ჰენრი ლაიონ ოლდი
იჯდა დინჯადა განრისხებული,
მეც შევცქეროდი განცვიფრებული.
მეღიმებოდა. მოვყვე ხუმრობას
შევეყბედე, ვაფიცებ ძმობას :
„თუ გწამს უფალი, პირდაპირ ჩემსა
სიდან მოჰფრინავ, მითხარი, დღესა?
რომელს მხარესა წინად სცხოვრობდი?
ან ამ ქვეყანას წინადაც სცნობდი?
თუმც არ გასხია ტანზე აბჯარი,
მაგრამ გეტყობა ძველი გაქვს გვარი,
შენი სახელი, მითხარ, რა არი?“
პასუხად მესმა მისი ყრანტალი :
„აღარ აღსდგება არასდროს მკვდარი!”
ედგარ ალან პო. “ყორანი”
(ვაჟა-ფშაველას თარგმანი)
…მკვდარი თალხი ტალღები თავს ევლებოდნენ მკვდარ, გამოღრღნილ ქვიშას და უკან გარბოდნენ ისევ. მდორედ, როგორც ქანქარა. დუჟმომდგარ ზღვას უძირო ხახა დაეფჩინა და ღრუბლებად აქოჩრილ ზეცას კოცნიდა სადღაც შორს, ჰორიზონტზე. ატმოსფერო დაღარული იყო და ორმოებად გაბნეული მორევი ელოდა ქარიშხალს.
ზეცას სდიოდა დორბლი და ხანგამოშვებით უხალისოდ აფურთხებდა დედამიწას, როგორც სანერწყვეს. დანერწყვილ ალაგს მიწას სდიოდა ოხშივარი, ეკვროდა დაკოჟრილი ქერქი. თუმცა, პლანეტა რამდენი წელია უკვე, იწვოდა ასე. ქარი ძრწოდა სანაპიროზე, რამდენიმე, ჯერ კიდევ გადარჩენილ სახლს ფანჯრებში უმზერდა სტვენით, აშრიალებდა ტურტლიანი ფერფლის სუდარას და აშიშვლებდა მათ ქვეშ დამარხულ ძვლებს. ცა გულგრილად დაჰყურებდა ნეშტებს. ისინი არად ანაღვლებდა ცას.
პირველ ხანებში იმდენი ლეში ეგდო, ბედნიერებისგან რეტი დაესხათ ყორნებს. მდიდრული სუფრა გაშალეს. რადიაციის გამო, ჰაერი ნატვრისთვალივით გამჭვირვალე იყო. ფრინველების ალიაქოთი აღარ დაცხრა კვირების, შემდეგ – თვეების განმავლობაში. გვამები ზანტად იხრწნებოდა და როცა ყვავების გუნდიდან ერთნი კვდებოდნენ, მათი ტიტველი სხეულები კარგა ხანს რჩებოდა ასე ხელუხლებლად – ლეშიჭამიებს ადამიანის ხორცის კორტნა უფრო ეგემრიელებოდათ. მხოლოდ ეგ იყო, იმახსოვრებდნენ ადგილებს, სადაც უხილავი სიკვდილი იყო ჩასაფრებული და იქაურობას აღარ ეკარებოდნენ.
მაგრამ გამოხდა ხანი და საკვებიც გაილია. სულ უფრო ძნელი იყო, ლპობასა და ნისკარტებს გადარჩენილი ლეშის პოვნა. ცოცხალი ვირთხის დაჭერაზე ხომ ფიქრიც ამაო იყო. მიუხედავად იმისა, რას ამბობენ ლეგენდები, დიდი აღსასრული რომ დადგა, ვირთხებს უფრო ადრე მოუღო ბოლო, ვიდრე – ყვავ-ყორნებს. დაფრინავდნენ ახლა ერთი ადგილიდან მეორეზე, ქექავდნენ ფერფლს და არაფრით სურდათ იმის დაჯერება, რომ გამაძღარ დღეებს ყავლი გაუვიდა.
…ზღვის პირს ნაპირზე იჯდა ყორანი და ელოდა. ტალღებს ხშირად გამოჰქონდა ხოლმე საკვები: ხან დაჭყლეტილი ვარსკვლავი, ხან საკუთარ ბაკანში ჩაშუშული კიბორჩხალა, ხან იისფერი მედუზა… ყორანი დამშეული იყო, სისხლჩამდგარ თვალს აკვესებდა და გაბრაზებით შესცქეროდა ჭუჭყიან ქაფს – სულ არაფერი. ავი დრო დადგა ბოლოდროინდელი ხვავრიელობის შემდეგ. ყორანმა ყელი ჩაიწმინდა. ხმადაბლა დაიჩხავლა. და ამ ჩხავილში გაკრთა მივიწყებული სიტყვა სამუდამოდ გადაშენებული რასის. უცხო რასის. გემრიელის და უხვის. ახლა კი – აღარასოდეს… აღარასოდეს.
ახალი ტალღა გულგრილი შრიალით გადაევლო ნესტიან ქვიშას და უკუიქცა, როგორც – ყველა წინა. ნაპირზე დატოვა მკვდარი ფოთლების გროვა და უცნაური ნივთი, სრულიად უადგილო ამ მოსაწყენ ერთფეროვნებაში. საკვებად ვარგისს არა ჰგავდა და მაინც, ყორანი მიბაჯბაჯდა ნელა. რაღაც მოჩანდა – ღამისფერი და მბზინავი…
ძველებური მწვანე შუშის ბოთლი იყო, გაბერილი მუცლით და კორპით დალუქული. ყორანი ამ კორპს დააშტერდა ცერად ჯერ ერთი თვალით, შემდეგ – მეორით… ბოლოს ცნობისმოყვარეობამ სძლია და ჩაუნისკარტა. კიდევ. და კიდევ – უფრო ღონივრად… როცა გაქვავებული ლუქი ჩამოტეხა, საქმე წინ წაიგდო: მომპალი მერქანი იოლად დაჰყვა და დაიშალა. ერთიც დაკრა და…
დამფრთხალმა ძლივს მოასწრო განზე გახტომა. ბოთლის ტუჩიდან მოყვითალო-ყავისფერი კვამლი ამოიწვერა, ღრუბელივით დაადგა და უზარმაზარ სხეულად იქცა. შიშველი იყო, ბრინჯაოსფერი რუჯით და გიშრისფერი დალალებით.
– გისმენ და გემორჩილები! უთხრა და მისმა ყრუ ხმამ დაბდაბივით დაჰკრა მკვდარ ქვიშას.
პასუხად სიჩუმე შეეგება. მხოლოდ თალხი ტალღების შრიალი. მხოლოდ ქარის საზარელი ღმუილი.
ჯინი შეკრთა.
– სად ხარ, მბრძანებელო, რომელმაც გამათავისუფლე?! რას ინებებთ: ქალაქი დავანგრიო? თუ აგიგო სასახლე?..
ყორანი შორიდან უცქერდა ეჭვით. მიახლოება ჯერ ვერ გაებედა.
გაოგნებულმა ჯინმა გადახედა დაკვამლულ ნანგრევებს, ტყვიისფერ ზღვას, ქარით ატაცებულ ფერფლში აქა-იქ ამოჩრილ ძვლებს. შეძრწუნდა და უნებლიედ უკან გადადგა ნაბიჯი. ბოთლისკენ. მისი ფეხის დარტყმამ შეარყია გაშეშებული მიწა და ყორანმა ხმა გაიღო. ჯინმა მოიხედა.
– რას ინებებ, მბრძანებელო? – ჯინმა ფრინველთან ჩაიმუხლა. მახვილ მზერაში რაღაც განწირულობა ჩასდგომოდა.
ყორანს ბუმბული წამოეშალა. ალმაცერად მიაჩერდა. ჯინმა იცოდა, რა ედო გულში დამშეულ ფრინველს, მაგრამ მაინც უიმედოდ სცადა ბედისწერის შეცვლა.
– ეგებ, სასახლე აგიგო? – ფრთხილად ჰკითხა, – ან ქალაქს დავანგრევ…
ყორანმა ნანგრევებს მოავლო თვალი და გაიფხორა. ჯინს ოხვრა აღმოხდა. ღრმად ჩაისუნთქა და შეუდგა საქმეს…
…უმარტივესი პროტოპლაზმის უმცირესი ნაფლეთები ერწყმოდა ერთმანეთს, ხარბად შთანთქავდა და ირეოდა ულტრაიისფერი სხივების ქვეშ მოთუხთუხე, ნოყიერ ბულიონად შენივთებული. უჯრედები გაიყო, გაათასდა, ძლიერმა გადაყლაპა სუსტი და სიცოცხლე გადმოედინა ხმელეთზე, იმრავლა და მოედო ყველა კუთხე-კუნჭულს.
გიგანტური ხვლიკები დაძრწოდნენ ვეება გვიმრებს შორის, ყინულის საფარმა დაფარა პლანეტა, პირველმა მაიმუნმა ხელი სტაცა ჯოხს და… საბრძოლო ეტლებიდან ისრების წვიმა დააყარეს უკუქცეულ ბარბაროსებს… დაეცა რომი და იწვოდა დრეზდენი… პირველმა ბირთვულმა სოკომ იფეთქა საიდუმლო ალაგს და მოკაკული თითი უკვე დაადეს ალისფერ ღილაკს.
ჯინი წელში მოიკეცა და ბოთლში ჩაძვრა.
…მკვდარი თალხი ტალღები თავს ევლებოდნენ მკვდარ, გამოღრღნილ ქვიშას და უკან გარბოდნენ ისევ, მდორედ, როგორც ქანქარა. დუჟმომდგარ ზღვას უძირო ხახა დაეფჩინა და ღრუბლებად აქოჩრილ ზეცას კოცნიდა სადღაც შორს, ჰორიზონტზე. ატმოსფერო დაღარული იყო და ორმოებად გაბნეული მორევი ელოდა ქარიშხალს.
ფხვიერ ქვიშაზე გაწოლილიყო ძველებური მწვანე შუშის ბოთლი, გაბერილი მუცლით და კორპით დალუქული. ყორანმა ზიზღით გაჰკრა ფრთა და კოჭლობით გაჰყვა ზღვის ნაპირს. ხანდახან ჩერდებოდა და ნისკარტით გლეჯდა ქვიშაში ჩაფლულ ლეშს. საჭმელი თავზე საყრელად იყო. ყორანს გული სავსე ჰქონდა.
ტალღამ ფრთხილად მოხვია ხელი ბოთლს, აიტაცა და ზღვაში წაიღო. შორს. მდუმარე ნაპირიდან სულ უფრო შორს. ყორანმა ზურგი აქცია. არც შეუხედავს. ყელი ჩაიწმინდა და ხმადაბლა დაიყრანტალა. და ამ ყრანტალში გაკრთა მივიწყებული სიტყვა სამუდამოდ გადაშენებული რასის.
აღარასდროს.
აღარასდროს.
NEVERMORE.
©H. L. Oldie – Nevermore. Сказки дедушки-вампира, 1993
©LV (ქართული თარგმანი, 2022)
©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___
ავტორების შესახებ:
ჰენრი ლაიონ ოლდი (H. L. Oldie) ორი უკრაინელი მწერლის, დმიტრო გრომოვის (Дмитро Громов) და ოლეგ ლადიჟენსკის (Олег Ладиженський) ფსევდონიმია. მუშაობენ ფენტეზის და საიფაის ჟანრში. წერენ რუსულად. ჟანრში მომუშავე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტორთა დუოა მათ სამშობლოში. ბევრი ჯილდო აქვთ, მათ შორის და არაერთგზის – წლის საუკეთესო რომანის. Nevermore რამდენიმე ჯილდოზე იყო ნომინირებული (რომელთა შორის არის ბორის სტრუგაცკის ხელდასხმით დაფუძნებული პრემია „ბრინჯაოს ლოკოკინა“).
Слава Україні! Героям слава!