დახმარების ხელი

ართურ სელინგსი

– დილა მშვიდობისა, ბატონო გრანთ, – შეეგება დოქტორი მაიერი, – მოხარული ვარ, რომ მობრძანდით.

– დილა მშვიდობისა, – ცივად მიესალმა გრანთი და შეთავაზებულ სავარძელში მოთავსდა, – ​​მართალი გითხრათ, სულ არ მიხარია, აქ რომ ვარ.

– მესმის თქვენი, – ღიმილით უთხრა ფსიქიატრმა.

– მაგრამ, რაკი აქ ვარ, მიდით, შეუდექით საქმეს, მკითხეთ, ვეჭვიანობდი თუ არა მამაჩემზე, თუ როგორც არის…

მაიერს ისევ გაეღიმა.

– განა, რა ხელი აქვს თვითმკვლელობის მცდელობასთან?

– არავითარი! სულ არავითარი, მაგრამ, ეგრე არ აკეთებთ ფსიქიატრები? ცდილობთ, რაც შეიძლება ახლართოთ ყველაფერი, რომ საქმე მოგეცეთ… იურისტებიც ეგრე იქცევიან… განაგრძეთ, ვერაფერს გაარკვევთ მაინც. მე კი შემეძლო, მეთქვა, რა მჭირს, მაგრამ რა აზრი აქვს? მაინც ვერ დამეხმარებით… არც მოვიდოდი, სასამართლო განჩინება რომ არა.

მაიერი მოთმინებით უგდებდა ყურს პაციენტს და შეჰყურებდა მშვიდი, თაფლისფერი თვალებით. შემდეგ უთხრა:

– ასეა, ბატონო გრანთ.

– მაგრამ არ გეგონოთ, რაკი სასამართლომ გამომგზავნა, ქველმოქმედებას ველი, – გრანთმა ხმას აუწია და, ლამის, ყვიროდა უკვე, – გამოწერეთ ანგარიში და გადაგიხდით!

– გმადლობთ, – უთხრა მაიერმა, – ნეტავ ყველა თქვენნაირი იყოს, მაგრამ თანხა მთავარი არ არის. თუ მტრად მიმიღებთ, არაფერი გამოგვივა. ნუ მაიძულებთ, ჩემს მოხსენებაში დავწერო, რომ პაციენტმა უარი თქვა თერაპიაზე. ამ შემთხვევაში, ბატონო გრანთ, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაგამწესებენ და ვერაფრით დაგეხმარებთ. ამას კანონის ძალით იზამენ. თქვენივე უსაფრთხოებისთვის. იმედია, გესმით?

გრანთი დიდხანს უცქერდა უხმოდ. კოპებშეყრილი. შემდეგ, სახეზე თრთოლვამ გადაურბინა და ხელებში ჩარგო. დამალა.

როდესაც ხელები ჩამოწია უთხრა:

– მართალი ხართ. სჯობს, მაგ თამაშში გამოგყვეთ. არც ისეთი კერკეტი კაკალი ვარ, როგორც გეჩვენათ.

– არც მიფიქრია. ამას პერსონას ვუძახით – ნიღაბს და ყველა ჩვენგანი მოვირგებთ ხოლმე ხანდახან.

– მაგრამ, თუ სამუდამოდ მოგვეკერა? – ამოიოხრა გრანთმა, – აი, რა მჭირს მე… – და დადუმდა, – უკაცრავად, მგონი, თქვენ უნდა დამისვათ კითხვები.

– მომიყევით, რისი თქმაც გსურდათ, ჩვენ, ფსიქიატრებს, სულაც არ გვიყვარს ყველაფრის დახლართვა, როგორც ბრძანეთ. შეიძლება პრობლემა მართლაც ღრმად იყოს დამარხული, მაგრამ შევეცდები, სათავე ვნახოთ… ასე რომ, განაგრძეთ, ბატონო გრანთ.

– როგორც გენებოთ… მაგრამ ჩემი მონათხრობი დაგანახებთ, რომ ჩემს ნამდვილ მეს ცოტა რამ აქვს საერთო იმ მაგარ ბიჭთან როგორადაც ცოტა ხნის წინ მოგაჩვენეთ თავი, წარმატებულ ბიზნესმენთან, მიზანმიმართულ პიროვნებასთან, როგორადაც მიცნობენ. ეს ყველაფერი ტყუილია. იცით, ვინ ვარ სინამდვილეში? ის, ვინც საკუთარ თავს უღალატა. ვინც მთელი ცხოვრება გაფლანგა ფუჭად.

– ყველა ადამიანი ფასეულია და კვალს ტოვებს, – უთხრა მაიერმა და მაგიდაზე ფურცლებს ჩახედა, – თქვენ ვაჭრობთ სტამბის დანადგარებით – ფრიად სასარგებლო და ღირებულია საზოგადოებისთვის.

– თუ ღმერთი გწამთ! – ხელი აიქნია გრანთმა, – საქმიან ვახშამზე მგონია თავი.

– ტყუილია, განა?

გრანთმა მხრები აიჩეჩა.

– სხვისთვის შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ არა იმისთვის, ვისაც ნამდვილად ღირებულის შექმნა სურდა.

– ვისთვის?

მაგალითად, მისთვის, ვისაც სურდა ყოფილიყო მხატვარი.

– კარგი… მაგრამ, ბატონო გრანთ, შეგრძნება, რომ გზა შეცდომით აირჩიეთ, განა ნებისმიერი გზის არჩევისას არ აგვედევნება ხოლმე?

– ეს უბრალოდ შეგრძნება არაა – ვიცი. და წამით კი არ გამიელვებს და იკარგება, წლებია უკვე არა ცხრება და სულ უფრო ღონივრად მტანჯავს…. ადრე, როდესაც ბიზნესს ვიწყებდი, ბევრი სადარდებელი მქონდა და ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ ახლა, როცა წარმატებას მივაღწიე, დაფიქრების დრო მომეცა და მზარავს ის ყოფა, რომლითაც ვცხოვრობ, უმიზნო, არაფრის მომცემი. წყალსაც წაუღია ეს ყველაფერი! გული მერევა…

მაიერმა თანაგრძნობით დაუქნია თავი.

– ალბათ, ძალიან გინდოდათ მხატვარი ყოფილიყავით, მაგრამ რამ შეგიშალათ ხელი, თუკი ეს სურვილი ასე ძლიერი იყო?

გრანთმა ისევ მხრები აიწურა.

– ყვავილს რა უშლის ხელს კლდეში რომ იხაროს?.. ღარიბი ოჯახიდან ვარ. მე ვიტყოდი – ღატაკიდან. ამან შემიშალა ხელი. მამაჩემი, მეტწილად, უმუშევრად იყო. ხშირად ავადმყოფობდა, ყოველ შემთხვევაში, ეს ჰქონდა მიზეზად. და როდესაც მუშაობდა, მაშინაც მთელ ფულს სასმელში ხარჯავდა, რომ ისევ „ავად“ გამხდარიყო. ნახატი ცარიელი სიტყვა იყო მისთვის. ფუნჯი და საღებავი – ფულის ტყუილი ფლანგვა. დედაჩემი ბევრს შრომობდა, რომ გამოვეკვებეთ, მაგრამ ყველაფერს ვეღარ გასწვდა.

– სკოლა? მასწავლებლები არ გიწყობდნენ ხელს?

– ჰეჰ! კარგი კითხვაა… ალბათ, არასდროს გინახავთ საჯარო სკოლა ქალაქის კმაყოფაზე. ერთი დრომოჭმული რამ, სული ძლივს რომ უჭირავს ისეთ შენობაში. მუდამ შმორის სუნით. გადატვირთული კლასებით და მასწავლებლებით მცირე ანაზღაურებით. ყვავილებს ვხატავდით და სკამებს. მასწავლებელს ხელოვნების აზრი ზუსტი ასლის შექმნა ეგონა…. ჯანდაბა, თვალწინ წარმომიდგა ახლა – ტლანქ შავ ჩექმებში და ცხვირის ნესტოებიდან გამოჩრილი თმით. ყურს აკლდა… ცდილობდა, რაც შეეძლო, მაგრამ მე ის მძულდა. ერთხელ, ყვავილი გამოვსახე, როგორც ვხედავდი და ვგრძნობდი მან კი ერთიანი დამიწერა. ისიც იმაში, რომ ფერი გადმოვიტანე ქაღალდზე ზუსტად. საგანგებოდ აღნიშნა, ფერი რომ არა, ეს ნაჯღაბნი ერთიანსაც არ იმსახურებსო და კლასს აჩვენა. ყველას დასაცინი გავხდი.

გრანთმა ისევ თვალებზე აიფარა ხელი. კანკალს აეტანა.

– ამდენი წელი გავიდა და ჯერ ვერ მომინელებია.

– ბავშვობის იარები ღრმაა, იოლად არ შეხორცდება, – უთხრა დოქტორმა მაიერმა და თბილად გაუღიმა.

– მხოლოდ ეგ რომ იყოს, იოლი იქნებოდა, მაგრამ ამის შემდეგ მიწევდა დამეხატა, როგორც მას სურდა და არასდროს ისე, როგორც მე შემეძლო… გულს ვერ ვუდებდი. არ მსურდა, ჰგონებოდა, თითქოს მოვინანიე და მისი სიმართლე ვაღიარე – ეს ხომ კიდევ უარესი იქნებოდა… სახლში ვაგრძელებდი ნახატს და ვხატავდი, როგორც ვხედავდი. ყოველ ჯერზე ჩავაქსოვდი სულს. რაზე აღარ ოცნებობენ ბავშვები – ზოგს ასტრონავტობა სურს, ზოგს – სპორტსმენობა. ჩემთვის არვის უკითხავს, რა უნდა გამოხვიდეო, მაგრამ ვიცოდი, გავიზრდებოდი და მხატვარი გავხდებოდი. სხვა არაფერზე ვოცნებობდი.

ამოიხვნეშა და, ლამის, ამოაყოლა გული და ის ტკივილიც, რაც სდევდა მთელი ამ წლების მანძილზე.

– სხვა არაფერზე, მაგრამ ვერ შევძელი. სკოლის მერხიდან პირდაპირ სამუშაოს ძებნა მომიწია, რომ ფული მიმეტანა სახლში. კი ვზოგავდი ცოტას, საღებავი, ფუნჯი, ტილო რომ შემეძინა, მაგრამ ყოველთვის გამოჩნდებოდა რაღაც, იმ დროისთვის უფრო საჭირო და მნიშვნელოვანი. თვალსა და ხელს შუა ილეოდა თანხა და დროც არ მრჩებოდა ხატვისთვის. ბოლოს საერთოდ მივაგდე… მაშინ, მგონი, არც ვდარდობდი დიდად. სიღატაკიდან ამოძრომა მჭირდებოდა. თითქოს, სუნსაც კი ვგრძნობდი სიღარიბის, მის გემოს პირში. და ატანა აღარ მქონდა… ასე ვუთხარი ჩემს თავს – ახლა აქედან დავაღწიო თავი და მხატვრობას მოგვიანებით მივუბრუნდები… მაგრამ ვეღარასდროს მივუბრუნდი.

– მაგრამ თქვენ ხომ, – დოქტორმა მაიერმა ისევ ქაღალდებს ჩახედა, – მხოლოდ ორმოცდათოთხმეტი წლის ხართ. სულაც არ არის გვიან. ბოლოს და ბოლოს, არც გოგენი და გრანდმა მოუზესი[1] იყვნენ ყმაწვილები…

– ჰო, მაგრამ წარმოსახვის უნარი დავკარგე. ორმოცი წელი შევალიე ყიდვა-გაყიდვას. მხოლოდ ბიზნესზე ფიქრს. ვყოფილიყავი უფრო გამჭრიახი, უფრო სწრაფი, უფრო შემართული, ვიდრე მეტოქენი – ეს იყო ჩემი დარდი. არ იფიქროთ, არა ვცადე. ვეცადე,

როგორ არა. საათები, დღეები, კვირები შევალიე, მაგრამ – უშედეგოდ. იმას, რაც ორმოცი წლის წინ ჩავიდინე, ვეღარ გამოვასწორებ. მაშინ მომეცა საჩუქარი – შემოქმედებითი ნიჭი, მაგრამ მოვკალი. სხვა გზა რომ ამერჩია, ვიცი, წარმატებას მივაღწევდი და ეს არის ყველაზე გაუსაძლისი. ეს ცოდნა შიგნიდან მღრღნის. ვინმე რომ მყოლოდა გვერდით, შემხვედროდა ვიღაც, ვინც ერთ გამამხნევებელ სიტყვას მაინც მეტყოდა, მეტყოდა, რომ – ღირს… მაგრამ არვინ იყო. პატარა ბიჭისთვის როგორი ძნელია, ოცნებას მიჰყვეს, როდესაც მთელი სამყარო წინააღმდეგია და მაგ სისულელეს გაეშვიო, ეუბნება.

– მესმის, – უთხრა მაიერმა.

– ამიტომ, ვერაფრით დამეხმარებით, – მწარედ ამოიოხრა გრანთმა, – ვერც – თქვენ, ვერც – სხვა. ადამიანს, ვინც საკუთარ თავს უღალატა, ვეღარაფერი იხსნის. სხვას კიდევ შეიძლება დახმარების ხელი გაუწოდო, მაგრამ არა – საკუთარ თავს. შენ ხარ ერთდროულად მკვლელიც და – მსხვერპლიც.

დოქტორი მაიერი სავარძლის საზურგეს მიეყრდნო, ჭერს ახედა. ასე იყო ერთ ხანს და ხმას არ იღებდა.

სიჩუმე ისევ გრანთმა დაარღვია.

– ასეთი ამბავია… თუ გსურთ, რამე სხვა ახსნა მოუძებნოთ, სცადეთ, მაგრამ ვიცი, ზუსტად ასეა, როგორც ვამბობ და ახლა მხოლოდ ერთი გამოსავალი დამრჩა, ის, რაც ვცადე… ვცადე, მაგრამ იმაშიც კი მომეცარა ხელი.

მაიერი ყურადღებით დააკვირდა პაციენტს.

– ვფიქრობ, მართალი ხართ, – უთხრა დინჯად, – პირველ საკითხთან დაკავშირებით, გეტყვით, რომ სუიციდურ მელანქოლიას ბევრად ნაკლები მიზეზებიც იწვევს ხოლმე. მაგრამ რაც ეხება გამოსავალს, შეიძლება სხვა გამოსავალიც იყოს. რას იტყვით, მეორე შანსი რომ მოგცეთ, ყველაფერი გამოასწოროთ?

– ხომ გითხარით, დაგვიანებულია.

ახლაა, დაგვიანებული, დიახ… მაგრამ თქვენ თქვით, რომ ერთადერთი, რაც გჭირდებოდათ მაშინ, გამამხნევებელი სიტყვა იყო. რას იტყვით, იმ დროში რომ დაბრუნდეთ და საკუთარი თავი გაამხნევოთ?

გრანთი მიაჩერდა.

– თუ რაღაც ახალი ყაიდის შოკურ თერაპიას მთავაზობთ – დაივიწყეთ!

– არა, მე გთავაზობთ ზუსტად იმას, რაც გითხარით.

– მაგრამ ეს ხომ ფსიქიატრია აღარ არის. ეს დროში მოგზაურობაა!

– ზუსტად.

– რაღაც ფანტასტიკაა.

— არა, არა – გარწმუნებთ, შემიძლია ბავშვობაში დაგიბრუნოთ.

– დროის მანქანას სად მალავთ? – ჰკითხა გრანთმა დამცინავად და ოთახს მიმოავლო მზერა.

– გჭირდებათ განა მანქანა, დღევანდლიდან რომ ხვალინდელში გადახვიდეთ? თქვენი დროითი წრფე თქვენივე ცხოვრებისეული გამოცდილებაა. განვლილ წერტილში ხელახლა მიბრუნებაც შეგიძლიათ. მე შემიძლია, დაგეხმაროთ. ნარკოზით.

– ნარკოზით?

ფსიქიატრმა თავი დაუქნია.

– კი მაგრამ, წარსულს როგორ შევცვლი? ჩემი სხეული წარსულში ვერ გადაადგილდება, რა ნარკოზის ზემოქმედების ქვეშაც არ უნდა იყოს. აბა, როგორღა შევძლებ რამის შეცვლას?

მაიერს გაეღიმა.

– სამყარო მეტია, ვიდრე მხოლოდ სხეული და მატერია. ეს, ბატონო გრანთ, კარგად უნდა იცოდეთ, განა თავად არ სცადეთ, ყვავილი მისი ფიზიკური იერისგან განსხვავებულად გამოგესახათ? დრო რეალურიც არის და ირეალურიც. შეგვიძლია ვთქვათ, სუპერ-რეალურია. მოგონებებს ხელს ვერ შეავლებ, მაგრამ, განა, რეალურნი არ არიან? იმედები? ხვალინდელი დღის შიში?.. გუშინდელი დღე თუ დღეს სიზმრად იქცა, რა იყო ის გუშინ? ყველაფრის ახსნას ვერ შევძლებ, ერთი რომ, დიდ დროს წაგვართმევს, მეორე, არც მე მესმის ყველაფერი. გთავაზობთ, მენდოთ. სულ ესაა.

გრანთი შეჰყურებდა. თვალი თვალში. ჯერ შიშით, რომ მასხრად იგდებდნენ. შემდეგ – მქრქალი იმედით. ბოლოს – კვლავ შიშით, მაგრამ ეს უკვე სხვა შიში იყო, მოსალოდნელის შიში.

ბოლოს უთხრა.

– დროში მოგზაურობას რაღაც საფრთხეები სდევს, ასე წამიკითხავს… ერთი სტატია მახსენდება, პარადოქსებს აღწერდა… მაგალითად, სხვა გზა რომ ამერჩია წარსულში, დღეს თქვენთან ხომ აღარ მოვიდოდი. და თქვენთან თუ არ მოვიდოდი, ვერც უკან დაბრუნებას შემომთავაზებდით… ჩაკეტილი წრეა!

– სულაც არა. თქვენ უკვე მოხვედით ჩემთან. ახლა თუ დაბრუნდებით უკან, უკუმიმართულებით გაივლით იმ გზას, რომელიც უკვე გამოიარეთ და თუ წარმატებას მიაღწევთ წარსულში, იმ წერტილიდან ახალ გზას გაივლით დღემდე. და ჩვენი შეხვედრა იმ, ძველ წრეზე დარჩება, რომელსაც აღარ გაიმეორებთ.

– და მე, ისეთი, როგორიც ახლა ვარ, ისევ დავბრუნდები აქ? ამას ამბობთ? გამოდის, რომ ორი მე ვიქნები? ის, რომელიც მოვიდა თქვენთან და ის, რომელსაც თქვენთან მოსვლა არ სჭირდებოდა?

– რა თქმა უნდა – არა. თქვენ, ისეთი, როგორიც ხართ ახლა, გადაიქცევით ისეთად, როგორიც უნდა ყოფილიყავით. არსებობს ერთადერთი „მე“… იმ შემთხვევის გარდა, როცა წარსულში მგზავრობისას, საკუთარ თავს შეხვდებით. მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვაქვს

ძალა, შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება. მაშინაც კი, თუ დროის მდინარეს ჩვეულებრივ მივყვებით.

– კი მაგრამ, ბავშვობაში რომ დავბრუნდები და ჩემს ცხოვრებას შევცვლი, განა აწმყოც არ შეიცვლება?.. თუნდაც სულ იოტისოდენით შევცვალო წარსული, აწმყოში, შეიძლება, უზარმაზარი ცვლილებები მოხდეს.

– ეჭვი არ გვეპარება, რომ ძალიან მნიშვნელოვნები ვართ, – თქვა ფსიქიატრმა თითქმის ჩურჩულით, თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებაო, – თითოეულ ჩვენგანს ჰგონია, რომ სამყარო მასზე დგას და მის ირგვლივ ბრუნავს…

– კი მაგრამ პეპლის ეფექტი…[2]

მაიერს გაეღიმა.

– ნუ ღელავთ. არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ბრძოლის ბედი შეიცვლება, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს ცხოვრებას შეცვლით.

გრანთს გაეცინა. მაგრამ მაინც შფოთავდა.

– მეტისმეტად დაუჯერებლად ჩანს… თუ ჩემი მოგზაურობა წარმატებული აღმოჩნდა, ეს ნიშნავს, რომ ვეღარასდროს მნახავთ. ეს ნიშნავს, რომ აღარ დამჭირდება თქვენთან მოსვლა. ეს კი ნიშნავს, რომ თერაპიის საფასურს ვერ გადაგიხდით… აწმყოში მობრუნებულმა, შეიძლება, დედამიწის სხვა ნახევარსფეროშიც ამოვყო თავი. ასე არ არის?

ამჯერად მაიერს გაეცინა.

– აბა, სჯობს, ახლავე გადამიხადოთ…

გრანთმა საბანკო ჩეკი ამოიღო და შეფიქრიანდა.

– კი მაგრამ, იმ სხვა მეს, ალბათ, იგივე ანგარიშიც არ ექნება იმავე ბანკში? თუ – ექნება? ჯანდაბა, თავგზა ამებნა…

– ვიხუმრე, – უთხრა ფსიქიატრმა, – დარდი ნუ გაქვთ, სჯობს, ბედს მივენდოთ… გულწრფელი ვიყო, ეს თერაპია ახალია და მისი გამოყენების შანსი რომ მომეცა, უკვე ჯილდოა ჩემთვის. სასამართლომ ჩემთან რომ გამოგაგზავნათ და არა სხვა ექიმთან, არც ეს ყოფილა შემთხვევით… აბა, რას იტყვით, მზად ხართ?

გრანთი იატაკს ჩააშტერდა. ცერად გაღიმა.

– რაკი ჩეკი ამოვიღე – ნამდვილად მზად ვარ. ჯერ ისევ სულით ხორცამდე ბიზნესმენი ვარ, ჩეკების წიგნაკი ჩემი ბიბლიაა.

– ძალიან კარგი. ახლა ტახტზე წამოწექით და სახელო აიწიეთ.

ყველაფერი ზუსტად ისეთი დახვდა, როგორიც მეხსიერებამ შემოუნახა. სკოლის შენობაც იოლად იცნო, თუმცა, უფრო პატარა ეჩვენა, ვიდრე – ბავშვობაში… მაგრამ, ეს ხომ მოსალოდნელიც იყო. არ გაჰკვირვებია.

ტკბილეულის პატარა მაღაზიასთან შეჩერდა. სკოლის პირს. როგორც ადრე აკეთებდა ხოლმე. ვიტრინიდან იაფფასიანი კამფეტები თავს აწონებდნენ ბრჭყვიალა შეფუთვით. საათს დახედა. ოთხის ოცდახუთი წუთი – ხუთ წუთში დარეკავს სკოლის ზარი… გულმა არ მოუთმინა და მაღაზიის კარი შეაღო.

მოხუცი… დაიცა, რა ერქვა? ჰო, ჰაგერთი, დახლს უკან იდგა. ზმანებას როდი ჰგავს – ნაღდია. შაქარ-ყინული ამიწონეთო, სთხოვა და ელდამ დაჰკრა. ბატონმა ჰაგერთიმაც შენიშნა, უთუოდ და გაოცებული მიაჩერდა მუშტარს, რომელსაც ჯიბიდან მონეტები ამოეღო და ყურადღებით დაჰყურებდა. გრანთმა სათითაოდ გასინჯა და ბოლოს, როგორც იქნა, მიაგნო საკმარისად ძველს, აქ რომ გამოადგებოდა. და ამოისუნთქა შვებით. მონეტებისა და ბანკნოტების დიდი წილი, რაც ჯიბეში ჰქონდა, მოჭრილიც არ იყო ჯერ. ესეც პეპლის ეფექტი, გაიფიქრა.

ამ ჯერზე გაუმართლა. მაღაზიიდან გამოსვლისას პარკში ჩაყო ხელი, შაქარ-ყინულს დასწვდა და პირისკენ გააქანა… ჯანდაბა, წამლის გემო ჰქონდა. ყველაფერი მეტისმეტად რეალური იყო. ნუთუ, ოდესღაც მოსწონდა ეს მძაღე გემო?

სკოლის ზარის ხმას მოსწავლეების ხმაური და ჟრიამული დაედევნა. გამოეფინნენ ეზოში. გრანთი კედელს აეკრა. ჩრდილში. და აქედან შეჰყურებდა მოწაფეების ზვავს, ჭიშკარს რომ მოაწყდა.

ახალგაზრდა ჯიმი გრანთიც გამოჩნდა. სულ ბოლოს. მოდიოდა მარტო და ფიქრებთან ერთად. უფროსმა გრანთმა გაოცებით მიადევნა თვალი – სადმე, ქუჩაში რომ შეხვედროდა ამ ბიჭს, ჩაუვლიდა გვერდით და არც შეჩერდებოდა. ახლაც მხოლოდ იმიტომ იცნო, რომ გაფაციცებული იყო. და კიდევ – მაისურით, რომელიღაც საქველმოქმედო ორგანიზაციის ამანათიდან რომ ერგო. მოაგონდა, თუ როგორ სძულდა ბრილიანტის მწვანე ფერის მაისური. ეს გრძნობა გამოჰყოლოდა წარსულიდან მომავალში და ახლა, უკან მიბრუნებულს, ხელახლა შეახსენა თავი.

გრანთი კედელს მოშორდა.

– მოიცა…

ბიჭი მოტრიალდა.

– დიახ?

გრანთმა ვეღარ მოუყარა სიტყვებს თავი. თითქოს, დაიმორცხვა კიდეც.

– ჰეეეე… ისა…. შეიძლება, გამოგყვე?

ბიჭმა ეჭვით აათვალიერ-ჩაათვალიერა.

გრანთმა ჩუმად შეუკურთხა საკუთარ თავს – ბავშვებს ხომ საგანგებოდ აფრთხილებენ, უცხოებს არ გამოელაპარაკონ. და ის ბიჭი, რომელიც შეტრიალდა ახლა და გზა განაგრძო, სწორედ ასე გააფრთხილა დედამ. და მამაკაცს, რომელიც აედევნა კუდში, კარგად ახსოვდა ეს გაფრთხილება.

– არ შეშინდე, – უთხრა. აღელვებული იყო და ცდილობდა, ჟრუანტელი მოეთოკა, – კამფეტები გინდა?

ბიჭმა დახედა შაქარ-ყინულს. რა უნდა ექნა? იშვიათად თუ ახერხებდა პირის ჩატკბარუნებას.

– მადლობა, – უთხრა, – ესენი განსაკუთრებით მიყვარს.

– ვიცი, – უთხრა გრანთმა და შეცბა. მაგრამ გვიანი იყო ენაზე კბენა.

ბიჭი ისევ ეჭვით მიაჩერდა.

– მეც განსაკუთრებით მიყვარს, ამის თქმა მინდოდა… აიღე კიდევ, გამომართვი… სულ შენ გქონდეს.

– მაგრამ, თუ თქვენც გიყვართ….

– მე არა მიშავს, ვიყიდი კიდევ.

შესახვევს რომ მიუახლოვდნენ, გრანთმა, როგორც იყო, ნახატები უხსენა. შორიდან მოუარა – რითი ხარ გატაცებულიო, ჯერ ეგ ჰკითხა და, უთუოდ, ხატავ კიდეცო, – შეაპარა.

– როგორ მიხვდით? – ბიჭმა გაკვირვებისგან დაჭყიტა თვალები.

– მე… – გრანთმა ისე იგრძნო თავი, თითქოს, ცუღლუტობაში გამოიჭირეს, – ისა… აი… ეგეთი ბიჭი ჩანხარ, შემოქმედი, – უთხრა და თან საკუთარ თავს არწმუნებდა, ტყუილს კი არ ვეუბნები, პირიქით, უსამართლობის გამოსწორებას ვცდილობო.

– მხატვარი ხართ? – ჰკითხა ბიჭმა აღელვებით.

– არა, – უპასუხა უფროსმა გრანთმა. თითქოს, საკუთარი ხმა სადღაც, შორიდან ჩაესმოდა, – არა, მაგრამ ყოველთვის მსურდა, მხატვარი გამოვსულიყავი… და მთელი ცხოვრება ვნანობ, სხვა გზა რომ ავირჩიე.

– რატომ?

– იმიტომ, რომ… იმიტომ რომ, მომეჩვენა, რაღაც სხვა იყო უფრო მნიშვნელოვანი… მაგრამ სინამდვილეში, არაფერია უფრო ფასეული. არაფერი დედამიწაზე. გესმის? მიუხედავად იმისა, რომ რთულია. მიუხედავად იმისა, რას ამბობენ შენზე. მიუხედავად იმისა, რომ დაგცინიან.

– მართლა ასე ფიქრობთ? – ბიჭი აღფრთოვანებული, მადლიერი მზერით შეჰყურებდა.

გრანთი შეჩერდა და სწრაფად მოტრიალდა.

– რა მოხდა?

– არაფერი, – უთხრა და თვალებში ჩახედა, – მაჩვენებ შენს ნამუშევრებს? მინდა, დავათვალიერო.

ბიჭს ღაწვები შეეფაკლა.

– მაგრამ… ნამდვილი ნახატები არ მაქვს… ჯერ დაუმთავრებელია.

– ჰო, ვიცი, შენ ხომ ახლა იწყებ, მაგრამ მინდა ვნახო… ნებას მომცემ?

– მამაჩემია სახლში. უცხო სტუმრები არ უყვარს.

– თავად გამოიტანე რამდენიმე ნახატი. აქ დაგელოდები.

– კარგი, – უთხრა ბიჭმა.

ცოტა ხანში გამოვიდა იღლიაში ქაღალდებით. გრანთმა აიღო. ხელები უცახცახებდა. ეს ფურცლები. თვითგამოხატვის პირველი მცდელობა. ასეთი ძვირფასი და კარგა ხნის წინ მიგდებული. მივიწყებული. განადგურებული. გაცოცხლდა ისევ.

გაშალა ერთი და დახედა.

– ოჰ… – აღმოხდა.

ბიჭი შეკრთა. სახეზე იმედგაცრუება დაეფინა.

ოჰ! – უთხრა გრანთმა და ამ ჯერზე სცადა, სულ სხვა კილო შეერჩია.

სხვა ნახატებსაც გადახედა. არც ისე კარგები იყვნენ, როგორც – მახსოვრობაში შემორჩენილნი. თუმცა, განა ასეც არ უნდა ყოფილიყო? მეხსიერება სინამდვილეს ხომ მუდამ უფრო კაშკაშა ფერებში ინახავს ხოლმე… ბოლოს და ბოლოს, თორმეტი წლის ბავშვის კვალობაზე ურიგო ნახატები სულაც არაა.

– არ მოგწონთ? – ბიჭუნა აფორიაქებული იყო.

– როგორ არა. ჩინებული ნახატები გაქვს, – სწრაფად უპასუხა გრანთმა და სინდისის ქენჯნა წინანდელზე უფრო მწვავედ იგრძნო, ისე, ტყუილში რომ გამოგიჭერენ. გადადო გვერდით და მტკიცედ უთხრა, – უნდა განაგრძო. ნიჭი გაქვს.

ამ დროს ნაცნობი ხმა შემოესმა. დიდი ხნის გარდაცვლილი მამის ლანდი ფანჯარაში. ბიჭმაც გახედა შეშინებულმა.

– რას აკეთებ მანდ?! – გამოსძახა მამა მკვახედ.

– მოვდივარ, – ბიჭი გრანთს გაეცალა.

მამამ ერთი კი შეავლო მზერა მოწკურული თვალებით და სახლში მიიმალა.

– უნდა წავიდე… ნახვამდის.

– ჰო, დროა, – უთხრა გრანთმა. და დაამატა სხაპასხუპით, – მაგრამ დაიმახსოვრე კარგად, რაც გითხარი. ხატვას არ უნდა დაანებო თავი! მპირდები? მპირდები, რომ გააგრძელებ?

– გპირდებით, – თავი დაუქნია ბიჭმა.

და როცა ზღურბლს გადააბიჯა უკვე და ბნელ დერეფანში მიიმალა თითქმის, შემობრუნდა და:

– გმადლობთ ტკბილეულისთვის, – უთხრა.

წავიდა. და მიეფარა თვალს.

გრანთი ერთ წუთს კიდევ იდგა ასე და შეჰყურებდა. შემდეგ მოტრიალდა, გამოჰყვა ქუჩას როგორც ხიდს, გადებულს წარსულსა და ბურუსში გახვეულ მომავალს შორის.

მიაჩერდა დოქტორ მაიერს და დრო დასჭირდა, სანამ გონს მოეგებოდა.

– მაგრამ აქ არ უნდა ვიყო, – აღმოხდა ბოლოს და წამოჯდა… – აჰ… რაღაც ხრიკი იყო.

– არ გიმოგზაურიათ წარსულში?

– ჰმმ… არა… თუ – კი… ეგებ, ვიმოგზაურე კიდეც, მაგრამ არაფერი შეცვლილა, ისევ ისეთი ვარ, როგორც – უწინ.

– დარწმუნებული ხართ?

გრანთი ჩაფიქრდა და თავი დაიქნია.

– მეხსიერება, – უთხრა დოქტორმა მაიერმა, – პასუხი თქვენს მეხსიერებაში მოძებნეთ.

– მოიცადეთ… – გრანთმა ერთბაშად ამოისუნთქა, – კი… ასეა… უცნაური შეგრძნებაა. თითქოს, ერთი და იმავე ამბის ერთბაშად ორი მოგონება მაქვს – ერთი სულ ახალია – შევხვდი სკოლიდან გამოსულ ბავშვს. მეორე კი ორმოცი წლის წინანდელი – გამოვედი სკოლიდან და სრულიად უცხო ადამიანს გადავეყარე… ტკბილეულით გამიმასპინძლდა. ორივე მახსოვს… – ჟრუანტელმა დაუარა, – რა შემზარავი შეგრძნებაა.

– რაც დასტურია, რომ არ იყო ხრიკი, ასე არ არის?

– შეიძლება… არ ვიცი… ნარკოზის ქვეშ საკუთარ თავს ველაპარაკებოდი და ამ დროს შემეძლო ცრუ მოგონებების შექმნა შორეულ წარსულზე, რაც ახლა მართალი მგონია, მაგრამ…

ენით გაისველა ბაგეები. ტკბილი გემო იგრძნო. რაღაც საზიზღარი წამლის გემო.

– აბა?

– არ ვიცი… შეიძლება, მართალი ხართ, მაგრამ, რატომ არ შევიცვალე? ბავშვობის იმ მოგონების გარდა, ისევ ისეთი ვარ, როგორიც ყოველთვის ვიყავი… თითქოს, რაღაც განსხვავებებს კი ვგრძნობ, მაგრამ სულ წვრილმანს… მნიშვნელოვანი რომ შეცვლილიყო რამე, განა, ისევ აქ ამოვყოფდი თავს?

– ერთი პაციენტი მყავდა, – უთხრა ექიმმა მაიერმა, – ელანდებოდა, რომ სდევნიდნენ. თავი ვერშემდგარი გენიოსი ეგონა.

– ეგ რაღა შუაშია ჩემთან?

ექიმს გაეღიმა.

– ვუთხარი, რომ ასეთი რამ შეუძლებელია. ვერავინ იტყვის საკუთარ თავზე: “მე ვერშემდგარი გენიოსი ვარ”. გენიოსის ბუნება წყალივითაა და ქვას აუცილებლად გახეთქავს ბოლოს. არ შეიძლება გენიოსი მუდამ იმედგაცრუებული იყოს.

– მაინც ვერ მოგყვებით, – შეაჩერა გრანთმა, – რისი თქმა გსურთ, რომ იმ გამხნევებამაც ვერ მიშველა?… ოჰ… – ხმა ჩაუწყდა. მიაჩერდა ექიმს და თაფლისფერ თვალებში ჩახედა, – კარგად მახსოვს, ის კაცი დაჟინებით მთხოვდა ხატვისთვის არ დამენებებინა თავი და მეც დავპირდი, რომ გავაგრძელებდი… საკუთარ თავს დავპირდი… ჯანდაბა, – მკლავზე მოჰკიდა ფსიქიატრს ხელი და მოუჭირა, – არა, ეს უნდა გავაკეთო… ერთხელაც ხომ ვერ დამაბრუნებთ უკან?

– შევძლებ, მაგრამ ფიქრობთ, რომ ამ ჯერზე ნამდვილად მოახერხებთ?

გრანთი აწრიალდა. მხრები აიჩეჩა. და ჩაფიქრდა.

– ასე სამყაროს ვერ შევცვლით, – განაგრძო ფსიქიატრმა, – თუნდაც მეორე შანსი მოგვეცეს. ახლა ხომ ხედავთ? ადამიანი კვლავ და კვლავ იგივე შეცდომებს უშვებს. მერე ჯერზეც იმ მცდარ გზას ირჩევს, რაც პირველ ჯერზე აირჩია… მაგრამ, სინამდვილეში, ეს შეცდომები არ არის და არც მცდარი გზებია. ერთადერთია, რისი გაკეთებაც შეგვეძლო.

გრანთმა თავი ასწია.

– ძაფებზე ჩაბმული ტიკინები ვყოფილვართ და თავისუფალი ნება არ გვქონია… მაგრამ თავად არ მითხარით, საკუთარი ცხოვრების შეცვლის ძალა გვაქვსო?

– ძალა გვაქვს. მაგრამ ჩვენივე ბუნებით არის შემოსაზღვრული. და იმ ჩარჩოშია, რომლშიც თავად ჩვენ მოვაქციეთ. როდესაც ამ ზღუდის დაძლევა შეგვიძლია, ის ვერც დაგვიჭერს.

– მგონი, ვხვდები…

გრანთი ფეხზე წამოდგა და ოდნავ შეტორტმანდა.

– თავს როგორ გრძნობთ? – ჰკითხა მაიერმა.

– გულნატკენი და ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, – უთხრა, მაგრამ ამას რომ ამბობდა, ანაზდად გაეღიმა, – უცნაურია, მაგრამ, თითქოს, მაინც სხვაგვარად ვარ გაწბილებული, ისე არა, აქ მოსვლამდე რომ ვგრძნობდი თავს… არ ვიცი, როგორა ვთქვა, მაგრამ, თითქოს, ტვირთი ჩამომეხსნა მხრებიდან. აქამდე ვფიქრობდი, ხელი მომეცარა მაგრამ ეს მაინც ბუნდოვანი გრძნობა იყო. ახლა დანამდვილებით ვიცი, იმიტომ რომ საკუთარ თავს სიტყვა მივეცი და ვერ შევასრულე… ჰო, სიტყვა მივეცი და, თითქოს, ეს უარესია, მაგრამ, რატომღაც, უკეთ ვგრძნობ თავს.

დოქტორმა მაიერმა მხარზე დაადო ხელი.

– დანაშაულის გრძნობისგან გათავისუფლდით, სულ ესაა. ასე გეგონათ, საკუთარი თავისთვის მიცემულ დანაპირებს უღალატეთ და დამნაშავედ გრძნობდით თავს. განცდილი მარცხის გრძნობა გტანჯავდათ. ახლა იცით, რომ იმ დანაპირებს ასრულება არ ეწერა. თავს ზემოთ ძალა არაა.

გრანთს გულიანად გაეცინა.

– თქვენ ეს იცოდით – ამიტომაც არ განაღვლებდათ საფასური. დარწმუნებული იყავით, რომ არაფერი შეიცვლებოდა და ისევ ისეთი და ისევ აქ დავბრუნდებოდი.

დოქტორ მაიერს თაფლისფერი თვალები ეშმაკურად უელავდა.

– დიახ, ვიცოდი. მე გითხარით, რომ ეს თერაპია ახალია. მაგრამ თქვენ არ ყოფილხართ პირველი.

– სხვებთანაც იგივე მოხდა?

ფსიქიატრს გაეღიმა.

– თქვენამდე ერთი იყო მხოლოდ და კი, მასაც თქვენსავით ამბავი დაემართა. იყო ბიჭი, რომელიც ოცნებობდა გამოსულიყო პიანისტი და… ფსიქიატრი გახდა.

©Arthur Sellings – The Outstretched Hand. New Worlds Science Fiction, Volume 28, No. 83, May 1959
©LV (ქართული თარგმანი, 2022)

Creative Commons License©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

(1)ანა მერი რობერთსონი, იგივე გრანდმა მოზესი ამერიკელი მხატვარია. 78 წლისამ დაიწყო ხატვა.
პოლ გოგენზე ხშირად ამბობენ, რომ ხატვა 40 წლისამ დაიწყო, თუმცა ეს მხოლოდ ნაწილობრივ არის სიმართლე. 25 წლისამ დაიწყო ხატვა “თავისუფალ დროს”, 33 წლისამ პირველად გამოფინა ნახატები. 35 წლისამ სხვა საქმეს თავი დაანება და მთელი დრო მხატვრობას დაუთმო.

(2)For Want of a Nail – სელინგსი იყენებს ანდაზას, რომელიც უმნიშვნელო ქმედების მიერ გამოწვეულ დიდ და გაუთვალისწინებელ ცვლილებებს ნიშნავს. მე საი-ფაიში ამ დროითი პარადოქსის მამის, რეი ბრედბერისეული „პეპლის ეფექტით“ ჩავანაცვლე – ბრედბერის მოთხრობაში წარსულში მოგზაურობისას შემთხვევით მოკლული პეპელა მომავალში აშშ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლას იწვევს.

___

ავტორის შესახებ:

ართურ სელინგსი (Arthur Sellings) ინგლისელი მწერლის და ანტიკვარიატით მოვაჭრის, ართურ გორდონ ლეის (Arthur Gordon Ley) ფსევდონიმია. კიდევ სხვა ფსევდონიმებსაც იყენებდა. დღეს, პრაქტიკულად, მივიწყებული სახელია (ყოველ შემთხვევაში, ძალიან მომჭირნედ იგუგლება, რაც მივიწყების უტყუარი ნიშანია). წერდა სხვადასხვა ჟანრში. საი-ფაი მოთხრობებს რეგულარულად აქვეყნებდა ჟანრის მოყვარულთა შორის პოპულარულ და კარგად ცნობილ ჟურნალებში The Magazine of Fantasy & Science Fiction; New Worlds; Galaxy Science Fiction. სამწუხაროდ, სელინგსის სხვა არაფერი მაქვს წაკითხული, მაგრამ ეს მოთხრობა კი დამამახსოვრდა თავის დროზე და იყოს დღეიდან ქართულადაც. მგონი, აქამდე არ უთარგმნიათ და თუ უკვე თარგმნა ვინმემ, იყოს, მაშინ, ჩემეულ თარგმანშიც.

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: