ნაშუაღამევს და უფრო გვიან

რეი ბრედბერი

პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანებმა ხიმინჯებისკენ აიღო გეზი. უდროო დროს. როდესაც პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანები სადღაც მიიჩქარიან, ყოველთვის უდროო დროა. მაგრამ ეს დრო უდროო დროებს შორის გამორჩეულად უდროო იყო – შუაღამე კარგად გადასული, მაგრამ გარიჟრაჟის ნიშან-წყალიც არა ჩანდა ჯერ. „აღარ გათენდებაო“ – ბღაოდნენ ზღვის ტალღები და ასკდებოდნენ ჩაღამებულ ნაპირს, „ალბათ, ეგრეაო“ – კვერს უკრავდა სუსხიანი ქარი და წყნარ ოკეანეს სტაცებდა მარილიან შხეფებს, ნისლი კი, რომელსაც შეეფუთა ცა და ვარსკვლავებზე ჩამოემხო თალხი საბურველი, „აღარასდროსო“ ამბობდა ასე. გაავდრებულიყო და ძეხორციელს აქ აღარ დაედგომებოდა. თუ გზააბნეული შემოეხეტებოდა ვინმე, ვერ გაჩერდებოდა ფეხზე დიდხანს. კლდის ქიმზე შეკრებილი მამაკაცებიც ძლივს იმაგრებდნენ თავს. მანქანის ანთებული ფარების შუქზე, ხელის ფარნების შუქს აცეცებდნენ და ისე გრძნობდნენ თავს, როგორც ხაფანგში მზის ჩასვლასა და მზის ამოსვლას შორის, როდესაც ერთი უკვე აღარ ახსოვდათ და მეორეს აღარ ელოდნენ.

ხეზე ჩამოკიდულ სიფრიფანა სხეულს მარილიანი ცივი ქარი არწევდა აქეთ-იქეთ. შეჰყურებდნენ უსასოოდ.

გოგონა იყო. თითქმის უწონო. ასე, ცხრამეტი წლისა. ღია მწვანე სადღესასწაულო კაბა ემოსა, ქურთუკი და ფეხსაცმელი კი სადღაც, გრილ ღამეში მიჰფანტვოდა. ამოვიდა ამ ქედზე, იპოვა ხე, მოიტანა თოკი, გადააგდო ხევზე გაშვერილ ტოტზე, შეკრა მარყუჟი, გაყო თავი და მიენდო ქარს, რომელიც ახლა ჰაერში ათამაშებდა მის სხეულს. თოკი დიდხანს ჭრაჭუნებდა თოკზე ყრუდ. ბოლოს პოლიცია და სასწრაფო დახმარება მოვიდა და ჩამოიღო ზეციდან მიწაზე.

ეული სატელეფონო ზარით, მიახლოებით შუაღამისკენ, ვიღაცამ უთხრა, რა ელოდათ აქ, კლდის ქიმზე, სწრაფად დაკიდა ყურმილი და აღარ დაურეკავს მეტჯერ. გავიდა რამდენიმე საათი და ყველაფერი, რაც პოლიციელებს ევალებოდათ, გააკეთეს და წავიდნენ ისინიც. ახლა მხოლოდ სასწრაფო დახმარების ხალხი დარჩა. ცხედარი უნდა დაესვენებინათ ავტომობილში და წაეღოთ მორგში.

სხეულს ჰფარავდა მიტკალი. იქ იყვნენ: ქარლსონი, რომელიც ოცდაათი წელია სასწრაფოზე მუშაობდა, მორენო, ათი წლის სამუშაო გამოცდილებით და ლათინგი, ვინც ახალი იყო, სულ რამდენიმე კვირის წინ მისული. ამ სამიდან ლათინგი იდგა კლდის ქიმზე, ხელში ეკავა თოკი და თვალს ვერ წყვეტდა ხის შიშველ ტოტს. ქარლსონი მიუახლოვდა. ლათინგმა გახედა და ჩაილაპარაკა, თითქოს – თავისთვის:

– რა შემზარავი ადგილია სიკვდილისთვის,

– ყველა ადგილი შემზარავია, სადაც სული უნდა ამოგხდეს, – უთხრა ქარლსონმა, – წამოდი, შვილო.

მაგრამ ლათინგი არ განძრეულა. გაიწოდა ხელი, ხეს რომ შეხებოდა.

ქარლსონმა თავი გააქნია, ჩაიდუდღუნა:

– მიაშტერდი, აბა, კარგად დაიხსომე რასაც ხედავ.

– რატომ არა?! – ლათინგი შემობრუნდა. მოხუცს მიაჩერდა უსიცოცხლო, ჩამქრალ სახეზე, – საწინააღმდეგო გაქვთ რამე?

– არაფერი. შენსავით ვიყავი მეც, მაგრამ გამოცდილებამ მასწავლა, სჯობს, გულიდან ამოიგდო. უკეთ ჭამ და უკეთ გძინავს… ის, რაც გამოცდილებას მოაქვს – დავიწყების უნარია.

– არ მინდა დავიწყება, – უთხრა ლათინგმა, – ღმერთო ჩემო, რამდენიმე საათის წინ აქ ადამიანი გარდაიცვალა… ის იმსახურებს…

– დაიმსახურა, კი. მაგრამ – წარსულში და არა – აწმყოში. უკეთეს ბედს იმსახურებდა, მაგრამ არ მიეცა. ახლა ღირსეულ დაკრძალვას იმსახურებს მხოლოდ. სხვა აღარაფერი შეგვიძლია მისთვის… გვიანია და ცივა. წავიდეთ. გზაში გვეტყვი, რაც გაწუხებს.

– შენი ქალიშვილი რომ ყოფილიყო…

– ეგენი ჩემთან არ გაგივა, შვილო – ის ჩემი ქალიშვილი არ არის, რაც საგულისხმო ამბავია. არც – შენია, თუნდაც ახლა ისე გრძნობდე, თითქოს – არის. ცხრამეტი წლის გოგოა, არც სახელი ვიცით, არც საბუთი გვაქვს, არც – არაფერი. ვწუხვარ, რომ მოკვდა – გეტყვი, თუკი დაგეხმარება.

– ეგებ, დამხმარებოდა… გულით რომ გეთქვა.

– როგორც არის – არის, ბოდიში…. ახლა კი საკაცეს მოჰკიდე ხელი.

ლათინგი საკაცეს დასწვდა, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა. იდგა და დაჰყურებდა ზეწარგადაფარებულ სხეულს.

– შემზარავი ამბავია, იყო ასეთი ახალგაზრდა და გადაწყვიტო, რომ წახვიდე.

– ხანდახან, – თქვა ქარლსონმა, – მეც გაძლებაზე ვარ…

– ჰო… მაგრამ შენ…

ლათინგმა სიტყვა გაწყვიტა.

– ნუ გერიდება, შვილო, მითხარი, რომ ბებერი ვარ, – უთხრა ქარლსონმა, – თუ ორმოცდაათისა ხარ, ან – სამოცის, მაშინ არა უშავს, ვის დაჰკარგვიხარ? მაგრამ როცა ცხრამეტის ხარ, ყველა ტირის… ჰოდა, ჩემს დაკრძალვაზე ყვავილებით მოსული არ დაგინახო.

– სხვა რამ ვიგულისხმე, – შეცბა ლათინგი.

– სხვას გულისხმობენ, მაგრამ ასე გამოსდით… საბედნიეროდ, კანი გამიუხეშდა და აბჯარივით დავატარებ – აღარ მტკივა… გამოადგი ფეხი.

მიიტანეს საკაცე სასწრაფო დახმარების მანქანასთან. მორენომ საგდულები გახსნა ფართოდ.

– რა მსუბუქია, – თქვა ლათინგმა, – წონა არ აქვს.

– ასეთია ცხოვრების ველური მხარე, ბავშვებო! – ქარლსონი მანქანაში აძვრა. საკაცე შიგნით შეასრიალეს, – ვისკის სუნს ვგრძნობ… ახალგაზრდები სვამთ უზომოდ, ვითომც არაფერიაო… ჯანდაბა, მართლა რა მჩატე ყოფილა. დიდი-დიდი ორმოცი კილო იყოს.

ლათინგმა თოკი ძარის იატაკზე დააგდო.

– ნეტავ, საიდან მოიტანა?

– საწამლავი ხომ არაა, ყველას შეუძლია იყიდოს, – მხრები აიწურა მორენომ, – მიზეზსაც არვინ გკითხავს… საბელსა ჰგავს… ეგებ, წვეულება ჰქონდათ ზღვის ნაპირზე, სადაც მეგობარ ბიჭთან იჩხუბა, მისი მანქანის საბარგულიდან წამოიღო და…

ერთხელაც გახედეს მარტო ხეს, ცარიელ ტოტს, ყური მიუგდეს ფოთლების ჩურჩულს. შემდეგ ქარლსონმა შემოუარა ავტომობილს და მორენოს გვერდით სავარძელში მოკალათდა, ლათინგი კი ძარაში შეძვრა და კარი გამოხურა.

ავტომობილი ნელა დაუყვა დაბინდულ ფერდობს, თითქოს საკუთარი ფარების ათინათს მიდევნებული. იქითკენ, სადაც დუჟმომდგარი ტალღები ბღუილით ასკდებოდნენ ნაპირს და ასველებდნენ თალხ ქვიშას.

ცოტა ხანს ასე მდუმარედ მოძრაობდნენ, შემდეგ ლათინგმა თქვა:

– სხვა სამსახური უნდა ვნახო…

მორენოს გაეცინა.

– დიდხანს კი გაძელი, აი! ფსონს ჩამოვედით, რამდენ ხანს გაძლებდი, მაგრამ რას გეტყვი, იცი, უკან მობრუნდები. მსგავს სამუშაოს ვერსად ნახავ. ყველა სხვა სამუშაო მოსაწყენია. კი ბატონო, ხანდახან რწყევას ვერ იკავებ, ფიქრობ მეტი აღარ შეგიძლია, გაქცევაზე ხარ, მაგრამ გადაგივლის და ისევ რჩები… ნაცნობი ამბავია. მეც გამოვიარე ეგენი და აგერ, ჯერ ისევ აქ ვარ.

– შენ შეგიძლია, – უთხრა ლათინგმა, – მე კი მეყო. ყელში ამოვიდა. ბოლო რამდენიმე კვირა ისეთები ვნახე… ​​მაგრამ აი, ეს უკვე ნამდვილად ბოლო წვეთია! ცუდად ვარ. გული მერევა მართლა. საკუთარი თავის, ან კიდევ უარესი – თქვენი გულგრილობის გამო.

– ვისი გულგრილობის?

– თქვენ ორის!

მორენომ ამოიხვნეშა.

– ერთიც ხომ არ მოვუკიდოთ, ქარლი?

ქარლსონმა ორი სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა და ერთი მორენოს მიაწოდა, რომელმაც გამოართვა, მოქაჩა კვამლი ხარბად. თან თვალები აუციმციმდა. ტალღების ხმაურში მიჰყავდა მანქანა.

– იმიტომ მხოლოდ, რომ არ ვყვირით, არ ვტირით და თავში არ ვიცემთ ხელებს?

– თქვენი თავში ხელების ცემა არ მჭირდება!.. ადამიანური სიტყვა მინდა. მინდა, ცოტა გეტყობოდეს, რომ საყასბოში არ ხარ… თუ მეც თქვენნაირი უნდა გავხდე – გულცივი, უგრძნობელი, უსიცოცხლო, სქელკანიანი…

– უგრძნობელი არ ვართ, – უთხრა ქარლსონმა მშვიდად. ჩაფიქრდა და დაამატა, – ჩვენ შეგუებულები ვართ.

– შეგუებულები… ჯანდაბა, მალე კი სულ მთლად გულგაქვავებულები იქნებით.

– ნუ გვასწავლი, შვილო, რა ვიქნებით, როცა არც კი იცი, როგორები ვართ… აბა, ექიმებმა რა თქვან? პაციენტთან ერთად თუ დაიმარხა თავი, რა ექიმი იქნება. და თუკი ეგრე მოიქცა ყველა, ცოცხლებს ვიღამ უმკურნალოს? საფლავში ნუ მიჰყვები, შვილო, მანდ ხეირი არაა.

ხანგრძლივი დროით სიჩუმე ჩამოწვა. ისევ ლათინგმა ამოიღო ხმა. ამ ჯერზე საკუთარ თავს ელაპარაკებოდა.

– ნეტა, რამდენ ხანს იყო კლდეზე ასე მარტო? ერთი საათი, ორი? როგორია, როცა ზემოდან დაჰყურებ ნაპირზე მოფუსფუსე ხალხს? აგიზგიზებულ კოცონს? და იცი, ცოტაც და ამ ყველაფერს ქარს გაატან. დაუსვამ წერტილს. წვეულებაზე იყო. ცეკვავდა. შემდეგ მეგობარ ბიჭს დაშორდა… იმ ბიჭს ხვალ ამოცნობაზე დაუძახებენ… რას იგრძნობს, ნეტა?… კიდევ კარგი, მე რომ არ ვარ.

– არაფერს იგრძნობს… არც კი მოვა, – უთხრა ქარლსონმა და სიგარეტი საფერფლეში ჩააქრო, ცერა თითით ღრმად ჩატენა, – ალბათ, დარეკვითაც მან დარეკა. მან იპოვა პირველმა, მანვე დარეკა და ეგრევე მიიმალა… ნიძლავსა ვარ, გოგოს ფრჩხილადაც არ ღირს. ერთი მუწუკებიანი ტიპი იქნება, მუდამ ნასვამი და პირიდან მყრალი სუნით… ღმერთო, ამ გოგოებს იმდენი ჭკუა მისცა, ღამე მაინც რომ გადაატარონ.

– ეგრეა, – დაუმოწმა მორენომ, – დილით ყველაფერი სხვაგვარად ჩანს.

– სცადე აბა, შეყვარებულ გოგოს უთხარი ეგ, – თქვა ლათინგმა.

– კაცი მაინც სხვა ბუნებისაა, – განაგრძო ქარლსონმა და ახალ სიგარეტს მოუკიდა, – წავა და დალევს. იტყვის, ჯანდაბამდის გზაც ჰქონია – ქალის გამო თავის მოკვლა არ ღირს.

კვლავ ჩამოწვა სიჩუმე. გზას აგრძელებდნენ ჩაბნელებულ სახლებს შორის, სადაც ერთი-ორგან თუ ბჟუტავდა ეულად შუქი. გვიანი იყო.

– ეგებ, ბავშვზეც ოცნებობდა, – თქვა ისევ ლათინგმა.

– კი… ხდება ხოლმე.

– ბიჭმა მიატოვა, ამან კი თოკი აიღო და ავიდა კლდეზე… განა ეს სიყვარულია?! – შესძახა ლათინგმა.

– ეგ… – უთხრა ქარლსონმა, თან თვალმოჭუტულმა სიბნელეს გახედა, – ეგეც სიყვარულია. არ ვიტყვი – როგორი.

– გეთანხმები, შვილო, – უთხრა მორენომ, – შენთანა ვარ… იმას ვამბობ, რომ გულს უხარია, როცა იცი, ამქვეყნად ვიღაცას ასე ძლიერ უყვარს.

მანქანა სიჩუმეში მიიწევდა წინ კლდეებსა და დამცხრალ ტალღებს შორის. ფიქრები მოეძალათ. შეიძლება, იმ ორს გაახსენდა მათი ცოლები, მძინარე ბავშვები, სახლები პატარა ბაღით, ან, ის მოაგონდათ, წლების წინ როგორ მოდიოდნენ აქ, კლდოვან სანაპიროზე, სვამდნენ ლუდს, კოცნიდნენ გოგონებს, იწვნენ ლეიბებზე გიტარით ხელში და მღეროდნენ რაღაცას… მაშინ ეგონათ, ალბათ, რომ წინ მთელი ცხოვრებაა, უკიდეგანო, როგორც ეს ოკეანე. ან, იქნებ, სულაც არ ფიქრობდნენ ამაზე. ლათინგი შეჰყურებდა ორი უფროსი კოლეგის კისერს. ნეტავ, თუ ახსოვთ პირველი კოცნა? მარილიანი გემო ბაგეზე? როგორ დახტოდნენ გამძვინვარებული ხარებივით ქვიშიან ნაპირზე, ბღაოდნენ ვნებისგან და ცა არ მიაჩნდათ ქუდად?

ლათინგი ყურს უგდებდა სიჩუმეს და გრძნობდა, რომ – კი, ეს გვიანი ლაპარაკი, ეს ღამე, ეს ქარი, კლდეები, ხე და თოკი… მათ გულებსაც მისწვდა. ამ ამბავმა ისინიც შეძრა. მათაც შეეხო. მოაგონა ცოლები, რომლებიც დატოვეს აქედან შორს, თბილ საწოლებში, ვინც ახლა ასე ანაზდად, დაუჯერებლად მიუწვდომელნი იყვნენ, სანამ მათი ქმრები მარილით მოფენილ გზაზე მიქროდნენ სასწრაფო დახმარების მანქანით, დაღამებასა და გათენებას შორის გამოკიდულნი. თან მიჰქონდათ საკაცეზე დასვენებული კაფანდარა სხეული და გადაჭრილი, გრძელი თოკი.

– მისი მეგობარი ბიჭი, – თქვა ლათინგმა, – ხვალ საღამოს სხვასთან ერთად იცეკვებს – აი, ეს ფიქრი მგლეჯს გულს.

– რომ ვნახო, სიამოვნებით გავუერთიანებდი თავ-ყბას, – თქვა მორენომ.

ლათინგმა ზეწარი ასწია და დახედა.

– ამ ასაკში გოგოებს ისეთი გიჟური ვარცხნილობები უყვართ, ხოლმე, ხვეული, მაგრამ მოკლედ შეჭრილი… და კიდევ ჭარბად მაკიაჟი… ძალიან…

ხმა ჩაუვარდა.

– რა თქვი? – ჰკითხა მორენომ.

ლათინგმა კიდევ მეტად გადახადა ზეწარი, დააკვირდა. არაფერი უთქვამს. მხოლოდ შარი-შურის ხმა ისმოდა.

ლათინგს თავადაც მიტკლის ფერი ედო.

– ოჰ… ის… – ჩაიჩურჩულა ბოლოს, – ოჰ…

მორენომ შეანელა მანქანა და გამოხედა.

– რა ამბავია, შვილო?

– რაღაც ვნახე… – უთხრა ლათინგმა, – კი მეეჭვებოდა… ეს მაკიაჟი და თმაც… და…

– რა?

– ღმერთო ჩემო, – ჩაილაპარაკა ლათინგმა, ისე, მოკუმული ტუჩები არც გაუხსნია, თითქოს. მძიმედ აღმართა მკლავი. ხელისგული სახესთან მიიტანა და ჩამოისვა. უნდოდა სიბნელეში ეგრძნო, რა გამომეტყველება ჰქონდა ახლა, – გინდა, გაცინოთ?

– მიდი, აბა, – უთხრა ქარლსონმა.

მორენომ კიდევ მეტად უკლო სიჩქარეს.

– ეს ქალი არ არის… გოგო არ არის… მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ საერთოდ არ არის ქალი, გაიგეთ?

სასწრაფო დახმარების მანქანა თითქმის გაჩერდა.

რიჟრაჟდებოდა. ქარმა ზღვის შხეფები შემოყარა ავტომობილის ფანჯარაში, როცა წინა სავარძლებში მსხდომნი შეტრიალდნენ და უკან, საკაცეზე დადებულ სხეულს დააშტერდნენ.

– თქვენ მითხარით, – თქვა ლათინგმა, ისე ჩუმად, რომ ძლივს გააგონა, – ახლა როგორ ვგრძნობთ თავს? უკეთ? თუ – უარესად?

ხმა არვინ გასცა.

გარეთ ტალღები უდარდელად ხტოდნენ ქვიშაზე.

©Ray Bradbury – Long after midnight. Knopf, NY, 1976
©LV (ქართული თარგმანი, 2021)

Creative Commons License©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

მთარგმნელის კომენტარი:
მოთხრობების კრებული „ნაშუაღამევს და უფრო გვიან“ (Long After Midnight) რამდენიმე ძველი და ახალი ნაწარმოებისგან შედგება. ამავე კრებულიდანაა „ცისფერი ბოთლი“, რომელიც ვთარგმნე და ავტვირთე. ეს „ოდნავ სხვა“ ბრედბერის კრებულია. სენტიმენტალური. სევდიანი. და შიგადაშიგ – არასაიფაი. წიგნი ბრედბერიმ უძღვნა უილიამ ნოლანს – „საოცარ კოლექციონერს, ფანტასტიკურ მკვლევარს და ძვირფას მეგობარს“. ნოლანი ამერიკელი მწერალი, კრიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნეა. წაკითხული არ მაქვს, მაგრამ ღირსი რომ არ ყოფილიყო, ბრედბერი წიგნს არ მიუძღვნიდა. 🙂

კრებული 1977 წლის World Fantasy Awards-ზე იყო ნომინირებული, თუმცა მწერალ ქირბი მაქოლისთან დათმო. მაგიერ ბრედბერიმ გაიმარჯვა კატეგორიაში „გამორჩეული მიღწევებისთვის“.

___

Milestone v.2

თუ მეოცე იყო შექლი (არ დამითვლია წინასწარ და შემთხვევით გამოვიდა ასე) ბრედბერი 25-ე მოთხრობაა ბლოგზე და ამ ჯერზე საგანგებოდ შევურჩიე რიგი.

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: