რეი ბრედბერი
პაციენტმა საავადმყოფოში სამი, უსაშველოდ გრძელი და სევდიანი დღე დაყო და კვირას, როდესაც ექიმები, მეტწილად, ადგილზე არ არიან ხოლმე და ექთნებსაც საქმე არაფერი აქვთ, საოცრება მოხდა.
ამ ამბის მოახლოება გაიგო მანამ, სანამ დაინახავდა. ჯერ ქვედა სართულიდან სხვა პაციენტების შეძახილები და სიცილის ხმა შემოესმა. საოცრება ნელ-ნელა უახლოვდებოდა მის პალატას.
შემდეგ ზღურბლზე წარმოუდგა კაცი. ხელში ეჭირა თოკი და ძაღლი hყავდა ჩაბმული. გოლდენ რეტრივერი. ყველაზე ლამაზი რეტრივერი, რაც კი ოდესმე ენახა. კოხტად დავარცხნილი ფაფუკი ბეწვით. მოვლილი. გონიერი თვალები ჰქონდა და ყელზე კოხტად შეკრული ბენდენა. სისხლის ფერისა.
ხშირად მოდიოდა ავადმყოფების მოსანახულებლად და ავადმყოფები ასე ამბობდნენ – იმ დღეს, როდესაც ძაღლი სტუმრობდათ, სიხარული და შვება მოჰქონდა ხოლმე.
პაციენტსაც ყური მოეკრა ამ ამბისთვის. მხოლოდ უკვირდა, რატომ არ ჰყავთ მსოფლიოში ბევრი ასეთი ძაღლი, ვისაც შეუძლია, დავრდომილს გული გამოუკეთოს, ხალისი დაუბრუნოს და, ეგებ, ჯანიც მისცეს.
ძაღლი წითელი ბენდენით პალატის კართან შეყოვნდა წამით, შეიხედა, შევიდა შიგნით, მიუახლოვდა საწოლს და დადგა, დაელოდა, სანამ მოეფერებოდნენ.
იმ კაცის ნაცვლად, გოლდენ რეტრივერს რომ დაჰყვებოდა ხოლმე, პალატაში შემოვიდა ვინმე, თითქმის ისეთივე უცხო, როგორც ის ძაღლი.
სადა, ხაკისფერ კოსტიუმში, კისერზე წითელი ჰალსტუხით. იოლად მიხვდებოდით, უსინათლო იყო, ამიტომ, უთუოდ, ძაღლი მოუძღოდა.
ახლაც, როგორც ადრე, ძაღლი ზღურბლზე გაჩერდა, მაგრამ ამჯერად ნაბულში დადგაო, თითქოს. პაციენტი წამოჯდა და წინ გადაიხარა, დააკვირდა – ძაღლს რომ ენა ამოედგა, მგონი, არც ეგ გაუკვირდებოდა.
თუმცა ძაღლი ჩუმად იყო, მაგიერ ბრმამ დაიწყო საუბარი.
– ბატონო? – ჰკითხა ჯერ, რომ პაციენტის ვინაობა გამოეცნო, – გამორჩევა რომ გთხოვოთ ყველა მხეცს შორის, ზღვაში იქნება, მიწაზე, თუ ცაში, რომელია მაცხოვართან ყველაზე ახლოს, რას იტყოდით?
პაციენტს ვერ გაეგო, ეს რა ხრიკი იყო, მაგრამ მაინც უპასუხა:
– ადამიანთა შორის?
ბრმამ უარის ნიშნად თავი გაიქნია.
– არა. ადამის მოდგმის გარდა, რომელი არსებაა ყველაზე ქრისტიანი?
პაციენტმა გახედა ძაღლს სისხლისფერ ბენდენაში, თვალი გაუსწორა მის გონიერ მზერას და თქვა:
– მე ვიტყოდი, რომ – ძაღლები.
ბრმამ თავი დახარა.
– მართალს ბრძანებთ. ყველა სხვა არსება ცოცხლობს, მაგრამ არ იცის, რომ ცოცხალია. კატები გამორჩეულად ლამაზები და საყვარლები არიან, მაგრამ ისინი ცოცხლობენ და ნამდვილად არ იციან, რა არის სიცოცხლე. ისევე როგორც ყველა სხვა მხეცმა ზღვაში იქნება, მიწაზე, თუ ცაში, არ იცის რა არის სიცოცხლე. სიკვდილი ყველასთან მიდის, ვინც მინდორში ცხოვრობს, ვინც ზღვაში დაცურავს, ვინც ცაში ფრენს, მაგრამ მათ არ იციან, რა არის სიკვდილი და არ აქვთ დარდი. მხოლოდ ძაღლებმა იციან სიცოცხლის ფასი და გრძნობენ და წუხან სიკვდილზე.
პაციენტი დაეთანხმა, რადგან იცოდა, რომ ეს სიმართლე იყო. გაახსენდა მეგობრის სიკვდილი და მისი ძაღლი, რომელიც დიდხანს გლოვობდა პატრონის გარდაცვალებას, არ სცილდებოდა სახლს, ადგილს ვერ პოულობდა, ტიროდა, სანამ სულ არ გაილია დარდით.
– რაც მეტს ვფიქრობ ამაზე, მით უფრო განსაცვიფრებელი მგონია ძაღლები, – თქვა პაციენტმა.
ბრმამ უსინათლო თვალები ჭერისკენ აღაპყრო და ჰკითხა:
– თუკი ძაღლები მიადგებიან სამოთხის კარს, გაუღებენ თუ არა?
– უმალვე! – შესძახა პაციენტმა და თავად გაეცინა, ისე დაუფიქრებლად უპასუხა, – იმიტომ რომ უცოდველნი არიან, – უთხრა, – ადამის მოდგმა მათ მიჰყვება კვალდაკვალ და ითხოვს შესვლას. ძაღლები კი წმინდა პეტრეს გვერდით იქნებიან და შესთხოვენ ცოდვილი მხეცისთვის, ადამიანი რომ ჰქვია… ამიტომ არის პასუხი თქვენს კითხვაზე – ძაღლი. სამყაროში ყველაზე მიმტევებელი, მოსიყვარულე არსება, აბუ ბენ ადამთან ერთად უფალთან ყველაზე ახლოს[1].
ბრმა დაეთანხმა.
– თუ კატას დაარტყამ, მის მეგობრობას სამუდამოდ დაკარგავ, მაგრამ დაარტყი შენს ძაღლს (რასაც, იმედი მაქვს, არასდროს გააკეთებ და თუ მაინც მოგიხვდა ხელი), ის ამოგხედავს კეთილი თვალებით და გეტყვის: „რა მოხდა? ეს რაღა იყო? არ იცი, რომ მე შენ მიყვარხარ და გაპატიებ?“ შემდეგ ჯერ ერთ ლოყას მოგიშვერს, შემდეგ – მეორეს და სამუდამოდ დარჩება შენს მეგობრად. ასეთები არიან ძაღლები.
მთელი ამ ხნის განმავლობაში, ძაღლი სისხლისფერი ბენდენაში იჯდა და შეჰყურებდა პაციენტს, უყურებდა ყველაზე თბილი და კეთილი მზერით, რაც კი ოდესმე უნახავს. თან მათ საუბარს უგდებდა ყურს. ისმენდა ქათინაურს, მაგრამ არც თანხმობა გამოუხატავს, არც – უარყოფა. მხოლოდ იჯდა მშვიდად და იყო ძალიან ლამაზი.
ბოლოს, როცა იგრძნო, რომ ბრმამ დაასრულა სათქმელი, ძაღლი გაჰყვა საავადმყოფოს დერეფნებს და ყველგან მხიარული შეძახილებითა და სიცილით ეგებებოდნენ.
მომდევნო დღეებში საავადმყოფოში ხმები დაირხა, რომ ძალიან ბევრი პაციენტი გაწერეს სახლში – ისინი, ვინც ზოგი კვირების, ზოგი თვეების განმავლობაში ებრძოდა სენს, მოულოდნელად მომჯობინდნენ, ჩაალაგეს ნივთები და წავიდნენ. თან ექიმების გაოცებული მზერა და ექთნების ჩურჩული გაიყოლეს. ავადმყოფები ერთიმეორის მიყოლებით მიდიოდნენ შინ, მათი რიცხვი ჰოსპიტალში არნახულად შემცირდა, გარდაცვალებით კი (ან, იქნებ, ეს მხოლოდ მოარული ხმა იყო) რა ხანია, თითქმის არვინ გარდაცვლილა.
მეოთხე კვირა მიიწურა. გვიანი ღამე იყო. პაციენტი მარჯვენა მაჯის მკვეთრმა ტკივილმა გააღვიძა. ასპირინი დალია, მაგრამ ტკივილი არა და არ დაეხსნა.
ცუდად ეძინა. იგრძნო, ვიღაც იჯდა მის სასთუმალთან. მაგრამ კარგად ვერ ხედავდა, რაკი ნახევრად ძილ-ბურანში იყო.
შემდეგ ხშირი სუნთქვა შემოესმა და გაიგონა უცნაური ხმა, რომელმაც შორეული ზაფხული მოაგონა, როცა ჯერკიდევ ბავშვი იყო. ღამის და დილის იმ გასაყარზე, როდესაც ფანჯარას მთვარის შუქი ადგა, სამზარეულოში საყინულიდან წვეთავდა ანკარა წყალი და მათი ძაღლი, მწყურვალი, ნახევრად შემძვრალი საყინულის ქვეშ, ხარბად ლოკავდა გრილ წყალს. ბიჭი კი საწოლში იწვა, ყურს უგდებდა და ხმა მალამოდ ეფინებოდა მის სულს.
ეს ამბავი, რომელიც ბავშვობიდან გამოატარა მთელი ცხოვრება, ხელახლა გაახსენდა ახლა. ძილ-ღვიძილში, თვალებმინაბულს ისევ ჩაესმოდა, როგორ ლოკავდა წყალს ძაღლი და, თითქოს, მაჯაზე შეხება იგრძნო.
ენა, რომელიც ზაფხულის ღამეს ხარბად იჭერდა ყინულის წვეთებს, მაჯაზე გადაუსვეს. ეს იგრძნო.
შემდეგ ჩაეძინა.
დილით, თვალი რომ გაახილა, ტკივილი არსად იყო.
ძაღლი სისხლისფერი ბენდენით მომდევნო დღეებშიც დადიოდა საავადმყოფოს დერეფნებში. მარტო იყო, უსინათლო მხლებელი არსად ჩანდა.
ძაღლს კარგად დაესწავლა გზა. ხშირად მოდიოდა პაციენტთან და დიდხანს შეჰყურებდა მდუმარედ.
ისინი, თითქოს, საუბრობდნენ. ძაღლს, ალბათ, ესმოდა ყველაფერი, რის თქმაც პაციენტს სურდა, მიუხედავად იმისა, რომ პირუტყვი იყო.
არვინ ეგებებოდა ძაღლს მხიარული შეძახილებითა და სიცილით, ჩანს, საავადმყოფოში აღარავინ იყო. პალატები დაცარიელდა. ექიმებიც იშვიათად ჩნდებოდნენ ხოლმე. კვირის გოლფს ოთხშაბათიც დაუმატეს. შემდეგ სამშაბათს და ხუთშაბათსაც სხვა საქმეები გამოუჩნდათ. მხოლოდ პარასკევს გამოჩნდებოდნენ ხოლმე ისიც – ხანდახან.
უკაცრიელი დერეფნები, არც პალატებიდან ისმოდა ჩამიჩუმი.
ბოლო დღეს პაციენტს არ ეძინა. ფიქრობდა, ყოველ წუთს შეეძლო, წამომდგარიყო, ტანთ ჩაეცვა და წასულიყო სახლში, ექიმების დაუკითხავად. წამოჯდა საწოლზე და გასძახა დაცლილ დერეფნებს:
– ჰეი, არის მანდ ვინმე?
მხოლოდ სიჩუმე შეარხია მისმა ხმამ და შესძახა უფრო ხმამაღლა:
– არავინ ხართ მანდ?!
მხოლოდ ექომ გამოეპასუხა.
წამოდგა და უჩუმრად დაიწყო ჩაცმა. წასასვლელად გაემზადა.
შუადღე გადაწურულიყო, დერეფანში გამოჩნდა ძაღლი სისხლისფერი ბენდენით და მისი პალატის კართან შეჩერდა.
შემოდი – უხმო პაციენტმა.
ძაღლი შემოვიდა.
– დაჯექი, – უთხრა პაციენტმა.
ძაღლი საწოლთან დაჯდა და შეხედა თბილი, გონიერი თვალებით. თითქოს, ოდნავ უღიმოდა კიდეც.
პაციენტი მისჩერებოდა. შემდეგ ჰკითხა:
– რა გქვია?
ძაღლი უყურებდა დიდხანს.
ბოლოს ოდნავ გააღო პირი და პაციენტს ჩურჩული შემოესმა:
– იესო – უთხრა ძაღლმა, – ეს არის ჩემი სახელი. შენ რა გქვია?
©Ray Bradbury – The Dog in the Red Bandana. Written By, Summer Issue, 2010
©LV (ქართული თარგმანი, 2022)
©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___
(1)ინგლისელი პოეტის ლი ჰანთის ლექსიდან:
აჩვენა სია სახელების, ვინც უფალს უყვარს ყველაზე მეტად
და ჰეი – ბენ ადამის სახელი უპირატესია ყველასთან შედარებით.
And showed the names whom love of God had blest,
And lo! Ben Adhem’s name led all the rest.
___
რეი ბრედბერი – მამა კანიუსი