დაღმასვლა

თომას მ. დიში

კეტჩუპი, მდოგვი, კიტრის მწნილი, მარინადი, მაიონეზი, ორი სახის სალათის სოუსი, ბეკონის ცხიმი და ლიმონი… ჰო, ორი ხონჩა ყინულის კუბები. ეს – მაცივარში. მაგრამ ვერც განჯინა იწონებდა თავს დიდი მრავალფეროვნებით: ქილები და კოლოფები სანელებლებით, ფქვილით, შაქრით, მარილით და ქიშმიშით.

თუმცა, არა – ცარიელი კოლოფი ქიშმიშის გარეშე.

ყავაც კი არ აქვს. არც – ჩაი. ჩაი ყოველთვის სძულდა, მაგრამ – მაინც. საფოსტო ყუთიც ცარიელია, მხოლოდ ბარათი „ანდერვუდისგან“: „იმ შემთხვევაში, თუ არ დაფარავთ თქვენს დავალიანებას…“

4 დოლარი და 75 ცენტი ხურდა ფულით – ქურთუკის ჯიბეში. კიანტის[1] ბოთლიდან ამოიღო, რომელსაც ყულაბად იყენებდა და საკუთარ თავს იყო შეპირებული – არასდროს გავტეხავო. წიგნები გასაყიდად არ ემეტებოდა, მაგრამ უკვე ყველა წიგნი გაყიდა. ერთი კვირის წინ წერილი გაუგზავნა გრეიემს და თუ ძმა რამე თანხის გამომგზავნი იყო, უკვე გამოუგზავნიდა.

– სასოწარკვეთილი უნდა ვიყო, – გაიფიქრა, – ალბათ, ვარ კიდეც.

შეეძლო „თაიმსი“ გადაეფურცლა, მაგრამ, უკვე მომაბეზრებელი და დამთრგუნველი იყო – ვაკანსიები კვირაში 50 დოლარად, განაცხადის გაგზავნა და უცილობელი უარის მიღება. განა ვინმეს ადანაშაულებდა. არა. თავადაც არ დაიქირავებდა საკუთარ თავს. ის იყო ჭრიჭინა, რომლის ხრიკებს ჭიანჭველებმა უკვე გაუგეს ფასი.[2]

წვერი გაიპარსა ქაფის გარეშე და ფეხსაცმელი გაწმინდა კარგად, სანამ პრიალი არ დააწყებინა. ტანი არ დაუბანია. მაგიერ ქათქათა, დაუთოებული პერანგი მოიცვა და თაროდან ყველაზე ელეგანტური, მუქი ჰალსტუხი აირჩია. იგრძნო, როგორ აუფრთხიალდა გული, მაგრამ სახეზე, ჩვეულებისამებრ, კუნთი არ შეტოკებია. ყინულივით ცივი იყო.

ჩაუყვა კიბეს. პირველ სართულზე ქალბატონი ბილი შეეფეთა, რომელიც ისედაც გაწკრიალებული სადარბაზოს იატაკს ვითომ წმენდდა.

– შუადღე მშვიდობისა, – მიესალმა და ამოხედა ცნობისმოყვარედ, – თუ, ჯერ დილა მშვიდობისაა თქვენთვის?

– შუადღე მშვიდობისა, ქალბატონო ბილ.

– მიიღეთ წერილი?

– ჯერ არა.

– თვის პირველ რიცხვამდე ბევრი აღარაფერი დარჩა…

– მართალს ბრძანებთ, ქალბატონო ბილ.

მეტროსადგურში წამით შეყოვნდა, სანამ გადაწყვეტდა ერთი ჟეტონი შეეძინა თუ – ორი.

– ორი, – უთხრა მოლარეს.

სხვა რა გზა ჰქონდა – მაინც უნდა დაბრუნებულიყო ბინაში. თან, თვის პირველ რიცხვამდე ჯერ კიდევ რჩებოდა დრო.

ჟან ვალჟანს[3] საკრედიტო ბარათი რომ ჰქონოდა, ხომ არასდროს ამოყოფდა ციხეში თავს, – ამ ფიქრებით გაიმხნევა თავი, ვაგონის სავარძელში მოკალათდა და სარეკლამო პლაკატებს მიაჩერდა. გააბოლეთ… სცადეთ… მიირთვით… მიეცით… იხილეთ… დალიეთ… გამოიყენეთ… შეიძინეთ… ელისის სოკო მოაგონდა: „შემჭამე“.[4]

34-ე ქუჩის სადგურზე ჩამოვიდა და პირდაპირ მატარებლის ბაქნიდან შეაბიჯა სავაჭრო ცენტრ „ანდერვუდში“. პირველ ყოვლისა, თამბაქოს დახლთან შეჩერდა და სიგარეტების ბლოკი იყიდა.

– ნაღდით იხდით თუ ბარათით?

– საკრედიტო ბარათით.

მიაწოდა და მოლარემაც თვალის დახამხამებაში გაატარა.

ახლა მეხუთე სართულს მიაშურა – სურსათისა და დელიკატესის განყოფილებას. აქ საგულდაგულოდ აარჩია: პატარა ქილა ხსნადი ყავა და ერთიც დიდი – ნალექიანი. დამარილებული ხორცის შეკვრა. მზა სუფების ნაკრები. გაყინული ბლინები. კიდევ – შედედებული რძე, ჯემი, არაქისის კარაქი, თაფლი და თინუსის ექვსი ცალი კონსერვი. შემდეგ ამას დაამატა, რაც მალფუჭებადია და თვალსა და ხელს შუა იჭმევა ხოლმე: ინგლისური ორცხობილა, ყველი „ედამი“, ხოხბის ხორცი და ჟოლოს ტარტი.[5] – კარგა ხანია, გემრიელად არ დანაყრებულა. რაც გაკოტრდა, მას შემდეგ. მისი ჯიბე მის მადას ვეღარ სწვდებოდა.

– 14 დოლარი და 87 ცენტი.[6]

ამ ჯერზე მოლარემ ბარათის ნომერი გადაამოწმა, გადახარჯვა ხომ არ იყო, ან – ყადაღა… მოუბოდიშა და თავაზიანი ღიმილით დაუბრუნა.

– უკაცრავად, მაგრამ უნდა შემემოწმებინა.

– მესმის.

ნავაჭრი ჩანთაში ჩააწყო და კარგა მძიმე გამოვიდა. ალბათ – ათ კილომდე. დასწვდა და წაიღო ისე ალალ-მართლად და დაუდევრად, როგორც ქურდი ჩაუვლის ხოლმე პოლიციელს ცხვირწინ. ესკალატორს მერვე სართულზე აჰყვა, წიგნების მაღაზიაში. აქაც ისე, როგორც სურსათის არჩევისას. ჯერ: „ამაოების ბაზარი“ და „მარტის იდები“ – ორი სქელტანიანი რომანი, რომელიც თავის დროზე გამოტოვა. შემდეგ დანტეს ახალი გამოცემა და გერმანული პიესების ანთოლოგია – ესენი წაკითხული კი არა, უმრავლესობა გაგონილიც არა ჰქონდა. ჩაროზად – სწრაფად რომ შემოგეფცქვნება: ბესთსელერი, რომლის ამბავიც უზენაეს სასამართლომდე მივიდა და ორი დეტექტივი.

წარმატებისგან რეტი დაესხა, შეტორტმანდა. მონეტა ამოიღო. ახალი კოსტიუმი თუ რესტორანი სახურავზე?

ააგდო და – რესტორანი.

მეთხუთმეტე სართულზე ავიდა. იქაურობა თითქმის ცარიელი იყო. რამდენიმე ქალი ლაქლაქით იქცევდა თავს ნამცხვრებისა და ყავის თანხლებით. ფანჯარასთან დაჯდა. ხემსით დაიწყო, შემდეგ – ძირითადი კერძი მიაყოლა და ბოლოს ესპრესოთი და ეკლერით[7] ჩაიტკბარუნა პირი. მიმტანს საკრედიტო ბარათი გაუწოდა და ორმოცდაათი ცენტი ნაღდით – ფეხის ქირად.

მეორე ფინჯანი ყავაც შეუკვეთა და „ამაოების ბაზარს“ გადაავლო თვალი. მისდა გასაკვირად, მოეწონა.

ამასობაში ბარათიც დაუბრუნეს ქვითრით.

წამოდგა და ნელი ნაბიჯით გაემართა ესკალატორისკენ. „ამაოების ბაზრიდან“ არ აუღია თავი. სახურავზე იმყოფებოდა და ერთი გზა ჰქონდა მხოლოდ – დაღმავალი. სულ ქვედა, ჩამოფასებული საქონლის დარბაზამდე უნდა ჩასულიყო, იქედან ორ ნაბიჯში მეტროს ბაქანია.

მიჩვეული იყო ასე კითხვას – რესტორნებში, მეტროში, ქუჩაში სეირნობისას. მიჰყვებოდა ესკალატორს სართულიდან – სართულამდე.

„ბაზრის“ მეექვსე თავზე იყო (55-ე გვერდზე) როცა გულმა უყო რეჩხი.

რით ვეღარ ჩავაღწიე, – გაჰკრა და თავი ასწია. მიმოიხედა.

არც სართულის აღმნიშვნელი წარწერა, არც – კარი. როგორც ჩანს, სადღაც, სართულებს შორის იყო.

ერთი სართულით დაბლა ჩავიდა. იქაც – იგივე. მაგიერ, წყალის შადრევანი ნახა და იგრძნო, როგორ მოწყურებოდა. იჯერა გული.

მგონი, მთლად სარდაფში ჩავედი, – გაიფიქრა, – თუმცა, სათავსოების სართულზე ესკალატორი იშვიათად ჩადის ხოლმე.

დერეფანში იდგა და უყურებდა როგორ მოძრაობდნენ საფეხურები, მიახლოებისას იკეცებოდნენ წელში და მის ფერხთით გაწოლილნი იკარგებოდნენ სადღაც, იატაკის ფილების ქვეშ.

დიდხანს მისჩერებოდა ასე. ესკალატორზე ჭაჭანება არ იყო.

მაღაზია უკვე დაიკეტა, ალბათ. საათი არა ჰქონდა და დროის აღქმაც დაეკარგა. ეგებ, ისე გაიტაცა თექერეიმ, რომელიღაც სართულზე (თუნდაც, მერვე იყოს) გაჩერდა და რომანში თავჩარგულს ისე შემოეფცქვნა 55 გვერდი, ვერ გააცნობიერა რომ ერთ ადგილას იდგა?

დამართვია ხოლმე ასე – კითხვისას თავიც დაჰკარგვია.

მიმოიხედა. მგონი, ქვედა სართულზე არ უნდა იყოს ჯერ. მაგრამ არც მანიშნებელია რამე, არც კარი ჩანს… არქიტექტორის ახირებაა თუ სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციის უყურადღებობა. ამის ძიების სურვილი არა ჰქონდა.

წიგნი ჩანთაში ჩააკვეხა, როგორღაც, ისევ ესკალატორზე შედგა შეფიქრიანებული და თავქვე დაეშვა. ამ ჯერზე სართულებს ითვლიდა ხმამაღლა. „რვაო“ რომ თქვა – შეშფოთება დაეუფლა. თხუთმეტზე – სასო წარეკვეთა.

ალბათ, სართულიდან სართულამდე კიბეების ორი მწკრივია. ასე გაიმხნევა გული და კიდევ თხუთმეტი დაშვება გადათვალა.

– ჯანდაბა!

მაგრამ ჯერ არ ეპუებოდა. განაგრძო დაღმასვლა. კიდევ და კიდევ. უსასრულოდ. ორმოცდამეხუთეზე შეისვენა. კანკალს აეტანა. სიცივისგან არა – შიშისგან.

ბეტონის იატაკზე დაადო ჩანთა. ახლაღა იგრძნო, როგორ ტკიოდა ამ სიმძიმის თრევისგან მხარი. მხსნელი ფიქრი „ეს ყველაფერი ესიზმრება“ გადააგდო. სიზმარიც ნამდვილია მძინარისთვის. ამ სინამდვილეს კი ვერ შეეგუება, ზმანება იყოს თუ ფხიზლად ყოფნა… თან, არ ეძინა – რა-რა და ამაში დარწმუნებული იყო.

ანაზდად მოაფიქრდა – მაჯისცემა შეამოწმა. დავუშვათ, 80 ფეთქვა – ერთი წუთია. კიდევ ორი მწკრივით დაეშვა თავქვე. ერთი წუთი დასჭირდა.

ერთი გვერდის წაკითხვასაც ერთი წუთი უნდა. შეიძლება – ოდნავ მეტი. თუ კითხვისას არ გაჩერებულა და ძირს ეშვებოდა, ერთი საათი გაუტარებია ესკალატორზე. ასოც სართულს ეყოფოდა… კიდევ ორმოცდაშვიდი, მას შემდეგ, რაც კითხვა შეწყვიტა. რესტორანი მეთხუთმეტე სართულზე იყო, გამოდის რომ…

167-15=152.

ასორმოცდამეთორმეტე მიწისქვეშა სართული? შეუძლებელია!

დაუჯერებელი ვითარებიდან ხსნა საღი გონებაა. ისე უნდა მოიქცე, თითქოს ყველაფერი რიგზეა. როგორც ელისი იქცეოდა საოცრებათა სამყაროში. „ანდერვუდში“ დაბრუნება შეიძლება იმავე გზით, რომლითაც (სავარაუდოდ) გამოვიდა. კიბის 152 მწკრივი უნდა აირბინოს ზემოთ. სირბილით. ესკალატორის მოძრაობის საწინააღმდეგოდ. ეს შესაძლებელია – უთხრა საკუთარ თავს, მაგრამ ხტომა-ხტომით ორი სართული აირბინა და უკვე არაქათი გამოეცალა.

დაისვენა. არ იჩქარო. მთავარია, თავგზა არ აგებნეს.

არა.

დასწვდა ჩანთას, ჩაისუნთქა ღრმად და კიდევ ორი სართული აირბინა. შეისვენა და – კიდევ ორი სართული. შემდეგ – კიდევ ორი. სანამ სულს მოითქვამდა, სცადა, საფეხურები გადაეთვალა. იოლი საქმე არ იყო – სხვადასხვა რაოდენობა გამოვიდა, იმის მიხედვით, ზემოდან ქვემოთ თვლიდა თუ – პირუკუ. საშუალოდ – თვრამეტი. თითოს სიმაღლე ოც სანტიმეტრზე მეტი იქნება… სართულებს შორის ოთხ მეტრამდე გამოდის, სავაჭრო ცენტრის სიმაღლე კი – 60 მეტრი.

რიგით მეცხრე არბენს ჩანთამ ვერ გაუძლო. მოაღო პირი. ჩანს, გაყინული სურსათი გალღვა და ძირი გამოულბო. ნავაჭრიდან ზოგი რაკა-რუკით მიხტოდა და მიგორავდა თავქვე, ზოგიც მოძრავ კიბეებზე მოკალათდა და გაჰყვა მშვიდად. ბოლოს მაინც ყველა ერთ გროვად შეჩოჩქოლდა ესკალატორის ძირში.

ჯემის ქილა გატყდა მხოლოდ.

სხვა რა გზა ჰქონდა, მასაც ერთი სართულით დაშვება მოუწია. სურსათი და წიგნები გვერდით, კუთხეში დაწყო. პაკეტი ხოხბის ხორცით პალტოს ჯიბეში ჩამალა – ვინიცობაა, მოშივდეს.

დაღლილობას ყველა სხვა გრძნობა დაეთრგუნა. შიშიც. როგორც გრძელ მანძილზე მორბენალი ფინიშის წინ – მხოლოდ ბოლო ნახტომზე ფიქრობდა. მთელი ძალები მთავარი დაბრკოლების დაძლევისკენ მიმართა და ცდილობდა, ფიქრებიდან განედევნა ის აბეზარი კითხვები, რომელთა პასუხიც არა ჰქონდა.

არბენა – დასვენება. არბენა – დასვენება.

ყოველ ჯერზე სულ უფრო მძიმედ, სულ უფრო გაჭირვებით.

ოცდარვა სართული დათვალა და დათვლასაც გაანება თავი. ფეხები რომ მოეკვეთა, აღარც იცოდა, რომელ სავარაუდო სართულზე იყო.

ბეტონის იატაკზე მოიკეცა ოთხად. ყველა კუნთი სტკიოდა. მუხლების გაშლა სცადა და ვეღარ შეიმაგრა თავი, ზურგზე გაიშხლართა.

როდის იყო, რესტორანში რომ ისადილა გემრიელად (ვთქვათ, არ გასულა დიდი ხანი), მაგრამ ახლა ისე შიოდა, ხოხბის ხორცი, თან რომ ჰქონდა, სულმოუთქმელად გადასანსლა. ვერც კი გაუგო გემო – უმი იყო თუ მოხარშული.

აი, ასე, შიმშილის გამო ხდებიან კაციჭამიები – გაიფიქრა, სანამ დაიძინებდა.

დაიძინა და ესიზმრა, როგორ ჩავარდა უძირო თხრილში. რომ გამოეღვიძა ისევ იქ იყო – ბეტონის იატაკზე. სართულებს შორის. ფეხები სტკიოდა გაუსაძლისად. როგორც ნაჭრილობევმა იცის.

ნათურები დანათოდა თავზე, ესკალატორის ხმა კი ისე ჩაესმოდა, თითქოს ნიაგარის პირას ყოფილიყოს. კიბეები ძველებურად ზანტად კიარა, თითქოს, ზვავივით სწრაფად მოძრაობდა.

მელანდება, – გაიფიქრა, – ცხელება მაქვს.

მუხლები გაშალა. მხრებში გაიმართა და კუნთების ტკივილს წაუყრუა.

ორი სართული აირბინა მხნედ, მაგრამ მესამის შუაში მოეკეცა ფეხები და კიბეებმა ჩამოიტანეს დაბლა. გადაბობღდა ბეტონის იატაკზე. შიმშილი იგრძნო ისევ და წყურვილიც კლავდა. წინა ჯერზე რაც დალია, ის სითხე კი გარეთ ითხოვდა გამოსვლას. ეს მოთხოვნილება იქვე და იოლად დაიკმაყოფილა. ყალბი მორიდების გარეშე. შემდეგ შადრევანი გაახსენდა. სამი სართულით დაბლა ეგულებოდა. ნავაჭრი სურსათიც იქ დატოვა.

– დაშვება ადვილია, – უთხრა საკუთარ თავს.

მაგრამ მაშინ მთელი ეს განწირული სულისკვეთება წყალს უნდა გაატანოს. თან, „ანდერვუდიდან“ გასასვლელი, ეგებ, სულ ორი კიბის არბენაზეა… ან – ასის. ვინ იცის…

მეტისმეტად შიოდა, დაიღალა და მოწყურდა. ესკალატორზე აღმა სირბილი სიზიფეს შრომას დაემსგავსა.

დათმო და დაეშვა დაღმა. ჯერ მშვიდად იდგა ესკალატორზე, შემდეგ ადგილიდან მოწყდა, გაიქცა. კიბიდან კიბეზე ხტოდა. ორ-სამ საფეხურს ერთდროულად გადაევლო. მოძრაობის მიმართულებით სირბილი მართლაც იოლი იყო. ჟინმა აიტანა. რამდენიმე წუთში აღმოჩნდა სართულზე, სადაც მისი სურსათი იყო.

ტარტი და ყველის ნაჭერი იქვე შეჭამა, დანარჩენი ქურთუკში გამოკრა, როგორც აბგაში – ღილები შეკრა და სახელოები გამოკრა. ცალი ხელი საყელოში მოსჭიდა მეორე – არშიაში. ასე ყველაფრის წაღებას შეძლებდა.

ცივი ღიმილით შედგა ფეხი ესკალატორზე და მშვიდად დაჰყვა თავქვე. ბედს შეეგუა. თუ კიბეს მისი დაბლა ჩაყვანა სურს – დაე, ჩაიყვანოს.

ქვევით. სულ ქვევით. მკვირცხლად და პეწით ხტოდა ესკალატორიდან ესკალატორზე, თქვენი მოსაწონი. თან ხმამაღალი შეძახილით ამხნევებდა საკუთარ თავს თუ მოძრავ კიბეს. იცინოდა ხმამაღლა და ექო სდევდა თაღოვან დერეფნებში. მაგრამ, ვერ ეწეოდა.

სულ უფრო დაღმა.

ორჯერ დაუცდა ფეხი. ერთხელ ვერ შეიმაგრა თავი, წაიქცა და დაგორდა კიბეზე. თვითნაკეთი გუდა ხელიდან გაუსხლტა და, მგონი, გონებაც დაკარგა. ესკალატორი აგრძელებდა სვლას. ქვედა სართულზე ჩაიყვანა, სადაც მოვიდა გონს. ლოყაზე იარით. სურსათის გროვაში. თავი სტკიოდა. ტანით ბეტონზე იწვა, ფეხები ესკალატორზე დარჩენოდა და საფეხურები დაკეცვისას ფეხსაცმლის ქუსლებზე ეთათუნებოდა.

თვალი გაახილა და პირველად შეძრწუნდა ფიქრით, რომ მის დაღმასვლას არ ჰქონდა დასასრული. სიცილი წასკდა და შიში ასე განიქარვა.

– მივემგზავრები ჯოჯოხეთში! – შეჰყვირა. სცადა, ესკალატორების გუგუნიც გადაეფარა, – ჯოჯოხეთის გზაზე ვდგავარ! თქვენ, აქ მოსულნო იმედები დასტოვეთ ყველა![8]

მართლა ჯოჯოხეთში რომ მივდიოდე, – გაიფიქრა, – რაღაც აზრი მაინც ექნებოდა ამ ყველაფერს. ბუნდოვანი, ამოუცნობი, მაგრამ მაინც რაღაცა აზრი.

მაგრამ ვერც შიშს, ვერც ძრწოლას შეეძლო მისი გონების დიდი ხნით დაბინდვა. ასეთი ბუნებისა იყო. ამიტომ მშვიდად მოუყარა თავი ნავაჭრს და გამოკრა ისევ. მხოლოდ ყავის ქილები დატოვა – ხსნადისა გატეხილი იყო, ნალექიანს აქ ვერაფერში გამოიყენებდა მაინც.

სად შეიძლება აღმოჩენილიყო შემდეგ, ამაზე, გადაწყვიტა, არ ეფიქრა, მართლა ჭკუიდან რომ არ გადამდგარიყო.

დაეშვა თავქვე. ისე, თითქოს, განზრახულიც ესა ჰქონდა. გაშალა „ამაოების ბაზარი“ და განაგრძო კითხვა. წიგნში თავჩარგული აღარ დარდობდა უკუღმართ ბედზე და იმ უფსკრულზე, რომელშიც აღმოჩნდა.

235-ე გვერდზე ყველი და დარჩენილი ჟოლოს ტარტი მიირთვა. 523-ზე შეისვენა და ინგლისური ორცხობილის ყუთი და არაქისის კარაქის ქილა გახსნა. ჩაიტკბარუნა პირი.

– ალბათ, ულუფების გამოზოგვა სჯობს.

როგორც უნდა უაზროდ ჩანდეს, ყველაფერს, რაც ახლა მის თავს ტრიალებს, საღი აზრით უნდა შეხედოს. ამ ამოცანას თუ მიუდგება, როგორც გადარჩენისთვის ბრძოლას, შესაძლოა ცოცხალმა და გონებაზე მყოფმა მიაღწიოს მორევის ფსკერს. მის ადგილას ბევრი, კარგა ხანია, ჭკუიდან გადადგებოდა. გაიფიქრა ერთგვარად თავმომწონედაც კი.

სულ უფრო ქვევით კი ეშვებოდა, მაგრამ საღ გონებაზე იყო და სადავეებიც საკუთარ ხელში მოეკრიბა.

აქ არც ღამდებოდა, არც ბნელდებოდა. დაიძინა, როდესაც იგრძნო, ფეხზე ვერ იდგა და საცაა, წაიქცეოდა. თვალები აუცრემლიანდა კითხვისგან და სტრიქონები აქეთ-იქეთ გაურბოდა.

დაიძინა, მაგრამ ესიზმრა, რომ ესკალატორზე იდგა ისევ და დაღმა მიჰყვებოდა.

მოაჯირზე მკლავჩამოდებულს გაეღვიძა და, თურმე, როგორც მთვარეულს არც შეუწყვეტია დაღმასვლა.

სურსათის აბგა სადღაც დაჰკარგოდა. წიგნიც არსად ჩანდა.

თავქუდმოგლეჯით გაიქცა ზემოთ და პირველად წასკდა ცრემლი. წიგნის გარეშე აბეზარ ფიქრებს ვერსად დაემალებოდა. საზარელ ფიქრებს.

რამდენი ვიმგზავრე? რამდენ ხანს მეძინა?

სანამ ესკალატორს თავქვე მიჰყვებოდა, ფეხებს მოესწროთ კარგად დასვენება. ახლა ოცამდე სართული აირბინა, სანამ ღონე გამოელია და მხნეობაც გამოეცალა. მაშინ შეტრიალდა და კვლავ მიჰყვა დინებას – დაეშვა დაღმა.

მოეჩვენა, რომ კიბე უფრო სწრაფად ამოძრავდა. და საფეხურებიც, თითქოს, უფრო მაღალი იყო. თუმცა, რამდენად უნდა მინდობოდა საკუთარ შეგრძნებებს, აღარც ეს იცოდა.

შეიძლება, ჭკუიდან გადავდექი. ან შიმშილმა დამიბინდა გონება, – გაიფიქრა.

ბოლოს ხომ მაინც გამოილეოდა ის საჭმელი, – ასე ინუგეშა თავი, – ადრე თუ გვიან დადგებოდა ეს წამი. ვავი-ვიში საქმეს ვერ უშველის.

გარემოზე დაკვირვებით შეიქცია თავი. იმიტომ არა, რომ რამე ხსნას ეძებდა. უბრალოდ სხვა არაფერი ჰქონდა თავშესაქცევი. კედლები და ჭერი იყო გლუვი და თეთრი ფერის. მცირედ შეფაკლული. ესკალატორის საფეხურები ვერცხლის ფერი, მბზინავი დაკბილული ზედაპირით. ღარები ზედაპირზე თალხი იყო. ნეტავ, ასე დაამზადეს თავიდანვე, თუ ხმარებაში აპრიალდა? კბილები და ღარები თანაბარი სიღრმე-სიმაღლისა იყო. დალაქის სამართებელს მიამსგავსა. ბოლოს საფეხურები იკეცებოდა და ილეოდა იატაკს მიღმა, იმად, რომ წრე დაერტყათ და ესკალატორის დასაწყისში ისევ ამოეყოთ თავი.

აღარსად მიეჩქარებოდა. მეტწილად იდგა მშვიდად მოძრავ კიბეს მინდობილი. მხოლოდ სამი ნაბიჯი დერეფანში (მარცხენა, მარჯვენა, ისევ – მარცხენა) მომდევნო ესკალატორზე რომ შეედგა ფეხი. ალბათ, რამდენიმე ათასი კილომეტრით ჩავიდა ჩაცდა მიწის ზედაპირს. ზუსტ მანძილს ვერ იტყოდა, მაგრამ, უთუოდ, საკმარისად ბევრი იყო, რაღაც რეკორდის მსგავსი. მისალოცი ამბავია. დამნაშავენი გრძნობენ ხოლმე, ალბათ, თავს ასე – ერთდროულად სიამაყითა და ძრწოლვით იგონებენ ყველაზე საზარელ დანაშაულს.

მისი ერთადერთი საზრდო მხოლოდ წყალი იყო შადრევნიდან რიგით ყოველ მეათე სართულზე. საკვები ელანდებოდა. ხან წარმოედგინა, როგორ მიირთმევდა იმ სურსათს, სადღაც გზად რომ დაკარგა. ფიქრობდა თაფლზე და სიტკბოს გრძნობდა პირში. ორცხობილის ქილაში ხსნიდა სუფებს, დამარილებული ხორცის შეკვრიდან ამოჰქონდა ქონი რომ წვნიანში დაემატებინა მეტი სიმსუქნისთვის. თინუსზე ზმანება მთლად გაუსაძლისი იყო, რაკი ამაოდ ეძებდა გასახსნელს. ფეხის დარტყმით თუ დაჭყლეტს ქილას ოდნავ გაიხსნება კი? როგორც ბორბალში ციყვი ასე უტრიალებდა ეს კითხვა თავში და ეძებდა პასუხს.

შემდეგ გაიქცა. დაეშვა თავქვე. კვლავ გადაევლო კიბიდან კიბეს. სწრაფად, სულ უფრო სწრაფად. გაშმაგებით. ისე, როგორც არასდროს აქამდე. სად მიიჩქაროდა? სურსათისკენ მივიჩქარიო – ასე ეჩვენებოდა, ალბათ. თითქოს, ქვედა სართულზე დარჩა. ან, ეგებ, ეჩვენებოდა, რომ ზემოთ არბოდა.

მაგრამ ეს რბოლა დასრულდა ისე უეცრად, როგორც დაიწყო. არაქათი გამოეცალა. ერთბაშად გამოაღწია ძილ-ბურანიდან. ბეტონის იატაკზე იწვა. მტკივან კოჭს ისრესდა ხელით. ფიქრობდა ესკალატორებზე. მათ რაობაზე. ბუნებაზე. მიზანზე. ააგო ფიქრთა ძეწკვი. მაგრამ ცნობიერი აზროვნება და შეუცნობელი რბოლა ორთავ უსარგებლო იყო მისთვის. გონებით ვერ ამოხსნი ამოცანას, რომელსაც პასუხი არ აქვს. ეს თავსატეხი მისი ამოსახსნელი იყო. ესკალატორებს – არ ანაღვლებდათ.

ესკალატორები, შესაძლოა, იყო ერთგვარი სავარჯიშო. სარბენი ბილიკი. როგორც ბორბალი ციყვის გალიაში. თუ ასეა, აქედან გასასვლელი არ არის. თუმცა, ეს მოსაზრება ეწინააღმდეგებოდა მის ცოდნას და წარმოდგენებს სამყაროს შესახებ. ევკლიდეს გეომეტრია თავდაყირა დადგა და ცვლილებებს ითხოვდა, ახალ თეორიასთან მოსარგებად. წრფე, მის სამყაროში, სავარაუდოდ, წარმოადგენდა მარყუჟს.

ამ თეორიას ჩაეჭიდა როგორც ხავსს – თუ ის დაარტყამს წრეს, ისევ დაბრუნდება საწყის წერტილში – „ანდერვუდში“. ან სურსათი სადაც დატოვა – იქ.

ეგებ, უგონოდ მყოფმა, რამდენჯერმე გაიარა კიდეც ეს წერტილი. არ დაუკვირდა. ვერ შენიშნა.

ან, იქნებ, „ანდერვუდის“ საკრედიტო დეპარტამენტი იღებს საგანგებო ზომებს ურჩი მოვალეების წინააღმდეგ? – გაკრა ფიქრმა, მაგრამ მოიშორა, – არა, ეს უკვე გონებრივ აშლილობას ჰგავს.

– თეორიები! – შესძახა, – ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველა თეორიას. ჩემი გზა უნდა გავაგრძელო.

განაგრძო დაღმასვლა. ცდილობდა, სიმძიმე მტკივანი ფეხიდან გადაეტანა.

აბეზარ ფიქრებს დაუსხლტა, თუმცა ისინი არსად წასულან და უკან დაედევნენ. ესკალატორები კვლავ მოძრავ კიბეებად იქცნენ მხოლოდ. მათი ბუნება კი – ოდენ მგზავრის გადაყვანად.

მოეჩვენა, რომ წონაში დაიკლო. ამდენი ხნის განმავლობაში (წვერის სიგრძის მიხედვით, კვირაზე მეტი გავიდა) საკვების გარეშე ყოფნის კვალი დასტყობოდა. არ გაჰკვირვებია. თუმცა, სხვა ახსნაც იყო – დედამიწის ცენტრს მიუახლოვდა, სადაც, როგორც ახსოვდა, ყველაფერი უწონოა.

ასე თუ ისე, რაღაც მიზანია, საითკენაც ისწრაფვის ახლა.

მაგრამ, მეორეს მხრივ, ის კვდებოდა. ამ ამბავს, თითქოს, არ აქცევდა ყურადღებას. არ სურდა აღიარება, მაგრამ არც იმდენად გონდაკარგული იყო, არ შეემჩნია. უბრალოდ, ეს დაკვირვება გადადო გვერდზე და, დროებით, იმედის საბურველი ჩამოაფარა.

ეგებ, ხსნა გამოჩნდეს. ვიღაცამ გადამარჩინოს, – ფიქრობდა.

ეს იმედიც ესკალატორს ჰგავდა – ეშვებოდა დაღმა და ილეოდა.

სიზმარი და სინამდვილე ვეღარ გაერჩია. კიბეზე იდგა და თავქვე ეშვებოდა, მაგრამ არ იცოდა, ფხიზლად იყო, თუ ეძინა და ესკალატორები ესიზმრებოდა. ვერც იმას იტყოდა უტყუარად: „ჯერ ისევ მძინავს“ ან „უკვე გავიღვიძე“.

მოლანდებებიც დაეწყო.

ხედავდა ქალს, ხელში „ანდერვუდის“ ჩანთებით. ეხურა კოხტა პაწია ბერეტი. ესკალატორს ჩამოჰყვა, მაღალი ქუსლების მწყობრი კაკუნით შედგა ქვედა კიბეზე და ისე მიეფარა თვალს, მისთვის არც შეუხედავს.

ძილ-ბურანიდან გამოსული სულ უფრო ხშირად იწვა იატაკზე ქანცგაწყვეტილი და გონებაამღვრეული. შიმშილს ვეღარ გრძნობდა. მიბობღდებოდა ესკალატორთან და კიბეებზე გაწოლილი მიჰყვებოდა თავქვე. მხოლოდ ხელით ეჭიდებოდა, რომ არ დაგორებულიყო.

ფსკერზე, – ფიქრობდა, – როდესაც მივაღწევ ფსკერს… მე…

იქედან, მისი ვარაუდით, დედამიწის ცენტრიდან, წასასვლელი არსად იქნებოდა, მხოლოდ – ზევით. იქ უნდა დახვედროდა ესკალატორების სხვა, აღმავალი მწკრივი. ან, კიდევ უკეთესი – ლიფტი. მთავარია ის რწმენა არ შერყეოდა, რომ მართლაც ფსკერისკენ ეშვებოდა. რომ მართლაც იყო იქ ფსკერი.

ფიქრიც ისეთივე მძიმე და დამღლელი იყო ახლა, როგორც ადრე – სირბილი. შეგრძნებები დაუჩლუნგდა. თითქოს, მარადიულ ბინდში გაეხვია. ეგონა, რომ ჭამდა, ტკივილისგან გამოფხიზლდა – თითებს იკვნეტდა.

შემდეგ მოელანდა, რომ უკვე ფსკერზე იყო. დიდი ოთახი, მაღალი ჭერით. მანიშნებლები იდგა და აღმავალი ესკალატორისკენ უჩვენებდა გზას. მაგრამ ასასვლელზე ჯაჭვი ჩაებათ და აბრა წარწერით:

„არ მუშაობს!

მიმდინარეობს ესკალატორის შეკეთება, გთხოვთ, დაელოდოთ.

გმადლობთ, ადმინისტრაცია.”

გაეცინა.

თინუსის ქილას გასაღები მოუძებნა – თუ ჩააკვეხებს იქ, სადაც ესკალატორის კიბეები იკეცება და ბეტონის იატაკის ქვეშ მისრიალებს ან ქილა გასკდება… ან – ესკალატორი გაიჭედება. თუ ერთი გაჩერდება, ეგებ, ყველა სხვა ესკალატორიც დადგეს?

– ნეტავ, ადრე მომეფიქრებინა, ხომ დავაღწევდი თავს…

მაგრამ მაინც დიდი შვება იგრძნო, ის თავსატეხი რომ ამოხსნა.

აღარაფერს იწონიდა. ბუმბულივით ცოტას. დედამიწის ზედაპირზე ათეული ათასი კილომეტრით ქვემოთ იყო. ან – ასეულით.

კვლავ აგრძელებდა დაღმასვლას.

ესკალატორის ძირში იწვა. თავი ცივ ლითონზე ედო. ხელები – ცხაურზე. ესკალატორის საფეხურები, ერთმანეთის მიყოლებით, მისრიალებდნენ ამ ცხაურის ქვეშ, მის თითებს ეხახუნებოდნენ და ნება-ნება აფლეთდნენ ხორცს. ხანდახან.

ეს იყო ბოლო, რაც დაამახსოვრდა.

©Thomas M. Disch – Descending. Fantastic Stories of the Imagination. Ziff Davis Publication, New York, July 1964
©LV (ქართული თარგმანი, 2022)

Creative Commons License
©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

(1)Chianti – იტალიური ტოსკანური ღვინო კიანტის რეგიონიდან. ტრადიციულად, გამორჩეული ფორმის ბოთლში ასხამენ.

(2)იგულისხმება ეზოპეს იგავი.

(3)მთავარი გმირი ვიქტორ ჰიუგოს რომანიდან “განკიცხულნი”
(4)იგულისხმება ეპიზოდი ლუის ქერალის ნაწარმოებიდან “ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში”

(5)დიში უბრალოდ “ხილის კექსს” ამბობს, მაგრამ თუ კოკლოზინია – კოკლოზინი იყოს. 🙂

(6)მოთხრობა 1965 წელს არის დაწერილი. დღევანდელი ფასებით მიახლოებით 130 დოლარი გამოდის.
(7)ბაქლავას მიირთმევს, მაგრამ რაკი მის გემოვნებაში ერთხელ უკვე ჩავერიე… 🙂 თან ესპრესოს ეკლერი უფრო უხდება. ბაქლავა – თურქული ყავისაა.

(8)დანტე. “ღვთაებრივი კომედია”. კონსტანტინე გამსახურდიას თარგმანი.

___

ავტორის შესახებ:

თომას დიში (Thomas M. Disch) ამერიკელი პოეტი, პროზაიკოსი და ლიტერატურის მკვლევარია. რამდენიმეჯერ იყო ნომინირებული „ჰიუგოსა“ და „ნებიულაზე“. თავად ფილიფ დიქის პრემიის დაფუძნების მოთავე გახდა. ქმნიდა სხვადასხვა ჟანრში. წერდა პიესებს. კომპიუტერული თამაშების სცენარისტიც იყო. ამერიკაში პოპულარული საბავშვო მწერალია.

„დაღმასვლა“ 1965 წლის საუკეთესო საიფაი მოთხრობების კრებულშია შეტანილი.

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: