ჰენრი ქათნერი და სი ელ მური
დაუჯერებელი ამბები ხდება ჩვენთან, გუაიმასში. ჯერჯერობით მხოლოდ იმას სჯერა, ვინც საკუთარი თვალით ნახა. გაზეთები არაფერს წერენ და ფოტოებს ეჭვით უყურებენ. ფოტოს გაყალბებას რა უნდაო, იტყვიან და აიწურავენ მხრებს… გუაიმასის გარეთ ამ მტკიცებულებებს ჩალის ფასი აქვს… გუაიმასსა და პუებლო პეკუენიოში[1] სჯერათ მხოლოდ.
მაგრამ, ერთ მშვენიერ დღეს, ფოტოგრაფი ჟურნალიდან Life ნიუ იორქის ოფისს დაარწმუნებს რომ კი, გუაიმასში მართლაც ხდება რაღაც და არა, ის სრულიად ფხიზელია და წვეთიც არ დაულევია. შემდეგ ვინმე ადმირალი, ფიზიკოსი ან, სულაც, კონგრესმენი აღმოჩნდება საჭირო ადგილას და საჭირო დროს. და ყველანი გაიგებთ, რა ამბებია გუაიმასში და, რა თქმა უნდა – პუებლო პეკუენიოში. ცხადია, მშრალი საგაზეთო ცნობა ბევრს ვერაფერს დაიტევს, გაიძვერა თომ დილონი არაფერს გეტყვის, ტიო იგნასიოს კი, ენაზე, აბა, რა დაადგება, მაგრამ, ვინ არ იცის, რომ ტიო იგნასიო ერთი ბებერი ჭორიკანაა.
მე მოგიყვებით, დანამდვილებით როგორ იყო: ყველაფერი დაიწყო იმ მზიან დილას.
– ეს კრევეტები აქედან პირდაპირ ბაზრისკენ გაფრინდებიან, – თქვა დილონმა და ბრუჰოს[2] ახედ-დახედა.
ბრუჰო, ჩვენებურად – გრძნეული, აღმოსავლეთით იცქირებოდა, თითქოს, მართლა კირჩხიბების გადაფრენას ელისო. ზღვის ყურე ლიცლიცებდა ლურჯად, მხოლოდ რამდენიმე მეთევზე მიუყვებოდა ნაპირს ბადეებით და ზანტად დაეძებდა კრევეტებს. პუებლო პეკუენიო ცნობილი იყო გემრიელი კრევეტებით.
სხივფარფლიანი თევზი ამოხტა წყლიდან და ჩახტა უკან… მგონი ის იყო. აქედან არ ჩანდა კარგად.
– სულგანაბული ველი, – თქვა ტიო იგნასიომ, – ისეთ მრავლის მნახველ ჯადოქარსაც კი, როგორიც მე ვარ, პატარა ბიჭივით აღტაცების ჟრუანტელი დამივლის ხოლმე, როდესაც იშვიათი ჯადოსნობის მომსწრე ვხდები.
დილონს სურდა ეს ბებრუხანა კლდიდან ზღვაში გადაეგდო, მაგრამ თავი შეიკავა და თავაზიანად უთხრა:
– ბოდიშს გიხდით, მგონი კარგად ვერ გამოვთქვი…
– რას ბრძანებთ, ეს ხომ ჩემი სუსტი გონება ვერ ჩასწვდა თქვენს ნათქვამს, – შეიცხადა ტიო იგნასიომ, – მე ვიფიქრე, ჩვენებური los camarones grandes[3] ფრენა-ფრენით ბაზრის დახლამდე მიფრინდებოდა, თქვენი ჯადოქრული ოსტატობით, რასაკვირველია… ახლა ვხვდები, რომ შეცდომით გაგიგეთ.
– სწორედ ეგრე იქნება, – უთხრა დილონმა, – იმიტომ რომ ჩემი თვითმფრინავი, ჩემი მფრინავი ხალიჩა, ეგერ, იმ ქედზე მელოდება. თუ ყველაფერი კარგად იქნა, ხვალ ჩავტვირთავთ და ასე გაფრინდებიან გუაიმასში.
– საოცრებათა ხანაში ვცხოვრობთ, – შესძახა ტიო იგნასიომ, – ღვინოს ხომ არ ინებებთ?
– გმადლობთ… ერთი პაწია დაბრკოლებაა. პუებლო პეკუენიელებს არ სურთ, კრევეტები. მომყიდონ. ისინი ამბობენ, რომ ფელიპე ორტეგას, რამდენი წელია უკვე, მათი ნათევზევი მიაქვს ნახევარკუნძულზე, სანტა როსალიას ბაზრობაზე. ხვალ კი ბაზრობის დღეა… ეს ამბავი, როგორმე, უნდა ჩავშალოთ.
დაფიქრებით გახედეს გზას, რომელიც პუებლო პეკუენიოდან ჩრდილოეთით მიდიოდა… გზა ერქვა, თორემ წვიმიან ამინდში ურმები ეფლობოდა და ღორები ნებივრობდნენ ტალახის აბაზანებში.
გზა სანტა როსალიასკენ.
ტიო იგნასიო ხმას არ იღებდა.
დილონმა უთხრა:
– მსმენია, რომ ერთგვარ ძალასა ფლობთ. თუკი ფელიპე ორტეგას ჯადოთი შეკრავთ… როგორ ჰქვია – brujería[4]…
– საკუთარი ძმისშვილი?
– თუკი არ მეტყვით უარს, მადლიერების ნიშნად მცირე საჩუქარს…
ტიო იგნასიომ ამოიოხრა.
– რაც გინდათ, მთხოვეთ, სენიორ და სიხარულით მოგემსახურებით, მხოლოდ ეგ არა… ჩემი ძმისშვილი, სამწუხაროდ, არ ემორჩილება შელოცვებს.
– როდესაც მცირე საჩუქარი ვთქვი, მე ვიგულისხმე…
– მნიშვნელობა არ აქვს, – უთხრა ბრუჰომ, – განა, გევაჭრებით. თქვენ მისი ამბავი არ იცით – როდესაც ფელიპე პატარა იყო, ძალიან გამაბრაზა, ახლა ვეღარ გავიხსენებ, რატომ… შეიძლება, მისმა გაუთავებელმა ტირილმა გამიწვრილა გული – უთუოდ, ეგრე იქნებოდა… ჯადო დავადე მაშინ. მტირალა ბავშვი იყო, გალეული, ახლანდელს არა ჰგავდა… დამნაშავე ვარ – ვერ მოვითმინე.
დილონი მისჩერებოდა და ყურადღებით უსმენდა.
– ჩემი შელოცვა უძლური გამოდგა, – განაგრძო იგნასიომ, – ხანდახან ხდება ხოლმე. გესლიანი შელოცვა იყო, მაგრამ – სუსტი. ფელიპეც სუსტი ბავშვი იყო და უცებ ისეთად იქცა, როგორიც ახლაა… მთლად ეგეთი ზორბაც არა – მაშინ ხომ მხოლოდ ექვსი წლისა იყო, მაგრამ უეცრად, ავადმყოფ, გალეულ ბავშვს ძალა მიეცა, დიდი ღონე. მას შემდეგ ყველა ჯადოსგან შეუვალია. ხომ იცით, როგორაა, ექიმი რომ გაკაწრავს ხოლმე ბავშვს – ბავშვი ცოტას კი აიტკივებს, მაგრამ შემდეგ ავადობა ვეღარ ერევა.
– გასაგებია, – უთხრა დილონმა, – აცრა ჰქვია. იმუნიტეტი შეუძენია.
დუმილი ჩამოწვა. ორი კაცი იჯდა და ფიქრობდა. ავი ედოთ გულში. დილონი ხედავდა, როგორ ცდილობდა ბრუჰო ფასის აწევას. გამოცდილი კაცი იყო დილონი, ვირეშმაკობას ყნოსვით გრძნობდა. ჯერ ვერვინ აჯობა ჭკუით, თუმცა, მსგავს რთულ ვითარებაში არასდროს ყოფილა აქამდე. ზოგჯერ, იმასაც ნატრობდა, ნეტა, სულ არ გამეგოო Camarone Grande-ს, ამ იშვიათი და უცხო გემოს კრევეტების შესახებ, რომელიც მხოლოდ აქ იცის, პუებლო პეკუენიოში – ერთ მიყრუებულ, ღატაკ სოფელში და არსად სხვაგან მთელს დუნიაზე.
კირჩხიბის კვალმა მოიყვანა აქ თომ დილონი. გეგმაც გამზადებული ჰქონდა – კრევეტებს ყოველ დილით თვითმფრინავით გადაიტანს გუაიმასში, სადაც მათ გაყინავენ, შეფუთავენ და გადააგზავნიან მსოფლიოს ყველაზე ნატიფ რესტორნებში… ამ გეგმით ჩამოვიდა და, ბედი არ გინდა? კვირაში ერთხელ ფელიპე ორტეგა, თურმე, დატვირთავს El Jeep-ს და გაუყვება ჩრდილოეთის გზას სანტა როსალიამდე. ფელიპე ამ გზას მთელ დღეს ანდომებს, რადგან თვალის ჩინივით უფრთხილდება თავის მანქანას. ჯიპი ძველია და დანჯღრეული, გზა კი… მაგასაც გზა ჰქვია, რაღა. კვირაში ერთხელ მიაქვს ფელიპე ორტეგას კრევეტები სანტა როსალიაში (უფრო ხშირად, ეგებ, ვერც ჯიპმა გაუძლოს და გზად დაიშალოს) იქიდან კი გუაიმასამდე კატარღა დაცურავს. ასეა გრძელდება კვირიდან კვირამდე და წლიდან წლამდე. ადათად იქცა, პუებლო პეკუენიოს მაცხოვრებლები კი ადათ-წესებს დიდი პატივს სცემენ.
დილონს ამდენი არ უფიქრია, ან რა იცოდა – თვითმფრინავი დაიქირავა, რეისები დანიშნა და მხოლოდ შემდეგ აღმოაჩინა, რომ მასთან საქმის დაჭერაზე სოფელში უარს ამბობენ. ფელიპეს ვერ შეაქცევენ ზურგს. დილონმა სულ კაპიკ-კაპიკ დაუთვალა, რამდენ ფულს კარგავდნენ… შენც არ მომიკვდე. ყოველდღე ვერ ვითევზავებთ, კრევეტები გაფუჭდება, სანამ ფელიპე სანტა როსალიაში წაიღებსო… დილონი შეეცადა, აეხსნა, რომ ლოდინი არ იყო საჭირო, ყოველდღე შეიძლებოდა კრევეტების წაღება… ვერაფერი გააგებინა. მისჩერებოდნენ, როგორც დამთხვეულს.
კვირაში ერთხელ ტვირთავდნენ El Jeep-ს და მორჩა. არაფრის შეცვლას აპირებდნენ. ჰაერში ფრენა უფლის ნებას ეწინააღმდეგება. თვითმფრინავი ზოგს ნანახი ჰქონდა, მაგრამ ვერაფერი გაუგეს – მერცხალი დაფრინავს, პეპელა დაფრინავს, სხივფარფლიანი თევზი, ეგეც კი უფლის ნებით დაფრინავს. ცათმფრენი მანქანები ღვთის საწინააღმდეგოა. ეშმაკით შეპყრობილი.
– ისეთივე მანქანაა, როგორც El Jeep, – უთხრა დილონმა, – El Jeep როგორ დადის, ხომ არც ეგ იცით?
გაეცინათ.
– რას ამბობ, აბა – El Jeep ფელიპეს დაჰყავს. ჩვენ ყველანი ვიცნობთ ფელიპეს. ფელიპე ეშმაკეული არაა.
– კარგი, ნავს მოვიყვან – შესთავაზა დილონმა.
ისევ გაეცინათ.
– პუებლო პეკუენიოში უცხო ნავი არასოდეს მოვა, – უთხრეს, – თან ფელიპეს ვერ ვატკენთ გულს.
– დიდ ქონებას შეიძენთ, თუკი ჩემთან ითანამშრომლებთ!
– მოხარულნი ვიქნებით თქვენთან ვითანამშრომლოთ, სენიორ, ოღონდ los camarones ფელიპე ორტეგამ უნდა ატაროს მისი El Jeep-ით.
კედელი და ცერცვი.
მაშინ დილონი ფელიპე ორტეგას მიადგა. ტანად მართლაც ვეება, მაგრამ გულჩვილი ახალგაზრდა კაცი იყო. ჰყავდა ცოლი, ოთხი შვილი და, რა თქმა უნდა, El Jeep.
რა აღარ შესთავაზა დილონმა, ხან აქედან მოუარა, ხან – იქიდან. მაგრამ აქაც კედელი დახვდა. El Jeep-ს ხომ ვერ დავწყვეტო გულს.
დილონს მოსწონდა ეს დევივით ახალგაზრდა და მისი ჯალაბი. შესთავაზა, მე გადაგიხდი ფულს და ყოველდღე იარე სანტა როსალიაშიო, მაგრამ ფელიპემ შორს დაიჭირა – ამდენი მუშაობით მანქანას ქანცი გაძვრება, რამდენიმე თვეში ნაწილებად დაიშლებაო. თან ხელისგულით ეფერებოდა კაპოტზე El Jeep-ს და რაღაცას ეჩურჩულებოდა, ისე ტკბილად, რომ წამით დილონსაც ცოცხალი ეგონა და ისიც გაუელვა – მკვლელობის ცოდვას ვერ ავიკიდებო. გაუელვა, მაგრამ ის ფიქრი სწრაფადვე გადადენა. წამსვე ავტომობილის წინააღმდეგ დივერსიული აქტი განიზრახა. დამნაშავედ კი იგრძნო თავი და El Jeep-ის ფარებს თვალს არიდებდა, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, არაფერი პირადული – მხოლოდ ბიზნესი. თან, პუებლო პეკუენიოს ხალხი ძალიან კერკეტი აღმოჩნდა. მსგავსი არვინ შეხვედრია. თომ დილონი მიჩვეული იყო – ყოველთვის გაჰქონდა თავისი.
როგორც კი საქმე მოგვარდება, საუკეთესო მექანიკოსს მოვიყვან და El Jeep-ს შევაკეთებ, – სინდისი ასე დაიმშვიდა, – ფელიპესაც გადაუხდის თანხას… მოიფიქრებს – როგორ… ისე, რომ ღირსება არ შეულახოს.
მაგრამ ციცქნა მექსიკურ სოფელში დივერსია ძნელი საქმეა. ჯერ უნდა მოახერხო და ცნობისმოყვარე ბავშვებს, ძაღლებსა და ღორებს დაუსხლტე… მერე – ფელიპეს ფხიზელ მზერას, რომელიც გაფაციცებული იყო და El Jeep-ს ცივ ნიავს არ აკარებდა.
რაკი პუებლო პეკუენიოს ჯადოქრობის სჯეროდა, დილონიც, დასახმარებლად, ადგილობრივ მჩხიბავსა და ექიმბაშს მიადგა. ასეთ ადგილებში ჯადოქრები საჭირო ხალხია, ეს დილონმა ძველი გამოცდილებით იცოდა. ტიო იგნასიო ძალიან ბეხრეკი და ძალიან ჭკვიანი კაცი ჩანდა. მასთან საქმის დაჭერა ღირს, თვალის ერთი შეხედვით დარწმუნდა დილონი. შეუძლია, ისე მოაჩვენოს თავი, ვითომ მისი ძალისა სჯერა, თუკი ბებერს ამით გულს გაუხარებს – ვერაფერი ფასია.
როდესაც ბრუჰომ უთხრა, რომ ფელიპემ შელოცვებისადმი იმუნიტეტი შეიძინა, დილონმა, მცირე ყოყმანის შემდეგ, შესთავაზა:
– სენიორ, ფელიპეს მანქანაზე თუ შეიძლება ჯადოს დადება?
– El Jeep-ზე brujería? – ტიო იგნასიომ შევერცხლილი თმები მოიქექა, – განა, ეს შესაძლებელია? მე შემიძლია მოვაჯადოო ადამიანი, მისი ოჯახი, მისი ცხოველები, მისი მოსავალი – მაგრამ ეს ყველა ცოცხალია…
– გამიგია, რომ ადამიანის სახლზე ჯადოს დადებაც შეგიძლიათ.
– სახლის ასაგებ მასალას მიწა გვაძლევს, დედა მიწა. თან, სახლში ადამიანები ცხოვრობენ, სახლი მათი სიცოცხლით იჟღინთება… მაგრამ – მანქანა?
– ელ-პასოში, ნავახოს ტომის ჯადოქარი ვნახე, – ფრთხილად შეაპარა დილონმა, – ვინც მანქანის თოჯინა გააკეთა – muñeco[5]…
– ოჰ, muñeco… რა თქმა უნდა – თიხის თოჯინა, რომელსაც შევურევთ El Jeep-ის საღებავის ანაკაწრს, პატარა ხრახნს ან, შესაძლოა, ჭანჭიკს მისი გულიდან… ყოჩაღ! ამაზე არასდროს მიფიქრია. ცოცხალია თუ არა მანქანა? მართალია, ფელიპე ამბობს, რომ El Jeep-ს გრძნობები აქვს, მაგრამ ფელიპეს ტვინი ისეთივე რბილია, როგორც – გული… კარგად უნდა მოვიფიქროთ – ადამიანები, მცენარეები, სახლები, ეს ძველისძველი ნივთებია. მაგრამ El Jeep… ფელიპემ მოიყვანა ტიხუანადან. ერთადერთი მანქანაა პუებლო პეკუენიოში. ჩვენთან ჯერ არვის დაუდია მანქანაზე ჯადო. ამას თუ ვიზამ, პირველი ვიქნები.
ტიო იგნასიომ ნაოჭიანი ქუთუთოები დახუჭა. თრთოდა და აღტყინებული ჩანდა.
– მეორეს მხრივ, – თვალები გაახილა, – ჩემი ძმისშვილი ცუდად მექცევა, საკმარის პატივს არ მცემს და არც ძღვენი მოაქვს, მორჩილი ძმისშვილისგან რომ მეკუთვნის. ჩემი შელოცვებისადმი მედეგი რომ არ გამხდარიყო, ბევრ საჩუქარს მომართმევდა… – მოხუც ჯადოქარს ხმაში სუსხი შეეპარა, – Hijo de Perro![6] მე ვაჩვენებ, რომ ჯერ კიდევ ცოცხალია brujo პუებლო პეკუენიოში… სიამოვნებით ვასწავლიდი ჭკუას… მაგრამ… მაგრამ ეს იმხელა ხარჯს მოითხოვს, მაინც ვერ შევძლებ… ერთი უბირი მოხუცი ვარ, ყველასგან გარიყული და მშიერი.
– გთხოვთ, ნება მომცეთ, მცირე თანხა შემოგწიროთ.
– მცირე? – ტიო იგნასიომ ამოიკვნესა და ნახევრად მოჭუტული თვალებით ჩააფრინდა დილონის საფულეს.
ვაჭრობა დაიწყო და ოთხმოც პესოზე მორიგდნენ. დილონმა გადასცა ათი და დანარჩენს შედეგის მიხედვით დაჰპირდა.
– შედეგის მიხედვით, სენიორ?
– რა თქმა უნდა, თუ ჯიპი ან კრევეტები სანტა როსალიაში ჩააღწევენ, შენი ჯადოქრობა ჩაფლავდა და ფულს ვერ მიიღებ, – მკაცრად უთხრა დილონმა, რომ ეჩვენებინა, ტიო იგნასიოს მსგავს გაქნილ ბებრუხანებს ადრეც შეხვედრია.
მოხუცმა ამოიოხრა.
– ყველაფერი უფლის ნებაა.
დილონს სურდა, ეთქვა, რომ გადაცემათა კოლოფში ცოტაოდენი ქვიშის დამატებაც საკმარისი იქნებოდა, მაგრამ ცდუნება დაძლია. დარწმუნებული იყო, ჯადოქარს ცოდნაც ეყოფოდა და ხერხიც. სახრახნისი და ბნელი ღამე – ესაა მთელი მაგია.
დილონი დაემშვიდობა და კიდევ ერთხელ მისცა საკუთარ თავს სიტყვა – როგორც კი გაჩარხავდა ამ საქმეს, El Jeep-ს შეაკეთებდა და ახალივით გამართავდა. ბოლოს და ბოლოს, ფელიპე ორტეგას არაფერს ერჩის, მხოლოდ – ბიზნესი.
კარგია, როცა ტიო იგნასიოს ყაიდის ხალხი არსებობს.
მეორე დილით ადრე თომ დილონი თიხის კედელს მიყრდნობილი ადევნებდა თვალს ფუსფუსს. მოედნის შუაგულში გაჩერებულ მანქანას ტვირთავდნენ. ფელიპე სანტა როსალიაში გასამგზავრებლად ემზადებოდა. საბარგული ნელ-ნელა ივსებოდა კალათებით. მეთევზეები ზანტად მუშაობდნენ. ხშირ-ხშირად ისვენებდნენ და გრძლად მასლაათობდნენ. ფელიპე სათითაოდ დაემშვიდობა უკლებლივ ყველას. გადაეხვია ცოლსა და შვილებს. იმდენ ხანს და ისე ტკბილად, თითქოს სადღაც, ქვეყნიერების დასალიერში მიემგზავრებოდა ოცი წლით და არა იქვე, ყურის ძირში.
დილონს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ეს სცენა უცვლელად მეორდებოდა ყოველი კვირის ბოლოს.
ტეო კი არსად ჩანდა.
შეიძლება, მზის ამოსვლამდე მოასწრო საქმე, უჩუმრად მოვიდა, ფეხაკრეფით და ამოგლიჯა ძრავიდან რაღაც, ან არაფერი ქნა და მაშინ მანქანა მშვიდობით დაიძვრება.
ეგებ, ჯადოქარს თანამზრახველი ჰყავს? – გაიფიქრა დილონმა. მანქანის ირგვლივ ბევრი ხალხი ირეოდა. ზოგი El Jeep-ს მეგობრულად ესაუბრებოდა და ეფერებოდა კიდეც… დილონი ჩამოჯდა, მზერა ჯიპისკენ გააპარა. რას ელოდა? ავტომობილის ქვეშ, მიწაზე გართხმულ დივერსანტს?
არვინ იყო.
ფელიპე საჭეს მიუჯდა. კრევეტებით სავსე კალათებს გადახედა და გასაღები გადაატრიალა. ამ დროს მერი გამოელაპარაკა. მასთან ლაპარაკმა კიდევ ხუთი წუთი წაიღო. ბოლოს, როგორც იქნა, ფელიპე ორტეგამ ფეხი სატერფულს დააჭირა და…
არაფერი.
El Jeep დუმდა. ტიო იგნასიო ასე იტყოდა, ალბათ – muerte[7].
დილონმა შვებით ამოისუნთქა.
ფელიპე მანქანის დაძვრას ცდილობდა, თან შეკრებილთა რჩევებს ისმენდა. ბოლოს გადმოვიდა, კაპოტი ახადა და სახრახნისითა და ქანჩით ჩაძვრა ძრავაში. ისმოდა კაკუნი და ერთი-ორჯერ ნაპერწკალიც გავარდა. სხვა ხეირი – ვერაფერი.
El Jeep მკვდარი იყო. ლაპარაკში კიდევ გავიდა დრო. დილონი იცდიდა. ბოლოს, შეკრებილთ მიუახლოვდა.
– იქნებ, დახმარებას შევძლებ? – შესთავაზა.
ფელიპე მიაჩერდა. შეშფოთებული იყო.
– ხელოსანი ხართ, სენიორ?
– არა, მაგრამ ვხედავ, რომ El Jeep გაფუჭდა, მზე აჭერს, ცხელა, დრო გადის და კრევეტები ფუჭდება… მათი სხვა გზით გადატანაზე ხომ არ გვეფიქრა?
– სხვა გზა არ არის, – უთხრა ფელიპემ დაეჭვებით, მაგრამ დილონმა არ აცალა, ნაჩქარევად განაგრძო.
– ჩემი საფრენი მანქანა არის მზად. შემიძლია, სანტა როსალიაში გადავიტანო, ან, კიდევ უკეთესი – პირდაპირ გუაიმასში… სანამ კრევეტები გაფუჭებულა.
– ჰაერით? – შესძახა რომელიღაც ტანხმელმა ბერიკაცმა. შეძრწუნებული ჩანდა.
– ან – ჰაერით, ან კრევეტები გაფუჭდება… სხვა გზა არ არის, სენიორებო.
განხილვას შეჰყვნენ.
დილონმა ფელიპეს თვალი აარიდა და დაბეჯითებით თქვა:
– El Jeep-ს ვეღარ გავაცოცხლებთ. პუებლო პეკუენიოც მოკვდება, თუ კრევეტები არ იფრენენ ბაზრისკენ. Los Camarones თქვენი ერთადერთი საქონელია. მხოლოდ თქვით სიტყვა და მე მექნება პატივი, პუებლო პეკუენიო ვიხსნა სრული განადგურებისგან.
– გაჩუმდი, სენიორ, – უთხრა ვიღაცამ, – ეს უპატივცემულობაა ფელიპეს მიმართ.
– ჩემი თავი არ მაღელვებს, – თქვა ფელიპემ, – მაგრამ El Jeep, საბრალო, პატარა, El Jeep… გული მიმძიმს… იქნებ, ცოტა მოშორებით მაინც დავდგეთ, ჩვენი ლაპარაკი რომ არ გაიგოს… თუმცა, არა, უკვე გვიანია.
მივიდა და ფარის გაბზარულ შუშაზე მიუალერსა.
– საბრალოვ, ვიცი, წუხელ საბურავები გტკიოდა, მაგრამ მე ხომ ვუწამლე და ახლა ისევ კარგად არის ჰაერით დაბერილი? რა გაწუხებს, აბა?
არვინ უპასუხა.
– კრევეტები გაფუჭდება, – შეახსენა დილონმა.
– ვიცი, რაც უნდა ვქნათ, – შესძახა ისევ იმ ხმელმა ბებრუცუნამ, – ყველანი მივიდეთ ეკლესიაში და იქ ვილოცოთ.
ასეც მოიქცნენ.
დილონსაც სურდა, ენახა, თუ რა აწუხებდა El Jeep-ს, მაგრამ რამდენიმე დოყლაპია არ წასულა ტაძარში და იქვე შორიახლოს იდგნენ ჩრდილში, მათ თვალწინ მანქანასთან მიკარებას ვერ ბედავდა. ამიტომ ისევ კედელს მიეყრდნო და სიგარეტს მოუკიდა. მანქანა, თითქოს, უყურებდა. საყვედურით და სევდით. დილონმა სხვა კედელთან გადაინაცვლა და ფარებს მზერა მოარიდა.
კარგა დრო მიილია, სანამ ხალხი ეკლესიიდან მობრუნდა. გახარებულები ჩანდნენ.
– უფალმა შეისმინა ჩვენი ლოცვა, – ამცნო ფელიპემ, – ზეციდან ჩამესმა: „ჩააბი ორი burro[8] El Jeep-ს და ასე წაიღე კრევეტები სანტა როსალიაში“. პუებლო პეკუენიო გადარჩება!
დილონმა სიგარეტი მოისროლა. ვიღაცამ ტიკიდან ღვინო შესთავაზა.
– ხომ ბედნიერი დღეა? – ჰკითხა.
– უკეთესი არ იქნება, – დაეთანხმა და, ღვინის დასალევად აღარ შეყოვნებულა, აუქცია გვერდი და ტიო იგნასიოს ქოხისკენ გაეშურა. ფელიპე და მისი თანასოფლელები კი ვირებისა და შესაბმელ-აკაზმულობის მოსატანად წავიდნენ.
– პირობა ასეთი იყო – არც კრევეტები, არც El Jeep არ ჩადიან სანტა როსალიაში, – დილონი შეუვალი ჩანდა.
ჯადოქარმა თიხისგან გამოძერწილი პატარა El Jeep აჩვენა.
– ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც შევთანხმდით, სენიორ, – აგერ muñeco. რაც ემართება muñeco-ს, ის ემართება El Jeep-ს. გუშინ საბურავები დავუშვი, მაგრამ ფელიპემ ისევ აავსო. დღეს დილით სხვა რამ გავაკეთე – El Jeep მოკვდა, არა?
– მოკვდა თუ არა, გადაადგილება შეუძლია. ვირებს ჩააბამენ და სანტა როსალიამდე მიაგორებენ.
ტიო იგნასიომ მხრები აიჩეჩა.
დილონმა უთხრა:
– სამწუხაროა, რომ არ გამოვიდა… მაგრამ რაც არის – არის. შენი აღარაფერი მმართებს.
– სენიორ, – შესძახა გრძნეულმა, – სამოცდაათი პესო გმართებთ.
– პირიქით, შენ გაქვს ჩემი ვალი – ის ათი პესო უნდა დამიბრუნო, ბეს სახით რომ მოგეცი, სამუშაოსთვის, რომელიც არ შეგისრულებია… ვწუხვარ, მაგრამ შენი ჯადოქრობა ვერ დამეხმარა, ალბათ, საკმარისად ძლიერი ვერ არის, თუ როგორცაა.
ახლა უკვე დილონმა აიწურა მხრები.
ტიო იგნასიოს თიხის სათამაშო ისევ ხელში ეჭირა. დაჰყურებდა.
– აქამდე არასდროს შემიბოჭავს მანქანა, – უთხრა, – ადამიანზე ჩემი ჯადოს ძალა ვიცი, სენიორ, თითქმის ყოველთვის… აი, მანქანა quién sabe?[9]
– აჰ… ასეა საქმე?… კარგი, სენიორ, ერთხელაც ვცდი. El Jeep-ს მოვაცურებ.
დილონი გაოცებული მოაჩერდა.
– მოვაცურებ, როგორც ადამიანი სრიალებს ხოლმე ტალახში… muñeco-ს ბორბლებზე ზეთს თუ დავასხამ, ვფიქრობ, გზაზე მოცურდება… ცხადია, უნდა შევულოცო კიდეც… ვნახო, აბა, ზეთი თუ მაქვს…
– გაქვთ?
– თუ ღმერთი ინებებს! – იგნასიო ქოხში შევიდა და ცოტა ხანში პატარა ქილით გამობრუნდა. დილონს ეცნო ქილა. არცთუ დიდი ხნის წინ დაკარგა ერთი ასეთი…
– აბა! – შესძახა ბრუჰომ და ზეთი muñeco-ს თიხის ბორბლებს სცხო.
მერე გულიანად გაეცინა.
– გახსოვთ, მოგიყევით, როგორ გავუკეთე მცირე ჯადო ფელიპეს, როდესაც ის ჭირვეული ბავშვი იყო? რის შედეგად გაძლიერდა და მაგიის მიმართ უდრეკი გახდა?.. ახლა ვხედავ, რომ მთლად ასეც არ ყოფილა – იმდენად უყვარს მისი El Jeep, რომ ისინი, ლამის, ერთ სულ იქცნენ. რაც ზიანს აყენებს El Jeep-ს, აზიანებს ფელიპესაც. El Jeep-ის შელოცვით, ერთგვარად, ფელიპესაც ჯადოთი შევკრავ. როგორც იქნა! შურისძიების დრო დგება. თუ კაცს სწამს, სამართლიანობა აუცილებლად აღდგება!
საძაგლად ხითხითებდა და ზეთს დაუნანებლად ასხამდა.
მაგრამ დილონს მისი სიცილი არ ესმოდა, ის უკვე პუებლო პეკუენიოსკენ მიიჩქაროდა.
ფულს მძალავს, – ფიქრობდა, – წყალი არ გაუვა. ასეთი ოინები კარგად ვიცი. ტიო იგნასიომ ყველაფერი გათვალა, ვინ იცის, ფელიპესაც გაურიგდა. ჯერ ააფორიაქეს, შემდეგ – საფასური გაუზარდეს… აკი, იმუშავა კიდეც… ახლა, როცა ორასი პესო გამოსცინცლეს, მაგია თავის საქმეს იზამდა, დილონი დარწმუნებული იყო. ნეტავ, რას მოიფიქრებდა ბებერი – ეგებ, ყველა ვირი გაექრო პუებლო პეკუენიოში, იმისთვის რომ ჯიპი სანტა როსალიაში ვერ გადაეთრიათ… თუმცა, ხერხს მნიშვნელობა არა ჰქონდა, მთავარია, შედეგი გამოიღოს… ტიო იგნასიო კი ისეთ ადამიანს ჰგავდა, ორას პესოდ შედეგს რომ დადებს.
ჩიტი ბდღვნად ღირდა. დილანი ორას პესოზე მეტის გადამხდელიც იყო. გულში გაეცინა. მაინც მოგებული რჩებოდა.
რაც უფრო უახლოვდებოდა მოედანს, მით აშკარა იყო – El Jeep-ს რაღაც სჭირდა. თითქოს სწორ, მყარ ზედაპირზე იდგა, მაგრამ ისე სრიალებდა, როგორც – ყინულზე. ათი-თხუთმეტი კაცი ჩაჰფრენოდა აქეთ-იქიდან და მის გაჩერებას ცდილობდნენ. ვირები უკვე მოეყვანათ, და მანქანაც თოკებით ჩაებათ. ფელიპე საჭესთან იჯდა. სადავეებითა და მათრახით ხელში.
Vamanos![10] – შეჰყვირა.
კაცები, ვინც El Jeep-ს იყვნენ ჩაჭიდებულნი, გვერდით გადგნენ, მაგრამ მანქანა, წინ წასვლის ნაცვლად, ადგილზე დატრიალდა და ვირებიც ათრია. ფელიპემ დამუხრუჭება სცადა, თან El Jeep-ს ეკითხებოდა, ძვირფასო, რა გჭირსო.
პასუხს ეძებდა დილონიც. გაფაციცებით. მანქანას შეჰყურებდა – ცდილობდა, ხრიკი ამოეცნო.
დამფრთხალი ვირები ყროყინებდნენ. ბაგირი გაწყდა. ჯიპს აღარაფერი აკავებდა და ხალხისკენ მოცურდა.
ფელიპეს ცოლმა შეჰყვირა და ქმრის დასახმარებლად გაიქცა, მაგრამ მერმა ჩასჭიდა ხელი, არ გაუშვა. მღვდელი ლოცვით ცდილობდა მანქანიდან ეშმაკეულის განდევნას. ჯიპი პირდაპირ დილონისკენ გამოექანა. ძლივს მოასწრო, გადახტა გვერდზე. ჯიპი უკანა ნაწილით კედელს შეასკდა.
ღმერთი და ჯადო არაფერ შუაშია, – გადაწყვიტა თომ დილონმა, – მექანიკის კანონებია.
მანქანა კი გაჩერებას არ აპირებდა, ედებოდა აქეთ-იქით, ეჯახებოდა ყველაფერს, რასაც გზად მოიხელთებდა. ზოგი ყვიროდა, სხვები ცდილობდნენ მის შეჩერებას, მაგრამ – ამაოდ.
– გადმოხტი, ფელიპე! – უძახდნენ, – გადმოხტი! ღვთის გულისათვის…
მაგრამ ფელიპე თავს იქნევდა – პატარას გასაჭირში ხომ არ მიტოვებდა.
„პატარა“ კი კვლავ კედელს შეასკდა, ისეთი ძალით, რომ დარტყმამ საპირისპირო მხარეს გადაისროლა. კირჩხიბების ბოლო კალათაც გადმოვარდა საბარგულიდან.
El Jeep თიხის სახლისკენ მიექანებოდა. სახლი მიტოვებული იყო და სული ძლივს ეჭირა. შეჯახებისგან, უთუოდ, ჩამოიქცეოდა და მანქანასაც და მძღოლსაც ქვეშ მოიყოლებდა.
– გადახტი! – შეუძახეს ისევ.
– ოჰ, არა, – შეჰყვირა დილონმაც და საკუთარი ხმა ძლივს ამოიცნო, – ეს არა მსურდა… ფელიპე! გადახტი, ფელიპე! – ჯიპს აედევნა, სურდა, როგორმე, ამ სასიკვდილო შეტაკებისგან ეხსნა.
მაგრამ, როგორ დაიხსნიდა… მანქანასა და კედელს შორის მანძილი თვალსა და ხელს შორის ილეოდა. მოეჩვენა, თუ El Jeep-ს ფარებში ცრემლი აუკიაფდა. ფელიპე კი გაშეშებული სახით იჯდა და ხელს არ უშვებდა საჭეს.
დილონი მისდევდა მანქანას, როდესაც ეს მოხდა.
გამაყრუებელი ხმა და ელვასავით განათებული ზეცა.
ჯიპი მძლავრად შექანდა, შეხტა და კარგად გაწვრთნილი ბედაურივით გადაევლო კედელს, შემდეგ ისე, რომ მიწაზე არც დაშვებულა, შეანელა ფრენა, ჰაერშივე შეკრა კამარა და კვლავ კედლის აქეთა მხარეს აღმოჩნდა. გამოსრიალდა ფრენა-ფრენით და გაჩერდა შუაგულ მოედანზე – გაჩერდა, მაგრამ ჰაერში იყო ისევ გამოკიდული.
ყველამ დააღო პირი. თვალები, ლამის, ბუდიდან ამოუცვივდათ.
დილონი გაძვრა ხალხში, მანქანასთან მიიჭრა. ჩაიმუხლა, გაიწოდა ხელი და მიმოატარა ჯერისევ მბრუნავ ბორბლებსა და მიწას შორის. დაუჯერებელი იყო.
– ლევიტაცია? – ჩაიბუტბუტა თავისთვის და ფეხზე წამოდგა, – ფელიპე? რა მოხდა?
ფელიპემ მშვიდად გადმოხედა. თან, ჯიპს ეფერებოდა.
– Quién sabe? – ვიღაც იტყვის, ჯადოქრობააო… როგორც არის. მთავარია, რომ ჩემი პატარა, – დაჟანგულ კაპოტზე აკოცა, – ჩემი პატარა გადარჩა და პუებლო პეკუენიოც გადარჩება.
ოლე! – მოწონების ნიშნად და ერთხმად შესძახა სოფლის უკლებლივ ყველა მცხოვრებმა, ყოველ შემთხვევაში, ვინც იქ იყო შეკრებილი.
ტიო იგნასიომ El Jeep-ის muñeco უიმედოდ აღმართა გამხმარი ხელით.
– ბოდიშს გიხდით, სენიორ, მაგრამ ისევ ის განმეორდა, რაც მრავალი წლის წინ, როდესაც პატარა ფელიპეს ჯადო გავუკეთე. ის ჯადო ძალიან სუსტი აღმოჩნდა და ფელიპე გახდა vigoroso[11]. ჯადოს მიმართ მტკიცე, როგორც ნაკაწრი იცავს ბავშვს წითელასგან.
– El Jeep არ გამხდარა vigoroso, – უთხრა დილონმა იმ ადამიანის ხმით, ვისაც ყველა იმედი გადაეწურა, – El Jeep გაფრინდა.
ტიო იგნასიომ თავი დაუქნია.
– ყველა საგანი მხოლოდ იმას აკეთებს, რაც შეუძლია, – ფელიპეს ფრენა არ შეეძლო. არც ერთ ადამიანს არ ძალუძს ფრენა. მაგრამ ღონიერი ადამიანები არიან. ყველა ადამიანს შეუძლია, გახდეს ღონიერი.
დილონი უხალისოდ უგდებდა ყურს.
– მანქანას არ შეუძლია, მოღონიერდეს, მაგრამ არსებობს მფრინავი მანქანები, ისეთები, როგორიც – თქვენია. ამიტომ, ყველა სხვა მანქანას შეუძლია, გაფრინდეს. ალბათ, ჩემი პირველი შელოცვა სუსტი აღმოჩნდა და El Jeep-მა შეიძინა… რა სიტყვა თქვით? იმუნიტეტი.
– ეს ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგება, – შესძახა დილონმა, – ფრენის მანქანები არსებობს, მართალია, მაგრამ ჯიპი მიწაზე გადასაადგილებლად არის შექმნილი და არა – ჰაერში.
– თევზები კი ცურვისთვისაა გაჩენილი. და მაინც, თევზები დაფრინავენ – ჩემი თვალით მინახავს.
– ის არ დაფრინავს – უბრალოდ, წყლიდან ხტება, როცა უფრო დიდი თევზი მისდევს.
– El Jeep მიწიდან ახტა, როდესაც ჩემი ჯადოქრობა დაედევნა, – უთხრა ტიო იგნასიომ და გაიკრიჭა. აშკარად ეტყობოდა, ამ პასუხით თავად ფრიად კმაყოფილი დარჩა.
ორივენი დადუმდნენ.
დილონი ეძებდა, რა ეთქვა.
– შეხედეთ, სენიორ, – შესძახა ამ დროს ბრუჰომ და ხელი გაიშვირა.
შორს მოჩანდა El Jeep. კრევეტებით სავსე კალათებით დატვირთული. ის ადიოდა მაღლა, სულ მაღლა, ცაში. ასცდა პუებლო პეკუენიოს სახურავებს. საჭესთან ფელიპე იჯდა. ქვემოდან გამამხნევებელი შეძახილები ისმოდა.
ჯიპი ჰაერში შეტრიალდა და აღმოსავლეთისკენ დაიძრა. ქედს რომ გადაუფრინა, ფელიპემ დილონსა და ჯადოქარს გადმოხედა და ხელი დაუქნია. მანქანას გუაიმასისკენ აეღო გეზი.
ტიო იგნასიომ muñeco წყალში მოისროლა და იმედიანი მზერაც გააყოლა. მოისმა სუსტი „ტყლუპ“, მაგრამ El Jeep ჰაერში დარჩა.
ჯადოქარმა თავი გაიქნია.
– ყოველივე განემარჯუების კეთილად[12], – თქვა, – სანტა როსალიას ნაცვლად კრევეტებს ახლა პირდაპირ გუაიმასში გადააფრენს ხოლმე… სწორედ ისე, როგორც თქვენ ისურვეთ, სენიორ. სულ პირველად რომ შევხვდით, ხომ ასე ბრძანეთ, მინდა კრევეტები გუაიმასში გაფრინდნენო. ასეც მოხდა. ახლა, თუ ორას პესოს გადამიხდით, შეგვეძლება ვთქვათ, რომ ჩვენი მორიგება წარმატებით დასრულდა.
დილონი შეჰყურებდა El Jeep-ის, რომელიც სადღაც შორს, წერტილივითღა ჩანდა.
– მე კი თავი მომქონდა, – ჩაიბურდღუნა თავისთვის, – ასე ვამბობდი, თომ დილონი ვარ, ვისაც ჭკუაში ვერვინ აჯობებს… პირველად ხდება, გარიგების შედეგად, მოგებას ვინ ითვლის, ზარალი ვნახე… თან, ისიც არ ვიცი, როგორ გამაცურეს… ეგ მაინც გამეგო…
შემობრუნდა და თვალი თვალში გაუყარა ჯადოქარს. ავი თვალი ჰქონდა ბრუჰოს. დილონმა აღარ დაახანა, მზერა აარიდა.
აი, თურმე რა ყოფილა, – გაკრა უცებ, – წყეულიმც ვიყო, მართლა!
გაიფიქრა და ერთბაშად მოეშვა გულზე.
– ტიო იგნასიო, – უთხრა.
– დიახ, სენიორ.
– როდის დამაჰიპნოზე?
– რა ბრძანეთ? კი მაგრამ, მე არ…
– კმარა! – უთხრა დილონმა უფრო მკაცრად, – სხვა რა შეიძლება ყოფილიყო? ჯადოქრობა? მთელი პატივისცემით, მაგრამ მაგიის არა მჯერა. მეგონა, ჯიპის გაფრენა დავინახე. თუმცა, ჯიპები არ დაფრინავენ. ადამიანის დაჰიპნოზება კი შესაძლებელია. ჭკვიანი ბიზნესმენი ხარ, ტიო იგნასიო.
– ბიზნესისა არაფერი ვიცი, სენიორ. ერთი უბირი მოხუცი ჯადოსანი ვარ.
– გაიძვერა ხარ, – უთხრა დილონმა, – მაგრამ ლიბრი გადაიყარა. ახლა თვალები ფართოდ მაქვს ღია. კიდევ გაბედავ, გამიმეორო, რომ ორასი პესო მმართებს?
– სიტყვა სიტყვაა, სენიორ – კრევეტები სანტა როსალიაში არ წასულან. ეგ თანხა თქვენთვის არაფერია.
– აბა, სცადე, – იშის გებით უთხრა დილონმა და ზურგი შეაქცია.
– მოითმინეთ, სენიორ, – დაუძახა ჯადოქარმა, – მოდით, მეგობრებად დავშორდეთ. ყაბულსა ვარ – არაფერი გმართებთ. დავივიწყოთ… მსურს, მცირე ძღვენი მოგართვათ, იმის ნიშნად, რომ გულში ავი ზრახვა არ მაქვს.
დილონმა ეჭვით გახედა. ტიო იგნასიომ თავისი ხალათის ნაკეცებიდან თიხის პატარა თოჯინა ამოაცოცა. დილონს გულმა რეჩხი უყო.
– ეგ რა არის? – ჰკითხა.
– არაფერი – უთხრა ჯადოქარმა, – უბრალოდ, სათამაშოა.
– ჩემი muñeco!
– თქვენი muñeco, სენიორ?… ჰმ… მართლაც ვამჩნევ რაღაც მსგავსებას, – დაეთანხმა ტიო იგნასიო და თოჯინა ყურადღებით შეათვალიერა, – თუმცა, თქვენ ხომ ჯადოქრობისა არა გწამთ? მიიღეთ ჩემგან სამახსოვროდ.
დილონმა ხელი გაუწოდა. ოდნავ ფერმიხდილი ჩანდა.
– ნუ ჩქარობთ, სენიორ, – შეაჩერა ტიო იგნასიომ, – კეთილი ნების ადამიანებს შორის, საჩუქრების გაცვლა ხდება ხოლმე, – უთხრა და თოჯინა ზურგს უკან დამალა, – თქვენც თუ გაიღებთ, საპასუხოდ, რამდენიმე პესოს – ვთქვათ, იმ თანხას… ხომ გახსოვთ… ბოლო შელოცვის ფასზე რომ შევთანხმდით… ოჰ… Muchas gracias, señor. Muchas gracias![13]
©Henry Kuttner & C. L. Moore – Near Miss. SF:’58: The Year’s Greatest Science Fiction and Fantasy. Dell Publishing, 1958
©LV (ქართული თარგმანი, 2022)
©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___
(1)ქალაქი მექსიკაში, დაახლოებით 400 კმ-ში აშშ საზღვართან. Pueblo Pequeño – ესპანურად პატარა სოფელს ნიშნავს.
(2)brujo – გრძნეული, ჯადოქარი (ესპ)
(3)დიდი კრევეტები (ესპ)
(4)ჯადოქრობა (ესპ)
(5)თოჯინა (ესპ)
(6)ძაღლიშვილი! (ესპ)
(7)სიკვდილი (ესპ)
(8)ვირი (ესპ)
(9)ვინ იცის (ესპ)
(10)წავედით! (ესპ)
(11)ღონიერი, ენერგიული (ესპ)
(12)ყველაფერი სასიკეთოდ ხდება. პავლეს მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ 8:28
(13)დიდი მადლობა, ბატონო, დიდი მადლობა! (ესპ)