თოჯინების თეატრი

ფრედრიქ ბრაუნი

აგვისტოს თვე იყო. ცხელი დღე. შუადღის ჟამი. ჩერიბელს ჭირმა მიაკითხა.

თუმცა, ჩერიბელში აგვისტოს ყველა დღე აუტანლად ცხელია. არიზონას შტატში, 89-ე გზატკეცილზე მდებარეობს თუსონიდან სამოცი კილომეტრით სამხრეთით და მექსიკის საზღვრიდან ჩრდილოეთით, ასე 50 კილომეტრში. ორი ბენზინგასამართი სადგური, გზის გადაღმა და გზის გამოღმა – ერთი ავტომოგზაურიც რომ არ დაუსხლტეთ. დიდი მაღაზია, ყველაფერს რომ შეიძენ; მომცრო ტავერნა ლუდისა და ღვინის ლიცენზიით – ტურისტისთვის, ვისაც პონჩოსა და სომბრეროს შესაძენად მიეჩქარება და გზად ყელის გასველება სურს; ჰამბურგერების მიტოვებული ფარდული და გამომწვარი წითელი აგურის რამდენიმე სახლი, იმ მექსიკელ-ამერიკელებისთვის, ვინც მეტწილად სამხრეთით, ნოგალესში მუშაობენ, მაგრამ, ღმერთმა იცის, რა მიზეზით, ჩერიბელში ცხოვრება ურჩევნიათ. გზის გასწვრივ ფორდის T-მოდელებს თუ დაინახავთ – მათია. აბრა „ჩერიბელი, ფოფ. 42 ” კი გატყუებთ – ფოფ ანდერსი აღარ არის – გასულ წელს გარდაიცვალა. მისი იყო ფარდული, სადაც ჰამბურგერებს ამზადებდა.

ჭირი მიადგა ჩერიბელს. ჯორზე იჯდა. წინ ბერიკაცი მოუძღოდა. მტვერში ამოგანგლული გრძელი, ნაცრისფერი წვერი ჯაგარივით ჰქონდა გაშლილი და უდაბნოს ვირთხას ჰგავდა. მაღაროელი იყო, ოქროს მაძიებელი. დეიდ გრანთი ვარო, ასე თქვა, თუმცა, არვის უკითხავს სახელი. ჭირს კი გართი ერქვა. აწოწილი იყო, ასე, სამ მეტრამდე სიმაღლის და სარივით ხმელი. გრძელი ფეხები უნაგირიდან აქეთ-იქეთ გადმოეშვა და ქვიშაში მოათრევდა. განა ცოტა – ათი კილომეტრი ევლოთ ასე, მაგრამ ისეთი მჩატე იყო, რომ სახედარს დაღლა არც ეტყობოდა. ჭირს არაფერი ეცვა ტანთ – მაღალყელიანი, დაწნული ქოშებისა და ცისფერი საცურაო ტრუსის გარდა. ასე გამოიყურებოდა ჭირი, მაგრამ ჩერიბელის მცხოვრებთ ელდა ამ საფრთხობელას ჩაცმულობამ კიარა, მისი კანის ფერმა დასცა. წითელმა, როგორც უმი ხორცია. გეგონება, გაატყავეს და კანი უკუღმა გადააცვესო. კანის ფერმა და კიდევ ვიწრო, წაგრძელებულმა თავის ქალამ მიახვედრა ჩერიბელებს, რომ უბედურების ზარმა ჩამოკრა – გინდ აქედან შეხედე, გინდ – იქედან, მოსული უცხოტომელსა ჰგავდა – ჰუმანოიდს. ამის შემდეგ, მოსულის ცისფერი თმა, თვალი და ჩექმა რაღა მოსატანი იყო. მხოლოდ ორი ფერი – ცისფერი და სისხლივით წითელი. ასე გამოიყურებოდა ეს საფრთხობელა.

პირველმა ტავერნის მფლობელმა შეამჩნია, ქეისიმ. როგორც კი ქედს გამოცდნენ და ვაკეზე გამოვიდნენ, ჰკიდა თვალი. თავად ტავერნის უკანა კარიდან გამოსულიყო, ცოტა ჰაერი რომ ჩაყლაპა. გახედა გზას და რასა ხედავს – მოდიან. ჯერ ასი მეტრის მანძილზე იყვნენ და კარგად ვერ ხედავდა, მაგრამ სახედარზე შემომჯდარი სხეული არ ემცნაურა. დააკვირდა და რომ მიუახლოვდნენ, მაშინღა გაარჩია, რა ჭირიც იყო. ქეისის ყბა ჩამოუვარდა, მაგრამ არ გაქცეულა. ხომ იცით ორი ყაიდის ხალხია – ერთნი შეუცნობელს გაურბიან, მეორენი კი – ჯიქურ მიეჭრებიან ხოლმე, აბა, კარგად გავსინჯო, რა ჩიტიაო. ჰოდა, ასეთი იყო ქეისიც. ამიტომ ზანტად, მაგრამ გადადგა ფეხი და მათ შესახვედრად დაიძრა.

მიუახლოვდნენ ერთმანეთს. ტავერნიდან ოციოდ მეტრის დაშორებით. ვაკე ადგილას. ბერიკაცი შეჩერდა და თოკის მოქაჩა, რომლითაც ჯორი ჰყავდა ჩაბმული. პირუტყვი შედგა და თავი დაუქნია. სარგადაყლაპული კაცი წამოიწია და გადმოაბიჯა ჯორს. ქეისის შეხედა და ჩაჯდა ქვიშაში.

– ამ პლანეტაზე მაღალი გრავიტაცია გაქვთ, – მოუბოდიშაო, თითქოს, – დიდხანს ფეხზე ვერ იდგები.

– ხომ ვერ მიმასწავლი, მეგობარო, სად შეიძლება, ჯორისთვის წყალი ვნახო? – ჰკითხა მაღაროელმა ქეისის, – მოწყურდებოდა, ალბათ… მე კი ტიკები ჩამოვხსენი, აბა, – აყლაყუდაზე მიუთითა, – ამის ტარება არ გინდოდა…

ქეისი დააკვირდა ჯოხკაცს. ნამდვილი საფრთხობელა იყო. ფერები ერთი და კანი ჰქონდა ხეშეში და ყველა ძარღვი ეტყობოდა. ჯანდაბა, მართლაც გაატყავეს, ალბათ და კანი უკუღმა გადააცვეს. არაფერი ენახა მსგავსი. „იმედი მაქვს, არც აღარასდროს ვნახავო“, – გაიფიქრა.

ქეისის შარი-შური შემოესმა და მიიხედა. სხვა ჩერიბელნი უახლოვდებოდნენ ფრთხილად, შიშნარევად. ორ ბიჭუნას, ვინც დაწინაურდა და ათიოდ ნაბიჯშიღა იყო, შეუძახა ესპანურად:

– ბიჭებო, ვირისთვის წყალი მომიტანეთ, ჭიდან![*]

და ისევ მოსულთ მიუტრიალდა:

– რა ხალხი ხართ? საიდან?

– დეიდ გრანთი, – ოქროს მაძიებელმა ხელი გაუწოდა და ქეისიმაც მექანიკურად ჩამოართვა.

– იმას კი, – ხელი ზურგსუკან აიქნია, – გართი ჰქვია… ასე ამბობს. ექსტრატერაა თუ რაღაც და ჩვენებურად მინისტრივითაა…

ქეისიმ თავი დაუქნია ჯოხკაცს მისალმების ნიშნად და გაუხარდა, პასუხადაც რომ თავი დაუკრეს და ხელი არ გამოუწვდიათ.

– მე მანუელ ქეისი ვარ, – უთხრა, – რას ნიშნავს ეგ ექსტრატერა?

ჯოხკაცამ თავად უპასუხა:

– ექსტრატერასტრიალური და პლენიპოტენციალური[**] მინისტრი.

სარგადაყლაპული ეძახე და ბოხი და მჭექარე ხმა ჰქონდა.

ქეისის განათლებულ კაცად იცნობდნენ. არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ერთი სიტყვაც გაეგონა და მეორეც. მგონი, ერთადერთი იყო ჩერიბელში, ამ მეორე სიტყვის არსს ვინც მიხვდებოდა. გასაკვირი ისაა, ეჭვიც არ შეუტანია, ისე დაიჯერა.

– რით შემიძლია, გემსახუროთ, ბატონო, – ჰკითხა თავაზიანად, – მაგრამ საუბარი ჩრდილში ხომ არ გაგვეგრძელებინა?

– არა, გმადლობთ, – უპასუხა ჯოხკაცამ, – კი მაფრთხილებდნენ, თქვენთან რომ სიცივეები იცის, მაგრამ, ასატანი ყოფილა. ჩემი პლანეტის ადრეგაზაფხულის გრილ საღამოს მაგონებს. ჩემთვის კი ბევრი არაფრის გაკეთება გმართებთ, მადლიერი დაგრჩებით, თქვენს მთავრობას თუ აცნობებთ ჩემი ჩამობრძანების შესახებ. მგონი, უნდა დაინტერესდნენ.

„კი გაუმართლა ამ ოხერს, – გაიფიქრა ქეისიმ, – ოცდაათი კოლომეტრი რომ ევლო გარეშემო, ჩემზე საჭირო კაცს ვერ მიადგებოდა“.

თავად განსაჯეთ – მანუელ ქეისი ნახევრად ირლანდიელი იყო, ნახევრად – მექსიკელი. ეგეც არაფერი, ნახევარძმა ჰყავდა, ვინც ნახევრად ირლანდიელი იყო, კიდევ ამერიკელი და სხვა რაღაც ჯურის სისხლიც ერია. თან პოლკოვნიკი იყო და თუსონის სამხედრო ავიაბაზაზე მსახურობდა.

– წუთით დამელოდეთ, ბატონო გართ, ახლავე დავუკავშირდები… თქვენ, ბატონო გრანთ, თქვენ ხომ არ ინებებთ შინ შემოსვლას?

– არა, არც მე მაწუხებს მზე. მივეჩვიე. ყოველდღე მის გულზე ვარ… ამ ტიპმა, ესე მითხრა, თუ ჩემთან ერთად ივლი და, სანამ დედამიწაზე საქმეებს არ მოვრჩები, გვერდიდან არ მომცილდები, სამსახურისთვის გასამრჯელოს მიიღებო… იმას… რაღაც ლექტრონიკულსო…

– ძვირფასი მადნის ელექტრონულ პორტატულ აღმომჩენს, – შეუსწორა გართმა, – დიდი არაფერია… პატარა მოწყობილობა, რომელიც სამ კილომეტრამდე სიღრმეში აჩვენებს წიაღისეულის რაოდენობას, სახეობას, ხარისხს და განლაგებას.

ქეისიმ ჩაახველა, შეკრებილ ხალხს აუარა გვერდი და ტავერნაში შეიმალა. ყურმილს დასწვდა და, ერთი წუთიც არ დასჭირვებია, პოლკოვნიკ ქეისის დააკავშირეს, მაგრამ კიდევ ოთხი წუთი ძმას არწმუნებდა, რომ არც ლაზღანდარობის ხასიათზე იყო და არც – გადაკრულში.

კიდევ ოცდახუთი წუთი ვერტმფრენს დასჭირდა თუსონიდან ჩერიბელამდე. დაეშვა იქვე, სადაც უცხოპლანეტელი, ჯორი და ორი კაცი ელოდათ. სხვა ჩერიბელნი ახლოს მისვლას ვერ ბედავდნენ და შორიახლოდან შესცქეროდნენ სეირს. მხოლოდ მანუელ ქეისის ჰქონია სითამამე, დალაპარაკებოდა უდაბნოდან მოსულთ.

შვეულმფრენიდან გადმოლაგდნენ პოლკოვნიკი ქეისი, მაიორი, კაპიტანი და ლეიტენანტი, რომელიც პილოტი იყო. აყლაყუდა წამოდგა. გაუჭირდა წელში გამართვა. ეტყობოდა, დედამიწაზე ბევრად მსუბუქ მიზიდულობის ძალას რომ იყო ჩვეული. თავი დაუკრა, გაუმეორა მისი სახელი და რეგალიები. შემდეგ ბოდიში მოიხადა და განუმარტა, რატომ უნდა დამჯდარიყო ისევ.

პოლკოვნიკმაც გააცნო თავი და დანარჩენი სამი სამხედროც წარუდგინა.

– ახლა კი, ბატონო გართ, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ თქვენთვის?

ჯოხკაცა დაიჯღანა, რაც, ალბათ, ღიმილი იყო. ცისფერი კბილები გამოაჩინა.

– დედამიწაზე, მგონი, ასე ამბობთ ხოლმე, – „უფროსს დამალაპარაკეთ“, მაგრამ მე არ გეტყვით. ამ ადგილას უნდა დავრჩე, ვერსად წამოვალ. არც იმას მოვითხოვ, თქვენი ხელმძღვანელები მეახლონ აქ. არ იქნებოდა თავაზიანი… მზად ვარ, თქვენ განგიხილოთ, როგორც მათი სრულუფლებიანი წარმომადგენლები. ერთ რამესა გთხოვთ, მხოლოდ – ვიცი დედამიწაზე ხმის ჩამწერებიც გაქვთ. სანამ სათქმელს გეტყვით, მინდა, ჩართოთ, რომ ერთი ჩემი სიტყვაც არ დაიკარგოს და თქვენმა უფროსობამ მოისმინოს უკლებლივ და შეკოწიწების გარეშე.

– კარგი, – უთხრა პოლკოვნიკმა და მფრინავს უბრძანა:

– ლეიტენანტო, დაუკავშირდი ბაზას და უთხარი, ხმის ჩამწერი გვჭირდება… თვითმფრინავით გადმოაფრინონ და პარაშუტით ჩამოგვიგდონ… თუმცა, შეფუთვას დრო დასჭირდება, სჯობს, მეორე შვეულმფრენით გამოაგზავნონ… კიდევ კაბელი დაგვჭირდება, კვების წყაროს რომ მივუერთოთ ტავერნიდან.

ლეიტენანტი რაციისკენ გაემართა, დანარჩენები კი ჩამოსხდნენ იქვე, მიწაზე. მზე აჭერდა. ოფლი ღვარღვარით მოსდიოდათ.

– ნახევარი საათის ამბავია, – თქვა მანუელ ქეისიმ, – და, თუ მაინცდამაინც მზის გულზე ვაპირებთ ჯდომას, ცივ ლუდზე რას იტყოდით?.. ინებებთ, ბატონო გართ?

– ეს, მგონი, ცივი სასმელია, არა?.. ცხელი ხომ არაფერი გაქვთ?

– შემიძლია, ყავა შემოგთავაზოთ… ეგებ, საბანიც მოგართვათ?

– გმადლობთ, ყავა საკმარისია.

ქეისი წავიდა და მალევე დაბრუნდა დიდი ხონჩით. შიგ ათიოდ ბოთლი ლუდი და ერთი ფინჯანი ყავა ჰქონდა. ლუდი ეს-ესაა საყინულიდან გამოეღო, ყავას კი ოხშივარი სდიოდა. ამასობაში ლეიტენანტიც მორჩა საქმეს და ისიც გვერდით ამოუდგა. მაგრამ ქეისი ჯერ უცხოპლანეტელს გაუმასპინძლდა. სტუმარმა მოსვა ყავა და: “უგემრიელესიაო”.

პოლკოვნიკმა ქეისიმ ჩაახველა.

– ჩვენს ახალ მეგობარს, ოქროს მაძიებელს მოემსახურე, მენი… ჩვენ კი, მართალი ვთქვა და, მორიგეობის დროს ალკოჰოლი გვეკრძალება, მაგრამ თუსონში 45 გრადუსი დავტოვეთ ჩრდილში და ამ დასაწვავში, მგონი, კიდევ უფრო ცხელა… ბატონებო, ჩათვალეთ, რომ შვებულებაში ხართ მანამ, სანამ თითო ბოთლ ლუდს გამოცლით… ან, სანამ ფირსაკრავს მოგვაწვდიან.

ის იყო, ლუდი ჩაარაკრაკეს, რომ ვერტმფრენის ხმაც შემოსწვდათ. ქეისიმ ჯოხკაცას მეორე ფინჯანი ყავაც შესთავაზა, მაგრამ იმან თავაზიანად უარყო. მაგიერ დეიდ გრანთს უყო თვალი და კიდევ ორი ​​ბოთლი ლუდი გამოიტანა ტავერნიდან. სანამ სამოქალაქო პირები ლუდით ისველებდნენ პირს, სამხედროებმა სამზადისი დაიწყეს. მანუელ ქეისიმ ლეიტენანტს აჩვენა, სად უნდა მიეერთებინა დენის კაბელი.

მეორე ვერტმფრენს, მფრინავის გარდა, კიდევ სამი პირი ჩამოჰყვა – სერჟანტი ტექნიკური სამსახურიდან, ვიცე-პოლკოვნიკი და უფროსი სერჟანტი. ამ ორმა, ალბათ, გასეირნება

გადაწყვიტა, ან საკუთარ ცნობისმოყვარეობას გამოჰყვნენ. ჩუმად იდგნენ და აყლაყუდა საფრთხობელას მისჩერებოდნენ.

როგორც იქნა პოლკოვნიკმა თქვა: „ყურადღება” და ყველა გაისუსა.

– დასხედით, ბატონებო წრედ. სერჟანტო, თუ მიკროფონს ცენტრში დადგამ, ხომ ყველას ნათქვამს მკაფიოდ ჩაწერს?

– დიახ სერ!.. თითქმის მზად ვარ.

ათი ადამიანი და ერთი ჰუმანოიდი განლაგდა წრედ, პატარა სამფეხა სადგამზე ჩამოკონწიალებული მიკროფონის გარშემო. დედამიწელთ ხვითქი გადასდიოდათ, ჰუმანოიდი კი მცირედ თრთოდა სიცივისგან. იქვე ახლოს ჩერიბელის მთელი მოსახლეობა შეკრებილიყო. სახლები, მაღაზიები და ბენზინგასამართი სადგურებიც კი მიეტოვებინათ. გაფაციცებით ელოდნენ, რა მოხდებოდა. კიდევ მოშორებით მოწყენით იდგა ჯორი. ყურებჩამოყრილი.

სერჟანტმა დააჭირა თითი ჩამწერის ღილაკს და ფირის გორგალმა დაიწყო ბრუნვა.

– ერთი, ორი, ერთი ორი, მიკროფონის შემოწმება, – თქვა, გადაახვია, მოუსმინა და, რომ დარწმუნდა, ყველაფერი რიგზე იყო, პოლკოვნიკს მიმართა:

– ნიშანს რომ მოგცემთ, ვიწყებთ ჩაწერას.

პოლკოვნიკმა ჰუმანოიდს შეხედა, მან თავი დაუქნია, გავიგეო. პოლკოვნიკმა სერჟანტს დაუქნია თავი. სერჟანტმა კი ჩაწერის ღილაკს დააჭირა თითი.

– მე მქვია გართი,- თქვა ჯოხკაცამ, – ჩემი პლანეტა თქვენს კოსმოსურ რუკაზე არც არის დატანილი. ჩვენი ვარსკვლავი ერთ-ერთია ოთხმოცდაათი ათასი ვარსკვლავიდან შემდგარ თანავარსკვლავედში, რომელიც თქვენც იცით. გალაქტიკის ცენტრშია, აქედან ოთხი ათასი სინათლის წლის მანძილზე და კიდევ უფრო შორს. თუმცა, ახლა მე არ წარმოვადგენ მხოლოდ ჩემს პლანეტას ან – მხოლოდ ჩემს გალაქტიკას. გეწვიეთ, როგორც გალაქტიკური კავშირის სრულუფლებიანი მინისტრი. ეს კავშირი გალაქტიკებს შორის ყველაზე დაწინაურებულმა ცივილიზაციებმა შექმნეს, მათი და ყველა დანარჩენის საკეთილდღეოდ. მე მაქვს რწმუნება, შეგისწავლოთ და ადგილზე გადაწყვიტო, მივესალმებით თუ არა ჩვენს თანამეგობრობაში დედამიწის გაწევრიანებას. თუ გსურთ, შეგიძლიათ მკითხოთ, რაც გაინტერესებთ. შევეცდები, გიპასუხოთ, თუმცა, ზოგიერთ საკითხზე საუბრისგან თავს შევიკავებ მანამ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ თქვენს თაობაზე. თუ გადაწყვეტილება იქნება დადებითი, მზად ვიქნები მივუბრუნდე კითხვებს, რომელზეც პასუხი არ გაგეცით… მისაღებია თქვენთვის, რასაც ვამბობ?

– სავსებით, – უთხრა პოლკოვნიკმა, – როგორ მოაღწიეთ ჩვენამდე? კოსმოსური ხომალდით?

– დიახ და ის ახლა ჩვენს თავზეა დაკიდული, ოცდათხუთმეტი ათასი კილომეტრის სიმაღლეზე. ბრუნავს დედამიწასთან ერთად და რჩება ერთ ადგილზე. ამიტომ, მუდამ მისი დაკვირვების ქვეშ ვარ. ეს ერთ-ერთი მიზეზთაგანია, რის გამოც აქ, ღია ცის ქვეშ დარჩენა ვარჩიე. ხომალდზე ელიან ჩემს ნიშანს, რომ დაეშვან და წამიყვანონ, როდესაც დრო დადგება.

– ჩვენი ენა საიდან იცით? ტელეპათია?

– გალაქტიკაში არ შემხვედრია რასა, სადაც ყველა ტელეპათი იყოს. თუმცა, ტელეპათები ყველა ხალხში გვხვდება. მე ტელეპათი არ ვარ. თქვენი ენა საგანგებოდ შევისწავლე. რამდენიმე საუკუნეა, თქვენს შორის დამკვირვებლები გვყავს – ცხადია, კვლავ გალაქტიკური კავშირის სახელით ვლაპარაკობ. დედამიწელად მე ვერაფრით მოგაჩვენებდით თავს, მაგრამ ჩვენს კავშირში არიან რასები, რომლებსაც დედამიწის მცხოვრებთაგან ვერ გაარჩევთ… მაგრამ, მინდა სწორედ გამიგოთ, რას ვამბობ – ჩვენ არ მოგვივლენია ჯაშუშები. ისინი მხოლოდ დამკვირვებლები იყვნენ. მსტოვრები კიარა – სწავლული ხალხი.

– რა სარგებელს მივიღებთ თქვენს კავშირში გაწევრიანებით, თუ მიგვიწევთ და ჩვენ ამ მიწვევაზე დაგთანხმდებით?

– პირველ ყოვლისა, შემოგთავაზებთ ფუნდამენტური სოციალური მეცნიერებების სწრაფ კურსს, რომელთა დაუფლება ბოლოს თუ ვერ მოუღებს, უმცირესამდე შეკვეცს თქვენს მიდრეკილებას, ებრძოლოთ და ხოცოთ ერთმანეთი… მას შემდეგ, რაც დავრწმუნდებით, რომ ადამიანებმა შესძელით და თვითგანადგურების მისწრაფება დაძლიეთ, კოსმოსურ მოგზაურობასა და ბევრ სხვა მიღწევებს გაზიარებთ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ერთიმეორის მიყოლებით.

– რა მოხდება, თუ არ მიგვიწვევთ ან მიგვიწვევთ, მაგრამ ჩვენ გეტყვით უარს?

– არაფერი. დაგტოვებთ მარტოს. დამკვირვებლებსაც კი წავიყვანთ. და თქვენი ბედი მხოლოდ თქვენს ხელში იქნება – ან გაანადგურებთ ერთმანეთს და დედამიწა დაუსახლებელ პლანეტად გადაიქცევა – ამისთვის სულ ერთი საუკუნე გეყოფათ. ან საკუთარ თავს აჯობებთ, თავად დაეუფლებით სოციალურ მეცნიერებებს, გახდებით წევრობის კანდიდატები, ჩვენ დავბრუნდებით და ხელახლა შემოგთავაზებთ გალაქტიკურ კავშირში გაერთიანებას… ხანგამოშვებით დაგხედავთ ხოლმე. თუ დავინახავთ, რომ გადარჩენის გზას ადგახართ, ისევ გეწვევით.

– გამგზავრებას რატომ ჩქარობთ? იქნებ, მეტ ხანს დარჩეთ, იმისთვის რომ ჩვენი უფროსები, როგორც მათ უწოდეთ, თავად გაგესაუბრონ?

– ეგ არის კითხვა, რომელზეც პასუხს ვერ გაგცემთ… მიზეზი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც ასახსნელად არის რთული და ახლა ახსნა-განმარტებისთვის დასაკარგი დრო არ მაქვს.

– კი მაგრამ, თუ მივიჩნიეთ, რომ თქვენი შემოთავაზება ხელს გვაძლევს, ხმა როგორ უნდა მოგაწვდინოთ? რაკი ამდენი ხანია, გვაკვირდებით, კი გეცოდინებათ, საკმარისი უფლებამოსილება პირადად მე არ გამაჩნია.

– დარდი ნუ გაქვთ – როგორც კი თქვენში გადაწყვეტილება მომწიფდება, მის შესახებ შევიტყობთ. ჩვენი დამკვირვებლების მეშვეობით. ერთი პირობა გვაქვს – ეს ჩანაწერი სიტყვა-სიტყვით უნდა გაშიფროთ და გამოაქვეყნოთ თქვენს გაზეთებში. როდესაც თქვენი მთავრობა ამ საკითხის განხილვას შეუდგება, არც მათი მსჯელობა დამალოთ – სრულად უნდა გამოამზეუროთ.

– კი მაგრამ ჩვენი მთავრობა არ წარმოადგენს მთელ მსოფლიოს, სხვა ხალხების ბედს ჩვენ ვერ გადავწყვეტთ.

– თქვენი მთავრობა შევარჩიეთ, როგორც პირველი ნაბიჯი. ამით ვიწყებთ. თუ შევთანხმდით, ისეთ აღჭურვილობას მოგაწვდით, რომ ყველა სხვა ლარივით გაიჭიმება… თან, ეს აღჭურვილობა არ გულისხმობს იძულებას ან, თუნდაც – მუქარას.

კარგი აღჭურვილობა კი იქნება, ღმერთმანი, – პოლკოვნიკს ცალყბად გაეცინა, – ერთ ქვეყანას… ახლა ხმამაღლა არ ვიტყვი, რომელს, კისერს თუკი მოუღრეცს.

– ზოგჯერ ტკბილი სიტყვა უფრო ჭრის, ვინემ – მუქარა, – თავისას არ იშლიდა უცხოპლანეტელი, – არც იმ ქვეყანას, სახელის თქმა რომ არ გსურთ, გაუხარდება, თუ თქვენ გალაქტიკებს მოედებით, როცა ისინი ჯერ მარსამდეც ვერ მიჩანჩალებულან… მაგრამ ეს ამბავი აქ გასარჩევადაც არ ღირს, მენდეთ, საქმეში გამოცდილი აღჭურვილობა გვაქვს.

– მატისმეტად გულს ეფინება, თუ სიმართლეა… მაგრამ, ხომ არ მომესმა, ასე თქვით – მე უნდა გადავწყვიტოო, აქ და ახლა, მიწვევის საკითხი… გავკადნიერდები, გკითხოთ, რა მახასიათებლებით განსაზღვრავთ? რა საბუთებს დაეყრდნობა თქვენი განაჩენი?

– ჯერ ერთი, თქვენი ქსენოფობია უნდა შემემოწმებინა… რაც უკვე გავაკეთე. თქვენებური გაგებით, ქსენოფობია უცხოთა მიმართ შიშია, ჩვენს ენაში კი არის სიტყვა, რომელიც უცხოპლანეტელთა მიმართ ზიზღს აღნიშნავს – ზუსტი შესატყვისი თქვენს ენებში არ მოიძებნება… სწორედ ამიტომ შემარჩიეს მე აქ გამოსამგზავრებლად. შეიძლება, ჩემი რასის სხვა წარმომადგენელიც ყოფილიყო, იმიტომ რომ ჰუმანოიდები ვართ, რაღაცით ადამიანის მსგავსნი, ისე, როგორც საფრთხობელა ჰგავს ადამიანს. ბევრად საზარელი უნდა ვჩანდე თქვენთვის, რაკი ადამის მოდგმის კარიკატურა ვარ, ვიდრე სრულიად თქვენგან განსხვავებული არსება რომ იდგეს ახლა აქ. ვიცი, გულში ძრწოლასა და ზიზღს აუტანიხართ, მაგრამ, თქვენ ეს გამოცდა ჩააბარეთ. კოსმოსში, მერწმუნეთ, მრავალი რასაა, ბევრ სფეროში დაწინაურებული, ვინც ვერასდროს გახდება გალაქტიკური კავშირის წევრი, იმდენად ქსენოფობები არიან. სხვა პლანეტიდან მოვლენილ ელჩს არასდროს დაელაპარაკებიან – ან გარბიან შეშლილი ბღავილით, ან – თავს ესხმიან, რომ მოკლან… ასე რომ გულძმარვა, ჩემი იერი რომ გგვრით, მერწმუნეთ – არაფერია.

ჯოხკაცამ ხელით ანიშნა ჩერიბელებზე.

– ამიტომ, ისევ გაგიმეორებთ: პირველი გამოცდა წარმატებით ჩააბარეთ.

– პირველიო, აბა, სხვა გამოცდებიც არის? – ეჭვით ჰკითხა პოლკოვნიკმა.

– არის კიდევ ერთი… მაგრამ… ვფიქრობ, რომ დროა…

წინადადების დასრულების ნაცვლად, უცხოპლანეტელმა თვალები გადაატრიალა და ქვიშაზე გაიშხლართა უსულოდ.

პოლკოვნიკი ფეხზე წამოხტა.

– რა ეტაკა?!

მიეჭრა, მოჰკიდა ხელი და ყური სისხლისფერ მკერდზე დაადო.

ამ დროს ჩაესმა სიცილი. თავი ასწია. დეიდი გრანთი იკრიჭებოდა.

– გულის ფეთქვას ტყუილად ეძებთ, პოლკოვნიკო, რადგან გული არ აქვს. და არც ჰქონია. აქ დაგიტოვებთ, თუ გნებავთ და როდესაც დაშლით, გულსა და ნაწლავებს ვერა, მაგრამ ბევრ სხვა საკვირველს ნახავთ. ტიკინაა, რომელსაც ვმართავდი მე, როგორც თქვენი ედგარ ბერგენი[***] იმას… რა ჰქვიოდა… ჩარლი მაქართი. მოჭამა მისი დრო და გავთიშე… შეგიძლიათ, მშვიდად დაუბრუნდეთ თქვენს ადგილს, პოლკოვნიკო.

– რატომ? – ჰკითხა პოლკოვნიკმა ქეისიმ.

დეიდი გრანთმა ჯერ დამტვერილი წვერი მოიგლიჯა, შემდეგ – პარიკი. მურიც ჩამოიშორა სახიდან. წელში გაიშალა და დედამიწელთა წინაშე ლამაზი, ბრგე ახალგაზრდა კაცი წარსდგა.

– ყველაფერი, რაც მან გითხრათ, სიმართლეა. თოჯინაა, მაგრამ გალაქტიკის ერთ-ერთი რასის ზუსტი ასლი. საგანგებოდ შევარჩიეთ, იმის გასასინჯად, რამდენად ქსენოფობიურნი ხართ. როგორც ამბობდა, ჩვენი ფსიქოლოგები დიდხანს გაკვირდებოდნენ და შეარჩიეს ის ელჩი, ვინც მაქსიმალურად დაგაფრთხობდათ. მაგრამ იმ რასის ნამდვილი წარმომადგენლის გამოგზავნა ვერ შევძელით, მათ თავიანთი ფობიები აქვთ – აგროფობია. სივრცის შიში. უაღრესად ცივილიზებული რასაა და გალაქტიკური კავშირის ღირსეული წევრი, მაგრამ საკუთარ პლანეტას მიჯაჭვული. არასდროს მოგზაურობენ… თქვენ აგროფობიისგან თავისუფალნი ხართ, მაგრამ ქსენოფობიის ამბავი არ ვიცოდით. ამიტომ თქვენს გამოსაცდელად ტიკინა დავამზადეთ.

– თქვენს პირს შაქარი, ბატონო გრანთ, – პოლკოვნიკმა ხმამაღალი ხვნეშა ამოუშვა, – არა, სწორად გამიგეთ, ჰუმანოიდების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს… და ავიტანთ, თუ საქმე მოითხოვს, მაგრამ გამოგიტყდებით, გულზე მომეშვა… სასიამოვნოა იმის გაგება, რომ გალაქტიკის მმართველი მოდგმა, ბოლოს და ბოლოს, ადამიანია და არა რაღაც ჰუმანოიდი… მაგრამ თქვენ ჯერკიდევ არ გითქვამთ, რა არის მეორე ტესტი?

– სწორედ ახლა მეორე ტესტის შუა გზაზე დგახართ… რა ჰქვია ბერგენის მეორე თოჯინას, – დეიდ გრანთმა თითები გაატკაცუნა, – შემახსენეთ…

პოლკოვნიკი ჭოჭმანობდა. მის ნაცვლად სერჟანტმა უპასუხა:

– მორთიმერ სნერდი, სერ!

– ჰოდა, მორთიმერ სნერდი დამიძახეთ…. მაგრამ ახლა… ვფიქრობ, რომ დროა… – გადაატრიალა თვალები და ქვიშაზე გაიშხლართა უსულოდ, ჯოხკაცას დაუმშვენა გვერდი.

სახედარმა ყურები გააპარტყუნა, სერჟანტის მიუახლოვდა ზურგიდან და გამოყო დრუნჩი.

– თოჯინების თეატრის ფარდა დაეშვა, პოლკოვნიკო, – უთხრა, – მაგრამ რაო, რას ამბობდით, ვინ უნდა იყოსო გალაქტიკის მმართველი მოდგმა? ადამიანები თუ ადამიანთა მსგავსნი?… და მმართველი მოდგმა რა არის?..

©Fredric Brown – Puppet Show. Playboy, November 1962
©LV (ქართული თარგმანი, 2021)

Creative Commons License©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

(*)ტექსტში ეს ფრაზა ესპანურადაა (Aqua por el burro. Un pazal. Pronto).

(**)
დედამიწის გარეთა, უცხოპლანეტელი – ლათინური extra “გარეთ” და terra “დედამიწა”;
სრულუფლებიანი – ლათინური plenus “სრული” და potens “ძლიერი”.

(***)
ედგარ ბერგენი – ამერიკელი კომიკოსი, მეთოჯინე, მუცლითმეზღაპრე.ჩარლი მაქართი მის თოჯინას ერქვა.

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: