როჯერ ზელაზნი
– მანდ რას აკეთებ, ადამიანო?
– გრძელი ამბავია.
– კარგია, მიყვარს გრძელი ამბები. დაჯექი და ისაუბრე. არა – ჩემზე არა, გვერდით ჩამოჯექი!
– მაპატიე… ეს ყველაფერი ბიძაჩემის ბრალია, ზღაპრულად მდიდარი…
– მოიცადე, ჯერ ეგ მითხარი, რას ნიშნავს „მდიდარი”?
– შეძლებული…
– რას ნიშნავს „შეძლებული”?
– ჰმ, ბევრი ფული ჰქონდა…
– რა არის „ფული?”
– ამბის მოსმენა გინდა, თუ – არა?
– მინდა, მაგრამ ისიც მინდა, რომ გავიგო…
– ბოდიშს გიხდი, ქვაო, მაგრამ ყველაფერი მეც არ მესმის.
– ლოდი დამიძახე.
– კარგი, ლოდო, იმას გეუბნებოდი, რომ ბიძაჩემს, რომელსაც ყველგან სიტყვა ეთქმის, კოსმოსურ აკადემიაში უნდა გავეგზავნე, მაგრამ – არ გამაგზავნა. მიიჩნია, რომ ჰუმანიტარული განათლება უფრო შემეფერებოდა. ასე მოვხვდი შინაბერების იმ უნივერსიტეტში, არამიწიერი ცივილიზაციების შემსწავლელ ფაკულტეტზე… ლოდო, ხომ მომყვები?
– ვერც მაინცდამაინც, მაგრამ განაგრძე – ზოგჯერ არ არის საჭირო, ყველაფერი გაიგო, იმისთვის, რომ – შეაფასო.
– რა კარგად თქვი – მეც ვერასდროს გავუგებ ძია სიდნის, მაგრამ ვაფასებ მის აფრენილ ოფოფებს, კაჭკაჭის ალღოს და გრძელ ნისკარტს, დღენიადაგ სხვა ადამიანების საქმეებში რომ ყოფს… ო, როგორ ვაფასებ, პირდაპირ მძმარავს… სხვა რა დამრჩენია – ბიძა მთელი ჩვენი ოჯახის კერპია და ყველა მის ჭკუაზე ბზრიალებს. ან როგორ იქნება, როცა მთელი ფული მის ხელშია. სამწუხაროდ, ეს ისეთივე უცვლელი მუდმივაა, როგორც ის წესი, რომ ბანი მოსდევს ანის.
– თქვენს სამყაროში ფული დიდი რამე უნდა იყოს.
– საკმარისად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ათი ათასი სინათლის წელიწადის მანძილი გამოვიარო და დავეშვა ამ უსახელო პლანეტაზე… სხვათა შორის, ეს-ესაა მისთვის შესაფერისი სახელიც მომაფიქრდა – ნეხვის გროვა.
– ჩვენთან ასე ამბობენ: ზათი დაბლა ფრენს, მაგიერ – ხარბად ნთქავს, ამიტომაც ფრენს დაბლა.
– ჰო, ეგ მეც შევნიშნე… ზათი ხავსია, არა?
– კი.
– კარგია… შეფუთვა არ გაჭირდება.
– „შეფუთვა“ რა არის?
– ეს ნიშნავს ფუთაში ჩადებას, სხვაგან რომ წაიღო.
– გადააადგილო?
– დიახ.
– შესაფუთი რა გაქვს?
– შენ, ლოდო.
– მე არსად არასდროს გადავადგილდები.
– მისმინე, ლოდო, ბიძაჩემი ქვების შემგროვებელია, გესმის? თქვენ მოაზროვნე ქვების ერთადერთი სახეობა ხართ გალაქტიკაში. შენ კი ამ სახეობის ყველაზე დიდი ნიმუში, რაც ოდესმე მინახავს. მომყვები?
– კი, მაგრამ არ მინდა.
– რატომ არა? არ გინდა განა, მისი ქვების კოლექციაში მბრძანებლად დაჯდე? ბრმათა სამეფოში ცალთვალა კაცი მეფეაო – თუ გაგიგონია ეს უხეირო მეტაფორა…
– არ გამიგონია, მაგრამ ჟღერადობა არ მომწონს. ნუ იზამ ამას. ის მითხარი, ბიძაშენმა ჩვენი სამყაროს შესახებ საიდან გაიგო?
– ჩემმა მასწავლებელმა ამოიკითხა რომელიღაცა კოსმოსური ხომალდის ფრთაგაცრეცილ დავთარში. ის ყველანაირი კოსმოსური საბუთების კოლექციონერია. დავთარი კაპიტან ფეირჰილის ხომალდიდან შემორჩა, რომელმაც ამ პლანეტაზე იმოგზაურა რამდენიმე საუკუნის წინ. თქვენს ხალხთან ხანგრძლივი სჯა-ბაასიც გაუმართავს.
– ოჰ, ბებერი, ჭინჭყლი ფეირჰილი! როგორ არის? რომ ნახავ, ჩემი გულითადი მოკითხვა გადაეცი.
– მოკვდა.
– რა თქვი?
– მოკვდა. გავიდა გაღმა. მარილზე… სოკოდ იქცა.
– სამწუხაროა. როდის მოხდა ეგ ამბავი? უთუოდ, დიდი მნიშვნელობის არაჩვეულებრივ მოვლენად…
– ვერაფერს გეტყვი, მაგრამ თქვენი სამყაროს ამბავი კი მივუტანე ბიძას და მან თქვენს შესაგროვებლად გამომგზავნა… აი, მეც აქ ვარ.
– ძალიან ვაფასებ თქვენს ყურადღებას, მაგრამ, ვწუხვარ, აქედან წასვლა არ შემიძლია, თან, მეც სოკოდ ქცევის დრომ მომიწია.
– ვიცი, ფეირჰილთან წავიკითხე ყველაფერი სოკოდ ქცევის შესახებ. ოღონდ ეგ ფურცლები დავთრიდან ამოვხიე, სანამ ძია სიდნის გადავცემდი. მინდა, შენს გვერდით იყოს, მაგას რომ იზამ. მაშინ მთელი მისი ფული მემკვიდრეობით მე დამრჩება და კოსმოსურ აკადემიაში რაც დამაკლდა, ყველა სიხარულს ერთბაშად ავინაზღაურებ… გეგმაც მაქვს: ჯერ რა სასმელზეც მიმიწვდება ხელი, ყველას დავლევ, შემდეგ ყველა ბორდელს ჩამოვუვლი, რაც არსებობს ან – პირუკუ.
– მაგრამ მე აქ უნდა ვიქცე სოკოდ, იმ გარემოში, რომელსაც მიჯაჭვული ვარ!
– არა უშავს, ძალაყინი მაქვს, მოგდებ და ამოგაძრობ.
– ერთი, სცადე, წამსვე ვიქცევი სოკოდ.
— მაგას ვერ იზამ. სანამ აქ ვსაუბრობდით, ზომები აგიღე. სულ მცირე რვა თვე დაგჭირდება, საკმარის მოცულობას რომ მიაღწიო… ეს – დედამიწის დროით.
– კარგი, მართალი ხარ, შენი მოტყუება ვცადე. არ გამომივიდა. მაგრამ ნუთუ, სიბრალულის გრძნობა არ გაგაჩნია? საუკუნეებია აქ ვარ. ისე, როგორც ჩემი მამა და იქამდე იმის მამა. ჯერ პაწაწკინტელა კენჭი ვიყავი, ნელ-ნელა ვიმატებდი ნაწილაკებს. უკეთესი მოლეკულების კოლექცია არვის აქვს ირგვლივ. ვაშენებდი, ვიზრდებოდი და ახლა, როცა სოკოდ ქცევამდე ერთი ნაბიჯიღა დამრჩა, გინდა ადგილიდან ამაგლიჯო? გულში წინწკალი ქვა არ გქონია.
– ტყუილად დარდობ, მერწმუნე, წინ დიდი თავგადასავალი გელის. არც ერთი სხვა ლოდი დედამიწაზე არ ყოფილა. უცხო ადგილებს ნახავ და საუკეთესო ნაწილაკებს შეაგროვებ. განსხვავებულს.
– ვერაფერი ნუგეშია… მსურს, ჩემმა მეგობრებმა ნახონ, როგორ ვიქცევი სოკოდ.
– ეგ არ გამოვა.
– ძალიან სასტიკი ადამიანი ხარ. იმედი მაქვს, ჩემს გვერდით იქნები, როცა ვიქცევი სოკოდ.
– ოჰ, არა… მე ვაპირებ, ვიყო რაც შეიძლება შორს, შენი სოკოდ ქცევა ხომ საარაკო დროსტარების კარს გამიღებს ფართოდ.
ნეხვის გროვაზე მიზიდულობის კანონი დედამიწაზე ნაკლებია. ლოდს ძალაყინი მოსდო და იოლად მოსწყვიტა მიწას, კოსმოსურ ხომალდთან მიაგორა, შეფუთა და ჯალამბრის დახმარებით ზედ აიტანა. ბირთვული რეაქტორის გვერდით მოათავსა.
მისი ხომალდი პატარა, სპორტული სედანი იყო. ადგილი რომ გამოეთავისუფლებინა, დამცავი ფარის დიდი ნაწილის მოხსნა მოუხდა. ამიტომ, ლოდმა ისე იგრძნო თავი, როგორც გავარვარებული ვულკანის სიახლოვეს. სწრაფად მოკრიბა ნარჩევ-ნარჩევი ნაწილაკები და სოკოდ იქცა. სოკო აიჭრა ცაში. გაიშალა. ვეება ტალღებად გადაუარა დაბლობს.
რამდენიმე პაწია კენჭი ჩამოვარდა მტვრიანი ციდან. ყვირილით ამცნეს სამყაროს თავიანთი დაბადება.
– ლამაზად გაიხლიჩა, – თქვა შორეულმა მეზობელმა, – და იმაზე ადრე, ვიდრე ველოდი… სასიამოვნო მცხუნვარება დააყენა და რა კაშკაშად გაცისკრა…
– საუცხოო სოკოდ იქცა, – დაეთანხმა მეორე, – კოლექციონერს თუ თავისი საქმე უყვარს, შრომა ყოველთვის დაუფასდება.
©Roger Zelazny – Collector’s Fever. Galaxy, June 1964
©LV (ქართული თარგმანი, 2022)
©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___
მთარგმნელის კომენტარი:
არა, ავტორის შესახებ არაფრის დაწერას ვაპირებ. ზელაზნის არ სჭირდება. … თუმცა, ზელაზნი თუ ჟელაზნი? ამერიკულ ყაიდაზე დავწერე, პოლონურად კი “ჟ” არის… იმას ვამბობდი, რომ ზელაზნი ვინაა, ყველამ იცის, მაგრამ მის მოთხრობებს არ ვიცნობდი. არც ჰქონია ბევრი. მითუფრო – მცირე ფორმატის. ლექსები აქვს, მაგრამ პოეზიის თარგმნა ნამეტანი იქნებოდა. 🙂 გაჭირდა შერჩევა.
ეს პატარა მოთხრობა ოდნავ ადრეული ზელაზნია (ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, რომ მისი სახელი ჟურნალის გარეკანზე გამოტანილიც არაა). 2 წლის შემდეგ მოიპოვებს თავის პირველ პრესტიჟულ ჯილდოს, “ჰიუგოს” რომანისთვის “ის უკვდავი” (This Immortal).
ზელაზნისთან რა კავშირშია – გასტონ ბუაჩიძე გარდაცვლილა. უცნაური ბედის ადამიანი. ძალიან კარგი ლიტერატორი, მკვლევარი და მთარგმნელი.