ართურ ქლარქი
– თქვენი თხოვნა ცოტა არ იყოს უჩვეულოა, – უთხრა დოქტორმა ვაგნერმა, თან ხმაში გამოურია (ყოველ შემთხვევაში, ასე იმედოვნებდა) ღირსი სიდარბაისლე, – არ ვცდები, მგონი, პირველი შემთხვევაა, როდესაც ვინმეს ტიბეტური მონასტრის კომპიუტერით აღჭურვა სთხოვეს. არ მინდა, მეტისმეტად ცნობისმოყვარე გამოვჩნდე, მაგრამ მიჭირს წარმოდგენა, ასეთ მანქანას რა სარგებლობის მოტანა შეუძლია თქვენი… როგორა ვთქვა – დაწესებულებისთვის… იქნებ ამიხსნათ, რისთვის უნდა გამოიყენოთ?
– სიამოვნებით, – უპასუხა ლამამ, აბრეშუმის სამოსი შეისწორა და გვერდით გადადო ლოგარითმული სახაზავი, ვალუტის კურსის გამოთვლისთვის რომ იყენებდა, – თქვენი მანქანა, Mark V იოლად ახორციელებს ნებისმიერ არითმეტიკულ გამოთვლას მილიარდების ფარგლებში. თუმცა, ჩვენ გვაინტერესებს ასოები და არა ციფრები, ამიტომ, გთხოვთ, სახე უცვალოთ პროგრამას იმგვარად, რომ მანქანამ ციფრების ნაცვლად ასო-ნიშნების დათვლა შეძლოს.
– მაინც ვერ ვხვდები…
– ეს არის პროექტი, რომელზეც ბოლო სამი საუკუნის განმავლობაში ვმუშაობთ – დღიდან მონასტრის დაარსებისა… თქვენი ყაიდის ადამიანისთვის, უცნაურად ჩანს, მაგრამ შევეცდები, აგიხსნათ, თუკი მზად ხართ, ცრურწმენის გარეშე მომისმინოთ.
– ცხადია…
– სინამდვილეში, ყველაფერი მეტისმეტად მარტივია – ჩვენ გვსურს, შევადგინოთ ჩამონათვალი, რომელიც უფლის უკლებლივ ყველა სახელს მოიცავს.
– უკაცრავად?..
– გვაქვს საფუძველი, გვწამდეს, – განაგრძო ლამამ აუღელვებლად, – რომ თითოეული ამ სახელის გამოსახვა შესაძლებელია არა უმეტეს ცხრა ასო-ნიშნით ჩვენს მიერ შემუშავებული ანბანიდან.
– ამით ხართ დაკავებული სამი საუკუნის განმავლობაში?
– დიახ. და ჩვენი ვარაუდით, სამუშაოს დასრულებისთვის მიახლოებით თხუთმეტი ათასი წელი დაგვჭირდებოდა.
– ოჰ… – დოქტორი ვაგნერი შეცბუნებული იყო და ვერც დამალა, – ახლა ვხვდები, რაში გჭირდებათ ჩვენი მანქანა… მაგრამ გავკადნიერდები და… ამ პროექტის მიზანი რა არის?
ლამას ჭოჭმანი შეატყო და გაიფიქრა: ნეტავ, შეურაცხყოფა ხომ არ მივაყენეო… მაგრამ, როცა პასუხი მოისმინა, ბერის ხმაში წყენის ნატამალი ვერ შენიშნა.
– გნებავთ, უბრალოდ, რელიგიური რიტუალი დაუძახეთ, მაგრამ ეს ჩვენი რწმენის ფუძეა. უზენაესი არსების უთვალავი სახელი: ღმერთი, იეჰოვა, ალაჰი და სხვა, მხოლოდ ადამიანის მიერ შერქმეული თიკუნია. არსებობს ფილოსოფიური პრობლემა, რომლის განხილვა შორს წაგვიყვანს და, მგონი, უადგილოა, მაგრამ ასოთა შორის დამარხულია, რასაც უფლის ჭეშმარიტი სახელები შეგვიძლია, ვუწოდოთ. ასო-ნიშნების თანმიმდევრული მონაცვლეობით გვსურს, ყველა მათგანი ვახსენოთ.
– აჰა… გასაგებია – თქვენ დაიწყეთ ანიდან და გსურთ, ჩახვიდეთ ჰოემდე.
– ზუსტად ეგრე, მხოლოდ ამისთვის საგანგებოდ შექმნილ ანბანს ვიყენებთ… მაგრამ ნიშნების გადაადგილება ძნელი არაა, ბევრად რთულია იმ ალგორითმის შექმნა, რომელიც უსარგებლო კომბინაციებს გამორიცხავს. მაგალითად, ერთი და იგივე ასო არ უნდა განმეორდეს მწკრივში მიყოლებით უმეტეს სამგზისა.
– სამგზის?… უთოდ, ორს გულისხმობთ…
– ვგულისხმობ სამს… და, ვშიშობ, იმის ახსნა, თუ რატომ სამგზის დიდ დროს წაგვართმევს… იმ შემთხვევაშიც კი, ჩვენს ენას რომ ფლობდეთ.
– უეჭველი, ასეც იქნებოდა, – ხელდახელ დაეთანხმა ვაგნერი, – განაგრძეთ, გთხოვთ…
– თქვენი მანქანის ჩვენი ამოცანის შესასრულებლად მორგება, საბედნიეროდ, იოლი მგონია, როგორც კი მისი მუშაობის ალგორითმს შეცვლით, ის ყველა ასო-ნიშანს გადათვლის და ამობეჭდავს შედეგს… ასი დღე ეყოფა იმას, რისთვისაც თხუთმეტი ათასი წელი დაგვჭირდებოდა.
ფანჯრებს მიღმა ხმაურობდა მანჰეთენი, მაგრამ ქალაქის ხმა ვაგნერს ყრუდ ჩაესმოდა. ის შეჰყურებდა ლამას და სულ სხვაგან იყო. ხელთუქმნელი ბუნების სამყაროში. მთებს შორის. სადაც ბერები განმარტოებულ, ცად აზიდულ მონასტერში მოთმინებით შრომობდნენ წლიდან წლამდე, თაობიდან თაობამდე რომ აზრისგან დაცლილი სიტყვები შეექმნათ და დაედოთ ნუსხად… კაცთა მოდგმის სიბრიყვეს საზღვარი არ აქვს… მაგრამ, როგორც არის – არ უნდა გათქვას თავი. კლიენტი ხომ ყოველთვის მართალია.
– დარწმუნებული ვარ, Mark V-ს თქვენი შეკვეთის შესაბამისად გამართვას შევძლებთ… მისი ტრანსპორტირებისა და მონტაჟის ამბავი უფრო მაწუხებს. წელიწადის ამ დროს ტიბეტში მგზავრობა არცთუ იოლია.
– ნუ ღელავთ, შემადგენელი ნაწილები დიდი არ არის და საჰაერო გზით მოწოდება არ გაჭირდება. თქვენი მანქანა შედარებით მცირე ზომის გამოც ამოვარჩიეთ. თუ ინდოეთამდე მოგვაწვდით, იქედან თავად მივხედავთ,
– და კიდევ ჩვენი ორი ინჟინერიც დაგჭირდებათ?
– სამი თვით, პროექტის დასრულებამდე.
– სამი თვე ხანგრძლივი ვადა არაა – ამას მოვახერხებთ, – დოქტორმა ვაგნერმა დავთარი გადაშალა და რაღაც ჩაინიშნა, – სხვა ორი საკითხი რჩება…
მაგრამ სანამ წინადადებას დაასრულებდა, ლამამ ფურცლები გაუწოდა.
– ჩემი საკრედიტო ანგარიში დამოწმებული აზიის ბანკის მიერ.
– გმადლობთ… ყველაფერი…. ჰმ… რიგზე ჩანს… მეორე საკითხი იმდენად უმნიშვნელოა, რომ არც კი ვახსენებდი, მაგრამ უყურადღებობა მცირე დეტალების მიმართ, ისე ხშირად ქცეულა ხოლმე დაბრკოლებად, რომ თადარიგს ვიჭერ – ელექტროენერგიის წყარო თუ გაქვთ?
– დიზელის გენერატორი. 50 კილოვატი, 110 ვოლტი. ხუთი წლის წინ შევიძინეთ და საიმედოა. მონასტერში ყოფაც ბევრად იოლი გახდა, თუმცა, პირველ ყოვლისა, სალოცავი ბორბლების[1] საბრუნი ძრავის ასამუშავებლად გვჭირდება.
– ოჰ, რა თქმა უნდა, – თქვა ექიმმა ვაგნერმა, – მაგდენი აღარ მომაგონდა.
ხედი აივნიდან იყო თავბრუდამხვევი სულის შეძვრამდე, მაგრამ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და ყველაფერმა მოყირჭება იცის. სამი თვის შემდეგ, ჯორჯ ჰენლიმ ექვსასი მეტრის სიმაღლიდან გულგრილად მოავლო თვალი ხეობას, ჭადრაკულად აბიბინებულ მდელოსა და ნადელებს. შემდეგ, ქარისგან თლილი ქვების მოაჯირს დაეყრდნო და მზერა შეუპირა შორეულ მთებს, რომელთა სახელები არ იცოდა და არც არასდროს უკითხავს.
როგორც იქნა, – გაიფიქრა, – დასასრულს მიუახლოვდა ყველაზე გიჟური თავგადასავალი, რაც კი ოდესმე გადახდენია. “პროექტი შანგრი-ლა”, – როგორც ლაბორატორიის ერთი თანამშრომლის მახვილმა გონებამ შეარქვა ამ ყველაფერს. მერამდენე კვირაა, Mark V თხზავს აბდაუბდას. მოთმინებით, აუღელვებლად გადაადგილებს ასო-ნიშნებს მარჯვნივ და მარცხნივ, სანამ ყველა შესაძლო ვარიანტს არ ამოწურავს, რომ გადავიდეს შემდეგზე. შევსებულ ფურცლებს კი საბეჭდი მანქანა ბეჭდავს და ბერები კინძავენ სქელ დავთრებად. რაღაც ეშმაკად, ბერებმა გადაწყვიტეს, რომ ათი, ოცი ან, თუნდაც, ასი ნიშნისგან შემდგარი სიტყვები არ აინტერესებთ. ჯორჯმა არ იცოდა, რატომ. არც აღელვებდა – მთავარია, რომ ერთი კვირაც და ყველაფერი დამთავრდება და მშვიდად დაიძინებს, თორემ საზარელი სიზმარი არ ანებებს თავს, ვითომ მთავარი ლამა (რომელსაც სემ იაფა შეარქვეს, თუმცაკი, ყველას ჰგავდა სემ იაფას[2] გარდა) ბრძანებს, რომ პროექტი გრძელდება. ასე 2060 წლამდე. ჭკუა კი არ დაუშლის.
ხის მძიმე კარი ღრჭიალით გამოაღეს და აივანზე ჩაქი გამოვიდა. განუყრელი სიგარით ხელში, რომლის კვამლმაც ბერების გულებისკენ გაუკაფა გზა – ჩანს, ცხოვრებისეულ მცირე თუ დიდ სიამეთა გემო მათაც კარგად იცოდნენ. ეს ლამები, შეიძლება, შეშლილები იყვნენ, მაგრამ ასკეტებს ვერ დაარქმევდი. ქვემოთ, სოფელსაც ხშირად სტუმრობდნენ…
– ჯორჯ, – ჩაქი აღელვებული იყო, – ცუდი ამბებია.
ჯორჯი დაიზაფრა.
– რა ხდება? მანქანამ აურია? – ეს იყო ყველაზე საშინელი, რაც თავში უცებ მოუვიდა. რაც მის შინ დაბრუნებას შეაფერხებს და, აბა, უარესი რა უნდა იყოს.
რომ გეკითხათ, სიტყვებით ვერ გამოთქვამდა, როგორ გრძნობდა თავს. სატელევიზიო რეკლამაც კი მშობლიური და სანატრელი ეჩვენებოდა ახლა.
– არა, მანქანა წესრიგშია, – ჩაქი მოაჯირზე შემოჯდა, რაც უჩვეულო იყო, რადგან სიმაღლისა ეშინოდა, – გავიგე, რისთვის არის ეს ყველაფერი.
– რაზე ამბობ? მგონი, კარგა ხანია, ვიცით.
– კი, ვიცით, რის გაკეთებას ცდილობენ ბერები, მაგრამ არ ვიცოდით – რატომ. ჰოდა, სრულ ჭკუაზე არ არიან!
– რამე ახალი მაინც გეთქვა, – გაეცინა ჯორჯს.
– მოიცა, ყური მიგდე… მოხუცი სემი გამომიტყდა. ხომ იცი, ჩვევად აქვს, ყოველ შუა დღეს მოდის და ფურცლების ამობეჭდვას ესწრება. ამ ჯერზე, რაღაც მეტისმეტად აფორიაქებული იყო, ყოველ შემთხვევაში, ისე, როგორც არასდროს აქამდე. ვუთხარი, ყველაფერი რიგზეა, თითქმის ბოლოში ვართ გასული-მეთქი და მაშინ მკითხა, თუ იცი, რას ვაკეთებთო. ‘რა თქმა უნდა, არა’ – ვუთხარი და გამანდო…
– მიდი, აბა, გამაკვირვე…
– როდესაც ჩამოთვლიან ღმერთის ყველა სახელს, რომელთა რაოდენობა, მათი დათვლით, მიახლოებით ცხრა მილიარდია, – უფლის ნება აღსრულდება. კაცობრიობა დაასრულებს განვითარების იმ გზას, რისთვისაც შექმნა ღმერთმა და გაგრძელებას აზრი დაეკარგება… ამისი სჯერათ… ჩემი აზრით, რაღაც მწვალებლობაა.
– და რა უნდა ვქნათ ადამიანებმა ბოლოს? თავები დავიხოცოთ?
– საჭირო არაა. როდესაც სია დასრულდება, ღმერთი მოგვევლინება თავად და წერტილსაც თავად დასვამს. აი – ასე!
– თუ სწორედ მივხვდი, როდესაც ჩვენს საქმეს მოვრჩებით, სამყაროს აღსასრული დადგება?
ჩაქს ალმაცერ ღიმილში მოეღრიცა ტუჩი.
– მეც ზუსტად ეგ ვუთხარი სემს და იცი რა მოხდა? ძალიან უცნაურად შემომხედა, როგორც მასწავლებელი უყურებს ოროსან მოწაფეს კლასში. შემომხედა ასე და მითხრა: შენ მაგაზე არ იდარდოო…
ჯორჯი ჩაფიქრდა.
– აი, ამას ჰქვია გონებაგახსნილობა… მაგრამ რა უნდა ვქნათ ახლა? პირადად ჩემთვის ბევრი არაფერი შეცვლილა – აქამდეც ვიცოდი, რომ შეშლილები იყვნენ.
– კი მაგრამ, ვერა ხედავ, რა შეიძლება მოხდეს? როდესაც სია დასრულდება და ბოლო ჟამი არ დადგება, ან რა ჯანდაბის დადგომასაც ელიან – ყველაფერს ჩვენ დაგვაბრალებენ, მანქანა ხომ ჩვენია… შენი არ ვიცი და მე ეს ამბავი არ მომწონს.
– მივხვდი… – უთხრა ჯორჯმა, – მართალს ამბობ… მაგრამ მსგავსი რამ ადრეც მომხდარა. მახსოვს, ჩემს ბავშვობაში, ლუიზიანაში ერთი შლეგი ქადაგი ცხოვრობდა, რომელმაც სამყაროს დასასრული გამოაცხადა. მრევლიც ჰყავდა. ასობით ადამიანი. სახლები გაყიდეს და მთელი ამბები… მაგრამ, როდესაც არაფერი მოხდა, დიდი აურ-ზაური და შეხლა-შემოხლა კი არ მოჰყოლია, როგორც შენ გგონია. იფიქრეს – თარიღი შეეშალა. რაღაც გამოთვლები აერია… და ისევ ისე უგდებდნენ ყურს. შეიძლება, დღემდე უსმენენ, თუ ცოცხალია.
– მიმოიხედე ირგვლივ – ჩვენ ლუიზიანაში არ ვართ. და კიდევ – აქ ორნი ვართ მხოლოდ. ჩვენ ორი და ასობით ბერი… ძალიან კარგი ხალხია, მოხუც სემზე ნამდვილად გული მტკივა, მთელი მისი რწმენა თავზე რომ უნდა ჩამოექცეს… მაგრამ ვისურვებდი, მაგ დროს სადმე სხვაგან ვყოფილიყავი. აქედან – შორს.
– რამდენიმე კვირაა უკვე, მაგას ვნატრობ. მაგრამ ვერაფერს ვიზამთ, სანამ კონტრაქტი არ დასრულდება და თვითმფრინავი არ ჩამოგვაკითხავს წასაყვანად.
– შეგვიძლია… – ფრთხილად თქვა ჩაკმა, – ჩვენ შეგვიძლია, ცოტათი შევაფერხოთ… ასე ვთქვათ, პაწია საბოტაჟი…
– რას როშავ, უარესი იქნება!
– მთავარია, როგორ ვიზამთ. მისმინე, ოთხ დღეში მანქანამ მუშაობა უნდა დაასრულოს. თვითმფრინავი კი ერთ კვირაში მოფრინდება. სულ რამდენიმე დღის ამბავია – ისეთი ხარვეზი უნდა ვნახოთ, რასაც, ცხადია, შევაკეთებთ, მაგრამ აუჩქარებლად. კარგად თუ გამოვთვლით, როდესაც ბოლო სახელს ამობეჭდავს, აეროპორტში ვიქნებით და ვეღარ მოგვწვდებიან.
– არ მომწონს ეგ გეგმა, – უთხრა ჯორჯმა, – ჯერ არ მქონია შემთხვევა, დავალება ბოლომდე არ მიმეყვანოს. გარდა მაგისა, ეჭვს აიღებენ… მირჩევნია, დაველოდო და ვნახო, რა მოხდება.
– შენი გეგმა არ მომწონს! – უთხრა ჯორჯმა შვიდი დღის შემდეგ, როდესაც ორ პონიზე ამხედრებულნი მიუყვებოდნენ ქვა-ღორღიან დაკლაკნილ ბილიკს, – ნუ გგონია, შემეშინდა და გამოვიქეცი. იმ საწყალ მოხუცებზე ვდარდობ. არ მსურს, მათ გვერდით ვიყო, როდესაც აღმოაჩენენ, როგორ ჩაისვარეს. მებრალებიან. სემი ამას ვერ გადაიტანს.
– გაგეცინება, – უთხრა ჩაქმა, – მაგრამ, როდესაც სემს დავემშვიდობე, ასე მომეჩვენა, მიხვდა, რომ გავაცურეთ, მაგრამ არ ანაღვლებდა. იცის – მანქანა წესრიგშია, მუშაობს, სამუშაოს მალე დაასრულებს და შემდეგ… თუმცა, რაღა – შემდეგ. მისთვის ხომ აღარაფერი იარსებებს „შემდეგ“.
ჯორჯმა უკან მოიხედა და გზას გახედა. აქედან ჯერ კიდევ ჩანდა მონასტერი. მკვიდრად ნაშენ, კუთხოვან შენობებს ჩამავალი მზე დადგომოდა. ხომალდს ჰგავდა შორიდან. შუქი მხოლოდ აქა-იქ ენთო. ნათურებს გენერატორი კვებავდა, იგივე რაც – Mark V-ს.
ნეტავ, რა ბედი ეწევა მანქანას? – გაუელვა ჯორჯს, – ნუთუ, განრისხებული ბერები მიადგებიან და გაანადგურებენ? თუ იმედგაცრუებულნი დასხდებიან ჩუმად და თავიდან დათვლიან?
ზუსტად იცოდა, რა ხდებოდა ახლა მთის ფერდობზე. მთავარი ლამა და მისი თანამდგომნი აბრეშუმის სამოსში ისხდნენ და იმ ფურცლებს ათვალიერებდნენ, რომელიც უმცროსმა ბერებმა საბეჭდი მანქანებიდან აიღეს და დიდ დავთრებად შეკრეს. სრული სიჩუმეა. მხოლოდ საბეჭდი მანქანის გაბმული კაკუნი ისმის. Mark V წამში ასრულებს ათას გამოთვლას. უხმოდ. სამი თვე ერთი და იგივე. უწყვეტად. ნებისმიერს გადაიყვანს ჭკუიდან.
– აი, ისიც! – შესძახა ჩაქმა და ხელით ანიშნა ქვემოთ ხეობისკენ, – ლამაზია!
მართლა ლამაზი იყო. ძველი, მოყანყალებული DC3 ასაფრენი ბილიკის ბოლოს. მოვერცხლილ ჯვარსა ჰგავდა. ეს იყო მათი თავისუფლება. ორი საათიც და გაფრინდებიან შორს. ცივილიზაციისკენ. ეს ფიქრი ისეთი ტკბილი იყო, როგორც კარგი ლიქიორი. ჯორჯი უნაგირში ირწეოდა, სანამ მისი პონი აუღელვებლად მიჰყვებოდა თავქვე ფერდობს.
ჰიმალაის მთებში ადრეული დაღამება იცის. მაგრამ გზა კარგი იყო და ფანრებიც ჰქონდათ. ყველაფერი გენიალურად იყო, მხოლოდ ეგაა, სუსხმა მოუსწრო. მოწმენდილ ცაზე გუნდა-გუნდა ვარსკვლავებმა გამოანათა. უამინდობა გაფრენას ვერ შეუშლის ხელს – ჯორჯმა ეს ბოლო დარდიც გადააგდო.
და აღიღინდა. მაგრამ თმადათოვლილმა გოროზმა მთებმა, ყოველი მხრიდან რომ დაჰყურებდნენ, თითქოს არ მოუწონესო ეს აღტყინება. ჯორჯი დადუმდა და საათს დაჰხედა.
– ერთ საათში იქ უნდა ვიყოთ, – შეუძახა ჩაქს, – მანქანა თუ დაამთავრა? მგონი, დროა.
ჩაქმა ხმა რომ არ გასცა, ჯორჯმა მოიხედა. ძლივს გაარჩია მეგობრის სახე. თალხი ცის ფონზე, მთვარესავით თეთრი.
– შეხედე, – ჩაიჩურჩულა ჩაქმა და ჯორჯმა მაღლა აიხედა (ყველაფერს აქვს ქვეყნიერებაზე დასაწყისი და დასასრული[3]).
ერთი მეორის მიყოლებით, ჩოჩქოლის გარეშე ქრებოდნენ ვარსკვლავები.
©Arthur Clarke – The Nine Billion Names of God. Star Science Fiction Stories No.1, 1953
©LV (ქართული თარგმანი, 2021)
©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___
(1)სალოცავი ბორბლები – ცილინდრული ფორმის მბრუნავი დოლაბები ღერძზე, რომლებზეც ლოცვები (მანტრა) არის დაწერილი. ზედ ასევე გამოსახულია რწმენის ცხრა სიმბოლო.
(2)შალომ სემ იაფა – ამერიკელი მსახიობი და მუსიკოსი იყო.
(3)ქლარქი ინგლისურ გამოთქმას There is always a last time for everything იყენებს. მე ნოდარ დუმბაძეს დავესესხე ნოველიდან “ძაღლი”.
___
მთარგმნელის კომენტარი:
ერთ-ერთი კლასიკური ქლარქი. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოთხრობა. „აშშ საი-ფაი და ფენტეზის მწერალთა ასოციაციის“ რჩეული კატეგორიაში „ნებიულას“ დაფუძნებამდე დაწერილი საუკეთესო მოთხრობა. მოპოვებული აქვს „ჰიუგო“ კატეგორიაში ამ ჯილდოს დაფუძნებამდე დაწერილი საუკეთესო მოთხრობა. შეტანილია „საი-ფაის დიდების დარბაზში“ და აზიმოვის მიერ შერჩეულ კრებულში: „1953 წელს გამოქვეყნებული საი-ფაის ჟანრის 15 საუკეთესო მოთხრობა“. ორი ეკრანიზაციაა 2011 წლის შვეიცარიულ-პორტუგალიური Scr1ptum (რეჟისორი მატიას ფრიცშე) და 2018 წლის ფრანგული The Nine Billion Names of God (რეჟისორი დომინიკ ფიოლი).
დღეს, როდესაც მეუფეები, ჯერ რომ არც კი გამოსულა, იმ სმართფონებით მოძრაობენ, კომპიუტერის „უცხოობა“ მონასტერში, ცხადია, ცოტა უცხოდ ჩანს, მაგრამ მოთხრობა 1953 წელსაა დაწერილი. 😉 არც პერსონალური კომპიუტერები იყო ჯერ. და რაც იყო, ის მოდელები ზომით ლამის ნახევარ ოთახს იკავებდა თითო.