რბილი სათამაშოების სადგური

ვოლოდიმირ არენევი (ვოლოდიმირ პუზიი)

(კიევური ამბები)

…როგორ იყო? – ვიყავი, დავისვენე, შთაბეჭდილებების გუდა მოვკარი… ისე, როგორც ყველა აკეთებს. არაფერი განსაკუთრებული.

ამბობენ, შვებულება იმდენ ხანს გრძელდება, სანამ დასვენებით არ დაიღლებიო. ალბათ, სისხლში გვაქვს – არ ვართ დასვენებას ჩვეული. გვაკლია ყოველ დღე ჩხუბი, დილიდან მოყოლებული. ლიფტის კარიდან დაწყებული, რომელიც ყველა სართულზე კი ადის, მაგრამ მხოლოდ ლუწ სართულებზე გამოიძახებ, ავტობუსში შეტენვა, უფროსობასთან კამათი… რა გითხრათ, თავადაც კარგად იცით… აკვნიდან ბრძოლას ვსწავლობთ, დასვენებას – მხოლოდ სიბერეში… ვინც სიბერემდე მიაღწევს.

… რა ხანია, ბავშვებთან არ ვყოფილვართ. იმათ საკუთარი ცხოვრება აქვთ, ჩვენ – ჩვენი. გეგონება, სხვადასხვა კონტინენტზე ვცხოვრობთ… ასეც უნდა იყოს, ალბათ. სევდა კი გეუფლება ხოლმე, მაგრამ, ასე სჯობია…

… ჰოდა, რას ვამბობდი, წავედით შვებულებაში. ჩვენი უმცროსი აქ არის, კიევში, უფროსი კი გათხოვდა და ქმართან, ბელარუსშია. ქორწილში, ცხადია, ვიყავით, როგორ არა, მაგრამ მას მერე – ვეღარ. ხან ესა, ხან – ისა. ხან ფულს ვაგროვებთ, ხან – საყიდელი გვაქვს რაღაც. ცოლი აგარაკზეა – შაბათ-კვირას არ აცდენს… ერთი სიტყვით, ვერ მოვაბით თავი. ამ ზაფხულს კი ერთდროულად მოგვცეს შვებულება – აგვისტოს თვეში. ვამზადებ, ესე იგი, ანკესებს – ვასილიჩს შევუთანხმდი, სათევზაოდ ვაპირებ, ცოლი კი თავს აქნევს და მეუბნება: ქალიშვილი ხომ არ მოვინახულოთო? ვუთხარი, სეზონია, ბევრი თევზი იცის, ვასილიჩმა მაგარი ადგილი დაიბევა… გაგიგონია? თევზაობის გარდა, სხვა რამეებიც არსებობს, გულის მაგივრად ქვა გაქვს, შვილიშვილი არ გენატრება, აგერ ფული და დროზე – სალაროში ბილეთებისთვის… ვალენტინა ნაწყენია – ბოლო წერილში ისევ გვსაყვედურობს, ჩამოდითო…

წავედით. თვითმფრინავის ფული საიდან? მატარებლით – პლაცკარტით. ვაგონში ხვატია, როგორც – აბანოში. ახალგაზრდებს რა უჭირთ, ტრუსებში სხედან, დარბიან აქეთ-იქეთ, ჩვენ კი… რა ვიცი, გვეუხერხულება ამ ასაკში. მაგრამ არა უშავს – ოდნავ გრილ ადგილას გახვალ, უკვე შვებაა.

ჩავედით, როგორც იყო – სტუმრად კარგია, შინ უკეთესიაო… თქვენც კარგად იცით… სხვა რამე, მინდა, მოგიყვეთ. ვბრუნდებით უკან, კიევში. ბიჭისთვის საჩუქრები მოგვაქვს და კოლიასთვის – შვილიშვილისთვის. ჩვენი ხელფასი ბევრს ვერ გასწვდება, მაგრამ ვალენტინამაც, ცხადია, თავი გამოიდო. ადგილი დავიკავეთ უკვე, კონდუქტორს ბილეთებს ვუწვდით და უცებ გამახსენდა, კოლინკას სათამაშოს დავპირდი, ყიდვა კი დამავიწყდა, გამოშტერებულს.

კიევში ვერ იყიდიო? მეტყვით.. არა, მეგობარო, ბავშვებს რას გამოაპარებ – იარლიყი ბელორუსული უნდა ჰქონდეს. სიტყვა მიეცი – შეასრულე. თან აგროვებს მაგ იარლიყებს, სათამაშოს “პასპორტებს”.

რა ვქნა ახლა? მატარებლიდან ხომ ვერ გადავხტები? ვიფიქრე, გზიდან ვალენტინას ვუდეპეშებ, იყიდის და კონდუქტორს გამოატანს.

წავიხემსეთ. სვეტლანამ დაიძინა. დაიღალა მოგზაურობით. მე კი ვერ ვიძინებ – ცხელა და სული მეხუთება, მერე კიდევ სინდისი მქენჯნის – შვილიშვილი როგორ დამავიწყდა. მეც პაპა მქვია, რაღა…

წამოვწვები. წამოვდგები. გავალ – გავაბოლებ. შემოვალ ისევ. არა მძინავს. თუმცა, ზოგადად, უძილობას არ ვუჩივი. თუ დიდი სადგურია და დიდხანს ვდგავართ, გავალ ხოლმე, ჰაერის ჩასასუნთქად. ასე ვმგზავრობ.

როგორც იყო, ჩამეთვლიმა. თუ ამასაც ძილი ჰქვია – ვწრიალებ, ვბორგავ. სიზმარს ვხედავ თუ მელანდება – ვერ გაიგებ… ეს ამბავი დაიხსომეთ, მალე მიხვდებით – რატომ.

ვწვალობ ასე და – გავჩერდით. პერანგი მოვიცვი, კონდუქტორთან მივედი, ვეკითხები: მეგობარო, რამდენს ხანს ვიდგებით? მეუბნება: ნახევარი საათი. ჩავალ, ვეუბნები, მუხლს გავშლი და თუ შემაგვიანდა, შემომძახეთ, აქ არ დამტოვოთ. კარგი. ბაქანზე ჩავედი.

ღამით როცა არა გძინავს, მატარებელში სხვა რა საქმე გაქვს, წიგნსაც ვერ წაიკითხავ. ფანჯარაში თუ გაიხედავ. იქ კი – სხვა სამყაროა. რკინიგზის სადგური შიგნიდან ბჟუტავს. ლანდები მოჩანან ეულად. სიმარტოვე ამას ჰქვია. ხელს გაიწვდენ და, ასე გგონია, შეეხები.

აქ კი სულ სხვა სურათი დამხვდა. შუაღამეა და ხალხი მიდი-მოდის, როგორც კოლმეურნეობის მოედანზე. მგზავრები არა – ადგილობრივები.

სადგური გარემოვაჭრეების გარეშე ვის უნახავს. ასე მოიტანა ცხოვრებამ – ყველას ზიზილ-პიპილო ვერ შეხვდება, ზოგს მიწის ბარვა უწევს, კარტოფილის მოყვანა, თევზაობა და რა ვიცი კიდევ – რა… ასეც უნდა იყოს. ყველამ თავისი საქმე აკეთოს, რაც კარგად გამოსდის. ნუ მოიპარავს და მოკლავს და… პომიდორი თუ მოიყვანე, სად უნდა წაიღო – მიიტან და გაყიდი. მგზავრი პირს გაისველებს და ფულს მადლობასაც მოაყოლებს.

მაგრამ პომიდვრები არა ჰქონდათ. არც თევზი, არც – კარტოფილი. რბილი სათამაშოები გაუშლიათ. ნაირ-ნაირი. ვეფხვები, სპილოები, დათვები, წეროები, მიკი-მაუსებიც აქვთ. საიდან ამდენი, ჯერ გამიკვირდა… მერე მივხვდი – სათამაშოების ფაბრიკაა, უთუოდ, აქვე. ფულის ნაცვლად ხელფასს სათამაშოებით გასცემს, ალბათ… ხომ იცით – რა დროა. იქნებ, თავად მუშებსაც ურჩევნიათ – სადგური ორ ნაბიჯშია და მყიდველი მოდის.

ვდგავარ და ამას ვფიქრობ – საზღვარი ხომ არ გადაგვიკვეთია – სათამაშოები ბელარუსული იქნება. “უცხო” იარლიყით. ეგეც “პასპორტი” კოლინკასთვის. ჯიბე მოვისინჯე – საფულე აქ მაქვს. ადგილობრივი ფულიც გამომყვა – ვალენტინასთვის უნდა მიმეცა და არ გამახსენდა (თურმე, კარგად არ გამხსენებია).

ადგილობრივები ურიკებს დააგორებენ, თუ კონდუქტორმა ნება დართო, ვაგონებშიც ადიან, მგზავრებს სათამაშოებს სთავაზობენ. სიგარეტი მოვისროლე და ბაქანს დავუყევი. რამე შესაფერისს ვეძებ.

შევნიშნე – უმრავლესობა ახალგაზრდები არიან, თვრამეტი-ოცდაორი წლისა… გაგეცინებათ, მაგრამ უნდა ვთქვა – ზოგი ახალგაზრდა ისეთია, აი, მასთან საქმის დაჭერა არ ღირს… ხულიგანიო არ ვიტყოდი, მაგრამ ძალიან „თანამედროვენი“ და ისე გიყურებენ, როგორც ნეხვის ჭიას. ცას გამოეკიდე, ბებერო, – ფიქრობენ, – დროა ხომ არაა, აქედან მიბრძანდე… ბევრი იყო ასეთი და შორიახლოს ჩავუარე. გული არ მივიდა… ვხედავ, ერთი შუახნის ქალია. დგას თავისთვის. ჩუმად. თან ყიდის სათამაშოებს, თან, ვითომც – არა. ვიფიქრე, ახალგაზრდები არ დაიკარგებიან, მისგან კი არვინ იყიდის… ვინმე, ჩემნაირის გარდა.

მივუახლოვდი.

– ღამე მშვიდობისა, – ვეუბნები, – ხომ ვერ მეტყვით, საიდან ამდენი სათამაშო? სანტა კლაუსის თქვენს ქალაქში მარხილი გადმოუტრიალდა, თუ რა ამბავია?

უკბილო ხუმრობა იყო, მაგრამ გაეღიმა და თავი გაიქნია.

– არა, – მპასუხობს, – აქ სხვა ამბავია.

თქვა და დადუმდა.

– კარგი, – ვეუბნები, – არ ჩაგეძიებით. მითხარით, გეთაყვა, ეს ოინბაზი რა ღირს? – და ბომბორა ძაღლზე ვანიშნებ.

საოცარი რამ იყო. დიდი, ორი წლის ბიჭის სიმაღლისა. თეთრ ფუმფულა ბეწვზე დაყრილი შავი ხალებით… დისნეის მულტფილმიდანაა. იქ სულ ეგეთი ძაღლები არიან. ჯიშებში დიდიად ვერ ვერკვევი, ვერ დავიხსომე.

ქალი ისევ თავს აქნევს.

– რად გინდათ? – მეკითხება.

ერიჰა, – გავიფიქრე – ასე თუ გააგრძელე, კარგა ხანს მოგიწევს აქ დახლთან დგომა.

სხვა თავს დაანებებდა, მაგრამ, რატომღაც, არ მოვცილდი, ვეუბნები:

– საღამოობით ჩვევადა მაქვს, ხალიჩაზე ტელევიზორთან წამოვწვები და ვთამაშობ… მეუბნებიან, თოჯინებით თამაში არ შეგეფერება, ბიჭები ჯარისკაცებით უნდა თამაშობდნენო, მაგრამ ეგ ჯარისკაცები უკვე ყელში ამოვიდა…

– არა მჯერა, – გამიღიმა ქალმა. – მატყუებთ. ალბათ, შვილიშვილისთვის ყიდულობთ.

– გამოიცანით… მერედა, ჩემს შვილიშვილს ასეთი სათამაშო არ გამოადგება? თუ არა ყიდით?

– კი, ვყიდი, – ამოიხვნეშა, – რა ვქნა აბა… მაგრამ თქვენ არ იყიდოთ, კარგი? სახლში რომ ჩახვალთ, გადით მაღაზიაში…

– არ შემიძლია, – ვეუბნები, – ბელორუსული სათამაშო მჭირდება. თანამედროვე ბავშვებს ახლებური თამაშები აქვთ. ჩემი შვილიშვილი იარლიყს „პასპორტს“ უძახის. ყველა სათამაშოს მისი პასპორტი აქვს საბუთად… რა ცხოვრებაცაა, ისეთი თამაშია.

– როგორ მართალს ამბობთ, – თითქოს სახეზე ჩრდილმა გადაურბინა.

კარგად დავაკვირდი. ერთი უბრალო ქალია, გვერდზე გაუვლი, ვერც შეამჩნევ. გახუნებული კაბა აცვია. თმები – ერთ გორგლად შეკრული. მაგრამ თვალებში ცეცხლი უელავს. ისეთი, უნებურად უკანაც კი დავიხიე.

– როგორ მართალს ამბობთ, – გაიმეორა ჩუმად, – რა ცხოვრებაცაა, ისეთი თამაშია… არ იყიდოთ. თქვენს გზაზე წადით. მე ჩემთვის, თქვენ – თქვენთვის.

– თქვენგან თუ არა, სხვისგან ვიყიდი. ხელცარიელი აქედან ვერ წავალ.

– რა განსხვავებაა? – მეუბნება.

— მე მეკითხებით? – სახტად დავრჩი, – აბა, რა ვიცი.

– ყური მიგდეთ, – მითხრა და ხელი მაჯაში ჩამავლო, – ბავშვობაში საყვარელი სათამაშო თუ გქონდათ?

– რა თქმა უნდა… მაგრამ რა შუაშია…

– რომელი?

ვყოყმანობდი. უცხო ადამიანს ყველაფერს ვერ მოუყვები. და რაც ასაკი გემატება, მით უფრო პირადულია ბავშვობს მოგონებები…

მაინც ვუპასუხე:

– ჯარისკაცების ნაკრები… იყო ეგეთი ადრე, თუ გახსოვთ…

მაგრამ გამაწყვეტინა.

– ეგ სხვაა… უბრალოდ საყვარელ სათამაშოზე კი არ გკითხეთ – საყვარელ რბილ სათამაშოზე. ვის გარეშე არ იძინებდით, ვისაც შოკოლადს გაუყოფდით, მანანის ფაფას კი არასდროს, იმიტომ რომ მასაც თქვენსავით სძულდა ფაფა.

– საიდან იცით?!

ქალს გაეღიმა.

– რომელ ბავშვს უყვარს მანანის ბურღული?

– ეგეც მართალია… მყავდა ეგეთი სათამაშო. არ, ვიცი, თავიდან რატომ არ მომაგონდა. იმიტომ, ეგებ, რომ არასდროს ვუძახდი სათამაშოს. სათამაშოზე მეტი იყო. უსულო ნივთზე მეტი.

– რა?

– ლომი. ლომის პატარა ბოკვერი. ცისფერი თვალებით. ერთად გვეძინა, მართლა. მის გარეშე ვერც ვიძინებდი. ერთხელ, როცა გვერდი გაერღვა და დედამ დასაკერებლად წაიღო…

– ხომ ცოცხალივით იყო?

– ცოცხალივით, – ვუთხარი და სიგარეტს მოვუკიდე.

ამ ქალმა ბავშვობის შორეულ წლებში გადამაგდო. ავღელდი. მოგონებები წამომეშალა..

– ძმასავით იყო, ხომ მართალია, – მითხრა, – თქვენი ასლი.

– ფსიქოლოგი ხართ? – ვკითხე.

ქალმა სევდიანად გაიღიმა.

– როცა რბილი სათამაშოების ქარხანაში მუშაობ, უნებურად, ასეთ რამეებშიც ერკვევი… ეგერ თქვენც, ისე როგორც ათასობით სხვას, ბავშვობაში გყავდათ ასეთი პატარა ძმა. ერთად იზრდებოდით. მაგრამ მხოლოდ რაღაც წერტილამდე. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის ვეღარ გაიზარდა და თქვენ მას დაემშვიდობეთ. ის ბავშვობაში დარჩა, თქვენ კი, როგორც იტყვიან, დიდობაში შეაბიჯეთ. ასე ემართება ყველა ბავშვს… იცით, რატომ?

არ ვიცოდი.

– ყველა ბავშვს სჭირდება ასეთი სათამაშო მეგობარი. პატარა ადამიანში ძალიან ბევრია, რასაც უფროსები, უბრალოდ, დაუდგრომლობას ვუძახით – ფიქრები, გრძნობები, გზნება, სიცილი, ცრემლი, აღმაფრენა… ღმერთო ჩემო, ვინ ჩამოთვლის! მშობლებს კი არასდროს სცალიათ. საქმე, სამსახური. ბებია-ბაბუასაც აღარ აქვთ შვილიშვილისთვის ძველებურად დრო. რაც ბავშვს აწუხებს, რაც მასში დუღს, ყველაფერი საყვარელ სათამაშოზე იღვრება. სადღაც წავიკითხე, მცენარეები მუსიკის ჰანგებს გრძნობენო. ბავშვში იმდენი რამ ბობოქრობს, მუსიკაც არის და მეტიც. და ამ ყველას სათამაშოზე გასცემს…

… და სათამაშო ცოცხლდება! – მის ნაცვლად დავასრულე.

– ტყუილად გეცინებათ. არაფერი იკარგება უკვალოდ – მგონი, ლომონოსოვმა თქვა, თუმცა, ალბათ, მანამდეც იცოდნენ… თუ შეგინიშნავთ, ბებიები როგორ იცვლებიან, თუკი შვილიშვილთან დაჰყოფენ მხოლოდ ერთ საათს? ენერგეტიკულ ვამპირს რომ იტყვიან ხოლმე – ეგეც თქვენ ვამპირიზმი… თუმცა, სიმბიოზი უფროა. ბოლოს და ბოლოს ბავშვს არაფერი აკლდება, თუკი ბებო მისით იმუხტება. ბავშვს ეს ენერგია უშრეტად აქვს…

– …და სათამაშოს მუხტავს.

– დიახ, მუხტავს. მუხტავს მის სათამაშოს. ძაფივით ეხვევა კოჭაზე. და რაღაც დროის შემდეგ, არა მხოლოდ ბავშვიდან გადაეცემა მის საყვარელ დათვის ბელს, არამედ – პირიქით. ასეთი უკუკავშირია.

– რა ალქაჯივით ლაპარაკობთ!

ქალმა ჩუმად ამოიოხრა.

– ეგებ, ალქაჯიც ვიყო… ბებო მყავდა… ყველას კურნავდა… ათას რამეს ჰყვებოდნენ მასზე… მაგრამ, თუ ალქაჯი ვარ, ჯადოქრობაში განათლება მაკლია და არც მაგ ხელობას მივდევ… შეგეშინდათ?

– სულაც არა.

– მაშინ განვაგრძობ… თუმცა, სათქმელი ბევრი აღარაფერი დამრჩა. წარმოიდგინეთ, ახალგაზრდა წყვილი. მისაღები ოთახი. ერთ კედელთან ტელევიზორი დგას, მეორესთან – კარადა. და სათამაშო პლუშის ბაჭია. ზის, როგორც მოკაზმულობა. ტელევიზორში კი რაღაც ფილმები გადის. მკვლელობა, ომი. ბაჭია ამ ყველაფერს უცქერს და იმუხტება. შემდეგ ბავშვი იბადება და ამ ბაჭიას საზეიმოდ მას გადასცემენ, აჰა, პატარავ, ითამაშე… ხვდებით ახლა, რას ვამბობ?

– თქვენი ძაღლიც ტელევიზორს მისჩერებოდა?

სათამაშოს დახედა და მითხრა:

– ამან? არა… ამას რაღაც უარესი დაემართა. და არა მარტო – მას. ხომ გაგიგონიათ: „წმინდა მიწა“, „დაწყევლილი მიწა“… ამ სიტყვებს მიღმა ისეთები იმალება, ვერც წარმოიდგენთ. ბელარუსში, გაგონილი გექნებათ, ათასი უბედურება მოხდა ომის დროს. პარტიზანები, გერმანელები, ყველაფერი ერთმანეთში აიზილა… არც ერთს დაუკლია, არც – მეორეს… თამაშობდნენ გმირებს – იხსენი სიცოცხლე და შვილები… აქვე, ჩვენს ქალაქთან ახლოს ერთი ადგილია… ჯერ გერმანელები – პარტიზანებს, შემდეგ პარტიზანები – გერმანელ ტყვეებს… ხოცავდნენ… ამ ტყეს ეგრეც ჰქვია: კუბოები. ყველამ იცოდა – იმ ტყეში კენკრის, სოკოს შეგროვება არ შეიძლებოდა. არც – ფიჩხის. “დაწყევლილი მიწაა”.

დღეს კი სხვა დროა. თანამედროვე, ჩქარი. მამები და შვილები – მარადიული საკითხია. იცხოვრე, წაიქეცი, შუბლი გაიტეხე და ეუბნები: იმ ბილიკით არ იარო, სადაც ჩვენ, ბრიყვები, დავდიოდით… გაგიგონია? არც გისმენენ.

მოვიდნენ და ააშენეს სათამაშოების ქარხანა. ქალაქგარეთ. აქაურები არ არიან. აქაური ამბები არ ეყურებათ. ჩვენი ცრურწმენები არ აღელვებთ და ჩვენებურადაც არ ლაპარაკობენ. თარჯიმანს კი რა ენაღვლება? გასამრჯელო აიღოს. ეტყვის და გააფრთხილებს? ააშენეს. სამუშაო ძალაც – აგერაა. ახალგაზრდობა. ყველა ბედნიერია, ყველა ხეირობს…

მაინც რა სიტყვაა „ხეირი“, როცა სხვა სიტყვები უფრო მნიშვნელოვანია.

იმას ვამბობდი – ბედნიერია ყველა. ვცხოვრობთ, როგორც ზღაპარში. ფულს კარგად იხდიან და საწუწუნო არაფერი გვაქვს. თუ გსურს, საქონლით აიღე. და ყველას გვყავს სახლში ბაჭია ან ზებრა.

– ბაჭია?

მივხვდი, ბაჭია წინა ჯერზე ტყუილად არ ახსენა.

– დიახ, ბაჭია. ჩემებმა მოიტანეს. მერე – შვილიშვილი შეგვეძინა. აჩუქეს, ბავშვმა თავი შეიქციოსო… კოჭა რომ ვთქვი, დაიწყო ბავშვმა ამ კოჭიდან მავთულის შემოცლა. ნელ-ნელა. შეუმჩნევლად. განა, რამდენი იყო? ომის შემდეგ, აგერ უკვე ორმოცი წელი გავიდა… დაიხვია ზედ და… ცოტა რომ წამოიზარდა, უცნაურობები დაეწყო. რასაც არ მისცემ – ყველაფერს ფლეთს და ამტვრევს. მხოლოდ იმ ბაჭიას უფრთხილდება. იმას არაფერი უნდა დაუშავდეს, იმ წყეულს.

რიტამ შეამჩნია: ტარაკნებს ჭყლეტს. ბავშვებს მწერების და ქვეწარმავლების არ ეშინიათ, მშობლებმა თუ არ ასწავლეს, მაგრამ, უცნაურია, აიტაცებდა ხელში და… რაღაც გამორჩეული სიამოვნებით ჭყლეტდა… შემდეგ კიდევ მეზობლის კნუტი…

…ვგრძნობდი, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე, მაგრამ ვერ ვხვდებოდი მიზეზს. მართლა ალქაჯი კი არ ვარ, თუმცა, ბებოსგან რაღაც ძალა დამრჩა… ერთ დღეს – თითქოს, გამინათდა, როგორც – გამოცხადება. ერთი-ორი წიგნიც წავიკითხე. ვეუბნები ოლესს: ეს ბაჭია უნდა მოსპოთ. ვეუბნები და თან გულში ვფიქრობ: “თუ გვიან არ არის.”

წავიღეთ გადაკარგულში და დავწვით. ფერფლი მიწაში დავფალით, ისე, რომ ნაცარი ნიავს არ წაეღო, არ გაეტანა. არ დამიჯერებთ, მაგრამ როდესაც მიმქონდა, იმ სათამაშოდან ავსა ვგრძნობდი. ბოროტ ტალღას. და ის ჩვენს ბიჭთან ერთად “გაიზარდა”.

– შემდეგ რა მოხდა?

– რაღა შემდეგ? დავაგვიანეთ. „გაიზარდა“ ბიჭი. ახლა მისი “გადაკეთება” რთულია. და არავის სცალია მისთვის. ჩემი ქალიშვილი და სიძე სამსახურში არიან… მეც. საბავშვო ბაღში ვერ მიიყვან – სათამაშოებია ყველგან და პატარა ბავშვებიც თოჯინებს ჰგვანან. მისჩერებია ტელევიზორს. იქ კი ისვრიან ყველა არხზე. ისვრიან. ისვრიან. მაგრამ წიგნების კითხვა არ უყვარს… და არც წიგნებშია…

ერთხანს ვიყავით ასე, ჩუმად.

შევხედე თეთრ ძაღლს შავი ლაქებით… და შემეცოდა. შექმნეს, რომ ვიღაცას სიხარული მოუტანოს, ის კი ურჩხულად იქცა და ურჩხულად აქცევს პატარა ადამიანს, ვისაც არ ვიცნობ.

– ყურადღება, სწრაფი მატარებელი ნომერი 105 გადის მეხუთე ბაქნიდან…

– ეს ჩემია, – ვუთხარი, – მშვიდობით.

და სასწრაფოდ ვაგონს მივაშურე. აქ, ამ უსახელო სადგურზე დარჩენაღა მაკლია, – გავიფიქრე… (თუმცა, თავს ვიტყუებდი. არც ეს სადგური იყო უსახელო და შიშითაც სხვა რამის შემეშინდა – შემეშინდა მრისხანებით გაჟღენთილი ქალაქის. და ახალგაზრდა ადამიანების, რომლებიც მატარებლის გასწვრივ დააგორებდნენ ურიკით სათამაშოებს. იმათი შემეშინდა).

მივასწარი. ჩამოვჯექი კუპეში და, გულმა ვერ გაძლო, ფანჯრიდან გავიხედე. მატარებელი დაიძრა და ბაქანი ღამის ვაჭრებთან ერთად ნელ-ნელა უკან დარჩა. დახლზე დარჩენილ რბილ სათამაშოებს შავი თვალები უელავდათ. ამ ჯერზე ვერ ნახეს ახალი სახლი. მაგრამ ადრე თუ გვიან, ვიცი, გაუმართლებთ.

მივდივართ… მივდივართ და საწუწუნო რა მაქვს – ჩამეძინა. ამ ჯერზე მართლა ღრმა, მშვიდი ძილი მომერია. თუმცა, ვინ გაცალა – გამაღვიძეს.

ვუყურებ: ფორმიანები დგანან. მებაჟეები.

გადავწვდი პერანგს, რომელშიც საფულე მაქვს და პასპორტი. პერანგი აქვეა, საკიდზე, საფულე და პასპორტი კი არ არის. მგონი, რბილი სათამაშოების სადგურზე დამრჩა! (თუ, იმ ქალბატონმა არ ამაცალა, სანამ მელაპარაკებოდა).

მაგრამ სვეტლანამ გაიღვიძა და მეუბნება – თუ პასპორტს ვეძებ, ტყუილად, რაკი, სანამ მეძინა, ფულიც აიღო და ჩემი პასპორტიც და თავისთან შეინახა.

– მოიცა, – ვეუბნები, – როდის აიღე ფული? ბოლო სადგურზე რომ ჩავედი, საფულე თან მქონდა.

– შენ სად ჩახვედი, არ ვიცი – მპასუხობს, – მე კი ახლახან ავიღე. ხომ წუხდი, კოლინკასთვის სათამაშო რომ არ ვიყიდეთ?

საწოლს თავი წამოხადა და მიჩვენებს – სათავსოში, ჩვენი ჩანთების გვერდით, უზარმაზარი კურდღელი დევს.

მგონი სახე ამელეწა, იმიტომ რომ მესაზღვრეები გაიჯგიმნენ და ეჭვით მომაჩერდნენ.

ამ დროს: „მიაუ!“

ახლა უკვე ყველანი შევხტით.

ჩვენთან ერთად ახალგაზრდა გოგო მგზავრობდა, ასე ოცი-ოცდახუთი წლის. კატასთან ერთად. გადასაღებად მიიწვიეს კატის საკვების რეკლამაში (არ ვიცი, რატომ მაინცდამაინც მინსკის გავლით… შეიძლება, შეთხზა რაღაცა, გოგონებს არ გაუჭირდებათ). ყურები წაიღო კვეხნით, როგორ შეამჩნიეს მისი კატა „შემთხვევით“ და რამდენად „სარფიანად გადაუხადეს“… ამ მურზიკმა (მგონი, მურზიკი ერქვა) ახლა მიხსნა. იმიტომ რომ მებაჟეებს გადავავიწყდით და მთელი ყურადღება „კინოვარსკვლავისკენ“ გაექცათ.

დილით გავიკითხ-გამოვიკითხე. საბაჟომდე მხოლოდ ერთი დიდი სადგური ყოფილა და იქ მართლაც ყიდიან სათამაშოებს. საფულის ამბავი რომ არა, ვიფიქრებდი, მეც და სვეტლანაც ორივენი ჩავედით მატარებლიდან, მაგრამ ასე ჩანს, მხოლოდ ცოლი ჩასულა (ნივთიერი მტკიცებულება მას ჰქონდა).

მე კი… ალბათ, დამესიზმრა. ყველანაირი სიზმარი გამიგია, ძალიან ხშირად – ნამდვილსა ჰგავს. რაღაცას მოჰკრავ ყურს და დანარჩენს გონება თავად ხატავს წარმოსახვაში… მითუფრო – ღამით. ღამით ყველაფერი ყოველთვის სხვაგვარად ჩანს. დილით კი – მზეს ერთი უნარი აქვს, გონებას ბინდი გადაჰყაროს… იმ სულელური ზღაპრის როგორ დავიჯერე?

…რა მკითხეთ? სათამაშოზე? კოლინკას ვაჩუქეთ. აბა რა გვექნა, ხომ არ დავწვავდით. გადაკარგულიც არ ვიცი, სადაა…

…ასეთი ამბავია.

ჰო, დამავიწყდა! გოგონა, რომელიც კატასთან ერთად მოგზაურობდა, ცოტა ხნის წინ ტელევიზიით აჩვენეს, რეკლამაში. თურმე არ მოუტყუებია.

©Володимир Арєнєв – Станция мягких игрушек. Редкая птица № 8, 1998
©LV (ქართული თარგმანი, 2022)

Creative Commons License©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

Ukraine

Слава Україні! Героям слава!

#StandWithUkraine

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: