კატა ალთა ბალთა

მაიქლ ქედნამი

– დავიჭირე, ბობი, კატა დავიჭირე! – შესძახა მელოტმა ოტროველამ და ტომარაში გამომწყვდეული ჩემი სხეული საბარგულში შეაგდო.

– გამოძვრება, – უთხრა დამჭლევებულმა კაცმა, სახელად ბობიმ, თან გასაღები გადაატრიალა და პიკაპის ძრავა ჩართო, – შეხედე, ნიქ, – სათვალის ზემოდან გადმოხედა, – კვანძი თითქმის მოირღვა.

მართლაც, ნაქსოვ ტომარას პირი უხეიროდ ჰქონდა მოკრული, რაც შეუმჩნეველი არ დამრჩენია და იმ ძირძველი უნარის გამოყენება ვცადე, რაც გველგესლებისგან თავის დასაღწევადაც არაერთხელ გამომდგომია. ნილოსის ნაპირზე. ოთხი ათასი წლის წინ. წელში დავიძაგრე, კლანჭი გამოვდე და ის იყო ნაჭრის დილეგიდან თავი უნდა დამეღწია, რომ კვლავ ბობის ხმა შემომესმა.

– ერთი კარგად დრუზე! რას ელოლიავები!

თვალწინ წარმომიდგა, როგორ აფათურებდა ხელს ქანჩის ან დომკრატის მოსაძებნად, ამ დავალების შესასრულებლად რომ გამოადგებოდა.

იოლი ლუკმა არ გეგონოთ – მე ხომ ღვთაებრივი არსება ვარ, საუკუნეები გამოვიარე. ალექსანდრიაში თაყვანს მცემდნენ კარგა ხნით ადრე, ვიდრე კეისარმა რუბიკონთან წილი ყარა და რომში მადიდებდნენ მანამ, სანამ პირველი პაპი აღავლენდა ლოცვას.

უკვდავი კი ვარ, მაგრამ ტკივილით მეც მტკივა – ბობის ხელში დიდი შავი ქანჩის დანახვაზე გავისუსე და თავი მოვიმკვდარუნე.

– ახლა ღვედით შევკრავ, თორემ წინა ჯერზე ტანკმა ნახევარ წამში გაგლიჯა კატა.

თქვა ნიქმა და ეს ამბავი სულაც არ მომეწონა.

ტანკი, ალბათ, მათი თანამშრომელი ან თანამოაზრე იყო, მაგრამ გამორჩეულად მაინც „ნახევარ წამში გაგლიჯა“ მომხვდა ყურში.

რაც თავი მახსოვს, სულ ვმოგზაურობ. რაჟამს ძველი ეგვიპტის ქვიშიან სანაპიროზე დავსკუპდი ოთხივ თათით, მას მერე მსოფლიოს გარშემო დავეხეტები. ამერიკის ჩრდილოეთ სანაპიროს 1906 წელს ვსტუმრობდი ბოლოს და სან ფრანცისქოს მიწისძვრით დაფეთებული კარუზოც მახსოვს. მას შემდეგ აქ არ ვყოფილვარ და აი, ახლა, როცა ჩამავალი მზის სხივებში გახვეული ოქროს კარიბჭით ვტკბებოდი, ორმა ადგილობრივმა მუტრუკმა მტაცა ხელი, როგორც ერთ რიგით კატას.

ასე აღმოვჩნდი მათი ავტომობილში. ვუგდებდი ყურს და ვხვდებოდი, რომ კარგს არაფერს მიპირებდნენ.

რაღაც საზარელსა და – დაუნდობელს.

მათი ნალაპარაკევიდან გავიგე, რომ საბრძოლო ძაღლი ჰყავდათ, სახელად ტანკი. ჭერში ჩამოკიდულ ტომარაში დატყვევებულ კატებზე დაგეშილი, სისხლის გემო რომ გაეგო. არ ვიცი, რამდენი უპატრონო და უბრალო კატა შეეწირა ამ სისხლიან გართობას, მაგრამ მუშათა კლასის ეს ორი წევრიც ისეთივე გულქვა იყო და მოძალადე, როგორც ბრბო, ვისაც საფრანგეთის რევოლუციის დროს დავუსხლტი ხელიდან. პიკაპი ავტოფარეხის კარის წინ შეჩერდა და საბრძოლველად მოვემზადე. მე ვიზრუნებ, ამიერიდან ვერავის ვერაფერი დაუშავონ.

გეგმა მქონდა. ეს ორი ისე უნდა გადავკიდო ერთმანეთს, რომ თავ-ყბა გაუერთიანონ.

– ჩვენს ძაღლზე მეტი ჭკუა არც შენა გაქვს, ნიქ, – ვთქვი და ბობივით გავწელე ხმოვნები.

– რაო? – ჰკითხა ნიქმა და ქანჩი საბარგულზე დააგდო.

– ძაღლს მაგონებ-მეთქი, – ვუთხარი ბობის ხმით, სანამ ნამდვილმა ბობმა გაოცებისგან დააფჩინა პირი და თვალები გადმოკარკლა.

– ალაოდ ხომ არ ხარ? – ჩაიბურდღუნა ნიკმა.

მივხვდი, ხმის მიბაძვის გარდა, სიტყვებიც უკეთ უნდა შემერჩია.

– ძაღლიშვილი ხარ, – ვუთხარი და ვცადე, ყველა ის ლანძღვა გამეხსენებინა, რომლისთვის პორტში მენავეებთან მომეკრა ყური, – ძუკნის შვილი!

– რა თქვი?! – ნიქი მშვიდი ჩანდა, თუმცა ძარღვები დაეჭიმა და მელოტ თავზე ოფლის წვეთებმა გამოაყარა.

– ძუკნის შვილი ხარ-მეთქი! – ვუთხარი, სანამ ნამდვილი ბობი მოვიდა გონს და შესძახა:

– არაფერი მითქვამს!

– ძუკნის შვილი ხარ, ნიქ! – არ ვაცალე. რაღაც ისეთი უნდა მეთქვა, რაც ტვინს აუმღვრევდა. დრო იყო, მუშტები მოეღერებინა, – ქუჩაში ნათრევი ძუკნის ნაბიჭვარი.

ამან გაჭრა.

ნიქის ხელმა ერთბაშად გაიშხუილა ჰაერში და ბობის სახეს დაეტაკა. ბობს სათვალე მოსძვრა, თავად კი შეტორტმანდა და ავტომობილის სავარძლიდან ძირს მოადინა ზღართანი.

დრო ვიხელთე და თითქმის დავიხსენი თავი, თუმცა კლანჭებით ტომრის ნაჭერში გავიბლანდე.

ავტოფარეხის ღია კარიდან პიტბულის ყეფის ხმა გამოდიოდა. ნიქმა გვერდი აუქცია, შენობაში შევიდა და ბნელ კუთხეში ლითონის ყუთში დაიწყო ქექვა. იპოვა რაც უნდოდა – პისტოლეტი.

ბობი უკვე ფეხზე წამომდგარიყო. იდგა და უშვერი სიტყვებით ილანძღებოდა. ღმერთმანი, ჩემი დახმარებაც არ დასჭირვებია. აშკარა იყო, სიტყვების ჩემებრ დახვეწილ მარაგს ვერა ფლობდა და სულ ერთსა და იმავე ბოგანო სიტყვებს გაიძახოდა.

შევიდა ავტოფარეხში, გატეხილი სათვალე მოისროლა და მჯიღი ყბაში მოსდო ნიქს.

იმან პასუხად იარაღი მოიმარჯვა და უთხრა:

– ტყვიები აღარ მაქვს, თორემ მოგკლავდი, ბობი… როცა იარაღის მაღაზიიდან დავბრუნდები, გიჯობს, აქ აღარ დამხვდე.

გავიდა გარეთ და დაუყვა ქუჩას. ბობიც გამოვიდა. საჭეს მიუჯდა და ავტომობილი დაძრა. სიჩქარე აკრიფა და ისე გააქროლა, თითქოს, სათვალეც არ სჭირდებაო. როდესაც თვალს მიეფარნენ, ტომრიდან ამოვძვერი და გემრიელად გავიზმორე.

ძაღლი მთლად გაგიჟდა. ყეფდა, მიღრენდა. ჯაჭვზე იყო და თავიდან არად ჩავაგდე, მაგრამ, ბოლოს, ისეთი გაიწია, რომ ეკლიანი საყელური მოსწყდა და აიშვა. ჩემდა საუბედუროდ, მეტისმეტად მკვირცხლი ჩანდა.

ცხადია, ძაღლის ენაც ვიცი. ძველ თუ ახალ ელინურზე ნაკლებ კი არა ვფლობ. ისეთ საუბარს გავაბამ, ნებისმიერი მწევრისა თუ ქოფაკის მოსაწონს. მაგრამ ამ მხეცმა, კუნთებისა და ეშვების გროვამ და მისმა სისწრაფემ, მასლაათის დრო არ მომცა.

ჩამაფრინდა ქეჩოში და ისე დამანჯღრია აქეთ-იქეთ, უთუოდ დამმართებდა რაღაცას, რომარა საბრძოლო ხელოვნების ილეთები, ერთმა ოსტატმა რომ შემასწავლა კიოტოში. ეს იყო მრავალი წლის წინ. იმ დროს, როდესაც ჰაიკუს ხელოვნება სრულყოფილების კაბადონს მხოლოდ ის-ის იყო შეეთამაშა.

ცივ ვარსკვლავებქვეშ
თბილია ჩემი მეზობლის
ლეკვის ენა.

ეს ლექსი ამოვთქვი, როდესაც ძაღლს ოდნავ დაღლილობა შეეტყო. მარცვალთა რაოდენობას ვეღარ გამოვეკიდე და „მეზობელიც“ მეტისმეტად თავისუფალი ნათქვამი იყო, მაგრამ პოეტს ეპატიება, მითუფრო, გარემოებათა გათვალისწინებით. პიტბული ტანკი მეტისმეტად ფერხორციანი ლეკვი აღმოჩნდა, აღსავსე უსაზღვრო, მაგრამ ბრმა სისასტიკით.

– მოთოკე შენი მრისხანება, ძვირფასო მეგობარო, – ვუთხარი ოდნავ არქაულ, თუმცა გამართულ ძაღლურზე. თან, შევეცადე, ხმის კანკალი მომეთოკა, – არც ნადავლი ვარ და არც – ბატონი.

ჩემი ძაღლური დროთა ჟანგით დაფარულიყო, მაგრამ ტანკმა გამიგო – გაოგნებულმა კრიჭა გახსნა და თავი დავიხსენი

სიამოვნებით გავიზმორე ისევ ზურგზე ბალანაჯაგრულმა, უფრო დიდი რომ მოვჩვენებოდი. დავუსისინე მრისხანებით, როგორც ღვთაებამ და როგორც – კატამ.

მაგრამ ტანკი, მეტისმეტად ბრიყვი და მარცხში გამოუცდელი, მეძგერა ისევ. სველ და დუჟმომდგარ დრუნჩში გავკლანჭე, უკან რომ დაეხია.

აწკმუტუნდა და მიიკუნტა, იმაზე სწრაფად, ვიდრე მე ვიჯერებდი გულს. ერთი-ორი მკვახე სიტყვა კიდევ შევუყეფე და ბოლოჯერ დავუსვი კლანჭები დინგზე, კატისებრი არსებისთვის რამის დაშავება რომ სამუდამოდ ამოეგდო თავიდან.

ის იყო ძაღლთან ურთიერთობა დავასრულე, რომ ავტოფარეხის გვერდითი კარი შემოაღო ვიღაც ქალმა და “რა გჭირს, ტანკი?” ჰკითხა ენის ბრიყვული მოჩლექით, როგორც ადამიანები ხშირად ელაპარაკებიან ხოლმე ცხოველებს.

ძაღლს მისთვის არ ეცალა, თრთოდა ილაჯგამოცლილი, მაგრამ მე უკვე საკმაოდ მხნედ ვგრძნობდი თავს და ამაყად აპრეხილი კუდით შევეგებე.

– ჩემო კეთილო ახალგაზრდა ქალბატონო, მეტისმეტად ხომ არ შეგაწუხებთ, თუ მცირე საკვებს გთხოვთ ძალის აღსადგენად?

– ვინ არის აქ? – შეკრთა.

ციცერონმა ტანმორჩილი ლომი შემარქვა, კარლოს დიდმა კი – ხალებდაყრილი ლეოპარდი, – ვუთხარი ტკბილი კრუტუნით, – დამიძახე, რაც გაგეხარდება, ჩემო ძვირფასო ქალბატონო, თუ რამ სასუსნავს გამომიტან.

ადამიანებთან ურთიერთობაში ფრიად დახელოვნებული ვარ, მითუფრო ხომ ქალთა მოდგმასთან, მაგრამ ეს ვინმე უხმოდ, ფართოდ გახელილი თვალებით მომჩერებოდა. ბოლოს მიტრიალდა და სახლში შებრუნდა.

ღიად დარჩენილი კარიდან სინათლე შემოდიოდა. ათინათს ავედევნე, ოთახში შევყევი და სასიამოვნო თემებზე გავუბი საუბარი, მან კი რაღაც საგნების სროლა დაიწყო. ხელების ქნევა და ყვირილი მორთო. ტელეფონს დასწვდა და „მიშველეთ, პუმა შემოიპარაო“ რომ აკივლდა, მივხვდი, რატომ ამბობენ, რომ შიშს დიდი თვალები აქვს.

– მტაცებელი არ ვარ, ძვირფასო ქალბატონო, – ვცადე მისი დამშვიდება, – აქაური საერთოდ არ გახლავართ, მე ვარ უკვდავი არსება წარმართული წარსულიდან, – ასე ვუთხარი და დავამატე, – მზადა ვარ ვიქცე შენს მიჯნურად, რაოდენ უცხოდაც არ უნდა ვჩანდე.

აღარ დავწერ აქ, რა ქებაი და დიდებაი აღვავლინე მისი სილამაზის მიმართ, როგორ ამაოდ დავშვრი, რაკი ჩემს მჭევრმეტყველებას მხოლოდ ყვირილი შეაგება. შემდეგ ტელეფონი მესროლა და სტაცა ხელი სკამს, რომელიც ფარად ჩადგა ჩემს ტკბილად მოუბარ ენასა და მის აჭარხლებულ სახეს შორის, სულ უფრო ნაკლებ მიმზიდველი რომ მეჩვენებოდა. სკამის ოთხივ ფეხი შუბივით მომიშვირა.

ამ დროს იყო, ნიქი რომ გამოჩნდა. ოფლის სუნით ყარდა, ილანძღებოდა და დიდი პისტოლეტი ეჭირა ხელში. ვიგრძენი, რომ ცოტა არ იყოს, თავიც მომაბეზრეს.

ქალმა სკამი გვერდით მოისროლა, ნიქს მიაჩერდა, თითი ჩემკენ გამოეშვირა და დაიყვირა:

– მოლაპარაკე კატაა!!!

– რა ხდება, მერი ჯეინ, რა გჭირს? – ჰკითხა ნიქმა თან დაბნეული ახამხამებდა თვალებს.

– ის ლაპარაკობს! – უთხრა მერი ჯეინმა.

ნიქს გაშლილ ხელისგულზე ედო პისტოლეტი და მეორე ხელს აფარებდა ზემოდან ფრთხილად, თითქოს, ეშინოდა, არ გაეტეხა. მისი გამოხედვა – კაცის, რომელმაც ეს-ეს არის გადატენა იარაღი, ჩახმახი შეაყენა და ახლა ფიქრობს, გაისროლოს თუ არა, კარგად მეცნო. ფიცხი ვინმე ჩანდა, მაგრამ გონება მთლად არ დაბნელებოდა.

ერთი მშვენიერი საღამოსთვის უკვე საკმარისად ბევრი ძალადობა ვნახე, თან, დარწმუნებული არ ვიყავი, როგორ გადაიტანდა ჩემი სხეული 45 მილიმეტრიან, თუ რა კალიბრიც იყო, ტყვიას. სიტყვა შევაწიე:

– ბობის ბრალია, მისი ახირება იყო.

ჩემი ინგლისური კეთილხმოვანია, როგორც ეგვიპტელი მერიქიფესი. ამიტომ, ალბათ, ნიქს ჩემი გაგება გაუჭირდა და ნათქვამის ხელახლა განმარტება მომიწია.

– რაო ბობიმ? – მკითხა.

– იქეც კატად და დაამყარე ხორციელი კავშირი მერი ჯეინთან, მითხრა ბობიმ, – ვუთხარი და შევეცადე ამერიკული გარეუბნის კილოკავი გამეხსენებინა.

გაკვირვებულ, ან, უფრო ზუსტად რომ ვთქვა, სახტად დარჩენილ ნიქს იარაღი ხელიდან გაუვარდა.

პისტოლეტი იატაკზე დავარდა და დაიქუხა.

ეს წამი იყო, შემოვარდა პოლიცია, შერიფის მოადგილეები, შაშხანებით, ბადეებითა და დამამშვიდებელი ნემსებით შეიარაღებული ათამდე ხალხი. აცეცებდნენ თვალებს და დაეძებდნენ მხეცს.

– სად არის ლომი? – ისმოდა შეძახილი.

რომ ვერ ნახეს, ყველანი დამშვიდდნენ. ნიქის ნატყვიარი ფეხის სამკურნალოდ სასწრაფო სამედიცინო სამსახური გამოიძახეს, ფსიქოლოგიური დახმარება კი – მერი ჯეინის აწეწილი ნერვების დასავარცხნად.

მთელი ამ ხნის განმავლობაში დივანზე ვიწექი. პატარა და ფუმფულა. ერთი გულკეთილი ოფიცრისგან ყელზე მოფერებაც დავიმსახურე და ზურგზე ხელის გადავლება ფრიად მიმზიდველი ქალბატონი პოლიციელისგან.

– ეს ხომ პაწაწინა ფისოა, – თქვა პოლიციელმა ქალმა და ყურებს უკან ბეწვი გამიჩეჩა, – საბრალო, როგორი შეშინებულია.

გამოხდა მცირე ხანი და ღამეულ ქალაქში გავუჩინარდი. გარეუბანი ორსართულიანი სახლებითა და ჯაჭვშებმული ეზოებით ძილის პირს იყო. მთვარმომდგარ ქუჩას მივყვებოდი იმ საღამოს თავგადასავლებით ერთობ გულსავსე.

როდესაც შევეფეთე ქალს, ვინც დაშვებული საბურავის გამოცვლას ცდილობდა, ჩვეული ლაღი იერი მოვირგე და ვუთხარი ყველაზე თავაზიანი კეთილხმოვნებით:

– ახალგაზრდა ქალბატონო, ნება მომეცით, დაგეხმაროთ.

– დახმარება არ მჭირდება, მადლობა, – მითხრა ქოშინით, თან ძლივს ითქვამდა სულს.

გამეცინა. იშის გებით არა – კეთილად.

თავი ასწია, შუქზე დამინახა და აღმოხდა:

– ოჰ!

გაეღიმა. გაიქნია თავი. მომიახლოვდა, ჩაიმუხლა და მომეფერა.

ნიკაპქვეშ.

მე ავკრუტუნდი.

© Michael Cadnum – Cat of the World. The Coyote Road, Viking, 2007
©LV (ქართული თარგმანი, 2022)

Creative Commons License©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

ავტორის შესახებ:

მაიქლ ქედნამი (Michael Cadnum) ამერიკელი პოეტი და პროზაიკოსია. გატაცებულია მითებით, ლეგენდებით, ფოლკლორით. რამდენიმე საყმაწვილო და საბავშვო წიგნის ავტორია. მისმა სადებიუტო რომანმა „ღამის შუქი“ (Nightlight) 1991 წელს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საი-ფაი/ფენტეზი პრემია “ლოკუსი” მოიპოვა.
მწერლის ვებ-გვერდია http://www.michaelcadnum.com

ამ მოთხრობის სათაურის სიტყვასიტყვით ზუსტი თარგმანი, ალბათ, „სამყაროს კატა“ იქნებოდა (მითუმეტეს რომ, კატის თვალთახედვით, სამყარო ბრუნავს კატის გარშემო), სათაურების გამოცვლა ძალიან არ მიყვარს, მაგრამ ბოლოს მაინც ის ვერსია ვარჩიე, რაც არის. თან, ეს კატაც ხომ დროსა და კონტინენტებს შორის დაბოდიალობს, ალთა-ბალთას ედება.

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: