეფერებოდა და გაცხოველებით ესაუბრებოდა საწოლზე შემომჯდარ, ვერცხლისფერ კაბაში გამოწყობილ მაღალ, ჟღალთმიან ქალს.

ძაღლმა დაინახა ფენიუითერი და შეუყეფა.

ლენუარი მიესალმა:

– დილა მშვიდობისა!

ქალმა წარმტაცი ღიმილი შეაგება.

– ჯანდაბა! – ჩაიბურტყუნა ბარიმ (ინგლისურად). ჰკითხა:

– დილა მშვიდობისა. აქ საიდან გაჩნდით? ვინ ხართ?

ქალი რითა ჰეიუორთს ჰგავდა… თუ რითა ჰეიუორთს მონა ლიზას ღიმილით?

– ალტაირიდან, – უპასუხა, – მომავლიდან… დაახლოებით შვიდი ათასი წლის შემდეგ, – და კიდევ მეტად მომაჯადოებლად გაუღიმა. მისი ფრანგული უარესი იყო, ვიდრე რომელიმე კოლეჯის საფეხბურთო გუნდის პირველკურსელის, – არქეოლოგი ვარ. პარიზის მესამე რაიონის ნანგრევებს ვთხრიდი… ბოდიშს გიხდით ჩემი ფრანგულისთვის, ეს მკვდარი ენა ძველისძველი წარწერებიდან აღვადგინეთ.

– ალტაირიდან? ვარსკვლავს გულისხმობთ?… მაგრამ ადამიანი ხართ… მგონი?

– დედამიწელებმა ჩვენი პლანეტის კოლონიზაცია დაახლოებით ოთხი ათასი წლის წინ მოახდინეს… დღეიდან თუ ავითვლით, სამი ათასი წლის წინ, – უთხრა და ლენუარს შეხედა, მომხიბლავად გაიცინა, – ჟეანმა ყველაფერი ამიხსნა, მაგრამ მაინც ცოტა დაბნეული ვარ…

– სახიფათო ცდა იყო, ჟეან! – ფენიუითერს ხმა გაებზრაა, – ძალიან გაგვიმართლა, შენც იცი.

– არა, – მიუგო ფრანგმა, – ეს გამართლება არაა.

– ეს შავი მაგიაა, საშიში თამაში!… თქვენი სახელი არ ვიცი, ქალბატონო.

– კისლკი, – უთხრა.

– ყური მიგდეთ, კისლკ, – მიმართა ბარიმ, – თქვენი მეცნიერება დიდად წინ უნდა იყოს წასული, მითხარით, მაგია არსებობს? ბუნების კანონების დარღვევა, შესაძლებელია? როგორც ჩვენ ვაკეთებთ, აგერ, ახლა?

– მსგავსი არაფერი მინახავს. არც მსმენია.

– აბა, როგორ ხდება? – პროფესორ ფენიუითერს, ჩანს, თავშეკავებამ უმტყუნა და მთელი ხმით შეჰყვირა, – ვინ მეტყვის, რატომ მუშაობს ეს სულელური, ძველი შელოცვა ჟეანისთვის, ჩემთვის, მხოლოდ ეს ერთი შელოცვა, მხოლოდ აქ, და სხვაგან – არსად, არავისთვის… ხუთი… არა – რვა… არა, თხუთმეტი ათასი წლის განმავლობაში? რატომ? და საიდან გაჩნდა ეს ლეკვი აქ? რა ჯანდაბა ხდება ჩვენს თავს?

– ლეკვი დაიკარგა, – მიუგო ლენუარმა. აუჩქარებლად და სახე მოექუფრა, – სადღაც აქ, ამ სახლთან ახლოს, სენ-ლუიზე[9].

– მე კი ამ შენობის ნანგრევებში ვეძებდი კერამიკის ძველ ჭურჭელს, – უთხრა კისლკმა აგრეთვე დინჯად, – კუნძული 2, თხრილი 4, სექცია D… გაზაფხულის მზიანი დღე იყო და ძალიან მძულდა ეს ყველაფერი. მეზიზღებოდა ის დღეც, სამუშაოც, ხალხი ჩემს ირგვლივ… – ალქიმიკოსს მიაჩერდა. შეჰყურებდა დიდხანს, – გუშინ ვცადე ჟეანისთვის ამეხსნა – ჩვენ გავაუმჯობესეთ ადამიანთა მოდგმა. ყველანი ძალიან მაღლები, ჯანმრთელები და ლამაზები ვართ. და ჩვენი კბილები ჭიანი არ არის… ზოგს ყავისფერი კანის ფერი გვაქვს, ზოგს – თეთრი, ზოგსაც – ოქროსფერი. მაგრამ ყველა ლამაზი, ჯანსაღი, ძლიერი და წარმატებულია. ჩვენს პროფესიებს სახელმწიფო განსაზღვრავს ჯერკიდევ სკოლამდელ ასაკში და წარმატებისთვის განწირულნი ვართ… მაგრამ, ზოგჯერ, გენეტიკური ხარვეზიც გვხვდება. მაგალითად – მე. არქეოლოგად მომამზადეს, რაკი დაინახეს, რომ ხალხისკენ, ცოცხალი ადამიანებისკენ გული არ მიმიწევდა. თავი მომაყირჭეს – გარეგნულად მგვანან, მაგრამ შინაგანად ყველა მეუცხოება. როცა ყველა და ყველაფერი ერთმანეთის მსგავსია, სად არის შენი სახლი?.. ახლა კი ვნახე ეს დამტვერილი, პატარა ოთახი, ცივი, გაუმთბარი. ვნახე ტაძარი, რომელიც არ არის ნანგრევები. ვნახე ცოცხალი კაცი, რომელიც ჩემზე დაბალია, ცუდი კბილები აქვს და ფიცხი ხასიათი. ახლა სახლში ვარ, იქ ვარ, სადაც მსურს, ვიყო და აღარ ვარ მარტო!

– მარტო! – ფრთხილად გაიმეორა ლენუარმა, – ხომ გაიგონე – მარტო! მარტოობაა შელოცვა. მარტოობა შელოცვაზე უფრო ძლიერია… და სრულიადაც არ ჩანს არაბუნებრივი.

ბოტა გამოჩნდა კარში. გრძელ, შავ კულულებს შორის სახეზე ალმური მოსდებოდა. მორცხვად გაიღიმა და ახალმოსულს თავაზიანად ლათინურად მიესალმა.

– კისლკმა ლათინური არ იცის, – თქვა ლენუარმა და ამ ამბით ერთობ ნაამები ჩანდა, – ბოტას ფრანგული უნდა ვასწავლოთ. ფრანგული სიყვარულის ენაა, არა? მოდი, გავიდეთ და პური ვიყიდოთ. ძალიან მშია.

კისლკმა თავის ვერცხლისფერ სამოსზე თალხი ლაბადა მოიცვა. ლენუარმა კი – შავი მოსასხამი, რომელიც აქა-იქ ჩრჩილს გამოეჭამა. სანამ ბოტა თმას ივარცხნიდა, ბარიმ კისერი მოისრისა – ტილის ნაკბენი ექავებოდა. წავიდნენ სასაუზმოდ. ალქიმიკოსი და არქეოლოგი წინ მიდიოდნენ, ფრანგულად ლაპარაკობდნენ, გალი მონა და პროფესორი ინდიანიდან ფეხდაფეხ მისდევდნენ, ხელი ხელს ჩაეკიდათ და ლაპარაკობდნენ ლათინურად. დილის მზით განათებულ ვიწრო ქუჩებში ხალხი ირეოდა. ღვთისმშობლის ტაძარს ცად აეზიდა კოშკები. სენა კი გარბოდა დუდუნით. პარიზში იდგა აპრილი და ხეივნებში ყვაოდა წაბლი.

©Ursula K. Le Guin – April in Paris. Fantastic, 1962
©LV (ქართული თარგმანი, 2022)

Creative Commons License©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

(1)Île de la Cité – კუნძული მდინარე სენაში, რომელსაც პარიზი Pont Neuf-ით (ე.წ. “ახალი ხიდით”) უკავშირდება.

(2)Publish or perish – გამოეცი ან დაიღუპე აკადემიურ წრეებში გასულ საუკუნეში დამკვიდრებული გამოთქმაა. გულისხმობს, რომ მეცნიერებს, ვინც კვლევებს რეგულარულად არ აქვეყნებს, ნაკლები რეპუტაცია და სახელი აქვთ და თანდათან დავიწყებულნი, უჩინარნი ხდებიან.

(3)ფრანსუა ვიიონს (François Villon) – შუა საუკუნეების ერთ-ერთ უდიდეს ფრანგ პოეტად მიიჩნევენ. 25 წლისას მღვდელი შემოაკვდა (თავდაცვის დროს, რისთვისაც მოგვიანებით სასამართლომ გაამართლა) და მიიმალა. მიმალვაში მყოფი ყაჩაღების ჯგუფს შეუერთდა და მათთან ერთად კიდევ რამდენიმე დანაშაული ჩაიდინა. ორჯერ იყო დაპატიმრებული. ბოლოს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს, თუმცა, დღეს უკვე დადასტურებულია, რომ ვიიონმა განაჩენი გაასაჩივრა და აპელაცია მოიგო. ის გაათავისუფლეს, მაგრამ პარიზში ცხოვრება აუკრძალეს. 1491 წელს მისი პირველი პოეტური კრებული გამოსცეს. ბევრი მკვლევრის აზრით, ვიიონი იმ დროს ჯერ ისევ ცოცხალი იყო.

(4)ყური მიგდე და დამმორჩილდი (ლათ)

(5)დიადი შელოცვები (ლათ)

(6) უფლის გამოგზავნილი ხარ? (ძვ. ფრანგული)

(7) Château de Plessis-lez-Tours ლუი XI რეზიდენცია იყო. მის ერთ ფლიგელში განლაგებული იყო ციხე, მცირე ზომის საპატიმრო გალიებით. საფრანგეთის რევოლუციის დროს რეზიდენციის დიდი ნაწილი დაანგრიეს და მხოლოდ ერთი ფლიგელია ნაწილობრივ შემორჩენილი.

(8) გმადლობთ, ბატონო (ლათ)

(9) Île Saint-Louis – კუნძული მდინარე სენაში

___

მთარგმნელის კომენტარი:
ურსულა ლე გუინი ლექსებს აქვეყნებდა ბევრად ადრე, ვიდრე პირველი მოთხრობა დაუბეჭდეს.

ეს პირველი მოთხრობაა, რომლის ჰონორარიც გადამიხადეს, მეორე, რომელიც გამომიქვეყნეს და ოცდამეათე ან, შესაძლოა, მეორმოცე რომელიც დავწერე.
ოცდათორმეტი წლის ასაკში, ძალიან გამიხარდა ჩეკი რომ მივიღე. „პროფესიონალიზმი“ სიქველე არ არის; პროფესიონალი ისაა, ვინც ფულს იღებს იმისთვის, რასაც მოყვარული მხოლოდ სიყვარულისთვის აკეთებს. ფულის ეკონომიკაში, ანაზღაურების ფაქტი იმას ნიშნავს, რომ თქვენი ნამუშევარი გავრცელდება და წაიკითხავენ. ეს არის კომუნიკაციის გზა, რაც ხელოვანის მიზანია. სილ გოლდსმით ლალი, ვინც ეს მოთხრობა 1962 წელს იყიდა, სწორედ ისეთი გაბედული და გამჭრიახი რედაქტორი იყო, სამეცნიერო ფანტასტიკურ ჟურნალს რომ სჭირდება. მადლობელი ვარ მისი, რომ კარი გამიღო.

წერს ურსულა ლე გუინი ამ მოთხრობის წინასიტყვაობაში.

სილ გოლდსმით ლალი (Cele Goldsmith Lalli) პოპულარულ საი-ფაი ჟურნალებს Amazing Stories და Fantastic რედაქტორობდა. ურსულა ლე გუინის გარდა, დიდი ფანტასტიკაში გზა გაუხსნა ზელაზნის, დიშს და, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამერიკაში დაბეჭდა ბრიტანელი ბალარდი (თომას დიშის „დაღმასვლა“ და ჯეი ჯი ბალარდის „მინუს ერთი“ ვთარგმნე ადრე და ამ ბლოგზე დევს).

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: