სთივენ ქინგი
1963 წლის მაისის ადრეულ საღამოს, ნიუ იორქის მესამე ავენიუს ახალგაზრდა მამაკაცი მიუყვებოდა. სწრაფი ნაბიჯით. ერთი ხელი ჯიბეში ჩაეყო. ჰაერი იყო მსუბუქი და კეკლუცი, ცა ნელ-ნელა იცვლიდა ფერს ლურჯიდან გრილ და ტკბილ იისფრამდე. ხომ არის ხალხი, ქალაქი რომ გამორჩეულად უყვარს – ესეც ისეთი საღამო იყო, ქალაქს რომ შეგაყვარებს. საყასბოს, ქიმწმენდის და რესტორნის კართან მდგარი იღიმოდა ყველა. მოხუც ქალბატონს საბავშვო მონჯღრეულ ეტლში ორი ფუთა ძეხვეული დაეტვირთა და მიაგორებდა. ახალგაზრდას თვალი ჰკიდა და მიესალმა:
– ჰეი, ლამაზო!
ახალგაზრდამაც გაუღიმა. ცერად. ხელიც დაუქნია.
ქალმა გზა განაგრძო. თან ფიქრობდა: შეყვარებულია. აბა, როგორ.
მართლაც, ასე გამოიყურებოდა – ღია ნაცრისფერი კოსტიუმი, საკინძეშეხსნილი საყელო. ვიწრო ჰალსტუხი ყელს ეფონებოდა. მუქი თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი. კანი ჰქონდა მკრთალი, თვალები კი – ღია ცისფერი. არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ გაზაფხულის ამ თბილ საღამოს, იმ გამზირზე, 1963 წლის მაისში, ის მართლაც ლამაზი იყო და მოხუც ქალბატონს წამით მოგონებები აუშალა. თუმცა, გაზაფხულზე ვინ არ იქნება ლამაზი, როცა საღამოს პაემანზე მიეჩქარება. წინ, ალბათ, გემრიელი ვახშამი ელის და შემდეგ, ეგებ, იცეკვონ კიდეც. გაზაფხული წელიწადის ერთადერთი დროა, როდესაც მწარე მოგონებებიც დამტკბარია. ასე გაიფიქრა ქალბატონმა და გზა განაგრძო. რა კარგი ჰქნა, მას რომ გაესაუბრა და რა საამურია, მან რომ ღიმილი დაუბრუნა და – მისალმების ნიშნად აწეული ხელი.
ჭაბუკმა სამოცდამესამე ქუჩა გადაჭრა. ჩქარი ნაბიჯით და ისევ იმ ცერა ღიმილით ბაგეზე. გზად შემოხვდა მოხუცი გამყიდველი ყვავილებით სავსე გვერდშეჭეჭყილი მწვანე ურიკით – ყვითელი ნარგიზები ჰქონდა და ზაფრანები. კიდევ – მიხაკები და რამდენიმე ჩაის ვარდი სათბურიდან – ყვითელი, წითელი და თეთრი. ჩამომჯდარი მიირთმევდა ბრეცელს და რადიოს უგდებდა ყურს – ვეება ტრანზისტორი ურიკის კიდეზე შემოედო.
ერთი მეორეს მიყოლებით სულ ცუდ ამბებს გადმოსცემდნენ, რასაც აღარავინ უსმენდა: ჩაქუჩიანი მკვლელი ჯერ ისევ თავისუფლად დაიარება; ჯეიეფქეი აცხადებს, რომ პატარა აზიურ ქვეყანაში, სახელად ვიეტნამში („ვაით-ნამ“ ასე ამბობდა დიქტორი) მოვლენების განვითარებას უნდა დავაკვირდეთ; ისთ რივერში უცნობი ქალის გვამია ნაპოვნი; ქალაქის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ ჰეროინის წინააღმდეგ გამოცხადებულ ომში, ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალი ვერ წარუდგინეს დანაშაულებრივი დაჯგუფების მეთაურს; რუსებმა ატომური ბომბი გამოცადეს…
ასეთ ამბებს გადმოსცემდნენ, მაგრამ არცერთი ჩანდა მნიშვნელოვანი ამ მსუბუქ და ტკბილ საღამოს ყურადღების მისაქცევად რომ ღირდეს. ორი ღიპიანი მამაკაცი თონესთან იდგა და კოჭს აგორებდა, თან, ერთმანეთს ელაზღანდარებოდნენ. გაზაფხული ილეოდა, და ზაფხული იდგა ქალაქის კართან, ზაფხულს კი ქალაქში ოცნებები მოაქვს.
ახალგაზრდამ ჩაუარა და ცუდი ამბების ხმაც სადღაც მიიკარგა. შემდეგ შეყოვნდა, უკან მოიხედა. ჭოჭმანობდა. ქურთუკის ჯიბე მოისინჯა, რაღაცას წაეტანა. წამით განცვიფრება დაეფინა სახეზე. ისეთი მარტოსული ჩანდა ახლა, დაკარგული. მაგრამ, როგორც კი ხელი ჯიბიდან ამოაცოცა, კვლავ ის ძველი მეოცნებე იერი დაუბრუნდა.
ღიმილით შებრუნდა ყვავილების ურიკისკენ, რამდენიმე სურდა აერჩია – იმას რაც მოეწონება. უყვარდა მისი თვალების ელვა და სიხარულის ეშმაკუნები, როცა ანაზდად რაღაცას მიუტანდა. სულ წვრილმანს, რადგან ბევრი ფული არასდროს ჰქონდა. ტკბილეული. ან – სამაჯური. ერთხელ მთელი აბგა ესპანური ფორთოხლები მიართვა, ვალენსიიდან, იცოდა, ნორმას ისინი ყველა ხილს ერჩივნა.
– მეგობარო, – უთხრა ყვავილების გამყიდველმა, როცა ნაცრისფერ კოსტიუმში გამოწყობილი მამაკაცი მიბრუნდა და ეტლში ყვავილებს დაუწყო ცქერა. გამყიდველი, ალბათ, სამოცდარვა წლისა იყო, თბილი საღამოს მიუხედავად, აქა-იქ მორღვეული ნაცრისფერი შალის სვიტერი ეცვა და რბილი ნაჭრის ქუდიც ეხურა. სახე ისე ჰქონდა ნაოჭებში ჩაკარგული, მდინარეებით დაღარულ რუკას უგავდა. ღრმა უბეებში ჩამსხდარი თვალებით შეჰყურებდა და თითებს შორის გაჩრილი სიგარეტი უცახცახებდა. მაგრამ ჯერ არ დავიწყებოდა, როგორია, იყო ახალგაზრდა გაზაფხულზე – ახალგაზრდა და იმდენად შეყვარებული, რომ მიწას ვერ გრძნობ, თითქოს, დაფრინავ და დაფარფატებ. გაახსენდა და მის მჟავე სახესაც შეეხო სუსტი ღიმილი, ისე, როგორც იმ მოხუც ქალს, სურსათით სავსე ურიკას რომ მიაგორებდა. ეს ბიჭი გადაშლილი წიგნივით იყო. ეს ბავშვი სიყვარულით არის ავად და ახლავ მკურნალობა სჭირდება – გაიფიქრა. სვიტერზე ხელი ჩამოისვა და ბრეცელის ნაფშვენები ძირს ჩამოფერთხა.
– რა ღირს თქვენი ყვავილები? – ჰკითხა ჭაბუკმა.
– რა ღირს თქვენი ყვავილები? – ჰკითხა ჭაბუკმა.
– ლამაზ თაიგულს აგიწყობ დოლარად… ჩაის ვარდები თუ გინდა, ეგენი სათბურიდანა მაქვს. ცოტა მეტი ღირს. სამოცდაათი ცენტია თითო. თუ მყიდველი ხარ, სამ დოლარად და ორმოცდაათ ცენტად გაგატან ექვს ცალს.
– ძვირია, – უთხრა ახალგაზრდამ.
– რა აღარ არის ძვირი? კარგი თუ გინდა, იაფად არ გამოდის, მეგობარო, დედაშენს არასდროს უთქვამს, განა?
ყმაწვილს გაიცინა.
– ეგებ, უთქვამს კიდეც.
– ეჭვიც არ მეპარება, გეტყოდა… ამიტომ ექვს ცალს მოგცემ – ორ წითელს, ორ ყვითელს, ორ თეთრს. უკეთესი რა გინდა? წინწკალაც დავუმატოთ – იმათ ძალიან უყვართ – და გვიმრის ფოთლები. ლამაზი გამოვა… ან თაიგულს აგიწყობ სულ რაღაც დოლარად.
– იმათ? – ჰკითხა ახალგაზრდამ, თან ისევ ისე იღიმოდა.
– ჩემო მეგობარო, – უპასუხა ყვავილების გამყიდველმა, სიგარეტის ნამწვი წყლის ცხაურში ჩააგდო და ღიმილი დაუბრუნა, – მაისში არვინ ყიდულობს ყვავილებს საკუთარი თავისთვის. ეს დაუწერელი კანონია… ხომ მიმიხვდი, რას ვგულისხმობ?
ახალგაზრდა მამაკაცი ნორმაზე, მის ბედნიერ, მოციმციმე გაოცებულ თვალებზე და ღიმილდაფენილ ბაგეებზე ფიქრობდა. გამყიდველს ოდნავ დაუქნია თავი.
– მგონი, მივხვდი, – უთხრა.
– თქმა არ უნდა, მიხვდებოდი… აბა, რომელს ინებებ?
– თქვენ რას მირჩევთ?
– გეტყვი… რჩევა ხომ მაინც უფასოა, არა?
ახალგაზრდას გაეცინა.
– ეგღა დარჩა, მგონი, უფასოდ…
– მართალი ხარ, მეგობარო, – უთხრა ყვავილების გამყიდველმა, – ყური მიგდე: თუ ყვავილები დედისთვის გინდა, მაშინ თაიგულიც გამოდგება. რამდენიმე ნარგიზი, ზაფრანა, მინდვრის შროშანი. არ გეტყვის: “ოჰ, ჩემო ბიჭო, როგორ მომწონს, მაგრამ ბევრი ხომ არ დაგიჯდა? ამდენი არ უნდა მიგეცა… ხომ იცი, ფულს უნდა გაუფრთხილდე, არ არის საჭირო ასე ფლანგვა…“
ახალგაზრდას თავი უკან გადაეგდო. გულიანად იცინოდა.
– მაგრამ, თუ შენი გოგოსთვის არჩევ, – განაგრძობდა გამყიდველი, – ეს სხვა საქმეა, ჩემზე უკეთ იცი. ჩაის ვარდებს მიუტან და ბუღალტერიას კი არ გამოგაყოლებს – მოგეხვევა, კისერზე ჩამოგეკონწიალება… ხომ მომყვები, რა გითხარი?
– ჩაის ვარდებს ავიღებ, – უთხრა ახალგაზრდამ და ახლა უკვე ყვავილების გამყიდველი ახითხითდა. და ის ორიც, კოჭს რომ აგორებდა, იმათაც გადმოხედეს და კბილები დაკრიჭეს.
– ჰეი, ბიჭო! – გამოსძახა ერთმა , – საქორწინო ბეჭედიც ხომ არ გინდა? იაფად დაგითმობ ჩემსას. . . აღარაფერში მარგია.
ჭაბუკს გაეღიმა და ღაწვები შეეფაკლა. ლამის, მუქი თმის ღერებზეც ალი მოედო.
ყვავილების გამყიდველმა ექვსი ჩაის ვარდი ამოარჩია, ღეროები წააჭრა ოდნავ, წყალი მიასხურა და ქაღალდი შემოახვია კოხტად.
– ამაღამ ის ამინდი გველის ზუსტად, თქვენ რომ გიყვართ, – შემოესმათ ამ დროს რადიოდან, – თბილი და უნალექო, ტემპერატურა 16 გრადუსი… იდეალურია მათთვის, ვისაც ვერანდიდან ვარსკვლავების თვლა უყვარს… ვინც რომანტიკულ განწყობაზეა… დატკბი, დიდო ნიუ იორქ, იძიგძიგე!
ყვავილების გამყიდველმა ქაღალდს კიდეები წებოვანი ლენტით დაუმაგრა და ყმაწვილს ურჩია, გოგოსთვის ეთქვა ცოტაოდენი შაქრის დამატება ვაზაში – ასე უფრო დიდხანს გაძლებენო ყვავილები.
– აუცილებლად ვეტყვი, – დაჰპირდა, თან ხუთდოლარიანი გაუწოდა, – გმადლობთ.
– სამადლობელი არაფერია, მეგობარო, ჩემს საქმეს ვაკეთებ, – უთხრა გამყიდველმა და ერთი დოლარი და ორი ოცდახუთცენტიანი დაუბრუნა, – აკოცე ჩემგან, – დაადევნა და სახეზე ღიმილი ჩამოეღვენთა.
რადიოში „ფორ სიზონსი“ მღეროდა “შერი”-ს. ახალგაზრდამ კუთვნილი ხურდა ჯიბეში ჩამალა და ქუჩას აჰყვა. თვალები ფართოდ ჰქონდა გახელილი, იყურებოდა გაფაციცებით და აკვირდებოდა, ირგვლივ მოფუსფუსე ხალხს კი არა – საკუთარ თავს, თითქოს, ელოდა რაღაცას. თუმცა, გარეშემო რაც ხდებოდა, იმასაც ამჩნევდა – ეგერ, დედა ეტლით ჩვილს მიაგორებს; ბავშვი მიირთმევს ნაყინს და სახე სასაცილოდ მოუთხვრია; გოგონა სახტუნაოთი ხტის ასკინკილა და მღერის:
ბეთი და ჰენრი მიძვრებიან ხეზე,
ბეთი და ჰენრი კოცნიან ერთმანეთს…
მოდის სიყვარული, შემდეგ – ქორწინება
და ჰენრიც მოდის – ჩვილი ჰყავს ეტლში!
სამრეცხაოს კართან ორი ქალი დგას, სიგარეტს აბოლებენ და ერთმანეთს ორსულობის ამბებს უზიარებენ. მამაკაცები ტექნიკის მაღაზიის ვიტრინაში გიგანტურ ტელევიზორს მისჩერებიან – ოთხნიშნა ფასით. ბეისბოლის თამაშს გადმოსცემენ. მოთამაშეთა სახეს მწვანე დაჰკრავს, მოედანს კი – მარწყვისფერი. ნიუ იორქი ფილადელფიას ამარცხებს 6:1. მატჩის დასრულებამდე ცოტაღა რჩება.
მიდიოდა ყვავილებით ხელში. არ შეუნიშნავს, იმ ორმა ქალმა, სამრეცხაოს წინ, წამით როგორ შეწყვიტა ლაპარაკი და მეოცნებე მზერა გააყოლა მასა და მის ჩაის ვარდებს – როდესაც ამ ქალებს ყვავილებს მიართმევდნენ ხოლმე, ის დრო ჩავლილია. არც პატრულისთვის შეუხედავს, ვინც მესამეს და სამოცდამეცხრეს კვეთაზე იდგა და ავტომობილების მოძრაობას აწესრიგებდა. პოლიციელი თავად დააკვირდა ჭაბუკის ჩაფიქრებულ მზერას და საკუთარი თავი ამოიცნო. ასეთად ხედავდა სწორედ, როდესაც პატარა სარკეში იყურებოდა წვერის გაპარსვისას, აბა ხომ კარგი ვჩანვარო. ორმა მოზარდმა გოგონამ გვერდი აუქცია. გამოხედეს, ერთმანეთს ჩაეხუტნენ და სიცილით ჩაბჟირდნენ.
სამოცდამეცამეტის ბოლოს შეჩერდა და მარჯვნივ შეუხვია. აქ ოდნავ ბნელოდა, ყავისფერი ფილაქანი დაეგოთ, ორთავ მხარეს იტალიური რესტორნების კიბეები ჩანდა და აბრები ბჟუტავდა. სადღაც თავდაღმა, მოედანზე თამაში გაეჩაღებინათ, მგონი – რიკტაფელა. კარგად ვერა ხედავდა და იქეთ არც წასულა. ვიწრო შესახვევში მიიმალა.
ცაზე ვარსკვლავები ჩამომსხდარიყვნენ, მათი შუქი სუსტად ეფინებოდა ნაგვის ურნების გადღაბნილ ჩრდილებს. ახალგაზრდა მარტო იყო. თუმცა არა, არც ისე მარტო. თალხი ბნელეთი ეულმა ხმამ გაჭრა და ჭაბუკს შუბლი შეეჭმუხნა. მარტოხელა კატა ჩხავილით უხმობდა ფისოს და ეს სიმღერა სულაც არ იყო მისი ყურისთვის საამო.
ნაბიჯი შეანელა და საათს დახედა. რვის თხუთმეტი წუთი იყო და ნორმა უკვე უნდა… ამ დროს თვალი მოჰკრა ეზოდან გამოსულს, მისკენ მომავალს. მუქი ლურჯი შარვალი ეცვა და მეზღვაურის ზოლიანი მაისური, რომლის დანახვისას გული უჩერდებოდა ხოლმე. ისევ ისეთი ლამაზი იყო, როგორც პირველად რომ ნახა. ყოველ ჯერზე ტკბებოდა. ღმერთო, ის ისეთი ახალგაზრდა იყო.
გაიღიმა. განა უბრალოდ გაიღიმა – ღიმილად დაიღვარა.
– ნორმა! – დაუძახა.
მანაც შეხედა და გაიღიმა… მაგრამ, როდესაც ერთმანეთს მიუახლოვდნენ, ღიმილი შეადნა.
მამაკაცს ღიმილიანი ტუჩები უთრთოდა და წამით მასაც შფოთვა დაეუფლა. სახე მოექუფრა და ზოლიანი მაისურის ფონზე, თითქოს, ნაოჭებად დაეღარა. ბნელოდა… იქნებ, შეცდა? ოჰ, რა თქმა უნდა არა. ეს ხომ ნორმაა.
– ყვავილები მოგიტანე, – უთხრა მხიარულად და გაუწოდა.
მან თვალი შეავლო. სულ ერთი წამით. ღიმილით დაუბრუნა უკან.
– გმადლობთ, მაგრამ თქვენ ცდებით, – უთხრა, – მე მქვია…
– …ნორმა, – თქვა ჩურჩულით და ქურთუკის ჯიბიდან ტარმოკლე ჩაქუჩი ამოაძვრინა, რომელიც დიდხანს იდო იქ და ელოდა, როდის ამოაძვრენდნენ, – შენთვის მოვიტანე, ნორმა… ყოველთვის შენთვის მომაქვს… ყველაფერი – მხოლოდ შენთვის.
ქალმა ნაბიჯი გადადგა უკან. სახეზე მიტკლისფერი ედო. პირი დააღო შიშისგან და ხახა გამოუჩნდა შავად. ის არ იყო ნორმა. ნორმა იყო მკვდარი. უკვე ათი წელია, მკვდარი იყო, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა ჰქონდა, რადგან ის აპირებდა ყვირილს და მან ჩაქუჩი მოიქნია. იმისთვის მხოლოდ, რომ შეეჩერებინა. ყვირილი ჩაეხშო. და ჩაქუჩი რომ მოიქნია, ყვავილებს გაუშვა ხელი. მიწაზე დაეცა. დაიყარა. წითელი, თეთრი და ყვითელი ვარდები მიმოიფანტა ირგვლივ. ნაგვის ურნებს შორის. სადაც კატებს უყვარდათ ერთმანეთი და უყვარდათ უცხო სიმღერების მღერა. უცხო სიმღერების. ჩხავილი.
ჩაქუჩი ჩაარტყა. კიდევ და კიდევ. ის არ ყვიროდა, მაგრამ ყვირილი სურდა, რადგან არ იყო ნორმა. არც ერთი მათგანი არ იყო ნორმა. და მან ჩაარტყა ჩაქუჩი. ჩაარტყა. ჩაარტყა. ის ნორმა არ იყო და მან ჩაქუჩი ჩაარტყა ხუთჯერ.
შემდეგ… არვინ იცის, ეს რა ხნის შემდეგ მოხდა, ჩაქუჩი ისევ მოათავსა ქურთუკის ჯიბეში და წამოდგა ფეხზე, მოშორდა რიყის ქვაფენილზე დაფენილ დაბინდულ სხეულს. მოშორდა ნაგვის ურნებთან დაყრილ ყვავილებს. ვიწრო ჩიხიდან ისევ ქუჩაზე გამოვიდა. ახლა უკვე სრული სიბნელე ჩამოწოლილიყო. რიკტაფელას მოთამაშეებიც აღარ ჩანდნენ. მის კოსტიუმზე სისხლის ლაქები თუ არის, სიბნელეში არ გამოჩნდება. გვიანი გაზაფხულის ტკბილი ღამე იყო. და მისი სახელი არ იყო ნორმა. მაგრამ მან იცოდა თავისი სახელი. მას ერქვა…
სიყვარული.
მას სიყვარული ერქვა და ბნელ ქუჩებში დადიოდა, რადგან აქ სადღაც ელოდა ნორმა. და ის იპოვის ნორმას. ერთ დღეს აუცილებლად იპოვის. ძალიან მალე.
ამ ფიქრში სახეზე ღიმილი დაუბრუნდა. სამოცდამეცამეტე ქუჩაზე ნაბიჯს აუჩქარა. შუახნის წყვილმა, რომელიც ზღურბლზე ჩამომსხდარიყო, თვალი გააყოლა. თავი კეკლუცად გადაწეული. შორს მიმართული მზერა. ცერა ღიმილი.
– არასდროს მინახიხარ ასეთი, – ჩაილაპარაკა ქალმა.
– რა მითხარი? – ჰკითხა ქმარმა.
– არაფერი, – უთხრა ქალმა.
ის გასცქეროდა ახალგაზრდას ნაცრისფერ კოსტიუმში, რომელიც ღამის ჩრდილში გაუჩინარდა. თვალს ვერ წყვეტდა და ფიქრობდა, თუ არსებობს რამე, უფრო ლამაზი, ვიდრე გაზაფხულია, ეს არის ახალგაზრდობა და ეს არის სიყვარული.
©Stephen King – The Man Who Loved Flowers. Gallery, August 1977 issue
©LV (ქართული თარგმანი, 2022)
©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___
Слава Україні! Героям слава!