ვოლოდიმირ არენევი (ვოლოდიმირ პუზიი)
(მოგზაურის წიგნაკიდან)
დედაქალაქს ვუახლოვდებოდით, როდესაც “ყველა ბუდას გზაჯვარედინთან” რაღაცამ ჭახანი გაადინა, ეტლი, თითქოს, ჩაეფლო და გაჩერდა. ჩიტივით მფრინავი „ტროიკა“[1] დადგა და ყელზე შებმული ეჟვნები დაარისხა. მეეტლე რაღაცას ხლაფორთობდა, თან ვიღაცას თუ რაღაცას ძვირი სიტყვით ამკობდა. ბოლოს კარი გამოაღო და: „ცოტა ხანს შევისვენოთო“.
უკანა თვლის ღერძი გამტყდარიყო. უკვდავების წყალი კი ჰქონდათ საპკურებლად, მაგრამ ნახევარი საათი მაინც დასჭირდებოდა, სანამ გამრთელდებოდა და ერთი მაგდენი კიდევ, სანამ გასხლავდნენ – უკვდავების წყალმა ასე იცის, მოჭრილ მორს თუ მოასხამ, გააცოცხლებს და შეფოთლავს ხოლმე.
კარის გრძნეულმა, რომელიც ჩვენთან ერთად მგზავრობდა, შემოგვთავაზა: თუ ინებებთ, ჩემსას ვცდი, ეგებ, უფრო სწრაფად ვუშველოო. გვთხოვა, მოშორებით დავმდგარიყავით და საქმეს შეუდგა.
მოვიწყინეთ. ტყიდან პატარა სირაჯხანა გამობაჯბაჯდა (ერთი ფეხი ქათმისა ჰქონდა, მეორე კი – დათვის) და, დროის მოსაკლავად, თავი შევაფარეთ. სარდაფიდან დიასახლისი ამობრძანდა, თმა შეისწორა და ასე გვითხრა – მომავალი თვითმავალი შენობებისააო. თან მესამე წინასწარმეტყველი დაიმოწმა: „თუ სირაჯხანა არ მივა მუშტართან, მიწაზე დაენარცხოს და მტვრად იქცეს“. არა-უშავს-რა ლუდი ჰქონდა. მარილიანი მიწის თხილი კი – შენ პირი დააფჩინე და თავად ხტებოდა შიგნით – თითქმის ყოველთვის ზუსტად ახერხებდა.
– გახედეთ, ჩვენი ღირსშესანიშნაობა, – სტუმრების სულიერ დაპურებაზეც ზრუნავდა სირაჯი, – იმ ხავსმოკიდებულ ლოდს ხომ ხედავთ, გზის განაპირას. ამბობენ, სამყაროს შექმნის დღიდან აქ დაუდია ბინა. ისეთი რამ მინახავს, ბევრი ჯადოქარიც ვერ დაიკვეხნის – ყოველ ექვს თვეში ერთხელ მოფრინდებიან პეპლები. უცაბედად. ყველა კუთხიდან. არვინ იცის – რატომ. თუ უამინდობაა – გზა მრავალი კვდება, მაგრამ მაინც არ იშლიან. ამ ლოდს დასტრიალებენ.
მართლაც, ლოდს პეპლები ეხვია. მეტი და მეტი მოდიოდა. სანამ ლუდს ვწრუპავდით, მთლიანად დაფარეს ქვის მომწვანო, ხავერდისებრი გვერდები. გამოგიტყდებით, იშვიათი სანახაობის მომსწრენი გავხდით.
ამასობაში ჩვენმა ჯადოქარმა საქმე დაასრულა და გვიხმო. ეტლი გაემართა და დრო იყო, გზა გაგვეგრძელებინა. ბოლოჯერ გავხედე ლოდს და რაღაც უცნაურ ამბავს ვკიდე თვალი – გრძნეულმა პირი ქვისკენ ქნა. დაიხარა, თავი დაუკრა. პეპლები წამოიშალნენ, როგორც ჭრელი ფარდაგი…
…ლოდი გამქრალიყო.
ერთ-ერთმა მგზავრმა აღფრთოვანება არ დამალა ჯადოქრის ოსტატობით მოხიბლულმა. გრძნეულმა მხრები აიწურა.
– მერწმუნეთ, არაფერ შუაში ვარ.
– აბა რა მოხდა, შეგიძლიათ, აგვიხსნათ?
– ყური მიგდეთ, დიდი ხანია ვაკვირდები. ხშირად დავდივარ ამ გზაზე. ეს ქვა იმდენად ძველია, რომ გონის მსგავსი რამ შეიძინა. ფიქრები და გრძნობები დაეხვია, მათზე ადრე კი – ზმანებები. ხანგრძლივი, საუკუნეებს შორის გადებული სიზმრები ჰქონდა, სადაც ის იყო ფარვანა, მაგრამ სრულდებოდა სიზმარი და ის კვლავ უბრალოდ ქვა იყო. დაიძინებდა და ისევ ფარვანა იყო. ფრენის წადილით ივსებოდა. სურნელსაც კი აფრქვევდა ძილში. იმდენად ძლიერს, რომ ყველა კუთხე-კუნჭულიდან იზიდავდა პეპლებს… დღეს კი უნებლიე მოწმენი გავხდით, როგორ შეძლო ლოდმა, გაიღვიძა ფარვანად და გაშალა ფრთები.
ეტლი დაიძრა. სულ უფრო ვშორდებოდით იმ ადგილს და მე ვფიქრობდი: ვინ იპოვის ახლა ამდენ პეპელას შორის ერთადერთ ფარვანას. რამდენიმე დღეში კი მისი ახალი მოკლე სიცოცხლეც გასრულდება. დატოვებს, ალბათ, შთამომავლობას – ას თუ ორას დაკლაკნილ მატლს, რომლებიც უცნაურ სიზმრებს ნახავენ: ვითომ, ბებერი ლოდები არიან, სიბრძნითა და მშვიდობით სავსე.
ვფიქრობდი ასე და გული ამევსო დარდით: ნეტავ, პეპლებსაც ხომ არ მოერევათ ხოლმე ძილი ფრენის დროს?!..
©Володимир Арєнєв – Спят ли бабочки на лету. Реальность фантастики, 08.2004
©LV (ქართული თარგმანი)
©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___
(1)ნიკოლაი გოგოლის “მკვდარი სულების” ალუზია: “ეეჰ, ტროიკა! ჩიტივით მფრინავო ტროიკა, ნეტა ვინ გამოგიგონა?” (დავით კასრაძის თარგმანი)
ისე, უკრაინულად მიკოლა ჰოჰოლია.
___
ავტორის შესახებ:
ვოლოდიმირ არენევი (Володимир Арєнєв) უკრაინელი მწერლის, ვოლოდიმირ პუზიის (Володимир Пузій) ფსევდონიმია. წერს უკრაინულად და რუსულად – ფენტეზის, ზღაპრებს, საიფაის. პოპულარული საბავშვო მწერალი და სცენარისტია. არის რამდენიმე პრემიის ლაურეატი, მათ შორის – თემატური: FantLab-ის 2012 წლის საუკეთესო ონლაინ გამოცემა – რომანისთვის „დუშნიცა“ (Душниця), ორი “ეუროკონი” (Eurocon – ევროპის საიფაი საზოგადოების პრემია) „იმედისმომცემი დებიუტისთვის“ (2004) და „საბავშვო საიფაი და ფენტეზის საუკეთესო ავტორს“ რომანისთვის „დუშნიცა“ (2014), ხარკოვის საიფაი ფესტივალის გრან-პრი 2003 და 2011 წლებში, EBRD და უკრაინული BBC-ს პრემია 2019 წლის საუკეთესო საბავშვო წიგნისთვის – რომანი „საპიენსი“ (Сапієнси).
*
მთარგმნელის კომენტარი:
დღეს აქ სხვა ავტორის სხვა ნაწარმოები უნდა ამეტვირთა, მაგრამ რამე უკრაინულის თარგმნა მომინდა. რაკი, უკრაინულ ფანტასტიკას არ ვიცნობ (მაქს ფრაის გარდა, თუმცა, უკრაინელი რომ იყო, ახლა აღმოვაჩინე ეგ ამბავი) და უკრაინელი მწერლებიდან გოგოლის და შევჩენკოს აქეთ ცოტა მაქვს წაკითხული, მეგობართან მოვიკითხე. რამდენიმე ავტორი დამისახელა. მოვძებნე, გადავხედე (უკრაინული არ ვიცი, ამიტომ ნაცნობ ენაზეც უნდა ყოფილიყო). ცოტა ნაუცბათევი ამბავი გამოვიდა, ამიტომ მცირე ფორმატისა შევარჩიე. ამავე ავტორის სხვა, უფრო ვრცელ მოთხრობას მოგვიანებით დავდებ.
Слава Україні! Героям слава!