რეი ბრედბერი
მდელოში ქარი აგრილებდა ხომალდს. თაღოვანი ხუფი გადაიხსნა და იქიდან გამოვიდნენ მამაკაცი, ქალი და სამი შვილი. სხვა მგზავრები გაუბედავად მიუყვებოდნენ მარსის ველებს. მათი ჩურჩული ყურს მიეფარა. მამაკაცი მარტო დარჩა ოჯახთან ერთად.
იგრძნო, როგორ ელაქუცებოდა ნიავი თმაზე. სხეულის თითო ნაკვთი შეეკუმშა, როგორც უჰაერობაში იცის. გახედა ცოლს, რომელიც მის წინ იდგა და თრთოდა. რა ელით აქ? ბავშვები მარსის მიწაზე შეიძლება მიმოიფანტონ და ჩაიკარგონ, როგორც თესლები ხნულში. თითქოს ფიქრს მიუხვდნენო, თავები ასწიეს, მამას მიაჩერდნენ. სახეზე ერთბაშად სუსხმა დაჰკრა. ცოლმა შენიშნა, ჰკითხა:
– რა მოხდა?
– მოდი, ხომალდში დავბრუნდეთ!
– დედამიწაზე დავბრუნდეთ?
– კი…. ყური მიგდე…
ღნაოდა ქარი. ნებისმიერ წამს შეუძლია, სული ამოართვას და თან გაიყოლოს… ისე გამოხრას, როგორც ძვალი.
შეჰყურებდა მარსის ბორცვებს, გაცრეცილს საუკუნეთა მიერ. დაკარგულ ქალაქებს, სამარხებად ქცეულს, გამხმარი ბალახის მორევში ჩაძირულს.
– გამაგრდი, ჰარი, – უთხრა ცოლმა, – წილი ნაყარია. ასი მილიონი კილომეტრი გამოვიარეთ, თუ მეტი არა…
ბავშვებს გახედა. მათ ოქროსფერ კულულებს მარსული უძირო ცა დასდგომოდა თავზე გუმბათად. ბავშვები უძახდნენ. პასუხად იყო მხოლოდ ქარის სტვენა გორაკებიდან გამოტაცებული.
ბარგს დასწვდა.
– კარგი, წავედით, – თქვა.
ახლა იმ კაცს ჰგავდა, ადიდებული მორევის წინ რომ დგას და იცის, იქიდან ვეღარ გამოაღწევს.
ქალაქში შევიდნენ.
ბითერინგების ოჯახი: ჰარი, მისი ცოლი ქორა, თიმი, ლორა და დეივიდი. მათ ააშენეს პატარა თეთრი სახლი ლამაზი აივნით და სიყვარულით იკრიბებოდნენ დილით სასაუზმოდ ერთ მაგიდასთან. მაგრამ კარზე მოადგა შიში და აღარსად წასულა. ეკალ-ბარდივით ამოვიდა ბატონ და ქალბატონ ბითერინგს შორის. იქ იყო, როდესაც დასაძინებლად წვებოდნენ და მასთან ერთად იღვიძებდნენ მზის ამოსვლისას.
– ქვამარილი მგონია თავი, – ამბობდა ხშირად, – მთის ნაკადულში მომისროლეს, ნელ-ნელა ვდნები… უცხონი ვართ აქ, უცხო მხარეში. დედამიწელნი. ეს კი მარსია. მარსელების სახლი… ოჰ, ქორა, გეხვეწები, ვიყიდოთ ბილეთები და შინ დავბრუნდეთ!
მაგრამ ცოლი მხოლოდ თავს აქნევდა პასუხად.
– ერთ დღეს ბირთვული ბომბი მოსპობს დედამიწას. აქ უსაფრთხოდ ვართ. უცხო მხარეში, მაგრამ – უსაფრთხოდ!
– უსაფრთხოდ, მაგრამ ჯანსაღ გონებაზე ვიქნებით კი?
ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ შვიდი საათია, – მღეროდა მაღვიძარა, – ადგომის დროა.
იღვიძებდნენ.
ჯერ ამოწმებდა, ყველაფერი თუ რიგზე იყო – თბილი კერია, მეწამული ნემსიწვერა ქოთანში – გული ავს გრძნობდა. თავს იმშვიდებდა, ვითომ არაფერიაო. კოსმოსურ ხომალდს დედამიწიდან ჩამოჰქონდა დილის გაზეთი ცხელ-ცხელი ამბებით. ფინჯან ყავასთან.
– კოლონიალიზმის დღეები დაბრუნდა, ამბობდა ხოლმე, – ერთი წლის შემდეგ, მარსზე მილიონი დედამიწელი იქნება. ახალი, დიდი ქალაქები გვექნება, სიცოცხლით სავსე… გვეუბნებოდნენ, რომ დავმარცხდებოდით. მარსელებს განარისხებს ჩვენი შემოსევა, მაგრამ სად არიან მარსელები? ერთიც არ გვინახავს! ჩვენ დაგვხვდა მათი დაცარიელებული ქალაქები, არც ერთი სულიერი. სულ არვინ!
მოვარდნილმა ძლიერმა ქარმა შეაზანზარა სახლი. ფანჯრებს ჭახაჭუხი გაუდიოდა. ბატონმა ბითერინგმა ნერწყვი გადაყლაპა და ბავშვებს გახედა.
– არ ვიცი, მამა, – უთხრა დეივიდმა, – ირგვლივ თუ მარსელები ცხოვრობენ, ჩვენ კი ვერ ვამჩნევთ? ხანდახან ღამით, ასე მგონია, მათი ხმაც მესმის. ან, იქნებ, ქარს მოყოლილი ქვიშა აკაკუნებს კარზე… მიტოვებულ ქალაქებს რომ ვუყურებ მთის ფერდობებზე, მეჩვენება, როგორ იღვიძებენ ისინი. მათ ფუსფუსს ვხედავ… ეგებ, არ მოსწონთ, აქ რომ დავსახლდით. ნეტავ, რა უდევთ გულში?
– რას უნდა გვემართლებოდნენ?! – შესძახა ბატონმა ბითერინგმა და ფანჯრიდან შორს, ძალიან შორს გაიხედა, – წესიერი, უბოროტო ხალხი ვართ… ყველა მკვდარ ქალაქში სახლობენ მოჩვენებები… მათი ქუჩები მოგონებებით არის სავსე, ამას ვგულისხმობ, – მზერა ბორცვებს აადევნა, – ხედავ კიბეებს და, უნებლიედ, მარსელს ხედავ, ვინც ამ კიბეს აუყვებოდა, ხედავ ნახატებს და ფიქრობ, ვინ იყო მხატვარი… ამ დროს თავად აცოცხლებ მათ, საკუთარ გონებაში ხატავ ლანდებს… ეს ხომ ბუნებრივია – ასეთია წარმოსახვა… იმ ნანგრევებში ხომ არ ასულხარ? – ჰკითხა.
– არა, მამა, – უპასუხა შვილმა და თვალი მოარიდა. ფეხსაცმელებს დააცქერდა.
– მოერიდეთ, – გააფრთხილა მამამ, – შორს დაიჭირეთ თავი… მურაბა მომაწოდე, გეთაყვა.
– და მაინც, – თქვა თავისთვის პატარა დეივიდმა, – ნაძლევს ვარ, რაღაც მოხდება…
და იმ შუადღეზე მოხდა.
ლორა მორბოდა ზლუქუნით და ხელების ცეცებით, როგორც ბრმა. ფეხი ერეოდა. ზღურბლიდანვე შეჰყვირა.
– დედა, მამა – დედამიწაზე ომია! – და ხმამაღლა აქვითინდა, – რადიომ გადმოსცა… ბირთვული აფეთქება… ნიუ იორქში ატომური ბომბი ჩამოვარდა… ყველა კოსმოსური ხომალდი განადგურებულია… აქ აღარავინ ჩამოფრინდება… მარსზე… აღარასოდეს!
– ოჰ, ჰარი! – შესძახა ქორამ. ქმარსა და შვილს მოეხვია.
– დარწმუნებული ხარ, ლორა? – ჩუმად ჰკითხა მამამ.
– კი… კი… ჩვენ მარსზე დავრჩებით, სამუდამოდ! სამუდამოდ!
გვიანი შუადღე იყო. მხოლოდ ქარი ღიღინებდა თავისთვის რაღაცას.
მარტონი დავრჩით, – ფიქრობდა ჰარი, – სულ მარტო. ათასი თუ ვიქნებით. უკან დასაბრუნებელი გზაც მოჭრილი გვაქვს. სდიოდა ოფლი ღვარად. სხეული ისე ვარვარებდა, როგორც ნაკვერჩხლები. სურდა, სილა გაეწნა ლორასთვის, სურდა ეყვირა: არა, შენ სტყუი! ხომალდები მოფრინდებიან! აუცილებლად მოფრინდებიან! – მაგრამ, ამის ნაცვლად, თავზე ფრთხილად გადაუსვა შვილს ხელი და უთხრა:
– ხომალდები აუცილებლად მოვლენ… ერთ დღეს.
– როდის, მამა? ხუთ წელიწადში?… რამდენი დრო დასჭირდება მათ აგებას? მანამ რა უნდა ვქნათ?.. მამა?
– ვაკეთოთ ჩვენი საქმე. მიწა დავხნათ, მოსავალი მოვიწიოთ… დაველოდოთ, სანამ ომი დამთავრდება და ხომალდები მოფრინდებიან.
ამასობაში ბიჭებიც გამოჩნდნენ.
– ბავშვებო, – უთხრა მამამ, თან თვალი აარიდა, – რაღაც უნდა გითხრათ.
– უკვე ვიცით, – უპასუხეს.
ბითერინგი ბაღში ბოლთას სცემდა. ადგილზე ვერ ჩერდებოდა, სურდა, ადევნებული შიშისგან დაეხსნა თავი. სანამ კოსმოსში ხომალდებს მოექსოვათ ბადე, ეულად არ გრძნობდა თავს. ცხოვრობდა მარსზე, მაგრამ თავს იმშვიდებდა: ხვალ, თუ მოვისურვე, ვიყიდი ბილეთს და დავბრუნდები დედამიწაზე.
მაგრამ ახლა ბადე მოირღვა და დაიფლითა. ხომალდებისგან დარჩა მხოლოდ დამდნარი ლითონი და გამწყდარი მავთულები. დედამიწელები მიხაკ-დარიჩინის მარსული მტვრისა და მათრობელა ჰაერის პირისპირ. მარსული ზაფხულის ხვატი კალოზე ძნასავით გაშლის, მარსული ზამთრის სუსხი აკრეფს და საბძელში შეინახავს. რა ბედი ელის ადამიანებს? რა ბედი ელის მის ოჯახს? ნუთუ, ამას ელოდა მარსიც? ჩასაფრებული იყო და დრო მოიხელთა ახლა – დააცხრება და ერთ ლუკმად შეჭამს.
ყვავილებთან ჩაიმუხლა. აცახცახებული ხელით აიღო პატარა ნიჩაბი. იმუშავე, -ფიქრობდა, – იმუშავე და ავი ფიქრები გადაფანტე.
თვალი მაინც მარსის ფერდობებისკენ გაექცა. ამ მთებს, ოდესღაც, დიდებული მარსელების სახელები ერქვა. დედამიწელი, ვინც ზეციდან მოვიდა, მისჩერებოდა მარსულ მწვერვალებს, მდინარეებს, ზღვებს. სახელების მიუხედავად, უსახელოდ დარჩენილს. მარსელებმა ააგეს ქალაქები და დაარქვეს ქალაქებს სახელები. სახელები დაარქვეს ცად აზიდულ მწვერვალებს. მღელვარე ზღვებს… მაგრამ ქედები ჩამოიშალა ქვებად, ზღვები დაშრა და იქცა ქვიშად, ქალაქებისგან ნანგრევებიღა დარჩა. სახელებიც დაიკარგა. დედამიწელებმა ახალი სახელები შეურჩიეს. თუმცა, ძრწოლის და დანაშაულის გრძნობა არსად გამქრალა იმ, ძველი, წაშლილი სახელების წინაშე…
მაგრამ ადამიანს სჭირდება ნიშნები და იარლიყები. მათ გარეშე ადამიანის ცხოვრება ცარიელია. ახალი სახელები გაჩნდა ნელ-ნელა.
ბატონი ბითერინგი ბაღში იყო. მარტო. აქ, მარსის მზის ქვეშ მოხრილი, ველურ ნიადაგში დედამიწის ყვავილებს რგავდა.
იფიქრე საქმეზე, – ეუბნებოდა საკუთარ თავს, – არ იფიქრო დედამიწაზე, ბირთვულ ომზე, განადგურებულ კოსმოსურ ხომალდებზე.
დაცხა. მიმოიხედა. არავინ უყურებდა. ჰალსტუხი მოიხსნა.
ესეც ასე, – გაიფიქრა, – ჯერ ქურთუკი, ახლა – ჰალსტუხიც.
ატმის ხეზე ჩამოკიდა კოხტად. ეს ატმის ნერგიც დედამიწიდან წამოეღო. მასაჩუსეციდან.
კვლავ მთებსა და ზღვებს დაუბრუნდა ფიქრით. ჰორმელის ხეობები, რუზველთის ზღვები, ფორდის ბორცვები, ვანდერბილთის ველები, როქფელერის მდინარეები… ეს ამბავი არ მოსწონდა. ამერიკელი პირველმოსახლეები ბრძენი ხალხი იყო – ინდიელთა ძველი დასახელებები გამოიყენეს: ვისქონსინი, მინესოთა, აიდაჰო, ოჰაიო, იუთა, მილოუქი, უოქიგენი, ოსეო. ძველი სახელი, ძველი მნიშვნელობა… მარსზე კი… მთებს შეჰყურებდა და ფიქრობდა – სად ხართ? ნუთუ, თქვენგან ცოცხალი არვინ გადარჩა? მოდით. ჩვენ აქ ვართ, მარტონი. ყველასგან მოწყვეტილნი. უმწეონი. მოდით და გაგვყარეთ თქვენი მიწებიდან.
ქარმა ატმის ყვავილები დაკრიფა და სახეში მიაყარა.
მზით გაწითლებულ ხელსგულში მოაგროვა. მიუალერსა… დახედა. შეათვალიერა. ცოლს გასძახა:
– ქორა!
ქალმა ფანჯრიდან გამოხედა. ჰარი სწრაფი ნაბიჯებით წავიდა მისკენ.
– ყვავილები, ქორა!
ცოლი მის პეშვში მოკრებილ ყვავილებს დააცქერდა.
– ვერ ამჩნევ? გამოიცვალნენ, ფერი იცვალეს. აღარ ჰგვანან ატმის ყვავილებს!
– რა ვიცი… მგონი, ისევ ისეთია, როგორიც უნდა იყოს.
– არა – სხვანაირი… ვერ გეტყვი, რით… მგონი, ზედმეტი ფოთოლი გამოისხეს ან ფერია სხვა… თუ – სუნი!
ბავშვებმა მიირბინეს, სურდათ ენახათ, რა ხდებოდა.
მამა ბაღში დადიოდა. ხან ერთ ნარგავს ეცა, ხან – მეორეს. ბოლოკს, ხახვს, სტაფილოს გლეჯდა.
– ქორა, მოდი, ესენიც ნახე!
ხახვი, ბოლოკი, სტაფილო ხელიდან-ხელში გადავიდა.
– განა, სტაფილოს ჰგავს?
ცოლი ეჭვით დაჰყურებდა:
– მგონი, კი… თუ – არა… არ ვიცი…
– შეიცვალნენ.
– ალბათ, მართალი ხარ…
– ნამდვილად ასეა, თავადაც ხედავ! – უთხრა ქმარმა, – ხახვია, მაგრამ ხახვი არაა, სტაფილოა, მაგრამ სტაფილოს არ ჰგავს. გემო იგივეა, ვითომ, მაგრამ – განსხვავებულია. სუნი? დაყნოსე – ის აღარაა რაც – ადრე.
იძახდა და ესმოდა, როგორ უცემდა გული. გრძნობდა, როგორ მოიცვა შიშმა. დაიხარა და პეშვით მოთხრა მიწა.
– ქორა, რა ხდება? რა არის? აქაურობას უნდა გავეცალოთ…
ბაღში დადიოდა, ყველა ხეს შეეხო, ყველა მცენარეს.
– ვარდები!.. შეხედე ვარდებს, მწვანე ფერისაა.
მიუახლოვდნენ, დახედეს ზურმუხტისფერ კოკრებს.
ორი დღის შემდეგ აქოშინებულმა თიმმა მოირბინა.
– ნახეთ, ძროხას ვწველიდი და რა დაემართა…
შევიდნენ ბოსელში და მიაჩერდნენ მათ ერთადერთ ძროხას.
მესამე რქა ეზრდებოდა.
მათი სახლის წინ, მდელოზე გაზაფხულის ბალახი ამოიწვერა. თესლი დედამიწიდან წამოიღეს, მაგრამ ახლა იისფრად ბიბინებდა.
– უნდა მოვშორდეთ! – მტკიცედ თქვა ბატონმა ბითერინგმა, – ხილს და ბოსტნეულს შევჭამთ ჩვენი ბაღჩიდან და ვინ იცის, შემდეგ რა დაგვემართება. არ შეიძლება! ეს ყველაფერი უნდა ამოვთხაროთ და დავწვათ.
– საწამლავი ხომ არაა, – უთხრა ქორამ.
– მოწამლულია, – უპასუხა, – შეიძლება მცირედ, თითქმის შეუმჩნევლად, მაგრამ – მოწამლული. არც კი უნდა შევეხოთ.
შემდეგ სახლი შეათვალიერა. შეჰყურებდა კრთომით.
– რას დაემსგავსა… ქარმა დამართა რაღაც. ჰაერმა გამოწვა. ნისლმა გამოღრღნა ღამით. შეხედე ბოძებს, ქონგურს… ყველაფერი დაიგრიხა. დედამიწელები ასეთ სახლებს არ აგებენ.
– ოჰ, გეჩვენება!
ქურთუკი ჩაიცვა. ჰალსტუხიც გაიკეთა.
– ქალაქში მივდივარ. რაღაც უნდა ვიღონოთ… დავბრუნდები მალე.
ჰარი, მოიცადე! – დაუძახა ცოლმა.
არ მოუხედავს.
ქალაქში, სასურსათო მაღაზიის კიბეზე , ჩრდილში კაცები ჩამომსხდარიყვნენ. მუხლებზე ხელები შემოეწყოთ. არხეინად მასლაათობდნენ.
მისტერ ბითერინგს პისტოლეტი არა ჰქონდა, თორემ ჰაერში ისროდა.
რას აკეთებთ, ბრიყვებო, – გაიფიქრა, – რას დამსხდარხართ, ვერ გაიგეთ, განა, ამ პლანეტაზე ვართ გამომწყვდეულნი. გამოფხიზლდით! ქენით რამე! არ გეშინიათ? დარდი არ გაქვთ? Რას აპირებთ?
– გამარჯობა, ჰარი, – მიესალმნენ.
– ახალი ამბები, მოისმინეთ?
თავი დაუქნიეს.
– კი, მოვისმინეთ ჰარი.
თან – იცინოდნენ.
– რას აპირებთ?
– რა უნდა ვქნათ?
– ხომალდი უნდა ავაშენოთ, აი – რა!
– კოსმოსური ხომალდი, ჰარი? მერე? იმ უბედურებაში დავბრუნდეთ? აბა, რას ამბობ!
– დედამიწაზე უნდა დავბრუნდეთ! – უთხრა, – ვერ ამჩნევთ ატმის ყვავილს, ხახვს, ბალახს?
– რატომ ვერა? ვამჩნევთ, ჰარი, – უპასუხა ერთმა.
– მერე, არ გეშინია?
იმან მხრები აიწურა.
– არც მაინცდამაინც.
– მთლად გამოშტერებულხართ!
– მორჩი, ჰარი!
ცრემლები ახრჩობდა.
– უნდა დამეხმაროთ, როგორ არ გესმით, აქ თუ გავჩერდით, ყველანი შევიცვლებით, ეს პლანეტა ყველას მოგვინელებს… რაღაც არის აქ. მარსის ვირუსი. ჰაერში, რომლითაც ვსუნთქავთ, თესლებში, ყვავილის მტვერში… ყური მიგდეთ!
ისინი უსმენდნენ, თვალს არ აშორებდნენ.
– სემ!
– რა იყო, ჰარი?
– ხომალდის აგებაში დამეხმარები?
– მე მაქვს ლითონი და რაღაც ნახაზებიც მაქვს – ხომალდის აგება გინდა? კი ბატონო. შეგიძლია, ჩემს მაღაზიაში იმუშაო… ლითონს მოგყიდი ხუთას დოლარად. თუ მარტო იმუშავებ, მშვენიერ ხომალდს ააგებ – ასე, ოცდაათი წლის შემდეგ.
ყველამ გაიცინა.
– რას იკრიჭებით!
სემმა ღიმილით შეხედა.
– სემ, – უთხრა ბითერინგმა, – შენი თვალები…
– რა?
– ნაცრისფერი თვალები არა გქონდა?
– ალბათ… აღარ მახსოვს.
— ეგრე იყო! არა?
– რატომ მეკითხები, ჰარი?
– იმიტომ, რომ ახლა – ყვითელია!
– ეგრეა, ჰარი? – ჰკითხა სემმა გულგრილად.
– ეგრეა… შენ კი უფრო მაღალი და გამხდარი ხარ, ვიდრე – უწინ.
– შეიძლება, ასეც არის…
– სემ, არ უნდა გქონდეს ყვითელი თვალები.
– შენ რა ფერის თვალები გაქვს, ჰარი? – ჰკითხა სემმა.
– ჩემი თვალები? რა თქმა უნდა ცისფერია.
– გამომართვი, ჰარი, – სემმა ჯიბის სარკე მიაწოდა, – თავად ნახე.
ყოყმანობდა. მაინც გამოართვა სარკე და ჩაიხედა.
მის ცისფერ თვალებში პაწია, მკრთალი ოქროსფერი წინწკლები ჩამსხდარიყო.
უჩუმრად იდგნენ.
– აბა, რა ქენი! – უთხრა სემმა, – სარკე გამიტეხე.
ჰარი ბითერინგი რკინეულობის მაღაზიაში გადასახლდა და ხომალდის აგება დაიწყო. კაცები ღია კართან იდგნენ, ხმადაბლა საუბრობდნენ და ხუმრობდნენ. ხანდახან ხელსაც შეაშველებდნენ ხოლმე, თუ რაღაც სიმძიმის აწევაზე იყო საქმე. მაგრამ მეტწილად უბრალოდ იდგნენ და შეჰყურებდნენ გაყვითლებული თვალებით.
– ვახშმის დროა, ჰარი.
მისი ცოლი მოვიდა. პატარა კალათით და ზედ გადაფარებული ნაჭრის სუფრით.
– არ შევეხები, – უთხრა ჰარიმ, – არაფერი მინდა ჩვენი ბაღიდან, მხოლოდ ის საკვები, რაც დედამიწიდან ჩამოვიტანეთ და საყინულეში შევინახეთ.
ცოლი იდგა და დარდით შეჰყურებდა.
– ხომალდს ვერ ააგებ, ჰარი.
– ახალგაზრდობაში ზეინკლად ვმუშაობდი. ლითონის ამბავი კარგად ვიცი… რომ ნახავენ, საქმე მიდის, შემდეგ სხვებიც შემომიერთდებიან, – უპასუხა ისე, რომ ნახაზებიდან თავი არ აუღია.
– ჰარი, ჰარი, – თქვა ცოლმა დარდით.
– უნდა გავიქცეთ, ქორა. აქედან უნდა წავიდეთ!
მთვარით განათებული, ბალახით დაფარული დამშრალი ზღვები, თეთრ ჩონჩხად ქცეული ქალაქები. თორმეტი ათასწლეული დაჰყურებდა დედამიწელთა დასახლებას, სადაც ბითერინგების სახლის კედლებს არყევდა ღამის ქარი თუ ფერისცვალების მოლოდინი.
ბატონი ბითერინგი იწვა ლოგინში და არ ეძინა. მისი სხეულის ყველა ძვალი მოძრაობდა და დნებოდა, როგორც ღუმელში ჩაგდებული ოქრო. ცოლს გახედა. მარსის მზე მოჰკიდებოდა კანზე. თითქმის დამწვარი იყო და ოქროსთვალება. ბავშვები თავ-თავიან საწოლებში. ბრინჯაოსფერი კანით. ეძინათ მშვიდად. მხოლოდ ქარი ბღაოდა გარეთ და ზურმუხტისფერი ვარდის ფურცლებს აყრიდა ატმის ხეებს და იისფერ ბალახს.
შიში კი არსად მიდიოდა. ყელში სწვდა და მისი გული მოაქცია მუჭში. ხელ-ფეხი გაუკავა. ცივმა ოფლმა დაასხა.
აღმოსავლეთით ზურმუხტისფერი ვარსკვლავი ამოვიდა.
და ბატონი ბითერინგის ბაგეებს მოწყდა უცხო სიტყვა:
– იორრტ. იორრტ!
მარსული სიტყვა იყო. მან არ იცოდა მარსული.
გათენებას არ დალოდებია, სიმფსონს დაურეკა, არქეოლოგს.
– სიმფსონ, რას ნიშნავს სიტყვა “იორრტ”?
– ასე ჰქვია მარსულად ჩვენს პლანეტას, დედამიწას… რატომ მეკითხები?
– არაფერია… ისე.
ტელეფონი ხელიდან გაუვარდა.
– ალო… ალო… – ესმოდა სიმფსონის ხმა, – გესმის, ჰარი? რა დაგემართა? მანდ ხარ?
ჰარი იჯდა და მწვანე ვარსკვლავს გაჰყურებდა ფანჯრიდან.
ისმოდა ლითონზე მუშაობის ხმა. ბითერინგი ხომალდის ჩარჩოს ჭრიდა. კიდევ სამი კაცი ეხმარებოდა უხალისოდ და გულგრილად. ერთი საათიც არ უმუშავია, ძალიან დაიღალა და ჩამოჯდა.
– სიმაღლის ამბავია, – გაეცინა ვიღაცას.
– შეჭამ, ჰარი? – ჰკითხა მეორემ.
– შევჭამ, – უპასუხა ბრაზით.
– ისევ შენი საყინულიდან?
– დიახ!
– გამხდარი მეჩვენები, ჰარი.
– ნუ მიქარავ!
– და უფრო მაღალი.
– სტყუი!
რამდენიმე დღის შემდეგ ცოლმა უთხრა:
– ჰარი, საყინულეში არაფერი დარჩა. ყველაფერი გამოვიტანე… სენდვიჩების გაკეთება მომიწევს მარსზე მოწეული მოსავლით.
მძიმედ ამოიოხრა. ჩამოჯდა.
– მშიერი ხომ არ იქნები – დასუსტებული ხარ.
– ჰო… – უთხრა.
აიღო სენდვიჩი, დახედა და ოდნავ მოკბიჩა.
– დაისვენე დღეს. – უთხრა ცოლმა, – ჩამოცხა… ბავშვებს მთებში ლაშქრობა სურთ და არხში ბანაობა…. წამოდი, გთხოვ.
– არ შემიძლია, – უთხრა, – დასაკარგი დრო არ მაქვს.
– ერთი საათით, გთხოვ… შენც გაგრილდები, ცოტა გულს გადააყოლებ.
– კარგი, კარგი, – უთხრა. წამოდგა და იგრძნო, როგორ სდიოდა ოფლი, – თავი დამანებე… მოვალ.
– შენთვის, ვამბობ, ჰარი.
ცხელი დღე იყო. მიწას ასდიოდა ოხშივარი. საცურაო კოსტიუმებში არხისკენ მიდიოდნენ მამა, დედა, წინ ბავშვები მირბოდნენ. შეისვენეს. შაშხიანი სენდვიჩებით დანაყრდნენ. ის უყურებდა ცოლსა და შვილებს. მათი კანი იყო დამწვარი ხორბლისფერი, თვალები კი – ყვითელი. ყვითელი თვალები არასდროს ჰქონიათ. იგრძნო, როგორ დაუარა ჟრუანტელმა. მაგრამ სხეული მზის თბილ სხივებს მიაგება და ცახცახიც ჩაცხრა. მოთენთილობა იგრძნო, შიში დაღლილობამ შეცვალა.
– ქორა, რამდენი ხანია, რაც თვალები გაყვითლებული გაქვს? – ჰკითხა
– მგონი, სულ ასე იყო.
– სამი თვის წინ, განა, თაფლისფერი არ გქონდა?
ცოლმა შეხედა. ტუჩი მოიკვნიტა.
– არა… რატომ მეკითხები?
– არაფერია… დაივიწყე.
ჩუმად ისხდნენ.
– ბავშვებსაც ყვითელი თვალები აქვთ, – თქვა.
– ბავშვი რომ იზრდება, მათი თვალები, ზოგჯერ, ფერს იცვლის, – უთხრა ცოლმა.
– ალბათ, ჩვენც ბავშვები ვართ… მარსისთვის… – გაეცინა, – წყალში ხომ არ შევიდე?
არხში გადახტნენ. ჰარიმ ჩაყვინთა. ერთბაშად წავიდა ფსკერისკენ. იწვა, როგორც ოქროს კერპი, სხეულზე წყალმცენარეები შემოეხვია. სიჩუმე იყო.
თუ საკმარისად დიდხანს დავრჩი აქ, – გაიფიქრა, – წყალი შემჭამს, ჩემს ხორცს დაგლეჯს, სანამ ძვლებად არ ვიქცევი. შემდეგ ამ ძვლებზე, როგორც მარჯნის კუნძულზე, დაშენდება წყალქვეშა სამყარო.. მწვანე, წითელი, ყვითელი… ფერისცვალება… ნელი, ჩუმი, ფეხაკრეფით… ეს არ არის განა, რაც ზემოთ, ხმელეთზე გვემართება?
წყლიდან მოჩანდა ცაში გამოკიდული მზე. მარსული. ყველაფერი მარსით იყო გაჟღენთილი. ატმოსფეროც, დროც და კოსმოსიც.
მარსი არის დიდი მდინარე, – გაიფიქრა, – რომელშიც ჩვენ ყველანი დავსახლდით. საკუთარ ნაჭუჭებში. კენჭებით აგებულ სახლებში ვიმალებით ჩაძირულ ლოდებს შორის. ჩვენი ხორცი დნება წყალში, ჩვენი ძვლები იმატებს სიგრძეში…
წყალმა მისი სხეული აიტაცა და ნაპირზე გამორიყა.
თიმი არხის პირას იჯდა და მამას უყურებდა.
– უტა, – უთხრა.
– რა თქვი? – ჰკითხა მამამ.
ბიჭს გაეღიმა.
– როგორ არ იცი, უტა მარსულად მამას ნიშნავს.
– ვინ გასწავლა?
– არ ვიცი… ჩემით, უტა!
– გინდა რამე?
ბიჭი ყოყმანობდა.
– სახელის შეცვლა მინდა.
– სახელის შეცვლა?
– ჰო.
დედაც მოცურდა.
– თიმს რას უწუნებ? – ჰკითხა.
თიმი აწრიალდა.
– რა ვიცი… იმ დღეს მიძახდით, თიმ… თიმ… მე კი ვერ გავიგე. ჩემს თავს ვუთხარი, ასე არ მქვია, ახალი სახელი მაქვს, მინდა, ის დამიძახონ.
ბატონი ბითერინგი არხის ნაპირს მოეჭიდა. გული სწრაფად უცემდა.
– რა სახელია?
– ლინნლ… ხომ კარგი სახელია? შეიძლება, ასე მერქვას? გთხოვთ…
ბატონმა ბითერინგმა ხელი შემოიდო თავზე. ხომალდი მოაგონდა. მარტო მუშაობდა. აქაც მარტო იყო. ოჯახთან ერთად, მაგრამ – მარტო.
ცოლის ნათქვამი შემოესმა:
– რატომაც არა?
და გაიგონა, როგორ თქვა თავად:
– რახან ეგრე გინდა, გერქვას.
– ეჰეეეე!- დაიყვირა ბიჭმა, – მე ლინნლი ვარ, ლინნლი!
დარბოდა ცეკვა-ცეკვით, ხტოდა და ყვიროდა.
ცოლს შეხედა.
– რატომ დავრთეთ ნება? – ჰკითხა.
– არ ვიცი… – უპასუხა ქალმა, – მომეჩვენა, რომ კარგი აზრი იყო.
ისინი აუყვნენ ბორცვებს. მისეირნობდნენ ძველი მოზაიკური ბილიკებით, შადრევნებს შორის, რომლებიდანაც ჯერ ისევ ფეთქავდა წყალი. მზით გამთბარ გზებზე ნაკადულის გრილი წყალი მოწანწკარებდა, შიშველ ტერფებს ევლებოდა. სიამოვნებდათ.
კოხტა, მიტოვებულ სახლს მიადგნენ. გორაკის ქედზე. აქედან ხეობაზე ლამაზი ხედი იშლებოდა. ლურჯი მარმარილოს დარბაზი, ფერადი ფრესკები, საცურაო აუზი. კარგი იქნებოდა აქ ცხოვრება ცხელ ზაფხულში. მარსელებს არ უყვარდათ დიდ ქალაქებში ყოფნა.
– რა ლამაზია, – თქვა ქალბატონმა ბითერინგმა, – მოდი, საზაფხულოდ ამ აგარაკზე გადმოვსახლდეთ.
– წასვლის დროა, – უთხრა ბატონმა ბითერინგმა, – ქალაქში ვბრუნდებით, ხომალდი მელოდება.
გვიან ღამემდე მუშაობდა, მაგრამ ცისფერი მარმარილოთი აგებული სააგარაკო სახლი თვალწინ ედგა. კოსმოსური ხომალდის აგება უკვე არც ისე საჩქარო საქმედ ეჩვენებოდა.
იწურებოდა დღეები და კვირები. ხომალდზე ფიქრებიც გადნა და გაილია. პირვანდელი შემართება აღარ ჰქონდა. ეს ამბავი აფრთხობდა. მაგრამ სიცხე, დახუთული ჰაერი, სამუშაო პირობები – ყველაფერი მძიმედ აწვა და ხელს უშლიდა. რკინეულობის მაღაზიის აივანზე კაცები რაღაცაზე ბჭობდნენ ხმადაბლა.
– ყველა მიდის. გაიგე?
– კი, ასეა…
ჰარი გამოვიდა.
– სად მიდიან? – ჰკითხა და ავეჯით დატვირთული სატვირთო მანქანები დაინახა მტვრიან ქუჩაში. ბევრი ბავშვი უკვე ძარაზე შემომსხდარიყო.
– ქალაქგარეთ, აგარაკებზე… – უთხრა ვიღაცამ
– მეც მივდივარ, – თქვა მეორემ, – სემიც მიდის… ასე არაა, სემ?
– კი, ასეა… შენ რას აპირებ, ჰარი?
– აქ საქმე მაქვს.
– საქმე!.. შემოდგომაზე დაასრულებ, როცა აგრილდება.
ბითერინგმა თავი გაიქნია.
– ჩარჩო თითქმის დავასრულე.
– შემოდგომაზე უფრო გაგიიოლდება, დაგვიჯერე.
ეუბნებოდნენ კაცები ზანტად. სიცხეში, თითქოს, სწრაფად ლაპარაკიც ეზარებოდათ.
– სამუშაო მაქვს, – გაიმეორა ჰარიმ.
– შემოდგომაზე, – გაუმეორეს იმათაც.
მათი ნათქვამი ჭკუაში დაუჯდა.
შემოდგომა კარგი დროა, – გაიფიქრა, – დროც მეტი მექნება.
მისი შინაგანი ხმა ამ დროს ყვიროდა, – არა! არა!.. მაგრამ სულ უფრო სუსტად, სულ უფრო მილეულად, – არა! არა! – შესძახა ერთხელაც და ჩაიკარგა.
– შემოდგომაზე, – თქვა ჰარიმ.
– ყოჩაღ, ჰარი, ასე სჯობს, – უთხრა ყველამ.
– კი, – დაეთანხმა და იგრძნო, როგორ ასდიოდა მის სხეულს ორთქლი ცხელი მზის გულზე, – შემოდგომაზე განვაგრძობ.
– მე შევარჩიე სახლი ტირრას არხთან, – უთხრა ერთმა.
– რუზველთის არხს გულისხმობ?
– ტირრა ჰქვია. ძველი მარსული სახელია.
– მაგრამ რუკაზე …
– დაივიწყე ეგ რუკა. ახლა ტირრაა. ლამაზი ადგილი ვნახე პილლანის ქედზე.
– როქფელერის? – ჰკითხა ბითერინგმა.
– პილლანის, – გაუმეორა სემმა.
– კარგი, – თქვა ბითერინგმა, – ჰაერში ცხელი ბუღი იდგა. კამათი აღარ სურდა, – პილლანისაა და პილლანის იყოს.
მომდევნო დღის შუადღე გადასული იყო, როდესაც ბარგი სატვირთო მანქანაში გადაიტანეს.
ლორა, თიმი და დეივიდი ფუთებს ეზიდებოდნენ. ან, როგორც მათ ამჯობინეს, რქმეოდათ, ფუთებს ეზიდებოდნენ ტტილი, ლინნლი და ვერრი.
ავეჯის დატოვება გადაწყვიტეს.
– ბოსთონში ძალიან მომწონდა, ამ სახლშიც გამოგვადგა, მაგრამ აგარაკზე? არა. არ მოუხდება. შემოდგომაზე რომ დავბრუნდებით, აქ დაგვხვდება, – უთხრა ქალბატონმა ბითერინგმა.
ბატონი ბითერინგი ერთხანს დუმდა.
– ვიცი, იქ როგორი ავეჯი დაგვჭირდება, – უპასუხა, – დიდი, ფუმფულა. რომ წამოწვე და მოისვენო.
– ენციკლოპედიას რას უშვრები? ხომ არ გავიწყდება? – ჰკითხა ცოლმა.
ქმარმა წიგნების თაროს თვალი მოარიდა.
– ჰო… იქით კვირას ჩამოვალ და წამოვიღებ…
– ნიუ იორქული კაბები თუ ჩაალაგე? – ჰკითხეს ქალიშვილს.
გოგონამ გაკვირვებით გამოხედა მშობლებს.
– არა, რაღაში დამჭირდება?
გაზის, წყლის ონკანები საგულდაგულოდ გადაკეტეს, გამოხურეს კარი და წავიდნენ.
ბატონმა ბითერინგმა ძარა შეათვალიერა.
– ბევრი არაფერი მიგვაქვს, – თქვა, – იმასთან შედარებით, რაც დედამიწიდან ჩამოვიტანეთ, ერთი პეშვია.
და სატვირთო დაძრა.
სევდით გაჰყურებდა კოხტა, თეთრ სახლს, სურდა მოხვეოდა, მოჰფერებოდა, ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს სადღაც, ძალიან შორს მიემგზავრებოდა და უკან რჩებოდა რაღაც, რაც, შესაძლოა, ვეღარასდროს ენახა, რასთან, ეგებ, არც არასდროს მობრუნებულიყო.
ამ დროს იყო, სემის მანქანა რომ წამოეწიათ.
– ჰეი, ბითერინგ, აუჩქარე!
ძველ გზატკეცილს მიჰყვებოდნენ. სამოცი მანქანა, ერთი-მეორის კუდში. უკან რჩებოდათ ჰაერში ავარდნილი მტვრის კვამლი. სარწყავ არხებში წყალი კამკამებდა მზეზე. ხეებს შორის უჩუმრად ქროდა ქარი და უცხო ყვავილებს აცლიდა ფოთლებს.
– მშვიდობით, ქალაქო! – თქვა ბატონმა ბითერინგმა.
– ნახვამდის, ნახვამდის, – მისმა ცოლმა და შვილებმაც დაუქნიეს ხელი.
უკან აღარ მოუხედავთ.
ზაფხულმა დააშრო მიტოვებული არხები. მიწა დასკდა და მდელოზე გახმა ბალახი. დედამიწელთა სახლები აიქერცლა მზეზე და გახუნდა. რეზინის საბურავები, რომლებზეც უწინ ბავშვები ქანაობდნენ ხოლმე, ეულად დარჩნენ უკანა ეზოში ხის ტოტებზე. უძრავად, როგორც გაჩერებული საათის ქანქარა.
რკინეულობის მაღაზიაში კოსმოსურ ხომალდს შეეპარა ჟანგი.
შემოდგომა იყო.
ბატონი ბითერინგი დამწვარი ხორბლისფერი კანით, ოქროსფერი თვალებით ფერდობიდან გადაჰყურებდა ხეობას.
– დაბრუნების დროა, – თქვა ქორამ.
– ჰო, მაგრამ ჩვენ არ მივდივართ, – უპასუხა, — არაფერი დაგვრჩენია იქ.
– შენი წიგნები, – შეახსენა ცოლმა, – შენი ქურთუკი და ჰალსტუხი… შენი ილლესი და იორ უელე რრე…
– ქალაქი დაცარიელდა. არავინ ბრუნდება, – უთხრა, – იქ არვინ გველის, აღარაფერი გვესაქმება.
ქალიშვილი გობელენს ქსოვდა, ვაჟები უკრავდნენ უძველეს ფლეიტასა და საყვირზე. მხიარული ჰანგები და ხმამაღალი სიცილი მარმარილოს კედლებს ეხეთქებოდა და გარეშემო იღვრებოდა.
ბატონი ბითერინგი დედამიწელთა დასახლებას დააცქერდა ხეობაში.
– რა უცნაური, უაზრო სახლები ააშენეს დედამიწიდან მოსულმა ხალხმა.
– უკეთესი არ იცოდნენ, – უთხრა ცოლმა, – მახინჯი ხალხი იყო. კარგია, რომ წავიდნენ.
ამ ნათქვამზე შეკრთნენ, ერთმანეთს გადახედეს. შემდეგ ორთავემ გაიცინა.
– სად წავიდნენ, ნეტავ?
ცოლს შეხედა. მისი ცოლი იყო მაღალი და ტანწვრილი, ოქროსთვალება. მათი ქალიშვილი ძალიან ჰგავდა დედას. ცოლი უყურებდა და ფიქრობდა, რომ მისი ქმარი ისე ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, მათი უფროსი ვაჟის კბილა გეგონებოდა.
– არ ვიცი, – უპასუხა ცოლმა.
– ჩვენ დავბრუნდებით ქალაქში. შესაძლოა, მომავალ წელს, ან იმის მომდევნო წელს, ან – იმის იქით, – უთხრა ბატონმა ბითერინგმა მშვიდად, – დაცხა, აუზში ხომ არ ჩავიდეთ?
შემოტრიალდნენ და ხელიხელ ჩაკიდებულნი გაუყვნენ მზით გამთბარ ბილიკს. ნაკადულის გრილი წყალი ევლებოდა მათ შიშველ ტერფებს.
ხუთი წლის შემდეგ, ციდან ხომალდი დაეშვა. ჰაერში აჭრილი ორთქლი და ბუღი არ გაბნეულიყო ჯერ, რომ იქიდან კაცები გადმოხტნენ ყვირილით:
– ჩვენ გავიმარჯვეთ! დედამიწაზე ომი დამთავრდა! გავიმარჯვეთ! მოვედით თქვენს გადასარჩენად! ჰეი! სად ხართ?!
მაგრამ ამერიკელების მიერ აშენებული ქალაქი კოხტა სახლებით, ატმის ხეებითა და თეატრებით იდგა მდუმარედ. არვინ იყო, მხოლოდ ჟანგით შეჭმული კოსმოსური ხომალდის ჩარჩო იპოვეს რკინეულობის ცარიელ მაღაზიაში.
მაშინ ბორცვები შემოიარეს.
კაპიტანი მიტოვებულ ლუდხანაში მოკალათდა. იქ დაელოდა. ლეიტენანტი ეახლა პატაკით.
– ქალაქში არავინაა, მაგრამ გორაკებზე ცოცხალი არსებები ვნახეთ, სერ. მუქი კანი აქვთ და ყვითელი თვალები. მარსელები. ძალიან მეგობრული ხალხია. და სწრაფად სწავლობენ ენას. ცოტა გავესაუბრეთ კიდეც. დარწმუნებული ვარ, საფრთხეს არ წარმოადგენენ. მეგობრული ურთიერთობის დამყარება არ გაგვიჭირდება, სერ.
– მუქი კანი?… რამდენი არიან? – ჰკითხა კაპიტანმა.
– ასე, ექვსი-რვა ასეული. მარმარილოს ნანგრევებში ცხოვრობენ, ფერდობებზე. მაღლები, ტანადები არიან. ლამაზი ქალები ჰყავთ, სერ.
– არ გამოჰკითხეთ, რა ბედი ეწია ადამიანებს, ეს დასახლება ვინც გააშენა?
– არაფერი იციან, სერ, არც ამ ქალაქზე, არც – ადამიანებზე.
– უცნაურია… როგორ ფიქრობთ, მარსელებმა ხომ არ დახოცეს?
– უწყინარნი ჩანან, სერ… იქნებ, რაღაც ჭირმა გაწყვიტა.
– შესაძლოა… ეს იმ საიდუმლოებად დარჩება, რომელსაც ფარდას ვერ ახდი. ეგეთ ამბებზე შემდეგ ლეგენდებს თხზავენ ხოლმე.
კაპიტანმა თვალი მოავლო ოთახს, დამტვერილ ფანჯრებს, გახედა არხებით დაღარულ მიწას, ცის ფონზე მხარგაშლილ მწვერვალებს, რომელთა ზურგს უკან ჩამავალი მზე იმალებოდა, ყური მიუგდო ქარის ხმადაბალ ჩურჩულს. ფიქრებმა წაიღო. შეკრთა, დაიხარა და თითით დააკაკუნა ახალთახალ, ვეებერთელა რუკაზე, მაგიდის მთელს ზედაპირზე რომ გაეშალა და დიდი ჭიკარტებით დაემაგრებინა.
— ბევრი საქმე გვაქვს, ლეიტენანტო. ახალი დასახლებები უნდა გავაშენოთ. სამთო-საძიებო სამუშაოები უნდა ჩავატაროთ, წიაღისეულის მარაგები შევისწავლოთ, მაღაროები გავთხაროთ, ბაქტერიოლოგიური ნიმუშებიც ასაღები გვაქვს. სამუშაო… ბევრი სამუშაო… ძველი ჩანაწერები დაიკარგა. ყველაფერი თავიდანაა გასაკეთებელი. რუკები შესადგენი, ახალი სახელები მოსაფიქრებელი… აქ ცოტა წარმოსახვის უნარიც საჭიროა, – თქვა კაპიტანმა, – მაგალითად, იმ მთებს ლინქოლნის მთაგრეხილს დავარქმევდი… ის უოშინგთონის არხი იქნება, ამ ბორცვს, რას იტყვით, თქვენი სახელი რომ ვუწოდო, ლეიტენანტო? თქვენ კი, პასუხად, რომელიმე ქალაქს ჩემს სახელს დაარქმევთ – სხვა თუ არაფერი, თავაზიანობის ამბავია… იქ აინშტაინის ველი იყოს… ლეიტენანტო, მისმენთ?
ლეიტენანტმა ძლივს მოწყვიტა მზერა შორს, მოლურჯო ნისლში ჩაძირული მთის ფერდობებს.
– რა ბრძანეთ? ოჰ, დიახ, სერ, დიახ…
©Ray Bradbury – Dark They Were, and Golden-Eyed. Wonder Stories, August 1949
©LV (ქართული თარგმანი, 2022)
©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___
მთარგმნელის კომენტარი: სხვადასხვა გამოცემაში ერთ-ერთი შვილის სახელი არის ხან დენი, ხან თომი, ხან – თიმი. ბოლო კრებულებში დენია, მაგრამ ტექსტში, საიდანაც ვთარგმნე, თიმი ჰქვია.