ალფრედ ბესთერი
ეს ომი არ ყოფილა უკანასკნელი. არც ის ომი ყოფილა, ყველა სხვა ომს რომ დაასრულებს. ეს იყო ომი ამერიკული ოცნებისთვის. ასე დაარქვეს. ეს სახელი გენერალ ქარფენთერს მოაფიქრდა და მას შემდეგ დაუსრულებლად იმეორებდა.
არსებობენ საბრძოლო გენერლები (ჯარი მათ გარეშე ვერ იარსებებს), პოლიტიკოსი გენერლები (მართვა მათ გარეშე შეუძლებელია) და საზოგადოებასთან ურთიერთობის გენერლები (მათ გარეშე ომს ვერ წარმართავ). გენერალი ქარფენთერი საზოგადოებასთან ურთიერთობის დიდოსტატი იყო. გულწრფელი და გულმხურვალე. მისი იდეალები კი – ისეთივე აღმატებული და მარტივი, როგორც დევიზი ფულის ბანკნოტზე. ამერიკელთათვის გენერალი ქარფენთერი იყო ჯარიც, მმართველობაც, ერის ფარიც, ხმალიც, აბჯარიც და მტკიცე მარჯვენაც. ამერიკული ოცნება იყო მისი იდეალი.
– ჩვენ არ ვიბრძვით ფულისთვის, არ ვიბრძვით ძალაუფლებისთვის ან – მსოფლიო ბატონობისთვის, – განაცხადა გენერალმა ქარფენთერმა პრესის წარმომადგენლებთან საზეიმო ვახშამზე.
– ჩვენ მხოლოდ ამერიკული ოცნებისთვის ვიბრძვით, – თქვა მან 162-ე მოწვევის კონგრესის სესიაზე.
– ჩვენი მიზანი არ არის ძალადობა ან ერების დამონება, – თქვა მან უესთ ფოინთის ოფიცერთა ყოველწლიურ სადილზე.
– ჩვენ ვიბრძვით ცივილიზაციის სახელით, – განუცხადა მან სან ფრანცისქოს სკაუტთა კლუბს.
– ჩვენ ვიბრძვით ცივილიზაციის მონაპოვართა დასაცავად: კულტურისთვის, პოეზიისათვის, იმისთვის მხოლოდ, რისი დაცვაც ღირს, – უთხრა მან ჩიქაგოელ ფერმერებს ხორბლის ბირჟაზე ვაჭრობის დაწყების წინ.
– ეს არის ომი გადარჩენისთვის, – თქვა მან, – ჩვენ არ ვიბრძვით საკუთარი თავისთვის, ჩვენ ვიბრძვით ოცნებებისათვის, ჩვენ ვიბრძვით ყოველივე საუკეთესოსთვის ჩვენს ცხოვრებაში, რაც არასდროს უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა.
და ამერიკა იბრძოდა. გენერალმა ქარფენთერმა ასი მილიონი ჯარისკაცი მოითხოვა. და მისცეს ასი მილიონი ჯარისკაცი. გენერალმა ქარფენთერმა ათი ათასი ბირთვული ქობინი მოითხოვა. და ათი ათასი ატომური ბომბი ჩამოაგდეს მტრის ქალაქებზე. მაგრამ მტერმაც ჩამოაგდო ათი ათასი ატომური ბომბი და ამერიკის ქალაქების უმეტესობა გაანადგურა.
– ამ ბარბაროსებისგან თავდასაცავად ბომბსაფრები უნდა ავაგოთ, – თქვა გენერალმა ქარფენთერმა, – ათასი ინჟინერი მჭირდება.
მიუყვანეს ათასი ინჟინერი და ასი მიწისქვეშა ქალაქი ააგეს ნანგრევებს ქვემოთ.
– მომეცით ხუთასი სანიტარული ექიმი, რვაასი საგზაო მენეჯერი, ორასი კონდიცირების სპეციალისტი, ასი ქალაქის თავი, ათასი კომუნიკაციის ექსპერტი, შვიდასი პერსონალის მართვის მენეჯერი…
გენერალ ქარფენთერის ჩამონათვალს ბოლო არ უჩანდა. ამერიკამ აღარ იცოდა, საიდან მოეყვანა ამდენი ხალხი.
– ჩვენ უნდა გავხდეთ ექსპერტების ერი, – ასე მიმართა გენერალმა ქარფენთერმა ამერიკის უნივერსიტეტების ეროვნულ ასოციაციას, – ყველა მამაკაცი და ყველა ქალი ზუსტი დავალების შემსრულებელ იარაღად უნდა ვაქციოთ და თქვენ უნდა გაწვრთნათ ისინი და მისცეთ საჭირო ცოდნა, იმისთვის რომ ამერიკული ოცნებისთვის ომში გავიმარჯვოთ.
– ჩვენი ოცნება, – განაცხადა გენერალმა ქარფენთერმა უოლ სთრითელ ბანკირებთან საუზმის დროს, – იმ მისწრაფებათა ტოლია, რომელიც ჰქონდათ ელინებს ათენიდან და კეთილშობილ რომაელებს… ჰმ… რომიდან. ეს არის ოცნება ცხოვრების მშვენიერებაზე: მუსიკისა და ხელოვნებაზე, პოეზიასა და კულტურაზე. ფული არის მხოლოდ იარაღი, ამ ოცნებისთვის ბრძოლაში. ამბიცია არის მხოლოდ კიბე, ამ ოცნებას რომ შევწვდეთ. ყველა ჩვენი უნარი მხოლოდ იარაღია, ამ ოცნების მოსაპოვებლად.
უოლ სთრითმა ტაში დაუკრა. გენერალმა ქარფენთერმა კი მოითხოვა ას ორმოცდაათი მილიარდი დოლარი. კიდევ თხუთმეტი ათასი დოლარი წელიწადში ერთ სულზე. და სამი ათასი სპეციალისტი მინერალოგიის, პეტროლოგიის, მასობრივი წარმოების, ქიმიური იარაღის და საჰაერო მიმოსვლის. რაც ითხოვა, ყველაფერი მისცეს. ქვეყანა საუკეთესოდ იყო მზად. გენერალი ქარფენთერის ღილაკზე თითის დაჭერა და ნებისმიერი დარგის მცოდნე ადგილზე იყო.
ჩვენი წელთაღრიცხვის 2112 წლის მარტში ომმა კულმინაციას მიაღწია და ამერიკული ოცნების ბედიც გადაწყდა… მაგრამ ის არ გადაწყვეტილა შვიდი ფრონტიდან ერთ-ერთზე, სადაც მილიონობით ჯარისკაცი გააფთრებულ ბრძოლაში იყო ჩაბმული. არც სადმე სამხედრო შტაბში, ომში ჩაბმულ რომელსამე დედაქალაქში. არც საწარმოო ცენტრში, სადაც იარაღს ამზადებდნენ. ამერიკული ოცნების ბედი გადაწყდა შეერთებული შტატების სამხედრო ჰოსპიტლის T პალატაში, მიწისქვეშ, ასი მეტრის სიღრმეში. იქ, სადაც მიწისზედ ოდესღაც ნიუ იორქის სენთ ალბანზი[1] იყო.
პალატა T იყო რაღაც იდუმალი… სენთ ალბანზის ჰოსპიტალში, ზუსტად ისე, როგორც ყველა სხვა სამხედრო ჰოსპიტალში, ნახავდით საგანგებო პალატებს სხვადასხვა სახის იარებისთვის. მაგალითად, მარჯვენა მკლავში დაჭრილები ერთ პალატაში მკურნალობდნენ და მარცხენა მკლავში დაჭრილები მეორეში. კიდევ იყო დამწვრობის, თავის ჭრილობების, მუცლის ღრუს იარების, რადიაციული დასხივების პალატები და ასე შემდეგ. არაჩვეულებრივი წესრიგი სუფევდა და ყველა თავ-თავის ადგილას იყო გამწესებული. არმიის სამედიცინო კორპუსმა საბრძოლო ჭრილობები ცხრამეტ სახეობად დააჯგუფა, რომელმაც ტვინისა და სხეულის ყველა შესაძლო დაზიანება მოიცვა. და ყველას მიანიჭა მისი ასო. ანიდან სანიმდე. საიდან გაჩნდა, აბა, ეს T?
არვინ იცოდა. პალატის კარი საგულდაგულოდ დაეკეტათ და მნახველებსაც არ უშვებდნენ. არც პაციენტებს ჰქონდათ გარეთ გამოსვლის უფლება. მხოლოდ ექიმები მოდიოდნენ და – მიდიოდნენ. თავს იქნევდნენ და რაღაცას დუდღუნებდნენ გაუგებრად, რამაც უამრავი მითქმა-მოთქმა წარმოშვა. მედდებსაც სიტყვა ვერ დააცდენინეს, თუ რა ხდებოდა იმ პალატაში.
ჭორებს კი ერთიმეორეზე დაუჯერებელს გაიგებდი. დამლაგებელი, მაგალითად, იმას ამტკიცებდა, პალატა T ცარიელიაო. ორი ათეული საწოლი და არაფერი – სხვა. ზოგი საწოლი აშლილი იყო, თეთრეული – დაჭმუჭნული. აშკარაა, ზედ ვიღაც იწვა. სხვა ნიშან-კვალი? კი, პირადი ნივთები ეწყო მაგიდებზე, მაგრამ – მტვერი ედო. თითქოს, არვინ ხმარობდა.
ალბათ, T იყო მოჩვენებების პალატა. ამაზე შეჯერდნენ.
ამ დროს იყო, ღამის მორიგემ ჩაკეტილ პალატასთან რომ გაიარა და შიგნიდან სიმღერის ხმა შემოესმა. რა ენაზე მღეროდნენ? ვერ ამოიცნო – რაღაც გაუგებრად… ზოგიერთი სიტყვა თითქოს ასე ისმოდა: თეთრი თრითინა ბლის ხიდზე მოწმედ მოიყვანაო…
ამის გაგონებაზე მოჩვენებების ვერსია ჯაშუშების ვერსიამ გადაწონა.
მაგრამ ცხელ-ცხელი ცნობები უკვე მზარეულებმა მოიტანეს. პალატა T-ში ოცდაოთხი ულუფა მიჰქონდათ, დღეში სამჯერ. ოცდაოთხივე გამოჰქონდათ უკან. როგორც წესი – ხელუხლებელი. ოდნავ თუ მოციცქნიდა ვინმე. ეგეც – ხანდახან.
მაშინ გადაწყდა, რომ ამ ყველაფერს დიდი ყალთაბანდობის სუნი სდიოდა. დეზერტირები მექრთამეებს გაურიგდნენ და ყველა გააბრიყვეს… ეგეც თქვენ თეთრი თრითინა ვინც ბლის ხიდზე მოიყვანეს მოწმედ…
ჭორების გამოგონება რა საამაყოა, მაგრამ საავადმყოფო ამ მხრივ ქალაქის ნებისმიერ სამკერვალოს უკან ჩამოიტოვებს. პაციენტების აყოლიება კი სულ იოლია. რაღაც სამიოდ თვე გავიდა და მითქმა-მოთქმა ნამდვილ აღშფოთებად გადაიქცა. 2112 წლის იანვარში, სენთ ალბანზი კოხტა, საათივით გამართული, კეთილმოწყობილი ჰოსპიტალი იყო. 2112 წლის მარტში კი უკვე ზუზუნებდა, როგორც ფუტკრების სკა. ისეთი ამბავი იყო, ოფიციალურ დოკუმენტებიშიც ვერ დამალეს: გამოჯანმრთელების პროცენტი თავქვე წამოვიდა, თავს რომ იმკვდარუნებენ იმ თაღლითი პაციენტების რაოდენობა კი – ზევით. წვრილმანმა დარღვევებმაც იმატა და, საცაა, ჯანყიც დაიწყებოდა. პერსონალის გამოცვლა სცადეს. კიდევ. და – კიდევ. მაგრამ არ უშველა. პალატა T-ს საიდუმლომ მთელი ჰოსპიტლის მუშაობა მოშალა და ამას პერსონალის შეცვლა რაღას უშველიდა.
შუბი ხალათში არ დაიმალებაო და ბოლოს ყველაფერმა გენერალ ქარფენთერის ყურამდე მიაღწია. ყურამდე კიარა და ოფიციალური მოხსენებითი ბარათი დახვდა მაგიდაზე.
– როდესაც ვიბრძვით ამერიკული ოცნებისთვის, – თქვა გენერალმა, – ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ისინი, ვინც თავი დადო ამ ბრძოლაში. მომგვარეთ საავადმყოფოების მართვის ექსპერტი.
ექსპერტი მოუყვანეს. მაგრამ სენთ ალბანზის ამბებს ვერაფერი გაუგო. გენერალმა ქარფენთერმა მისი ანგარიში ურნაში მოისროლა და ექსპერტი სამსახურიდან დაითხოვა.
– გულისხმიერების გარეშე ცივილიზაცია ვერ იარსებებს, – ბრძანა გენერალმა ქარფენთერმა, – მომგვარეთ მთავარი ქირურგი.
მთავარი ქირურგი მოჰგვარეს, მაგრამ ვერც მან უთხრა რამე საიმედო და გენერალმა ქარფენთერმა ისიც დაითხოვა სამსახურიდან.
სწორედ ამ დროს მის მაგიდაზე გაჩნდა დოკუმენტი, სადაც ნახსენები იყო პალატა T.
მომგვარეთ პალატა T-ს პასუხისმგებელი ექსპერტი, – განკარგულება გასცა გენერალმა ქარფენთერმა.
სენთ ალბანზიდან გამოგაზავნეს ექიმი, კაპიტანი ედსელ დიმოქი. ის იყო ტანსრული ახალგაზრდა, რომელსაც უკვე სიქაჩლე შეჰპაროდა. სამი წელია, რაც სამედიცინო სასწავლებელი დაამთავრა, მაგრამ უკვე შესანიშნავი ფსიქოთერაპევტის სახელი ჰქონდა. გენერალი ქარფენთერი აფასებდა ცოდნას. დიმოქიც მოეწონა. დიმოქი კი თაყვანს სცემდა გენერალს, როგორც ადამიანს, ვინც კულტურის სახელით საუბრობს. თავად დიმოქი, როგორც ვიწრო საქმის სპეციალისტი, გენერალივით კარგად ვერ ერკვეოდა კულტურის ამბებში, მაგრამ იმედი ჰქონდა, გაშვებულ დროს ომის დამთავრების შემდეგ აინაზღაურებდა.
– ყური მიგდე, დიმოქ, – ომახიანად უთხრა გენერალმა ქარფენთერმა, – ჩვენ ყველანი ვართ იარაღი გამობრძმედილი და შემართული კონკრეტული დავალების შესასრულებლად. თქვენ იცით ჩვენი დევიზი: სამუშაო თითოეულისთვის და ყველანი – სამუშაოზე. ვიღაც პალატა T–ში თავს არიდებს სამუშაოს და ჩვენი ვალია, გამოვავლინოთ და მოვიკვეთოთ. ახლა, მითხარი, რა ჯანდაბაა პალატა T?
დიმოქს ენა ებმოდა და თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა. ბოლოს, როგორც იყო, სიტყვები მოკრიბა და გენერალს განუმარტა: T იყო საგანგებო პალატა, რომელიც შექმნეს საგანგებო იარების – ომში განცდილი შოკის სამკურნალოდ.
– და პაციენტებიც გყავთ პალატაში?
– დიახ, სერ. ათი ქალი და თოთხმეტი მამაკაცი.
ქარფენთერმა ფურცლები ააფრიალა, – სენთ ალბანზის სხვა პაციენტები აცხადებენ, რომ პალატა ცარიელია.
დიმოქი გაფითრდა. ძლივს დაარწმუნა გენერალი, რომ მოარული ხმების უკან არ იყო სიმართლე.
– კარგი, დიმოქ – თქვენ გყავთ ოცდაოთხი პაციენტი. მათი ამოცანაა, მალე გამომჯობინდნენ და თქვენი საქმეა, სწრაფად განკურნოთ… რა აურზაურია ჰოსპიტალში ამ ამბის გამო?
– იმიტომ, ალბათ, რომ ჩვენ ისინი ჩაკეტილი გვყავს.
– პალატა T გაქვთ ჩაკეტილი?
– დიახ, სერ.
– რატომ?
– პაციენტები პალატაში რომ დარჩნენ, გენერალო.
– პალატაში დარჩნენ? რას გულისხმობ? გარეთ ცდილობენ გასვლას? სხვებზე ძალადობენ თუ რა ამბავია?
– არა სერ… არ ძალადობენ.
– მისმინე, დიმოქ, აღარ მომწონხარ. ვირეშმაკობ და ოკრო-ბოკროს ედები… არც ეგ თქვენი კლასიფიკაცია T მომწონს. სამედიცინო კორპუსის კლასიფიკაციის ექსპერტს ვკითხე და ჩამონათვალში T საერთოდ არ არის. რას მაიმუნობთ მაგ თქვენს სენთ ალბანზში?
– მმმმ… კლასი T ჩვენ დავამატეთ, სერ. ეს… ის… ჰმ… გამორჩეული შემთხვევაა, სერ. ჩვენ არ ვიცით, რითი ვუმკურნალოთ და როგორ მოვექცეთ. ჩვენ ვცდილობდით, ყველაფერი საიდუმლოდ შეგვენახა, სანამ არ შევიმუშავებდით მოქმედების გეგმას, მაგრამ სრულიად ამოუცნობ მოვლენას გადავაწყდით, გენერალო, არნახულს, – აქ ექსპერტულმა აღელვებამ იმძლავრა მხედრულ დისციპლინაზე და დიმოქმა შესძახა, – სენსაციაა!.. მედიცინის ისტორიას ამოვაყირავებთ… ღმერთო!.. ეს არის უდიდესი, გრანდიოზული… რაც კი ოდესმე…
– მშვიდად, დიმოქ! მიპატაკეთ მკაფიოდ, გასაგებად და კონკრეტულად!
– დიახ, სერ!.. ჩვენ გადავაწყდით შოკისმომგვრელ შემთხვევას. გასაოცარს. თითქმის – კატატონურს[2]. სუსტი სუნთქვა. შენელებული გულისცემა. არაფერზე რეაგირებენ…
– ათასობით მინახავს მსგავსი, – შეუღრინა ქარფენთერმა, – რას ხედავთ აქ უჩვეულოს?
– დიახ, სერ, ერთი შეხედვით, ეს ჰგავს Q და R კლასიფიკაციას. მაგრამ უჩვეულო ის არის, რომ არ ჭამენ და არ სძინავთ.
– არასოდეს?
– ზოგი მათგანი – არასოდეს.
– მაშინ, რატომ არ კვდებიან?
– ჩვენ არ ვიცით, სერ. მეტაბოლიზმის ციკლი დარღვეული აქვთ, მაგრამ მხოლოდ ანაბოლიზმის მხრივ. კატაბოლიზმი[3] ჩვეულებრივ გრძელდება. სხვა სიტყვებით, სერ, ორგანიზმი ცხოველმოქმედების ნარჩენ პროდუქტს გამოჰყოფს, მაგიერს კი არაფერს იღებენ. გამოყოფენ შხამებს, აღადგენენ მკვდარ ქსოვილს, მაგრამ – საკვებისა და ძილის გარეშე. ღმერთმა უწყის, როგორ. საოცარი ამბავია.
– ამიტომ ჩაკეტეთ?… ეჭვობთ, რომ სადღაც სხვაგან იკვებებიან და ისვენებენ?
– არრრა… ჰმ! ჰმ! არა, სერ, – დიმოქს სახე შეეშმუშნა, – არ ვიცი, როგორ გითხრათ, გენერალო ქარფენთერ… მაგრამ ჩვენ მათ ვკეტავთ იმიტომ, რომ ნამდვილ სასწაულს შევეჩეხეთ… ისინი… ისინი… ქრებიან.
– რას შვრებიან?
– ქრებიან, სერ… როგორც იტყვიან – თვალსა და ხელს შუა.
– რა სისულელეს ამბობ…
– დიახ, სერ. ისინი სხედან საწოლზე ან დგანან ფეხზე. ერთ წუთს იქ არიან და მეორე წუთს კი – აღარ. ზოგჯერ პალატა T– ში ორი ათეულია, სხვა დროს – არც ერთი. ისინი ქრებიან და ხელახლა ჩნდებიან მიზეზის გარეშე. ამიტომაც გვაქვს პალატა ჩაკეტილი, გენერალო. ომებისა და საბრძოლო ჭრილობების მთელი ისტორიის მანძილზე, მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ.
– მომგვარეთ სამი პაციენტი, – ბრძანა გენერალმა ქარფენთერმა.
ნათან რაილიმ მიირთვა ფრანგული ტოსტი და კვერცხი ბენედიქტი, დააყოლა ორი კათხა ლუდი, მოწია „ჯონ დრიუ“, ფრთხილად, მაგრამ კარგა გემრიელად დააბოყინა და მაგიდიდან წამოდგა. დაუკრა თავი ჯენთლმენ ჯიმ ქორბეთს, რომელმაც დაიმონდ ჯიმ ბრეიდისთან საუბარს თავი ანება და წინ გადაუდგა რაილის, რომელსაც უკვე სალაროსკენ აეღო გეზი.
– ვინ მოიგებს წელს ბეისბოლს, რას იტყვით, ნათ? – ჰკითხა ჯენთლმენმა ჯიმ ქორბეთმა.
– დოჯერსები, – უპასუხა ნათან რაილიმ.
– დამრტყმელი არ უვარგათ, – ეჭვით თავი გაიქნია ქორბეთმა.
– მათ ჰყავთ სნაიდერი, ფურილო და ქამფანელა. უეჭველი გაიმარჯვებენ, ჯიმ. მზად ვარ, ფსონს ჩამოვიდე, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე გაინაღდებენ ჩემპიონობას. იმაზე ადრე, ვინემ ოდესმე რომელიმე გუნდმა შეძლო… ზუსტად გეტყვით – 13 სექტემბრამდე. დაიმახსოვრეთ და გადაამოწმეთ შემდეგ, თუ შევცდი.
– თქვენ არასდროს ცდებით, ნათ, – უთხრა ქორბეთმა.
რაილის გაეცინა, გაისტუმრა საუზმის ანგარიში, გავიდა ქუჩაში და ეტლში ჩაჯდა, რომელიც მედისონ სქვერ გარდენისკენ მიდიოდა. ორმოცდამეათე ქუჩის და მერვე ავენიუს კუთხეში ჩამოვიდა და კიბეებს აჰყვა საბუქმექერო კანტორისკენ, რომელიც რადიო-სახელოსნოს თავზე იყო.
მოლარემ 15,000 დოლარის ბანკნოტები გადათვალა, კონვერტში ჩააწყო და გაუწოდა.
– როქი მარჩიანომ ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა როლანდ ლა სთარცა მეთერთმეტე რაუნდში, – უთხრა, – ეშმაკმა უწყის, სულ ასე ზუსტად როგორ არტყამ, ნათ?
– თავს ამით ვირჩენ, – გაეღიმა რაილის, – იღებ ფსონს არჩევნებზე?
– ეიზენჰაუერი თორმეტი ხუთთან, სთივენსონი…
– ედლაი გაჭრილი ქაღალდია… 20’000 აიქზე! – და დახლზე დადო ფული.
იქედან წავიდა უოლდორფში, სადაც ნომერი ჰქონდა აღებული. ფოიეში მაღალი, ხმელი ახალგაზრდა ელოდა. აფორიაქებული იყო.
– ოჰ, – უთხრა ნათან რაილიმ, – შენ ფორდი ხარ, არა? ჰაროლდ ფორდი?
– ჰენრი ფორდი, ბატონო რაილი.
– და თქვენ გჭირდებათ დაფინანსება იმ მანქანის ასაწყობად ველოსიპედის სახელოსნოში… რა ჰქვია?
– იპსიმობილს ვეძახი, ბატონო რაილი.
– ჰმმ… სახელი არ მომწონს… რატომ არ უნდა ერქვას ავტომობილი?
– მშვენიერი აზრია, ბატონო რაილი, ასეც ვიზამ.
– მომწონხარ, ჰენრი. ახალგაზრდა ხარ, მოწადინებული, მზად ხარ, რჩევები გაითვალისწინო… მჯერა შენი მომავლის და მჯერა შენი მანქანის. ორასი ათას დოლარს ჩავდებ თქვენს კომპანიაში.
რაილიმ ჩეკი გადასცა ფორდს და გააცილა გარეთ. შემდეგ საათს დახედა და უცებ რაღაც ძალამ მოქაჩაო თითქოს, მიმოიხედა წამით, შებრუნდა უკან სასტუმროში, ავიდა მის ნომერში, საგარეო ტანსაცმელი გაიხადა, ნაცრისფერი პერანგი და ნაცრისფერი შარვალი ჩაიცვა. პერანგის ჯიბეზე დიდი ლურჯი ასოებით ამოექარგათ U.S.A.H. – ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ჰოსპიტალი.
ნომრის კარი ჩაკეტა და გაუჩინარდა.
წამის შემდეგ პალატა T-ში გაჩნდა, საწოლის გვერდით, რომელიც ერთ-ერთი იყო ოცდაოთხიდან. შეხედა ფოლადისფერი ყაზარმის კედლებს და ის იყო ამოისუნთქა, რომ სამი წყვილი ხელი ჩააფრინდა. არ ნებდებოდა, სანამ შეეძლო, მაგრამ ნახევარი კუბი ნატრიუმის თიომორფატის ინექციასთან რას გააწყობდა.
– ეს ერთი, – თქვა ვიღაცამ.
– დავიცადოთ, – უპასუხა სხვამ, – გენერალ ქარფენთერს სამი სჭირდება.
მას შემდეგ, რაც მარკუს იუნიუს ბრუტუსი საწოლიდან წამოდგა და წავიდა, ლელა მაჩანმა ხელი ხელს შემოჰკრა. მონა ქალი ეახლა და აბაზანა გაუმზადა. ლელა მაჩანი ადგა, დაიბანა, სურნელოვანი ზეთები და ფერუმარილი იამბორა, ჩაიცვა ტანთ და ისაუზმა სმირნის ლეღვებით, ვარდისფერი ფორთოხლებით და ბოლოს დააყოლა ერთი დოქი „ლაკრიმა კრისტი“. შემდეგ სიგარეტი მოწია და ტახტრევანი მოითხოვა.
მისი სასახლის კარიბჭესთან, ჩვეულებისამებრ, ხალხმრავლობა იყო – მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლები მეოცე ლეგიონიდან. ორი ცენტურიონი დასწვდა ტახტრევანს და შემოიდო მხრებზე. ლელა მაჩანს გაეღიმა. ახალგაზრდა მამაკაცი ზღვისფერ მოსასხამში გამოეყო ბრბოს და გამოიქცა მისკენ. იშიშვლა დანა. ლელამ ძალები მოიკრიბა, რომ მამაცურად შეეხედა თვალებში სიკვდილისთვის.
– ლედი! – შესძახა ახალგაზრდამ, – ლედი ლელა!
მარცხენა ხელზე დაისვა დანა და სისხლმა იფეთქა ისე, რომ ალისფრად შეღება მისი სამოსელი.
– ეს ჩემი სისხლი არის სულ მცირე, რაც შემიძლია, შენთვის გავიღო.
ლელა ნაზად შეეხო შუბლზე.
– სულელო ბიჭო, – უთხრა ჩურჩულით, – რატომ?
– შენდამი სიყვარულისთვის, ჩემო ქალბატონო.
– დღეს საღამოს ცხრა საათზე შემოგიშვებენ ჩემთან, – ისევ ჩურჩულით უთხრა ლელამ.
ყმაწვილი შესცქეროდა ფართოდ გახელილი თვალებით და ლელას გაეცინა.
– გპირდები… რა გქვია, ლამაზო ბიჭო?
– ბენ ჰური.
– დღეს საღამოს ცხრა საათზე, ბენ ჰურ.
ტახტრევანი ხელახლა დაიძრა.
ფორუმის მიღმა, იულიუს კეისარი ცხარე კამათში ჩაბმულიყო სავონაროლასთან. ტახტრევანი რომ დაინახა, გადაუდგა და ცენტურიონებს ნიშანი მისცა. შეაჩერა. მიუახლოვდა, ფარდები გადასწია და ლელას შეხედა, რომელიც გულგრილად შესცქეროდა. კეისარს სახე მოეღრიცა.
– რატომ? – შესძახა. ხმა ჩახლეჩოდა, – მე გთხოვდი, გემუდარებოდი, ვქვითინებდი. ძღვენიც მოგართვი და მაინც ვერ დავიმსახურე შენი პატიება. რატომ, ლელა? რატომ?
– გახსოვს ბოადიცეა? – ნაზი ხმით უთხრა ლელამ.
– ბოადიცეა? ბრიტების დედოფალი? ღმერთო ჩემო, ლელა, ის არაფერს ნიშნავს ჩვენი ტრფობისთვის. ბოადიცეას მე ხომ არ ვეტრფი. ის უბრალოდ ბრძოლაში დავამარცხე.
– და მოკალი, კეისარო.
– მან თავი მოიწამლა, ლელა.
– ის დედაჩემი იყო, კეისარო! – და ლელამ თითი მიმართა კეისრისკენ, – მკვლელო! შენ დაისჯები. უფრთხილდი მარტის იდებს, კეისარო!
კეისარი შეძრწუნებული უკუიქცა. ტახტრევანმა გზა განაგრძო. ლელას გარშემო შეკრებილმა თაყვანისმცემელთა ბრბომ მოწონების შეძახილი დაადევნა. ესროდნენ ვარდის ფურცლებსა და იებს და მათ ნახავერდებ ბილიკზე ტახტრევანი ტაატით მიიწევდა ვესტას ქალწულთა ტაძრისკენ. სადაც ლელამ მიატოვა თავისი თაყვანისმცემლები და ფეხით შევიდა წმინდა ტაძარში.
საკურთხევლის წინ დაიჩოქა და აღავლინა ლოცვა. გუნდრუკი უკმია და ტანთ განიძარცვა. ვერცხლის სარკეში შეათვალიერა თავისი მშვენიერი ნატიფი სხეული და იგრძნო წამიერი მონატრება. სასწრაფოდ გადაიცვა ნაცრისფერი პერანგი და ნაცრისფერი შარვალი. მკერდზე ამოქარგული ჰქონდა U.S.A.H.
გაიღიმა ერთხელაც და გაქრა.
გაჩნდა შეერთებული შტატების სამხედრო საავადმყოფოს პალატა T-ში, სადაც მყისიერად გაუკეთეს ნახევარი კუბი ნატრიუმის თიომორფატის ინექცია.
– მეორე, – თქვა ვიღაცამ.
– ერთიც გვინდა.
ჯორჯ ჰანმერი შეჩერდა და მიმოიხედა, თითქოს სცენაზე ყოფილიყოს… გახედა ოპოზიციის სკამებს, გახედა სპიკერს, რომელიც მატყლის ტომრებზე იჯდა, გახედა ვერცხლისფერ ჩაქუჩს, რომელიც მეწამულ ბალიშზე განისვენებდა სპიკერის სავარძლის წინ. პარლამენტის დარბაზი, ჰანმერის ცეცხლოვანი სიტყვით მონუსხული, სუნთქვაშეკრული ელოდა მისი გამოსვლის გაგრძელებას.
– სათქმელი მეტი არაფერი მაქვს, – თქვა ჰანმერმა, – მისი ხმა ვნებით იყო სავსე, სახე ჰქონდა მიტკლისფერი და პირქუში, – მე ვიბრძოლებ ამ კანონპროექტისთვის ზღვის ნაპირებზე, ვიბრძოლებ ქალაქებში, ვიბრძოლებ დაბებში, ვიბრძოლებ მინდვრებსა და სოფლებში. ვიბრძოლებ, სანამ პირში სული მიდგას და, უფლის ნებით, ვიბრძოლებ სიკვდილის შემდეგაც. მიიღეთ ეს გამოწვევად ან – ლოცვად, დაე პატივცემულ ჯენტლმენთა სინდისმა განსაზღვროს; მაგრამ ერთ რამეში სრულად დარწმუნებული ვარ და სხვაგვარად არ ძალმიძს: ინგლისი უნდა ფლობდეს სუეცის არხს.
ჰანმერი დაჯდა. და თემთა პალატა ოვაციისგან აფეთქდა. ტაში და შეძახილები არ წყდებოდა, როდესაც მან დატოვა დარბაზი და გაემართა დარბაზისკენ სადაც გლადსთონი, ჩერჩილი და ფითი შეეგებნენ და ჩამოართვეს ხელი. ლორდი ფალმერსთონი ცივად მიაჩერდა, მაგრამ მას კოჭლობით აუარა გვერდი დიზრაილიმ, თან, ჩვეულებისამებრ, აღფრთოვანებასა და აღტაცებას ვერ მალავდა.
– ხომ არ წავიხემსოთ? – შესძახა დიზიმ, – „თათესოლში“[4] წავიდეთ. გარეთ მანქანა მელოდება.
პარლამენტის წინ როლს-როისში ლედი ბიქონსფილდი იჯდა. მან ფურისულა მიამაგრა დიზის პიჯაკის საყელოზე. ჰანმერს კი ლოყაზე აკოცა.
– გრძელი გზა გაიარეთ, ჯორჯ, იმ ჩხუბისთავი მოწაფიდან, სკოლაში რომ სისხლს უშრობდა დიზის, – უთხრა.
ჰანმერს გულიანად გაეცინა. დიზი კი მღეროდა: “Gaudeamus igitur …”[5]. და ჰანმერიც აჰყვა და ასე მღეროდნენ, სანამ არ მიაღწიეს „თათესოლს“. დიზიმ შეუკვეთა „გინესი“ და ნეკნები, ჰანმერი კი კლუბის მეორე სართულზე ავიდა ტანსაცმლის გამოსაცვლელად – ასე უეცრად დარია ხელი უკან მიბრუნების წადილმა. იქნებ, თვალის შესავლებად. ეგებ, იმად, რომ ჯერ ვერ წყდებოდა საკუთარ წარსულს. გაიხადა ქურთუკი, ჟილეტი, შალის დაწინწკლული შარვალი, გაპრიალებული ბოტფორტები და აბრეშუმის საცვლები. მათ ნაცვლად ნაცრისფერ პერანგსა და ნაცრისფერ შარვალში გამოეწყო და გაუჩინარდა.
გაჩნდა სენთ ალბანზის საავადმყოფოს პალატა T-ში, სადაც ნახევარი კუბი ნატრიუმის თიომორფატის ინექციით მიაძინეს.
ესეც – მესამე, – თქვა ვიღაცამ.
– წავიყვანოთ ქარფენთერთან.
ისინი ისხდნენ გენერალ ქარფენთერის ოფისში: პირველი კლასის რიგითი ნათან რაილი, უფროსი სერჟანტი ლელა მაჩანი და მეორე კლასის კაპრალი ჯორჯ ჰანმერი. საავადმყოფოს ნაცრისფერ სამოსში ნატრიუმის თიომორფატით გაბრუებულნი.
ყველა ნათურა ენთო. ყურადღებით აკვირდებოდნენ. არვინ იყო უცხო. შეხვედრას ესწრებოდნენ დაზვერვის, კონტრ-დაზვერვის, თავდაცვისა და უსაფრთხოების ექსპერტები. კაპიტანმა ედსელ დიმოქმა გადახედა ფოლადისებრ გაყინულ სახეებს, ვინც ელოდა მასა და პაციენტებს და შეკრთა. გენერალმა ქარფენთერმა ჩაიცინა.
– მართლა გეგონათ, რომ ჩვენ გაუჩინარების მაგ ზღაპარს ვჭამდით, დიმოქ?
– ს-სსერ?
– ხომ არ დაგავიწყდათ, რომ მეც ექსპერტი ვარ, დიმოქ. ახლა დაგიმარცვლავთ – ომი ცუდად მიდის. ძალიან ცუდად. ინფორმაცია მტერთან ჟონავს. აყალმაყალი სენთ ალბანზში შეიძლება მიუთითებდეს თქვენზე…
– მმ-მაგრამ ისინი ქრებიან, სერ. მე…
– ჩემს ექსპერტებს თქვენთან და თქვენს პაციენტებთან გასაუბრება სურთ. ამ გაქრობის ამბავზე. და ახლა სწორედ შენით დავიწყებთ.
ექსპერტებმა დაკითხეს დიმოქი. გამოიყენეს სხვადასხვა საშულება: ნების დამთრგუნავი, გონების გამაბრუებელი, შემართების გამტეხავი. ყველა გზა სცადეს, რაც წიგნებში მოიძიეს. სიმართლის შრატი იქნებოდა თუ ფიზიკური და გონებრივი ზეწოლის ყველა ხერხი. ასე დაკითხეს დიმოქი სამჯერ. და სამჯერ მიიყვანეს იმ ზღვარზე, როცა უკვე უნდა გამომტყდარიყო… მაგრამ ყვიროდა მხოლოდ და გამოსატეხი არც რა ჰქონდა.
– კარგით… მოითქვას სული, – თქვა გენერალმა, – მანამ პაციენტებს მივხედოთ.
მაგრამ ექსპერტები ყოყმანობდნენ – ავადმყოფებზე ძალადობა არა სურდათ.
– ლოლიავის დრო არ გვაქვს, – გაბრაზდა ქარფენთერი, – ჩვენ ვომობთ ცივილიზაციისთვის. ჩვენ ვიცავთ ჩვენს იდეალებს და ნებისმიერი ფასის გადახდისთვის უნდა ვიყოთ მზად! აბა, მიხედეთ საქმეს!
დაზვერვის, კონტრ-დაზვერვის, თავდაცვისა და უსაფრთხოების ექსპერტებმა მიხედეს საქმეს და პირველი კლასის რიგითი ნათან რაილი, უფროსი სერჟანტი ლელა მაჩანი და მეორე კლასის კაპრალი ჯორჯ ჰანმერი გაქრნენ. თვალსა და ხელს შუა. ამ წამს ისინი ჯერ ისევ ძალადობით გაჯერებულ ოთახში იმყოფებოდნენ, იმ წამს კი – აღარ. ცარიელი სკამები დატოვეს მხოლოდ.
ექსპერტები სახტად დარჩნენ. გენერალი ქარფენთერი კი დიმოქს მიეჭრა ისევ.
– კაპიტანო დიმოქ, ოფიციალურ ბოდიშს გიხდით… პოლკოვნიკო დიმოქ, მე თქვენ გაწინაურებთ, უმნიშვნელოვანესი აღმოჩენის გამო… მაგრამ რა ჯანდაბა ხდება?.. მგონი, ჯერ საკუთარი თავები უნდა გამოვიკვლიოთ, სრულ ჭკუაზე თუ ვართ…
ქარფენთერი ყურმილს დასწვდა.
– მომიყვანეთ საომარი შოკის ექსპერტი და ფსიქიატრი.
ორი ექსპერტი მოვიდა. გენერალი და მასთან შეკრებილი სხვა ექსპერტები გამოკითხეს და გასინჯეს.
– თქვენ ყველანი მცირე შოკის ქვეშ ხართ, – დაასკვნა საომარი შოკის ექსპერტმა, – ომის სინდრომია.
– რას გულისხმობთ? ყველაფერი მოგველანდა?
შოკის ექსპერტმა თავი დაუქნია და გახედა ფსიქიატრს, რომელიც იდგა და თავს უქნევდა ისიც.
– კოლექტიური ჰალუცინაციაა, – თქვა ფსიქიატრმა.
მაგრამ სწორედ ამ დროს პირველი კლასის რიგითი ნათან რაილი, უფროსი სერჟანტი ლელა მაჩანი და მეორე კლასის კაპრალი ჯორჯ ჰანმერი კვლავ გაჩნდნენ ოთახში.
იმ წამს ისინი კოლექტიური ჰალუცინაცია იყვნენ. ამ წამს კი ისევ თავიანთ სკამებზე ისხდნენ ამ ჯერზე უკვე განცვიფრებით გაჯერებულ ოთახში.
– ხელახლა დააძინეთ, დიმოქ, – შეჰყვირა ქარფენთერმა, – გაუკეთეთ ხუთი კუბი თუ საჭიროა! ახლავე! და მე მჭირდება ყველა ექსპერტი, რომელიც კი გვყავს. სასწრაფო თათბირი ჩემს ოფისში.
ოცდაჩვიდმეტი ექსპერტი – კონკრეტული დავალების შესასრულებლად შემართული და გამობრძმედილი იარაღი, სამი საათის განმავლობაში განიხილავდა და ამოწმებდა არაცნობიერი შოკის შემთხვევებს. ფაქტები დადასტურდა. ისინი გადაეყარნენ სრულიად ახალ, აქამდე უცნობ სინდრომს, რომელიც ომის ახალმა და აქამდე არნახულმა საზარელმა მეთოდებმა შვა. საბრძოლო ტექნიკის განვითარებასთან ერთად, ამ ტექნიკის მსხვერპლთა რეაქციაც ვითარდება. თითოეულ ქმედებას თანაზომადი უკუქმედება მოსდევს. ექსპერტებისგან დასტურია!
ახალი სინდრომი, ჩანს, ტელეპორტაციის უნარსაც მოიცავს, როდესაც გონების ძალა იმორჩილებს სივრცეს. ომით გამოწვეული შოკი, გონების გარკვეულ უნარებს თრგუნავს, მაგიერ – ავითარებს სხვას. ექსპერტებისგან დასტურია!
ცხადია, პაციენტებს მხოლოდ იმ წერტილში დაბრუნება შეუძლიათ, საიდანაც ტელეპორტირდნენ, სხვა შემთხვევაში, არ დაბრუნდებოდნენ პალატა T-ში და არც გენერალ ქარფენთერის კაბინეტში. ექსპერტებისგან დასტურია!
ეჭვგარეშეა, იქ, სადაც ტელეპორტირდებიან, პაციენტები ახერხებენ საკვების შეძენასა და ძილს, რაკი პალატა T-ში ეს აღარ სჭირდებათ. ექსპერტებისგან დასტურია!
– ერთი მცირე დაზუსტება, – შენიშნა პოლკოვნიკმა დიმოქმა, – ისინი სულ უფრო იშვიათად ბრუნდებიან პალატა T–ში. თავიდან ყოველდღე ქრებოდნენ და ჩნდებოდნენ. ახლა კი მათი უმრავლესობა კვირეებით იკარგება და მხოლოდ მცირე ხნით ბრუნდება.
– ეგ არაფერი, – ჩაიბურდღუნა ქარფენთერმა, – მთავარი სხვა რამაა – სად მიდიან?
– მტრის ბანაკში? – ივარაუდა ვიღაცამ, – აი, საიდან ჟონავს ჩვენი საიდუმლო ინფორმაცია მტერთან.
– დაზვერვა და კონტრ-დაზვერვა რას მიკეთებს? – შესძახა ქარფენთერმა, – მინდა ვიცოდე, აქვს თუ არა ჩვენს მტერს მსგავსი შემთხვევები, ვთქვათ, სამხედრო ტყვეებთან, რომლებიც ქრებიან და ჩნდებიან ტყვეთა ბანაკებიდან? შეიძლება, ჩვენი ჯარისკაცები პალატა T-დან იქ ტყვედ ჰყავთ.
– მგონი, უბრალოდ სახლში მიდიან, – თქვა პოლკოვნიკმა დიმოქმა.
– და მაინც, ეს ამბავი უსაფრთხოებამ უნდა გამოიძიოს, – ბრძანა ქარფენთერმა, – შეისწავლეთ ოცდაოთხივეს ოჯახი, მეგობრები, ახლობლები. მთელი მათი ცხოვრება აქ უნდა მედოს, მაგიდაზე… რაც ეხება პალატა T-ს, პოლკოვნიკ დიმოქს მოქმედების გეგმა აქვს მზად… მოგვახსენე, დიმოქ!
– ჩვენ დავაყენებთ ექვს დამატებით საწოლს პალატა T-ში, – მოახსენა ედსელ დიმოქმა, – იქ განვათავსებთ ექვს ექსპერტს, რომელიც 24 საათი დააკვირდება პაციენტებს. ინფორმაცია უშუალოდ პირველი ხელიდან გვჭირდება – პაციენტებს აღენიშნებათ კატატონია და არაფერზე რეაგირებენ, მიუხედავად იმისა, რომ არიან გონზე, ხოლო თუ დამამშვიდებელ წამლებს ვაძლევთ, ძილ-ბურანში ვარდებიან, გონება ებინდებათ და ვერც მაშინ პასუხობენ ჩვენს კითხვებს.
– ბატონებო, – შეაჯამა გენერალმა ქარფენთერმა, – ჩვენ ხელთ ჩაგვივარდა ყველაზე მძლავრი იარაღი ომების ისტორიაში. ჩემი განმარტება არ უნდა გჭირდებოდეთ, რას შეიძლება ნიშნავდეს მტრის ზურგში მთელი არმიის ტელეპორტირება. ერთ ნაბიჯში ვართ გამარჯვებასთან. ჩვენ მოვიგებთ ომს ამერიკული ოცნებისთვის ერთ დღეში, თუკი მათ დაბინდულ გონებებში დამარხულ საიდუმლოს ამოვხსნით. და ჩვენ გავაკეთებთ ამას!
ექსპერტები მუშაობენ. უსაფრთხოება ამოწმებს. დაზვერვა იძიებს. ექვსი გამობრძმედილი და შემართული იარაღი გადაბარგდა სენთ ალბანზის საავადმყოფოში, პალატა T–ში, სადაც თვალს არ ხუჭავდნენ, დღე და რამე აკვირდებოდნენ პაციენტებს, რომლებიც სულ უფრო იშვიათად ჩნდებოდნენ.
ხელშესახები შედეგი კი არ იყო.
ყველანი ნერვიული აფეთქების ზღვარზე იყვნენ.
უშიშროებამ მოახსენა, გასულ წელს ამერიკის ტერიტორიაზე ადამიანების არსაიდან გამოჩენის შემთხვევები არ შეუნიშნავთ.
დაზვერვამ ამცნო, რომ მტრის საჯარისო ნაწილებსა თუ ტყვეთა ბანაკებში უცნაური გაქრობის შემთხვევები არ აღურიცხავთ.
ქარფენთერი წუხდა.
– ერთ ადგილს ვტკეპნით! ახალ ამოცანას შევეჯახეთ და შესაბამისი ექსპერტები არ გვყავს, ახალი ექსპერტები გვჭირდება – დამაკავშირეთ უნივერსიტეტებთან! – ბრძანა.
დააკავშირეს იელთან.
– მე მჭირდება ექსპერტები პარაფსიქოლოგიის დარგში, განავითარეთ სასწრაფოდ.
და იელმა დაიმატა სამი სამაგისტრო კურსი: – სასწაულქმედების. ზემგრძნობელობის. ტელეკინეზის.
გვირაბის ბოლოს სინათლე აკიაფდა, როდესაც ერთ–ერთმა ექსპერტმა პალატა T–დან მოითხოვა სხვა ექსპერტის დახმარება. მას სჭირდებოდა გრავიორი.
– რა ჯანდაბად? – გაუკვირდა გენერალ ქარფენთერს.
– ჩვენმა ექსპერტმა ყური მოკრა პაციენტების საუბარს ძვირფასი ქვების შესახებ და დაბნეულია, – განმარტა პოლკოვნიკმა დიმოქმა, – ის ხომ კადრების მართვის სპეციალისტია და ძვირფას ქვებში ვერ ერკვევა.
– ასეც უნდა იყოს! – ქარფენთერი კმაყოფილი ჩანდა, – სამუშაო თითოეულისთვის და თითოეული – სამუშაოსთვის!… მომგვარეთ გრავიორი, – ბრძანა.
გრავირების ექსპერტს გამოუწერეს შვებულება და სამხედრო ნაწილიდან პირდაპირ გენერალთან აფრინეს. ქარფენთერმა გამოჰკითხა, თუ რა სმენოდა ბრილიანტზე სახელად „ჯიმ ბრეიდი“. არაფერი.
– კარგი, – თქვა ქარფენთერმა, – სხვა მხრიდან შემოვუვლით, – მომგვარეთ სემანტიკის ექსპერტი.
სემანტიკის ექსპერტმა მიატოვა ომის პროპაგანდის დეპარტამენტი და გენერალს ეახლა. მაგრამ მან ვერაფერი გაუგო სიტყვებს „ჯიმ ბრეიდი“. მისთვის ეს როგორც საკუთარი სახელი ისე ჟღერდა. და შეკითხვა გენეალოგიის ექსპერტს გადაულოცა.
რიგით შემდეგი, ვინც ამერიკის წინაპართა კომიტეტიდან გამოითხოვეს, იყო გენეალოგიის ექსპერტი. მან მხოლოდ ის თქვა, რომ მსგავსი სახელი პოპულარობით სარგებლობდა შეერთებულ შტატებში ხუთასი წლის განმავლობაში. და ქარფენთერი არქეოლოგიის ექსპერტთან გადაამისამართა.
არქეოლოგიის ექსპერტი შეტევის დაგეგმვის კარტოგრაფიულ განყოფილებაში მუშაობდა, საიდანაც გამოიძახეს გენერალთან და მან სულ იოლად დაადგინა, თუ ვინ იყო ჯიმ ბრეიდი, მეტსახელად „ბრილიანტი“. ეს იყო ისტორიული პირი და ოდესღაც ცხოვრობდა პატარა ძველ ნიუ იორკში… მიახლოებით ასე გუბერნატორ ფითერ სთაივესანთსა და გუბერნატორ ფიორელო ლა გუარდიას შორის.
– ღმერთო ჩემო! ეს ხომ საუკუნეების წინ იყო, – შესძახა გაოცებით ქარფენთერმა, – საიდან გამოჩხრიკა ნათან რაილიმ მისი სახელი?.. სჯობს, თქვენც პალატა T–ს ექსპერტების რიგში და თვალი მიადევნოთ ამ ამბავს.
არქეოლოგი ასეც მოიქცა. გადაამოწმა ყველაფერი, კარგად შეისწავლა და მოამზადა ანგარიში. გენერალმა ქარფენთერმა წაიკითხა და ექსპერტების საგანგებო შეხვედრა დანიშნა.
– ბატონებო, – გამოაცხადა გენერალმა, – ის, რაც პალატა T-ში ხდება, ტელეპორტაციაზე მეტია. ამ პაციენტებმა უფრო დაუჯერებელი, უფრო წარმოუდგენელი მოახერხეს – ისინი მოგზაურობენ დროში.
შეკრებილებმა ერთმანეთს გადახედეს.
ქარფენთერი სწორედ ასეთ რეაქციას ელოდა და დაჟინებით დაიქნია თავი.
– დიახ, ბატონებო, არ მოგესმათ – დროში მოგზაურობა რეალობაა… ისე არ მოხდა, როგორც ველოდით – ექსპერტთა კვლევის შედეგად კი არ მივიღეთ, თავს დაგვატყდა მოულოდნელად, როგორც ჭირი, როგორც ინფექცია, როგორც – ომის დაავადება… რიგითი ადამიანების მიერ ბრძოლაში მიღებული ჭრილობების შედეგი. სანამ გავაგრძელებ, სჯობს, ამ ანგარიშებს გადახედოთ.
შეკრებილმა ექსპერტებმა გადაშალეს წარდგენილი ანგარიში. შეისწავლეს ნუსხა: პირველი კლასის რიგითი ნათან რაილი მიემგზავრება მეოცე საუკუნის დასაწყისის ნიუ იორქში, უფროსი სერჟანტი ლელა მაჩანი – პირველი საუკუნის რომში, მეორე კლასის კაპრალი ჯორჯ ჰანმერი მოგზაურობს მეცხრამეტე საუკუნის ინგლისში. სხვა პაციენტები პალატა T-დან ვინ დოჟების დროინდელ ვენეციას, ვინ ბუკანერთა[6] დროის იამაიკას, ხანის დინასტიის ჩინეთსა და ჟღალთმიანი ერიკის[7] დროინდელ ნორვეგიას აფარებდნენ თავს. მოგზაურობდნენ დედამიწის ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერ ეპოქაში და თავს არიდებდნენ ოცდამეორე საუკუნეში გაჩაღებულ ომში გაწვევას.
– ჩემი განმარტება არ უნდა გჭირდებოდეთ, რა მნიშვნელობის აღმოჩენის წინაშე ვდგევართ სულ ერთ ნაბიჯში. წარმოიდგინეთ ომი, როდესაც შეგვიძლია ჯარი წარსულში გადავსხათ – ერთი კვირით, თვით, ან – წელიწადით. ჩვენ შევძლებთ ომის მოგებას მის დაწყებამდე. შევძლებთ, დავიცვათ ჩვენი ოცნება, პოეზია და სილამაზე და ამერიკის კულტურა – ბარბაროსებისგან, ისე, რომ საფრთხეც კი არ დაგვემუქრება.
შეკრებილს ექსპერტებს თვალწინ წარმოუდგათ ომი, რომელშიც ბრძოლის დაწყებამდე იმარჯვებ.
– მხოლოდ ერთი სირთულე გვაქვს დასაძლევი – პალატა T–ს პაციენტები რთულად საურთიერთო ხალხია. მათ იციან ან არ იციან, როგორ აკეთებენ, რასაც აკეთებენ, მაგრამ ასეა თუ სხვაგვარად, ექსპერტებთან არ ურთიერთობენ. ექსპერტებმა შეძლეს ამ სასწაულის აღწერა, მაგრამ ახლა გასაღების პოვნა გვჭირდება. პაციენტები ამაში ვერ გამოგვადგებიან.
გამობრძმედილი და შემართული ექსპერტები უსმენდნენ და თვალებს აცეცებდნენ.
– ამიტომ ექსპერტები გვჭირდება, – შეაჯამა გენერალმა ქარფენთერმა.
ყველანი დამშვიდდნენ. საუბარი კვლავ ნაცნობ კალაპოტში მოექცა.
– დაგვჭირდება ცერებრალური მექანიკის, კიბერნეტიკის, ფსიქიატრიის, ანატომიის, არქეოლოგიის და პირველი ხარისხის ისტორიის ექსპერტები. ჩვენ მათ შევაგზავნით იმ პალატაში და სამუშაოს დასრულებამდე ფეხს არ გამოადგამენ იქედან. ჩვენი ექსპერტები უნდა დაეუფლონ დროში მოგზაურობის ტექნიკას.
პირველი ხუთი ექსპერტი იოლად მონახეს სხვადასხვა სამხედრო დეპარტამენტში. მთელი ამერიკა კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად გამობრძმედილი და შემართული ექსპერტების სამჭედლოდ იყო ქცეული. მაგრამ ისტორიის პირველი ხარისხის ექსპერტის მოძებნა გაჭირდა, სანამ ფედერალური სასჯელაღსრულების დაწესებულებამ არ გაუწია ანგარიში არმიის მოთხოვნას და გაათავისუფლა დოქტორი ბრედლი სქრიმი, ვინც ოცი წლით შრომა-გასწორებით კოლონიაში იყო გამწესებული. დოქტორი სქრიმი ერთი ენამწარე და ავყია ვინმე იყო. დასავლურ უნივერსიტეტში ფილოსოფიური ისტორიის კათედრას ხელმძღვანელობდა, მაგრამ ამერიკული ოცნებისთვის ომს ჯეროვანი აღტყინებით არ მიესალმა და ოცი წლით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯეს.
მიუხედავად ამისა, სქრიმი მის შეხედულებებში უდრეკად იდგა და არც ხელისუფლებასთან თანამშრომლობა ეწადა, რომარა პალატა T-ს საიდუმლოს მიმართ სამეცნიერო ინტერესი. გენერალმა ქარფენთერმა კარგად იცოდა, ასეთებს როგორ უნდა ელაპარაკო.
– მაგრამ მე ხომ ექსპერტი არ ვარ, – თქვა სქრიმმა, – ექსპერტების ქვეყანაში მე ვარ უკანასკნელი მომღერალი ჭრიჭინობელა ჭიანჭველების გუნდს შორის.
– ენტომოლოგიის ექსპერტი მომგვარეთ, – ბრძანა ქარფენთერმა.
– საჭირო არაა, – უთხრა სქრიმმა, – თავად განვმარტავ – თქვენ ხართ ჭიანჭველები. ყველანი მუშაობთ, შრომობთ და სპეციალიზდებით… მაგრამ – რისთვის?
– ამერიკული ოცნების გადასარჩენად, – მიუგო ქარფენთერმა სხაპასხუპით, – ჩვენ ვიბრძვით პოეზიის, კულტურისა და განათლებისთვის და ყველაფრისთვის, რაც ყველაზე სათუთია ჩვენს ირგვლივ.
– რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ იბრძვით ჩემს გადასარჩენად, – უთხრა სქრიმმა, – იმისთვის, რასაც მივუძღვენი ჩემი ცხოვრება… და რა მიქენით ამ დროს? ჩამაგდეთ ციხეში.
– თქვენ გაგასამართლეს მტრის მიმართ თანაგრძნობისა და მისი თანამგზავრობისთვის[8], – განუმარტა ქარფენთერმა.
– გამასამართლეთ იმისთვის, რომ ამერიკული ოცნებისა ჩემებურად მწამს, – უთხრა სქრიმმა, – საკუთარი აზრის ქონის გამო დამაპატიმრეთ.
სქრიმის ესეთი შეუპოვრობა ამჯერად გენერალ ქარენთერს ხელს აძლევდა. ისტორიკოსი შევიდა პალატა T-ში და მთელი ღამით დარჩა იქ. თვალი არ მოუხუჭავს. მიირთვა სამი ულუფა საჭმელი, წაიკითხა ყველა მოხსენება, მოისროლა და მორთო ყვირილი და კარზე ბრახაბრუხი, რომ გამოეშვათ.
– სამუშაო არის ყველასთვის და ყველა უნდა იყოს სამუშაოზე, – უთხრა მას პოლკოვნიკმა დიმოქმა, – კარს არ გაგიღებთ, სანამ დროში მოგზაურობის საიდუმლოს არ ამოხსნი.
– ამოსახსნელი აქ არაფერია, – უთხრა სქრიმმა.
– ისინი მოგზაურობენ დროში?
– კი და არა.
– ან ერთია, ან – მეორე. ორივე ერთად – შეუძლებელია. შენ სამუშაოს არიდებ თავს!
– მისმინეთ, – შეაწყვეტინა სქრიმმა უხალისოდ, – რისი ექსპერტი ხართ?
– ფსიქოთერაპიის.
– აბა, როგორ უნდა აგიხსნათ? ეს ფილოსოფიური საკითხია. გეუბნებით, არ არსებობს საიდუმლო, რომელიც ჯარს შეუძლია, გამოიყენოს. არ არსებობს საიდუმლო, რომელსაც ადამიანთა რომელიმე ჯგუფი გამოიყენებს. ეს საიდუმლო მხოლოდ ინდივიდებისთვის არის.
– არ მესმის.
– იმედიც არ მქონდა, რომ გამიგებდით… წამიყვანეთ ქარფენთერთან.
როდესაც დოქტორი სქრიმი გენერალ ქარფენთერის ოფისში მიიყვანეს, მან იქედნურად ჩაიცინა. შეჰყურებდა გენერალს და მასთან ერთად, თითქოს – მთელ სამყაროს. ისე, როგორც ჟღალთმიანი ეშმა.
– სულ ათი წუთი დამჭირდება, – უთხრა სქრიმმა, – შეგიძლიათ, ყური მიგდოთ?
ქარფენთერმა უხმოდ დაუქნია თავი.
– ყურადღებით მინდა, მომისმინოთ. მე მოგცემთ იმ კარის გასაღებს, რომლის მიღმაც სამყარო იმდენად უსაზღვრო და უცხოა, რომ მთელი თქვენი მიხვედრილობა დამჭირდება…
ქარფენთერი ელოდა მშვიდად.
– ნათან რაილი მიემგზავრება მეოცე საუკუნის დასაწყისში, სადაც ყველა ტკბილ გულისნადებს ისრულებს. ის დიდი მოთამაშეა, დაიმონდ ჯიმ ბრეიდისა და სხვათა მეგობარი. მისი ფსონი ყოველთვის იგებს, რაკი ყველა შედეგი იცის წინასწარ. მაგალითად, არჩევნებში ეიზენჰაუერზე დადო ფული და მარჩიანოს გამარჯვებაზე ლა სთარცას წინააღმდეგ რინგზე. კიდევ ჰენრი ფორდის საავტომობილო კომპანიაში ჩადო ფული… აი, თქვენ რამდენიმე გასაღები. რამეს მიხვდით?
– ვერაფერს სოციოლოგიის ექსპერტის გარეშე… – მხრები აიწურა ქარფენთერმა, – ახლავე…
– მოითმინეთ… თავად აგიხსნით, ცოტა მოგვიანებით… მანამდე კიდევ სხვა გასაღებს მოგცემთ. მაგალითად, ლელა მაჩანი გარბის რომის იმპერიაში, სადაც ის საბედისწერო ქალია. ყველა მამაკაცს უყვარს. იულიუს კეისარს, სავონაროლას, მეოცე ლეგიონს უკლებლივ და კაცს, სახელად ბენ ჰური. რამე გეუცნაურათ?
– ჰმ… არაფერი.
– ლელა მაჩანი ეწევა სიგარეტს.
ქარფენთერი დაფიქრდა ერთხანს.
– მერე? – ჰკითხა შემდეგ.
– გავაგრძელებ, – უთხრა სქრიმმა, – ცოტა დარჩა. ჯორჯ ჰანმერი მეცხრამეტე საუკუნის ინგლისს აფარებს თავს, სადაც პარლამენტის წევრია და გლადსთონთან და ჩერჩილთან მეგობრობს. კიდევ – დიზრაილისთან, რომელიც საკუთარი როლს როისით ასეირნებს… როლს როისი იცით, რა არის?
– არა.
– ავტომობილი იყო.
– მერედა რაო?
– კიდევ ვერ ხვდებით?
– ვერა.
სქრიმი ისე იყო აღელვებული, ადგილზე ვერ ჩერდებოდა. ბოლთას სცემდა.
– ქარფენთერო, ეს ხომ უფრო დიდი აღმოჩენაა, ვიდრე ტელეპორტაცია ან დროში მოგზაურობა. ეს შეიძლება ადამიანის ხსნა იყოს… არ მგონია, ვაჭარბებდე. პალატა T–ს ორმა ათეულმა პაციენტმა, იმ სიმძლავრის ბირთვული ბომბი ააფეთქა, არ მიკვირს, თქვენმა ექსპერტებმა თავი და ბოლო რომ ვერ გაუგეს.
– რა შეიძლება იყოს დროში მოგზაურობაზე დიდი, სქრიმ?!
– ეიზენჰაუერი კენჭს იყრიდა მეოცე საუკუნის შუაწელს. ამიტომ ნათან რაილი ვერ იქნებოდა თან დაიმონდ ჯიმ ბრეიდის მეგობარი და თან ეიზენჰაუერის გამარჯვებაზე დადებდა ფსონს… ერთდროულად ეს შეუძლებელია. აიქი რომ პრეზიდენტი გახდა, ბრეიდი[9] კარგა ხნის გარდაცვლილი იყო… ჰენრი ფორდმა კი ავტომობილების წარმოება დაიწყო ნახევარი საუკუნით ადრე, ვიდრე მარჩიანოსა და ლა სთარცას მატჩი[10] გაიმართა. ნათან რაილის მოგზაურობა დროში პირთამდე სავსეა მსგავსი ანაქრონიზმებით.
ქარფენთერი გაოგნებული ჩანდა.
– არც ლელა მაჩანს შეეძლო ბენ ჰურის შეყვარებული ყოფილიყო. ბენ ჰურს არასდროს უცხოვრია რომში… მეტიც, ქარფენთერ, ის საერთოდ არ არსებობდა. ბენ ჰური გამოგონილია, წიგნის პერსონაჟია… ლელა მაჩანი ვერ მოწევდა სიგარეტს – იმ დროინდელ რომში თამბაქო არ იცოდნენ, რა იყო… აქაც უამრავი ანაქრონიზმია. ჯორჯ ჰანმერი ვერ იმგზავრებდა დიზრაილის როლს როისით, რადგან დიზრაილი[11] ავტომობილებს ვერ მოესწრო, მისი გარდაცვალებიდან კარგა ხნის შემდეგ გამოიგონეს.
– ჯანდაბა! – შესძახა ქარფენთერმა, – თქვენ ამბობთ, რომ ისინი ტყუიან?
– ცხადია – არა… ნუ გავიწყდებათ, მათ არ სჭირდებათ ძილი. მათ არ სჭირდებათ საკვები. ისინი არ ტყუიან. ისინი მართლა მოგზაურობენ დროში – იქ ჭამენ და იქ ისვენებენ.
– კი მაგრამ, ამწუთას არ თქვით, მათი ამბები გამოგონილია – ანაქრონიზმებით არისო სავსე?
– იმიტომ რომ ისინი მოგზაურობენ წარმოსახვით დროში. ნათან რაილის საკუთარი წარმოდგენა აქვს მეოცე საუკუნის დასაწყისის ამერიკაზე. ეს არის მცდარი სურათი, აცდენილი ისტორიულ რეალობას, ვინაიდან ნათან რაილი მკვლევარი არ არის, მაგრამ მისეული ამერიკა სავსებით რეალური და ზუსტია მისთვის. იქ მოგზაურობა და ცხოვრება შეუძლია… ასეა სხვების ამბავიც.
ქარფენთერი მიხვდა. თვალები, ლამის, ბუდეებიდან ამოუცვივდა.
– ეს, თითქმის, დაუჯერებელი ამბავია, მაგრამ ამ ადამიანებმა მიაგნეს გზას, როგორ აქციონ ოცნებები რეალობად. მათ იციან, როგორ შეაღონ საკუთარი ოცნების კარი. მათ შეუძლიათ შევიდნენ, იცხოვრონ და დარჩნენ იქ… ერთხელაც იქნება და – სამუდამოდ. შევლენ და გამოკეტავენ კარს. ღმერთო ჩემო, ქარფენთერ, ეს არის თქვენი ამერიკული ოცნება. ეს არის ახდენილი სასწაული, უკვდავება, ღვთის მიერ სამყაროს შექმნის დარი ხელოვნება. გონების მიერ მატერიის მართვა… ეს უნდა გამოიკვლიოთ. უნდა შეისწავლოთ. მსოფლიოს უნდა გაუზიაროთ.
– შეძლებთ ამის გაკეთებას, სქრიმ?
– არა… მე – არა. მე ისტორიკოსი ვარ. აქ შემოქმედია საჭირო. მე შემოქმედი არ ვარ, ეს ყველაფერი ჩემი შემეცნების მიღმაა. თქვენ პოეტი გჭირდებათ… არტისტი. ვინც იცის, როგორ იბადება ოცნებები. მას, ვისაც ოცნება ქაღალდზე გადააქვს, სიზმრების რეალობად ქცევამდე პოეტისთვის სულ ერთი ნაბიჯია.
– პოეტი? არ ხუმრობთ?
– რა თქმა უნდა – არა… იცით, პოეტი რა არის? მეხუთე წელია, ყურები გამოგვიჭედეთ, რომ ეს ომი პოეტების გადასარჩენად მიმდინარეობს. ამ ომს მეთაურობთ.
– მასხრობის დრო არ არის, სქრიმ, მე…
– გაგზავნეთ პოეტი პალატაში. ის გაიგებს, როგორ ახერხებენ ამას. პოეტი ერთადერთია, ვინც შეძლებს. პოეტი ისედაც თითქმის ოცნებებში ცხოვრობს. როდესაც ამ საიდუმლოს ამოხსნის, შემდეგ ასწავლის თქვენს ექსპერტებს. ექსპერტები კი ყველა დანარჩენს ასწავლიან… პოეტი ერთადერთია ვინც შეძლებს, ხიდი გადოს პალატა T-ს პაციენტებსა და თქვენს ექსპერტებს შორის.
– მე მჯერა თქვენი, სქრიმ… მგონია, რომ მართალს ამბობთ.
– დროს ნუ დაკარგავთ, ქარფენთერ, ეს პაციენტები სულ უფრო და უფრო იშვიათად ბრუნდებიან ამ სამყაროში. საიდუმლოს უნდა ავხადოთ ფარდა, სანამ ისინი სამუდამოდ გამოგვიხურავენ კარს. გაგზავნეთ პოეტი პალატა T-ში.
ქარფენთერი დასწვდა ყურმილს, – მომგვარეთ პოეტი, – ბრძანა მან.
და დაელოდა…
და კიდევ დაელოდა…
და დაელოდა, სანამ ამერიკამ გადათვალა და გადმოთვალა მისი ორას ოთხმოცდაათი მილიონი გამობრძმედილი და შემართული ექსპერტი – საგანგებო იარაღი ამერიკული ოცნების და სილამაზის და პოეზიის და ყველაფერი იმის დასაცავად, რაც საუკეთესო და ყველაზე ძვირფასია ჩვენს ცხოვრებაში.
გენერალი ქარფენთერი ელოდა, როდის იპოვიდნენ პოეტს. ვერ ხვდებოდა, რატომ უწევდა ამდენ ხანს ლოდინი. ვერ ხვდებოდა, რატომ იყო ძებნა უნაყოფო. ვერ ხვდებოდა, რატომ ხარხარებდა ბრედლი სქრიმი. რატომ ხარხარებდა. და ხარხარებდა. და ხარხარებდა გაუჩერებლივ ამ შეუქცევად, საბედისწერო გაუჩინარებაზე.
©Alfred Bester – Disappearing Act. Star Science Fiction Stories No2, 1953
©LV (ქართული თარგმანი, 2021)
©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___
(1)St. Albans, Queens – ნიუ იორქის მჭიდროდ დასახლებული უბანია სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.
40-იანებში აქ ჯაზის ისეთი ლეგენდები ცხოვრობდნენ, როგორც ლუი არმსთრონგი, ელა ფიცჯერალდი, ქაუნთ ბეიზი, ჯონ ქოლთრეინი…
(2)კატატონია შიზოფრენიის ფორმაა. ახასიათებს მოტორული დარღვევები.
(3)ნივთიერებათა ცვლის შემადგენელი პროცესებია. კატაბოლიზმი – ნივთიერებათა დაშლაა. ანაბოლიზმი – უჯრედის შემადგენელი ნაწილების წარმოქმნა.
(4)Tattersall’s – ცხენებით მოვაჭრე უდიდესი სააუქციონო სახლია გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში.
(5)სტუდენტებს შორის პოპულარული სიმღერა. Gaudeamus igitur ლათინურად ნიშნავს “მოდით, გავიხაროთ”.
(6)ბრიტანელი “თავისუფალი ზღვაოსნები” = მეკობრეები, რომლებიც კარიბის ზღვაში უცხო ქვეყნების სავაჭრო გემებზე ნადირობდნენ XVII-XVIII საუკუნეში.
(7)ნორვეგიელი ვიკინგი I საუკუნეში.
(8)“რეჟიმის თანამგზავრი” – ტერმინი, რომლითაც აღნიშნავენ ადამიანებს, ვინც იდეოლოგიურ მხარდაჭერას უცხადებს დიქტატორულ მმართველობას. უშუალოდ მონაწილეობას არ იღებს რეპრესიებში, მაგრამ ირიბად ან პირდაპირ ამართლებს და თვალს ხუჭავს. მონაწილეობს პროპაგანდაში. “აპრავებს”.
ტერმინი ფართოდ იყო გავრცელებული საბჭოთა კავშირში და დასავლელ სოვეტოლოგებს შორის.
პირველად გამოიყენა ტროცკიმ და ასე მოიხსენია ის რუსი მწერლები: ესენინი, პილნიაკი, ზოშჩენკო, კავერინი, ზამიატინი, ვინც სიმპათიით იყო განწყობილი რევოლუციის მიმართ, მაგრამ არ იყო ბოლშევიკური პარტიის წევრი და არ სურდა პარტიულ ცხოვრებაში მონაწილეობა.
(9)დაიმონდ ჯიმ ბრეიდი XIX საუკუნის ბოლოს XX დასაწყისის ამერიკელი ბიზნესმენი იყო.
(10)როქი მარჩიანო და როლანდ ლა სთარცა ამერიკელი მოკრივეები იყვნენ. მათი მატჩი 1950 წლის 24 მარტს შედგა.
(11)ბენჯამინ დიზრაილი – XIX საუკუნის ბრიტანელი პოლიტიკოსი, მწერალი. ორგზის იყო პრემიერ-მინისტრი. ამბობენ, რომ სწორედ მან თქვა: “წიგნის(რომანის) წაკითხვა თუ მსურს, ვჯდები და თავად ვწერ”-ო.
___
მთარგმნელის კომენტარი:
ვფიქრობდი, ჩამენაცვლებინა თუ დამეტოვებინა „აქტი“ სათაურში… რაკი ეს სიტყვა ერთდროულად ნიშნავს ქმედებას და ოფიციალურ დოკუმენტს (ბესთერსაც ამისთვის დასჭირდა) დარჩა, როგორც არის. თან, თავად მოთხრობის ტექსტიც სრულიად შეგნებულად არის გაჯერებული ოფიციოზის ყალბი, პათეტიკური ენით. თარგმანშიც, მეტ-ნაკლებად შევეცადე, მივყოლოდი.
მოთხრობა საკმაოდ ვრცელია. მოკლე მოთხრობების თარგმნა მირჩევნია. ბლოგის ფორმატსაც უფრო უხდება. წასაკითხადაც – იოლია. ორი გამონაკლისი მაქვს – ერთი აზიმოვი იყო და მეორე კი – ბესთერი.