მამა კანიუსი

რეი ბრედბერი

The Dog in the Red Bandana

ახალგაზრდა მამა ქელი მამა გილმანის კელიაში შევიდა. შეჩერდა. თვალი მოავლო. ყოყმანობდა. თითქოს, გასვლაც დააპირა, მაგრამ შემდეგ ისევ უკან შებრუნდა.

გილმანმა საბუთებიდან ასწია თავი და ჰკითხა:

– მამა ქელი, მოხდა რამე?

– არც კი ვიცი, როგორა ვთქვა, – უთხრა ქელიმ.

– ჯერ ის მითხარი, შემოდიხარ თუ გადიხარ? გთხოვ, შემოხვიდე და დაჯდე.

მამა ქელი ფეხაკრეფით შევიდა, ჩამოჯდა და მოხუც მღვდელს შეხედა.

– გისმენ, – შეაგულიანა მამა გილმანმა.

– კარგი, – თქვა მამა ქელიმ, – ეს ამბავი ძალიან სულელური და უცნაურია… ალბათ, თქვენს ყურადღებადაც არ ღირს…

გაჩუმდა. მამა გილმანი კი მოთმინებით დაელოდა.

– იმ ძაღლის ამბავია, მამაო.

– იმ ძაღლის, ჩვენს საავადმყოფოში რომ დადის… მამა რიორდანეს ახლავს ხოლმე თან, ძაღლი წითელი ბენდენით… ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს მოვლენ, სნეულებს მოინახულებენ, პირველ და მეორე სართულებს დაივლიან – კიბეზე ავლენ, ჩამოვლენ, დერეფანში გაივლიან, ეზოში გავლენ… პაციენტებს უყვართ ის ძაღლი. უხარიათ ხოლმე მისი დანახვა.

– ჰო, გამახსენდა… ვიცი ძაღლი, რომელსაც გულისხმობ, – უთხრა მამა გილმანმა, – ასეთი დამხმარის ყოლა საავადმყოფოში დიდი სიკეთეა… მაგრამ, მგონი, რაღაც გაწუხებს?

– როგორ გითხრათ… იქნებ, თავად ნახოთ? რაღაც ძალიან დაუჯერებელს სჩადის… რამდენიმე წუთის საქმეა.

– დაუჯერებელს? როგორ?

– მამაო, – უთხრა ქელიმ, – ამ კვირაში ძაღლი უკვე ორჯერ მოვიდა საავადმყოფოში თავისით – ახლაც იქ არის.

– მამა რიორდანეს გარეშე?

– მარტოა… სწორედ ამის ვამბობ – თვითონ დადის პალატებში, მამა რიორდანეს გარეშე… არც არვინ ეუბნება, სად შევიდეს.

მამა გილმანს გაეცინა.

– სულ ესაა? უბრალოდ, ძალიან ჭკვიანი ძაღლია… პატარა ბიჭი რომ ვიყავი, მახსოვს ცხენი, რომელიც რძის კასრებს დაატარებდა. ზუსტად იცოდა, რომელ სახლთან უნდა გაჩერებულიყო და დალოდებოდა, ისე, რომ მერძევის თქმაც არ სჭირდებოდა.

– არა, არა. აქ სხვა ამბავია. რაღაც ხდება, მაგრამ, არ ვიცი – რა, ამიტომ მინდა, რომ თავად ნახოთ.

მამა გილმანმა ამოიხვნეშა, წამოდგა და უთხრა:

– კარგი, რახან ასე გინდა, წავიდეთ, დავხედოთ იმ უცნაურ მხეცს…

– აქეთ მობრძანდით, მამაო, – დარბაზში შეუძღვა ქელი. მეორე სართულზე კიბეებს აჰყვნენ, – ვფიქრობ, აქ იქნება ახლა, – თქვა მამა ქელიმ, – სადღაც აქ…

ამ დროს დაინახეს ძაღლი წითელი ბენდენით, რომელიც მე-17 პალატიდან გამოვიდა და მე-18-ში შევიდა, ისე, რომ მათთვის არც შეუხედავს.

მივიდნენ და ზღურბლთან დადგნენ. შესცქეროდნენ ძაღლს, რომელიც ავადმყოფის საწოლთან იჯდა. შეურხევლად. თითქოს, რაღაცას ელოდა.

მღვდლებს პაციენტის ხმა შემოესმათ. ყური მიუგდეს ჩურჩულს. ძაღლი კი იჯდა და მოთმინებით უსმენდა.

ჩურჩული შეწყდა. ძაღლმა თათი ასწია, საწოლს შეეხო, ცოტა ხანს შეყოვნდა, შემდეგ მოტრიალდა და ფეხაკრეფით გამოვიდა, იმისთვის, რომ გვერდით ოთახში გადასულიყო.

მამა ქელი მამა გილმანს მიაჩერდა.

– ახლა ხომ თავად ნახეთ… იცით, რას აკეთებდა?

– ღმერთო დიდებული, – აღმოხდა მამა გილმანს, – ვფიქრობ, ძაღლი…

– რა, მამაო?

– ვფიქრობ… ვფიქრობ, ძაღლმა აღსარება ჩაიბარა.

– კი მაგრამ, ეს ხომ შეუძლებელია.

– ცხადია, შეუძლებელია… მაგრამ ასე მოხდა.

ორი მღვდელი იდგა ნახევრად ბნელში და უსმენდა სხვა პაციენტის მოჩურჩულე ხმას. ფრთხილად მიუახლოვდნენ კარს და პალატაში შეიხედეს. ძაღლი მშვიდად ელოდა, სანამ ავადმყოფი ამოთქვამდა, რაც გულზე ედო ტვირთად.

ბოლოს გაუწოდა თათი, შეახო საწოლს, შებრუნდა და ოთახიდან გავიდა. მღვდლებისთვის, მგონი, არც შეუხედავს. ისინი კი გახევებულნი იდგნენ. შემდეგ გონს მოვიდნენ, და ძაღლს აედევნენ.

გვერდით ოთახში იყო. იატაკზე, საწოლთან ჩამომჯდარი. პაციენტმა დაინახა, გაუღიმა და სუსტი ხმით უთხრა:

– დამლოცე.

ძაღლი არ შერხეულა, მწოლიარე კი ჩურჩულებდა.

ასე მიჰყვნენ ძაღლს კუდში პალატიდან პალატამდე.

ახალგაზრდა მღვდელმა მოხუცისკენ გააპარა მზერა და შენიშნა, მამა გილმანს სახე წამოუწითლდა, ძარღვები შუბლზე კი ისე დაებერა, შეშინდა, ცოტაც და აუფეთქდებაო.

ძაღლმა ამასობაში შემოვლა დაასრულა და კიბეებს თავქვე დაჰყვა.

მღვდლები კუდში მიჰყვნენ.

საავადმყოფოს კართან რომ მივიდნენ, ძაღლი უკვე გარეთ გასულიყო. ბინდში თითქმის აღარც ჩანდა. არავინ დახვედრია, რომ წაეყვანა.

მამა გილმანმა ვეღარ მოითმინა – დაუყვირა:

– მომისმინე! შენ, მანდ! ძაღლო!.. აქ აღარ დაბრუნდე, გესმის?! აღარ დამენახო, თორემ დაგწყევლი. ცეცხლსა და გოგირდს დაგაწვიმებ თავზე! გესმის, ძაღლო?! წადი, აქედან დამეკარგე!

ძაღლი, მოულოდნელობისგან, შეკრთა, ადგილზე დატრიალდა, შემდეგ შებრუნდა და გაეცალა.

მოხუცი მღვდელი იდგა, მძიმედ სუნთქავდა, თვალები დაეხუჭა, სახეზე ჟოლოსფერი გადაჰკვროდა.

ახალგაზრდა მამა ქელიმ სიბნელეს გახედა.

ბოლოს ამოისუნთქა:

– რა ქენი, მამაო?!

– დავწყევლე, – თქვა მოხუცმა მღვდელმა, – ცოდვიანი, საშინელი, საზარელი მხეცი!

– საზარელი, მამაო? – ჰკითხა მამა ქელიმ, – ვერ გაიგეთ, განა, რა უთხრეს?

– გავიგონე, – უპასუხა მამა გილმანმა, – საკუთარ თავზე აუღია პატიება, სინანული, საბრალო პაციენტების ვედრების მოსმენა!

– მაგრამ, მამაო, – შესძახა ქელიმ, – განა, ჩვენც ამას არ ვაკეთებთ?

– ეს ჩვენი საქმეა, – ბრაზით თქვა მამა გილმანმა, – მხოლოდ ჩვენი საქმე.

– მართლა ასე ფიქრობთ, მამაო? სხვები ჩვენნაირები არ არიან? ბედნიერ უღელში მყოფთა საუბარი, ძილის წინ, შუაღამისას, ერთ ბალიშზე, გვერდიგვერდ როცა უდევთ თავი, ეგეც ერთგვარი აღსარება არ არის? და ახალგაზრდა წყვილები, ასე არ სთხოვენ პატიებას ერთმანეთს? როდესაც მიუტევებენ ხოლმე, განა ჩვენნაირები არ არიან?

– „ძილისწინ საუბარი!“ – შესძახა მამა გილმანმა, – მეუღლესთან ლაპარაკი და ძაღლთან ერთია? ცოდვილ მხეცთან!

– ის, შეიძლება, აღარ დაბრუნდეს!

– ძალიანაც კარგი! ასეთი რამეები ჩემს საავადმყოფოში არ მჭირდება!

– ღმერთო მოწყალეო, ნუთუ, ვერა ნახეთ? ის გოლდენ რეტრივერია. მხსნელის[1] ჯიშის. აღსარების ჩაბარების შემდეგ, ასე რომ გიწოდოთ, განა, არ გეამებათ?

– ძალიანაც კარგი! ასეთი რამეები ჩემს საავადმყოფოში არ მჭირდება!

– ღმერთო მოწყალეო, ნუთუ, ვერა ნახეთ? ის გოლდენ რეტრივერია. მხსნელის[1] ჯიშის. აღსარების ჩაბარების შემდეგ, ასე რომ გიწოდოთ, განა, არ გეამებათ?

– გოლდენ რეტრივერი?

– დიახ, მამაო, – უთხრა ახალგაზრდა მღვდელმა, – დაუკვირდით…. თუმცა, მოდით, ავადმყოფებთან დავბრუნდეთ. ვნახოთ, იქნებ ამ, როგორც უწოდეთ, მხეცმა, მართლა ავნო რამე.

მამა ქელი საავადმყოფოში შებრუნდა, მოხუცი მღვდელი ფეხდაფეხ მიჰყვა. დადიოდნენ პალატებში და პაციენტებს ათვალიერებდნენ. უხმოდ. ირგვლივ უჩვეულო მდუმარებას დაესადგურებინა.

ზოგან ჩამი-ჩუმიც არ ისმოდა. სხვაგან ჩურჩულებდნენ. მამა გილმანს, თითქოს, ღვთისმშობლის სახელი შემოესმა, თუმცა, თავს ვერ დადებდა, ყურმა რომ არ მოატყუა.

ასე დადიოდნენ პალატიდან პალატაში იმ განსაკუთრებულ ღამეს და მოხუცი მღვდელი გრძნობდა, როგორ გადასძვრა ტყავი – უმეცრების ბაკანი გატყდა, ზიზღის ქერქი დასცვივდა, შემდეგ გულგრილობის ნაჭუჭიც შემოეცალა და როდესაც თავის კელიაში დაბრუნდა, ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს, უხილავი ტვირთისგან განთავისუფლდა.

მამა ქელიმ ღამე მშვიდობისა უსურვა და წავიდა.

მოხუცი მღვდელი იჯდა. მაგიდაზე იდაყვები ჩამოედო. თვალები დაეხუჭა.

რაღაც ხმა რომ შემოესმა, თავი აიღო და კარს გახედა.

ზღურბლზე ძაღლი იდგა და ელოდა. მოსულიყო უჩუმრად. მარტო. სუნთქვის ხმაც ძლივს ისმოდა. არც ყეფდა, არც წკმუტუნებდა. შემოვიდა ოთახში და მამა გილმანის გვერდით დაჯდა.

მღვდელმა შეხედა და ძაღლმაც შეხედა.

ბოლოს მოხუცმა სთხოვა:

– დამლოცე… არ ვიცი, როგორ მოგმართო, ვერაფერი მოვიფიქრე, მაგრამ, გთხოვ, დამლოცო, რადგან შევცოდე.

მღვდელი უყვებოდა თავის ქედმაღლობასა და ამპარტავნობაზე და ყველა სხვა ცოდვაზე, რომელიც ჩაიდინა იმ დღეს.

და ძაღლი უსმენდა.

©Ray Bradbury – Pater Caninus. Written By, Summer Issue, 2010
©LV (ქართული თარგმანი, 2022)

Creative Commons License©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

(1)Retrieve-ს ინგლისურად ბევრი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის გადარჩენას, ხსნასაც ნიშნავს.

___

რეი ბრედბერის ძალიან უყვარდა ძაღლები. თუმცა, ხშირად ისე ხდება ხოლმე, ვინც ძალიან გვიყვარს, გულს ვტკენთ. ასე, 12 წლის რეიმ მის ძაღლ ფითს ატკინა და აწყენინა. და სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა დანაშაულის გრძნობა. ბევრი წლის შემდეგ, უკვე 80-ს მიტანებულმა ბრედბერიმ პოემა დაწერა „ძაღლები ფიქრობენ, რომ ყოველი დღე შობის დღეა“ (Dogs Think That Every Day Is Christmas), სადაც ფითს იმ დაუმსახურებელი წყენისთვის ბოდიშიც მოუხადა.

„მამა კანიუსიც“, დიდწილად, ბავშვობის მოგონებით შთაგონებული მგონია. ამ მოთხრობას გაგრძელებაც აქვს. მასაც დავდებ.
რეი ბრედბერი – ძაღლი წითელ ბენდენაში

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: