ბიჭის საუკეთესო მეგობარი

აიზექ აზიმოვი

– ჯიმი სად არის, ძვირფასო? – ჰკითხა ბატონმა ანდერსონმა.

– კრატერზე, – უპასუხა ქალბატონმა ანდერსონმა, – სხვაგან სად უნდა იყოს. და რობატიც მასთანაა… რა ქნა, ჩამოვიდა?

– კი, კოსმოსურ სადგურზეა. აუცილებელ შემოწმებას უტარებენ. მეც ძლივს ვითმენ, 15 წელია ერთიც არ მინახავს. მას შემდეგ, რაც დედამიწა დავტოვეთ. ეკრანზე – სათვალავში არაა.

– ჯიმის კი არც არასდროს უნახავს, ​​– უთხრა ქალბატონმა ანდერსონმა.

– ჯიმი მთვარეზე დაიბადა და დედამიწაზე ხომ ვერ ჩავა. ამიტომ ის ჩამოვიყვანე აქეთ… მგონი, პირველი იქნება მთვარეზე.

– კარგი ფასიც ღირდა, – თქვა ქალბატონმა ანდერსონმა და ოდნავ ამოიოხრა კიდეც.

– არც რობატის შენარჩუნებაა იაფი, – უთხრა ბატონმა ანდერსონმა.

ჯიმი მართლაც კრატერზე თამაშობდა, როგორც დედამ უთხრა მამას. 10 წლის კვალობაზე მაღალი და გამხდარი ბავშვი იყო – ეს, დედამიწელის თვალით თუ შევხედავთ. გრძელი და თხელი კიდურები ჰქონდა, თუმცა, სკაფანდრში უფრო ტანსრული და ჯმუხი ჩანდა. მაგიერ, მთვარის გრავიტაციაში ისე კოხტად გრძნობდა თავს, როგორც ვერც ერთი დედამიწელი. ამიტომ, მამა ვერც ეწეოდა, როცა ჯიმი ხტოდა, როგორც პატარა კენგურუ.
დედამიწა ჩანდა დაბლა, სამხრეთის ცაზე (მთვარის ქალაქიდან თუ უყურებ, ყოველთვის ასეა) სავსე და ისეთი გაბადრული, რომ მისი შუქი ანათებდა კრატერის თავზე ცერად აღმართულ კედელს.
სკაფანდრის წონა ჯიმისთვის იყო, როგორც ბუმბული. კრავდა მალაყებს, თითქოს მიზიდულობის კანონი არც არსებობდეს.

– მოდი ჩემთან, რობატ! – დაიყვირა.
რობატი, რომელმაც ბიჭის ხმა რადიოთი გაიგონა, წკმუტუნით გაეპასუხა და აედევნა უკან.
ჯიმი, თუმცა კი მთვარეზე ხტომის დიდოსტატი იყო, ვერ სჯობნიდა რობატს, ვისაც ოთხი თათი და ფოლადის მყესები ჰქონდა, თან არც დამცავი კურტაკი სჭირდებოდა. დაკრა თათები, შეკრა კამარა, გადააფრინდა თავზე ჯიმის და, ლამის, ფეხებში ჩაუგორდა.
– ნუ მატრაკვეცობ, რობატ, – უთხრა ჯიმიმ, – და ახლოს იყავ, რომ გხედავდე.
რობატმა დაიწკმუვლა, რაც ნიშნავდა, „გავიგეო“.
– არ მჯერა შენი, ოინბაზო – თვალს მოგაცილებ თუარა, იმავეს გააკეთებ, – გაიცინა ჯიმიმ, ბოლო ნახტომით კრატერის კედელს გადაევლო, როგორც თამასას და ბნელ ფერდზე დაეშვა.

დედამიწას კრატერის კედელი ეფარებოდა ახლა, ამიტომ უკუნეთი სიბნელე იყო. საამო და მეგობრული სიბნელე. ცა და მიწა ერთი ფერის ჩანდა აქედან, მხოლოდ ვარსკვლავების კიაფით განასხვავებდი.

კრატერის ბნელ მხარეს თამაშის ნება ჯიმის არ ჰქონდა. უფროსები უშლიდნენ. ამბობდნენ, რომ ეს საშიში იყო, რაკი თავად არასდროს ყოფილან აქ. მაგრამ ჯიმიმ უკვე ყველა კლდის ზუსტი მდებარეობა იცოდა. მიწა იყო ფხვიერი და სიარულისას ხრაშუნი გაუდიოდა.

თქვენ მითხარით, აბა, რა არის საშიში სიბნელეში, როცა რობატი გვერდიდან არ სცილდება, ფეხებში ედება, ცქმუტავს და თვალებს აკვესებს? თან, რობატს შუქიც არ სჭირდება, რადარის საშუალებით ყოველთვის იცის, სად არის ჯიმი და სად არის თავად.

აი, ახლაც თავს კრავს ნაზად, თუკი ჯიმი კლდეს უახლოვდება, თათებით ახტება, რომ უჩვენოს, როგორ უყვარს, თავს იკატუნებს, ვითომ ვერა ხედავს, როცა ჯიმი ბორცვებს უკან იმალება, გამალებით ეძებს წკმუტუნით, თუმცა კი მშვენივრად იცის, სად არის ჯიმი. რობატის რადარს ვერ დაემალები.

ერთხელ ჯიმიმ გამოცადა, დაეცა და ვითომ ფეხი იღრძო. რობატმა განგაში ატეხა, აცნობა მთვარის ქალაქს და იქედან სასწრაფოდ მოვიდნენ მაშველები. მამამ შემდეგ ყველაფერი უთხრა, რასაც ფიქრობდა ამ უწყინარ ხუმრობაზე. და ჯიმის ასეთი რამ აღარასოდეს გაუმეორებია.

სწორედ ეს ამბავი მოაგონდა ახლა, როცა მამის ხმა შემოესმა რაციით:

– ჯიმი, დაბრუნდი, რაღაც უნდა გითხრა.

ჯიმი სკაფანდრიდან ამოძვრა. ტანიც დაიბანა. გარედან როცა შემოდიხარ, ყოველთვის უნდა დაიბანო. ეს წესი რობატსაც ეხება, თუმცა, მას უყვარს, როცა ასუფთავებენ. დგას ახლა კმაყოფილი, ოთხივე თათზე, არხევს ტანს და თვალები უციმციმებს. რობატს აქვს მოგრძო ტანი და პატარა თავი. კიდევ აქვს დრუნჩი, თუმცა პირს ვერ აღებს და კინკრიხო აქვს იმ ადგილას, სადაც ტვინია. ელვარე თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებს და წკმუტუნებს. მაგრამ ქალბატონმა ანდერსონმა ასე უთხრა: „გეყოფა რობატ!“, ისიც გაჩუმდა.

ბატონმა ანდერსონმა თქვა ღიმილით:

– რაღაც გვაქვს შენთვის, ჯიმი. ჯერ კოსმოსურ სადგურზეა, მაგრამ ხვალ უკვე აქ გვეყოლება, როგორც კი ყველა აუცილებელ შემოწმებას გაივლის… ვიფიქრე, დღესვე ვეტყვი-მეთქი.

– დედამიწიდან? – ჰკითხა ჯიმიმ.

– კი, შვილო, დედამიწიდან… ძაღლი. ნამდვილი ძაღლი. შოტლანდიური ტერიერის ლეკვი. პირველი ძაღლი მთვარეზე. რობატის სანაცვლოდ. ის აღარ დაგჭირდება… ორივეს აქ ვერც გავაჩერებთ. ვინმეს ვაჩუქოთ. სხვა ბიჭს ან – გოგოს… – დაელოდა, თითქოს ელოდა ჯიმის პასუხს, შემდეგ ჰკითხა, – ძაღლი ხომ იცი, ჯიმი? ნამდვილი ძაღლი. რობატი მხოლოდ მექანიკური იმიტაციაა, ძაღლი-რობოტი… ის კი ნამდვილია.

ჯიმიმ კოპები შეკრა.

– რობატი იმიტაცია არ არის, მამა, ის ჩემი ძაღლია.

– არა, ჯიმი. რობატი ძაღლი ვერ იქნება. მხოლოდ ფოლადის კარკასი, მავთულები, სქემები და პოზიტრონიული პროცესორია. ის ცოცხალი არ არის.

– მას ჩემი ესმის, ყველაფერს აკეთებს, რასაც ვეტყვი… რა თქმა უნდა, ცოცხალია!

– არა, შვილო. უბრალოდ მექანიზმია. დაპროგრამებული, რომ ისე მოიქცეს, როგორც იქცევა. ძაღლი კი ცოცხალია. აი, ნახავ – რობატთან თამაში აღარც მოგინდება, როდესაც ძაღლს ნახავ.

– ძაღლს სკაფანდრი დასჭირდება, არა? – ჰკითხა ჯიმიმ.

– კი, რა თქმა უნდა. მაგრამ საგანგებოდ შევუძინეთ და იოლად შეეგუება. ქალაქში არც დასჭირდება… რომ მოვიყვანთ, ნახავ, ცოცხალი ძაღლი სულ სხვაა, ჯიმი.

ჯიმიმ რობატს გახედა, რომელიც დამფრთხალი ჩანდა. თრთოდა. და ჩუმად, ძალიან ხმადაბლა კვნესოდა.

ჯიმიმ ხელები გაშალა. რობატმა დაინახა, ისკუპა და წამში მის მკლავებში აღმოჩნდა.

– რა განსხვავება იქნება რობატსა და იმ ძაღლს შორის? – ჰკითხა ჯიმიმ.

– ასე ორი სიტყვით როგორ გითხრა, – თქვა ჩაფიქრებით ბატონმა ანდერსონმა, – მაგრამ რომ მოვიყვანთ, თავად დაინახავ. რობატი პროგრამის მიხედვით იქცევა ისე, თითქოს უყვარხარ, ძაღლს კი გულწრფელად ეყვარები.

– რა ვიცით, რა უდევს ძაღლს გულში? რა გრძნობებს მალავს? ეგებ, ისიც მსახიობობს?

ახლა ბატონმა ანდერსონმა შეკრა კოპები.

– განსხვავებას თავად ნახავ, ჯიმი, როგორც კი ცოცხალი არსების სიყვარულს იგრძნობ.

ჯიმიმ კიდევ უფრო მაგრად მოჰხვია ხელები რობატს. ისე იცქირებოდა, ჩანდა, აზრს ვერვინ შეაცვლევინებდა.

– რა მნიშვნელობა აქვს, ის როგორ მოიქცევა? ჩემს გრძნობებს, რატომ არ კითხულობთ? მე მიყვარს რობატი – სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი.

და პატარა რობოტი-ძაღლი, რომელიც იმ დღემდე არვის არასდროს ჩაეკრა გულში, ბიჭის მკლავებში აწკმუტუნდა.

ბედნიერებისგან.

©Isaac Asimov – A Boy’s Best Friend. Boys’ Life, March 1975
©LV (ქართული თარგმანი, 2022)

Creative Commons License©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: