მინუს ერთი

ჯეი ჯი ბალარდი

– სად არის? სად დაიკარგა, ღმერთო ჩემო? – აღმოხდა Green Hill Asylum-ის, სულით ავადმყოფთა თავშესაფრის, Green Hill Asylum-ის დირექტორს, დოქტორ მელინგერს. ადგილზე ვერ ჩერდებოდა, გაუთავებლად ბოლთას სცემდა მაგიდიდან ფანჯრამდე და – უკან.

დუმდნენ, მაგრამ მსგავს სასოწარკვეთას შეეპყრო სხვა თანამშრომლებიც. ხუმრობა ამბავია? პაციენტი გაუჩინარდა და თორმეტი საათი ისე შემოეფცქვნათ თვალსა და ხელს შუა, კვალს ვერ მიაგნეს.

ჯერ ვერ დაიჯერეს. შემდეგ – გაოცდნენ. შემდეგ – აღელდნენ. ბოლოს იმგვარმა ქვეცნობიერმა აღტყინებამ შეიპყრო ყველა, თავად ფსიქიატრები რომ ეიფორიულ უნდობლობას უძახიან.

ჯეიმს ჰინთონი პირველი და ერთადერთი პაციენტი იყო, ვინც თავშესაფრიდან გაპარვა მოახერხა. ისე, რომ, თითქოს მიწამ უყო პირი, კვალიც არ დარჩენია.

დოქტორმა მელინგერმა და მისმა ხელქვეითებმა ლამის დააჯერეს თავი, რომ ჰინთონი არსად გაქცეულა და იქვე, თავშესაფარში იმალებოდა სადღაც. ან – უბრალოდ აორთქლდა, თუკი აორთქლებას გაქცევად მოვნათლავთ.

ნუგეშად დოქტორ მელინგერს ისღა ჰქონდა, რომ თუკი პაციენტმა გაქცევა მართლაც მოახერხა, ამან გამოავლინა უსაფრთხოების სისტემების ნაკლოვანებები და შესაბამისი სამსახურის უფროსებს ცივ შხაპად გადაევლო. ასე ფიქრობდა თავშესაფრის დირექტორი და მაგიდაზე აკაკუნებდა თითებს. მის მოადგილეს, დოქტორ ნორმანდს და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს დაღალულ, უძინარ სახეზე მიტკლის ფერი ედოთ, როდესაც დირექტორის კაბინეტში შეიძურწნენ ფეხაკრეფით. დოქტორ მელინგერს სურდა, თითოეულისთვის თვალი-თვალში გაეყარა, მაგრამ მათ თავები ჩაექინდრათ – გაქცეული პაციენტი იატაკზე დაფენილი ხალიჩის ქვეშ ეგულებოდათ, ალბათ, რაკი ყველგან ეძებეს უკვე და ვერსად ნახეს.

ერთი პაციენტი… – ფიქრობდა დოქტორი მელინგერი, – მხოლოდ ერთი… თითქოს – არაფერი… მაგრამ ქარიშხალს ელოდა, როგორც კი გავარდებოდა ხმა, რომ ეს ერთადერთი პაციენტი მკვლელობის ჟინით შეპყრობილი შეშლილი იყო. და ექიმებმა მთელი თორმეტი საათი დამალეს ეს ამბავს, არ შეატყობინეს პოლიციას.

ეს დაყოვნება იყო შეცდომა. რაც დრო გადიოდა, დოქტორი მელინგერი მითუფრო ნათლად გრძნობდა ამას. იმწამსვე უნდა აეტეხა განგაში და განტევების ვაციც დაუყონებლივ ეპოვა. აკი, შესაფერისი კანდიდატიც გამზადებული ჰყავდა – ექიმი მენდელსონი პათოლოგიების განყოფილებიდან, პატარა კაცი უმნიშვნელო დეპარტამენტიდან. მისი სამსხვერპლოზე მიყვანა იოლი იქნებოდა, რომარა თავად მელინგერის მომეტებული სიფრთხილე და სიჯიუტე. სანამ კედელთან არ მიაყენეს, სანამ სხვა გზა აღარ დარჩა, სანამ ბოლომდე არ გამოწურა იმედი, რომ ჰინთონი არსად გაპარულა და სადღაც თავშესაფრის ტერიტორიაზე იმალებოდა, დოქტორმა მელინგერმა ფეხები ითრია და არ ატეხა განგაში.

თორმეტი საათი გამოხდა. დირექტორმა ჯეროვნად ვერ გათვალა. ეს ცხადი იყო. დოქტორ ნორმანდს ბაგეებზე უკვე ცბიერი ღიმილი დაედო ჩრდილად. სხვა ქვეშევრდომებსაც ეტყოდა მალე გუმანი – თავშესაფრის დირექტორს წყალი შეუდგა. თუკი ჰინთონს უახლოეს საათებში ვერ მიაგნებენ, სამოქალაქო ხელისუფლების ნდობასაც დაკარგავს და თავშესაფრის მზრუნველთა საბჭოს მხარდაჭერასაც.

თუმცა, დოქტორი მელინგერის მხარეს ჯერ კიდევ იყო ფარული ფანდების ცოდნა და მზაკვრობა, რაც დაეხმარა ამ თანამდებობის დასაკავებლად.

– სად არის?

დოქტორი მელინგერი მის სამ ქვეშევრდომს მიაჩერდა. ღამეულმა ძებნამ უშედეგოდ ჩაიარა. ეს ყველაფერი უკვე ჰგავდა ფარსს, სადაც დამდგმელი რეჟისორიცა და მთავარი როლის შემსრულებელიც ჰინთონი იყო.

კოლეგები მშიერი და ნამძინარევი თვალებით შეჰყურებდნენ უხმოდ.

– გამოფხიზლდით, ბატონებო! ვიცი, უძილო ღამე გამოიარეთ, მაგრამ მე ისევ საზარელ სიზმარში მგონია თავი.

დოქტორი მელინგერი ფანჯარას მიუახლოვდა და გახედა აყვავებულ აზალიებს, თითქოს იქ, ბუჩქებში ეგულებოდა გაუჩინარებული პაციენტი.

– დოქტორო რედფათ, აბა, გისმენთ!

– ძებნა არ შეგვიწყვეტია, ბატონო დირექტორო… – დოქტორი რედფათი თავშესაფრის რეგისტრატორი იყო და პაციენტების ადგილსამყოფელის ცოდნა, ფორმალურად, მას ევალებოდა, – გარეშემო სრულად შემოვიარეთ, შევისწავლეთ საერთო საცხოვრებლის შენობა, ავტოფარეხი და სხვა დამხმარე სათავსო-ნაგებობები… პაციენტებიც კი დავიხმარეთ, მაგრამ ჰინთონის კვალს ჯერ ვერ მივაგენით… – გაჩუმდა წამით და დაამატა სასომიხდილმა, – ვშიშობ, სხვა გზა აღარ დაგვრჩა – პოლიციას უნდა ვაცნობოთ.

– სისულელეა! – დოქტორი მელინგერი სავარძელს დაუბრუნდა და ხელისგულები მაგიდაზე დააწყო. თვალებს აბრიალებდა და აქეთ-იქეთ აცეცებდა, – რაკი მისი მოძებნის უნარი არ გყოფნით, ახლა პოლიციელები უნდა მოვაცდინოთ? ყველას თავისი საქმე აქვს. არც ის მგონია, საკუთარი შესაძლებლობები სრულად ამოვწურეთ.

– მართალს ბრძანებთ, დირექტორო, – მხარი მისცა დოქტორმა ნორმანდმა, – მაგრამ, მეორეს მხრივ, თუ დავრწმუნდით, რომ დაკარგული პაციენტი თავშესაფრის ტერიტორიაზე არ იმყოფება, უნდა ვივარაუდოთ, აქედან გააღწია… ergo[*], რაც მალე შევატყობინებთ პოლიციას მით უკეთ არ დავეხმარებით?

მელინგერმა გაიფიქრა, რომ არასოდეს ენდობოდა მოადგილეს და არც გულზე ეხატებოდა. აუცილებლად ჩაანაცვლებდა, როგორც კი ამ ამბებს გადააგორებდა… თუნდაც – იმავე რედფათით. ის იაღლიში, რაც „ჰინთონის საქმეში“ მოუვიდა რედფათს, ხელსაც კი აძლევდა დირექტორს – ახალი მოადგილე მორჩილი და ერთგული იქნება. არც მისი ადგილის დაკავებაზე დაიჭერს თვალს.

– სრულიადაც – არა, ძვირფასო ნორმანდ, – დათაფლული ხმით უპასუხა მელინგერმა, – ან. იქნებ, რამე მტკიცებულება გაქვთ? გადაკვანძული ზეწრები, რომლითაც პალატიდან ძირს ჩააღწია ან – ნატერფალი ყვავილნარში? არაფერი მსგავსი! ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, ის ჯერკიდევ თავშესაფრის ტერიტორიაზეა… მეტიც, მე ვიტყოდი – საკუთარ პალატაში. თავად განსაჯეთ: გისოსები ხელუხლებლადაა – ფანჯრიდან ვერ გადაძვრებოდა. ერთადერთი გზა – კარია. დროის მონაკვეთში, როდესაც ჰინთონი ბოლოს ვნახეთ და უკვალოდ გაქრა, გასაღები ექიმი ბუთის ხელში იყო… – მელინგერმა ხელით მიანიშნა ახალგაზრდა კაცზე, სახე რომ ჩამოსტიროდა, – ხომ ასეა, ბუთ? ადასტურებთ, რომ ბოლო ადამიანი ხართ, ვინც ჰინთონი მოინახულა?

ექიმმა ბუთმა უხალისოდ დაუქნია თავი. სწორედ მას, როგორც ჰინთონის პირად ექიმს ჰქონდა პატივი, გამხდარიყო ავი ამბების მაცნე.

– საღამოს შემოვლის დროს, სერ, შვიდ საათზე… თუმცა, ბოლო, ვინც ჰინთონი ნახა ნახევარი საათის შემდეგ, მორიგე ექთანი იყო. პაციენტის გასინჯვა არ იყო დაგეგმილი, ამიტომ კარი არც გაგვიღია – მხოლოდ სარკმლიდან შევავლეთ თვალი. დავრწმუნდით, ყველაფერი რიგზე იყო. ცხრა საათი შესრულდა, მისი ხელახლა მონახულება რომ გადავწყვიტე…

– რატომ? – გააწყვეტინა დოქტორმა მელინგერმა და თავი თვალში გაუყარა, – უცნაური ამბავია, ექიმო. რატომ უნდა დატოვო საკუთარი კომფორტული კაბინეტი, აიარო სამი სართული სულ ორი საათის წინ ნანახი პაციენტის გასასინჯად, რისი გაკეთებაც მორიგე ექიმსაც სულ იოლად შეუძლია?.. გამოგიტყდებით და არ მესმის, რა ძალა გრჯიდათ.

– მაგრამ, დირექტორო! – აღელვებული ბუთი სკამიდან წამოიწია, – ჰინთონის გაქცევაში ხომ არ მდებთ ბრალს?.. გარწმუნებთ, რომ…

– მშვიდად, ექიმო, მშვიდად, – აიქნია ხელი დოქტორმა მელინგერმა, – ჩემი ვალია, ყველა შესაძლებლობა განვიხილო… გნებავთ, ჩავასწორებ და ასე ვიტყვი – რა არაცნობიერი ძალა გრჯიდათ…

– არც არაცნობიერი მიზეზი მქონდა, დირექტორო, – თავი იმართლა ბუთმა, – ვაღიარებ, არ მახსოვს ახლა, რამ მიბიძგა, ჰინთონის სანახავად წავსულიყავი, მაგრამ რაღაც მიზეზი უთუოდ მექნებოდა… თუ სიმართლე გინდათ, ამ პაციენტს წესიერად არც ვიცნობდი…

– აბა, მე რა ვთქვი? – მელინგერმა თვალი მოწყვიტა ბუთს და ახლა საკუთარ ანარეკლს დააშტერდა ვერცხლის სამელნეზე, – თქვენ საერთოდ არ იცნობდით ჰინთონს… დაგვდეთ პატივი, ექიმო ბუთ და აღგვიწერეთ პაციენტის გარეგნობა.

ბუთი იხსენებდა. წვალებით. ბორძიკით:

– ის იყო… საშუალო სიმაღლის… ასე მახსოვს… დიახ… წაბლისფერი თმა ჰქონდა… ფერმკრთალი… თვალების ფერი… თუ შეიძლება, ანკეტას ჩავხედავ, დირექტორო.

– დოქტორმა მელინგერმა თავი გაიქნია და რედფათს მიუბრუნდა.

– ახლა თქვენ გისმენთ…

– ეგ პაციენტი არასდროს მინახავს, სერ… თავშესაფარში რომ მივიღეთ, დოქტორმა ნორმანდმა ჩაუტარა აუცილებელი დათვალიერება.

დოქტორმა ნორმანდმა კოპები შეჰყარა და შუბლი ნაოჭებით დაეღარა… სიც მეხსიერებაში იქექებოდა.

– მგონი, ჩემმა თანაშემწემ გასინჯა… პაციენტი ჰინთონი საშუალო აღნაგობის კაცი იყო, არც მაღალი, არც – დაბალი… ასე ვიტყოდი, რიგითი გარეგნობის, – ტუჩები მოიკვნიტა, – ჩემმა თანაშემწემ მიიღო…

– სახალისო ამბავია, – შესძახა დოქტორმა მელინგერმა. აშკარად გამოცოცხლდა, თვალებსაც ეშმაკურად აკვესებდა. დარდი და სასოწარკვეთა, მთელი დღე რომ ტვირთად ედო, თითქოს გადააგდო კიდეც, – თუ სწორედ მიგიხვდით, მთელი ჩვენი დაწესებულება 24 საათია დაეძებს ადამიანს, რომელსაც ვერც კი ვიცნობთ, დერეფანში რომ გადავაწყდეთ?.. აქამდე საღად მოაზროვნე, ღრმად მოფიქრალ კაცად გიცნობდით, ნორმანდ, მაგრამ, თურმე, რა ახალ-ახალ თვისებებს გვიმალავდით.

– მაგრამ, დირექტორო! თითოეული პაციენტის დამახსოვრება არც მევალება…

– კმარა, ნორმანდ! – დოქტორი მელინგერი წამოდგა ფეხზე და კვლავ წინ და უკან უთავბოლოდ დაიწყო ხალიჩის გასწვრივ სიარული, – შემაშფოთებელი ამბავია, ბატონებო. ჩანს, თავშესაფრის პერსონალის დამოკიდებულება პაციენტების მიმართ, კარგად უნდა შევისწავლოთ. ჩვენი პაციენტები არ არიან უსულო და უსახო ციფრების ჯამი. ისინი პიროვნებები არიან. თითოეული მათგანი – გამორჩეულია და განუმეორებელი… თუ ისე უყურებთ, როგორც არარაობებს, როგორც – ნულს… არ მიკვირს, თვალსა და ხელს შუა რომ გვეკარგებიან. მომდევნო დღეები უნდა დავუთმოთ მათ შესწავლას. უნდა ვიცნობდეთ თითოეულის ხასიათს და არა, როგორც ახლა – ერთი თვალის გადავლებით დავკმაყოფილდეთ… ამ ამბავმა გვაჩვენა, რისი შეცვლაა საჭირო, რომ “გრინ ჰილზი” გარდავქმნათ ისეთ დაწესებულებად, სადაც ურთიერთობა ექიმებსა და პაციენტებს შორის ურთიერთნდობასა და ურთიერთპასუხისმგებლობაზე დგას.

ამასობაში დილაც გადავიდა. დოქტორი მელინგერი ფანჯარასთან დადგა და მზის სხივებში გაეხვია, თითქოს გაცისკრა კიდეც.

ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. ბოლოს ექიმმა რედფათმა ჩაახველა, ჩაიწმინდა ყელი და ფრთხილად ჰკითხა:

– და ჰინთონი, სერ?

– ჰინთონი?… ჰო, ჰინთონი… – რედფათის შეკითხვამ მელინგერი ოცნებებიდან გამოარკვია, – მოდით, ჰინთონი განვიხილოთ… როგორც მონიტორინგის პროცესის ილუსტრაცია, ჩვენი ახლებური მუშაობის შეფასების ინდიკატორი.

ხელქვეითებმა ერთმანეთს გადახედეს.

– ძებნა უნდა გავაგრძელოთ, ბატონო დირექტორო? – ისევ რედფათმა ამოიღო ხმა.

მელინგერს წამით ფიქრები გაებნა. მაგრამ მალევ მოუყარა თავი:

– რა თქმა უნდა, ჰინთონს უნდა მივაგნოთ. შორს ვერ წავიდოდა – აქ არის სადღაც. მისი სუნიც აქ ტრიალებს. ჩვენს წინაშეა უზარმაზარი მეტაფიზიკური თავსატეხი… ამოხსენით, მეგობრებო, და მისი გაუჩინარების საიდუმლოსაც ამოხსნით.

ძებნა გაგრძელდა.

მომდევნო ერთი საათი განმავლობაში დოქტორი მელინგერი კაბინეტში დარჩა მარტო. კვლავ ბოლთას სცემდა იატაკზე დაგებულ ფარდაგზე. დროდადრო ბუხართან ჩერდებოდა და ხელებს აფიცხებდა ცეცხლს. ბუხარში რამდენიმე მუგუზალი ღვიოდა, როგორც ფიქრები მელინგერის გონებაში. ეძებდა გამოსავალს. ხსნა სადღაც ახლოს ეგულებოდა, მხოლოდ მოხელთება და სამზეოზე გამოტანა სჭირდებოდა. დარწმუნებული იყო, რომ ჰინთონის სასწაულებრივი გაუჩინარება უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგი ვერ იქნებოდა მხოლოდ, მიზეზი უფრო ღრმად იყო დამარხული.

დოქტორმა მელინგერმა ამ ფიქრებით დატოვა კაბინეტი და ჩავიდა ქვედა სართულზე, სადაც ადმინისტრაციული განყოფილება მდებარეობდა. დაცარიელებული ოთახები – ყველა თანამშრომელი ძებნაში მონაწილეობდა. აქა-იქ პაციენტების შეძახილები ისმოდა – კვების დრომ მოაწია და გადაცდა კიდეც, მაგრამ მათთვის არვის სცხელოდა. საბედნიეროდ, კედლები საკმაოდ სქელი იყო და არც პაციენტები ჰყავდათ ბევრი – მკურნალობის საფასური მაღალი იყო და პალატების გადაჭედვის გარეშეც იოლად გაჰქონდათ თავი.

Green Hill Asylum (მომხიბლველი დევიზით: “არის მწვანე გორაკი, შორს, სადღაც შორს”)[2] იმ ყაიდის დაწესებულება იყო, რომელსაც მდიდარი შემომწირველები და მფარველები ჰყავს ხოლმე. კეთილმოწყობილი ციხის როლს ასრულებდა. აქ იყრიდა თავს ყველა გზაშემცდარი თუ გაუბედურებული ნათესავი, ვისი სახლში გაჩერება შეუძლებელი იყო და კეთილშობილ ოჯახებს ჩრდილად ადგა. ამიტომ უმთავრესი, რასაც თავშესაფარი სთავაზობდა – საიდუმლოს შენახვა და უსაფრთხოება იყო. მკურნალობა – მეორე რიგში, თუკი მკურნალობა ერქვა საერთოდ. დოქტორი მელინგერის პაციენტები საგულდაგულოდ იყვნენ გარე სამყაროს ჩამოშორებულნი და სანამ რჩებოდნენ ასე, თვალთაგან მიღმა, დამფინანსებლები კმაყოფილნი იყვნენ და არაფერი ადარდებდათ სხვა.

ჰინთონის გაქცევამ თავშესაფრის კეთილდღეობა დიდი განსაცდელის წინაშე დააყენა.

დოქტორმა მელინგერმა მოადგილის კაბინეტში შეიხედა. მაგიდაზე თხელი საქაღალდე იდო. რამდენიმე ფურცელი და ფოტო.

მელინგერმა დახედა. ერთხანს ასე, ჩაფიქრებული დაჰყურებდა. შემდეგ, მიმოიხედა, ხომ არვინ მიყურებსო დერეფნიდან, სტაცა ხელი, ამოიდო იღლიაში, გავიდა ოთახიდან და სწრაფი ნაბიჯებით აჰყვა კიბეს.

შეძახილები და შარი-შური ისმოდა ეზოდან. ისევ ჰინთონს ეძებდნენ. მელინგერმა გახსნა საქაღალდე და პირქვე დამხობილი ფოტო გადმოაბრუნა. დააკვირდა. მართლაც, როგორა თქვეს – რიგითი გარეგნობის კაცი უმზერდა. ცხვირი არც კეხიანი არც – პაჭუა. შუბლი და ლოყები. ყურები ოდნავ აპრეხილი, მაგრამ სხვა არაფერი, რაზეც თვალი მოეჭიდებოდა.

დოქტორი მელინგერი ავადმყოფობის ისტორიის კითხვას შეუდგა და რაც მეტს კითხულობდა, მით მეტად აწვებოდა გულძმარვა. ნუთუ, ვიღაც შეშლილი არარაობა ჰინთონია მიზეზი მთელი ამ შფოთის და აყალ-მაყალის, თავშესაფარი რომ მოიცვა? ერთი ფოტო და რამდენიმე ფურცელი – მისი არსებობის უსუსური საბუთი… ღირდა კი ამად?

საქაღალდე ბუხართან მიიტანა და ხელი გაუშვა.

ცეცხლი აგიზგიზდა მაგრამ მალევ მინავლდა ისევ. ქაღალდებიდან ფერფლიღა დარჩა.

– ძვირფასო ბუთ! შემოდით, შემოდით… კარგია, რომ გამონახეთ დრო, არ მოგაცდენთ დიდხანს, – ასე გულითადად შეეგება დოქტორი მელინგერი, ბუხართან მდგარი სავარძელი შესთავაზა და ვერცხლის პორტსიგარიც გადაუშალა, – უმნიშვნელო ამბავია, მაგრამ მსურს, მოგეთათბიროთ… ერთადერთი ადამიანი ხართ, ვინც ამ საქმეში დახმარებას შეძლებს.

– რა თქმა უნდა, სერ, დიდი პატივია ჩემთვის.

მელინგერი მაგიდას მიუჯდა და განაგრძო:

– მართლაც, უცნაური შემთხვევაა, ძალიან საყურადღებო. ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო, რაც კი შემხვედრია. თქვენს პაციენტს ეხება…

– ვიზე ამბობთ, სერ?

– ჰინთონი, – უთხრა დოქტორმა მელინგერმა და თვალი თვალში გაუყარა ბუთს.

– ჰინთონი, სერ?

– ვხედავ, გაგიკვირდათ, – განაგრძო მელინგერმა, – ეს თქვენი გაოცებაც მეტისმეტად საყურადღებო მგონია.

– ძებნას ვაგრძელებთ… – ჩაიბურტყუნა ბუთმა. დაბნეული ჩანდა, – სამწუხაროდ, კვალს ვერ მივაგენით… დოქტორი ნორმანდი ფიქრობს, რომ უნდა შევატყობინოთ…

– ოჰ ეს დოქტორი ნორმანდი, – შესძახა დირექტორმა, – მასაც ვთხოვე მოსვლა, როგორც კი გათავისუფლდება. ჰინთონის ავადმყოფობის ისტორია უნდა მოიტანოს… თუმცა, არც ვიცი, ვის დავეძებთ ასე გაფაციცებით…

– სერ??!

– ეგებ, სულაც არ ვეძებთ ჰინთონს? ჰინთონის საქმე მნიშვნელოვან საიდუმლოს ფარავს, რაც თავშესაფრის თვით საძირკველში უნდა ვნახოთ და ამ თავსატეხის ამოხსნას უნდა დავუთმოთ მთელი ჩვენი ყურადღება, – დოქტორმა მელინგერმა ხმამაღლა გაიმეორა, რაც ამასწინ გონებაში დაალაგა, – ბუთ, მოდით, ერთი წუთით განვიხილოთ თავად ჰინთონის როლი, უფრო ზუსტად რომ ვთქვა, მიმდინარე და ურთიერთკავშირში მყოფი მოვლენების ის კონსტრუქცია, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია განსაზღვრებად შევურჩიოთ ტერმინი ”ჰინთონი”.

– მოვლენების კონსტრუქცია?… მმმ… დიაგნოსტიკას გულისხმობთ? – ბუთი დირექტორის ფიქრებს ვერ ეწეოდა.

– არა, ბუთ! მე ჰინთონის ფენომენოლოგიაზე ვამბობ. მის აბსოლუტურ მეტაფიზიკურ არსზე… კარგი, უფრო მარტივად გეტყვით: თუ ამჩნევთ, ბუთ, რა ცოტა ვიცით ამ მოუხელთებელ პაციენტზე, ვინც მისი არსებობის დასტურად ესოდენ უმნიშვნელო კვალი დაგვიტოვა?

– მართალს ბრძანებთ, სერ, – დაეთანხმა ბუთი, – საკუთარ თავს ვერ ვპატიობ, ჯეროვანი ყურადღება რომ არ მივაქციე…

– სულაც არა, ექიმო. თქვენ ხომ ასე დაკავებული ხართ. მე ახლა “გრინ ჰილზის” რეორგანიზაციის განხორციელებას ვგეგმავ და, გარწმუნებთ, თქვენს დაუღალავ შრომას დაუფასებლად არ დავტოვებ. მმართველობით თანამდებობას შემოგთავაზებთ, რომელიც უფრო შეგეფერებათ.

ბუთი სავარძელში წამოიწია. წელში გაიმართა. დირექტორთან საუბარმა, მოულოდნელად, მისთვის სასიკეთო კალაპოტი ნახა.

მელინგერმა თავი დაუქნია, – იმის ნიშნად, რომ ხელქვეითის მადლიერი მზერა შეუმჩნეველი არ დარჩენია.

– მრავალი პაციენტი, ერთნაირი უნიფორმა, ტიპური პალატები, მსგავსი მკურნალობა – გასაკვირია, განა, რომ ერთგვარად სახეს კარგავენ?.. მეტსაც გეტყვით, – დაამატა ოდნავ ხმადაბლა და ღიმილით, – გამოგიტყდებით, მეც მეჩვენება, რომ ყველა პაციენტი ერთმანეთს ჰგავს. როდესაც დოქტორი ნორმანდი ან თქვენ მომახსენებთ ხოლმე, რომ ახალი პაციენტი გვყავს… სმითი იქნება თუ ბრაუნი, წარმოსახვაში ჩვენი თავშესაფრის არაფრით გამორჩეული სტანდარტული პაციენტი წარმომიდგება ხოლმე – უნიფორმა, ჩავარდნილი თვალები, მოკუმული ტუჩები, პირქუში გამომეტყველება… – მელინგერმა ხელები მაგიდაზე დააწყო და ზედ დაეყრდნო, – ვვარაუდობ, ეს ავტომატური მექანიზმი ამოქმედდა ეგრეთ წოდებული ჰინთონის შემთხვევაშიც და თქვენ არარსებული ადამიანი წარმოსახვითი პიროვნული თვისებებით დააჯილდოვეთ.

ექიმმა ბუთმა თავი დაუქნია. როგორც ჩანს, ნელ-ნელა წამოეწია დირექტორის ფიქრებს.

– თუ სწორად მივხვდი, ეჭვი გაქვთ რომ ჰინთონი ანუ ის, რასაც ჩვენ აქამდე ჰინთონს ვეძახდით, შესაძლოა, სხვა პაციენტზე მოგონება იყო? – თქვა ბუთმა ჯერ ისევ გაუბედავად, ყოყმანით. და მელინგერის მომნუსხველი მზერა იგრძნო.

– ექიმო ბუთ, გეკითხებით, რა ხელჩასაჭიდი მტკიცებულება გვაქვს იმისა, რომ ჰინთონი ოდესმე მართლაც არსებობდა?

– პირადი საქმე რეგისტრაციის განყოფილებაში… და – ავადმყოფობის ისტორია…

დოქტორმა მელინგერმა სათნო ღიმილით გაიქნია თავი.

– თქვენ ქაღალდებზე ამბობთ… ეს არ არის ცოცხალი ადამიანის ვინაობის მტკიცებულება. დაბეჭდვა ყველაფრის შეიძლება. მტკიცებულებად გამოდგება მხოლოდ ფიზიკური სხეული და მისი არსებობის უტყუარი კვალი დროსა და სივრცეში, ან, თუ ეს აღარ გვაქვს – მეხსიერებაში… შეგიძლიათ, გულზე ხელი დაიდოთ და მითხრათ – რომელიმე ეს პირობა შესრულებულია?

– არა სერ… ვფიქრობ, არ შემიძლია, თავი დავდო… თუმცა, მე ვესაუბრე პაციენტს, რომელიც, როგორც მიმაჩნდა, იყო ჰინთონი…

– იყო კი?.. გულწრფელად თქვით, ბუთ, დარწმუნებული ხართ, რომ სხვა პაციენტი არ იყო? როდის იყო, ექიმები პაციენტებს სახეზე აკვირდებოდნენ? ეგებ, უბრალოდ ჩახედეთ საბუთებს, თვალში მოგხვდათ ჰინთონის გვარი და ივარაუდეთ, თქვენს წინაშე ის იმყოფებოდა სწორედ… ისეთივე რეალური პიროვნება, როგორც – თავად თქვენ.

ამ დროს დააკაკუნეს კარზე. შემოვიდა დოქტორი ნორმანდი.

– შუადღე მშვიდობისა, ბატონო დირექტორო.

– მობრძანდით, ნორმანდ. მე და ექიმ ბუთს ფრიად საყურადღებო საუბარი გვაქვს, შემოგვიერთდით… მგონი, ჰინთონის გაუჩინარებას გასაღები მოვარგეთ.

– შვებით ამოვისუნთქე, სერ. უკვე ვაპირებდი, ნებართვა მეთხოვა, რომ სამოქალაქო ხელისუფლებას შევატყობინო. თითქმის ორმოცდათვრამეტი საათია გასული…

– ძვირფასო ნორმანდ, ვერ მიმიხვდით – ჰინთონის საქმე სრულად ამოყირავდა. ექიმი ბუთიც ძალიან დამეხმარა. სწორედ ახლა განვიხილავდით შესაძლებლობას, მისთვის შესაფერისი ადმინისტრაციული პოსტი მოგვეძებნა… ჰინთონის საქაღალდე მოიტანეთ?

– ჰმ…. – ნორმანდი უხერხულად შეიშმუშნა და ჯერ ბუთს შეხედა, შემდეგ – მელინგერს, ვშიშობ, რომ – არა… ჩანს, ვიღაცამ ადგილი შეუცვალა… გადადო სადღაც… მაგრამ დავიწყეთ ძებნა და, გარწმუნებთ, უახლოეს ხანში მოგაწვდით.

– კეთილი, ნორმანდ, – მელინგერმა ბუთს მკლავი მკლავში ჰკიდა და კარამდე მიაცილა, – ექიმო, თქვენი გამჭრიახობის იმედზე ვარ, მინდა, გთხოვოთ, თქვენი პალატის სხვა თანამშრომლები გამოჰკითხოთ ისე, როგორც მე – თქვენ. დროა, გავფანტოთ ბურუსი და ნისლი, რაც მათ გონებაში ტრიალებს. განუმარტეთ, როგორ ხდება, ცრუ წარმოდგენა ცრუ წარმოდგენას რომ ეფინება ზედ და ჭეშმარიტებას ემსგავსება. შეახსენეთ, რომ ჩვენს თავშესაფარს ნათელი გონების თანამშრომლები სჭირდება… განცვიფრებული კი დაგრჩებით, თუ რომელიმე მათგანს შეუძლია, გულზე ხელი დაიდოს და დაიფიცოს, რომ ჰინთონი ნამდვილად არსებობდა.

მას შემდეგ, რაც ბუთი თვალს მიეფარა, დოქტორი მელინგერი მაგიდასთან დაბრუნდა. ერთხანს მდუმარედ იყო, თითქოს, მისი მოადგილის იქ ყოფნა დაავიწყდა კიდეც.

– ჰო, ნორმანდ… – გამოერკვა ფიქრებიდან, – სად არის ჰინთონის ანკეტა? ხომ არ მოგიტანიათ?

– არა, სერ. როგორც წეღან გითხარით…

დირექტორმა აღარ დააცადა.

– კარგი, არა უშავს… მაგრამ ამ საქმეს ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ. დიდი საფრთხის წინაშე ვართ, ნორმანდ. საქმე საქმეზე თუ მიდგა, ამ საბუთების გარეშე ჩვენ ხომ არაფერი ვიცით ჰინთონის შესახებ – აცნობიერებთ ამას? თუ ავადმყოფობის ისტორიაც დავკარგეთ, ფრიად საჩოთირო ვითარებაში აღმოვჩნდებით.

– გარწმუნებთ, სერ, საქაღალდე…

– ნუ ღელავთ, ნორმანდ – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მუშაობას, თქვენი ხელმძღვანელობით, დიდად ვაფასებ, – დოქტორმა მელინგერმა ცბიერი ღიმილი შეაგება, მოადგილეს, – სულაც არ ვფიქრობ, რომ დაუდევრობით დაკარგეთ… მითხარით, გეთაყვა, დარწმუნებული ხართ, რომ ეს საქაღალდე ოდესმე არსებობდა?

– რა თქმა უნდა, სერ, – მეყსეულად მიუგო ნორმანდმა, – თავად კი არ მინახავს, ​​მაგრამ ჩვენი თავშესაფრის თითოეულ პაციენტზე სრული ანკეტა გვაქვს – ასეთი წესია…

– მაგრამ, ნორმანდ, – უთხრა მელინგერმა დათაფლული ხმით, – პაციენტი არ არის თავშესაფარში. გვაქვს მისი ჰიპოთეტური საქმე, თუ არ გვაქვს – თავად პაციენტი ხომ არ არსებობს.

გაჩუმდა და დაელოდა, სანამ ნორმანდი წამოწევდა ჩაქინდრულ თავს და მიაპყრო მოჭუტული თვალები.

ერთი კვირის შემდეგ, დოქტორმა მელინგერმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართა საკუთარ კაბინეტში. შეკრებილნი ბევრად გულარხეინად და ლაღად გრძნობდნენ თავს. ბუხრის ირგვლივ შემორაგულ სავარძლებში ნებივრობდნენ. შეექცეოდნენ ხერესს და ეფიცხებოდნენ ცეცხლს. დირექტორს კი, ჩვეულებისამებრ, მაგიდაზე შემოეწყო ხელები და ქვეშევრდომებს მიმართავდა:

– ასე და ამგვარად, ბატონებო, გასული დღეები დიდი აღმოჩენის კვირად იქცა. ამავდროულად – კარგ გაკვეთილად ყველა ჩვენგანისთვის. გასულმა კვირამ შეგვახსენა ჩვენი თავშესაფრის წმინდათაწმინდა ამოცანა და დაკისრებული როლი – განვასხვავოთ რეალობა ილუზიისგან. როდესაც ჩვენს პაციენტებს ქიმერები სდევნიან, მხარი კი არ უნდა ავუბათ, პირიქით – გონების სიცხადე შევინარჩუნოთ. ნებისმიერმა ვარაუდმა უნდა გაუძლოს ხუთივე გრძნობით გამოცდას. ეს დაგვანახა “ჰინთონის საქმემ” – ერთი ცრუ ალბათობა დაეფუძნა მეორე ცრუ ალბათობას, ერთი ილუზია გაამყარა მეორე ილუზიამ და შედეგად, პაციენტის მითიურ იდენტობას, ერთი შეხედვით სარწმუნო, მაგრამ სრულიად წარმოსახვითი შენობა ავუგეთ გარეშემო. ამ არარსებულ ფიგურას, რომელიც გაჩნდა არსაიდან და, არ ვიცით – როგორ… სავარაუდოდ, რეგისტრაციის განყოფილების მბეჭდავის შეცდომის შედეგია – დავარქვით სახელად “ჰინთონი”, შევძინეთ სხეული, პიროვნული თვისებები, განვაწესეთ პალატაში, მივუჩინეთ ექთნები და ექიმები. საკუთარი თავი დავაჯერეთ ფანტაზიის ნამდვილობაში ისე, რომ, როდესაც ყველაფერი ჩამოიშალა და გაქრა, როგორც ღამე იკარგება ხოლმე მზის შუქზე, ეს გამქრალი ილუზია „გაქცეულ პაციენტად“ მოვნათლეთ.

დოქტორი მელინგერი მჭერმეტყველებდა ისე, როგორც არასდროს. ნორმანდი, რედფათი და ბუთი თანხმობის ნიშნად თავებს უქნევდნენ.

– ვფიქრობ, გაგვიმართლა, ბატონებო, რომ ერთგვარად განზე ვიდექი თავშესაფრის რიგითი საქმეებისგან. არც დიდი ღვაწლია ჩემი, არც – დამსახურება, უბრალოდ ისე მოხდა, რომ მქონდა საშუალება, გარე თვალით შემეხედა ჰინთონის გაუჩინარებისთვის და ერთადერთ შესაძლო ახსნასაც მივაგენი – ჰინთონი არასდროს არსებობდა!

– დედუქციის ბრწყინვალე ნიჭი, – ჩაიბუტბუტა რედფათმა.

– ეჭვგარეშეა, – კვერი დაუკრა ბუთმა.

– განსაცვიფრებელი გამჭრიახობა, – დაეთანხმა ნორმანდი.

კარზე დააკაკუნეს. დოქტორმა მელინგერმა არ შეიმჩნია, კოპები შეკრა მხოლოდ და მონოლოგი განაგრძო.

– გმადლობთ, ბატონებო ამ შეფასებისთვის, მაგრამ ვარაუდს, რომ ჰინთონი სარეგისტრაციო ხარვეზის ნაყოფი იყო, დადასტურება სჭირდებოდა, ამას კი, თქვენი დახმარების გარეშე, ვერასოდეს მოვახერხებდი.

კვლავ დააკაკუნეს კარზე. ამჯერად უფრო დაჟინებით.

მორიგე მედდამ შემოყო თავი. უთხრა ქოშინით:

– უკაცრავად, სერ, ვწუხვარ, რომ შეგაწყვეტინეთ, მაგრამ…

დოქტორმა მელინგერმა ხელით ანიშნა – არაფერიაო.

– მოხდა რამე?

– სტუმარია, სერ… – მედდა გაჩუმდა. მელინგერი მოუთმენლად მიაჩერდა, – სტუმარია, სერ… ქალბატონი ჰინთონი მოვიდა, მეუღლის მოსანახულებლად.

ჩამოკრა შიშის ზარმა. ბუხარს შეფიცხებული სამი მამაკაცი გადაფითრდა. გადაავიწყდათ ღვინოცა და ცეცხლიც. დოქტორი მელინგერი არ შერხეულა. სრულ სიჩუმეს მხოლოდ დერეფანში ქალის ქუსლების მსუბუქი კაკუნი არხევდა.

პირველი ისევ დოქტორი მელინგერი გამოერკვა. წამოდგა ფეხზე. ალმაცერი ღიმილით გადახედა ხელქვეითებს:

– ბატონი ჰინთონის ნახვა? ეს ხომ შეუძლებელია? ჰინთონი არასდროს არსებობდა. ქალბატონს, ალბათ, ლანდები აწუხებს და ჩვენი დახმარება სჭირდება… – მედდას მიმართა ისევ, – გთხოვთ, პალატამდე მიაცილოთ… – და კოლეგებს მიუბრუნდა, – ბატონებო, ჩვენი ვალია, დავეხმაროთ.

მინუს ორი.

©J.G. Ballard – Minus One. Science Fantasy, June 1963
©LV (ქართული თარგმანი, 2021)

Creative Commons License©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

(*)ergo (ლათინური) – შესაბამისად

(**)
‘There is a Green Hill Far, Far Away’ – სტრიქონი პოეტ სესილ ალექზანდერისა და კომპოზიტორ უილიამ ჰორზლის რელიგიური ჰიმნიდან.

___

ავტორის შესახებ:

ჯეი ჯი ბალარდი (James Graham Ballard) – ინგლისელი მწერალია. წერდა სხვადასხვა ჟანრში, მათ შორისაა საი-ფაი, ანტი-უტოპია და პოსტ-აპოკალიპტიკა. გატაცებული იყო ჟანრთა შერევით, ექსპერიმენტებით. გამორჩეული წერის სტილი აქვს – კრიტიკოსებმა ცალკე ტერმინიც კი მიუსადაგეს – „ბალარდული“ (Ballardian) ლიტერატურა.

ბალარდის ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულია რამდენიმე ფილმი – სფილბერგის არასაიფაი, ისტორიული დრამა „მზის იმპერია“ (Empire of the Sun), დეივიდ ქრონენბერგის აბსურდულ-სექსუალურ-ფროიდისტულ-ფეტიშისტური „ავტოშეჯახება“ (Crash) და ბენ უითლის ანტიუტოპია „ცათამბჯენი“ (High-Rise). ეს მწერლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი წიგნია ამ ჟანრში. ფილმი, მომეჩვენა, რომ ოდნავ უფრო „დაწურულია“, უფრო – „მარტივი“, მაგრამ ცუდი არ არის, რამდენიმე ნომინაცია და პრიზიც მოიპოვა და კინომცოდნეთა კარგი შეფასებები.

ბალარდმა დიდი გავლენა მოახდინა კიბერ-პანკზე.

ბალარდის სხვა, უფრო “ბალარდულ” მოთხრობას დავდებ მოგვიანებით.

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: