ურსულა ლე გუინი
ზარების რეკვით, რომლებმაც დააფრთხეს მერცხლები, ზაფხულის ზეიმმა შეაბიჯა ომელასში, ქალაქში, ზღვას რომ დანათის მზეში ელვარე ცად აზიდული კოშკებით. გემებმა ნავსაყუდელში აღმართეს ჭრელი დროშები. ომელასში სახლები წითელი კრამიტით არის გადახურული, კედლებს კი ლამაზ ფერებად ღებავენ. ეზოებში ხავსმოდებული ბებერი მუხები დგას, ქალაქში გრძელი ხეივნებია. საჯარო შენობებსა და საზოგადოებრივ ბაღებს შორის, ფართო ქუჩებში გამოფენილან მოქალაქეები. ვის აღარ ნახავთ აქ – დარბაისელ მოხუცებს ლილისფერი და ფერფლისფერი უხეში მაუდის სამოსში. ქვის მთლელ ოსტატებს, აუჩქარებლად რომ მოაბიჯებენ. ახალგაზრდა ქალებს, რომლებიც ეტლებით ჩვილებს მიაგორებენ და მხიარულად ლაქლაქებენ გაუჩერებლივ. ჟღერს მუსიკა, დოლისა და დაფდაფის ხმა ისმის და ჰანგს ფეხაყოლილი მოქალაქეებიც ცეკვა-ცეკვით აგრძელებენ სვლას. მწყობრ მსვლელობას მხოლოდ ბავშვები აფორიაქებენ. ხტიან წინ და უკან, დანავარდობენ და მათი კისკისი თან მიჰყვება მერცხლებს ღრუბლებში. ხალხს გეზი უჭირავს ქალაქის ჩრდილოეთისკენ, დიდი მდელოსკენ, რომელსაც „მწვანე ველს“ ეძახიან. სადაც ახალგაზრდა ბიჭები და გოგოები, ტანთ შიშვლები, ტალახში მოთხვრილი ტერფებით და თხელი წვივებით, ბედაურებზე შემომჯდარნი ელიან რბოლას. გრძელი, მოქნილი ხელებით ჩაფრენილან ულაგამო აღვირს – სხვა აღკაზმულობა ცხენებს არ აქვთ, მხოლოდ ფაფარში ჩაწნული ვერცხლის, ოქროსა და მწვანე ფერის აბრეშუმი. ნესტოები დაუბერავთ, ფრუტუნებენ, ყალყზე დგებიან აღელვებით, ერთმანეთს აწონებენ თავს და შეჯიბრში იწვევენ. ცხენი ერთადერთი ცხოველია, ვინც ადამიანთა ზეიმი თავისად დაიგულა.
ჩრდილოეთით და დასავლეთით ომელასის ყურეს მთაგრეხილი აკრავს. ალიონზე მწვერვალებიდან მონაბერი ჰაერი ისეთი კამკამაა, რომ შორს, თვრამეტივე თხემზე ლურჯი ცის ქვეშ გვირგვინივით დაფენილი თოვლი მოჩანს. სპეტაკი, მაგრამ მზის სხივებში ალისფრად მოგიზგიზე. „მწვანე ველზე“ ნიავი ქრის, არხევს მდუმარებას და სარბენ ბილიკებს გასწვრივ ალმებს აფრიალებს. ქალაქის ქუჩებიდან ისმის მუსიკის ხმა. ზოგჯერ – შორიდან. ზოგჯერ – ახლოდან. ხან კი ისე, რომ ხვდები, მსვლელობა უკვე ახლოვდება. ზეიმის საამური მოლოდინი დაჰყვება სიოს, ერთად იყრის თავს, იფანტება და, თითქოს, მრავალი ზარის მხიარული წკრიალით სკდება ზეცაში.
მხიარული! როგორ შევძლებ, გადმოგცეთ მათი სიხარული? როგორ მსურს, ომელასის მოქალაქეები აღგიწეროთ.
უბრალო ხალხი არ ყოფილანო, თავადაც იტყვით. ბედნიერები იყვნენ, მაგრამ ჩვენ უკვე ვეღარ ვიმეორებთ ამ სიტყვას. ყველა ღიმილმა ჩვენში მოჭამა ჟამი. ბედნიერს რომ ვიტყვით, გარკვეული ვარაუდების გაკეთება გვიწევს. წარმოგვიდგება თვალწინ ან მეფე, ამხედრებული ბრწყინვალე რაშზე და გარშემორტყმული კეთილშობილი რაინდებით. ან, შესაძლოა, გავიფიქროთ დიდებულზე, ვისაც ბრგე მონები დაატარებენ ოქროს ტახტრევნით, მაგრამ ომელასში არ იყვნენ მეფეები. არც მახვილშებმული რაინდები. არც ბატონები. ომელასელები არ არიან ბარბაროსები. მათი წესები და კანონთა კრებული არ ვიცი, მაგრამ, არა მგონია, აკრძალვები ბევრი ჰქონდეთ. ცხოვრობენ ლაღად, მეფეებისა და ყმების გარეშე. არ იციან, რა არის ბირჟა. ან – რეკლამა. არ ყავთ საიდუმლო პოლიცია. არც ჭურვები სჭირდებათ. თუმცა, ვამბობ კვლავ, უბრალო ხალხი არ ყოფილან. არც ალალი მწყემსები იყვნენ, არც დიდსულოვანი ველურები, არც უტოპიის უსიცოცხლო მაცხოვრებლები. არც ჩვენზე ნაკლები ჭმუნვები ჰქონდათ. მაგრამ ჩვენ სხვა უბედურება გვჭირს, რასაც წესთა დამდგენი და ბრძენი ხალხი გვიჩიჩინებს – ბედნიერება რაღაც სიბრიყვედ მივიჩნიოთ. მხოლოდ ტკივილია, გვეუბნებიან, ფასეული და სიავეა მხოლოდ ყურადღების ღირსი. ვერ ამარცხებ? შეუერთდი და გაჰყევი. ტკივილს განიჭებს? განიცადე კიდევ და კიდევ.
მაგრამ შემოქმედის ღალატი იქნება, თუ არ ვიტყვით – ბოროტება არაფრითაა გამორჩეული, ტკივილმა კი მოყირჭება იცის. სასოწარკვეთის ქება სიამეთა გმობას ნიშნავს, ძალადობის მიღება ნიშნავს სხვა დანარჩენის დაკარგვას. ჩვენ თითქმის ყველაფერი შემოგვეძარცვა. ჩვენ აღარ შეგვიძლია, ბედნიერი ადამიანის აღწერა და სიხარულის გამოხატვა. აბა, როგორ შევძლებ მე, მოგითხროთ ომელასელებზე? ისინი არ იყვნენ გულუბრყვილო მხიარული ბავშვები – თუმცა მათი შვილები ნამდვილად ბედნიერები იყვნენ. ისინი იყვნენ ზრდასრული, გონიერი ხალხი, ვისაც გული უძგერდა გრძნობით, ვისი ცხოვრებაც არ იყო სავსე გაჭირვებით. დაუჯერებელიაო – მეტყვით! ნეტავ, შევძლო, უკეთ აღვწერო. ნეტავ, შემეძლოს, დაგარწმუნოთ.
ომელასს რომ აღვწერ, მოჩანს, ვიცი, როგორც ზღაპრული მხარე. იყო და არა იყო რა ღვთის უკეთესი რა იქნებოდა… სჯობს, წარმოიდგინოთ ისეთი, როგორიც გეოცნებებათ. ასე უფრო გაცოცხლდება. ჩემი გადმოცემა როგორ გაწვდება ყველა თქვენგანის წარმოსახვას. მაგალითად, ტექნოლოგია – ვფიქრობ, რომ ავტომობილები და ვერტმფრენები იქ არ იქნებოდა. ომელასის ხალხი ხომ ბედნიერი ხალხია. ბედნიერება დგას იმის ცოდნაზე, რა არის სასიცოცხლოდ საჭირო და რა არ არის სასიცოცხლოდ საჭირო. რა არის ზიანის მომტანი და რა არის უზიანო. ამათ შორის მოთავსდება ყველაფერი, რაც აუცილებელი არ არის, მაგრამ არც საზიანოა. კეთილმოწყობა, ფუფუნების საგნები, ზიზილ-პიპილოები. ომელასში უნდა ჰქონდეთ გათბობა, მეტრო, სარეცხის მანქანები და ათასი რამ, რაც ჩვენთან ჯერ გამოგონილიც არ არის. მაგალითად, ჰაერში მოლივლივე სინათლის წყარო, საწვავის გარეშე მომუშავე ენერგოსადგური ან გაციების წამალი…
მაგრამ, შეიძლება, ამათგან ერთიც არ აქვთ. თავად გადაწყვიტეთ. ეს უმნიშვნელოა. მე ასე წარმომიდგენია – ოთხივ კუთხით განლაგებული ქალაქებიდან სწრაფი, კოხტა მატარებლებითა და ორსართულიანი ტრამვაის ვაგონებით ჩამოდიან ომელასში სტუმრები დღესასწაულზე დასასწრებად. ომელასის მატარებლის სადგური ყველაზე ლამაზი შენობაა ქალაქში, თუმცა ბაზრის მოედანი უფრო კაშკაშა ფერებშია მორთული. მიუხედავად იმისა, რომ თქვენებურ ომელასში უკვე მატარებლებიც გაუშვით, ვშიშობ, ზოგიერთ თქვენგანს ის მაინც ძველებურად უხინჯო ადგილად მიაჩნია – ბევრი ღიმილი, ზარები, აღლუმები, ცხენები და ეგეთები… თუკი ასე წარმოიდგინეთ, სჯობს პატარა ორგიაც დაამატოთ. თუ ორგია გამოგადგათ, განაგრძეთ… ოღონდ, ტაძრები არ გვინდა, საიდანაც ბერები და მონაზვნები გამორბიან ტანთ შემოძარცული და ნებისმიერ გამვლელ-გამომვლელთან ვნების დაკმაყოფილება სწადიათ. განურჩევლად ყველასთან, ვისაც კი სხეულში ჩაბუდებულ ღმერთთან ხორციელი კავშირი სურს. ეს ამბავი არ გვინდა-მეთქი… თუმცა, გამოგიტყდებით, ჩემი პირველი წარმოდგენაც ომელასზე სწორედ ასეთი იყო. მაგრამ ახლა ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა, ომელასში არ ყოფილიყო ტაძრები – ყოველ შემთხვევაში, სასულიერო პირებით. რელიგია – კი ბატონო, სასულიერო პირები – არა. ცხადია, პირმშვენიერ ადამიანებს ვერ ავუკრძალავთ შიშვლებმა იხეტიალონ და საკუთარი სხეული შესთავაზონ ყველას, როგორც ღვთიური მანანა. შეუერთდნენ ისინიც სადღესასწაულო მსვლელობას. დაამყარონ სქესობრივი კავშირი, მათ თავზეც სცემდნენ დაფდაფებს და გამოცხადდეს ვნების ზეიმი. დაე (ახლა მნიშვნელოვან ამბავს გეტყვით) ამ ლაღი დღესასწაულის შედეგად შობილ ბავშვებს არ მოჰკლებოდეთ საყოველთაო სიყვარული და ზრუნვა. ერთი რამ ვიცი, ომელასში არვის ტანჯავს სინდისის ქენჯნა.
სხვა რას ისურვებდით ომელასში? თავიდან ვიფიქრე, ნარკოტიკები არ გვინდა-მეთქი, მაგრამ მეტისმეტად ყალბად ზნეობრივი იქნება. ვისაც ეს მოსწონს ომელასში, მათთვის ჰაერი თანგის[1] სუსტი სურნელით იყოს გაჟღენთილი. ჯერ ათავისუფლებს გონებას და სხეული აღმაფრენას გრძნობს, შემდეგ მოაქვს სიმშვიდე და სიმსუბუქე, ბოლოში გელის გასაოცარი ხილვები სამყაროს გულში დაფლული საუნჯის შესახებ. და კიდევ სექსის დროს სიამოვნებას ამრავლებს ისე, რომ ვერც წარმოიდგენთ. ამასთან, არ იწვევს მიჩვევას. უფრო მოკრძალებული გემოვნება ვისაც აქვს, მისთვის, ვფიქრობ, თანგს ლუდით თრობის გემო ჰქონდეს.
სხვა რა ეკუთვნის მოდღესასწაულე ქალაქს? გამარჯვების გრძნობა, რა თქმა უნდა და ვაჟკაცობის დიდება. მაგრამ, რაკი ქალაქი დავცალეთ სასულიერო პირებისგან, არც ჯარისკაცები უნდა იყვნენ იქ. სხვათა ხოცვით მიღებული სიხარული, მართებული სიხარული არ არის და არ გვჭირდება. საზარელია და დროით გაცვეთილი. ომელასში უსაზღვროდ კეთილშობილური ვაჟკაცობაა და დიდსულოვანი გამარჯვება. რომელსამე გარე მტერზე ძლევით არ მოდის – ყველა ადამიანის სულში ყველაზე სამართლიანი გრძნობების შენივთებასა და აფეთქებას მოაქვს. ეს არის, რაც ომელასის მაცხოვრებლებს გამოარჩევს – გამარჯვება, რასაც ისინი ზეიმობენ, სიცოცხლის ზეობაა. ასეთ ხალხს, ალბათ, ბევრი თანგის მიღებაც არ სჭირდება.
მსვლელობის თავში ვინც მიაბიჯებდა, ამასობაში კი მიაღწია „მწვანე ველს“. წითელი და ლურჯი კარვებიდან კერძების საოცარი სუნი გამოდის. პატარა ბავშვებს უკვე მოუსწრიათ ტუჩების ტკბილეულით მოთხვრა. მაგრამ არც უფროსები ჩამორჩნენ. შვრიის ნამცხვრის ნამცეცებს ვხედავთ მამაკაცის ნაცრისფერ წვერში. ბიჭები და გოგონები ცხენებზე ამხედრდნენ და ნელ-ნელა იწყებენ შეჯგუფებას იქ, საიდანაც რბოლა უნდა დაიწყოს. ჩია ტანის მოხუცი ქალი, ფაშფაშა და ღიმილიანი, კალათიდან ყვავილებს ურიგებს ყველას. ახოვანი მამაკაცები ამ ყვავილებს თმაში იბნევენ. ცხრა თუ ათი წლის ბიჭუნა ზის ხალხის პირას, განმარტოებით და ხის სალამურზე უკრავს. შემომატებული ხალხი ჩერდება მის მოსასმენად და უღიმის, მაგრამ არ ელაპარაკებიან, რადგან პატარა დაკვრას არ წყვეტს და არვის აქცევს ყურადღებას. მისი თვალები გასცქერის შორეთს, საითკენაც მისი საკრავის ჯადოსნური ბგერები მიილტვის და იკარგება.
აი, მანაც დაამთავრა დაკვრა, სალამური მოაშორა ბაგეს და ხელი დაუშვა.
თითქოს, ამას ელოდაო, დაჰკრა საყვირმა იქ, სადაც მხედრები შეკრებილან. დაჰკრა ძალუმად და, ამავე დროს, სევდიანად. ბედაურები ყალყზე დადგნენ. ზოგი აჭიხვინდა. მხედრები ცხენებს ეალერსებიან კისერზე, ფაფარს უწეწავენ და ჩურჩულებენ: „მშვიდად, მშვიდად, ჩემო ლამაზო, ჩემო იმედო…“ ყველანი საწყისი ხაზის გასწვრივ განლაგდნენ უკვე. ურიცხვი ხალხი შეკრებილა „მწვანე ველზე“ რბოლის სანახავად. შორიდან თუ შეხედავ, თავადაც მდელოს ყვავილებსა და ქარში მობიბინე ბალახსა ჰგვანან. ზაფხულის ფესტივალი დაიწყო.
გჯერა? ზაფხულის დღესასწაული? ქალაქი? ეს სიხარული? არა? მაშინ, მიბოძეთ ნება, კიდევ ერთი ამბავი გაგიმხილოთ.
მრავალთაგან ერთი კოხტა საჯარო შენობის ქვეშ, ან, შესაძლოა, რომელიმე კერძო სახლის სარდაფიც იყოს, ომელასში არის კელია. ფანჯარა არ აქვს, აქვს მხოლოდ კარი, ფიცრებით აჭედილი. ამ ფიცრებს შორის ღრიჭოებში მზის სინათლე ჩანს. სარდაფის რომელიღაც სხვა, შორეულ კედელში გაჭრილი სარკმლიდან აღწევს ეს შუქი, ამიტომ უღონოა, მქრქალი და მტვრიანი. ხის ტარზე წამოცმული ერთი-ორი იატაკის შმორიანი ტილო და ჟანგმომდგარი ვედროც დგას იქვე. ესაა და ეს. იატაკი მიწურია, ნესტიანი, ტალახიანი. სარდაფია – რა უნდა მოსთხოვო. სამი ნაბიჯი სიგრძეში და ორიც სიგანეში – ოთახსაც ვერ დაარქმევ. საკუჭნაოა, სადაც ათას უსარგებლო ნივთს შეყრი და დაივიწყებ. აქ ზის ბავშვი. შეიძლება იყოს ბიჭი ან – გოგო. ექვსი წლისა გეგონება, მაგრამ, სინამდვილეში, ათი უსრულდება მალე. გაკნაჭულია, ძვალი და ტყავი. ეგებ, ასეთი დაიბადა, ან შიშში, შიმშილსა და მარტოობაში გაილია. ცხვირში იქექება ან ფეხის თითებსა და სასქესო ორგანოს იფხანს. მოკუნტული ზის ვედროსა და ტილოებისგან რაც იქნება შორს. ჯოხის ტაროები აფრთხობს. თვალები დაუხუჭავს, მაგრამ იცის – არ გამქრალან და იქ არიან ისევ. კარი ჩაკეტილია და საშველადაც არვინ მოვა. აქ არვინ მოდის. თითქმის – არასდროს. მხოლოდ ხანდახან შეაღებენ საზარელი ღრჭიალით. ზღურბლზე დგას ვიღაც. ან – რამდენიმე. ზოგჯერ შემოვა ერთი და ბავშვს ფეხზე მოსცხებს, რომ წამოდგეს. გობში საჭმელს დაუყრის და ქილას შეუვსებს წყლით. სანამ სხვები უცქერენ შეძრწუნებული, ზიზღით აღსავსე თვალებით. შემდეგ ისევ გამოკეტავენ კარს და თვალებიც ქრება. კარის ზღურბლზე მყოფნი ხმას არ იღებენ. მაგრამ ბავშვი, ვისაც ახსოვს, რომ ოდესღაც ცხოვრობდა სხვაგან, არა ამ სარდაფში, ახსოვს მზის სითბო და დედის ალერსი „კარგად მოვიქცევი“, – უძახის, – „გამიყვანეთ აქედან და სულ კარგად მოვიქცევი!“ მაგრამ არვინ პასუხობს.
ადრე ღამღამობითაც ყვიროდა ხოლმე ბავშვი, ითხოვდა შველას. მაგრამ ახლა მხოლოდ კვნესის. და ლაპარაკითაც სულ უფრო იშვიათად ლაპარაკობს. ისეთი გამხდარია, ფეხები ხის ტოტებს დამგვანებია, მუცელი ჩავარდნია და ყველა ნეკნს დაუთვლი. ნახევარი ჯამი სიმინდის ფქვილი და ნაბოლარა ცხიმი – ეს არის მისი დღიური ულუფა. ტანთ არაფერი მოსავს. მისი ხორცი დაწყლულებულა, რაკი მარად თავისსავე განავალში უწევს ჯდომა.
მისი ამბავი ყველამ იცის ომელასში. ზოგს თავად უნახავს. სხვებმა – მონაყოლით. მაგრამ ყველამ იცის, რომ ბავშვი აქ უნდა იჯდეს. ზოგს მიზეზიც გაუგია, სხვები – არ კითხულობენ, მაგრამ ყველას ესმის – მათი ბედნიერება, მათი ქალაქის სიკოხტავე, გულითადი მეგობრობა, შვილების ჯანმრთელობა, სწავლულთა სიბრძნე, ხელოსანთა ოსტატობა, მოსავლის სიუხვე და მზიანი დარიც – სულ ამ ბავშვის საზარელ ბედზე დგას.
მშობლები შვილებს მოუთხრობენ ამ ბავშვის ამბავს. როდესაც შვილი რვის ან თორმეტი წლის შეიქნება, როცა უკვე შეძლებს გაგებას. სარდაფში ბავშვის სანახავად მოსულთა უმეტესობაც მოზარდები არიან, თუმცა, უფროსი ასაკისაც მოსულან ხოლმე ან ხელახლა მობრუნებულან. როგორ კარგადაც არ უნდა აუხსნან უფროსებმა, მოზარდები ყოველთვის შეძრწუნებულნი ჩანან. და გული სტკივათ. გრძნობენ ზიზღს, რაც მათთვის უცხოა, გრძნობენ სიბრაზეს, აღშფოთებას, უძლურებას. როგორ კარგადაც არ უნდა აუხსნა, მაინც სურთ, რაღაც გააკეთონ ამ ბავშვისთვის. მაგრამ არაფერი შეუძლიათ. თუ ბავშვს დაიხსნიან ამ საძაგელი ადგილიდან, მზის შუქზე გამოიყვანენ, დაბანენ, ჩააცვამენ, გამოკვებავენ და მიუალერსებენ, ცუდი არ იქნება, მაგრამ მაშინ, იმ დღესა და იმ საათში ომელასის ბედი გამოიცვლება, კეთილდღეობა, სილამაზე და სიხარული დაჭკნება და დაცვივა, როგორც ხეს ფოთოლი. ეს არის წესი. თითოეული ადამიანის ნეტარება და მადლი უნდა გაიცვალოს ერთი ბავშვის ყოფის მცირედ შემსუბუქებაზე. ათასობით ადამიანის ბედნიერება – ერთის შესაძლო ბედნიერებაზე. ასე რომ ექნათ, მაშინ ხომ მართლა დატანჯავდა ომელასელებს სინდისის ქენჯნა.
პირობა მკაცრია და შეუვალი. კეთილი სიტყვის გადაგდებაც კი არ შეიძლება იმ ბავშვისთვის.
ხშირად ყოფილა, როცა უნახავთ ბავშვის ტანჯვა, ახალგაზრდებს ცრემლები მოსდგომია ან მრისხანება ახრჩობს. მიდიან სახლში და ეს ფიქრი გულებს უგლეჯთ დღეების და კვირების და ზოგჯერ წლების მანძილზე. მაგრამ გამოხდება დრო და მიხვდებიან ერთ ასეთ ამბავს – ბავშვის გათავისუფლება რომც მოხერხდეს, ის მაინც ვერ დატკბება თავისუფლებით. გაითბობს გათოშილ სხეულს და დანაყრდება – კი ბატონო, მაგრამ ეს მხოლოდ მცირე სიამოვნებაა. მეტისმეტად ჭკუასუსტია და ბოგანო, ჭეშმარიტი სიხარულის შეცნობა რომ შეძლოს. დიდი ხანია შიშთან ერთად ცხოვრობს, ახლა შიშისგან რომ დაიხსნას თავი. მეტისმეტად გაუხეშებულია, კეთილი მოპყრობა რომ აღიქვას. კედლებს გარეთ დაუცველად იგრძნობს თავს, სინათლეში ვერ გაახელს თვალებს, ვერ დაჯდება, განავალში თუ არ ჩაჯდა. ომელასელი მოზარდები ხვდებიან ამას და ამ ფიქრებში მათი ცრემლებიც შრება. უსამართლობაზე დარდი იმსხვრევა, როგორც კი შეიმეცნებენ ყოფიერების მწარე სამართლიანობას. სწორედ ბრაზი და ცრემლები, დახმარების კეთილი წადილი და უმწეობის აღქმა არის ის, რაც ომელასელთა ყოფის სიხარულს კვებავს. მათი ბედნიერება აღარ არის უსიცოცხლო, პასუხისმგებლობა გამოცლილი. მათ იციან, რომ, როგორც ის ბავშვი, არც თავად არიან თავისუფალნი. მათი გულით თანალმობით არის დამძიმებული. ბავშვის არსებობა და ცოდნა მისი ყოფის შესახებ არის ქვითკირი, რაც ომელასის შენობებს ამაგრებს. ჰანგებს კეთილხმოვანებას სძენს. მეცნიერებას – სიღრმისეულ წვდომას. იმ ბავშვის ხვედრის გამოა, ომელასელებს ბავშვები რომ ასეთი ნაზი სიყვარულით უყვართ. ის ბავშვი რომ არ იყოს ეულად ბნელში, სხვა ვერ შეძლებდა სალამურზე ასე ლამაზად დაკვრას, იმ დროს, როდესაც ახალგაზრდა მხედრები ბედაურებზე შემომსხდარნი თლილი სხეულებით იწონებენ თავს ამომავალი მზის შუქზე ზაფხულის დილას.
ახლა ხომ გჯერათ მათი? განა, უფრო სანდონი არ გახდნენ? მაგრამ კიდევ ერთი რამ დამრჩა სათქმელი და ეს ყველაზე დაუჯერებელია.
ხანდახან, ვინმე მოზარდი, გოგო ან ბიჭი, რომელიც ბავშვის სანახავად მივა, ცრემლმომდგარი და ბრაზით არ ბრუნდება სახლში. ეგ კი არა, სახლში არ ბრუნდება სულაც და მიდის. ზოგჯერ, ვინმე უფროსი ასაკის მამაკაცი ან ქალი დადუმდება უეცრად და ერთი-ორი დღე ხმას აღარ იღებს. შემდეგ დგება, ტოვებს სახლს და გადის გარეთ. ეს ხალხი მარტო მიუყვება ქუჩას. მიდიან დიდხანს, სანამ არ მიადგებიან ლამაზ ჭიშკარს, გამოაღებენ და გავლენ ქალაქიდან. გაივლიან მდელოებს და სავარგულებს. ბიჭი იქნება თუ გოგო. კაცი თუ ქალი. მიაბიჯებენ მარტო. ჩამოდგება ღამე. მგზავრები კი აგრძელებენ გზას. სოფლის გზით. ყვითლად ანთებული ფანჯრების შუქზე თუ ბნელ მინდვრებში. მიდიან ეულად. მიდიან მთებისკენ. მიდიან დასავლეთით თუ ჩრდილოეთით. მიდიან შორს, სანამ ბნელეთი არ შთანთქავს მათ. ტოვებენ ომელასს და არასდროს ბრუნდებიან უკან.
მე ნუ მკითხავთ, სად მიდიან. ის ადგილი, ეგებ, უფრო ძნელად აღსაწერიც იყოს, ვინემ ომელასია. ეგებ, არც არსებობდეს. მაგრამ, როგორც ჩანს, კარგად იციან, სად მიდიან. მათ, ვინც ტოვებს ომელასს.
©Ursula K. Le Guin – The Ones Who Walk Away From Omelas. New Dimensions 3, Doubleday, 1973
©LV (ქართული თარგმანი, 2022)
©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___
(1)ლე გუინი იყენებს სიტყვას Drooz, რაც გათანგულს, დაღლილს, მიძინებულს ნიშნავს.
მთარგმნელის კომენტარი:
ურსულა ქროებერ ლე გუინს ჟანრის მოყვარულნი კარგად იცნობთ (და ჟანრის არმოყვარულნი ამ თარგმანების წასაკითხად, ალბათ, ისედაც არ კარგავენ დროს) ამიტომ მწერალზე არაფერს დავწერ.
მოთხრობას თავად ავტორი ფსოქო-იგავს უწოდებს. განტევების ვაცის თუ დოსტოევსკისეული ბავშვის ცრემლის ამბის ლე გუინისეული ინტერპრეტაციაა. დამწყვდეული ბავშვის მიმართ ტექსტში გამოყენებულია ნივთის აღმნიშვნელი “it”, ნაცვლად ადამიანის აღმნიშვნელისა „he“. რაღაც ვარიაციებზე ვფიქრობდი, როგორ გადმოეტანა, მაგრამ არც ერთი მეჩვენა ხეირიანად.
„ომელასმა“ ერთდროულად ორი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა – „ჰიუგო“ და „ლოკუსი“.
პირველად დაიბეჭდა კრებულში New Dimensions. ეს ლეგენდარული კრებულია. 1971-1981 წლებში გამოდიოდა რობერთ სილვერბერგის რედაქტორობით. თავად სილვერბერგი არჩევდა წლის საუკეთესო საი-ფაი/ფენტეზი მოთხრობებს ამ კრებულისთვის და სულ 12 ტომია გამოცემული. სხვათა შორის, ამავე, „ომელასიან“ ტომშია შესული ჯეიმს თიფთრის (ელის ბრედლის) „გოგო, რომელიც დასამუხტად შეაერთეს“ (The Girl Who Was Plugged In). ვისაც კიბერპანკი უყვარს, გირჩევთ. ჩემს თარგმანს ნუ დაელოდებით, ბლოგისთვის მეტისმეტად ვრცელია. 🙂
თავად სილვერბერგის მოთხრობაც მაქვს თარგმნილი (და იქ ამ ავტორზე უფრო ვრცლად დავწერე) მაგრამ, ბარემ, აქაც ვახსენებ კეთილი სიტყვით – იმის გარდა, რომ ძალიან კარგი მწერალია, ჟანრის პოპულარიზაციისთვის ბევრი აქვს გაკეთებული. გასულ თვეს, 15 იანვარს 87 წლის გახდა და შორიდან ვულოცავ.
___
P.S.
ბლოგის მკითხველები ყველაზე ხშირად უცხოური საკუთარი სახელების ქართულად “ჩემეულ” გადმოტანაზე მედავებიან ხოლმე. ასე იყო, პოსტებს რომ ვწერდი, ასეა ახლა, როდესაც ვთარგმნი. მაგრამ ლე გუინი კარგი მაგალითია. ძალიან არ მოსწონდა (ან ვის მოეწონება?), მის სახელსა და გვარს რომ ამახინჯებდნენ. საგანგებო განმარტებაც დაწერა, თუ როგორ უნდა გამოთქვან მისი სახელი, გვარი და ფსევდონიმი. დააგზავნა და ოფიციალურ ვებ-გვერდზეც დადო. 🙂 ამიტომ ვამბობ, თუკი და როდესაც ქართული ასო-ნიშნები ამის საშუალებას გვაძლევს, რა ჯანდაბა გვიშლის ხელს, სწორედ გადმოვიტანოთ?
ილიას იოტა რომ არ ამოეგდო, ურსჲულასაც დავწერდი. და კიდევ უფრო ზუსტი იქნებოდა. 🙂